გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/4108-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე
სხდომის მდივანი ციალა გახელაძე
მოსარჩელე - სს „სა---–--------------ა“
წარმომადგენელი - გი--------------–-–---–ი
მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
წარმომადგენელი - ალ-----------------ა
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენლები - გუ-----------ე, ირ---–--------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, დარიცხული საურავების ხელახლა გადათვლა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2017 წლის 6 იანვრის №--------- წერილი.
1.2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 29 მარტის №---- ბრძანება.
1.3. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება.
1.4. დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს დარიცხული საურავების ხელახლა გადათვლა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
2.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სს „სა---–--------------ამ“ 2016 წლის 30 დეკემბერს განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს.
განცხადების თანახმად, სს „სა---–--------------ის“ პირადი აღრიცხვის ბარათზე დავალიანებად რიცხული თანხები არასწორად, ზედმეტი ოდენობით არის ასახული, რის მიზეზსაც წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა. განცხადებით მოთხოვნილ იქნა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, რომლის საფუძველზეც უნდა განხორციელდეს საურავების გადაანგარიშება და დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) 2009 წლის იმ თარიღიდან, რომელ თარიღამდეცაა განხორციელებული შესაბამისი კორექტირება.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 6 იანვრის №--------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახურის კომპიუტერული ბაზის და სს „სა---–--------------ას“ პირადი აღრიცხვის ბარათების მონაცემებით დარიცხული საურავის შემცირება განხორციელდა 2009 და 2011 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 19 ივნისის განაჩინების საფუძველზე. ამასთან, გადახდილი თანხებით პერიოდულად ნაწილობრივ დაფარულია საურავის არდარიცხვის რეჟიმში გადაყვანილი დავალიანების ნაწილი. აღნიშნულ საკითხზე შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 8 იანვარს გამოცემულია №--- ბრძანება, რომლითაც სს „სა---–--------------ას“ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მომსახურების დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის გპაბ-ზე დარიცხული/შემცირებული საურავების თანხების გაშიფვრა და ბარათებიდან დეტალური ამონაწერის გაცემა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მოწოდებულ იქნა შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2014 წლის 24 იანვრის №---------- წერილით. დამატებით გადასახადის გადამხდელს ეცნობა, რომ უცხოურ ვალუტით განხორციელებული ოპერაცია, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას, გადაიანგარიშება ლარებში ოპერაციის დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით. შესაბამისად, სს „სა---–--------------ას“ საურავის შემცირებაზე ეთქვა უარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს „სა---–--------------ის“ 2016 წლის 30 დეკემბრის განცხადება (ს.ფ.14-15);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 6 იანვრის №--------- გადაწყვეტილება (ს.ფ.16-17);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 8 იანვარს გამოცემულია №--- ბრძანება (ს.ფ.236-237).
3.2. სს „სა---–--------------ამ“ 2017 წლის 9 თებერვალს საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 6 იანვრის №--------- გადაწყვეტილების გაუქმება და მომსახურების დეპარტამენტისათვის სს „სა---–--------------ის“ 2016 წლის 30 დეკემბრის განცხადების განხილვა და საურავების გადათვლის დავალება.
საჩივრის თანახმად, საურავების გადაანგარიშებას არ აქვს კავშირი უცხოურ ვალუტით განხორციელებულ ოპერაციასთან და დაბეგვრასთან, რადგან საურავის შემცირების საფუძელია 75327.72 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის ფარგლებში სახელმწიფოს დავალიანების არსებობა სს „სა---–--------------ის“ წინაშე, რაზეც არსებობს სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება, შესაბამისად, კურსის ცვლილების პარალელურად უნდა შეიცვალოს ლარში იმ თახის ოდენობაც, რომლის დავალიანების არსებობის შემთხვევაში არ უნდა მოხდეს სს „სა---–--------------ისათვის“ საურავის დარიცხვა. საჩივრის მიხედვით, ასევე, არასწორად არის განხორციელებული 2011 წელს საურავის გადაანგარიშება, არასწორი გადაანგარიშების პრინციპი არის გამოყენებული, კერძოდ, გადამხდელის ბარათზე დავალიანების თანხა (ერთ, საწყის პერიოდში) ძირითადი გრაფიდან გადატანილ იქნა დავალიანების იმ გრაფაში, რომელსაც არ ერიცხება საურავი და პროგრამულად ავტომატურად იქნა გადათვლილი საურავების თანხა. აღნიშნული მეთოდის გამოყენებისას გამორჩენილია ის გარემოება, რომ გადამხდელის მიერ დავალიანების დაფარვისას დაიფარა დავალიანება, რომელსაც არ ერიცხება საურავი, ხოლო ხელახალა წარმოიქმნა დავალიანება ძირითად ნაწილში, რომელიც აღემატებოდა 75327.72 აშშ დოლარის შესაბამის ეკვივალენტ ლარს, მაგრამ ისევ დაერიცხა საურავი. საჩივრის თანახმად, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სს „სა---–--------------ას“ ასევე უსაფუძლოდ და დაუსაბუთებლად ეთქვა უარი როგორც 2011 წელს განხორციელებული საურავების გადაანგარიშების გადახედვა-შესწორებაზე, ისე მის შემდგომ პერიოდში დარიცხული საურავების გადაანგარიშებაზე.
სსიპ შემოსავლების სამსხურის 2017 წლის 29 მარტის №---- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ბრძანების თანახმად, სს „სა---–--------------ას“ 2017 წლის 22 თებერვლის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება სულ 578652.45 ლარი, მათ შორის, ძრითადი თანხა 336195.11 ლარი, საიდანაც 8207.24 ლარს არ ერიცხება საურავი; ჯარიმა 11397.83 ლარი და საურვი 231059.51 ლარი. შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან კანონიერ ძალაში შესული ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება აღსრულებულია, ასევე, გგპაბ-ზე საურავის არდარიცხვის რეჟიმში გადაყვანიალია სახელმწიფოს მიერ საშინაო ვალად აღიარებული დავალიანება, საჩივარი უსაფუძლო და დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს „სა---–--------------ას“ 2017 წლის 9 თებერვლის საჩივარი (ს.ფ.18-19);
- სსიპ შემოსავლების სამსხურის 2017 წლის 29 მარტის №---- ბრძანება (ს.ფ.20-21).
3.3. სს „სა---–--------------ამ“ 2017 წლის 18 აპრილს საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 6 იანვრის №--------- გადაწყვეტილება, სსიპ შემოსავლების სამსხურის 2017 წლის 29 მარტის №---- ბრძანება და სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს დაევალოს 2016 წლის 30 დეკემბრის განცხადების განხილვა დ საურავის გადათვლა.
საჩივრის თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახურს არ გამოუკვლია, თუ როგორ იყო შესრულებული სასამართლოს გადაწყვტილება, რომლის საფუძველზეც საურავი არ უნდა დაერიცხოს გადასახადის გადამხდელს, ამასთან არასწორად იქნა გამოყენებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლი უცხოურ ვალუტით განხორციელებული ოპერაციების შესახებ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილების თანახმად, გადამხდელის მიერ განხორციელებულია გადახდები, რომლითაც მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით განხორციელდა აღიარებული გადასახადის თანხის დაფარვა და შესაბამისად, შემცირებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით აღიარებულად ცნობილი საგადასახადო დავალიანების თანხა. შესაბამისად, საურავი სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით არ ერიცხება გადაწყვეტილებაში მითითებულ ოდენობასა და გადამხდელის მიერ გადახდილ თანხებს შორის არსებულ სხვაობის თანხაზე. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება დარიცხული საურავის გადაანგარიშების მოთხვნაზე უარის შესახებ მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს „სა---–--------------ის“ 2017 წლის 18 აპრილის საჩივარი (ს.ფ.22-25);
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება (ს.ფ.26-32).
3.4. სს „სა---–--------------ის“ ბლოკირებულ სავალუტო ანგარიშზე ირიცხება 75327.72 აშშ დოლარი, ყოფილი სსრკ საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ბანკის ქ.თბილისის განყოფილების ბალანსზე. „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 5 მარტის კანონის შესაბამისად (მუხლის 48, პუნქტი „ბ“), აღნიშნული თანხები აღიარებულია სახელმწიფოს შიდა სავალო ვალდებულებად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გაერთიანებული ქართული ბანკის 2004 წლის 25 თებერვლის წერილი (ს.ფ.33).
3.5. „გადაწყვეტილების განმარტების შესახებ“ ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის პირველი დეკემბრის განჩინების თანახმად, ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს მიერ 1999 წლის 24 ნოემბერს №--------- სამოქალაქო საქმეზე ისნის რაიონის საგადასახადო ინსპექციის სარჩელის გამო სს „საქელექტრომანაქანის“ მიმართ გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება - ისნის რაიონის საგადასახადო ინსპექციის სასარგებლოდ სს „სა---–--------------ას“ დაეკისრა 85489.41 ლარის ანაზღაურება. თავდაპირველად სასარჩელო მოთხოვნას შეადგენდა ძირითადი თანხა 85489.41 ლარი და მასზე დარიცხული საურავი 42269.21 ლარი. საქმის განხილვისას გაირკვა, რომ მოპასუხეს დავალიანების წარმოშობის მომენტისათვის გაერთიანებულ ქართულ ბანკში სავალუტო ანგარიშზე ერიცხებოდა და დღესაც ერიცხება 75327 აშშ დოლარი - დავალიანების ოდენობაზე მეტი, თუმცა მითითებული თანხის განკარგვის საშუალება დღემდე არ მიცემია, ვინაიდან ანგარიში ბლოკირებულია და მასზე არსებული თანხა აღებულია სახელმწიფოს შიდა ვალში. აღნიშნული განჩინებით სასამართლომ დაადგინა, რომ ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით (№--------- საქმეზე) მოპასუხე სს „სა---–--------------ას“ მოსარჩელე ისნის რაიონის საგადასახადო ისნპექციის მიმართ არსებულ ძირითად დავალიანებაზე საურავის გადახდა არ დაეკისრა იმ საფუძვლით, რომ მოპასუხემ დავალიანების დროულად გადახდა ვერ შეძლო სახელმწიფოს მიერ მის ანგარიშზე არსებული შედარებით მეტი თანხის შიდა ვალში აღების გამო.
ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, რომლის 2008 წლის 28 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 თებერვლის განჩინება უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესის სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ივნისის განჩინებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ.34-36);
- „გადაწყვეტილების განმარტების შესახებ“ ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის პირველი დეკემბრის განჩინება (ს.ფ.37-39);
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 თებერვლის განჩინება (ს.ფ.40-42);
- საქართველოს უზენაესის სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ივნისის განჩინება (ს.ფ.43-45).
3.6. შემოსავლების სამსახურის ქ.თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) 2009 წლის 10 თებერვლის წერილის თანახმად, სს „სა---–--------------ის“ საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 7 ნოემბრის №---- ბრძანების შესაბამისად, პროგრამულად განხორციელდა პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული დავალიანების აღნიშნულ ნაწილზე 2003 წლის პირველი იანვრიდან 2009 წლის 10 თებრვლამდე დარიცხული საურავის შემცირება გადასახადების სახეების მიხედვით თანხით სულ 171419.78 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შემოსავლების სამსახურის ქ.თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) 2009 წლის 10 თებერვლის წერილი (ს.ფ.46);
- შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 7 ნოემბრის №---- ბრძანება (ს.ფ.245-246).
3.7. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 10 ივლისის №----------- წერილის თანახმად, საგადასახადო მონაცემთა ბაზისა და პირადი აღრიცხვის ბარათების მიხედვით სს „სა---–--------------ის“ პ/ბარათზე 2009 წლის იანვარში განხორციელებული საურავების კორექტირების შემდგომ 2011 წლის სექტემბერში, ასევე, განხორციელებულია გადასახადების მიხედვით დარიცხული საურავების შემცირება სახელმწიფოს მიერ საშინაო ვალად აღიარებული დავალიანება 75327 აშშ დოლარის შესაბამის საგადასახადო დავალიანებაზე სულ 39900 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 10 ივლისის №----------- წერილი (ს.ფ.47).
3.8. სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2017 წლის 26 აპრილის №----------- სამსახურებირივი ბარათის თანახმად, სს სა---–--------------ის პირადი აღრიცხვის ბარათების შესწავლით დგინდება, რომ სახელმწიფოს მიერ საშინაო ვალად აღიარებული დავალიანების 75327 აშშ დოლარის შესაბამის საგადასახადო დავალიანებაზე განხორციელებულია საურავის შემცირება:
1) 10.03.2003 წელს (სავადო თარიღები: 01.01.2003წ. და 01.02.2003წ.) თანხით - 142053.57 ლარი. საფუძველი 06.03.2003 წლის დასკვნა N---- საარქივო სამმართველოში არ მოიძებნა (ს/ბ 20530-21-02);
2) 2009 წლის 6 იანვარს განხორციელდა საურავის შემცირება პროგრამულად, დავალიანების თანხით 128251,85 ლარის, საურავის არ დარიცხვის რეჟიმში გადაყვანის შედეგად თანხით სულ 165182,27 ლარი (სავადო თარიღი: 01.01.2003 წელი); საფუძველი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 19 ივნისის განჩინება.
3) 2011 წლის 7 სექტემბერს ასევე განხორციელებულია გადასახადების მიხედვით დარიცხული საურავების შემცირება სულ 39900 ლარის ოდენობით. საფუძველი: შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 16 აგვისტოს №---- ბრძანება.
4) სოციალური გადასახადის პ/ბარათზე 2011 წლის 7 სექტემბერს შემცირებულია ძირითადი დავალიანება თანხით 4567.20 ლარი (სავადო თარიღი: 2004 წლის პირველი იანვარი), შესაბამისად, შემცირებულია მასზე დარიცხული საურავი. საფუძველი: შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 16 აგვისტოს №---- ბრძანება.
სამსახურებრივი ბარათის თანახმად, სს „სა---–--------------ა“ (ს/ნ 2--------) დღემდე აწარმოებს ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას და დეკლარირებას, გადახდილი თანხებით პერიოდულად ნაწილობრივ დაფარულია საურავის არდარიცხვის რეჟიმში გადაყვანილი დავალიანების ნაწილი. 24.04.2017 წლის მდგომარეობით, საურავის არდარიცხვის რეჟიმში დარჩენილია ძირითადი დავალიანება 8207.24 ლარი, რასაც არ ერიცხება საურავი.
სამსახურებირვი ბარათის მიხედვით, სს „სა---–--------------ას“ 24.04.2017 წლის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება სულ 600028.50 ლარი, მათ შორის, ძირითადი თანხა 347367.11 ლარი, საიდანაც 8207.24 ლარს არ ერიცხება საურავი; ჯარიმა 11397.83 ლარი და საურავი 241263.56 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2017 წლის 26 აპრილის №----------- სამსახურებირივი ბარათი (ს.ფ.335-336);
- შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 16 აგვისტოს №---- ბრძანება (ს.ფ.238-240).
3.9. 2017 წლის 18 დეკემბერს სს „სა---–--------------ის“ წარმომადგენელმა დარიცხული საურავის გადაანგარიშებასთან დაკავშირებით ფინანსური და ბუღალტრული ექსპერტიზის ჩატარების მოთხვნით მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 30 იანვრის №---------- წერილის თანახმად, ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხების ნაწილი არის საცნობარო ხასიათის, ნაწილი ეხება საურავების გაანგარიშების პრინციპებს, ხოლო ნაწილი კითხვებისა მოიცავს სავარაუდო არითმეტიკული გაანგარიშებების განხორციელებას დათქმული დაშვებების გათვალისწინებით. აღნიშნულთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საცნობარო საკითხების გასარკვევად და არითმეტიკული გაანგარიშებისათვის ექსპერტიზა არ ტარდება. ასევე, საურავის გაანგარიშების პრინციპის, მათი ოდენობის და აუცილებლობის საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს საგადასახადო ორგანოს პრეროგატივას, ვინაიდან მას აქვს სრულყოფილი ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის შესახებ. ამასთან ერთად გაცნობებთ, რომ სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტა არ შედის ბიუროს ექსპერტების კომპეტენციაში. ამდენად, დანიშნული ექსპერტიზა ამ ეტაპზე დაბრუნდა შეუსრულებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დოკუმენტის რეგისტრაციის ბარათი (ს.ფ.350);
- საექსპერტო მომსახურების შესახებ №---------- ხელშეკრულება (ს.ფ.351-353);
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 30 იანვრის №---------- წერილი (ს.ფ.361).
3.10. შპს „თი----------------------------ის“ 2018 წლის 5 სექტემბრის დასკვნის თანახმად, მოპოვებული იქნა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ შპს სა---–--------------აზე 75327.72 (სამოცდათხუთმეტიათასსამასოცდაშვიდი მთელი და 72 მეასედი) აშშ დოლარით (შესაბამისი ოფიციალური კურსით) ნაკლებ დავალიანებაზე საურავის არ დარიცხვის წინაპირობით, 2009 წლის პირველი იანვრიდან 2016 წლის პირველ იანვრამდე პერიოდზე შესამცირებელი საურავი შეადგენს 111780.69 (ასთერთმეტიათასშვიდასოთხმოცი მთელი და 69 მეასედი) ლარს, ხოლო 2016 წლის პირველი იანვრიდან 2018 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდზე, 88726.62 (ოთხმოცდარვაათასშვიდასოცდაექვსი მთელი და 62 მეასედი) ლარს. მთლიანად 2009 წლის პირველი იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდზე შესამცირებელი საურავი შეადგენს 200507.31 (ორასიათასხუთასშვიდი მთელი და 31 მეასედი) ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს „თი----------------------------ის“ 2018 წლის 5 სექტმებრის დასკვნა (ს.ფ.380-392).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი, 43-ე, 49-ე, 73-ე, 253-ე, 270-ე და 272-ე მუხლები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლები, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანება.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2017 წლის 6 იანვრის №--------- წერილი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 29 მარტის №---- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. მოსარჩელე, ასევე, ითხოვს დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს დარიცხული საურავების ხელახლა გადათვლა.
6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია - შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ - გამოიყენონ სანქცია იმ გადასახადის გადამხდელის მიმართ, რომელმაც დაარღვია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
საქართველოს საგადასახო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
მითითებული კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 24 აპრილის მდგომარეობით მოსარჩელის საგადასახადო დავალიანებას გგპაბ-ზე წარმოადგენდა სულ 600028.50 ლარი, მათ შორის, ძირითადი თანხა 347367.11 ლარი, საიდანაც 8207.24 ლარს არ ერიცხება საურავი; ჯარიმა 11,397.83 ლარი და საურავი 241263.56 ლარი.
გადასახადის გადამხდელი სადავოდ ხდის საურავის თანხის ოდენობას იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს მის მიმართ გააჩნია ფულადი დავალიანება 75327.72 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, სს „სა---–--------------ის“ ბლოკირებულ სავალუტო ანგარიშზე რიცხული 75327.72 აშშ დოლარი აღიარებულია სახელმწიფოს შიდა სავალო ვალდებულებად. ამასთან, ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის პირველი დეკემბრის განჩინებაში, რომლითაც განიმარტა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება (რომელიც შესულია კანონიერ ძალაში საქართველოს უზენაესის სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ივნისის განჩინებით), აღნიშნულია, რომ სს „სა---–--------------ას“ საგადასახადო ორგანოს მიმართ გააჩნდა საგადასახადო დავალიანება - ძირითადი თანხა 85489.41 ლარი და საურავი 42269.21 ლარი, მაგრამ ვინაიდან სს „სა---–--------------ას“ გაერთიანებულ ქართულ ბანკში სავალუტო ანგარიშზე ერიცხებოდა 75327 აშშ დოლარი - დავალიანების ოდენობაზე მეტი, რომელიც ბლოკირებულია, შესაბამისად ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო დავალიანება ვერ გადაიხადა სწორედ სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების გამო და შესაბამისად, მას არ უნდა დაეკისროს ძირითად თანხაზე დარიცხული საურავის გადახდა.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სახელმწიფოს მიერ საშინაო ვალად აღიარებული დავალიანების 75327 აშშ დოლარის შესაბამის საგადასახადო დავალიანებაზე განხორციელებულია საურავის შემცირება, კერძოდ - 10.03.2003 წელს (სავადო თარიღები: 01.01.2003 წლის და 01.02.2003 წლის) შემცირებულია საურავი 142053.57 ლარით. 2009 წლის 6 იანვარს განხორციელდა საურავის შემცირება პროგრამულად, დავალიანების თანხით 128251,85 ლარის, საურავის არ დარიცხვის რეჟიმში გადაყვანის შედეგად თანხით სულ 165182,27 ლარი (სავადო თარიღი: 01.01.2003 წელი), 2011 წლის 7 სექტემბერს ასევე განხორციელებულია გადასახადების მიხედვით დარიცხული საურავების შემცირება სულ 39900 ლარის ოდენობით. სოციალური გადასახადის პ/ბარათზე 2011 წლის 7 სექტემბერს შემცირებულია ძირითადი დავალიანება თანხით 4567.20 ლარი (სავადო თარიღი1: 2004 წლის პირველი იანვარი), შესაბამისად, შემცირებულია მასზე დარიცხული საურავი.
სს „სა---–--------------ამ“ 2016 წლის 30 დეკემბრის განცხადებით მოითხვა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, რომლის საფუძველზეც უნდა განხორციელდეს საურავების გადაანგარიშება და დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) 2009 წლის იმ თარიღიდან, რომელ თარიღამდეცაა განხორციელებული შესაბამისი კორექტირება. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 6 იანვრის №--------- გადაწყვეტილებით კი, გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა საურავის გადაანგარიშებაზე.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა არგუმენტაციას, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილი და მოსარჩელის მიმართ საურავის დაკისრება უნდა მოხდეს იმ თანხების ფარგლებში, რაც აღემატება 75327 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს, აღნიშნული თანხის შიდა ვალად აღიარების მომენტისათვის არსებული კურსით.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილზე, რომლის თანახმად, უცხოური ვალუტით განხორციელებული ოპერაცია, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას, ასევე საბაჟო ღირებულების და იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობის განსაზღვრისას უცხოური ვალუტა გადაიანგარიშება ლარებში: ა) ოპერაციის დღისათვის/საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ბ) კურსით, რომელიც განისაზღვრება ლარის მიმართ უცხოური ვალუტის გამოქვეყნებული კურსით, მათ შორის, სხვა სახელმწიფოებში გამოქვეყნებული კურსით იმ ვალუტის მიმართ, რომელზედაც არსებობს ლარის გაცვლის ოფიციალური კურსი, თუ ოპერაციის დღისათვის/საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის არ არსებობს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსი.
სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული დანაწესით რეგულირდება საგადასახადო ვალდებულების დადგენის ის შემთხვევა, როდესაც ოპერაცია განხორციელებულია უცხოური ვალუტით. სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს სს „ს----–--------------ს“ მიერ ისეთი დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებას, რომელიც დაბეგვრის მიზნებისათვის უნდა დაანგარიშდეს ოპერაციის განხორციელების დღისათვის მოქმედი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით.
სასამართლოს მოსაზრებით, სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს სს „სა---–--------------ის“ საგადასახადო დავალიანებასა და სახელმწიფოს მიერ სს „სა---–--------------ის“ სასარგებლოდ შიდა ვალად აღიარებულ 75327.72 აშშ დოლარის ურთიერთმიმართებას. განსახილველ შემთხვევაში სს „სა---–--------------ა“ და სახელმწიფო წარმოადგენენ როგორც კრედიტორებს ერთმანეთის მიმართ, ასევე მოვალეებსაც. ერთი მხრივ, სს „სა---–--------------ას“ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე გააჩნია საგადასახადო დავალიანება, თუმცა იგი, ასევე, არის კრედიტორი, რომლის წინაშეც სახელმწიფოს აქვს ფულადი ვალდებულება აღებული.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოში ერთადერთი საგადამხდელო საშუალებაა ეროვნული ვალუტა - ლარი. საზღვარგარეთის ქვეყნების ფულადი ნიშნები (დოლარი, ევრო, ფრანკი და ა. შ.) არ ასრულებს საქართველოში მიმოქცევის საყოველთაო საშუალების ფუნქციას და არ წარმოადგენს საგადამხდელო საშუალებას, თუმცა კი, როგორც საჯარო, ისე კერძო სამართალი მხარეებს შესაძლებლობას აძლევს, ფულადი ვალდებულება დაადგინოს უცხოურ ვალუტაშიც. ასეთ შემთხვევაში, უცხოური ვალუტა იქნება ვალის ვალუტა, ხოლო ლარი კი იქნება გადახდის ვალუტა.
ზემოაღნიშნულ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო იზიარებს მოსარჩელის წარმოამდგენლის არგუმენტაციას და მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანო ვალდებული იყო სს „სა---–--------------ისათვის“ საურავის გადაანგარიშებისას გაეთვალისწინებინა საწარმოს წინაშე სახელმწიფოს მიერ უცხოურ ვალუტაში აღებული ფულადი ვალდებულების გაცვლითი კურსის შესაბამისობა ეროვნულ ვალუტასთან იმ დღეების მონაცემებით, რომელ დღეებზეც ხდებოდა საურავის გამოანგარიშება.
სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 253-ე მუხლზე, რომლის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანება დაიფარება შემდეგი თანამიმდევრობით: ა) გადასახადის თანხა; ბ) ჯარიმა; გ) საურავი. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული თანამიმდევრობის გათვალისწინებით აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ბრძანებით.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 222 მუხლის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვა ხორციელდება შემდეგი თანამიმდევრობით: ა) გადასახადის თანხა; ბ) ჯარიმა; გ) საურავი. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული თანმიმდევრობის მიხედვით აღიარებული საგადასახადო დავალიანება იფარება საგადასახადო დავალიანების წარმოშობის თარიღის რიგითობის გათვალისწინებით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, სასამართლო აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოს საურავის გამოანგარიშებისას მხედველობაში უნდა მიეღო, ასევე, მოსარჩელის მიერ დავალიანების თანხების პერიოდული დაფარვა და შემდგომ ისევ წარმოქმნის ფაქტი.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინება საქმეზე №ბს-246-243(კ-14)).
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-463-451(კ-13), სადაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტების გამოცემისას მოპასუხეთა მიერ დარღვეული იქნა აღნიშნული ნორმები. არც საგდასახადო ორგანოს და არც დავების განმხილველი ორგანოებს არ გამოუყენებიათ კანონით მათთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად დაედგინათ და შეესწავლათ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რადგან მხოლოდ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულად შესწავლისა და დადგენის შემდეგ არის შესაძლებელი კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად კი, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნას ცნობილი ზემოაღნიშნული აქტები და მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ მოსარჩელის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 100 (ასი) ლარი, რომლის გადახდა სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, მე-13, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სს „სა---–--------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2017 წლის 6 იანვრის №--------- წერილი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 29 მარტის №---- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება.
3. სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ მოსარჩელის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.
4. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
5. სსიპ შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, №6) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე