გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.03.2019
საქმის ნომერი
330210018002349305
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
21.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

\საქმე N2/7----18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21 მარტი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი

სხდომის მდივანი ნატო ხელაშვილი

მოსარჩელე -შპს ლი-–-----------–ი

წარმომადგენელი -თე-----------–---–ი

მოპასუხეები- ავ--------–-------–--ე, არ-----------ია

წარმომადგენელი -კო------------–---–ი, ნო------------–--ე

დავის საგანი: თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1.სასარჩელო მოთხოვნები:

1.1. მოპასუხეებს ავ--------–-------–--ეს და არ-----------იას შპს ლი-–-----------–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ - სესხის ძირითადი თანხა - 6 502.15 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო - 2064.51 ლარი.

 

(შემცირებული სასარჩელო მოთხოვნა, 13.03.2019წ, სხდომის ოქმი, 12:49:23წთ)

 

სარჩელის მიხედვით, 2014 წლის 28 მარტს შპს ლი-–-----------–ს და ავ--------–-------–--ეს შორის დაიდო სესხის და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელზე 3 თვის ვადით გაიცა კრედიტი 15 000 ლარი, წლიური 3%-ის სარგებლის დარიცხვით. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა პირასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 2%.

 

2014 წლის 28 მარტს შპს ლი-–-----------–ს და არ-----------იას შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა იკისრა ვალდებულება ძირითადი მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სრულად დაფაროს დავალიანება.

 

მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და ბოლო გადახდა განახორციელა 2017 წლის 29 აგვისტოს.

 

მსესხებელი იმყოფება ვადაგადაცილებაში და დავალიანება პირგასამტეხლოს შემცირებული შემდგომ შეადგენს 8566.66 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 6502.15 ლარი, პირგასამტეხლო 2064.51 ლარი.

 

მოპასუხე გაფრთხილებული იქნა არაერთხელ დავალიანების არსებობის შესახებ, თუმცა მისი მხრიდან ვალდებულება არ სრულდება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ავ--------–-------–--ემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნა ცნო სესხის ძირითადი თანხის 6502.15 ლარის ნაწილში, ხოლო დარიცხული პირგასამტეხლო მიიჩნია არაგონივრულ ოდენობად და სადავოდ გახადა მისი გამოთვლის წესი. მოპასუხემ მოთხოვნა არ ცნო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილშიც.

 

2.2. მოპასუხე არ-----------იამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულება სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების შესაბამისად შემოიფარგლებოდა 3 თვის ვადით, 2014 წლის 28 ივნისამდე. სწორედ ამ ვადაში წარმოშობილ ვალდებულებებზე იკისრა პასუხისმგებლობა თავდებმა.

 

შპს ლი-–-----------–ს აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ აქვს ძირითად მოვალესთან გაგრძელებული სახელშეკრულებო ურთიერთობა, ხოლო თავდების ინფორმირება და თანხმობა სოლიდარული პასუხისმგებლობის შესახებ სახეზე არ არის.

 

მოპასუხის განმარტებით, მას არასდროს მიუღია შეტყობინება მსესხებლის მხრიდან ვალდებულების დარღვევის შესახებ, რაც აძლევდა ვარაუდის საფუძველს, რომ თავდებობა ვალდებულების შესრულებით შეწყვეტილი იყო. ამასთან, თავდების მიმართ წაყენებული მოთხოვნა ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 892-893-ე მუხლების მიზნებს, ვინაიდან ხელშეკრულებით არ განსაზღვრულა პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა, შესაბამისად თავდებობის ხელშეკრულება ბათილია. მოპასუხე მიუთითებს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნის ხანდაზმულობაზეც.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 28 მარტს შპს ლი-–-----------–ს და ავ--------–-------–--ეს შორის გაფორმდა სესხის და სოლიდარული თავდებობის #0----- ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელზე 3 თვის ვადით გაიცა კრედიტი 15 000 ლარი, წლიური 3%-ის სარგებლის დარიცხვით. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა პირასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 2%.

 

3.1.2. 2014 წლის 28 მარტს შპს ლი-–-----------–ს და არ-----------იას შორის გაფორმდა სესხის და სოლიდარული თავდებობის #0----- ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა იკისრა ვალდებულება ძირითადი მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სრულად დაფაროს დავალიანება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის და სოლიდარული თავდებობის #0----- ხელშეკრულება (ს.ფ 17-19)

- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ 20)

 

3.1.3. მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 2016 წლის 27 დეკემბერს შპს ლი-–-----------–ს და ავ--------–-------–--ეს შორის შედგა შეთანხმება სესხის რესტრუქტურიზაციის შესახებ, რომლის მიხედვით მოპასუხე ყოველთვიურად ახორციელებდა სესხის დაფარვას 495 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის ამონაწერი (ს.ფ 21)

 

3.1.4. დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება და ბოლო გადახდა განახორციელა 2017 წლის 29 აგვისტოს.

 

საქმეში წარმოდგენილია შპს ლი-–-----------–ის მიერ გაცემული ცნობა დავალიანების შესახებ, რომლის თანახმად მოპასუხის დავალიანება 2017 წლის 22 დეკემბრის მდგომარეობით შემოიფარგლება მხოლოდ სესხის ძირითადი თანხით, რაც შეადგენს 6502.15 ლარს.

 

ამავე ცნობაში აღნიშნულია, რომ შპს ლი-–-----------–ი უფლებამოსილია ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე გამოიყენოს პირგასამტეხლოს დარიცხვის უფლება 138 863.21 ლარის ოდენობით, რომელიც შესაძლოა გაიზარდოს გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის 2%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის ამონაწერი (ს.ფ 21)

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ 22)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელის მოთხოვნა არ-----------იას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე ხანდაზმულია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხე მხარეს. მან სათანადო მტკიცებულებებით დამაჯერებლად უნდა დაასაბუთოს აღნიშნული გარემოება, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ უნდა ამტკიცოს მოთხოვნის ვადაში წარდგენის, ხანდაზმულობის შეჩერების ან შეწყვეტის ფაქტი.

 

მოთხოვნის ხანდაზმულობა ფაქტია და არა სამართლებრივი კვალიფიკაცია, შესაბამისად, მასზე მითითებით სარჩელის უარყოფა მხოლოდ მოვალის (მოპასუხის) უფლებაა, სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, გამორიცხავს ამ საკითხის სასამართლოს ინიციატივით გამოკვლევას. ამრიგად, სასამართლო მოთხოვნის ხანდაზმულობას იკვლევს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოპასუხე პირადად ან კანონით შესაგებლის წარდგენაზე უფლებამოსილი პირების მეშვეობით მოთხოვნის ხანდაზმულობის საფუძვლით სასარჩელო მოთხოვნას უარყოფს.

 

როგორც უკვე აღინიშნა, მოპასუხე არ-----------ია წერილობით წარმოდგენილ შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებულ ახსნა-განმარტებაში უთითებს მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ.

 

საქმეში წარმოდგენილია 2014 წლის 28 მარტს მხარეებს შორის გაფორმებული სესხის და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით სესხის სარგებლობის ვადა განისაზღვრა 3 თვით. შესაბამისად, სოლიდარული თავდების პასუხისმგებლობა სწორედ ამ დრომდე შემოიფარგლა.

 

უდავო გარემოებაა, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და დავალიანება 2014 წლის 8 ივლისის შემდეგ, სესხის რესტრუქტურიზაციამდე თანხა არ გადაუხდია.

 

საქმეში მოთავსებული ამონაწერის მიხედვით, სესხის რესტრუქტურიზაცია სს ლი-–-----------–ს და ავ--------–-------–--ეს შორის განხორციელდა 2017 წლის 27 დეკემბერს, სადაც თავდებს სოლიდარული პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში არ უკისრია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა მოიცავს სახელშეკრულებო მოთხოვნიდან გამომდინარე ურთიერთობას, რომელზეც სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად უნდა გავრცელდეს ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა.

 

დადგენილია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოსარჩელეს ვალდებულების შესრულების შესახებ წერილობითი შეტყობინება მოპასუხე არ-----------იას მიმართ არ განუხორციელებია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 3 წლიანი ვადა არ-----------იას მიმართ ამოიწურა 2017 წლის 29 ივნისს,განსახილველი სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2018 წლის 14 მარტს, რაც ამართლებს მოპასუხის პოზიციას, რომ მას, როგორც ვალდებულ პირს, შეუძლია, უარი განაცხადოს შესრულებაზე, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილისა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის და სოლიდარული თავდებობის #0----- ხელშეკრულება (ს.ფ 17-19)

- სესხის ამონაწერი (ს.ფ 21)

- მოპასუხის ახსნა-განმარტება;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ შპს „ლ--–------------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 51-ე, 53-ე, 327-ე, 417-ე, 418-ე, 891-892-ე მუხლები; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-ე, 131-ე, 208-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ავ--------–-------–--ემ წარმოდგენილი შესაგებლით და სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, სესხის ძირითადი თანხის - 6502.15 ლარის ფარგლებში, რაც ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე ამავე ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველია.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.

 

მხარეებმა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში გაითვალისწინეს პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობა. კერძოდ ხელშეკრულების თანახმად, გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში სესხს ერიცხება 2% ყოველი ვადაგადაცილეული დღისათვის.

 

შეთანხმების შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნაა ასევე მოპასუხეებისთვის პირგასამტხლოს სახით 2064.51 ლარის დაკისრება. საქმეში მოთავსებულია ცნობა დავალიანების შესახებ, სადაც მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანება შედგება მხოლოდ სესხის ძირითადი თანხისგან. სასარჩელო მოთხოვნაში მოსარჩელემ მოითხოვა ჯარიმის სახით 2064.51 ლარის დაკისრება.

 

სასამართლომ, საქმეში 2017 წლის 23 დეკემბერს დათარიღებული დავალიანების შესახებ ცნობით, დადგენილად მიიჩნია, რომ დავალიანების თანხა ცნობის გაცემის დროისათვის შეადგენდა 6502.15 ლარს. დავალიანების შესახებ ცნობაში არაა მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა და მისი დაანგარიშების პრინციპი.

 

ამასთან საქმეში წარმოდგენილია სესხის ამონაწერი, რომელიც ადგენს სესხის რესტურქტურიზაციის ფაქტს, თუმცა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში წარმოიშობოდა თუ არა პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. შესაბამისად, მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით - 2064.51 ლარის დაკისრების თაობაზე მოთხოვნა უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისთვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

ხსენებული მუხლების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ თავდებობა წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას, რომლის ფარგლებშიც თავდები გამოხატავს ძირითადი მოვალის ვალდებულების შესრულების ნებას შესაბამისი წინაპირობების არსებობისას. სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილი მისი ნამდვილობისათვის ადგენს წერილობით განცხადების ფორმას და რაოდენობრივად განსაზღვრულ თანხის ფარგლებს.

 

სასამართლო შენიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლი გარიგების ნამდვილობის წინაპირობად არსებით პირობებზე განჭვრეტადი ნების გამოვლენას მიიჩნევს, რამდენადაც, გარიგება არ არსებობს, თუ არც გარეგნული გამოხატვიდან და არც სხვა გარემოებებიდან არ შეიძლება ზუსტად დადგინდეს გარიგების შინაარსი.

 

სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. მოხმობილი ნორმის ფარგლებში უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოების გასაზიარებლად მინიმუმ ის მაინც უნდა დგინდებოდეს რომელი ვალდებულების უზრუნველყოფა მოახდინა არ-----------იამ და რა ფარგლებში. თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ თავდები წერილობითი წარმოდგენილ შესაგებელში სარჩელს არ ცნობს, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ იგი არ წარმოადგენს ხელშეკრულების მხარეს და თავდებ პირს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნების გამოვლენა გარიგების განსაზღვრის ფუნდამენტია. ნების გამოვლენისას დაცული უნდა იყოს მატერიალური და ფორმალური წინაპირობები. ვინაიდან, არ-----------იას ძირითად მოვალესთან ერთად არ გამოუვლენია ნება სოლიდარულად პასუხისმგებლობის შესახებ, შპს ლი-–-----------–ის მოთხოვნა არ-----------იას, როგორც თავდები პირის მიმართ თანხის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მოსარჩელე მოითხოვს სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2681-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ნორმის მიზნებიდან გამომდინარე, სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია, მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში, ვინაიდან მხარეებს ასეთი შეთანხმება ხელშეკრულებაში არ განუსაზღვრიათ. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში შეამცირა, ამდენად აღნიშნული ნაწილის პროპორციულად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 364-ე, 365-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს „ლი-–-----------–ის“ სარჩელის დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. ავ--------–-------–--ეს შპს "ლი-–-----------–ის" სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირითადი თანხა - 6502.15 ლარის გადახდა;

 

3. შპს "ლი-–-----------–ს" უარი ეთქვას ავ--------–-------–--ისთვის პირგასამატეხლოს - 2064.51 ლარის დაკისრებაზე;

 

4. შპს" ლი-–-----------–ს" უარი ეთქვას არ-----------იასთვის თანხის დაკისრებაზე;

 

5. შპს "ლი-–-----------–ს" სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე 31.01.2018 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (257 ლარი) 195.06 ლარი, საგადასახადო დავალება N1---;

 

6. მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი