გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2973-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 აპრილი 2019 წ. ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე შპს "მისო ე-------------ი"
წარმომადგენელი ნინო დათუკიშვილი
მოპასუხე მ------ მ---–--ე
დავის საგანი სესხის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მ------ მ---–--ისათვის 1650 ლარის დაკისრება;
სარჩელის საფუძვლები
2016 წლის 7 ოქტომბერს შპს მისო ე-------------სა და მ------ მ---–--ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება N448868, რომლის საფუძველზე მსესხებელმა მიიღო კრედიტი 550 ლარი 30 დღის ვადით 2016 წლის 7 ნოემბრამდე დაბრუნების ვადით. სესხის სარგებელი შეადგენს 115.33 ლარს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების დაგვიანებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 1,5%, ასევე ფიქსირებული პირგასამტეხლო ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარი.
მოპასუხემ სესხის დაბრუნების ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც მას 2016 წლის 8 ნოემბრიდან დაერიცხა პირგასამტეხლო, რამაც შეადგინა 964.67 ლარი. მოსარჩელე მოითხოვს 1650 ლარის დაკისრებას, საიდანაც 550 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 115.33 ლარი სარგებელი, 964.67 ლარი პირგასამტეხლო, ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარი..
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე ნაწილობრივ ცნო სარჩელი და თანხმობა განაცხადა ძირითადი თანხის და სარგებლის გადახდაზე, ხოლო პირგასამტეხლო არ ცნობ, რადგან მოსარჩელე მაღალ თანხას მოითხოვს, რისი გადახდის შესაძლებლობა არა აქვს. მოპასუხემ მოითხოვა დაკისრებული თანხის განაწილვადება, რადგან გააჩნია სხვადასხვა საკრედიტო ვალდებულებები, რომლის გადახდა სასამართლო გადაწვეტილებებით ყოველთვიურად აქვს დაკისრებული, მუშაობს საწარმოო აზოტში, ხელფასი აქვს 500 ლარი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 7 ოქტომბერს შპს მისო ე-------------სა და მ------ მ---–--ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება N448868, რომლის საფუძველზე მსესხებელმა მიიღო კრედიტი 550 ლარი 30 დღის ვადით 2016 წლის 7 ნოემბრამდე დაბრუნების ვადით. სესხის სარგებელი შეადგენს 115.33 ლარს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების დაგვიანებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 1,5%, ასევე ფიქსირებული პირგასამტეხლო ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- სესხის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 15-23. ტომი 1)
- სარჩელი (ს.ფ. 2-6. ტომი 1)
3.1.2. მ------ მ---–--ემ სესხის დაბრუნების ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც მას 2016 წლის 8 ნოემბრიდან დაერიცხა პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო დარიცხულია 117 დღის განმავლობაში ყოველდღიურად ჯამურად 964.67 ლარის ოდენობით. ასევე დარიცხულია ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
– სარჩელი (ს.ფ. 2-6. ტომი1)
– შესაგებელი (ს.ფ. 55-59. ტომი 1)
– მოსარჩელის განმარტება (18.04.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშნელოვანი გარემოებები მხარეებს შორის სადაო არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სასესხო ვალდებულების შესრულება, ხოლო მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს. უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის შუამდგომლობა გადაწყვეტილების განწილვადების შესახებ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 623-ე, 625-ე მუხლები, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 400-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე მუხლები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე და 263-ე მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სესხის ხელშეკრულება. სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა, იგი დადებულად ითვლება ხელშეკრულების საგნის მხარისათვის გადაცემიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623–მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელს ევალება საკუთრებაში გადასცეს მსესხებელს ფული ან სხვა გვაროვნულ ნივთი, ხოლო მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს სესხად მიღებული ქონება. ამავე კოდექსის 625–ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად (2017 წლის 15 იანვრამდე მოქმედი რედაქცია), მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
2016 წლის 7 ოქტომბერს დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ სესხად მიიღო 550 ლარი 30 დღის ვადით. სესხი სარგებლიანია და სარგებელი შეადგენს 115.33 ლარს. ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მსესხებელმა დაარღვია კრედიტის დაფარვის ვადა, მან არ შეასრულა სესხის დაბრუნების ვალდებულება, რომელიც ხელშეკრულების თანახმად უნდა შეესრულებინა 2016 წლის 7 ნოემბრამდე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. ასეთი გარემოებები საქმიდან არ გამომდინარეობს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზი იყო ისეთი გარემოება (დაუძლეველი ძალა, მესამე პირთა მოქმედება, კრედიტორის მოქმედება), რაც მოვალის პასუხისმგებლობას გამორიცხავს.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით ვალდებულების მონაწილეს ეკისრება ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს იმ პირობების ზუსტი დაცვით, როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული. სესხის დაბრუნების ვადის დარღვევის გამო მსესხებელს ეკისრება ვალდებულების, სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილი სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამასთან, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. ამდენად, აღნიშნული ნორმის შესაბამისად საპროცესო კოდექსით მოპასუხეს მინიჭებული აქვს უფლება ცნოს სარჩელი.
მოპასუხემ ცნო სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის დაკისრების მოთხოვნა. განსახილველ საქმეში დავა გამომდინარეობს მხარეებს შორის არსებული სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, შეეხება მხოლოდ მათ უფლებებს, რის გამოც მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სადაო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ, რაც სარჩელის დაკმაყოფილების და ამ თანხის დაკისრების საკმარისი საფუძველია სსსკ 208-ე მუხლის საფუძველზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს გადახდევინება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
მხარეთა შეთანხმებით პირგასამტეხლო შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 1,5%-ს, ასევე გრაფიკის ყოველი დარღვევისათვის ფიქსირებულ თანხას 20 ლარს.
საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრულია და მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს ასანაზღაურებლად მოთხოვნილია ძირითადი თანხის დავალიანების 1,5%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ერთ ვადაგადაცილებულ დღეში შეადგენს 8.25 ლარს. პირგასამტეხლო დარიცხულია 117 დღის ვადაგადაცილების პერიოდისათვის.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ არსებობს, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობა არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას წარმოშობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.
პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია. პირგასამტეხლოს ძირითადი ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა.
კანონი ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას შეამციროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც ნიშნავს ვალდებულების დარღვევის გარემოებების შეფასების შედეგად ამ საკითხის გადაწყვეტას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამრთლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არაგონივრულად მაღალია, რადგან ყოველდღიურად 8.25 ლარის დაკისრება გასესხებულ თანხასთან 550 ლართან მიმართებაში აშკარად მაღალია. მიხედავად იმისა, რომ მოპასუხემ სესხის საერთოდ არ დააბარუნა, მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება მეტისმეტად მკაცრი პასუხისმგებლობის დაკისრება იქნება ისეთ ვითარებაში, როცა სესხის თანხა არ არის მაღალი და პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი სესხზე თითქმის ორჯერ მეტი თანხა. ამ ოდენობით პირგასამტეხლოს დარიცხვა უფრო მეტად მოვალის დასჯას ისახავს მიზნად ვიდრე კრედიტორის სავარაუდო ზიანის პრევენციას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევა ემსახურება იმ მიზანს, რომ დაცული იქნას სამოქალაქო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპი, რაც პირგასამტეხლოს საკითხში ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაადგინონ იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს ხელშეკრულების მხარეს.
სამოქალაქო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე პირგასამტეხლოს განსაზღვრის დროს დაცული უნდა იყოს პროპორციულობის (თანაზომიერების) პრინციპი. პირგასამტეხლოს დაკისრებით მხარემ არათანაზომიერად დიდი სარგებელი არ უნდა მიიღოს. პირგასამტეხლოს მიზანია მხარის მიერ განცდილი დანაკარგების კომპენსირება, მხარის დარღვეული უფლების აღდგენა გონივრულობის ფარგლებში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხად გაცემული თანხის ოდენობის გათვალისწინებით მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს, რადგან მოთხოვნილი პირგასამტეხლოს 964,67 ლარის დაკისრება მოვალისათვის მეტისმეტად მძიმე ტვირთი იქნება, საერთო ჯამში ნასესხებ თანხაზე სამჯერ მეტი თანხის გადახდის ვალდებულებას დააკისრებს მოვალეს, რაც ვალდებულების შესრულებას გაართულებს. პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს ყოველდღიურად სესხის გადაუხდელი ნაწილის 0,25%-ის ოდენობით, რაც ერთ ვადაგადაცილებულ დღეში შეადგენს 1.37 ლარს, ხოლო 117 ვადაგადაცილებული დღისათვის 160,87 ლარს. მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთჯერადი პირგასამტეხლო 20 ლარი.
ამდენად, მოპასუხის მიერ ასანაზღაურებელი თანხაა 846,2 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 550 ლარი, პროცენტი 115,3 ლარი, ერთჯერადი საურავი 20 ლარი, პირგასამტეხლო 160,87 ლარი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა დადგინდეს გადაწყვეტილების აღსრულების წესი და მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის გადახდა უნდა განწილვადდეს 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად 70,51 ლარის გადახდით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადას, ან მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში. ამ ნორმის მიხედვით, სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების მიღებისას დაადგინოს ამ გადაწყვეტილების აღსრულების წესი და განსაზღვროს გადაწყვეტილების შესრულების ვადა, ხოლო ეს საკითხი უნდა გადაწყდეს დავის არსის, მხარეთა პატივსადები ინტერესის, მათი მართლზომიერი ინტერესების გათვალისწინებით.
სს რუსთავის აზოტის მიერ 2019 წლის 27 თებევრლა გაცემული ცნობით დასტურდება, რომ მ------ მ---–--ე ამ საწარმოში მუშაობს ავტომატიკის საამქროში ელ.ზინკლად. მის სატაროფო განაკვეთია თვეში 583 ლარი.
მოპასუხის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების თანახმად, მარინა მ---–--ეს რამდენიმე საკრედიტო ვალდებულება აქვს შესასრულებელი. კერძოდ, სს საქართველოს ბანკიდან აღებული აქვს კრედიტი 7653,12 ლარი, რომლის ყოველთვიური ყველაზე მცირე შენატანია 278,92 ლარი. სს საქართველოს ბანკისათვის ასევე გადასახდელი აქვს 65,67 აშშ დოლარი.
აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 26 თებერვლის ბრძანებით მ------ მ---–--ეს შპს მონლაინის სასარგებლოდ დაეკისრა 650 ლარის გადახდა 2019 წლის 25 მარტიდან 2020 წლის 25 თებერვლის ჩათვლით ყოველთვიურად 57 ლარის გადახდით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 აგვისტოს განჩინებით დამტკიცდა მ------ მ---–--ესა და შპს ინფინიტი ჰოლდინგს შორის მოგება, რომლითაც მ------ მ---–--ეს დაეკისრა 775 ლარის გადახდის ვალდებულება 10 თვეზე განაწილებით, ყოველთვიურად 77,5 ლარის გადახდით.
ამდენად, გადახდის ბრძანებით და სასამართლო განჩინებით დადასტურებული ვალდებულების საფუძველზე მოპასუხეს ყოველთვიურად ეკისრება 134,5 ლარის გადახდის ვალდებულება. მოპასუხემ ასევე ყოველთვიურად უნდა გადაიხადოს სს საქართველოს ბანკის მიმართ არსებული საკრედიტო ვალდებულების შესასრულებლად თანხა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მისი მძიმე მატერიალური მდგომარეობა, რადგან მისი ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი, ხელფასი არის 583 ლარი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ აღსრულების წესის დადგენის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას სადაო თანხის მოცულობა და ის, თუ რა პერიოდულობით მოითხოვს მოპასუხე თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდას, რის შედეგად უნდა შეფასდეს გადახდის პერიოდულობის გონივრულობა. ამ შემთხვევაში მოპასუხის მიერ შესასრულებელი ფულადი ვალდებულებაა 846,2 ლარი, რომლის 12 თვის განმავლობაში ყოველთვიურად გადასახდელი თანხაა 70,51 ლარი. სადაო თანხის მოცულობიდან გამომდინარე მისი 12 თვის მანძილზე გადახდა არ მიაყენებს ზიანს მოსარჩელის მართლზომიერ ინტერესს - დროულად აღასრულოს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების აღსრულების წესის დადგენისთვის მნიშვნელოვანია ასევე ის გარემოება, რომ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის და სადაო თანხის ერთდროულად გადახდის თუნდაც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, მისი რეალურად აღსრულების გარანტიას არ ქმნის. მოპასუხემ არ გააჩნია იმდენი შემოსავალი, საიდანაც დაკისრებული თანხის ერთბაშად გადახდევინება იქნება შესაძლებელი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაწყვეტილების რეალურად აღსრულების მიზნის მიღწევისათვის უნდა დადგინდეს გადაწყვეტილების აღსრულების წესი, რაც გულისხმობს დაკისრებული თანხის 12 თვეზე განწილვადებას ყოველთვიურად 70,51 ლარის გადახდით.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელე სარჩელით მოითხოვს 1650 ლარის დაკისრებას, საიდანაც მოპასუხეს დაეკისრა 846,2 ლარის გადახდა, რაც არის მოთხოვნის 51%. გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის 51% არის 25.5 ლარი, რაც სსსკ 53-ე მუხლის საფუძველზე უნდა აუნაზღურდეს მოსარჩელეს და განაწილდეს მხარეებს შორის.
დაკისრებული თანხიდან 665,3 ლარის მოთხოვნა, რაც არის გადასახდელი თანხის 79%. ასანაზღაურებელი სახელმწიფო ბაჟის 25,5 ლარის 79% არის 20,14 ლარი, რაც მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამ ნორმის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მ------ მ---–--ეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად მოსარჩელისათვის 5,36 ლარის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. გადასახდელი თანხის ოდენობაა 846,2 ლარი, რომლის 4%-ია 33,84 ლარი. მოსარჩელეს იურიდიული მომსახურებას ამ საქმეზე უწევს შპს ჯიელჯი, რომლისთვისაც 2017 წლის 9 ნოემბერს გადახდილია 42 ლარი, რაც აღემატება კანონით დადგენილ ზღვრულ პროცენტს. მოსარჩელეს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯიდან უნდა აუნაზღაურდეს თანხა დავის საგნის ღირებულების 4%-ის ფარგლებში 25 ლარის ოდენობით, რადგან დავა მსგავსი საქმეებისაგან სამართლებრივად და ფაქტობრივი გარემოებებით განსხვავებული არ არის, ხოლო სსსკ 53-ე მუხლით გათვალისწინებული არ არის იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება ფიქსირებულად, დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 230-ე, 243-244-ე, 247-ე, 251-ე, 257-ე, 2591-ე, 263-ე, 64-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს მისო ე-------------ის სარჩელი;
1.1. მ------ მ---–--ეს დაეკისროს შპს მისო ე-------------ისათვის 846,2 ლარის გადახდა;
2. მ------ მ---–--ეს დაეკისროს შპს მისო ე-------------ისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 5,36 ლარის, ხოლო იურიდიული მომსახურების ხარჯის ასანაზღაურებლად 25 ლარის გადახდა;
3. შპს ე-------------ს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟიდან 20,4 ლარი, რომელიც 2017 წლის 10 ნოემბერს გადახდილია სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგ ანგარიშზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში, სახაზინო კოდი 300063150. ბანკის კოდი TRESGE22. (საგადასახადო დავალება N233593635);
4. დაკმაყოფილდეს მ------ მ---–--ის შუამდგომლობა და დაკისრებული თანხის გადახდა განწილვადდეს 12 თვის ვადით ყოველთვიურად 73,04 ლარის გადახდით;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი