გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.01.2019
საქმის ნომერი
330310018002738613
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
31.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-----------------

საქმე №3/7409-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 იანვარი, 20-9 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი

სხდომის მდივანი - ანა მგელაძე

 

მოსარჩელე - ნ-----------–---–-

წარმომადგენლები - ვ----–-----------, ე-–-------–-----

 

მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - შ--–--------–-–---–ი

 

მესამე პირი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

წარმომადგენელი - გ--------------------ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 20-8 წლის 23 ოქტომბრის N5-- ბრძანება;

 

1.2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის შესაბამისად არის გამოცემული და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას წერილობითი ფორმით შესაგებელი ნ-----------–---–-ს სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა წარმომადგენელმა კი სარჩელს მხარი არ დაუჭირა.

 

4. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. ქ. თბილისში, I-------–--------------------ს მოპირდაპირე მხარეს მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №0---------------, 20-6 წლის 0- ივლისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია ნ-----------–---–-ს (ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 74.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 40, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1) სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 0-.0-.20-6 (ს.ფ. 9).

 

4.2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ, 20-7 წლის 20 იანვარს ნ-----------–---–-ს მიმართ შედგა №0----- მითითება, რომლითაც დადგენილია, რომ ნ-----------–---–-ს მიერ, ქ. თბილისში, I-------–--------------------ს მოპირდაპირე მხარეს, ს/კ №0---------------, შესაბამისი სამშენებლო სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აშენებულია კაპიტალური შენობა-ნაგებობა. ამასთან დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა სამშენებლო სამუშაოების შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა, ან ობიექტის დემონტაჟი უსაფრთხოების ნორმების დაცვით. მოსარჩელეს დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 20-7 წლის 1- იანვრის №4---------1- დათვალიერების ოქმი (ს.ფ. 83-84);

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 20-7 წლის 20 იანვრის №0----- მითითება (ს.ფ. 85-86).

 

4.3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 20-7 წლის 06 თებერვალს შედგენილ იქნა №0----- შემოწმების აქტი ნ-----------–---–-ს მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ მის მიერ არ იქნა შესრულებული მითითების პირობები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 20-7 წლის 06 თებერვლის №0----- შემოწმების აქტი (ს.ფ.(87-88).

 

4.4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 20-7 წლის 06 ივნისს მიღებული იქნა დადგენილება №0----- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“, რომლის თანახმადაც, ნ-----------–---–- დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით ქ. თბილისში, I-------–--------------------ს მოპირდაპირე მხარეს (ს/კ №0---------------) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისთვის (აშენებულია კაპიტალური შენობა-ნაგებობა, რომელიც გადადის სახელმწიფო ტერიტორიაზე).

 

ამავე დადგენილებით მასვე დაევალა ქ. თბილისში, I-------–--------------------ს მოპირდაპირე მხარეს (ს/კ №0---------------) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული კაპიტალური შენობა-ნაგებობის დემონტაჟი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 20-7 წლის 06 ივნისის დადგენილება №0----- (ს.ფ. 68-71).

 

4.5. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტების მიერ 20-7 წლის 0- ივლისს შედგა ოქმი ადმინისტრაციული წარმოების მასალების ჩაბარების შესახებ, მასზედ რომ 0-.0-.20-7 წელს სპეციალისტები ჭ---------–--------ი და შ------------–-–ა იმყოფებოდნენ ქ. თბილისში, I-------–--------------------ს მოპირდაპირე მხარეს (ს/კ №0---------------) მდებარე ობიექტზე N0----- დადგენილების ნ-----------–---–-ს პირდაპირი წესით ჩასაბარებლად, რაც ვერ მოხერხდა, რადგან ნ-----------–---–-ს წარმომადგენელმა უარი განაცხადა დადგენილების ხელზე ჩაბარებაზე, რის საფუძველზეც 06.06.20-7 წლის N0----- დადგენილება განთავსდა ობიექტის ფასადზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 20-7 წლის 0- ივლისის ოქმი ადმინისტრაციული წარმოების მასალების ჩაბარების შესახებ (ს.ფ. 76-77).

 

4.6. 20-7 წლის 12 ივლისს ნ-----------–---–-ს წარმომადგენლებმა ვ----–-----------მ და ე-–-------–-----მ სარჩელით მომართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 20-7 წლის 06 ივნისს №0----- დადგენილების ბატილად ცნობის მოთხოვნით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ მსაქმეთა კოლეგიის 20-7 წლის 1- ივლისის ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით, ნ----------–---–ს დაევალა დაეზუსტებინა სასამარჩელო მოთხოვნა და მიეთითებინა სადავო ადმინისტრაციულ აქტთან მიმართებით გამოიყენა თუ არა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20-7 წლის 03 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელე ნ-----------–---–ს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 20-7 წლის 1- ივლისის N3-------- განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ (ს.ფ. 187-190).

 

4.7. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 20-7 წლის 06 ივნისის №0----- დადგენილება, 20-7 წლის 24 ივლისს ნ-----------–---–-ს წარმომადგენლის ვ----–----------ის მიერ ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 20-8 წლის 23 ოქტომბრის №5-- ბრძანებით ნ-----------–---–-ს წარმომადგენლის ვ----–----------ის ადმინისტრაციული საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნ-----------–---–-ს წარმომადგენლის ვ----–----------ის 20-7 წლის 24 ივლისის ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 61-67)

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 20-8 წლის 23 ოქტომბრის №5-- ბრძანება (ს.ფ. 56-60).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნ-----------–---–-ს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსი’’, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსისი 23-ე მუხლის კი ადგენს, რომ სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60- მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

ამდენად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება გულისხმობს, აქტის ფორმალურ და მატერიალურ კანონიერებას. აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ იგი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, მისი გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით იქნეს გამოცემული, მატერიალური კანონიერება კი დაკავშირებულია აქტის შინაარსთან და მოითხოვს, რომ ადმინისტრაციულ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და არ ეწინააღმდეგებოდეს ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-1- მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ნ-----------–---–-ს მოთხოვნას წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 20-8 წლის 23 ოქტომბრის N5-- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც, ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევის მოტივით, განუხილველად იქნა დატოვებული ნ-----------–---–-ს წარმომადგენლის ვ----–----------ის ადმინისტრაციული საჩივარი. შესაბამისად მისი კანონიერების შეფასებისას მნიშვნელოვანია დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაცული იქნა თუ არა აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და სწორად იქნა თუ არა შეფასებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო სადავო აქტის გამოცემას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე კოდექსის 33.1 მუხლის თანახმად კი, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

7.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1-7-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამასთან ამავე კოდექსის 180 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილი შესაბამისად თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას.

 

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის 21-ე ნაწილით, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას მიღებული დადგენილების გასაჩივრების ვადა განისაზღვრება ამ კოდექსით, ხოლო 22-ე ნაწილის თანახმად სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობიდან 15 დღის განმავლობაში. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის მე-19 ნაწილის მიხედვით, თუ დადგენილებაში მითითებული მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან დადგენილების გაცნობა (პირადად ჩაბარებით) ვერ ხერხდება, გაცნობად ჩაითვლება მისი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან დადგენილებაში აღნიშნული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება: ა) საინფორმაციო დაფა; ბ) მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებლისათვის დროებით განთავსებული შენობა; გ) მშენებლობის ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობე.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი 0-.0-.20-7 წლის ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტების მიერ შედგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალების ჩაბარების შესახებ ოქმის თანახმად, ნ-----------–---–ს 0-.0-.20-7 წელს ეცნობა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 06.06.20-7 წლის N0----- დადგენილების შესახებ. აღნიშნული გარემოება სადავოდ არ არის გამხდარი მხარეთა მიერ, რაც დასტურდება როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხის ახსნა-განმარტებიდან (იხ. 29.0-.20-9 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი - 1-:15:58; 1-:19:03).

 

20-7 წლის 12 ივლისს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 06.06.20-7 წლის N0----- დადგენილების გაცნობიდან მერვე დღეს, ნ-----------–---–-ს წარმომადგენლების ვ----–----------ისა და ე-–-------–-----ს მიერ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარმოდგენილ იქნა სარჩელი მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ, N0----- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20-7 წლის 1- ივლისის განჩინებით მოსარჩელე მხარეს ხარვეზი დაუდგინდა მის მიერ წარმოდგენილ სარჩელზე და ნ-----------–---–ს სხვა მოთხოვნებთან ერთად დაევალა გასაჩივრებულ N0----- აქტთან მიმართებით იმის მითითება, გამოიყენა თუ არა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა და რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული წარდგენილ საჩივართან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში დაევალა ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების წარმოდგენა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20-7 წლის 03 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელე ნ-----------–---–ს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, სარჩელზე დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო. ხარვეზის შევსების მიზნით დადგენილ ვადაში, გაიზიარებული იქნა რა სასამართლოს მითითება, მოსარჩელე მხარის მიერ 20-7 წლის 24 ივლისის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი იქნა ადმინისტრაციული საჩივარი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 06.06.20-7 წლის N0----- დადგენილების ბატილად ცნობის მოთხოვნით, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დროს მითითებული იქნა ზემოაღნიშნულ გარემოებებზე და მიეცა ვადა დამადასტურებელი მტკიცებულებების წარსადგენად, რაც წარდგენილი იქნა კიდეც, 09.10.20-7წ. (ს.ფ. 186), ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ადმინისტრაციული საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახად დასტურდება, რომ აქტის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილ 15 დღის ვადაში ნ-----------–---–მა, სარჩელით მიმართა სასამართლოს და გამოხატა სადავო აქტის გასაჩივრების ნება, რის შემდეგაც, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსების ვადაში, ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, რაც სასამართლოს მოსაზრებით მოპასუხე მხარედ უნდა მიეჩნია სწორედ იმ საპატიო გარემოებად, რომელიც მითითებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილში და არსებითად უნდა განეხილა მისი ადმინისტრაციული საჩივარი.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 20-8 წლის 23 ოქტომბრის N5-- ბრძანება ნ-----------–---–-ს წარმომადგენლის ვ----–----------ის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და მასვე უნდა დაევალოს ნ-----------–---–-ს ადმინისტრაციული საჩივრის არსებითად განხილვის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, მოპასუხეს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელე ნ-----------–---–-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ნ-----------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 20-8 წლის 23 ოქტომბრის N5-- ბრძანება;

 

3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი ნ-----------–---–-ს ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით;

 

4. მოპასუხეს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, მოსარჩელე - ნ-----------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი