გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/19537-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი - ანა მეშველიანი
მოსარჩელე - შპს „ჰ------ი“
წარმომადგენელი - დ----- ლ-----ი
მოპასუხე - გ--- ჯ------ა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე გ--- ჯ------ას შპს „ჰ------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 1076 ლარის გადახდა, საიდანაც 500 ლარი არის პირგასამტეხლო.
სარჩელში განმარტებულია, რომ 2--- წლის 27 მაისს შპს „ჰ------სა“ და გ--- ჯ------ას შორის გაფორმდა №-- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეს მიეცა უფლება ეწარმოებინა მოსაპირკეთებელი სამუშაოები საწარმოს მართვაში არსებულ ს------–-ოებზე. სანაცვლოდ შემსრულებელმა იკისრა შეთანხმებული ტარიფის მიხედვით თანხის გადახდის ვალდებულება.
ხელშეკრულების 2.3.6 მუხლის მიხედვით, მეწარმე ვალდებული იყო ანგარიშსწორება შპს „ჰ------თან“ განეხორციელებინა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 კალენდარულ დღეში. ხელშეკრულების 3.2 ქვეპუნქტის თანახმად, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისას შემსრულებელს დაეკისრება პირგასამტეხლო 500,00 ლარის ოდენობით.
სარჩელის შეტანის მდგომარეობით გ--- ჯ------ას 2--- წლის 9 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადასახდელი აქვს 576 ლარი და 500 ლარი პირგასამტეხლო, ჯამში - 1076 ლარი. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მოპასუხე თავს არიდებს ვალდებულების შესრულებას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ ცნო სარჩელი ძირი თანხის - 576 ლარის ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2--- წლის 27 მაისს შპს „ჰ------სა“ და გ--- ჯ------ას შორის გაფორმდა №-- ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა შპს „ჰ------ის“ მართვაში არსებულ ტერიტორიაზე საფლავების მოწყობა და ამ საქმისათვის შესაბამისი სამშენებლო-სამონტაჟო, მოსაპირკეთებელი, აგრეთვე აღდგენითი და სარემონტო სამუშაოების წარმოება დანართი №1-ის შესაბამისად. დანართი №1-ით განისაზღვრა სამუშაოს დასახელება და ტარიფი.
ხელშეკრულების 5.1 ქვეპუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2--- წლის 01 ოქტომბრამდე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-3).
2--- წლის 27 მაისის ხელშეკრულება (ს.ფ. 16-19).
3.1.2. ხელშეკრულების 2.3.6 ქვეპუნქტის მიხედვით, მეწარმე ვალდებულია ანგარიშსწორება განახორციელოს შპს „ჰ------თან“ შემსრულებელსა და ს------–-ოზე მიმაგრებული მონიტორინგის ჯგუფის თანამშრომლებს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის შედგენიდან არაუგვიანეს 10 კალენდარულ დღეში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-3).
2--- წლის 27 მაისის ხელშეკრულება (ს.ფ. 16-19).
3.1.3. ხელშეკრულების 3.2 ქვეპუნქტის თანახმად, შემსრულებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისას ან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში (რასაც დაადასტურებს მოხსენებითი ბარათით საწარმოს საფინანსო განყოფილების უფროსი (მთავარი ბუღალტერი) ან/და (მონიტორინგის ჯგუფის თანამშრომლები) შემსრულებელს დაეკისრება პირგასამტეხლო 500,00 ლარის ოდენობით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-3).
2--- წლის 27 მაისის ხელშეკრულება (ს.ფ. 16-19).
3.1.4. 2--- წლის 27 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „ჰ------ის“ მიმართ გ--- ჯ------ას ძირითადი დავალიანება შეადგენს 576 ლარს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეებს არც ერთი ფაქტობრივი გარემოება სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „ჰ------ის“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლის მესამე ნაწილით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის შესაბამისად ,,ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდესქის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში, ვალდებულების წარმოშობის საფუძველია შპს „ჰ------სა“ და გ--- ჯ------ას შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ აწარმოა მოსაპირკეთებელი სამუშაოები საწარმოს მართვაში არსებულ ს------–-ოებზე, რის შემდეგაც მოპასუხეს წარმოეშვა შეთანხმებული ტარიფის, შპს „ჰ------ის“ მართვაში მყოფ ს------–-ოს ტერიტორიაზე საქმიანობაში დაშვებისათვის გადასახდელი საზღაურის გადახდის ვალდებულება.
განსახილველ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს შერეული ტიპის ხელშეკრულება, რომლითაც განსაზღვრულია მხარეთა უფლება-მოვალეობები. დადგენილია, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს გადასახდელი აქვს ძირი თანხა 576 ლარის ოდენობით, რა ნაწილშიც მოპასუხე აღაირებს დავალიანების არსებობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, გ--- ჯ------ას ეკისრებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, მიღება-ჩაბარების აქტების შედგენიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში მოსარჩელისათვის შეთანხმებული საფასურის გადახდა. დადგენილია, რომ მოპასუხეს შპს „ჰ------ისათვის“ შეთანხმებული საფასური არ გადაუხდია და მოსარჩელის წინაშე ერიცხება დავალიანება 576 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ცნო სარჩელი მის მიმართ დაყენებული მოთხოვნის ძირითადი დავალიანების 576 ლარის ნაწილში.
ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი 576 ლარის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.
6.2. დადგენილია, რომ მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, შემსრულებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისას ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში შემსრულებელისათვის პირგასამტეხლოს 500,00 ლარის დაკისრების თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, მაია დარსაძის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა და შპს „ჰ------ის“ მიმართ მისი დავალიანების არსებობა. კონკრეტულ შემთხვევაში, ხელშეკრულების 3.2 ქვეპუნქტებით მხარეები შეთანხმდნენ შემსრულებლის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდევინებაზე. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სასამართლო აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - 500,00 ლარი, კერძოდ, შეუსაბამოა ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმართებაში. დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდეს და განისაზღვროს 70 ლარით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 26,76 ლარი მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობის გამო, ხოლო მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 3,25 ლარის ოდენობით, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნით გადახდილი 50,00 ლარი და სსიპ მომსახურების სააგენტოდან სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით გადახდილი 21,00 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სახეზე არ გვაქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძვლები. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 26 ივნისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე უნდა დარჩეს ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ჰ------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
2. მოპასუხე გ--- ჯ------ას შპს „ჰ------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 646 ლარის გადახდა, საიდანაც 576 ლარი არის ძირითადი დავალიანება, ხოლო 70 ლარი - პირგასამტეხლო.
3. მოსარჩელე შპს „ჰ------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს დ----- ლ-----ის მიერ 2-/0-/2--- წელს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარიდან - 26,76 ლარი (საგადასახადო დავალება №--.
4. დაეკისროს მოპასუხე გ--- ჯ------ას შპს „ჰ------ის“ სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 3,25 ლარის ოდენობით, ასევე მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარისა და სსიპ მომსახურების სააგენტოდან სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით გადახდილი 21 ლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ.რობაქიძის გამზ. №7ა) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6).
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლილი ტყემალაძე