გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.04.2019
საქმის ნომერი
330210019002826075
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
23.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1513 - 19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23 აპრილი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გიორგი მაისურაძე

სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი

მოსარჩელე თა---------–-–---–ი

წარმომადგენელი მა------------------ა

მოპასუხე მა-----------–---–ი

წარმომადგენელი ხვ----------–--–---–ი

დავის საგანი ქორწინების შეწყვეტა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოსარჩელე თა---------–-–---–სა და მოპასუხე მა-----------–---–ს შორის 2----–-–---------------ს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა (აქტის ჩანაწერი N-----------).

 

მოსარჩელე თა---------–-–---–ი და მოპასუხე მა-----------–---–ი დაქორწინდნენ 2----–-–---------------ს. ისინი დაძაბული ურთიერთობის გამო 2017 წლიდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და ერთიან საოჯახო მეურნეობას აღარ ეწევიან. მოპასუხე ცხოვრობს საზღვარგარეთ და უარს აცხადებს მოსარჩელესთან განქორწინებაზე. თა---------–-–---–ს და მა-----------–---–ს შორის ცოლ-ქმრული ურთიერთობა ფაქტობრივად აღარ არსებობს და ქორწინება ატარებს ფორმალურ ხასიათს, მათ შორის ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. მხარეებს შორის ვერ მოხდა შეთანხმება ერთობლივი განცხადებით მიემართათ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსათვის ქორწინების შესაწყვეტად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე არ ეთანხმება მოთხოვნას.

 

მა-----------–---–ი არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას. იგი მიუთითებს მხარეთა ქორწინების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებასა და აქედან გამომდინარე მოსარჩელის მხრიდან სარჩოს გადახდის ვალდებულებაზე. მოპასუხის განცხადებით მისი სურვილია მოპასუხესთან ერთად ერთ ოჯახად ცხოვრება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე თა---------–-–---–ი და მოპასუხე მა-----------–---–ი დაქორწინდნენ 2----–-–---------------ს. მათ საერთო შვილი არ ჰყავთ;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 16);

 

3.1.2. მხარეები დღეის მდგომარეობით ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მოპასუხე მა-----------–---–ი ცხოვრობს საქართველოს ფარგლებს გარეთ, კერძოდ კა------ სახელმწიფოში. იმავე ქვეყანაში იმყოფება მოსარჩელე მხარეც, თუმცა მათ შორის დაძაბული ურთიერთობის გამო, საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილია;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.3. მოსარჩელე თა---------–-–---–ს პირველი ქორწინებიდან ჰყავს ორი შვილი, რომლებიც ცხოვრობენ თბილისში. თა---------–-–---–ს მათთან აქვს ნორმალური დამოკიდებულება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელე თა---------–-–---–ი 2019 წლის იანვრის თვიდან ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფება ხა--------------თან, რომელიც იმყოფება საქართველოში. თა---------–-–---–ი დროებით ჩამოსული იყო საქართველოში. იგი საზღვარგარეთ გაემგზავრა 2019 წლის 26 თებერვალს. მოპასუხე მხარე ზემოაღნიშნულ გარემოებებს არ ადასტურებს და მიუთითებს, რომ მოსარჩელის ოჯახური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2.2. მოპასუხე მხარის განმარტებით, იგი წლების განმავლობაში ეწეოდა მძიმე ფიზიკურ სამუშაოს, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და დღეის მდგომარეობით, მუშაობა აღარ შეუძლია. მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამწვავება მოხდა მოსარჩელესთან ქორწინების პერიოდში. მოპასუხე ამ ეტაპზე კა------ სახელმწიფოსგან იღებს სოციალურ დახმარებას, როგორც შრომისუუნარო პირი. თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არც 2--------- წელს წარმოდგენილ შესაგებელს ერთვის და არც სასამართლო სხდომაზე იქნა წარმოდგენილი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2.3. მოპასუხე მხარის განმარტებით, მას არ სურს მოსარჩელე თა---------–-–---–თან რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა, ვინაიდან მისი მოსაზრებით მხარეთა შორის შესაძლებელია ოჯახის შენარჩუნება. მოპასუხე თავად მიუთითებს შესაგებელში, რომ მისი მეუღლე თა---------–-–---–ი უკვე ერთ წელზე მეტია აღარ ცხოვრობს მასთან, თუმცა მხარის წარმომადგენელი სხდომაზე განმარტავს, რომ მხოლოდ რამდენიმე თვეა ერთად აღარ ცხოვრობენ. მოსარჩელე თა---------–-–---–ის წარმომადგენლის მითითებით, მხარეები დაახლოებით წელიწადნახევარია ცალ-ცალკე ცხოვრობენ და მათ შორის დაძაბული, კონფლიქტური ურთიერთობაა. ამასთან, მოსარჩელეს ფაქტობრივ ქორწინებაშია სხვა პირთან, ხა--------------თან. შესაბამისად, თა---------–-–---–სა და მა-----------–---–ს შორის ქორწინება ატარებს ფორმალურ ხასიათს, მათ შორის ოჯახის აღდგენა და ერთ ოჯახად ცხოვრება შეუძლებელია. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას მოსარჩელესთან ოჯახის აღდგენასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მოსარჩელე მხარის განმარტების საფუძველზე, მათი ერთ ოჯახად ცხოვრების შესაძლებლობა არ გამოიკვეთა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან არ გამოიკვეთა მხარეთა ორმხრივი ნება ოჯახის აღდგენასთან დაკავშირებით, სარჩელი ქორწინების შეწყვეტის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1127-ე, 1106-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე თა---------–-–---–ი და მოპასუხე მა-----------–---–ი დაქორწინდნენ 2----–-–---------------ს. მათ საერთო შვილი არ ჰყავთ. მხარეები დღეის მდგომარეობით ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მოპასუხე მა-----------–---–ი ცხოვრობს საქართველოს ფარგლებს გარეთ, კერძოდ კა------ სახელმწიფოში. იმავე ქვეყანაში იმყოფება მოსარჩელე მხარეც, თუმცა მათ შორის დაძაბული ურთიერთობის გამო, საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილია.

 

სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის თანახმად, 1. განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. 2. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 3. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

დადგენილია, რომ მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მოსარჩელე თა---------–-–---–ი 2019 წლის იანვრის თვიდან ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფება ხა--------------თან. თა---------–-–---–ი დროებით ჩამოსული იყო საქართველოში. იგი საზღვარგარეთ გაემგზავრა 2019 წლის 26 თებერვალს. მოპასუხე მხარე ზემოაღნიშნულ გარემოებებს არ ადასტურებს და მიუთითებს, რომ მოსარჩელის ოჯახური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. მოპასუხე მხარის განმარტებით, იგი წლების განმავლობაში ეწეოდა მძიმე ფიზიკურ სამუშაოს, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და დღეის მდგომარეობით, მუშაობა აღარ შეუძლია. მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამწვავება მოხდა მოსარჩელესთან ქორწინების პერიოდში. მოპასუხე ამ ეტაპზე კა------ სახელმწიფოსგან იღებს სოციალურ დახმარებას, როგორც შრომისუუნარო პირი. თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არც 2--------- წელს წარმოდგენილ შესაგებელს ერთვის და არც სასამართლო სხდომაზე იქნა წარმოდგენილი. მოპასუხე მხარის შრომისუუნარობის ფაქტი არ დადასტურდა და ამასთან, მოსარჩელე მხარე უარყოფს აღნიშნულ გარემოებას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის სამოქალაქო კოდექსის 1182-1183-ე მუხლით დადგენილი წინაპირობა.

 

ქორწინება ოჯახის საფუძველია. მასში, პირველ ყოვლისა, ასახვას პოულობს სულიერი, ზნეობრივი, ასევე პირადი და ქონებრივი ურთიერთობების გაერთიანება. ქორწინებისათვის დამახასიათებელი იურიდიული ნიშნების გათვალისწინებით, კანონმდებელს საშუალება მიეცა შემოეთავაზებინა ქორწინების შემდეგნაირი განსაზღვრება: ქორწინება მამაკაცისა და ქალის თავისუფალი, ნებაყოფლობითი და თანასწორუფლებიანი კავშირია, ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც მყარდება კანონით დადგენილი წესისა და პირობების დაცვით, წარმოშობს მეუღლეთა შორის პირად და ქონებრივ უფლებებს და მოვალეობებს. როგორც კანონმდებელი განმარტავს, ქორწინების ერთ-ერთი საფუძველია ,,ოჯახის შექმნის მიზანი”. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინება მხოლოდ ნებაყოფლობას უნდა ეფუძნებოდეს. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოპასუხის განმარტებას მხარეთა შორის ოჯახის შენარჩუნების შესაძლებლობის თაობაზე დაადასტურებდა. მხარეთა შორის ქორწინება და ოჯახური (ცოლ-ქმრის) თანაცხოვრება ფაქტობრივად შეწყვეტილია. მათ შორის რეგისტრირებული ქორწინება ატარებს ფორმალურ ხასიათს. სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობისას მხარეთა შერიგების ვარაუდი არ გამოიკვეთა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მოსარჩელის ნება, სურვილი მოპასუხე მა-----------–---–თან ოჯახის შენარჩუნებისა. სამოქალაქო კანონმდებლობა განამტკიცებს მხარის თავისუფალ ნებას ქორწინებაში ყოფნისა თუ ამ ქორწინების შეწყვეტის თაობაზე. სასამართლო მიუთითებს, რომ შესარიგებელი ვადის მიცემა მხარეთათვის, შედეგს ვერ გამოიღებდა. განსაქორწინებელი მეუღლეების შესარიგებელი ვადის მიცემა სასამართლოს მოვალეობაა და ვადის განსაზღვრის მიზანშეწონილობა უნდა დადგინდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას მოსარჩელესთან ოჯახის აღდგენასთან დაკავშირებით. მოპასუხე თავად მიუთითებს შესაგებელში, რომ მისი მეუღლე თა---------–-–---–ი უკვე ერთ წელზე მეტია აღარ ცხოვრობს მასთან, თუმცა მხარის წარმომადგენელი სხდომაზე განმარტავს, რომ მხოლოდ რამდენიმე თვეა ერთად აღარ ცხოვრობენ. მოსარჩელე თა---------–-–---–ის წარმომადგენლის მითითებით, მხარეები დაახლოებით წელიწადნახევარია ცალ-ცალკე ცხოვრობენ და მათ შორის დაძაბული, კონფლიქტური ურთიერთობაა. ამასთან, მოსარჩელეს ფაქტობრივ ქორწინებაშია სხვა პირთან, ხა--------------თან. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თა---------–-–---–სა და მა-----------–---–ს შორის ქორწინება ატარებს ფორმალურ ხასიათს, მათ შორის ოჯახის აღდგენა და ერთ ოჯახად ცხოვრება შეუძლებელია. მოსარჩელის მხარის პოზიცია ქორწინების შეწყვეტის თაობაზე არ შეცვლილა.

 

სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და ამასთან საოჯახო სამართალი განამტკიცებს განქორწინების თავისუფლების პრინციპს. საქორწინო ურთიერთობის ერთერთ მხარეს, მოსარჩელეს, არა აქვს ოჯახის შენარჩუნების სურვილი და მხოლოდ მოპასუხის სურვილი მოსარჩელესთან საქორწინო ურთიერთობაში ყოფნისა არ არის საკმარისი ოჯახის შესანარჩუნებლად. არ იკვეთება მოსარჩელის ნება მოპასუხე საბინა ახიევთან ერთ ოჯახად ცხოვრებისა.

,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი №1” (პარიზი, 1952 წლის 20 მარტი) მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეები სარგებლობენ კერძოსამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებებითა და მოვალეობებით ერთმანეთს შორის და შვილებთან ურთიერთობაში, დაქორწინების დროს, ქორწინების განმავლობაში და მისი შეწყვეტის შემთხვევაში. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ ბავშვების ინტერესებისათვის აუცილებელი ღონისძიებანი.

1966 წლის 16 დეკემბრის ,,საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის თანახმად, 1. ოჯახი საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედია და აქვს უფლება, რომ იგი დაიცვან საზოგადოებამ და სახელმწიფომ. 2. მამაკაცებსა და ქალებს, რომლებმაც მიაღწიეს ქორწინების ასაკს, აქვთ უფლება შექმნან ოჯახი. 3. არც ერთი ქორწინება არ შეიძლება მოხდეს მექორწინეთა თავისუფალი და სრული თანხმობის გარეშე. 4. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ თა---------–-–---–ის სარჩელი განქორწინების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა, თა---------–-–---–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა გადახდეს მოპასუხე მა-----------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. თა---------–-–---–ის (პირადი N-----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

შეწყდეს ქორწინება თა---------–-–---–სა (პირადი N-----------) და მა-----------–---–ს (პირადი N-----------) შორის რეგისტრირებული 2----–-–---------------ს, გაუქმდეს ქორწინების სააქტო ჩანაწერი N-----------;

 

2. დაეკისროს მა-----------–---–ს (პირადი N-----------) თა---------–-–---–ის (პირადი N-----------) სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნას და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე გიორგი მაისურაძე