გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.04.2019
საქმის ნომერი
180210018002715918
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
12.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/9---18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 აპრილი, 2019 წელი ქ. მცხეთა

შესავალი ნაწილი

მცხეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე სოფიო ლეჟავა

სხდომის მდივანი ეკა გაბიდაური

მოსარჩელე: დ--–---ის მ----–----–-------ს მ----ა

წარმომადგენელი: ა--------–---–ი

მოპასუხე: დ----------------ი

წარმომადგენელი: რ-------------–---–ი

დავის საგანი: 2017 წლის 18 სექტემბრის აღნაგობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ფ/პ დ----------------ს დაეკისროს 2017 წლის 18 სექტემბერს გაფორმებული აღნაგობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი დავალიანების გადახდა 5975 ლარის ოდენობით (მოსარჩელემ მოსამზადებელ ეტაპზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა)

1.2. ფ/პ დ----------------ს დაეკისროს 2017 წლის 18 სექტემბრის აღნაგობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს გადახდა, ვალდებულების დარღვევის დღიდან პირველ სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული ძირითადი დავალიანების დაფარვის დღემდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით, რაც საქმის განხილვის დროისთვის შეადგენს 19-- ლარს;

 

სარჩელის საფუძვლები

 

2017 წლის 21 ივნისს, დ--–---ის მ----–----–-------ს გამგებლის #1---/ს ბრძანების საფუძველზე გამოცხადდა პირობებიანი ელექტრონული აუქციონი დ--–---ის მ----–----–-------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, სოფელ ზემო მლეთაში მცხეთა-ყაზბეგი-ლარსის საავტომობილო გზის გასწვრივ მდებარე 4-- კვ.მ (ს/კ 7-----------) არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, აღნაგობის ფორმით განკარგვის მიზნით.

აუქციონში გაიმარჯვა ფიზიკურმა პირმა - დ----------------მა. 2017 წლის 18 სექტემბერს დ--–---ის მუნიციპალიტეტსა და მოპასუხეს შორის გაფორმდა აღნაგობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად დ--–---ის მ----–----–-------დან დ----------------ს აღნაგობის უფლებით 20 წლის ვადით დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაეცა დ--–---ის მ----–----–-------ს სარგებლობაში არსებული, სოფელ მლეთაში მცხეთა-ყაზბეგი-ლარსის საავტომობილო გზის 81-ე კილომეტრზე მდებარე 4-- კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 7-----------). აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად აღნაგობის საზღაურის ოდენობა წელიწადში 10500 ლარით განისაზღვრა. ანგარიშსწორება მოპასუხეს უნდა განეხორციელებინა ხელშეკრულებაზე თანდართული აღნაგობის საზღაურის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, არაუგვიანეს აღნაგობის საზღაურის გადახდის გრაფიკში მითითებული თარიღისა.

დ----------------მა დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და არ გადაიხადა აღნაგობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, რის გამოც მას 2018 წლის 30 აპრილს და 2018 წლის 28 მაისს გაეგზავნა გაფრთხილების წერილები და ეცნობა, რომ ერიცხებოდა ძირითადი თანხის დავალიანება და პირგასამტეხლო, რომლის ოდენობაც 2018 წლის 23 აპრილისთვის 5439 ლარს, ხოლო 2018 წლის 23 მაისისთვის 5596.5 ლარს შეადგენდა. ასევე ეცნობა, რომ აღნიშნული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მის წინააღმდეგ გატარდებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. დ----------------მა არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, ასევე არ გაითვალისწინა დ--–---ის მ----–----–-------დან გაგზავნილი გაფრთხილების წერილები, რის გამოც 2018 წლის 9 ივლისს დ--–---ის მ----–----–-------ს მ----ს #1---/ს ბრძანებით ცალმხრივად შეუწყდა ხელშეკრულება და აღნიშნულის შესახებ ეცნობა დ----------------ს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი და მიაჩნია, რომ არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. დ----------------ის განმარტებით მის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობა გამოწვეული იყო ობიექტური მიზეზით. აღნაგობის ხელშეკრულება ორივე მხარეს აკისრებდა უფლებებსა და მოვალეობებს. თავად მოსარჩელეს არ შეუსრულებია ხელშეკრულებით გათვალისწინებული თავისი მოვალეობა, კერძოდ აღნაგობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი მოსარჩელე მხარეს არ გადაუცია დ----------------ისათვის, როგორც ამას ითვალისწინებდა ხელშეკრულების 4.3.1 და 7.1 პუნქტები. მოსარჩელე მხარე ვალდებული იყო დ----------------ისათვის გადაეცა შესაბამისი მიწის ნაკვეთი აღნაგობის უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, სადაც აღწერილი იქნებოდა ნაკვეთის ფაქტობრივი მდგომარეობა და მხარეთა შენიშვნები. მიუხედავად იმისა, რომ აღნაგობა ნამდვილად დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში 2017 წლის 25 სექტემბერს, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმებულა ხელშეკრულების შესაბამისად, რამაც განაპირობა დ----------------ის მხრიდან თანხის გადაუხდელობა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1 2017 წლის 21 ივნისს დ--–---ის მ----–----–-------ს გამგებლის #1---/ს ბრძანების საფუძველზე გამოცხადებულ პირობებიან ელექტრონულ აუქციონში გაიმარჯვა ფიზიკურმა პირმა დ----------------მა და 2017 წლის 18 სექტემბერს მხარეებს შორის გაფორმდა აღნაგობის ხელშეკრულება 20 წლის ვადით დ--–---ის მ----–----–-------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, სოფელ ზემო მლეთაში მცხეთა-ყაზბეგი-ლარსის საავტომობილო გზის გასწვრივ მდებარე 4-- კვ.მ (ს/კ 7-----------) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, აღნაგობის ფორმით განკარგვის თაობაზე; აღნაგონის თანხად განისაზღვრა წელიწადში 10500 ლარი. მოპასუხეს უნდა განეხორციელებინა ხელშეკრულებაზე თანდართული აღნაგობის საზღაურის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, არაუგვიანეს აღნაგობის საზღაურის გადახდის გრაფიკში მითითებული თარიღისა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2017 წლის 21 ივნისის #1---/ს ბრძანება ს.ფ. 19-21;

- 2017 წლის 18 ივლისის ოქმი #6 ს.ფ. 24-29;

- 2017 წლის 18 სექტემბრის აღნაგობის ხელშეკრულება ს.ფ. 30-38;

 

3.1.2. დ----------------მა გადაიხადა აღნაგობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის მხოლოდ ნაწილი - 2500 ლარის ოდენობით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები;

 

3.2.1. 2017 წლის 25 სექტემბერს საჯარო რესტრში დარეგისტრირდა აღნაგობის უფლება, თუმცა მიწის ნაკვეთის გადაცემა არ მოხდა მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება; შესაგებელი;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.2.2. დადგენილია, რომ დ----------------მა არ გადაიხადა აღნაგობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა გრაფიკის შესაბამისად, რის გამოც მას 2018 წლის 30 აპრილს და 2018 წლის 28 მაისს გაეგზავნა გაფრთხილების წერილები და ეცნობა, რომ ერიცხებოდა ძირითადი თანხის დავალიანება და პირგასამტეხლო. სახელშეკრულებო ვალდებულებათა არაჯეროვანი შესრულების შედეგად მოპასუხის მიერ გადასახდელმა თანხამ შეადგინა 5.975 ლარი, მოპასუხე მხარის შეუსრულებელ ვალდებულებას ასევე წარმოადგენს აღნაგობის თანხის გადაუხდელობის გამო დარიცხული პირგასამტეხლო 19-- ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 30 აპრილის #08/8--- წერილი; ს.ფ. 41;

- 2018 წლის 28 მაისის #08/1---- წეილი; ს.ფ. 42;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

3.2.3. მოპასუხე დ----------------ს ეცნობა, რომ 2018 წლის 09 ივლისს ცალმხრივად შეწყდა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2018 წლის 9 ივლისის 1---/ს ბრძანება; ს.ფ. 22-23;

- 2018 წლის 11 ივლისის #08/1---- წერილი; ს.ფ. 39;

 

3.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს: ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას ვინც უარყოფს“-,,affirmanti, non legati, incumbit probatio“.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამ ნორმის შესაბამისად, საქმეში არსებული ყოველი მტკიცებულება უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან შეჯერების საფუძველზე და ამის შემდეგ გამოიტანოს სასამართლომ დასკვნა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადასტურების ან დაუდასტურებლობის შესახებ.

 

3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად; (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32). ''ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის'' მე-6-მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ. საქმე Nას-178-167-2017).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სასამართლომ განიხილა სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, ამასთან მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ დ--–---ის მ----–----–-------ს მ----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 233-234-ე, 236-ე, 316-319-ე, 361-ე, 400-ე, 405-ე, 417-418-ე, 420-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის 2017 წლის 18 სექტემბრის აღნაგობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა ვალდებულებით- სამართლებრივი ურთიერთობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მიწის ნაკვეთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს ვადიან სარგებლობაში ისე, რომ მას ჰქონდეს ამ ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლება, ასევე ამ უფლების გასხვისების, მემკვიდრეობით გადაცემის, თხოვების, გაქირავების უფლება (აღნაგობის უფლება); ამავე კოდექსის 234-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი აღნაგობის უფლების წარმოშობისა და შეძენის მიმართ შესაბამისად გამოიყენება უძრავი ნივთის შეძენის წესები. ამასთან, 236-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად აღნაგობის უფლების მქონეს შეიძლება ხელშეკრულებით დაეკისროს საზღაურის გადახდა. მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ეს უფლება განუყოფელია ნაკვეთზე საკუთრების უფლებისაგან.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ:

ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების

შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება.

 

6.2. მოცემულ შემთხევვაში დადგენილია, რომ 2017 წლის 18 სექტემბერს მხარეეს შორის გაფორმდა აღნაგობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად დ----------------ს სასყიდლიან სარგებლობაში გადაეცა დ--–---ის მ----–----–-------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, სოფელ ზემო მლეთაში მცხეთა-ყაზბეგი-ლარსის საავტომობილო გზის გასწვრივ მდებარე 4-- კვ.მ (ს/კ 7-----------) არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ დ----------------მა აღნაგობის უფლება დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში 2017 წლის 25 სექტემბერს, და შეუდგა მიწის ნაკვეთის სარგებლობას. ამასთან, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა გრაფიკის შესაბამისად და გადაიხადა კიდეც მისი ნაწილი, რითიც მან ფაქტობრივად აღიარა დ--–---ის მ----–----–-------ს წინაშე ვალდებულების არსებობა; შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის არგუმენტს იმასთან დაკავშირებთ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დარჩენილი ნაწილის ანაზღაურებაზე უარი განპირობებული იყო ობიექტური მიზეზით, რაც მას აძლევდა შესაძლებლობას არ გადაეხადა დარჩენილი თანხა. მოპასუხის არგუმენტი იმასთან დაკავშირებთ, რომ აღნაგობის ხელშეკრულების საგანი - მიწის ნაკვეთი გადაცემული არ იყო მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში და მას არ ეძლეოდა შესაძლებლობა ესარგებლა ნაკვეთით ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, გარდა მხარის ახსნა-განმარტებისა, არ დასტურდება სხვა წერილობითი მტკიცებულებით. ამდენად, დაუსაბუთებელია მხარის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს უკანასკნელი ზეპირსიტყვიერ მოლაპარაკებას აწარმოებდა მოსარჩელე მხარესთან, ელოდა ხარვეზის გამოსწორებას და სწორედ დასახელებული მიზეზით არ იხდიდა გრაფიკით განსაზღვრულ თანხას. აღნიშნულის დამადასტურებელი უტყუარი და დამაჯერებული მტკიცებულება მოპასუხე მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია;

 

სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო სამართლებრივი ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა იქნას მიჩნეული, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

დადგენილია ასევე, რომ მოსარჩელემ 2018 წლის 30 აპრილისა და 2018 წლის 28 მაისის წერილებით მოპასუხე მხარეს აცნობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო არსებული დავალიანების შესახებ და არც ამის შემდგომ მოუხდენია რაიმე სახის რეაგირება ამ უკანასკნელს, რის შემდეგაც დ--–---ის მ----–----–-------ს მ----ს 2018 წლის 09 ივლისის ბრძანების საფუძველზე ცალმხრივად შეწყდა მხარეებს შორის დადებული აღნაგობის ხელშეკრულება, რაც 2018 წლის 11 ივლისის წერილით ეცნობა დ----------------ს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

2017 წლის 18 სექტემბრის ხელშეკრულების 5.1 პუნქტის შესაბამისად, აღნაგობის საზღაურის გადახდის დაგვიანებისთვის მოაღნაგე ვალდებულია გადაიხადოს გადაუხდელი საზღაურის 0.1 %-ს ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; პირგასამტეხლოს გადახდა მოაღნაგეს არ ათავისუფლებს მასზე დაკისრებული ძირითადი ვალდებულების შესრულებისაგან;

 

ამდენად, დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლოს გადახდა ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია.

 

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს არსებითად ორი ფუნქცია აქვს: ვიდრე ვალდებულება არ ირღვევა, იგი ემსახურება მისი შესრულების სტიმულირებას. მოვალემ წინასწარვე იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში იგი ვერ აცდება გარკვეული საზღაურის გადახდევინებას, მაშინ როცა სხვა დროს, შეიძლება მას ამის „იმედი“ ჰქონდეს. მთავარი მაინც ის არის, რომ პირგასამტეხლო ესაა ზიანის ანაზღაურების საშუალება, იმ ზიანისა, რომელიც შეიძლება განიცადოს კრედიტორმა. კრედიტორი პირგასამტეხლოს დაწესებით ვალდებულების დარღვევის შემთხვევისათვის იადვილებს და დაზღვეულს ხდის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას. პირგასამტეხლოს დაწესებით კრედიტორის გარანტიები გაზრდილია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო; მოცემული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცემულობამდე.

 

მოცემულ შემთხვევაში მართალია პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა მხარეთა შეთანხმებით, თუმცა აღნიშნული გარემოება არ გამორიცხავს სასამართლოს მხრიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში. ამასთან, ეს თავისუფლება გარკვეული ფასეულობებითაა შეზღუდული, რომლის მიზანიცაა სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის უზრუნველყოფა. პირგასამტეხლოს მიზანს არ წარმოადგენს კრედიტორის გამდიდრება, მისი ოდენობა ადეკვატური უნდა იყოს შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობისა. აღნიშნულის მიუხედავად შესაძლებელია მხარეები იმ ოდენობის პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ, რისი გადახდევინებაც შემდგომ მძიმე ტვირთად დააწვეს მოვალეს. ამიტომაც განსაზღვრავს კანონი სასამართლოს უფლებამოსილებას სამართლიანად შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებულია მხარეთა შორის შეთანხმებული შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ 19-- ლარის პირგასამტეხლოს სახით დაკისრება აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დასახელებული პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და მოპასუხეს მთლიანობაში გადასახდელად დაეკისროს მხოლოდ - 500 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ბაჟი 194.50 ლარის ოდენობით;

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი:

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-259ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დ--–---ის მ----–----–-------ს მ----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

1.1 მოპასუხე დ----------------ს მოსარჩელე დ--–---ის მ----–----–-------ს მ----ის სასარგებლოდ დაეკისროს აღნაგობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის - 5.975 (ხუთიათას ცხრაას სამოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა;

1.2 მოპასუხე დ----------------ს მოსარჩელე დ--–---ის მ----–----–-------ს მ----ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 500 ლარის გადახდა;

2. მოპასუხე დ----------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროს 194.50 ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სოფიო ლეჟავა