გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.03.2019
საქმის ნომერი
330315618002395375
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
27.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/2368-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი

სხდომის მდივანი ნათია ფურელიანი

 

მოსარჩელე - შპს ,,რ-------------–-’’;

წარმომადგენლები - ა------------, ნ-----------–--;

 

მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;

წარმომადგენელი - მ--------------–-–---–-;

 

მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია;

წარმომადგენელი - ლ-–---------–---;

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნები:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 08 თებერვლის N0----- დადგენილება;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 1 მარტის სააღსრულებო ფურცელი.

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 07 მაისის N1-- ბრძანება ადმინისტრაციულ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 1 მარტს შპს ,,რ-------------–მა’’ რ---- მიმდებარე ტერიტორიაზე ბორნის ტიპის ობიექტის მოწყობის მიზნით მიმართა ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა სამშენებლო გამოყენების პირობების დადგენა, რაზეც მიიღო უარი იქიდან გამომდინარე, რომ განთავსებული ობიექტი არ წარმოადგენდა დროებით შენობა-ნაგებობას. შპს ,,რ-------------–მა’’ კვლავ მიმართა თბილისის არქიტექტურის სამსახურს განმარტების მიზნით და მას განემარტა, რომ არქიტექტურის სამსახური არ წარმოადგენდა მსგავსი ნებართვის გამცემ კომპეტენტურ ორგანოს. დამატებითი თანხმობის მისაღებად შპს ,,რ-------------–მა’’ მიმართა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, რომლისგანაც ასევე უარი მიიღო ნებართვის გაცემაზე, რადგან ობიექტის მშენებლობა არ საჭიროებდა კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების გავლას. ყველა შესაძლო კომპეტენტური ორგანოდან ნებართვის გაცემის საჭიროების არარსებობის შესახებ დასტურის მიღების შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად შპს ,,რ-------------–მა’’ დაიწყო სამშენებლო სამუშაოები.

 

2017 წლის 28 ნოემბერს ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მითითებით შპს ,,რ-------------–ს’’ დაევალა ობიექტის მშენებლობის ნებართვის წარდგენა ან მისი დემონტაჟი. დემონტაჟის განუხორციელებლობის გამო ზედამხედველობის სამსახურმა შეაჩერა მშენებლობა.

 

შპს ,,რ-------------–მა’’ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 5 დეკემბერს მიღებული Nშ------- დადგენილების (მშენებლობის შეჩერების შესახებ) ბათილად ცნობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 14 თებერვლის N3- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა შპს ,,რ-------------–-ს’’ ადმინისტრაციული საჩივრები და ძალაში დარჩა ზედამხედველობის სამსახურის Nშ------- დადგენილება. ქ. თბილისის მერიის აღნიშნული ბრძანება და ასევე დადგენილება გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოში 2018 წლის 15 მარტის სარჩელით.

 

მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2018 წლის 8 თებერვალს მიიღო დადგენილება, შპს ,,რ-------------–-ს’’ დაჯარიმებისა და წყალზე განთავსებული ობიექტის დემონტაჟის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც გამოსცა სააღსრულებო ფურცელი და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაიწყო სააღსრულებო წარმოება. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 7 მაისის N1-- ბრძანებით მხარეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილ წერილობით შესაგებლებში განმარტა, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა (უფლებამონაცვლე: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია) წარმოდგენილ წერილობით შესაგებლებში განმარტა, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. შპს ,,რ-------------–-’’ (ს/ნ 4--------) წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს. სამართლებრივი ფორმა-შპს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 26.01.2018 წ. (ტ. II.ს.ფ. 91 );

 

3.1.2. 2016 წლის 13 თებერვლს შპს ,,რ-------------–-ს“ დამფუძნებელმა გ--------------–---–მა №A-------- განცხადებით მიმართა ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში რ---- მიმდებარე ტერიტორიაზე პირველი კლასის სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობის წერილობითი დადასტურება.

 

სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 19 თებერვლის N2------ გადაწყვეტილებით, გ--------------–---–ს 2016 წლის 13 თებერვლის №A-------- განცხადებაზე ეცნობა, რომ მის მიერ წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, საპროექტო სამუშაოები საჭიროებს მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის გავლას - მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების მომზადებას, შესაბამისად ამ ეტაპზე საჭიროა განაცხადის დარეგისტრირება მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების მომზადებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 26 თებერვლის N2------ გადაწყვეტილება ( ტ II. ს.ფ. 288-289);

ადმინისტრაციული წარმოების მასალა (ტ. II ს.ფ.290-294);

 

3.1.3. 2016 წლის 20 თებერვლს შპს ,,რ-------------–-ს“ დამფუძნებელმა გ--------------–---–მა №A-------- განცხადებით მიმართა ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში რ---- მიმდებარე ტერიტორიაზე პირველი კლასის სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობის წერილობითი დადასტურება.

 

სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 26 თებერვლის N2------ გადაწყვეტილებით, გ--------------–---–ს 2016 წლის 20 თებერვლის განცხადებაზე ეცნობა, რომ მის მიერ წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, საპროექტო სამუშაოები საჭიროებს მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის გავლას მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების მომზადებას, შესაბამისად ამ ეტაპზე საჭიროა განაცხადის დარეგისტრირება მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების მომზადებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 26 თებერვლის N2------ გადაწყვეტილება (ტ. II.ს.ფ. 281-282);

 

3.1.4. 2016 წლის 1 მარტს შპს,,რ-------------–მა’’ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა რ---- მიმდებარე ტერიტორიაზე ბორანის ტიპის (დროებითი) ღია კაფის მოწყობის მიზნით ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 21 მარტის №2------ გადაწყვეტილებით შპს,,რ-------------–ს’’ 2016 წლის 01 მარტის გამნცხადების პასუხად ეცნობა, რომ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობის ობიექტი არის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, მათ შორის, დამხმარე და დროებითი შენობა ნაგებობები. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის 36-ე პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები წარმოადგენს პირობებს, რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია სამშენებლო საქმიანობის განსახორციელებლად კონკრეტულ სამშენებლო მიწის ნაკვეთზე. აღნიშნული პირობების დადგენა ხდება რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო გეგმის საფუძველზე. წარმოდგენილი დოკუმენტაციით როგორც დგინდება, საპროექტო ობიექტის განთავსება ხორციელდება წყალზე, რაზეც მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები არ გაიცემა. ამავე გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ საპროექტო ობიექტი არ წარმოადგენს შენობა-ნაგებობას (მათ შორის არც დროებით შენობა-ნაგებობას), რის გამოც მის განთავსებაზე სამსახური მშენებლობის ნებართვას ვერ გასცემდა და შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა სცდებოდა სამსახურის კომპეტენციის ფარგლებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 21 მარტის №2------ გადაწყვეტილება. (ტ. II.ს.ფ. 18-19);

 

3.1.5. 2016 წლის 25 მარტს შპს ,,რ-------------–-ს“ დამფუძნებელმა გ--------------–---–მა №A-------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში რ---- მიმდებარე ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობის კლასისი განსაზღვრის სამართლებრივი განმარტაება.

 

სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 4 აპრილის №2------- წერილით შპს,,რ-------------–ს’’ 2016 წლის 25 მარტის გამნცხადების პასუხად ეცნობა, რომ შენობა–ნაგებობის კლასის განსაზღვრის მიზნით შეუძლიათ იხელმძღვანელონ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილებით. აღნიშნული დადგენილების თანახმად, შენობა–ნაგებობები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ვარგისად აღიარებისათვის იყოფა 5 კლასად, რომელთაგან თითოეული კლასი ხასიათდება განსაზღვრული მახასიათებლებით. შენობა-ნაგებობის კლასისადმი მიკუთვნება ხორციელდება ასაშენებელი ან სადემონტაჟო შენობა-ნაგებობის პარამეტრების მიხედვით, რეკონსტრუქციისას, იმ შემთხვევაში, როდესაც შენობა- ნაგებობის კლასი იზრდება, კლასი განისაზღვრება შენობა-ნაგებობის საბოლოო (სამშენებლო დოკუმენტით გათვალისწინებული) პარამეტრების მიხედვით. საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შიძლება მოძიებულ იქნეს სამსახურის ვებ–გვერდზე, საკანონმდებლო ბაზის გრაფაში. ხსენებული დადგენილების მიხედვით, ნაგებობა არის სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისაგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავადაა დაკავშირებული. შენობა კი არის ისეთი ნაგებობა, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით. მშენებლობის სახეობებია: ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); რეკონსტრუქცია; რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა; დემონტაჟი; ლანდშაფტური მშენებლობა; დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკითხი, რომელიც ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის 57-ე დადგენილების რეგულირების ფარგლებს სცდება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის კომპეტენციას არ განეკუთვნება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 4 აპრილის №2------- წერილი. (ტ. II.ს.ფ. 167-168);

 

3.1.6. 2017 წლის 28 თებერვალს შპს ,,რ-------------–-ს“ დამფუძნებელმა გ--------------–---–მა №A------- განცხადებით მიმართა ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში რ---- პარკის მიმდებარედ მდ. მტკვარზე კაფის მოწყობა.

 

სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 7 მარტის N3------ გადაწყვეტილებით, გ--------------–---–ს 2017 წლის 28 თებერვლის განცხადების პასუხად ეცნობა, რომ მის დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით, ვრცელდება გარემოს დამცავი ზონა 3 (გდზ-3). ვინაიდან კაფის მოწყობა არ წარმოადგენს გარემოს დამცავ ზონა 3-ში რეგლამენტით დაშვებულ მშენებლობის სახეობას, სამსახური მის მოთხოვნას მდინარე მტკვარზე კაფეს მოწყობასთან დაკავშრებით, ვერ დააკმაყოფილებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 7 მარტის N3------ გადაწყვეტილება (, ტ. II. ს.ფ. 373-374);

 

3.1.7. 2017 წლის 28 მარტს შპს ,,რ-------------–-ს“ დამფუძნებელმა გ--------------–---–მა №A-------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და განმარატა, რომ გეგმავდა მდინარე მტკვარზე გემი სასტუმროს განთავსებას. ასევე მიუთითა, რომ აქვს ნებართვა პარაპეტის გაჭრის თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ითხოვა განმარტება არის თუ არა აღნიშნული საკითხი არქიტექტურის სამსახურის კომპეტენციაში და გასცემდა თუ არა არქიტექტურის სამსახური მდინარე მტკვარზე გემის განთავსების ნებართვას.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 05 აპრილის №3----- წერილით დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ სამშენებლო სამუშაოების განხორციელების წინაპირობას წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული მშენებლობის ნებართვა ან სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობის თაობაზე წერილობითი თანხმობა. დაინტერსებულ პირს ასევე ეცნობა, რომ ვინაიდან 2017 წლის 28 მარტის №A-------- განცხადებას თან ერთვოდა მდინარე მტკვარზე გადაღებული ფოტომასალა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-105 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მდინარე მტკვარი წარმოადგენდა გარემოს დამცავ ზონა 3-ს და განემარტა, რომ ,,ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთვარობის 2014წლის 15 იანვრის №59 დადგენილების თანახმად, გარემოს დამცავ ზონა 3-ში(გზდ-3), სამშენებლო საქმიანობა წყლის დამცავ ტერიტორიაზე ხორციელდებოდა მხოლოდ მისი დაცვის ან/და აღდგენის მიზნით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამშენებლო საქმიანობის განხორციელება მდინარე მტკვარზე, რომელიც წარმოადგენდა გარემოს დამცავ ზონა 3-ს, შესაძლებელი იყო მხოლოდ მისი დაცვის ან/და აღდგენის მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

შპს ,,რ-------------–-ს’’ დამფუძნებლის გ--------------–---–ის 2017წლის 28 მარტის №A-------- განცხადება (ტ. II. ს.ფ.351);

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 05 აპრილის №3----- წერილი.(ტ. II. 349-350);

 

3.1.8. 2017 წლის 5 აპრილს შპს ,,რ-------------–-ს“ დამფუძნებელმა გ--------------–---–მა №A-------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და განმარატა, რომ გეგმავდა მდინარე მტკვარზე გემი სასტუმროს განთავსებას და არა მშენებლობას. აღნიშნულთან დაკავშირებით ითხოვა განმარტება საჭიროებდა თუ არა მითითებული საკითხი არქიტექტურულ ნებართვას, ანუ მოძრავი ობიექტი საჭიროებდა თუ არა არქიტექტურულ ნებართვას.

 

სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წერილით დაინტერესებულ პირს 2017 წლის 5 აპრილს №A-------- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ განცხადებაში მითითებულ საკითხზე 2017 წლის 05 აპრილის №3----- წერილით უკვე ეცნობა პასუხი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

შპს ,,რ-------------–-ს’’ დამფუძნებლის გ--------------–---–ის 2017 წლის 5 აპრილის №A-------- განცხადება. (ტ. II. ს.ფ.352);

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წერილი.(ტ. II. ს.ფ. 353);

 

3.1.9. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2017 წლის 11 მაისის №4--- წერილით შპს ,,რ-------------–-ს’’ დამფუძნებელს გ--------------–---–ს 2017 წლის 08 მაისის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა მდინარე მტკვარზე სასტუმროს ფუნქციის მქონე გემის განთავსებას, ეცნობა, რომ ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის ჩამონათვალს განსაზღვრავს ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვით, დაგეგმილი საქმიანობა არ საჭიროებს ეკოლოგიურ ექსპერტიზას და კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პროცედურების გავლას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2017 წლის 11 მაისის N4--- წერილი (ტ. II.ს.ფ. 22);

 

3.1.10. საქართველოს შსს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქ. თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს 2017 წლის 15 აგვისტოს N MIA3---------- წერილით შპს ,,რ-------------–-ს’’ დირექტორს გ------ ბ--------–---–ს 2017 წლის 10 აგვისტოს წერილის პასუხად ეცნობა, რომ ამ ეტაპზე ბაქანზე წარმოებული სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები არ ქმნის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქ. თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს მდინარე მტკვრის წყალზე სამაშველო ქვეგანყოფილებისთვის საგანგებო სიტუაციებზე ოპერატიულად რეაგირებისას შემაფერხებელ გარემოებებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

საქართველოს შსს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქ. თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს 2017 წლის 15 აგვისტოს N MIA3---------- წერილი (ტ. II.ს.ფ. 23);

 

3.1.11. ინჟინერ-კონსტრუქტორი გ------------–--ის 2017 წლის კონსტრუქციული დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე (რ---- მიმდებარე ტერიტორია) საძირკვლის არმქონე კონსტრუქცია - ფუნქცია გემი, ვიზუალური დათვალიერებისას და შესრულებული კონსტრუქციების შესწავლის შედეგად, იმყოფება დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში. არ შეიმჩნევა შედუღების ნაკერებში ბზარების არანაირი ნიშნები, რაც დასტურია იმისა, რომ კონსტრუქცია არ განიცდის არათანაბარ დეფორმაციებს. სრულად დაცულია საქართველოში არსებული უსაფრთხოების ნორმები და წესები. კონსტრუქციის მშენებლობა მიმდინარეობს არქიტექტურული პროექტისა და კონსტრუქციული პროექტის გათვალისწინებით. ლითონის კონსტრუქციების მზიდუნარიანობასა და მდგრადობას ეძლევა დადებითი შეფასება. ასევე ეძლევა რეკომენდაცია აღნიშნული საპროექტო სამუშაოების შესრულების გაგრძელებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2017 წლის კონსტრუქციული დასკვნა (ტ. II.ს.ფ. 24-25);

 

3.1.12. 2017 წლის 24 აგვისტოს შპს ,,რ-------------–-ს“ დამფუძნებელმა გ--------------–---–მა №A-------- განცხადებით მიმართა ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში რ---- პარკის მიმდებარედ მდ. მტკვარზე ჯებირის ჩაჭრისა და ბაქნის მოწყობის თანხმობა.

 

სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 1 სექტემბრის N3------ გადაწყვეტილებით, შპს ,,რ-------------–-ს’’ დირექტორს 2017 წლის 24 აგვისტოს განცხადებაზე ეცნობა, რომ ვინაიდან ნავმისადგომის მოწყობა არ წარმოადგენს გარემოს დამცავ ზონა 3-ში რეგლამენტით დაშვებულ მშენებლობის სახეობას, სამსახური მის მოთხოვნას, მდინარე მტკვარზე მოძრავი რესტორნის/ნავმისადგომის მოწყობასთან დაკავშირები ვერ დააკმაყოფილებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 1 სექტემბრის N3------ გადაწყვეტილება ( ტ. II.ს.ფ. 394-395);

 

3.1.13. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 28 ნოემბერს შედგენილ იქნა N0----- მითითება შპს ,,რ-------------–-ს’’ მიმართ. მითითების თანახმად, ქ. თბილისში, რ---- პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე მტკვარში შპს ,,რ-------------–-ს’’ მიერ მოწყობილია დროებითი შენობა-ნაგებობა. შპს ,,რ-------------–ს’’ დაევალა სანებართვო დოკუმენტაციის წარმოდგენა ან დროებითი შენობა-ნაგებობის დემონტაჟი უსაფრთხოების წესების დაცვით. დარღვევის გამოსწორების ვადად განისაზღვრა 10 კალენდარული დღე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 28 ნოემბრის N0----- მითითება ((ტ. II.ს.ფ. 316-317);

 

3.1.14. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 5 დეკემბრის Nშ------- დადგენილებით შეჩერებულ იქნა შპს ,,რ-------------–-ს’’ მიერ ქ. თბილისში, რ---- პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე მტკვარზე უნებართვოდ მიმდინარე დროებითი შენობა-ნაგებობის მშენებლობა.

 

2017 წლის 20 დეკემბერს, შპს ,,რ-------------–-ს’’ დირექტორმა გ------ი ბ--------–---–მა და მისმა წარმომადგენელმა მ------------–---–მა №20--------------- ადმინისტრაციული საჩივრით, ხოლო 2017 წლის 29 დეკემბერს შპს ,,რ-------------–-ს’’ წარმომადგენელმა ნ-----------–--მ №10--------------- დაზუსტებული ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვეს ,,მშენებლობის შეჩერების შესახებ’’ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 05 დეკემბრის №შ------- დადგენილების ბათილად ცნობა.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 14 თებერვლის №3- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა შპს ,,რ-------------–-ს’’ დირექტორის გ------ ბ--------–---–ისა და მისი წარმომადგენლების: მ------------–---–ის და ნ-----------–--ს 2017 წლის 20დეკემბრის №20--------------- და 2017 წლის 29 დეკემბრის №10--------------- ადმინისტრაციული საჩივრები და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 05 დეკემბრის №შ------- დადგენილება.

 

დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 5 დეკემბრის Nშ------- დადგენილებისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 14 თებერვლის №3- ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით დღეის მდგომარეობით სასამართლოში მიმდინარეობს დავა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 5 დეკემბრის Nშ------- დადგენილება (ტ.II. ს.ფ. 40-41);

შპს ,,რ-------------–-ს’’ ადმინისტრაციული საჩივარი (ტ.I. ს.ფ. 47-49);

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 14 თებერვლის №3- ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’(ტ.II, 50-58);

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება (საქმე N3---------).(ტ. III.ს.ფ. 226-259);

 

3.1.15. შპს ,,რ-------------–-ს’’ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს და 2017 წლის 28 ნოემბრის N0----- მითითების შესაბამისად, წარადგინა ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის N2------ და N2------ გადაწყვეტილებები, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2017 წლის 11 მაისის N4--- წერილი, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქ. თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს 2017 წლის 15 აგვისტოს N MIA3---------- წერილი, დასკვნა ქ. თბილისში, მტკვრის კალაპოტში განხორციელებული საპროექტო სამუშაოების შესახებ, დასკვნა საძირკვლის არმქონე კონსტრუქციის უსაფრთხოების თაობაზე. განმცხადებელმა ითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის გაცნობის შემდგომ, დაწყებული საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, მოცემულ შემთხვევაში სამართალდარღვევას ადგილი არ აქვს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

შპს ,,რ-------------–-ს’’ წარმომადგენლის განცხადება ( ტ. II.ს.ფ. 45-46);

 

3.1.16. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 11 დეკემბერს შპს ,,რ-------------–-ს’’ მიმართ შედგენილ იქნა N0----- შემოწმების აქტი, რომლის თანახმად შპს ,,რ-------------–-ს’’ მიერ არ შესრულდა 2017 წლის 28 ნოემბერის N0----- მითითებით განსაზღვრული პირობები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 11 დეკემბრის N0----- შემოწმების აქტი (ტ. II.ს.ფ. 312-313);

 

3.1.17. 2018 წლის 16 იანვარს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა, რომელზეც შპს ,,რ-------------–-ს წარმომადგენელმა’’ განმარტა, რომ მითითებით გათვალისწინებულ სამშენებლო სამუშაოებს არ სჭირდება ნებართვას, რასთან დაკავშირებითაც არქიტექტურის სამსახურის მიერ მიღებული აქვთ არაერთი პასუხი. ამასთან, მხარემ განაცხადა, რომ არ აპირებენ ობიექტის დემონტაჟს და ითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 16.01.2018 წ. N0----- ოქმი (ტ. II.ს.ფ. 301-302);

ადმინისტრაციული წარმოების მასალა. (ტ. II. ს.ფ. 298-465);

 

3.1.18. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 08 თებერვლის N0----- დადგენილებით, შპს ,,რ-------------–-’’ დაჯარიმდა 1----- ლარით, ქ. თბილისში, რ---- პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე მტკვარზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე დროებითი შენობა-ნაგებობის მოწყობისთვის. შპს ,,რ-------------–ს’’ დაევალა ქ. თბილისში, რ---- პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე მტკვარზე უნებართვოდ მოწყობილი დროებითი შენობა-ნაგებობის დემონტაჟი. შპს ,,რ-------------–ს’’ დაევალა ჯარიმის გადახდა დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღეში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

08.02.2018 წ. N-- მოხსენებითი ბარათი (ტ. II.ს.ფ. 298.);

 

3.1.19. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2018 წლის 08 თებერვლის N0----- დადგენილების აღსრულების მიზნით (მე-2 პუნქტი, დემონტაჟის ნაწილი) 2018 წლის 1 მარტს გაიცა N4-------------- სააღსრულებო ფურცელი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2018 წლის 09 მარტს მიღებულ იქნა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 1 მარტის სააღსრულებო ფურცელი. (ტ. I. ს.ფ. 67-68);

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 09 მარტის წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. (ტ. I. ს.ფ. 65-66);

 

3.1.20. 2018 წლის 6 მარტს შპს ,,რ-------------–-ს’’ წარმომადგენელმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 08 თებერვლის N0----- დადგენილების ბათილად ცნობა.

 

2018 წლის 26 მარტს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმისნიტრაციულ საჩივრის განხილვის მიზნით გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

შპს ,,რ-------------–-ს’’ წარმომადგენლის 2018 წლის 6 მარტის ადმინისტრაციული საჩივარი (ტ. II.ს.ფ. 85-90);

განცხადების მიღების ბარათი ( ტ. II.ს.ფ. 28);

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 26.03.2018 წ. ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი. ( ტ.III.ს.ფ. 66-67);

 

3.1.21. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 07 მაისის N1-- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა პს ,,რ-------------–-ს’’ წარმომადგენელის ადმინისტრაციული საჩივარი, ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 08 თებერვლის N0----- დადგენილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 07 მაისის N1-- ბრძანება ადმინისტრაციულ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. (ტ.III.ს.ფ.172);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, რის გამოც შპს ,,რ-------------–-ს" სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება, საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსი’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 08 თებერვლის N0----- დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 07 მაისის N1-- ბრძანება ადმინისტრაციულ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე კანონის მე-15 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, კერძოდ, ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად - მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი (შემდგომ – ობიექტი) არის – ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერება ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს. ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად კი სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.

 

დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე ნათელია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური (უფლებამონაცვლე: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია) წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება.

 

6.3. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 28 ნოემბერს შპს ,,რ-------------–-ს’’ მიმართ შედგენილი იქნა მითითება №0-----, რომლის მიხედვით ქ.თბილისში, რ---- პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მტკვარზე შპს ,,რ-------------–-ს’’ მიერ მოწყობილია დროებითი შენობა-ნაგებობა. ამავე მითითებით მხარეს დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა წარედგინა მითითების გაცემის მომენტისთვის არსებული სანებართვო დოკუმენტაცია ან განეხორციელებინა დროებითი შენობა-ნაგებობის დემონტაჟი უსაფრთხოების წესების დაცვით. ხოლო 2017 წლის 11 დეკემბერს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილ იქნა N0----- შემოწმების აქტი, იმ საფუძლით, რომ არ შესრულდა 2017 წლის 28 ნოემბერის N0----- მითითებით განსაზღვრული პირობები.

 

6.4. სასამართლო მიუთითებს, საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით.

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები. ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად კი სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი.

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ უნებართვო მშენებლობის მწარმოებელი პირი დადგენილია და მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა, უფლებამოსილი ორგანო მითითების გაცემისა და შემოწმების აქტის შედგენის საფუძველზე იღებს დადგენილებას უნებართვო მშენებლობის დემონტაჟისა და დამრღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, რომლის გასაჩივრებაც არ აჩერებს აღნიშნული დადგენილების მოქმედებას დემონტაჟის ნაწილში.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 08 თებერვლის N0----- დადგენილებით, შპს ,,რ-------------–-’’ დაჯარიმდა 10 000 ლარით, ქ. თბილისში, რ---- პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე მტკვარზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე დროებითი შენობა-ნაგებობის მოწყობისთვის. შპს ,,რ-------------–ს’’ დაევალა ქ. თბილისში, რ---- პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე მტკვარზე უნებართვოდ მოწყობილი დროებითი შენობა-ნაგებობის დემონტაჟი. შპს ,,რ-------------–ს’’ დაევალა ჯარიმის გადახდა დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღეში. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიიერ 2018 წლის 08 თებერვლის N0----- დადგენილების აღსრულების მიზნით (მე-2 პუნქტი, დემონტაჟის ნაწილი) 2018 წლის 1 მარტს გაიცაა N4-------------- სააღსრულებო ფურცელი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ ვინაიდან მის მიერ წყალზე განთავსებული შენობა არ უკავშირდება მიწას, სადავო პერიოდში მოქმედი სამართლებრივი ნორმების გათვალსიწინებით, აღნიშნული არ უნდა მიჩნეულიყო დროებით შენობა-ნაგებობად, რომლის განთავსებისათვისაც საჭიროა კანონით დადგენილი ნებართვა, ამდენად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური არ იყო უფლებამოსილი აღნიშნული ფაქტი შეეფასებინა სამართალდარღვევად და დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება, რასაც შედეგად მოჰყვა სადავო აქტის გამოცემა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო საკითხთან მიმართებაში მნიშვნელოვანია გაირკვეს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ სადავო წარმოების ფარგლებში მიღებული დადგენილების (შპს „რ--------------–--“ სამართალდამრღვევად ცნობის, დაჯარიმებისა და მისთვის უნებართვოდ მოწყობილი დროებითი შენობა-ნაგებობის დემოტაჟის დავალების თაობაზე) კანონიერება, ამასთან, მოსარჩელის პოზიციის გათვალისწინებით უნდა დადგინდეს, მოცემულ შემთხვევაზე ვრცელდება თუ არა დროებითი შენობა-ნაგებობის მშენებლობასთან დაკავშირებული, შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები და წარმოადგენს თუ არა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უფლებამოსილ ორგანოს.

 

6.5. სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს არეგულირებს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით დამტკიცებული დებულება ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’. აღნიშნული დებულების 36.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე დადგენილების 4.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება, ხოლო 4.7 მუხლის თანახმად, დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება არის ახალი მშენებლობა. ამავე დადგენილების სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 3.15 მუხლით, დროებითი შენობა და ნაგებობა განმარტებული იყო, როგორც ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები (მითითებულ დადგენილებაში საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 დეკემბრის №567 დადგენილების პირველი მუხლით შევიდა ცვლილება და №57 დადგენილების მე-3 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „დროებითი შენობა და ნაგებობა – ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან ან/და წყალთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები (გარდა წყლის ტრანსპორტისა“).

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან განსახილველ საქმეზე სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა უკავშირდება მტკვარზე დროებითი შენობა-ნაგებობის მოწყობას, მნიშვნელოვანია, განიმარტოს საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდის ცნება, რომელიც მოცემულია „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში, კერძოდ, აღნიშნული კანონის 7.4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდს განეკუთვნება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და გამავალი მდინარეები, ტბები, წყალსაცავები, სხვა ბუნებრივი და ხელოვნური ზედაპირული წყალსატევები, აგრეთვე არხების და ტბორების წყლები. ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად, წყლის სახელმწიფო ფონდის მიწად, საქართველოს მიწის კანონმდებლობის შესაბამისად, მიიჩნევა ის მიწა, რომელიც დაკავებულია ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული წყლის ობიექტებით (მიწისქვეშა წყლების გარდა), ჰიდროტექნიკური და სხვა წყალსამეურნეო ნაგებობებით, აგრეთვე მიწა, რომელიც გამოყოფილია წყლის ობიექტის წყალდაცვით ზოლად, სანიტარიული დაცვის ზონად და ა.შ.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, რ---- პარკის მიმდებარედ, მტკვარში მოწყობილი სადავო შენობა-ნაგებობა მიმაგრებულია მტკვრის ჯებირზე, რაშიც, „წყლის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე მოიაზრება წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა, რომელიც გამოყოფილია წყლის ობიექტის წყალდაცვით ზონად. ამდენად, სასამრთლო მიიჩნევს, რომ მიუხედავად სადავო პერიოდში საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში დროებითი შენობა-ნაგებობის მხოლოდ მიწასთან (და არა წყალთან) დაკავშირების მითითების არსებობისა, არ გამოირიცხებოდა განთავსებული ობიექტის დროებითი შენობა-ნაგებობის ცნებაში მოქცევა და შესაბამისად, მდინარე მტკვარში შენობა-ნაგებობის განთავსებისათვის არ გამოირიცხებოდა 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრული, შესაბამისი ნებართვის გაცემის აუცილებლობა. ამასთანავე, სასამართლო საყურადღებოდ მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილებით მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების დადგენა უკავშირდება საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს (დადგენილების 1.1. მუხლი), ამასთანავე, დადგენილების 3.65 მუხლით საზოგადოებრივ ტერიტორიად/სივრცედ მიჩნეულია განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში მდებარე ქუჩა, მოედანი, ხიდი, სკვერი, პარკი, ბაღი, წყლის ზედაპირი და მისი სანაპირო ზოლი, ბუნებრივი ან ხელოვნური ლანდშაფტი, მიწის ნაკვეთებს შორის გასასვლელი და სხვა მსგავსი ტიპის სივრცეები, რომლებიც ხელმისაწვდომია ადამიანებისათვის. ამდენად, უდავოა, რომ დადგენილების მიზნებისათვის, წყლის ზედაპირი წარმოადგენს საზოგადოებრივ ტერიტორიას, შესაბამისად, ისევე, როგორც სხვა ტერიტორიებთან მიმართებაში, წყლის ზედაპირზე შენობა-ნაგებობების (მათ შორის, დროებითი შენობა-ნაგებობების) განთავსებასთან მიმართებაშიც მოქმედებს 24.03.2009წ. N57 დადგენილებით განსაზღვრული წესი და პროცედურა, ხოლო დადგენილი წესისა და პროცედურის დარღვევის შემთხვევაში, გათვალისწინებულია შესაბამისი პასუხისმგებლობა.

 

საქმის გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძელზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „რ-------------–-ს“ მიერ საზოგადოებრივ სივრცეში, წყლის სახელმწიფო ფონდის მიწად მიჩნეულ ტერიტორიაზე (წყალდაცვით ზონაში) განთავსებულია დროებითი შენობა-ნაგებობა, მითითებული სამშენებლო ობიექტი საზოგადოებრივ სივრცეში წარმოადგენს უნებართვო მშენებლობას, რის შესაბამისადაც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური უფლებამოსილი იყო დაეწყო სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება და ამ წარმოების ფარგლებში, მოსარჩელის მიმართ გამოვლინილ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით, გამოეცა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით, დადგენილების აღსრულების მიზნით (დემონტაჟის ნაწილში) გაეცა სააღრულებო ფურცელი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და არ არსებობს, ამ მიმართებით, სადავო აქტის ბათილად ცნობისა და მოსარჩელის არგუმენტების გაზიარების სამართლებრივი საფუძველი.

 

6.6. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 07 მაისის N1-- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც მოსარჩელეს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.

 

სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და შესაბამისად არ არსებობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 07 მაისის N1-- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, სასამართლო დამატებით ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდგომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება.

6.7. სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. გასაჩივრებული სადავო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისად არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა დ სარჩელის დაკამაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად - 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, შპს ,,რ-------------–-ს’" სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 მაისის განჩინებით შპს ,,რ-------------–-ს’’ წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, შეჩერდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 08 თებერვლის N0----- დადგენილების საფუძელზე დაწყებული სააღრულებო წარმოება სასამართლოს მიერ სადავო საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე. ასევე, დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის განჩინებით (საქმე N3---------) უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 მაისის განჩინება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის შეჩერების თაობაზე ძალას კარგავს: ა) მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას და ბ) სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულების შემთხვევაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, 22-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,რ-------------–-ს’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი