გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.05.2019
საქმის ნომერი
330210018002659165
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
03.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/28662-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

04 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე

სხდომის მდივანი - დალი მახაური

 

მოსარჩელე - შპს ,,ევ----------------“

წარმომადგენლები - ნო-------------–--ე, გი----------------–---–ი

 

მოპასუხე - თამ----------–--ე

წარმომადგენელი - ქე---------------–ი

 

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. თამ----------–--ეს შპს ,,ევ----------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის - 1685 აშშ დოლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2015 წლის 10 ივლისს შპს ,,ევ----------------“-სა და თამ----------–--ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება №1-----/ტ, რომლის საფუძველზეც თამ----------–--ეს სესხის სახით გადაეცა - 3 000 აშშ დოლარი, თვეში 5% სარგებლის დარიცხვის პირობით. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა თამ----------–--ის კუთვნილი ავტომობილი - ფოლკსვაგენ ტოუარეჯი.

 

მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც 2017 წლის 15 თებერვალს მოსარჩელემ უზრუნველყო გირავნობის საგნის რეალიზაცია. მდგომარეობის გათვალისწინებით, ავტომობილი გაიყიდა 3086 აშშ დოლარად, რომლის გაქვითვაც ხელშეკრულების შესაბამისად განხორციელდა შემდეგნაირად:

- 250 ლარი - გირავნობის მოწმობისა და სააღსრულებო წარმოების ხარჯები;

- 160 ლარი - ევაკუატორის საფასური;

- 1830 აშშ დოლარი - სრულად გაიქვითა სესხზე იმ დროისათვის არსებული სარგებელი;

- 1102 აშშ დოლარი - შემცირდა სესხის ძირითადი თანხა;

 

ვინაიდან გირავნობის საგნის რეალიზაციის დროისათვის მოპასუხეს შპს „ევ----------------“-ის მიმართ ერიცხებოდა სესხის ძირითადი თანხა - 2787 აშშ დოლარის ოდენობით, ავტომობილის რეალიზაციის შემდეგ, აღნიშნული თანხა შემცირდა და კვლავ დარჩა დავალიანება - 1685 აშშ დოლარის ოდენობით, რომელსაც ხელშეკრულების შესაბამისად ერიცხება სარგებელი ყოველთვიურად 5%-ის ოდენობით. ამასთან, ვინაიდან ავტომობილის რეალიზაციიდან (15.02.2017წ.) სარცელით მომართვის დღემდე გასულია სრული 10 თვე და 04 კალენდარული დღე, დარიცხული სარგებელი შადგენს 853.73 აშშ დოლარს.

 

ზემოთ აღნიშნულის შესაბამისად, თავდაპირველად წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხისათვის სესხის ძირი თანხის - 1685 აშშ დოლარისა და პროცენტის 853.73 აშშ დოლარის დაკისრება, თუმცა მოსარჩელემ შამცირა სასარჩელო მოთხოვნა საპროცენტო სარგებლის ნაწილში და ითხოვს მოპასუხისათვის მხოლოდ სესხის ძირი თანხის - 1685 აშშ დოლარის დაკისრებას.

 

2016 წლის 27 ოქტომბერს მსესხებელს გაეგზავნა შეტყობინება ავტომობილის რეალიზაციის თაობაზე, თუმცა შეტყობინება ვერ ჩაბარდა, რის გამოც 2016 წლის 31 ოქტომბერს უზრუნველყოფილ იქნა შეტყობინების საჯარო გამოქვეყნება გაზეთ „სიტყვა და საქმეში“. 2016 წლი 10 ნოემბერს მსესხებელს გაეგზავნა შეტყობინება და მისი ინტერესის გათვალისწინებით, ავტომობილის მაქსიმალურად მაღალ ფასად გაყიდვის მიზნით, შეთავაზებულ იქნა გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში მონაწილეობა.

 

ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. იგივე წესი ვრცელდება იმ ხარჯებსა და დანახარჯებზე, რაც წარმოიშობა გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში.

 

სესხის დარჩენილი ნაწილის ნებაყოფლობით დაფარვის მოთხოვნით, 2017 წლის 09 ივნისს წერილობითი შეტყობინება გაეგზავნა მოპასუხეს და მიეცა დამატებითი ვადა მის გადასახდელად, თუმცა მსესხებელს შეტყობინება ვერ ჩაბარდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე თამ----------–--ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მან გირავნობის საგანი შეიძინა 2015 წელს 10 000 აშშ დოლარად. ამ პერიოდში ავტოსაგზაო შემთხვევა არ მომხდარა, ავტომობილი არ დაზიანებულა და იყო საკმაოდ კარგ მდგომარებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხემ სადავო გახადა გირავნობის საგნის შეფასება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 10 ივლისს შპს ,, ევ----------------“-სა და თამ----------–--ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება №1-----/T, რომლის საფუძველზე გაცემული - №1-----/T სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებით, თამ----------–--ეს თვეში 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით, 36 თვის ვადით, გადაეცა სესხი - 3000 აშშ დოლარის ოდენობით. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხა და დარიცხული სარეგებლი უნდა გადაეხადა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა თამ----------–--ის კუთვნილი ავტომობილი - V----------------.

 

ხელშეკრულების 6.4. პუნქტის თანახმად, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. იგივე წესი ვრცელდება იმ ხარჯებსა და დანახარჯებზე, რაც წარმოიშობა გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-10.07.2015წ. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 15-20);

- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ (იხ. ს.ფ. 21);

- სესხის დაფარვის გრაფიკი (იხ. ს.ფ. 22);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.2. თამ----------–--ის მიერ დარღვეულ იქნა მასსა და შპს „ევ----------------“-ს შორის 10.07.2015წ. გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებითა და ამავე დღეს გაფორმებული - სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, მას გრაფიკით განსაზღვრული სესხის ძირი თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი აღარ გადაუხდია 2016 წლის 10 იანვრის შემდგომ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის დაფარვის გრაფიკი (იხ. ს.ფ. 22);

- წერილობითი შეტყობინებები (იხ. ს.ფ. 32-33);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.3. 2016 წლის 27 ოქტომბერს შპს „ევ----------------“-მა თამ----------–--ეს წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა, რომლითაც აცნობა, რომ 10.07.2015წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში, განხორციელდებოდა გირავნობის საგნის რეალიზაცია.

 

აღნიშნული შეტყობინება თამ----------–--ეს არ ჩაბარებია, რის გამოც 2016 წლის 31 ოქტომბერს უზრუნველყოფილ იქნა შეტყობინების საჯარო გამოქვეყნება გაზეთ „სიტყვა და საქმეში“.

 

2016 წლის 10 ნოემბერს შპს „ვ----------------“-მა თამ----------–--ეს კვლავ გაუგზავნა წერილობითი შეტყობინება, რომლითაც ამ უკანასკნელს მიეცა წინადადება ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, ავტომობილის მაქსიმალურად ხელსაყრელ ფასად რეალიზაციის მიზნით, მონაწილეობა მიეღო გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში. თუმცა, მისთვის ვერც აღნიშნული შეტყობინების ჩაბარება ვერ მოხერხდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წერილობითი შეტყობინებები და უკუგზავნილები (იხ. ს.ფ. 32-33, 35-36);

- ამონაწერი გაზეთ „სიტყვა და საქმე“-დან (იხ. ს.ფ. 38-40);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.4. 10.07.2015წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის მიზნით, 2017 წლის 15 თებერვალს შპს „ევ----------------“-მა უზრუნველყო გირავნობის საგნის ავტომანქანა - V-----------------ის რეალიზაცია. მდგომარეობის გათვალისწინებით, ავტომობილი გაიყიდა 3086 აშშ დოლარად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადაწყვეტილება ავტომობილის რეალიზაციის თაობაზე (იხ. ს.ფ. 24);

- მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შეფასების ანგარიში (იხ. ს.ფ. 25-30);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.5. გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან, შპს „ევ----------------“-ის მიერ გაქვითულ იქნა 10.07.2015წ. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შემდეგი მოცულობით:

- 250 ლარი - გირავნობის მოწმობისა და სააღსრულებო წარმოების ხარჯები;

- 160 ლარი - ევაკუატორის საფასური;

- 1830 აშშ დოლარი - სრულად გაიქვითა სესხზე იმ დროისათვის არსებული სარგებელი;

- 1102 აშშ დოლარი - შემცირდა სესხის ძირითადი თანხა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-10.07.2015წ. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 15-20);

- წერილობითი შეტყობინება (იხ. ს.ფ. 34);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.6. გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების შემდეგ დარჩენილი დავალიანების დაფარვის მიზნით, 2017 წლის 09 ივნისს შპს „ევ----------------“-მა წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა თამ----------–--ეს, თუმცა შეტყობინება თამ----------–--ეს ვერ ჩაბარდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წერილობითი შეტყობინება და უკუგზავნილი (იხ. ს.ფ. 34, 37);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.7. 19.12.2017წ. შპს „ევ----------------“-ის მიერ გაცემული დავალიანების შესახებ ცნობის თანახმად, 10.07.2015წ. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თამ----------–--ეს შპს „ევ----------------“-ის მიმართ, სესხის ძირითადი თანხის სახით, ერცხება დავალიანება - 1685 აშშ დოლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა დავალიანების შესახებ (იხ. ს.ფ. 41);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.8. გირავნობის საგნის რეალიზაციის მიზნით, შპს „ევ----------------“-ის დაკვეთით შპს „ჯ-------------ს“ დამოუკიდებელმა შემფასებელმა - იო--------–--–---–მა განახორციელა გირავნობის საგნის V-----------------ის შეფასება, რისთვისაც შპს „ევ----------------“-ის მიერ გადახდილ იქნა შესაბამისი საფასური - 100 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შეფასების ანგარიში (იხ. ს.ფ. 25-30);

- მიღება-ჩაბარების აქტი (იხ. ს.ფ. 31);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას მასზედ, რომ შპს „ევ----------------“-სა და თამ----------–--ეს შორის 2015 წლის 10 ივლისს დადებული N1-----/T ხელშეკრულებით გათვალისწინებული გირავნობის საგნის რეალური საბაზრო ღირებულება არსებითად აღემატებოდა მისი რეალიზაციის ფასს - 3068 აშშ დოლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე სადავოდ ხდის მოსარჩელე შპს „ევ----------------“-ის მიერ განხორციელებულ გირავნობის საგნის შეფასებას. მისი განმარტებით, აღნშნული ავტომანქანის ღირებულება გაცილებით უფრო მეტი იყო, ვიდრე მოხდა მისი რეალიზაცია. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილია შპს „ჯ-------------ს“ დამოუკიდებელი შემფასებლის იო--------–--–---–ის მიერ შედგენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შეფასების ანგარიში, რომლის თანახმადაც შესაფასებელი ობიექტის V-----------------ის საბაზრო ღირებულება, 2016 წლის 26 ოქტომბრის მდგომარეობით (დამრგვალებით) განისაზღვრა - 3200 აშშ დოლარით, ხოლო ლიკვიდური ღირებულება, კი 2800 აშშ დოლარით. (იხ. შეფასების ანგარიში ს.ფ. 25-30) მოპასუხე სადავოდ ხდის აღნიშნულ შეფასებას, თუმცა მას მისი პოზიციის დასადასტურებლად გარდა ახსნა-განმარტებისა არ წარმოუდგენია სხვა მტკიცებულება. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს გირავნობის საგნის შეფასების წერილობითი დოკუმენტი, მხოლოდ მოპასუხის ახსნა-განმარტება ვერ იქნება მიჩნეული მის მიერ სადავოდ გამხდარი გარემოების დამადასტურებელ სათანადო და კვალიფიციურ მტკიცებულებად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, მოწინააღმდეგე მხარის მიერ მისი უარყოფის პირობებში საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დასადგენად საკმარის მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო მის მიერ სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოების დადასტურება

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა შპს „ევ----------------“-ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 625-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა, კი წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 10 ივლისს შპს ,, ევ----------------“-სა და თამ----------–--ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება №1-----/T, რომლის საფუძველზე გაცემული - №1-----/T სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებით, თამ----------–--ეს თვეში 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით, 36 თვის ვადით, გადეცა სესხი - 3000 აშშ დოლარის ოდენობით. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხა და დარიცხული სარეგებლი უნდა გადაეხადა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა თამ----------–--ის კუთვნილი ავტომობილი - V----------------.

 

ამდენად, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. მხარეები - ერთი მხრივ მოსარჩელე, ხოლო მეორე მხრივ მოპასუხე შეთანხმებულნი არიან საკრედიტო ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ:

ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას;

 

დადგენილია, ასევე, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა მასსა და შპს „ევ----------------“-ს შორის 10.07.2015წ. გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებითა და ამავე დღეს გაფორმებული - სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, მას გრაფიკით განსაზღვრული სესხის ძირი თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი აღარ გადაუხდია 2016 წლის 10 იანვრის შემდგომ.

 

შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2017 წლის 15 თებერვალს შპს „ევ----------------“-მა უზრუნველყო გირავნობის საგნის ავტომანქანა - V-----------------ის რეალიზაცია. მდგომარეობის გათვალისწინებით, ავტომობილი გაიყიდა 3 086 აშშ დოლარად. გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან, შპს „ევ----------------“-ის მიერ გაქვითულ იქნა 10.07.2015წ. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შემდეგი მოცულობით:

- 250 ლარი - გირავნობის მოწმობისა და სააღსრულებო წარმოების ხარჯები;

- 160 ლარი - ევაკუატორის საფასური;

- 1830 აშშ დოლარი - სრულად გაიქვითა სესხზე იმ დროისათვის არსებული სარგებელი;

- 1102 აშშ დოლარი - შემცირდა სესხის ძირითადი თანხა;

 

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ზემოთ დასახელებული გირავნობის საგნის რეალური საბაზრო ღირებულება აღემატებოდა მისი რეალიზაციის ფასს - 3068 აშშ დოლარს. გირავნობის საგნის რეალიზაციასთან და ამონაგები თანხის განაწილებასთან დაკავშირებული სხვა გარემოება მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

10.07.2015წ. ხელშეკრულების 6.4. პუნქტის თანახმად, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე.

როგორც მოსარჩელე წარმოდგენილ სარჩელში განმარტავს, გირავნობის საგნის რეალიზაციის დროისათვის მოპასუხეს შპს „ევ----------------“-ის მიმართ ძირი თანხის სახით, ერიცხებოდა დავალიანება 2787 აშშ დოლარის ოდენობით, შესაბამისად ვინაიდან გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან დაიფარა ძირი თანხა 1102 აშშ დოლარის ოდენობით, ამ ნაწილში თამ----------–--ის დარჩენილი, გადაუხდელი დავალიანება შეადგენს - 1685 აშშ დოლარს.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე თამ----------–--ისათვის სესხის ძირი თანხის 1685 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა - 196.85 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ამდენად, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე თამ----------–--ეს მოსარჩელე შპს „ევ----------------“-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა - 129.77 ლარის ოდენობით. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი საფასურის - 100 ლარის გადახდა.

 

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა საპროცენტო სარგებლის - 853.73 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში, რის გამოც მოსარჩელეს შემცირებული მოთხოვნის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი - 65.74 ლარის ოდენობით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინებით, თამ----------–--ის განცხადება დაკმაყოფილდა და გაუქმდა მოცემულ საქმეზე 2018 წლის 04 აპრილს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის განხილვა.

 

შესაბამისად, მოსარჩელე შპს „ევ----------------“-ს თამ----------–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს ,,ევ----------------“-ის სარჩელი თამ----------–--ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

 

1.1. მოპასუხე თამ----------–--ეს მოსარჩელე შპს ,,ევ----------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს - 2015 წლის 10 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის - 1685 აშშ დოლარის გადახდა, ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კურსის შესაბამისად.

 

2. მოპასუხე თამ----------–--ეს მოსარჩელე შპს ,,ევ----------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 129.77 ლარისა და ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი საფასურის - 100 ლარის გადახდა.

 

3. მოსარჩელე შპს ,,ევ----------------“-ს მოპასუხე თამ----------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 50 ლარის გადახდა.

 

4. შპს ,,ევ----------------“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 08 იანვარს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 196.85 ლარიდან - 65.74 ლარი (საგადასახადო დავალება №15-------6), რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე