გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N240210018002734034 N2/1014
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17.04.2019 წელი ქ.სენაკი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლევან ნუცუბიძე
სხდომის მდივანი - სოფიო კირცხალია
მოსარჩელე - რ----------------
წარმომადგენელი - ნა----–---------–--, მ--------–---ძე
მოპასუხე - მ-----------------ა
წარმომადგენელი - ლ--------------ა
დავის საგანი - თანამესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)
1.1. აბაშა, ჯ----------ს ქ.N3, ბ----ში მდებარე, მოპასუხე მ-----------------ას (პ/ნ 0----------) საკუთრებად აღრიცხული უძრავი ქონების - საცხოვრებელი ფართის (ს/კ 4-.01.0-.0--.01.0--, ფართი 19.60 მ2) ½ ნაწილის თანამესაკუთრედ მოსარჩელე რ----------------ს (პ/ნ 3----------) აღიარება.
მოსარჩელემ განმარტა, რომ 2012 წლის 20 სექტემბრიდან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში მ-----------------ასთან. მასთან შეეძინა შვილი ა------------------, დაბადებული 2012 წლის 04 დეკემბერს. 2013 წლის 13 მარტს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინეს საცხოვრებელი ბინა ქ.აბაშა, ჯ----------ს ქ.N3, მე-2 სართული, ბ---, 19.60 მ2, ს/კ 4-.01.0-.0--.01.0--, 3500 აშშ დოლარად. მესაკუთრე გახდა მ-----------------ა, რომელიც არსად არ მუშაობდა. თვითონ მუშაობდა და მუშაობს ს.ს ,,საქართველოს რკინიგზა’’-ს სალიანდაგო დისტანციაში. ამჟამად იმყოფება ნაქირავებ ბინაში, რადგან სხვა თავშესაფარი არ გააჩნია, აქვს სხვადასხვა ბანკის კრედიტები რითაც იყიდა ბინა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელის მოთხოვნა არ ცნო და განმარტა, რომ სადაო ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა უსაფუძვლოა. მოსარჩელის მოთხოვნა არის ბუნდოვანი, იგი არ უთითებს ქონების რა ნაწილზე ითხოვს თანამესაკუთრედ ცნობას. სკ-ის 1168-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები’’. მოპასუხე სადაო ბინაში ცხოვრობს მცირეწლოვან შვილთან ა------------------სთან ერთად. მოსარჩელეს ბანკიდან აღებული ჰქონდა კრედიტი 10000 ლარი, რის გამოც იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული სადაო ქონება, აღნიშნული იპოთეკური სესხის გამო მოპასუხის მიერ ბანკის სასარგებლოდ გადახდილი იქნა 9300 ლარი. მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე რ---------------- და მოპასუხე მ-----------------ა 2012 წლის 20 სექტემბრიდან იმყოფებიან ქორწინებაში. ერთობლივი ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი.
3.1.2. არასრულწლოვანი შვილი, ა------------------ ცხოვრობს დედასთან, მოპასუხე მ-----------------ასთან.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2013 წლის 13 მარტს, ერთად შეიძინეს საცხოვრებელი ბინა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით (მესაკუთრე მ-----------------ა) აბაშა, ჯ----------ს N3, მე-2 სართული, ბ-------, 19.60 მ2 ფართი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქორწინების მოწმობა
- ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
- მხარეთა ახსნა განმარტებები
3.2.3. ქ.აბაშაში, ჯ----------ს ქ.N3, ბ----ში, მდებარე უძრავი ქონება (ს/კ 4-.01.0-.0--.01.0--) არ წარმოადგენს მოპასუხე მ-----------------ას ინდივიდუალური საკუთრების ობიექტს, ვინაიდან ის დაქორწინებამდე არ წარმოადგენდა მოპასუხის საკუთრებას და ამასთან, ის მიღებული არ აქვს ჩუქებით ან მემკვიდრეობით. სადავო ქონება შეძენილია მეუღლეების - რ----------------სა და მ-----------------ას ქორწინების განმავლობაში და წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას).
აღნიშნულ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებებზე დაყრდნობით:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა) ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ) ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.
მითითებული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ ქორწინების ფაქტი არ შეიძლება საფუძვლად დაედოს მეუღლეთა თანასაკუთრებაში იმ ქონების ჩართვას, რომელიც თითოეულ მათგანს დაქორწინებამდე ეკუთვნოდა, ან მიღებული აქვს ქორწინების პერიოდში, მაგრამ ჩუქებით ან მემკვიდრეობით. ასეთი ქონება წარმოადგენს თითოეული მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებას და მისი მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვაც თითოეული მეუღლის მხრიდან ხდება ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ არ ცნო სარჩელის მოთხოვნა და განაცხადა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ყოველ შემთხვევაში მოთხოვნის ½ ნაწილში, მიუთითა სკ-ის 1168-ე მუხლზე, რომ მოპასუხესთან ცხოვრობს მცირეწლოვანი შვილი.
სასამართლო, საქმის განხილვისას, ადგენს რა დავის არსებითად გადასაწყვეტად მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა წრეს, მიიჩნევს, რომ მოცემული დავის არსიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია დადგინდეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1) სადავო უძრავი ქონება არის თუ არა შეძენილი მეუღლეთა ქორწინების პერიოდში.
2) სადავო უძრავი ქონება დაქორწინებამდე ხომ არ წარმოადგენდა ერთ-ერთი მეუღლის საკუთრებას.
3) სადავო უძრავი ქონება ერთ-ერთი მეუღლის მიერ ხომ არ არის მიღებული ქორწინების განმავლობაში მემკვიდრეობით ან ჩუქებით.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ აბაშაში, ჯ----------ს ქ.N3, ბ----ში მდებარე უძრავი ქონება შეძენილია მხარეთა ქორწინების პერიოდში. მხარეთა შორის ასევე სადავო არ არის ის ფაქტიც, რომ აღნიშნული უძრავი ქონება მხარეთა ქორწინებამდე რომელიმე მეუღლის საკუთრების ობიექტს არ წარმოადგენდა.
მხარეთა შორის სადავოა ერთი მხრივ, მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული გარემოება, რომ უძრავი ქონება ქორწინების განმავლობაში შეძენილია მოსარჩელის კრედიტის სახით გამოტანილი სახსრებით და მეორე მხრივ, მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება, რომ უძრავი ქონება მათ მიერ შეძენილია ერთობლივი თანხებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის დანაწესზე დაყრდნობით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარის მიერ მითითებული გარემოების დადგენას არსებითი მნიშვნელობა გააჩნია მოცემული სარჩელის ბედის გადასაწყვეტად, ვინაიდან უძრავი ქონების მიმართ მ-----------------ას ინდივიდუალური საკუთრების უფლების დადგენის ფაქტი, თავისთავად გამორიცხავს იმავე ნივთის მიმართ მეუღლეთა საერთო საკუთრების უფლების გავრცელების შესაძლებლობას, უძრავი ქონების ქორწინების პერიოდში შეძენის მიუხედავად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კატეგორიის საქმეთა განხილვისა და მტკიცებულებათა შეფასების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ხოლო იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეაფასა რა სსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით, მიიჩნია, რომ სადავო უძრავი ქონება არ წარმოადგენს მ-----------------ას ინდივიდუალური საკუთრების ობიექტს, ვინაიდან როგორც სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მხარეებმა, რომ სადაო უძრავი ქონება მათ მიერ შეძენილია ერთობლივი თანაცხოვრების პერიოდში.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო, მხარეთა მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალებსა და ახსნა განმარტებებზე დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ მოპასუხემ სათანადო მტკიცებულებათა წარმოდგენით ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დადასტურება, რომ სადავო უძრავი ქონება წარმოადგენს მ-----------------ას ინდივიდუალური საკუთრების ობიექტს. იგი შეძენილია რ----------------ს და მ-----------------ას ერთობლივად თანაცხოვრების პერიოდში და მათ დაადასტურეს აღნიშნულ ბინაში ერთად ცხოვრების ფაქტი 2017 წლამდე.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთ შეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ქ.აბაშაში, ჯ----------ს ქ.N3, ბ----ში მდებარე უძრავი ქონება შეძენილი იქნა მეუღლეების მიერ ქორწინების პერიოდში, რის გამოც მოსარჩლის მოთხოვნა უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე, 1159-ე, 1160-ე, 1164-ე და 1168-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მეორე ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო მეურნეობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონება შეძენილია რ----------------სა და მ-----------------ას ქორწინების პერიოდში - 2013 წელს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ გარემოებათა წრე, რომლის არსებობის შემთხვევაში მეუღლეთა საერთო საკუთრების უფლება (ქორწინების პერიოდში შეძენის მიუხედავად) ქონების მიმართ არ წარმოიშობა და ის წარმოადგენს ერთ-ერთი მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებას, ამომწურავადაა განსაზღვრული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლით, რომლის მიხედვით თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა) ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ) ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით. სასამართლომ ამ მხრივ გამოიკვლია რა საქმის გარემოებები დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სკ-ის 1161-ე მუხლით დადგენილი წინაპირობები, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო სადავო ქონების ერთ-ერთი მეუღლის ინდივიდუალური საკუთრების ობიექტად მიჩნევის საფუძველი არ არსებობდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლის თანახმად, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ქონების ქორწინების პერიოდში შეძენის ფაქტის დადასტურება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლით დადგენილი გამონაკლისების გარდა), წარმოადგენს საკმარის საფუძველს იმისათვის, რომ სადავო ქონება, მიჩნეულ იქნას მეუღლეთა თანასაკუთრებად.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ.აბაშაში, ჯ----------ს ქ.N3, ბ----ში მდებარე სადავო უძრავი ქონება, მ-----------------ასა და ნაირა თორდიას შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მხარეთა მიერ შეძენილი იქნა სწორედ ქორწინების განმავლობაში. სკ-ის 1161-ე მუხლით დადგენილი საგამონაკლისო შემთხვევები სახეზე არ არის, შესაბამისად სადავო ქონება წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრების ობიექტს, მიუხედავად იმისა, თუ ვის სახელზე აღირიცხა იგი შეძენისას საჯარო რეესტრში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის შესაბამისად მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ, ხოლო ამავე კოდექსის 1168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე ნორმის მეორე ნაწილის შესაბამისად კი სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით. კერძოდ ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ აბაშაში, ჯ----------ს ქ.N3, ბ----ში მდებარე, ქორწინების განმავლობაში შეძენილ უძრავ ქონებაში მეუღლეთა წილი არის თანაბარი, თუმცა აღნიშნულ კონკრეტულ შემთხვევაში მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისიდან გადახვევის წინაპირობაა სახეზე, კერძოდ სკ-ის 1168-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლებით: სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების გათვალისწინებით. კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები.
დადგენილია და სადაო არ არის ის ფაქტი, რომ მოპასუხე მ-----------------ასთან ცხოვრობს მათი საერთო მცირეწლოვანი შვილი ა------------------.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე რ---------------- ცნობილ უნდა იქნეს მ-----------------ას სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების - აბაშა, ჯ----------ს ქ.N3, ბ----ის (ს/კ 4-.01.0-.0--.01.0--) 1/3 ნაწილის თანამესაკუთრედ.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
დადგენილია, რომ მოსარჩელე რ----------------ს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 125 ლარი. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება მის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე, მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მოსარჩელე რ----------------ს სარჩელი, მოპასუხე მ-----------------ას მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოსარჩელე რ---------------- (პ/ნ 3----------) ცნობილ იქნეს საჯარო რეესტრში მ-----------------ას (პ/ნ 0----------) სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების - აბაშა, ჯ----------ს ქ.N3, ბ----ის (ს/კ 4-.01.0-.0--.01.0--, ფართი 19.60 მ2) 1/3 ნაწილის თანამესაკუთრედ.
3. მოპასუხე მ-----------------ას მოსარჩელე რ----------------ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 62.50 ლარის ოდენობით. დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 62.50 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლევან ნუცუბიძე