გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2-----18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29 მარტი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი ანა მეშველიანი
მოსარჩელე - ბ---–-რ თ---–-ძე
მოპასუხე - მ----ა შ----ა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 1---- ლარის გადახდა.
სარჩელში განმარტებულია, რომ მოპასუხემ მოსარჩელისაგან ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე ისესხა 7--- ლარი. 2--- წლის 16 ნოემბერს მოპასუხემ ვალის აღიარების ხელწერილით აღიარა, რომ მისი ფულადი ვალდებულება მოსარჩელის მიმართ სარგებელთან ერთად ჯამში შეადგენს 1---- ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და არ დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
მოპასუხის განმარტებით, მან სესხი აიღო გ------ა ბ------–---–ისაგან, რომელიც დაუბრუნა და აღნიშნულის გამო შეწყდა სააღსრულებო წარმოება. მოსარჩელე ხელმეორედ ცდილობს იგივე სესხის თანხის ამოღებას.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2--- წლის 16 ნოემბრის ხელწერილის თანახმად მ----ა შ----ა ადასტურებს, რომ აქვს ვალი 7--- ლარი, რასაც ყოველთვიურად ემატებოდა 350 ლარი, რაც ვერ გადაიხადა და სულ მისი დავალიანება შეადგენს 1---- ლარს, რასაც გადაიხდის მაისის თვეში.
სასამართლო ემყარება შემდგომ მტკიცებულებებს:
ხელწერილი (ს.ფ. 17).
3.1.2. 2--- წლის 11 აპრილს მ----ა შ----ასა და გ------ა ბ------–---–ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, როლის თანახმადაც მ----ა შ----ამ გ------ა ბ------–---–ისგან ისესხა 7--- ლარი ერთი წლის ვადით, 3,23%-ის დარიცხვით, სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2--- წლის 11 აპრილი.
აღნიშნული სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მ----ა შ----ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე - ქ. თბილისი, ბ-------ის ქუჩა #--
სასამართლო ემყარება შემდგომ მტკიცებულებებს:
სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 47-51).
3.1.3. 2--- წლის 11 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე 2--- წლის 21 აგვისტოს ნოტარიუს რ. ჩ------–---ი-ჩ-------ის მიერ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორია გ------ა ბ------–---–ი, მოვალე მ----ა შ----ა, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა სესხის ძირი თანხა 7--- ლარი, ცხრა თვის სარგებელი - 2034 ლარი, პირგასამტეხლო სართო თანხის 0,12%-ის ოდენობით.
სასამართლო ემყარება შემდგომ მტკიცებულებებს:
2--- წლის 21 აგვისტოს სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 52-55).
3.1.4. სააღსრულებო წარმოების მასალებით დგინდება, რომ სააღსრულებო წარმოება შეწყდა კრედიტორის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიიღო მოვალის წინადადება სესხის ძირი თანხის 7--- ლარისა და სააღსრულებო წარმოების ხარჯის გადახდის თაობაზე. ამასთან, გაუქმდა გ------ა ბ------–---–ის სასარგებლოდ რეგისტრირებული იპოთეკა მ----ა შ----ას უძრავ ქონებაზე.
სასამართლო ემყარება შემდგომ მტკიცებულებებს:
სააღსრულებო ბიუროს მიმართვა გ------ა ბ------–---–ისათვის (ს.ფ. 60).
გ------ა ბ------–---–ის განცხადება(ს.ფ. 61).
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 63).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოსარჩელე ბ---–-რ თ---–-ძემ ვერ დაადასტურა მ----ა შ----ასათვის 7--- ლარის სესხის სახით გადაცემის ფაქტი.
სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, სადავოა სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა, რომელიც მოსარჩელის განმარტებით გამომდინარეობს სესხის ზეპირი ხელშეკრულებიდან, ამიტომ შეფასებას საჭიროებს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისობა სასესხო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმის (სკ-ის 623-ე მუხ.) შემადგენლობასთან.
მხარეთა შორის არსებული სადავო ურთიერთობის კვალიფიკაციის მიზნებისათვის პირველ რიგში, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე მოთხოვნა ეფუძნება სესხის ზეპირ ხელშეკრულებას, რომლის არსებობას მოპასუხე სადავოდ ხდის.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოპასუხესთან სასესხო ურთიერთობის შესახებ სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად მიუთითა ხელწერილზე (ს.ფ. 17), სადაც მოსარჩელის ვინაობა მითითებული არ არის. აღნიშნული ხელწერილით არ დგინდება, რომ მოპასუხე მ----ა შ----ა აღიარებს ბ---–-რ თ---–-ძის მიმართ რაიმე ვალდებულებას.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა - ,,სადავო სამართალურთიერთობის მომწესრიგებლი ნორმის, სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დანაწესი, რომლის თანახმად, ზეპირი სესხის ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, მიუთითებს სწორედ იმაზე, რომ სადავოდ ქცეული სასესხო ურთიერთობის დადგენისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს, როგორც ზეპირი ასევე, წერილობითი მტკიცებულებების ესა თუ ის სახე. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ნებისმიერ დოკუმენტი თუ, მოწმის სტატუსით დაკითხულ პირთა ნებისმიერი შინაარსის ჩვენება დაედოს საფუძვლად საქმეზე სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებას. ამ თვალსაზრით, სასამართლო ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას თანხის გადარიცხვისათვის სესხის სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების ნაწილში და განმარტავს, რომ სამართალწარმოების პროცესში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და აგრეთვე, იმ თვალსაზრისით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოების დადასტურებაა ამ მტკიცებულებებით შესაძლებელი. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოპასუხესთან სასესხო ურთიერთობის შესახებ სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად მიუთითა ფულადი თანხის გამოგზავნის და ამ თანხის მოპასუხეთა მიღების ამსახველ საბანკო ამონაწერებზე, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და საფუძვლად ვერ დაუდებს მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის შესახებ სადავო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას’’ (იხ. სუსგ #ას-74-71-2---, 25 მაისი, 2--- წელი).
სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი მატერიალური ნორმით (სსკ-ის 624-ე მუხლის მე-2 წინადადება), დადგენილია ქცევის იმგვარი წესი, რომლის თანახმად, სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების ტვირთი აკისრია (გამსესხებელს), ხოლო ვალდებულების შესრულების ტვირთი კი, მსესხებელს. იმავე საპროცესო ვალდებულებას აკისრებს მოსარჩელეს სსსკ-ის 102-ე მუხლიც, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგად წესს, რომელსაც მიმართავენ იმ შემთხვევაში, თუ ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა მტკიცების ტვირთის განსხვავებულ განაწილებას არ გვთავაზობს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, მატერიალური და საპროცესო ნორმები თანხვედრაშია, რადგან განსახილველ დავაში ისინი მტკიცების ტვირთის განაწილების განსხვავებულ წესს არ გვიდგენენ, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სწორედ მოსარჩელე, რომელიც პრეტენზიას აცხადებს მოპასუხესთან სასესხო ურთიერთობის (ზეპირი ხელშეკრულების პირობებში) არსებობაზე, ვალდებულია მიუთითოს (მტკიცების საგანი) და წარმოადგინოს ამ ურთიერთობის სესხად კვალიფიკაციისათვის აუცილებელი მტკიცებულებებიც (მტკიცების ტვირთი).
სასესხო ურთიერთობის სადავოობის შემთხვევაში, სახეზე უნდა იყოს არა მხოლოდ თანხის გადაცემა, არამედ, ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ თანხის მიმღებმა მისი დაბრუნების ვალდებულება იკისრა.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ შეძლო იმ გარემოებების დამტკიცება, რომ მოპასუხეს სესხის სახით გადასცა 7--- ლარი და რომ მ----ა შ----ამ იკისრა თანხის დაბრუნების ვალდებულება საერთო ჯამში 1---- ლარის ოდენობით. შესაბამისად, სასამართლო მხოლოდ წარმოდგენილი ხელწერილის საფუძველზე დადასტურებულად ვერ მიიჩნევს სესხის სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას მხარეთა შორის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველო სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 624-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
სკ-ის 623-ე მუხლის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ სასესხო-ვალდებულებითი ურთიერთობის დროს გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სასამართლო განმარტავს, რომ ნორმის სამართლებრივი აღწერილობა თავადვე მიუთითებს, თუ რომელი კომპონენტების არსებობის შემთხვევაშია სახეზე სასესხო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა და ამ დანაწესით გამორიცხავს სამართლებრივ კვალიფიკაციაში ცდომილების ალბათობასაც, სახელდობრ, კანონმდებელი ზეპირი ფორმით დადებული სასესხო ვალდებულების ნამდვილობისათვის საკმარის მტკიცებულებად არ მიიჩნევს მოწმეთა ჩვენებებს. თუმცა არც გამორიცხავს ამგვარი მტკიცებულების არსებობასაც, არამედ სავალდებულოდ ადგენს მოწმეთა ჩვენებებთან ერთად სხვა ისეთი მტკიცებულების წარმოდგენის ვალდებულებას, რომელიც მოწმეთა ჩვენებასთან ერთობლივად, მაღალი ალბათობით დაადასტურებდა სადავო ფაქტს სასესხო ურთიერთობის შესახებ (მტკიცების საგანი).
სკ-ის 624-ე მუხლის დანაწესი სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის ითვალისწინებს როგორც ზეპირ, ასევე, წერილობით ფორმის დაცვას, რომლის არჩევა მხარეთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული, მაგრამ მითითებული მუხლის მეორე წინადადების თანახმად, ყურადღებაა გამახვილებული იმ რისკებზე, რომელიც შეიძლება მოჰყვეს სესხის ზეპირ ხელშეკრულებას. ამგვარად, განხილული ნორმით განსაზღვრულია მტკიცების საგანი ანუ, იმ მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც სადავო ურთიერთობის სესხად კვალიფიკაციისათვის უნდა არსებობდეს და თავის მხრივ, წარმოგვიდგება, როგორც სამართალურთიერთობის კვალიფიკაციის პირველი ეტაპი, რა დროსაც მხარეები იზღუდებიან არა თავად გარიგების ფორმის, არამედ მტკიცებითი საშუალებების არჩევანში.
რაც შეეხება სამართალურთიერთობის კვალიფიკაციის მომდევნო ეტაპს, აღნიშნული მდგომარეობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებაში. მოდავე მხარეთა შორის ამ საპროცესო ვალდებულების გამიჯვნის მიზნით, როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლო მიუთითებს სადავო ურთერთობის მარეგულირებელ როგორც მატერიალურ ისე, საპროცესო სამართლებრივ ნორმაზე, სკ-ის 624-ე და სსსკ-ის 102-ე მუხლი.
მხარეთა შორის ამ საპროცესო ვალდებულებების სწორი განაწილება წარმოადგენს სასესხო ურთიერთობის მონაწილეთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვისა და მართლწესრიგის ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფის წინაპირობას.
მოცემულ შემთხვევაში, სწორედ მოსარჩელე ბ---–-რ თ---–-ძე, რომელიც პრეტენზიას აცხადებს მოპასუხე მ----ა შ----ასთან სასესხო ურთიერთობის (ზეპირი ხელშეკრულების პირობებში) არსებობაზე, ვალდებული იყო მიეთითებინა (მტკიცების საგანი) და წარმოედგინა ამ ურთიერთობის სესხად კვალიფიკაციისათვის აუცილებელი მტკიცებულებები (მტკიცების ტვირთი). როგორც აღინიშნა, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო დამტკიცება იმ ფაქტისა, რომ სესხად გადასცა თანხა მოპასუხეს და რომ მ----ა შ----ამ იკისრა თანხის დაბრუნების ვალდებულება.
ამდენად, წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელზე არ ყოფილა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ბ---–-რ თ---–-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლილი ტყემალაძე