გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.04.2019
საქმის ნომერი
330210019002853537
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
12.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/2959-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ლაკერბაია

სხდომის მდივანი ირმა იმნაძე

მოსარჩელე - ნ-----–---- ნ-----–----ი

წარმომადგენელი - მ------ ვ-–----ე

მოპასუხე - სს ,,თ--–--ი’’

წარმომადგენელი - თინათინ ფრუიძე

დავის საგანი - გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. სს ,,თ--–--ი’’-ს მოსარჩელე ნ-----–---- ნ-----–----ის სასარგებლოდ დაეკისროს გამოუყენებელი შვებულების თანხის - 4 116.16 ლარის ანაზღაურება;

1.2. სს ,,თ--–--ი’’-ს მოსარჩელე ნ-----–---- ნ-----–----ის სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 02 აპრილიდან 2019 წლის 15 თებერვლამდე ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის პირგასამტეხლოს 0.07%-ის, ჯამში 4 077 ლარის გადახდა.

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

მოსარჩელე ნ-----–---- ნ-----–----ი 1975 წლიდან მუშაობდა სს ,,თ--–--ი’’-ში. მოსარჩელე 2015 წლის 23 თებერვლის ბრძანების Nკ---- საფუძველზე 2015 წლის 24 მარტიდან განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. აღნიშნული ბრძანების შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელისთვის უნდა გადაეხადა ანაზღაურებადი შვებულება 56 სამუშაო დღის ოდენობით, რაც შეადგენს 4 116.19 ლარს. მოპასუხის მიერ აღნიშნული თანხის გადახდა დღემდე არ მომხდარა.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია სარჩელთან მიმართებით.

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით სარჩელი არ ცნო და განმარტა რომ სარჩელი უსაფუძვლოა. მოპასუხის განმარტებით, საბოლოო ანგარიშსწორების თანხით - 4 116.19 ლარით განხორციელდა დანაკლისის ნაწილობრივ დაფარვა, რომლის სრული უფლებაც ჰქონდა სს ,,თ--–--ი’’-ს მხარეთა შორის გაფორმებული სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ შეთანხმებისა და მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. მოპასუხის განმარტებით, 2016 წლის 25 აპრილს, მოსარჩელეს გაეგზავნა წერილი და ეცნობა, რომ 2016 წლის 06 მაისს 09:30 საათზე ჩატარდებოდა მასზე რიცხული ძირითადი და სასაქონლო-მატერიალური საშუალებების ინვენტარიზაცია ფაქტიური ნაშთების დადგენის, შედეგების გამოყვანის მიზნით და ის უნდა დასწრებოდა აღნიშნულ პროცესს, თუმცა ის არ დაესწრო ინვენტარიზაციის პროცესს. ინვენტარიზაცია განხორციელდა N2-- ბრძანების საფუძველზე და აუდიტორული კომპანია შპს ,,ქ--------–-----–-----–-----------ის’’ მიერ 2016 წლის 18 მაისს მომზადებული დასკვნის საფუძველზე განისაზღვრა მატერილური აქტივების დანაკლისი 10 390 ლარის ღირებულებით. მოსარჩელის სამსახურიდან წასვლისას საბოლოო ანგარიშსწორების თანხით - 4 116.19 ლარით, განხორციელდა დანაკლისის ნაწილობრივ დაფარვა, რის შემდეგაც მოსარჩელის დარჩენილმა დავალიანებამ შეადგინა 6 273.81 ლარი, რის შესახებაც მოსარჩელეს ეცნობა 2016 წლის 07 ივნისის წერილით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 ნოემბერს გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს სს ,,თ--–--ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისრა დარჩენილი დავალიანების - 6 273.81 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ის უცვლელად დატოვა ძალაში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სს ,,თ--–--ი’’-ს მოთხოვნა სამართლიანი იყო და ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება თავისთავად

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2003 წლის 01 ნოემბერს ნ-----–---- ნ-----–----ს და სს ,,თ--–--ი’’-ს შორის დაიდო შეთანხმება სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ იკისრა სრული მატერიალური პასუხიმგებლობა მისთვის დასაქმებულის მიერ ჩაბარებული ქონე ის დანაკლისზე და ამასთან დაკავშირებით აიღო ვალდებულება ა) გაუფრთხილდეს მისთვის მისი ფუნქციების (მოვალეობების) შესასრულებლად დამსაქმებლის მიერ გადაცემულ ქონებას და მიიღოს ზომები დაზიანების თავიდან ასაცილებლად; ბ) დროულად აცნობოს დამსაქმებელს ან თავის უშუალო ხელმძღვანელს ყველა ის გარემოება, რომელიც საფრთხე უქმნის მისთვის ჩაბარებული ქონების დაცვის უზრუნველყოფას; გ) აწარმოოს აღრიცხვა, შეადგინოს და დადგენილი წესის შესაბამისად წარადგინოს სასაქონლო-ფულადი და სხვა ანგარიშები მისთვის ჩაბარებული ქონების მოძრაობისა და დარჩენილი ნაწილის შესახებ; დ) მონაწილეობა მიიღოს მისთვის ჩაბარებული ქონების ინვენტარიზაციაში, რევიზიაში და ამ ქონების მოცულობისა და მდგომარეობის სხვაგვარ შემოწმებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შეთანხმება (ს.ფ.52);

- ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. ნ-----–---- ნ-----–----ს, როგორც დასაქმებულს და სს ,,თ--–--ი’’-ს , როგორც დამსაქმებელს შორის, 2013 წლის 02 დეკემბერს დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელე ნ-----–---- ნ-----–----ი დასაქმებული იყო სს ,,თ--–--ი’’-ში ტექნიკური და საინვესტიციო საქმიანობის სამმართველოს გ-----–--–----–------–ის სამსახურის მ-----–-------------–-ს განყოფილების 6-10 კვ ქ------------ს ჯგუფის ,,სა------ო’’-ს ქ------------ს სექტორის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ.17-24);

- ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. სს ,,თ--–--ი’’-ს გენერალური დირექტორის 2015 წლის 23 მარტის ბრძანების Nკ---- საფუძველზე, მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე 2015 წლის 24 მარტიდან.

 

ამავე ბრძანების საფუძველზე განისაზღვრა, რომ მოსარჩელეს უნდა ანაზღაურებოდა გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულება 56 სამუშაო დღის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბრძანება (ს.ფ.25);

- ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. სს ,,თ--–--ი’’-ს 2016 წლის 25 აპრილის მიმართვის თანახმად, მოსარჩელეს ეცნობა, რომ 2016 წლის 06 მაისს 09:30 საათიდან განხორციელდებოდა მასზე რიცხული ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ამავე მიმართვის თანახმად, მოსარჩელეს ეცნობა, რომ ფაქტიური ნაშთების დადგენისა და შედეგების გამოყვანის მიზნით ინვენტარიზაციის ჩატარებისას აუცილებელი იყო მისი დასწრება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიმართვა (ს.ფ.53);

- ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. 2016 წლის 07 ივნისის მიმართვის თანახმად, მოსარჩელეს ეცნობა მოპასუხისგან, რომ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად შემფასებლის მიერ შედგენილი დამოუკიდებელი დასკვნის საფუძველზე გამოვლენილი დანაკლისი შეადგენდა 10 390 ლარს. აღნიშნული მიმართვის თანახმად, მოსარჩელეს ასევე ეცნობა, რომ გამოვლენილი დანაკლისის გამო სს ,,თ--–--ი’’ არ განახორციელდება საბოლოო ანგარიშსწორების თანხის - 4 116.9 ლარის გადარიცხვას მოსარჩელისთვის და აღნიშნულიდან დაიფარებოდა დანაკლისი თანხის ნაწილი. რის შემდეგადაც მოსარჩელის მიერ დასაფარი თანხა განისაზღვრებოდა 6 273.81 ლარით.

 

მოსარჩელეს განესაზღვრა 15 დღიანი ვადა აღნიშნული დარჩენილი დანაკლისის დავალიანების თანხის გადახდისთვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიმართვა (ს.ფ.58);

- დასკვნები (ს.ფ.55-57);

- ახსნა-განმარტება.

 

3.1.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 06 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სს ,,თ--–--ი’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხე ნ-----–---- ნ-----–----ს სს ,,თ--–--ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისრა 2003 წლის 01 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის - 6 273.81 ლარის ანაზღაურება (დღგ-ს ჩათვლით).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ს.ფ.55-63);

- ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავო არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა ნ-----–---- ნ-----–----ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე, 38-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).

 

განსახილველ შემთხვევაში უდავო ფაქტობრივ გარემოებებს წარმოადგენს მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულების არსებობის ფაქტი და ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე შესაბამისი ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების თაობაზე ბრძანების კანონიერება მოსარჩელის მიერ შედავებული არ არის. წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა ემყარება მოპასუხის მიერ გათავისუფლების ბრძანებითვე დადგენილი საშვებულებო თანხის - 4 116.16 ლარის ანაზღაურებას.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილია, რომ ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა’’, „ვ’’–„თ’’ და „ო’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 06 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სს ,,თ--–--ი’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხე ნ-----–---- ნ-----–----ს სს ,,თ--–--ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისრა 2003 წლის 01 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის - 6 273.81 ლარის ანაზღაურება (დღგ-ს ჩათვლით). ამასთანავე, უდავოა, რომ მოსარჩელეს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე და მოპასუხის მიერ თანხის ანაზღაურების შესახებ სარჩელის წარდგენამდე ეცნობა შეტყობინებით, რომ ინვენტარიზაციის შედეგად შედგენილი დასკვნის თანახმად განსაზღვრული და მოსარჩელის მიერ ასანაზღაურებელი თანხიდან - 10 390 ლარიდან მოპასუხის მიერ განხორციელდა ნაწილი თანხის სს ,,თ--–--ი’’-ს მიერ მოსარჩელისთვის ასანაზღაურებელი თანხის - 4 116.19 ლარის დაფარვა. შესაბამისად, საფუძვლიანია მოპასუხის განმარტება იმის თაობაზე, რომ სწორედ აღნიშნულის გამო განხორციელდა სს ,,თ--–--ი’’-ს მიერ 6 273.81 ლარის გადახდის თაობაზე მოთხოვნის წარდგენა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის თანახმად, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. ვალდებულებათა გაქვითვა შესაძლებელია მაშინაც, როცა ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ამ მოთხოვნის უფლების მქონე მხარს უჭერს გაქვითვას. ვალდებულებათა გაქვითვა ხორციელდება მეორე მხარისათვის შეტყობინებით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ განაპირობებენ საშვებულებო თანხის ანაზღაურების თაობაზე წარმოდგენილი მოთხოვნის საფუძვლიანობას, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი მეორე სასარჩელო მოთხოვნა ემყარება სწორედ საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მესამე ნაწილს. გარდა იმისა, რომ საშვებულებო თანხის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობა ფაქტობრივად გამორიცხავს კანონისმიერ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებას, სასამართლოს მოსაზრებით, არსებითია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაც კი არ წარმოუშობს მოსარჩელეს პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის უფლებას.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძველს მხარეთა შორის არსებული ფულადი ვალდებულება წარმოადგენს, ანუ როცა გადახდის ვალდებულების არსებობა ვლინდება ხელფასის გაცემის დაყოვნების ან საბოლოო ანგარიშსწორების გადაუხდელობის დროს (მაგ: ხელფასის, გამოუყენებელი შვებულების), რაც შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გასაცემ თანხას წარმოადგენს. თავისთავად პირგასამტეხლოს მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძველს მხარეთა შორის არსებული ფულადი ვალდებულება წარმოადგენს, ანუ გადახდის ვალდებულების არსებობა სახეზეა საბოლოო ანგარიშსწორების გადაუხდელობის დროს - ხელფასის, გამოუყენებელი შვებულების სახით, რაც შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გასაცემ თანხას წარმოადგენს. ამასთან, ნებისმიერ ანაზღაურებაში თუ ანგარიშსწორებაში, რომლის დაყოვნებასაც კანონი უკავშირებს დაყოვნებული დღისათვის გადახდის ვალდებულებას, არ შეიძლება მოვიაზროთ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში დადგენილი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება, ვინაიდან იგი არ წარმოადგენს მხარეთა სახელშეკრულებო შეთანხმებას.

 

სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას (საქმე Nას-291-291-2018) და მიუთითებს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლიდან გამომდინარე სარჩელის დასაკმაყოფილებლად აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა: ა) მხარეებს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა არ უნდა იყოს შეწყვეტილი; ბ) შეთანხმებული შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად უნდა გაიცემოდეს; გ) დამსაქმებელმა უნდა დაარღვიოს ძირითადი ვალდებულება - მან უნდა გადააცილოს შრომის ანაზღაურების შეთანხმებულ ვადას ან საბოლოო ანგარიშსწორების კანონით დადგენილ ვადას (სშკ-ის 34-ე მუხლი). ამასთან, სასამართლო პრაქტიკით დადგენილია, რომ დამსაქმებელს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის გადახდის ვალდებულება წარმოეშობა იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას არ შეასრულებს, ანუ, თუ გამოიკვეთება გადახდის ვალდებულების არსებობა და საბოლოო ანგარიშსწორების გადაუხდელობა (იხ. სუსგ-ები: Nას-285-271-2013; Nას-1502-1422-2017; Nას-1257-1177-2017; Nას- 682-636-2017; №ას-82-82-2018).

 

განსახილველ შემთხვევაში კი, როდესაც მოსარჩელესთან შეწყვეტილია შრომითი ურთიერთობა და იგი აღარ ასრულებს შრომით მოვალეობებს, შესაბამისად, ის აღარ წარმოადგენს შრომის ანაზღაურების (ანგარიშსწორების) მოცდენის სუბიექტს. აღნიშნული გარემოება კი საქართველოს შრომის კოდექსის 31.3-ე მუხლის მოსარჩელის სასარგებლოდ გამოყენებას და მოპასუხისთვის მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრებას გამორიცხავს.

 

შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის იმგვარ შემადგენლობას, რომ სარჩელის დაკმაყოფილება ობიექტურად ვარგისი საფუძვლები გააჩნდეს. რის გამოც ასევე არ არსებობს მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ პუნქტის საფუძველზე. ამასთან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მხარეები უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ-----–---- ნ-----–----ის სარჩელი მოპასუხე სს ,,თ--–--ი’’-ს მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მხარეები გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ლაკერბაია