განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/5----18
(#0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 მარტი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე მაია კვირიკაშვილი
სხდომის მდივანი თამარ ონიანი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლუ-----------–--ე
სტაჟიორ-პროკურორები - და-------------ე, თი----------------ა
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ხა--------------------ი - დაბადებული 1----–-–--------–---, ს-------------------–---- მოქალაქე, პასპორტის №A--------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არ მქონე (დანაშაულის ჩადენის დროისთვის), რეგისტრაციის ადგილი: ს-------------------–--------–---------------------------------------; ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: ქ-------–----------------------;
ადვოკატი - ირ---–------ა
თარჯიმანი - მა---------–----ე
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი) - ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 25 ოქტომბერს, დაახლოებით 14:20 საათზე, ქ. თბილისში, ც----------------------------ში მდებარე სააქციო საზოგადოება ,,ფ------------“ სასურსათო მაღაზიაში, ხა--------------------ი ფარულად დაეუფლა ერთ ცალ ,,ჯ----------–---“ ფირმის ალკოჰოლურ სასმელს და ერთ ცალ საკვებ ზეთს ,,დ-------“, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. მისი ქმედების შედეგად, სს ,,ფ-----------’’ მიადგა 125,6 (ას ოცდახუთი ლარი და სამოცი თეთრი) ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი.
2018 წლის 25 ოქტომბერს, დაახლოებით 14:25 საათზე, ხა--------------------ი ქ. თბილისში, ც----------------------------ში მდებარე შპს ,,ო------------“ კუთვნილ სურსათის მაღაზიაში ფარულად დაეუფლა 89,95 (ოთხმოცდა ცხრა ლარი და ოთხმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარად ღირებულ ,,ჰ-------“ ფირმის 0,7 ლიტრი ტევადობის ალკოჰოლურ სასმელს და შპს ,,ფ------“ ფირმის 8,30 (რვა ლარი და ოცდაათი თეთრი) ლარად ღირებულ ერთ ცალ ქათმის ფილეს, რაც მართლსაწიააღმდეგოდ მიისაკუთრა. ხა--------------------ის ქმედების შედეგად შპს ,,ო----------“ მიადგა 98,25 (ოთხმოცდათვრამეტი ლარი და ოცდახუთი თეთრი) ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
ხა--------------------ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ შპს ,,ო------------’’ წარმომადგენლის გი----------–-–---–ის გამოკითხვის ოქმს, მოწმეების - გო-----------------ის, გუ--------------ის გო---------–---–ის გამოკითხვის ოქმებს, ასევე, სასამართლო სხდომაზე სს ,,ფ------------“ წარმომადგენლის ქ---- ზ--------- და მოწმე ივ--------------ის მიცემულ ჩვენებებს, ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებებს, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმს, გამოთხვილ ვიდეომასალას, ხა--------------------ის პირადი ჩხრეკის ოქმს, ხა--------------------ის გამოკითხვის ოქმებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ხა--------------------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ამ უფლების დამრღვევს - კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდებულ ხა--------------------ს.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით კრიმინალიზებულია ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულის - ქურდობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს. ქურდობა თავისი საკანონმდებლო კონსტრუქციით მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება. მისი სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს მავნე შედეგის დადგომას ქონებრივი ზიანის სახით.
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ ხა--------------------ის მიერ სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება გამოიხატა ერთ შემთხვევაში ქ. თბილისში, ც----------------------------ში მდებარე სააქციო საზოაგდოება ,,ფ------------“ სასურსათო მაღაზიაში, ერთ ცალ ,,ჯ----------–---“ ფირმის ალკოჰოლური სასმელის და ერთი ცალი საკვები ზეთი ,,დ-------“ ფარულად დაუფლებაში. ხოლო მეორე შემთხვევაში ქ. თბილისში, ც----------------------------ში მდებარე შპს ,,ო------------“ კუთვნილ სურსათის მაღაზიაში ,,ჰე-----“ ფირმის 0,7 ლიტრი ტევადობის ალკოჰოლური სასმელის და შპს ,,ფ------“ ფირმის ერთი ცალი ქათმის ფილეს ფარულად დაუფლებაში. ქმედებების ფარულად განხორციელება დადასტურდა საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით. ამასთან, ხა--------------------ი სუბიექტური შეგნებით დარწმუნებული იყო, რომ მისი ქმედებები არავისთვის იყო ხილვადი, არ ატარებდა აშკარა ხასიათს და სხვა პირებისთვის შეუმჩნეველი იყო. მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობა სამართლებრივად გულისხმობს მომენტს, როდესაც პირი არ არის კონკრეტული ნივთის მესაკუთრე, კანონიერი მფლობელი და მის მიერ ხდება სხვისი ქონების უკანონო დაუფლება. ამ შემთხვევაში ხა--------------------ის მიერ სხვისი მოძრავი ნივთების დაუფლება არამართლზომიერი და მართლსაწინააღმდეგო ხასიათისაა. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ხა--------------------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (სს ,,ფ------------“ ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (შპს ,,ო------------’’ ეპიზოდი) - ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რომლისთვისაც ხა--------------------ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4 პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ხა--------------------მა ითანამშრომლა გამოძიებასთან, აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. დამამძიმებელი გარემოება დანაშაულის ჩადენის დროისთვის არ გააჩნდა.
5. სასჯელის დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებული ფიზიკური პირების უფლების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ხა--------------------ის მიერ ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, ასევე, მხედველობაში იღებს მის დამოკიდებულებას ჩადენილი ქმედებების მიმართ, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში ბრალდებული ავლენს სინანულს ჩადენილი დანაშაულების გამო. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს, მოტივს/მიზანს, ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს (დაზარალებულს - მიადგა ქონებრივი ზიანი), ბრალდებულის პირად და ეკონომიკურ პირობებს, ხა--------------------ის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს, ასევე იმ გარემოებას, რომ არ არსებობს ხა--------------------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, ასევე მას ჰყავს მეუღლე და ერთი არასრულწლოვანი შვილი. სწორედ ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ხა--------------------ს ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებიდან გამომდინარე, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის - სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.
ამდენად, განაჩენში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ხა--------------------ს ჯარიმა განუსაზღვროს, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).
ამასთან, სასჯელის ზომის დანიშვნისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ ხა--------------------ი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5----------- განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1 200 (ათას ორასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დაკავებაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქდა და საბოლოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ განსახილველ შემთხვევაში ბრალად შერაცხული ქმედებები ხა--------------------ს ჩადენილი აქვს მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5----------- განაჩენის გამოტანამდე. შესაბამისად, სასამართლო აღნიშნული განაჩენით ხა--------------------ის ნასამართლობას ვერ მიიჩნევს რეციდივად.
ამასთან, ხა--------------------ის საბოლოო სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილებით. კერძოდ, ამ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმადაც, ამ მუხლის მე-2 ან მე‑3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.
ამდენად, ხა--------------------ს საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების შესაბამისად, კერძოდ ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი უნდა შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5----------- განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებები:
· ხა--------------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ალკოჰოლური სასმელი ,,ჰ-----’’ და ქათმის ფილე- დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
· სამი ცალი დისკი - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ხა--------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (სს ,,ფ------------“ ეპიზოდი) ჯარიმა 3 300 (სამი ათას სამასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (შპს ,,ო------------’’ ეპიზოდი) ჯარიმა 3 300 (სამი ათას სამასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (შპს ,,ო------------’’ ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (სს ,,ფ------------“ ეპიზოდი) დანიშნული თანაბარი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ხა--------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 300 (სამი ათას სამასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2019 წლის 10 თებერვლიდან - 2019 წლის 27 მარტის ჩათვლით, ხა--------------------ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5----------- განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ხა--------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.
ხა--------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყონებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ნივთიერი მტკიცებულება:
· ხა--------------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ალკოჰოლური სასმელი ,,ჰ-----’’ და ქათმის ფილე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
· სამი ცალი დისკი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე მაია კვირიკაშვილი