გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 071310018002526333
#3/15-2018წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 .01.2019 წელი ქ. საგარეჯო
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე: გიორგი ბუხრაშვილი
სხდომის მდივანი: ხათუნა ხვთისავრიშვილი
მოსარჩელე: თ----- ზ------–---–-
მოსარჩელის წარმომადგენელი: ვ----–- უ-------–---–-
მოპასუხე: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო
მოპასუხის წარმომადგენლები: ო----- ჩ--–----–---–-, ლ--–- მ-------–---–-
დავის საგანი: ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2018 წლის 16 მაისის #61 ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
მოსარჩელის განმარტებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2018 წლის 16 მაისის #61 ბრძანებით უკანონოდ გათავისუფლდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის საორგანიზაციო და იურიდიულ საკითხთა განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობიდან. თ----- ზ------–---–-- სარჩელით მომართა სასამართლოს და ითხოვა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2018 წლის 16 მაისის #61 ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
მოსარჩელის მითითებით მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა უკანონოდ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გათავისუფლება განხორციელდა მისი საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდში. ამასთან, განცხადება გათავისუფლების მოთხოვნის თაობაზე მას არ დაუწერია და ხელი მოუწერააც მის მიერ არ ყოფილა შესრულებული. მისივე განმარტებით, განცხადებაზე არსებული ხელმოწერა გადმოტანილი იქნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საურთიერთობო საიტიდან.
2. მხარეთა პოზიცია
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოწინააღმდეგე მხარის - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ თ----- ზ------–---–-ს სასარჩელო მოთხოვნას და განმარტეს, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2018 წლის 16 მაისის #61 ბრძანება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით იქნა მიღებული და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 15 მაისამდე თ----- ზ------–---–- მუშაობდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის საორგანიზაციო და იურიდიულ საკითხთა განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.
მტკიცებულები:
1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მაისის #61 ბრძანება;
2. სარჩელი/შესაგებელი;
3. მხარეთა ახსნა-განმარტებები (სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2018 წლის 16 მაისის #61 ბრძანებით თ----- ზ------–---–- გათავისუფლებული იქნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის საორგანიზაციო და იურიდიულ საკითხთა განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობიდან.
მტკიცებულები:
1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2018 წლის 16 მაისის #61 ბრძანება;
2. თ----- ზ------–---–-ს 2018 წლის 16 მაისის #47-03 განცხადება;
3. სარჩელი/შესაგებელი;
4. მხარეთა ახსნა-განმარტებები (სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.2. სასამართლომ დადგენილ სადავო გარემოებად ცნო ის ფაქტი, რომ მოსარჩელე - თ----- ზ------–---–- მისი ხელმძღვანელობისათვის არც ზეპირი და არც წერილობითი ფორმით არ უცნობებია მისი საავადმყოფო ფურცელზე (14.05.2018 – 24.05.2018) ყოფნის ფაქტი და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში არ წარუდგენია საავადმყოფო ფურცელი.
საქმის განხილვისას მხარეთა ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებებით, ასევე საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოსარჩელის მხრიდან ვერ დადასტურდა აღნიშნულის საწინააღმდეგო გარემოება.
მტკიცებულები:
1. სარჩელი/შესაგებელი;
2. მხარეთა ახსნა-განმარტებები (სასამართლო სხდომის ოქმი);
3. მოწმეთა ჩვენებები;
4. საავადმყოფო ფურცელი.
3.2.3. სასამართლომ დადგენილ სადავო გარემოებად ცნო ის ფაქტი, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერილ და ხელმოწერილი იქნა უშუალოდ თ----- ზ------–---–-ს მიერ. აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულებები მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა და ვერც საქმეზე გამოკვლეული გარემოებებით ვერ იქნა დადასტურებული.
მტკიცებულები:
1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2018 წლის 16 მაისის #61 ბრძანება;
2. თ----- ზ------–---–-ს 2018 წლის 16 მაისის #47-03 განცხადება;
3. სარჩელი/შესაგებელი;
4. მხარეთა ახსნა-განმარტებები (სასამართლო სხდომის ოქმი);
5. მოწმეთა ჩვენებები.
3.2.4. სასამართლომ დადგენილ სადავო გარემოებად ცნო ის ფაქტი, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2018 წლის 16 მაისის #61 ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო თ----- ზ------–---–-ს 2018 წლის 16 მაისის #47-03 განცხადება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის საორგანიზაციო და იურიდიულ საკითხთა განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. მითითებულ განცხადებაში მოსარჩელე ითხოვდა სამსახურიდან გათავისუფლებას. თუმცა განცხადების შინაარსი არ იძლევა განმცხადებლის ნების ერთმნიშვნელოვნად განმარტების შესაძლებლობას, რაც საბოლოოდ ეჭქვეშ აყენებს მოსარჩელის ნების გამოვლენის ნამდვილობას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ თ----- ზ------–---–- 2018 წლის 14 მაისიდან იმავე წლის 24 მაისამდე იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე. აღნიშნულის მიუხედავად მის მიერ მაინც მოხდა განცხადების დაწერა სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით. ამასთან, მართალია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელმძღვანელობისათვის ცნობილი არ იყო თ----- ზ------–---–-ს საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის ფაქტი (აღნიშნულის საწინააღმდეგო გარემოება ვერ იქნა შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურებული მოსარჩელის მიერ), თუმცა მითითებული გარემოება იწვევს საფუძვლიან ვარაუდს, რომ გამოკვლეული იქნეს თ----- ზ------–---–-ს მიერ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერის წინაპირობები.
საქმის განხილვისას დადასტურდა, რომ 2018 წლის 16 მაისს, იმავე დღით დათარიღებული გათავისუფლების შესახებ ბრძანების მიღებამდე, არც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის და არც სხვა უფლებამოსილი ხელმძღვანელების მიერ არ მომხდარა თ----- ზ------–---–-ს გამოკითხვა 2018 წლის 16 მაისს #47-03 განცხადებაში მითითებულ გარემოებასთან დაკავშირებით.
მტკიცებულები:
1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2018 წლის 16 მაისის #61 ბრძანება;
2. თ----- ზ------–---–-ს 2018 წლის 16 მაისის #47-03 განცხადება;
3. სარჩელი/შესაგებელი;
4. მხარეთა ახსნა-განმარტებები (სასამართლო სხდომის ოქმი);
5. მოწმეთა ჩვენებები.
3.2.5. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2018 წლის 16 მაისის #61 ბრძანება მოსარჩელე - თ----- ზ------–---–- ჩაბარდა 2018 წლის 08 ივნისს. შესაბამისად, მოსარჩელის მხრიდან არ მომხდარა მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევით სასამართლოსათვის მომართვა.
საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ფოსტის საფოსტო მომსახურების განხორციელების შესახებ ინფორმაციით დასტურდება, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიიდან გაგზავნილი გზავნილი თ----- ზ------–---–- ჩაბარდა 2018 წლის 08 ივნისს. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ გზავნილი წარმოადგენდა ბრძანებას, რაც ჩაბარდა მოსარჩელეს. რაც შეეხება, მოპასუხე მხარის აპელირებას თ----- ზ------–---–-------- მის სამუშაო ადგილზე (მთაწმინდის პარკი) ბრძანების გაგზავნის და 2018 წლის 08 მაისზე ადრე ჩაბარების თაობაზე - სასამართლო ვერ გაითვალისწინებს, ვინაიდან მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. ასევე ვერ იქნა დადასტურებული ფაქტი იმისა, რომ 2018 წლის 17 მაისს (ბრძანების გამოცემიდან მეორე დღეს) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის საორგანიზაციო და იურიდიულ საკითხთა განყოფილების უფროსმა - ე-- ტ--------- აცნობა თ----- ზ------–---–- სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე და განუმარტა მისი გასაჩივრების წესი. ამასთან, ალოგიკურია, თუ საკრებულოს უფლებამოსილი პირის მიერ ბრძანების ჩაბარების მიზნით საკმარისად იქნა მიჩნეული სადავო ბრძანების თ----- ზ------–---–-ს სამსახურეობრივ მისამრთზე გაგზავნა, რატომღა მოხდა იმავე ბრძანების მოსარჩელის საცხოვრებელ მისამრთზე გაგზავნაც. ასევე, რა ოფიციალურ დოკუმენტს ფლობდა მოპასუხე მხარე იმის თაობაზე, რომ მთაწმინდის პარკის ადმინისტრაცია იყო უფლებმოსილი პირი უზრუნველყო თ----- ზ------–---–-------- გზავნილის გადაცემა. რა ოფიციალური დოკუმენტით იხელმძღვანელა მოპასუხე მხარემ იმ ფაქტის დადგენის მიზნით, რომ თ----- ზ------–---–- მართლაც მუშაობდა მთაწმინდის პარკში.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2018 წლის 16 მაისის #61 ბრძანება უნდა გაუქმდეს, ხოლო საქმე დამატებითი შესწავლისათვის, დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად გადაეცეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
სასამართლოს მიიჩნევს, რომ არსებობს თ----- ზ------–---–-ს სარჩელის ნაწილობრივი დაკმაყოფილებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით განსაზღვრული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, ასევე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
რაც შეეხება, დანარჩენ სასარჩელო მოთხოვნებს, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს აღნიშნულის თაობაზე, ვინაიდან საქმე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად დამატებითი შესწავლისათვის, დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად უნდა გადაეგზავნოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ორგანული კანონი ”საერთო სასამართლოების შესახებ”, საქართველოს კონსტიტუცია.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.Aამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ. შესაბამისად, იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივ აქტებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათი-–-- თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე, 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-2 ნაწილი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობას უკავშირებს მხოლოდ ისეთ პროცედურულ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულო ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები კი წარმოადგენენ ისეთ გარემოებებს, რომელთა გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში მიღებული იქნება განსხვავებული გადაწყვეტილება.
საქმის განხილვისას დადგინდა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2018 წლის 16 მაისის #61 ბრძანების გამოცემის ერთადერთ ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენდა თ----- ზ------–---–-ს 2018 წლის 16 მაისის #47-03 განცხადება, რომელის შინაარსიც არ იძლევა მისი ერთმნიშვნელოვნად განმარტების შესაძლებლობას (აღნიშნულის შესახებ სასამართლომ იმსჯელა დადგენილ სადაო ფაქტობრივ გარემოებებში). მოსარჩელეს არ მისცემია შესაძლებლობა განემარტა 2018 წლის 16 მაისის #47-03 განცხადებაში მითითებული გარემოებები და აეხსნა თუ რატომ ითხოვდა სამსახურიდან გათავისუფლებას. აღნიშნული გარემოებების გამოკვლევა აუცილებელი იყო მოსარჩელის რეალური ნების განსაზღვრისა და მის საფუძველზე თ----- ზ------–---–-ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოსაცემად, რაც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხრიდან არ მომხდარა. თავად ის ფაქტი, რომ მოსარჩელის რეალურ ნებას არ წარმოადგენდა განცხადებაში მითითებული მოთხოვნა დაკავაბული თანამდებობიდან გათავსიფულების შესახებ დასტურდება წარმოდგენილი სარჩელითაც.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისათვის განცხადებით მიმართვის ფაქტი ვერ ჩაითვლება ერთადერთ პირობად მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოსაცემად, რადგან მოსარჩელის განცხადება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების და არა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველია.
გარდა ზემოაღნიშნულისა სასამართლო ყურადღებას ამახვილებს უშუალოდ სასამართლო პროცესზე გამოცხადებულ მხარეთა ახსნა-განმარტებებსა და მოწმეთა ჩვენებებზე. კერძოდ, როგორც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოწმემ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის საორგანიზაციო და იურიდიულ საკითხთა განყოფილების უფროსმა - ე-- ტ--------- განმარტა, თ----- ზ------–---–- იყო უშუალოდ მისი განყოფილების თანამშრომელი. მისი სხვა სამსახურში - მთაწმინდის პარკში ექიმად მუშაობის ფაქტის თაობაზე შეიტყვეს 2018 წლის 14 მაისს. მოსარჩელე არ გამოცხადდა სამსახურში, რა დროსაც მათ ჭორის დონეზე გაიგეს, თ----- ზ------–---–-ს სხვა სამსახურში მუშაობის თაობაზე. ე-- ტ--------- აღნიშნა, რომ იმავე დღეს დარეკა მთაწმინდის პარკში, რა დროსაც დაუდასტურეს, რომ თ----- ზ------–---–- იმ მომენტში იმყოფებოდა მათთან სამუშაოზე. 2018 წლის 15 მაისს მოსარჩელე გამოცხადდა სამსახურში, იმყოფებოდა საკრებულოს თავმჯდომარის მისაღებში და სურდა მასთან შეხვედრა. მოწმის განმარტებით მოსარჩელე შეხვდა, თუ არა თავმჯდომარეს მისთვის ცნობილი არ არის. 2018 წლის 16 მაისს თ----- ზ------–---–-- სამსახურიდან გათავისუფლების განცხადების დაწერამდე იმავე დღეს ირონიული ტონით სთხოვა დახმარებოდა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერაში, თუმცა მან უარი განაცხადა და არც უკითხავს რა კუთხით სჭირდებოდა მას დახმარება ტექნიკური თუ სამართლებრივი თვალსაზრისით. ასევე, როგორც მოწმემ აღნიშნა მას თ----- ზ------–---–-------- არ უკითხავს, თუ რატომ მიდიოდა სამსახურიდან. ამასთან, როგორც უშუალო ხელმძღვანელს არ უკითხავს მისთვის წასვლის მიზეზი, ვინაიდან ე-- ტ--------- განცხადებით მოსარჩელეს მის უშუალო ხელმძღვანელთან - ი-–-- ს-------–---–---- ჰქონდა ურთიერთობა. მოწმის განმარტებით თ----- ზ------–---–- გამოყენებული ჰქონდა შვებულების დღეები და ასევე ჰქონდა არასაპატიო გაცდენები.
ამასთან საყურადღებოა მოწმე ი-–-- ს-------–---–-- ჩვენებაც. როგორც მოწმემ განმარტა, არის აპარატის ხელმძღვანელი. თ----- ზ------–---–- პერიოდულად აცდენდა სამსახურს, რაც გახდა ეჭვის საფუძველი. მოგვიანებით (2018 წლის 16 მაისამდე 2 კვირიდან 1 თვის შუალედში) მათთვის გახდა ცნობილი თ----- ზ------–---–-ს სხვა სამსახურში მუშაობის თაობაზე. მოწმის განმარტებით თ----- ზ------–---–- არ შეეძლო სხვა სამსახურშიც ემუშავა. აღნიშნული ინფორმაციის გაგების შემდეგ, დაიბარეს და შეხვდნენ თ----- ზ------–---–-, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ დაწერდა განცხადებას და წავიდოდა სამსახურიდან (აღნიშნულ ფაქტს მოწმის განმარტებით ადგილი ჰქონდა მოსარჩელის მიერ სამსახურიდან გათავისუფლების განცხადების დაწერამდე 1 კვირის შუალედში). მოწმე ი-–-- ს-------–---–-- ასევე აღნიშნა, რომ თ----- ზ------–---–-- თავად გამოთქვა სურვილი სამსახურიდან წასვლაზე, მას შემდეგ რაც უთხრეს რომ მეორე სამსახური არ შეიძლებოდა და უნდა აერჩია. თ----- ზ------–---–-- კი ექიმის პროფესიით სამუშაო აირჩია, დაწერა განცხადება და წავიდა. ამასთან, ი-–-- ს-------–---–-- აღნიშნა, რომ დაძალებას ადგილი არ ჰქონია და მოსარჩელემ მეორე სამსახური აირჩია. მოწმემ განმარტა, რომ თ----- ზ------–---–-- განცხადების დაწერის დღეს განაცხადა, რომ გააკეთა არჩევანი, წერდა განცხადებას და მიდიოდა სამსახურიდან. ამასთან, ი-–-- ს-------–---–-- აღნიშნა, რომ მოსარჩელე განცხადების დაწერამდე შესული იყო ხელმძღვანელთან, ხოლო შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ.
სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხის წარმომადგენელმა - (საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თ---------------) - ო----- ჩ--–----–---–-- განმარტა, რომ სანამ იგი დაიბარებდა თ----- ზ------–---–-, თავად თ----- ზ------–---–- მისივე ინიციატივით შეხვდა 2018 წლის 16 მაისს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განუცხადა, რომ ერჩივნა თავისი პროფესია (ექიმობა) და ფიზიკურად საკრებულოში ვეღარ შეძლებდა სიარულს, დაწერდა განცხადებას და წავიდოდა, რაზედაც მან არაფერი შესთავაზა. ამასთან, თ----- ზ------–--–-- განუცხადა, რომ იგი (თავად თ----- ზ------–---–-) იყო (ციტირება): „ცუდი ადამიანი", რადგან ატყუებდა მათ.
ამასთან, მოპასუხის წარმომადგენელმა - (საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თ--------------- მ--------–-) - ლ--–- მ-------–---–-- განმარტა, 2018 წლის 14 მაისს თ----- ზ------–---–- არ გამოცხადდა სამსახურში, რა დროსაც თანამშრომლისგან გაიგეს, რომ იგი მუშაობდა სხვა სამსახურშიც, კერძოდ, მთაწმინდის პარკში ექიმად. მთაწმინდის პარკში დარეკვისას (დარეკა ე-- ტ---------, ასევე ესწრებოდნენ: ო----- ჩ--–----–---–-, ლ--–- მ-------–---–-, ი-–-- ს-------–---–-, ტელეფონი იყო ხმამაღალზე ჩართული) დაუდასტურეს, რომ თ----- ზ------–---–- მუშაობდა ამ დაწესებულებაში და მოცემულ მომენტში - კონკრეტულ დღესაც მათთან იმყოფებოდა. ამასთან, განუმარტეს, რომ კვირაში 2 დღე მათთან მუშაობდა. ლ--–- მ-------–---–-- აღნიშნა, რომ ამ ინფორმაციამ ისინი გააოცა და შეურაცხყოფილები გახდნენ. ლ--–- მ-------–---–-ს განმარტებით, თ----- ზ------–---–-- განუცხადათ, რომ იყო (ციტირება): "ძალიან უსინდისო ქალი“, უნდა წასულიყო სამსახურიდან, თუმცა მანამდე ო----- ჩ--–----–---–- უნდა შეხვედროდა. ო----- ჩ--–----–---–- 2018 წლის 15 მაისს მთელი დღე ელოდებოდა საკრებულოში, ხოლო 16 მაისს შეხვდა. ლ--–- მ-------–---–-- ასევე აღნიშნა, რომ მოსარჩელეს ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა თანამშრომლებთან.
ზემოაღნიშნული გარემოებები ცალსახად მიუთითებს, რომ არც ერთი ხელმძღვანელი პირი არ დაინტერესებულა თ----- ზ------–---–-ს წასვლის მიზეზით სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერამდე და არც მის შემდეგ. ასევე, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და უშუალოდ მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და მოწმეთა ჩვენებებით დადგინდა, რომ არ დაწყებულა ადმინისტრაციული წარმოება თ----- ზ------–---–-ს სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადების გამო. უფრო მეტიც, ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე მიღებული იქნა განცხადების დაწერის დღესვე - 2018 წლის 16 მაისს, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმ გარემოებაზე, მოპასუხის მხრიდან არ მომხდარა დაინტერესება და გამოკვლევა თ----- ზ------–---–-ს განცხადების დაწერისა და მისი სამსახურიდან წასვლის მიზეზების თაობაზე. მიუხედავა იმისა, რომ არსებობდა საფუძველი გამოკვლეულიყო გარკვეული გარემოებები, კერძოდ, არსებობდა თუ არა ინტერესთა კონფლიქტი, რის გამოც მოსარჩელი წერდა განცხადებას, განცხადების დაწერას საფუძვლად ედო ის ფაქტი, რომ მან არჩია სხვა სამსახური, თუ გრძნობა მორალურ პასუხისმგებლობას "ცრუ ინფორმაციის" მიწოდების გამო. შესაბამისად, არ გამოკლეულა ნამდვილად არსებობდა თუ არა ინტერესთა კონფლიქტი და სამსახურეობრივი შეუთავსებლობა, ასევე ადგილი ხომ არ ჰქონდა საჯარო მოხელის ეთიკის მოთხოვნათა დარღვევას, რის გამოც თ----- ზ------–---–- განცხადებით მიმართავდა უფლებამოსილ პირს მისი გათავისუფლების თხოვნით. შესაბამისად, არ გამოკვეულია და ობიექტური გამოკვლევუის შედეგად დადგენილი ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელესათვის არ მიუცია შესაბამისი განმარტებანი, რაც შეიძლება რადიკალურად საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღბის საფუძველი გამხდარიყო თ----- ზ------–---–-------. ხოლო თავად ის ფაქტი, რომ მოსარჩელის რეალურ ნებას არ გამოხატავდა მის მიერ წარდგენილი განცხადება, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა დასტურდება თ----- ზ------–---–-ს მიერ სადავო აქტის გასაჩივრებით.
ამდენად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ ისე, რომ არ გამოარკვია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საკითხები და მოსარჩელის პოზიცია 2018 წლის 16 მაისის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ #47-03 განცხადებასთან დაკავშირებით, მიიღო გადაწყვეტილება თ----- ზ------–---–-ს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის საორგანიზაციო და იურიდიულ საკითხთა განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოთმითითებული გარემოებები წარმოადგენს კანონის არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხევაში მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევის და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად სცნოს ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ზემოაღნიშნულთან მიმართებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად უნდა დაედოს საქმის გარემოებათა დეტალური და ობიექტური შეფასება, რა დროსაც თ----- ზ------–---–- უნდა მიეცეს გონივრული ვადა და შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ადმინისტრაციულ წარმოებაში და წარადგინოს საკუთარი მოსაზრებები. ამასთან, უნდა გაირკვეს ჰქონდა, თუ არა ადგილი მოპასუხის მხრიდან ისეთ ქმედებებს, რამაც მოსარჩელე აიძულა წასულიყო სამსახურიდან (აღნიშნულთან დაკავშირებით საყურადღებოა მოსარჩელის მიერ მოწვეულ მოწმეთა ჩვენებები, კერძოდ ის გარემოება, რომ თ----- ზ------–---–- ხმამაღლა უყვიროდა მისი უშუალოდ ხელმძღვანელი - ი-–-- ს-------–---–- და სთხოვდა სამსახურიდან წასვლას, თ----- ზ------–---–- იყო აღელვებული, ერთ-ერთ მოწმესთან სატელეფონო საურის დროს კი ტიროდა). ასევე გამოსაკვლევია ჰქონდა, თუ არა ადგილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელმძღვანელობის მხრიდან თ----- ზ------–---–-ს მიმართ ზეწოლას (რაზეც მოსარჩელე მხარე მთელი პროცესის განმავლობაში აპელირებდა), ასევე რა ფორმით და პროცედურული მოთხოვნების დაცვით მოხდა თ----- ზ------–---–-------- შეთავაზება მიერ გადაწყვეტილება და აერჩია მისი საქმიანობის განგრძობის სფერო საჯარო, თუ კერძო სტრუქტურაში, ასევე რეალურად არსებობდა, თუ არა ინტერესთა კონფლიქტი თ----- ზ------–---–-ს მიერ განხორციელებული საქმიანობებს შორის.
ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ იგი საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდში (14.05.2018 – 24.05.2018) გათავისუფლეს სამსახურიდან. საქმის განხილვისას მხარეთა ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებებით, ასევე საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოსარჩელის მხრიდან ვერ დადასტურდა მოპასუხე მხარისათვის აღნიშნული ინფორმაციის მიწოდების ფაქტი. ამასთან, სადავო არ გამხდარა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში არც შემდგომში წარუდგენია საავადმყოფო ფურცელი. გარდა ზემოაღნიშნულისა, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია თ----- ზ------–---–- მისი სამსხურიდან წასვლის შესახებ განცხადებაშიც არ აქვს მითითებული.
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს მოსარჩელისათვის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გასაჩივრების ვადის თაობაზე. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას გასაჩივრების ვადის გასვლასთან დაკავშირებით. როგორც საქმის მასალებით ირკვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2018 წლის 16 მაისის #61 ბრძანება მოსარჩელე - თ----- ზ------–---–- ჩაბარდა 2018 წლის 08 ივნისს. შესაბამისად, მოსარჩელის მხრიდან არ მომხდარა მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევით სასამართლოსათვის მომართვა (სასამართლომ აღნიშნულის თაობაზე ვრცლად იმსჯელა დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებებში).
ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ მას არ დაუწერია სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება და განცხადებაზე არსებული ხელმოწერა მას არ ეკუთვნის. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და მოწმეთა ჩვენებებით ვერ დადასტურდა აღნიშნულის საწინააღმდეგო გარემოება. კერძოდ, როგორც საქმის განხილვისას მოწმე - ი---- გ------–---–-- (საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) აღნიშნა, თ----- ზ------–---–- მასთან შევიდა კაბინეტში და სთხოვა დახმარებოდა განცხადების ატვირთვაში. თ----- ზ------–---–- ამბობდა, რომ მას უყვარდა თავისი პროფესია (ექიმობა) და გადაწყვეტილი ჰქონდა სამსახურიდან წასვლა. თ----- ზ------–---–-- უკარნახა თავისი პერსონალური პაროლი, რა დროსაც ტექსტი აკრეფილი ჰქონდა და იგი მხოლოდ ფაილის ატვირთვაში დაეხმარა. ი---- გ------–---–-- განმარტა, რომ მოსარჩელეს მხოლდ ერთ ღილაკზე ჰქონდა ხელი დასაჭერი და განცხადება ხელმოწერილი გახდებოდა, ამ პოზიციაზე მიყვანისთანავე მან დატოვა მოსარჩელე და გავიდა ოთახიდან. შემდგომში რა მოხდა მისთვის უცნობია. ამასთან, იგივე ჩვენება მისცა მოწმე - ნ----- ყ-------–---–--, რომელმაც აღნიშნა, რომ თ----- ზ------–---–-- თავად დაწერა ტექსტი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, დაუძახა ი---- გ------–---–-, რომელიც მას დაეხმარა ტექნიკურ საკითხებში. ამასთან, მოწმემ აღნიშნა, რომ თ----- ზ------–---–- განცხადების დაწერის დღეს ამბობდა, რომ მიდიოდა სამსახურიდან, ვინაიდან უყვარდა თავისი მეორე სამსახური და პროფესია.
ამასთან, როგორც მოწმე - ე-- ტ---------, ი-–-- ს-------–---–-- და ასევე მოპასუხის წარმომადგენლებმა განმარტეს კონკრეტული თანამშრომლის პროგრამის პაროლი ცნობილია მხოლოდ კონკრეტული პირისათვის და მათ გარეშე შეუძლებელია მათ პერსონალურ სისტემაში შეღწევა. ასევე, მოწმე ი-–-- ს-------–---–-- აღნიშნა, რომ როგორ მისთვის ცნობილია მოსარჩელს დაეხმარნენ ტექნიკური თვალსაზრისით, რადგან პროგრამა საჭიროებს გარკვეული ნიუანსების ცოდნას და თ----- ზ------–---–- ესაჭიროებოდა დახამრება. მისივე განმარტებით პროგრამაში მუშაობისას რაიმე ნიუანსის გაურკვევლობის შეთხვევაში საკრებულოს თანამშრომლებს ეხმარება - ვ---- (ი----) გ------–---–-.
ამდენად სასამართლო აღნიშნავს, რომ პროგრამაში რაიმე ქმედების განხორციელების მიზნით დახამრება, არ შეიძლება გაუთანაბრდეს უშუალოდ დამხარე პირის ნებას. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი---- გ------–---–- მართალია დაეხმარა თ----- ზ------–---–- განცხადების ატვირთვაში, თუმცა ეს ავტომატურად არ გულისხმობს მისი მხრიდან მოსარჩელის ნების საწინააღმდეგო ქმედების ჩადენას და მოსარჩელის ნაცვლად განცხადებაზე ხელის მოწერას. როგორც საქმის გამოკვლევისას დადგინდა, თანხმობა განცხადების დასტურთან დაკავშირებით მისცა უშუალოდ მოსარჩელემ. შესაბამისად, მოსარჩელის მხრიდან იმ ფაქტზე აპელირება, რომ განცხადება მას არ დაუწერია და არ დაუფიქსირებია განცხადებაზე ხელმოწერა დაუსაბუთებელია და არ დგინდება საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით. ასევე საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ აღნიშნულის თაობაზე (დოკუმენტის გაყალბება) თ----- ზ------–---–- არც პროკურატურისათვის მიუმართავს და არც სარჩელის აღძვრამდე მოპასუხე მხარისათვის არ განუცხადებია.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. შესაბამისად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან საპროცესო ხარჯების გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, რას სრულად უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელე - თ----- ზ------–---–-.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, 53.1-ე, მე-12, 22-ე, 32-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ----- ზ------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2018 წლის 16 მაისის #61 ბრძანება თ----- ზ------–---–-ს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის საორგანიზაციო და იურიდიულ საკითხთა განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
3. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალოს ახალი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
4. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
5. თ----- ზ------–---–- დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, შემდეგი ანგარიშიდან: გადამხდელის ბანკი: სს ”ლიბერთი ბანკი”, ბანკის კოდი: LBRTGE22; ინფორმაცია პირზე, რომლის მაგივრადაც სრულდება გადახდა, დასახელება - თ-----ი ზ------–---–-; საიდენტიფიკაციო კოდი/პირადი ნომერი: 3----------; მიმღები დასახელება: ერთიანი საბიუჯეტო ანგარიში; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 300553150; მიმღების ბანკი/ხაზინა - ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური; ბანკის კოდი: TRESGE22; საგადახდო დავალება №--------; 3 ივლისი, 2018 წელი.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოში სიღნაღის რაიონული სასამართლოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილი