გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/8885-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 მარტი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე
სხდომის მდივანი ციალა გახელაძე
მოსარჩელე - ი-------------ე
წარმომადგენელი - თ------------------ი
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - თ--------------ე
მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
წარმომადგენელი - თ---------------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 3 ივლისის №1---- ბრძანება;
1.2. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის პირველი დეკემბრის გადაწყვეტილება №4---------- საჩივარზე. (იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა ს.ფ.31-40).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 17 დეკემბრის №5---- ბრძანებით დაინიშნა ი-------------ის კამერალური შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით, რომელზეც 2015 წლის 7 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი.
შემოწმების თანახმად, ი-------------ის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა საკუთარი საცხოვრებელი ფართის (კომერციულ ფართად) გაქირავება. 2012 წლის შპს “Ge-------------------”-ზე იჯარით ჰქონდა გაცემული ფართი, მდებარე - თ----------------------------------, საიჯარო ქონების ფართი შედგება შენობა №1, საერთო ფართობი 226.43კვ.მ სარდაფი ფართით 136.36კვ.მ და ავტოსადგომი ფართით 30.45კვ.მ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდად განსაზღვრული იყო 15.09.2012-15.09.2015წწ. საიჯარო ქირამ შეადგინა 3750 აშშ დოლარი თვეში, 2013 წლის 13 ნოემბერს დაიდო ახალი საიჯარო ხელშეკრულება იმავე კომპანიასთან, რომლითაც საიჯარო ქირად განისაზღრა 2500აშშ დოლარი, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდად კი განისაზღრა 15.12.2013-15.12.2014წწ. 2014 წლის 19 დეკემბერს საჯარო რეესტრში წარდგენილ იქნა განცხადება საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
შემოწმების აქტის მიხედვით, იმავე ერთიან ელექტრონულ ბაზებში ფიქსირდებოდა, რომ შპს „ალ------------------–----–--–-----------–--------------–----------------–--ში“ 2012 წელს ყოველთიურად (გარდა იანვრისა და დეკემბრისა) გადახდის წყაროსთან უბეგრავდა ი-------------ეს გარკვეულ თანხებს, განაცემის ტიპი „სხვა“. ჯამურმა დაბეგრილმა თანხამ 2012 წელს შეადგინა 24770 ლარი. გადამხდელის მიერ აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი დოკუმენტაცია/ინფორმაცია და საიჯარო ხელშეკრულება არ იქნა წარდგენილი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კომპანია გადამხდელად რეგისტრირებულია 2010 წლის 4 ნოემბრიდან და აღნიშნული პერიოდიდან 2013 წლის 23 მაისამდე იურიდიულ მისამართად, მესაკუთრის ი-------------ის თანხმობით, დაფიქსირებული ჰქონდა მისი კუთვნილი ქონება მდებარე შ----------------------ში. შემოწმების სრულყოფილად ჩატარების მიზნით ი-------------ისაგან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია შპს „ალ------------------–----–--–-----------–--------------–----------------–--ში“-სთან გაფორმებული ხელშეკრულებების ან/და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტაციის/ინფორმაციის, ასევე, თ------------------------------6-ში მდებარე ფართის იჯარით გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის/ინფორმაციის შესახებ. აღნიშნული წერილის პასუხად გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს აცნობა, რომ მოთხოვნილი ინფორმაციის წაროდგენა ვერ მოხდებოდა. გადამხდელის მიერ დეკლარირებული იყო 2012 წელს ერთობლივი შემოსავალი 43433 ლარის ოდენობით. 2013 წელს კი წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია წარდგენილი არ ყოფილა. გადამხდელის ახსნა-განმარტებით, მის მიერ 2012 წლის ერთობლივი შემოსავალი გადაანგარიშებულია აღრიცხვის საკასო მეთოდის გამოყენებით, თუმცა შემოწმებისათვის საიჯარო თანხების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტები არ წარმოუდგენია (ანგარიშსწორება ხდებოდა ნაღდი ანგარიშსწორებით), შესაბამისად, მოითხოვა შესამოწმებელ პერიოდში შემოსავლების და ხარჯების დარიცხვის პერიოდით გაანგარიშება.
შემოწმების აქტის მიხედვით, შემოწმებით 2010-2013 წლებში ფ/პ ი-------------ის ერთობლივი შემოსავალი გადაანგარიშებულ იქნა დარიცხვის მეთოდით. 2010-2011, 2012 წლის ორი თვის და 2013 წელს შა-------–---–-----------ის გაქირავებით მიღებული შემოსავლები გაანგარიშებულ იქნა საიჯარო ხელშეკრულებების შესაბამისად. 2010 წელს ერთობლივმა შემოსავალმა შეადგინა 4706 ლარი, 2011 წელს 29724 ლარმა, 2012 წელს (იმავე ფართის იჯარით გაცემის შედეგად) შეადგინა 51652 ლარი, ხოლო 2013 წელს 85544 ლარი. 2012 წელს გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადი (24770*0.2) 4954 ლარის ოდენობით დაექვემდებარა ჩათვლას. შესაბამისად, დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადი დაექვემდებარა შემცირებას, 2010, 2011 და 2013 წლებში კი განისაზღვრა დასაბეგრი შემოსავალი და შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადი. აღნიშნულ წლებში გადამხდელი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის.
შემოწმების აქტის თანახმად, ი-------------ის სახელზე რეგისტრირებულია ორი საცხოვრებელი სახლი თბ--–----–--------–---–----------4 და შ----------------------ში, ზემოაღნიშნულო ქონებების საბაზრო ფასები გადამხდელის განცხადებით შეადგენს სულ 412000 ლარს. გადამხდელის დასაბეგრმა შემოსავალმა 2012 წელს შეადგინა 50828 ლარი, ხოლო 2013 წელს 84720 ლარი. ვინაიდან ი-------------ის დასაბეგრმა შემოსავალმა 2012 წელს გადააჭარბა 40000 ლარს, პირს წარმოეშვა ქონების გადასახადის ვალდებულება. ი-------------ეს არ აქვს წარდგენილი ქონების გადასახადის დეკლარაციები. შემოწმებით გადამხდელს 2013 წელს ქონების გადასახადი განესაზღვრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბმისად 0.2%-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 7 სექტემბერს საგადასახადო შემოწმების აქტი (ს.ფ.225-256).
3.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 7 სექტემბერს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 10 სექტემბრის №3---- ბრძანება და 2015 წლის 11 სექტემბრის №0------ საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმად, ი-------------ეს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 41280.27 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი 20968 ლარი, ჯარიმა 12221 ლარი და საურავი 8091.27 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 10 სექტემბრის №3---- ბრძანება (ს.ფ.223-224)
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 11 სექტემბრის №0------ საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ.221).
3.3. ი-------------ემ საჩივრით მიმართ სსიპ შემოსავლების სამსაახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 11 სექტემბრის №0------ საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხებისაგან გათავისუფლება.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 10 ნოემბრის №4---- ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბრძანების თანახმად გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აღნიშნული ბრძანების ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა დამატებით მტკიცებულებები (მათ შორის, სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით გაწეული კომუნალური ხარჯების ანალიზი და მათი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია), ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ქონების იჯარით გაცემის პერიოდის დაზუსტება და დარიცხული თანხების კორექტირება/შემცირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ი-------------ის 2015 წლის 24 სექტემბრის საჩივარი (ს.ფ.148);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 10 ნოემბრის №4---- ბრძანება (ს.ფ.142-146).
3.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 10 ნოემბრის №4---- ბრძანების აღსრულების მიზნით გამოიცა 2016 წლის 3 თებერვლის დასკვნა, რომლის თანახმად, გადამხდელის მიერ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში დამატებით იქნა წარდგენილი დოკუმენტაცია, კერძოდ, ორი მეზობლის ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილი და ელექტრონული ენერგიისა და გაზის მრიცხველების ჩვენებები 2010 წლიდან 2015 წლის ჩათვლით პერიოდზე. ზემოხსენებულ ხელწერილებში მითითებულია, რომ უძრავ ქონებაში, მდებარე ქ.თ------------------------------6-ში, 1990 წლიდან ცხოვრობს ი-------------ე, სხვა დამატებითი ინფორმაცია ხელწერილებიდან არ იკვეთება. შემოწმებამ კი მიიჩნია, რომ 1990 წლიდან აღნიშნულ უძრავ ქონებაში ი-------------ის ცხოვრება არ გამორიცხავს უძრავი ქონების ან მისი ნაწილის გაქირავების ფაქტს. ასევე, კომუნალური გადასახადების - ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მრიცხველის ჩვენებების შესწავლით დადგინდა, რომ იმ პერიოდში, როდესაც ი-------------ე საიჯარო შემოსავალი დაბეგრილია გადასახადის წყაროსთან (01.02.2012-30.11.2012წწ.) და იმ პერიოდში, როდესაც ქონება შემოწმებით ჩაითვალა იჯარით გაცემულად (04.11.2010-23.05.2013წწ.), გადამხდელის მიერ გახარჯულია თითქმის ერთი და იგივე რაოდენობის ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია ან 2010, 2011 და 2013 წლების შესაბამისი თვეებში ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის დანახარჯი შესაბამისი თვეების გათვალისწინებით აჭარბებს 2012 წლის თებრვლიდან და ნოემბრის ჩათვლით პერიოდში მოხმარებული ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის მოცულობას. შესაბამისად, ელექტროენერგიისა და გაზის მრიცხველების ჩვენებების შესწავლით ვერ მოხერხდა იმის დადასტურება, რომ 2010 წლის ნოემბერ-დეკემბრის, 2011 წლის, 2012 წლის იანვრისა და დეკემბრის, ასევე, 2013 წლის 23 მაისამდე პერიოდში ქონება არ ყოფილა გაცემული იჯარით.
აღნიშნული დასკვნის საფუძველზე ი-------------ეს წარედგინა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 5 თებერვლის №0----- საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმად, ი-------------ისათვის დამატებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ი-------------ის 2015 წლის 14 დეკემბრის განცხადება (ს.ფ.111);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 3 თებერვლის დასკვნა (ს.ფ.133-134);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 5 თებერვლის №0----- საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ.140-141).
3.5. ი-------------ემ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 5 თებერვლის №0----- საგადასახადო მოთხოვნა გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში, რომლის 2016 წლის 22 ივლისის №2---- ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
ბრძანების თანახმად, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 10 ნოემბრის №4---- ბრძანების აღსრულების მიზნით დამატებით შეესწავლა არსებული მასალები (მათ შორის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემები, გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი მტკიცებულებები) და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა ქონების იჯარით გაცემის პერიოდის დაზუსტება და სათანადო კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ი-------------ს 2016 წლის 31 მაისის საჩივარი (ს.ფ.130-131);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 22 ივლისის №2---- ბრძანება (ს.ფ.125-128).
3.6. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 22 ივლისის №2---- ბრძანების აღსრულების მიზნით გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 30 ნოემბრის დასკვნა, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა მის მიერ საჯარო რეესტრის კანცელარიაში წარდგენილი განცხადება შპს „ალ------------------–----–--–-----------–--------------–----------------–--ში“-ის მისი კუთვნილი მისამართიდან მოხსნის შესახებ. აღნიშნული განცხადება თარიღდება 2013 წლის 18 თებერვლით. შემოწმების შედეგად აღნიშნულ თვემდე დარჩება დარიცხული კუთნილი გადასახადი და შემცირებას დაექვემდებარება 2013 წლის თებერვალი-მაისის თვეების შესაბმისი თანხები.
აღნიშნული დასკვნის საფუძველზე ი-------------ეს წარედგინა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 12 დეკემბრის №3---- ბრძანება და №0-----2 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც ი-------------ეს შეუმცირდა ზედმეტად დარიცხული თანხები და ჯამში განესაზღვრა 37532.26 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი 19130 ლარი, ჯარიმა 11302 ლარი და საურავი 7100.26 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 30 ნოემბრის დასკვნა (ს.ფ.116-119);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 12 დეკემბრის №3---- ბრძანება (ს.ფ.112-113);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 12 დეკემბრის №0-----2 საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ.114-115).
3.7. ი-------------ემ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 12 დეკემბრის №0-----2 საგადასახადო მოთხოვნა გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში, რომლის 2017 წლის 28 თებერვლის №4--- ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
ბრძანების თანახმად, საბჭომ აღნიშნა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 22 ივლისის №2---- ბრძანება არ არის აღსრულებული სათანადოდ. საბჭომ მიიჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 7 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, 2016 წლის 3 თებერვლისა და 30 ნოემბრის დასკვნებში მოყვანილი არგუმენტებით და მტკიცებულებებით არ დასტურდება ი-------------ის მიერ საკუთარი საცხოვრებელი ფართის კომერციულ ფართად გაქირავების ფაქტი. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ქ.თ------------------------------6-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გაქირავების შედეგად 04.11.2012-31.01.2012წწ. და 01.12.2012-18.02.2013 წწ. პერიოდში საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების სათანადო კორექტირება/შემცირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ი-------------ის 2016 წლის 27 დეკემბრის საჩივარი (ს.ფ.109-110).
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 28 თებერვლის №4--- ბრძანება (ს.ფ.103-108).
3.8. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 28 თებერვლის №4--- ბრძანების აღსრულების მიზნით გამოიცა „საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე“ 2017 წლის 14 მარტის დასკვნა, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ შემცირებას დაექვემდებარა ქ.თ------------------------------6-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გაქირავების შედეგად 04.11.2012-31.01.2012წწ. და 01.12.2012-18.02.2013 წწ. პერიოდში საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები.
აღნიშნული დასკვნის საფუძველზე ი-------------ეს წარედგინა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 28 მარტის №7--- ბრძანება და №0------ საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმად, ი-------------ეს შეუმცირდა დამატებით დარიცხული თანხები და საბოლოოდ განესაზღვრა სულ 18935 ლარი, მათ შორის, ძირითდი გადასახადი 11135 ლარი, ჯარიმა 7800 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- „საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე“ 2017 წლის 14 მარტის დასკვნა (ს.ფ.274-277);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 28 მარტის №7--- ბრძანება (ს.ფ.72-73);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 28 მარტის №0------ საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ.70-71).
3.9. 2017 წლის 11 აპრილს ი-------------ემ საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 28 მარტის №0------ საგადასახადო მოთხოვნის გაუქმება.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 3 ივლისის №1---- ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ბრძანების თანახმად, საბჭომ მიიჩნია, რომ შემმოწმებლების მიერ სრულყოფილად განხორციელდა სსიპ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პრეტენზია უსაფუძვლოა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ი-------------ის 2017 წლის 11 აპრილის საჩივარი (ს.ფ.69);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 3 ივლისის №1---- ბრძანება (ს.ფ.75-77).
3.10. ი-------------ემ საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 3 ივლისის №1---- ბრძანების გაუქმება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის პირველი დეკემბრის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილების თანახმად, გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, თუმცა ვერ წარმოადგინა არგუმენტაცია, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა სსიპ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება. საბჭომ მიიჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის ბრძანება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ი-------------ის 2017 წლის 20 ივლისის საჩივარი (ს.ფ.78);
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის პირველი დეკემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ.14-21).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი, 41-ე, 51-ე, 296-ე, 297-ე, 299-ე, 301-ე, 304-ე და 305-ე მუხლები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-17 მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს. ამავე კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 3 ივლისის №1---- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის პირველი დეკემბრის გადაწყვეტილება №4---------- საჩივარზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობაც უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს ქმედება ან გადაწყვეტილება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით განიხილონ გადასახადის გადამხდელის წერილები, საჩივრები და შეკითხვები, საჭიროების შემთხვევაში უსასყიდლოდ მიაწოდონ მას ინფორმაცია მოქმედი გადასახადების, მათი გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ, აგრეთვე გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და ვალდებულებების თაობაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავა შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემასა და სასამართლოში.
ამავე კოდექსის 297-ე მუხის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში – დავის განმხილველი ორგანოები).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი/ბრძანება საჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით. მითითებული მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულია, რომ პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
ამავე კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 მაისის განჩინებაზე ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-122-115(2კ-13), სადაც „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას. ზემოთ მითითებულ კონსტიტუციურ პრინციპს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სპეციალური მუხლი ეძღვნება, კერძოდ, მე-12 მუხლი. ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, რომლის მიხედვით გარანტირებულია: 1. ნებისმიერი პირის უფლება - მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს; 2. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება - განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნული ნორმის სტრუქტურული შინაარსი გულისხმობს, რომ პირის უფლების დადგენა მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას - განახორციელოს რეალიზებული საპროცესო უფლების კანონით რეგლამენტირებული, ადეკვატური პროცედურული ხასიათის მოქმედება.“
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოებში დავის განხილვა იწყება საჩივრის წარდგენის გზით. გასაჩივრების უფლება არის პირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესუალური უფლება, რომელიც უზრუნველყოფს მისი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების, კანონის უზენაესობის დაცვას, რამეთუ საჩივრის თუ სარჩელის წარდგენისას დავის განმხილველი ორგანო ამოწმებს გადაწყვეტილების კანონიერებას და მისი კანონშეუსაბამისობისას აუქმებს მას, რაც გარანტირებულს ხდის, ერთი მხრივ, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და აღსრულებას და, მეორე მხრივ, ხელს უშლის პირის უფლებათა დაუსაბუთებელ და უკანონო შეზღუდვას. ამასთან, პირის მიერ საჩივრის წარდგენას უკავშირდება ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, რომ კანონით დადგენილი წესითა და ვადაში განიხილოს და გადაწყვიტოს წარდგენილი საჩივარი. საჩივრის წარდგენის უფლებას სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულება ხდის ქმედითს, ხოლო პირის უფლებების დაცვას - გარანტირებულს, რამეთუ რომ არა ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობა საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ, გასაჩივრების უფლება იქნებოდა მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო ორგანოებმა ჯეროვნად განახორციელონ მათთვის დაკისრებული უფლება-მოვალეობები. ვინაიდან გასაჩივრების უფლება პირდაპირ არის დაკავშირებული გადასახადის გადამხდელის კანონით დაცული ინტერესების უზრუნველყოფასა და უფლებების დაცვასთან, კანონი ამომწურავად აწესრიგებს იმ შემთხვევებს, როდესაც საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, რომ წარდგენილი საჩივარი დატოვოს განუხილველი. აღნიშნული გამოწვეულია სამართლებრივი ურთიერთობის გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევასთან, რათა არ მოხდეს უფლების ბოროტად გამოყენება, საჩივრების მუდმივად წარდგენა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერ ძალაში შესვლის თავიდან ასაცილებლად და ადმინისტრაციულ ორგანოთა გადატვირთულობა, რომ დაუსრულებლად მოხდეს ერთსა და იმავე საკითხზე მსჯელობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია განუხილველად დატოვოს საჩივარი. საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლები ამომწურავად არის ჩამოთვლილი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლში. მათ შორის, მითითებული მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. ამრიგად, აღნიშნული ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ საჩივრის განუხილველად დასატოვებლად საჩივარში მითითებულ სადავო საკითხთან დაკავშირებით ნამსჯელი უნდა ჰქონდეს იმავე საგადასახადო ორგანოს და სადავოდ ქცეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული უნდა იყოს უკვე მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად და მასთან შესაბამისობაში, ამასთან, სავალდებულოა, რომ ორივე გადაწყვეტილების ადრესატი ერთი და იგივე პირი უნდა იყოს.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სწორედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის გამოყენების კანონიერება. კერძოდ, დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 17 დეკემბრის №5---- ბრძანებით დაინიშნა ი-------------ის კამერალური შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით, რომელზეც შედგა 2015 წლის 7 სექტემბერს საგადასახადო შემოწმების აქტი. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 10 სექტემბრის №3---- ბრძანება და 2015 წლის 11 სექტემბრის №0------ საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმად, ი-------------ეს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 41280.27 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი 20968 ლარი, ჯარიმა 12221 ლარი და საურავი 8091.27 ლარი.
ი-------------ემ საჩივრით მიმართ სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 11 სექტემბრის №0------ საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხებისაგან გათავისუფლება. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 10 ნოემბრის №4---- ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აღნიშნული ბრძანების ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა დამატებით მტკიცებულებები (მათ შორის, სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით გაწეული კომუნალური ხარჯების ანალიზი და მათი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია), ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ქონების იჯარით გაცემის პერიოდის დაზუსტება და დარიცხული თანხების კორექტირება/შემცირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 10 ნოემბრის №4---- ბრძანების აღსრულების მიზნით გამოიცა 2016 წლის 3 თებერვლის დასკვნა და სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 5 თებერვლის №0----- საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმად, ი-------------ისათვის დამატებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა ი-------------ემ გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში, რომლის 2016 წლის 22 ივლისის №2---- ბრძანებით საჩვარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 10 ნოემბრის №4---- ბრძანების აღსრულების მიზნით დამატებით შეესწავლა არსებული მასალები (მათ შორის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემები, გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი მტკიცებულებები) და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა ქონების იჯარით გაცემის პერიოდის დაზუსტება და სათანადო კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 22 ივლისის №2---- ბრძანების აღსრულების მიზნით გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 30 ნოემბრის დასკვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 12 დეკემბრის №3---- ბრძანება და №0-----2 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც ი-------------ეს შეუმცირდა ზედმეტად დარიცხული თანხები და ჯამში განესაზღვრა 37532.26 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი 19130 ლარი, ჯარიმა 11302 ლარი და საურავი 7100.26 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა ი-------------ემ გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში, რომლის 2017 წლის 28 თებერვლის №4--- ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 7 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, 2016 წლის 3 თებერვლისა და 30 ნომებრის დასკვნებში მოყვანილი არგუმენტებით და მტკიცებულებებით არ დასტურდება ი-------------ის მიერ საკუთარი საცხოვრებელი ფართის კომერციულ ფართად გაქირავების ფაქტი. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ქ.თ------------------------------6-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გაქირავების შედეგად 04.11.2012-31.01.2012წწ. და 01.12.2012-18.02.2013წწ. პერიოდში საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების სათანადო კორექტირება/შემცირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 28 თებერვლის №4--- ბრძანების აღსრულების მიზნით გამოიცა „საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე“ 2017 წლის 14 მარტის დასკვნა, სსიპ შემოსავლების სასმახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 28 მარტის №7--- ბრძანება და №0------ საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმად, ი-------------ეს შეუმცირდა დამატებით დარიცხული თანხები და საბოლოოდ განესაზღვრა სულ 18935 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი 11135 ლარი, ჯარიმა 7800 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა ი-------------ემ გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში, რომლის 2017 წლის 3 ივლისის №1---- ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. მოცემული ბრძანება უცვლელი დარჩა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის პირველი დეკემბრის გადაწყვეტილებით
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს, მოხდა თუ არა სსიპ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოების მიმდინარეობის მნიშვნელოვანი ნაწილია მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება კარგავს აზრს და პირის უფლებები დაუცველი რჩება. ამასთან, მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება გულისხმობს გადაწყვეტილების საფუძველზე არა ფორმალურად რაიმე ქმედების განხორციელებასა თუ აქტის გამოცემას, არამედ გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებების შესაბამისად მოქმედებას.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 28 თებერვლის №4--- ბრძანების აღსრულების მიზნით გამოცემულ „საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე“ 2017 წლის 14 მარტის დასკვნაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ შემცირებას დაექვემდებარა ქ.თ------------------------------6-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გაქირავების შედეგად 04.11.2012-31.01.2012წწ. და 01.12.2012-18.02.2013 წწ. პერიოდში საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები. ამასთან, მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 28 თებერვლის N4--- ბრძანება, დაეთანხმა მის შინაარსს და მოტივაციას, ხოლო 2017 წლის 28 მარტის N0------ საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია მითითებული ბრძანების აღსრულების მიზნით და სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სათანადო წესით აღუსრულებლობის ფაქტი. შესაბამისად, სარჩელი ფაქტობრივ-სამართლებრივად დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამეთუ არ იკვეთება სამართლებრივი აქტების გამოცემისას კანონის მოთხოვნათა თუ მათი მომზადებისა და გამოცემის წესის დარღვევა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 568.05 (ხუთასსამოცდარვა ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით, რაც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ი-------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. ი-------------ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს უცვლელი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, №6) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე