გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/2286-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ქეთევან მამაცაშვილი
სხდომის მდივანი - ანა ბაჩიაშვილი
მოსარჩელეები წარმომადგენელი ნ-----–---------–----ი; ნ--------------–---–ი;
მოპასუხე წარმომადგენელი სს მ---------------ი''; ნ--------------ე;
დავის საგანი სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ცვლილება შევიდეს ნოტარიუს მ------------ის მიერ 2018 წლის 12 ნოემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შემცირდეს - 3349.54 აშშ დოლარით.
2. მოპასუხის პოზიცია 2.1. მოპასუხე სს მ---------------ი'' სარჩელს არ ცნობს. მოპასუხის შესაგებელი და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება ემყარება შემდეგ გარემოებებს: ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცელი გაცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, სააღსრულებო ფურცელში მითითებული თანხები წარმოადგენს მხარეთა შორის გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების პირობებით განსაზღვრულ თანხებს. მოპასუხის განმარტებით, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებანი და დართული მტკიცებულებანი ვერ ქმნიან მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს. მოპასუხე მიიჩნევს, რომ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი გაცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და შესაბამისად, იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 16 ოქტომბერს, მხარეთა შორის გაფორმდა კრედიტის და იპოთეკის ხელშეკრულება, ხოლო 2015 წლის 19 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც დამოწმებულ იქნა ნოტარიუს მ------------ის მიერ. ხელშეკრულების თანახმად, სს მ---------------ი''-მ მსესხებელზე 8 წლის ვადით გასცა სესხი 10 000 აშშ დოლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთის სახით 27%-ის დარიცხვით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო 2%-ის ოდენობით, რომელიც გამოიანგარიშებოდა ვადაგადაცილების დღისათვის არსებული ვადაგადაცილებული ძირითადი და/ან სარგებლის თანხიდან და მისი ოდენობა განისაზღვრებოდა გამსესხებლის შეხედულებისამბრ. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ყოველთვიურად სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში იპოთეკარს ენიჭებოდა მესაკუთრისაგან ძირითადი თანხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნის უფლება. სესხის, სარგებლის და პირგასამტეხლოს უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ-----–---------–----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, მ-------------------------–--------------------–---------------------------------------------------------------------. 2015 წლის 16 ოქტომბერს, თავდებმა პირმა ი-------------–-----ა წერილობითი განცხადებით იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. 3.1.2. დადგენილია, რომ 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით მსესხებელი ასრულებდა ვალდებულებას შეთანხმებული გადახდის გრაფიკის მიხედვით, რაც დასტურდება სესხის დაფარვის საბანკო ქვითრებით და აღნიშნულს მხარეები სადავოდ არ ხდიან, დადგენილია, ასევე, რომ 2018 წლის 31 მაისის მდგომარეობით გადასახდელ დავალიანების ძირითადი თანხა შეადგენდა - 8636.96 აშშ დოლარს. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 2015 წლის 16 ოქტომბრის კრედიტის და იპოთეკის ხელშეკრულება, სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 27-45); - 2015 წლის 16 ოქტომბრის თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 47-49); - მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სარჩელი, შესაგებელი. 3.1.3. 2015 წლის 19 ოქტომბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოვალის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, იპოთეკარი უფლებამოსილი იქნებოდა მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით სააღსრულებო ფურცლის მისაღებად მიემართა ნოტარიუსისთვის. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 2015 წლის 19 ოქტომბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 26); - მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხ. ოქმი. 3.1.3. 2018 წლის 12 ნოემბერს, ნოტარიუს მ------------ის მიერ კრედიტორ სს მ---------------ი''-ს სასარგებლოდ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენს: სესხის თანხის დავალიანება - 8636.96 აშშ დოლარი, სარგებელი - 1149.82 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 2229.34 აშშ დოლარი და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 124.36 ლარი. ამავე სააღსრულებო ფურცლით დადგენილი იქნა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 81-84). - მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სარჩელი, შესაგებელი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმის შესწავლისა და მტკიცებულების გამოკვლევის და შეფასების შედეგად სასამართლო დადასტურებულად მიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ კრედიტორისათვის პროცენტის სახით გადასახდელი თანხა შეადგენს - 1042 აშშ დოლარს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლის შესაბამისად, თითოეული მხარე ვალდებულია დაამტკიცოს სარჩელში და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, აგრეთვე, 102-ე მუხლით, რომლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს.
დადგენილია, რომ 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით მსესხებელი ასრულებდა ვალდებულებას შეთანხმებული გადახდის გრაფიკის მიხედვით, დადგენილია, ასევე, რომ 2018 წლის 31 მაისის მდგომარეობით გადასახდელ დავალიანების ძირითადი თანხა შეადგენდა - 8636.96 აშშ დოლარს.
დადგენილია, რომ 2018 წლის 12 ნოემბერს, ნოტარიუს მ------------ის მიერ კრედიტორ სს მ---------------ი''-ს სასარგებლოდ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომლის გაცემის მოთხოვნით მოპასუხე მხარემ ნოტარიუს მიმართა 2018 წლის 12 ნოემბერს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების შეწყვეტიდან სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე გასულია - 5 თვე და 12 დღე. დადგენილია, რომ მხარეები შეთანხმდენენ წლიური საპროცენტო განაკვეთის სახით 27%-ის დარიცხვის თაობაზე, ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეადგენდა 8 წელს, ხოლო ვალდებულების დარღვევიდან სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე გასულია - 5 თვე და 12 დღე, ამ პერიოდისათვის დარიცხულ სარგებელს ითხოვს მოპასუხე მხარე და 2018 წლის 12 ნოემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში სარგებლის ოდენობად განსაზღვრულია - 1149.82 აშშ დოლარი, რაც უნდა გასწორდეს, რამდენადაც, დადგენილია, რომ სესხის ძირითადი თანხა ვალდებულების დარღვევის მომენტისათვის შეადგენდა 8636.96 აშშ დოლარს, რომლის წლიური 27% შეადგენს - 2332 აშშ დოლარს, ყოველთვიურად კი - 194 აშშ დოლარს, ხოლო ყოველდღიურად - 6 აშშ დოლარს, შესაბამისად, დასაკისრებელი 5 თვის და 12 დღის საპროცენტო სარგებლის თანხა შეადგენს არა სააღსრულებო ფურცელში მითითებულ - 1149.82 აშშ დოლარს, არამედ 1042 აშშ დოლარს (194*5=970; 6*12=72; 970+72= 1042).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 19 ოქტომბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 26);
- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 81-84).
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 27-45);
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ნაწილობრივ დაადასტურა საპროცენტო სარგებლის დაკისრების ნაწილში სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის მართლზომიერება. დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივ გარემოებებზე მხარეები არ დაობენ. მხარეებს აქვთ განსხვავებული მოსაზრება კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის თაობაზე, რაც წარმოადგენს შეფასების საგანს და მის შესახებ სასამართლოს დასკვნა მოცემული იქნება გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა 4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, სასამართლო მიაჩნევს, რომ ნ-----–---------–----ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლით, ''ნოტარიატის შესახებ'' საქართველოს კანონის 38-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 400-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით. ''ნოტარიატის შესახებ'' საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები. დადგენილია, რომ 2015 წლის 16 ოქტომბერს, მხარეთა შორის გაფორმდა კრედიტის და იპოთეკის ხელშეკრულება, ხოლო 2015 წლის 19 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც დამოწმებულ იქნა ნოტარიუს მ------------ის მიერ. ხელშეკრულების თანახმად, კრედიტორმამსესხებელზე 8 წლის ვადით გასცა სესხი 10 000 აშშ დოლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთის სახით 27%-ის დარიცხვით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისიწინებულ იქნა პირგასამტეხლო 2%-ის ოდენობით, რომელიც გამოიანგარიშებოდა ვადაგადაცილების დღისათვის არსებული ვადაგადაცილებული ძირითადი და/ან სარგებლის თანხიდან და მისი ოდენობა განისაზღვრებოდა გამსესხებლის შეხედულებისამებრ. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ყოველთვიურად სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში იპოთეკარს ენიჭებოდა მესაკუთრისაგან ძირითადი თანხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნის უფლება. სესხის, სარგებლის და პირგასამტეხლოს უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ-----–---------–----ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, მ-------------------------–--------------------–---------------------------------------------------------------------. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ''ა'' ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება,თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 16 ოქტომბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ იქნა შესრულებული მსესხებლის მიერ და მას კრედიტორის მიმართ გააჩნია სესხის ძირითადი თანხის დავალიანება - 8636.96 აშშ დოლარის ოდენობით. დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევიდან 2018 წლის 12 ნოემბრამდე დარიცხული სარგებელი 5 თვის და 12 დღის არ არის გადახდილი, შესაბამისად, ერიცხება საპროცენტო დავალიანების სახით - 1042 აშშ დოლარი (იხ. გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტი). 6.2. მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა მსესხებლის მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შეთანხმებულ ვადაში ფულადი ვალდებულება არ იქნა შესრულებული. აღნიშნულის გამო, კრედიტორმა მოითხოვა პირგასამტეხლოს გადახდა. პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა გადაუხდელი თანხის 2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საერთო ჯამში - 2229.34 აშშ დოლარი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე - კრედიტორის ეკონომიური ინტერესი. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას, როგორც ზემოთ აღინიშნა, მნიშვნელოვანია, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. განსახილველ შემთხვევაში, მოვალის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს განაკვეთი - გადასახდელი თანხის 2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ყოველმხრივ ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არათანაზომიერია მოპასუხის მიერ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ სავარაუდო ზიანთან და იგი უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე. კერძოდ, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს 10-ჯერ და პირგასამტეხლოს სახით მოვალის მიერ გადასახდელი თანხა უნდა განისაზღვროს - 222.93 აშშ დოლარით. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს ამ ნაწილის პროპორციულად გადახდილი ბაჟი - 170 ლარის ოდენობით უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ-----–---------–----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. შევიდეს ცვლილება 2018 წლის 12 ნოემბერს ნოტარიუს მ------------ის მიერ გაცემულ N1-------- სააღსრულებო ფურცელში, კერძოდ, აღსასრულებელი ვალდებულების ჯამური მოცულობა განისაზღვროს შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა - 8636.96 აშშ დოლარი; საპროცენტო სარგებელი - 1042 აშშ დოლარი; პირგასამტეხლო - 222.93 აშშ დოლარი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 124.36 ლარი.
2.1. 2018 წლის 12 ნოემბრის ნოტარიუს მ------------ის მიერ გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცელი დანარჩენ ნაწილში, დარჩეს უცვლელი.
3. მოპასუხე სს მ---------------ი''-ს მოსარჩელე ნ-----–---------–----ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით - 170 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 31-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი