გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2-256-19
(საქმე N190210019002852225)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 აპრილი, 2019 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაია შოშიაშვილი
სხდომის მდივანი გიორგი ჩუბინიძე
მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) - კ------------- ჯ-–ი
წარმომადგენელი - ფ------ ა--------
მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) - ი--- დ----ე
წარმომადგენელი - ნ----- ქა----ა
მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - პ----- ც------–--ე
დავის საგანი - ბავშვის ნახვის საათების განსაზღვრა
დავის საგანი შეგებებული სარჩელით - ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. განესაზღვროს მამას, კ------------- ჯ-–ს (პ/ნ 0----------), თავისი შვილის ე-–--- ჯ-–ის (დაბადებული 2017 წლის 17 თებერვალს, პ/ნ 0----------) ნახვის დღეები, ყოველი კვირის განმავლობაში 3 დღე პარასკევი, შაბათი, კვირა, პარასკევი დღის 18:00 სთ-დან კვირა დღის 21:00 სთ-მდე, ხოლო ყოველ წელს, აგვისტოს თვეში 10 აგვისტოდან 24 აგვისტომდე.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა შვილთან ურთიერთობისათვის მოსარჩელეს დაუდგინდეს შემდეგი დღეები: ყოველი კვირის პარასკევი 19 საათიდან 21 საათამდე, შაბათი და კვირა 10 საათიდან 18 საათამდე, ასევე ყოველი წლის აგვისტოში 10 რიცხვიდან 24 აგვისტომდე დამატებით ხუთშაბათი დღე 17 საათიდან 21 საათამდე, პარასკევი 10 საათიდან 18 საათამდე.
სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები:
კ------------- ჯ-–ს და ი--- დ----ეს, რომლებიც იყვნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში, შეეძინათ ქალიშვილი, ე-–--- ჯ-–ი (პ/ნ 0----------), დაბადებული 2017 წლის 17 თებერვალს. ბავშვის დაბადებიდან გარკვეული დროის შემდეგ მოსარჩელესა და მოპასუხე მხარეებს შორის წარმოიშვა უთანხმოება სხვადასხვა საკითხზე, რის გამოც უკვე ერთად აღარ ცხოვრობენ და არც საერთო მეურნეობას ეწევიან. ვინაიდან ბავშვი იყო 2 წლამდე, დედამ გადაწყვიტა, რომ თავისთან წაეყვანა, რაზეც მამა ბავშვის მცირეწლოვნების გამო, დათანხმდა მხოლოდ იმ პირობით, რომ მას ჩვეულებრივ მიეცემოდა ბავშვის ნახვისა და მასზე ზრუნვის საშუალება. თუმცა ი--- დ----ე ბოლო პერიოდში უარს აცხადებს ბავშვის მამისთვის ჩვენებაზე. მიუხედავად მამის ძალიან ბევრი მცდელობისა მშვიდობიანი გზით, ცივილურად მოეგვარებინა ეს საკითხი, დედა მაინც უარს აცხადებს მასთან ნებისმიერი სახის კონტაქტზე.
1.2. სასარჩელო მოთხოვნა შეგებებული სარჩელით
არასრულწლოვანი შვილის - 2017 წლის 17 თებერვალს დაბადებული ე-–--- ჯ-–ის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 1000 ლარის ოდენობით მის სრულწლოვანებამდე.
სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები შეგებებული სარჩელით:
კ------------- ჯ-–ს და ი--- დ----ეს, რომლებიც იყვნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში, შეეძინათ ქალიშვილი, ე-–--- ჯ-–ი (პ/ნ 0----------), დაბადებული 2017 წლის 17 თებერვალს. ბავშვის დაბადებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოიშვა უთანხმოება, რის შედეგადაც ერთად აღარ ცხოვრობენ. მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს დედასთან.
ვინაიდან, მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აკისრიათ შვილის აღზრდის პროცესში, მოსარჩელე ითხოვს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ბავშვის საჭიროებების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად ალიმენტის გადახდევინებას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ ი--- დ----ემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ იგი არ არის წინააღმდეგი ბავშვის მამასთან ურთიერთობის, თუმცა მისი ასაკიდან გამომდინარე იმ სიხშირითა და ღამით დატოვების უფლებით არა თანახმა .
შეგებებული სარჩელის ნაწილში მოპასუხე კ------------- ჯ-–ის წარმომადგენელმა ნაწილობრივ ცნო სარჩელი 250 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრებას დაეთანხმა.
2.1. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ არასრულწლოვანი ბავშვის სრულყოფილი განვითარებისათვის და მისი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია მას ურთიერთობა ჰქონდეს ორივე მშობელთან. მოცემულ შემთხვევაში, სოციალური სამსახურის მიერ კ------------- ჯ-–ის საცხოვრებელი პირობების შეფასებისას, არ გამოიკვეთა მამის ბავშვებთან ურთიერთობისათვის რაიმე ხელისშემშლელი, დამაბრკოლებელი გარემოება. მოცემულ ეტაპზე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი მხარს უჭერს სასარჩელო მოთხოვნას მამამ არასრულწლოვანი ნახოს რამდენიმე საათი თავდაპირველად დედის თანდასწრებით , ხოლო შემდეგ უნდა გაიზარდოს ურთიერთობისათვის დადგენილი დრო და მამას მიეცეს უფლება ბავშვის წაყვანის ღამით დატოვების უფლების გარეშე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 17 თებერვალს კ------------- ჯ-–ს და ი--- დ----ეს შეეძინათ ქალიშვილი, ე-–--- ჯ-–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
დაბადების მოწმობა, ს.ფ. 19.
3.1.2 .ამჟამად მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე; არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობს დედასთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. კ------------- ჯ-–ი დღეის მდგომარეობით დასაქმებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროში და ყოველთვიური შემოსავალი აქვს 2537 ლარის ოდენობით. შესაბამისად მას შეუძლია თავისი 2 წლის შვილი სრულად უზრუნველყოს ბავშვისთვის აუცილებელი საშუალებებით, ასევე დახმარების საჭიროების შემთხვევაში აიყვანოს დამატებით ძიძა. დამატებით იმიტომ აღნიშნავს, რომ კ------------- ცხოვრობს დედასთან ერთად სახლში, რომელიც ბავშვს უვლიდა სანამ დაშორდებოდნენ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- კ------------- ჯ-–ის სარჩელი, ცნობა ხელფასის შესახებ, ს.ფ. 126.
3.1. 4. ე-–--- ჯ-–ი დადის კერძო საბავშვო ბაგა-ბაღში „ეკო“, რომლის ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 450 ლარს, ხოლო ბავშვის ტრანსპორტირებით მომსახურების ყოველთვიური საფასური - 70 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა საბავშვო ბაღიდან, ს.ფ. 85.
3.1.5. კ------------- ჯ-–ს აქვს უძრავი ქონება მცხეთის რაიონის სოფ. ნავდარაანთკარში (ს.კ. 72.04.24.246) და ქ. ქობულეთში (ს.კ. 20.12.02.052.01.027). კ------------- ჯ-–ს, დედაზე, ცისანა მანთიძის სახელზე რეგისტრირებული აქვს თბილისში ცაგარელის ქ. N34-36, 53.80 კვ.მ. ბინა (ს.კ. 01.10.14.020.025.01.04.509), საიდანაც გაქირავებით იღებს სტაბილურ ყოველთვიურ შემოსავალს 400 აშშ დოლარის ოდენობით. ასევე კ------------- ჯ-–ს, დედის, ცისანა მანთიძის სახელზე რეგისტრირებული აქვს მიწის ნაკვეთი გარდაბანში, სოფელ ქესალოში 58573 კვ.მ. ოდენობით (ს.კ. 81.16.13.444), საიდანაც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად იღებს შემოსავალს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 87-95.
3.1.6. ი--- დ----ე მუშაობს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს ქონების მართვის სამსახურში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე და მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება თვეში 1400 ლარით (დარიცხული), ხელზე იღებს 1096 ლარს. საბანკო დაწესებულებასთან ი--- დ----ეს გაფორმებული აქვს ოვერდრაფტის ხელშეკრულება ერთი თვის ხელფასის ოდენობით, რომლის შესაბამისად ყოველთვიურად 20 ლარის ოდენობით პროცენტის სახით ექვითება ხელფასიდან. ამასთან, ი--- დ----ე სარგებლობს სამომხმარებლო სესხით და 2023 წლის 3 იანვრამდე ყოველთვიურად იხდის 274 ლარის ოდენობით ფულად თანხას საბანკო კრედიტის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს 07.03.2019 წლის ცნობა, ს.ფ. 86;
- ოვერდრაფტის ხელშეკრულება, ს.ფ. 95;
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და კრედიტის დაფარვის გრაფიკი, ს.ფ.97-99 .
3.1.7. ი--- დ----ე კ. ჯ-–ის სარჩელის და შეგებებული სარჩელის ფარგლებში სარგებლობს ადვოკატის მომსახურებით, რაზეც გაფორმებულია იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება;
- თანხის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი, ს.ფ. 164.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების შეფასების შედეგად სასამართლომ დაადგინა:
ე-–--- ჯ-–ის ასაკის გათვალისწინებით მამას კ------------- ჯ-–ს შვილთან ე-–--- ჯ-–თან (დაბადებული 2017 წლის 17 თებერვალს) ურთიერთობისთვის უნდა განესაზღვროს შემდეგი დღეები: ყოველი კვირის სამშაბათი დღე - 19 საათიდან 20 საათამდე, ყოველი კვირის პარასკევი დღე - 18 საათიდან 20 საათამდე; ყოველ კვირის შაბათი დღე - 10 საათიდან 18 საათამდე, ყოველი წლის 10 აგვისტოდან 24 აგვისტომდე პერიოდში დამატებით განესაზღვროს ყოველი კვირის ხუთშაბათი დღე - 17 საათიდან 20 საათამდე.
ვინაიდან ე-–--- მცირეწლოვანია , აქვს კვების, დასვენების, ძილის , საბავშვო ბაღში სიარულის ასაკთან შესაბამისი რეჟიმი, ასევე ორივე მშობელი მუშაობს, სწორედ აღნიშნული გარემოებები გაითვალისწინა სასამართლომ ბავშვთან ურთიერთობის განსაზღვრისას, როგორც დღეების შერჩევის თვალსაზრისით, ასევე იმ კუთხით, რომ ამ ეტაპზე მამამ ბავშვი უნდა წაიყვანოს ღამით დატოვების უფლების გარეშე.
საათების განსაზღვრა მოხდა ბავშვის ძილის და კვების რეჟიმის მიხედვით, შაბათი დღე მამას განესაზღვრა ბავშვთან ურთიერთობისთვის, ხოლო კვირა დღეს უარი უნდა ეთვას, რადგან დედაც მუშაობს და მასაც მაქსიმალურად სჭირდება დასვენების დღეს შვილთან კონტაქტი, ასევე ბავშვის მოწესრიგების (ჰიგიენის) თვალსაზრისით, ორშაბათს იგი მიდის საბავშვო ბაღში, უმჯობესია იგი კვირა დღეს იყოს დედასთან სახლში.
ასევე ზაფხულში, საშვებულებო პერიოდში მამას დამატებით უნდა განესაზღვროს კიდევ ერთი დამატებითი დღე ე-–---სთან ურთიერთობისთვის.
ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს ყოველთვიურად 700 ლარის ოდენობით, სასამართლომ მხედველობაში მიიღო მამის ხელფასი, ასევე დედის შემოსავლები, ბავშვის ყოველდღიური საჭიროებები (კვება, ჩაცმა, ჰიგიენა), ასევე საბავშვო ბაღის ხარჯები და შებამისად, გონივრულად მიიჩნია აღნიშნული თანხა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ კ------------- ჯ-–ს უნდა მიეცეს უფლება ჰქონდეს ურთიერთობა მის არასრულწლოვან შვილთან ე-–--- ჯ-–თან, შესაბამისად მისი მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
4.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან მხარეთა მატერიალურ მდგომარეობის გათვალისწინებით გადასახდელი ალიმენტის ოდენობა მცირეწლოვანი შვილისათვის უნდა განისაზღვროს 700 ლარის ოდენობით.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლი, 1122-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, 1127-ე მუხლის მეორე ნაწილი, 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილი, 1200-ე, 1201-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლები, „ბავშვთა უფლებათა შესახებ“ კონვენციის 27-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშენთანხმებით წყვეტენ.
ამავე კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლიდან გამომდინარე, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, ხოლო 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
კანონის მითითებული დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლოს გააჩნია პრეროგატივა, გადაწყვიტოს განქორწინებულ მეუღლეთა შორის დავა არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასთან დაკავშირებით, რა დროსაც უთუოდ მოქმედებს ორივე მშობლის თანასწორობის პრინციპი, თუმცა სასამართლოსათვის უპირველესად გასათვალისწინებელი და გადამწყვეტია თავად ბავშვების უპირატესი ინტერესები.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეები არ დაობენ ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრაზე, სასამართლომ უნდა გასაზღვროს მამის შვილთან ურთიერთობის რეჟიმი.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის “ბავშვის უფლებათა შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენცია მოიცავს ბავშვის უფლებების დამცავ ნორმებს და ერთმნიშვნელოვნად ადგენს ბავშვის ინტერესების დაცვის პრიორიტეტს. ამასთან, ეს ინტერესი არ შეიძლება ვიწროდ იქნეს გაგებული. მშობლებთან დაშორება შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაშინ, როდესაც აუცილებელია ერთ-ერთ მშობელთან ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. ამასთან, ეს გადაწყვეტილება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ბავშვების ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს, აღიზარდონ და იცხოვრონ მატერიალურად და მორალურად ჯანსაღ გარემოში. ბავშვის აღზრდისათვის გარემოს შესაბამისობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დეტალურად და დამაჯერებლად უნდა შემოწმდეს. ამ მიმართებით გადამწყვეტი მნიშვნელობა არა მხოლოდ მატერიალურ, არამედ მორალურ მხარეს უნდა მიენიჭოს. ამდენად, კანონი არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ბავშვი დაშორდეს მშობელს და ზოგ შემთხვევაში სხვა ოჯახის წევრთან ან უფლებამოსილ პირთან განისაზღვროს მისი საცხოვრებელი ადგილი, თუმცა ასეთი დაშორება მხოლოდ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებლობით უნდა იყოს გამოწვეული, ვინაიდან ბავშვისა და მშობლის დაშორება, ამ აუცილებლობის შემთხვევაშიც კი, უარყოფით გავლენას ახდენს მშობლის გარემოცვას მოწყვეტილი ბავშვის ფსიქიკაზე. აღნიშნულის მიუხედავად კანონი ბავშვის მშობელთან დაშორებას ითვალისწინებს, რასაც საფუძვლად უდევს უპირველეს ყოვლისა, მშობლის უარყოფითი პიროვნული მახასიათებლები და ბავშვზე ნეგატიური ზეგავლენის დასაბუთებული საშიშროება. ამავდროულად, ამგვარი გადაწყვეტილების განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი აუცილებლობა უფლებამოსილი ორგანოების მიერ დეტალურად უნდა იქნეს შესწავლილი და გამოკვლეული. საოჯახო ურთიერთობების სპეციფიკასა და განსაკუთრებული მნიშვნელობას ადასტურებს კონსტიტუციის 30-ე მუხლით სახელმწიფოს მიერ აღიარებული ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას, ბავშვთა უფლებების დაცულობას. საოჯახო ურთიერთობებში ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა.
“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს.
სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. ამასთან, სახელმწიფოს დამოკიდებულება მშობლის მიმართ მხოლოდ მათი უფლება-მოვალეობების განსაზღვრით არ შემოიფარგლება, არამედ სახელმწიფო იცავს მშობლის უფლებას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს შვილის აღზრდაში და გადაწყვიტოს, ვისთან და სად იცხოვროს შვილმა. მოცემული სახის დავის გადაწყვეტისას სასამართლომ თანაბრად უნდა დაიცვას ორივე მშობლის უფლება, მაგრამ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ასაკი, პირადი დამოკიდებულება მშობლისადმი, მისი ცხოვრების წესი, ფსიქოლოგიური მდგომარეობა.
განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვანი ბავშვის ე-–--- ჯ-–ის სწორი აღზრდა განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს მის ურთიერთობას ორივე მშობელთან. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ წარმოდგენილი დასკვნების თანახმად, აუცილებელია ბავშვს, ურთიერთობა ჰქონდეს მამასთან , რათა მას მიეცეს შესაძლებლობა აღიზარდოს ახლობელი ადამიანების მოსიყვარულე და თბილ გარემოცვაში. ბავშვის ასაკიდან გამომდინარე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი მიზანშეწონილად მიიჩნევს მოცემული ეტაპისათვის მამას მიეცეს უფლებს ინახულოს მისი არასრულწლოვანი შვილი ღამით დატოვების უფლების გარეშე.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონი არ ცნობს რომელიმე მშობლის უპირატეს უფლებას შვილების მიმართ, ვინაიდან, არა უფლებათა უპირატესობა, არამედ ბავშვის სწორად აღზრდის ინტერესები უნდა იყოს ამ დროს გადამწყვეტი. გამომდინარე აქედან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, კ------------- ჯ-–ს მიეცეს უფლება ინახულოს მისი მცირეწლოვანი შვილი და კ------------- ჯ-–ს შვილის ე-–--- ჯ-–თან (დაბადებული 2017 წლის 17 თებერვალს) ურთიერთობისთვის განესაზღვროს შემდეგი დღეები: ყოველი კვირის სამშაბათი დღე - 19 საათიდან 20 საათამდე, ყოველი კვირის პარასკევი დღე - 18 საათიდან 20 საათამდე; ყოველ კვირის შაბათი დღე - 10 საათიდან 18 საათამდე, ყოველი წლის 10 აგვისტოდან 24 აგვისტომდე პერიოდში დამატებით განესაზღვროს ყოველი კვირის ხუთშაბათი დღე - 17 საათიდან 20 საათამდე.
6.2. მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ მცირეწლოვანი შვილი ე-–--- ჯ-–ი, რომელიც ცხოვრობს დედასთან და მამა ვალდებული მიიღოს მონაწილეობა შვილის რჩენასა და აღზრდაში .
განსახილველ შემთხვევაში, კ------------- ჯ-–ი თანახმაა გადაიხადოს ალიმენტი 250 ლარის ოდენობით შვილის სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
ამდენად, ე-–--- ჯ-–ის მშობლები თანაბრად ვალდებულნი არიან არჩინონ თავიანთი მცირეწლოვანი შვილი.
სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
„ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
,,ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
დადგენილია, რომ მოპასუხე კ------------- ჯ-–ი დღეის მდგომარეობით დასაქმებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროში და ყოველთვიური შემოსავალი აქვს 2537 ლარის ოდენობით.
სასამართლო შვილების სასარგებლოდ გადასახდელი თანხის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს როგორც შვილის, ისე მშობლის მატერიალურ და ოჯახურ მდგომარეობას. გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილების უფლება მიიღონ მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული იზრუნოს არასრულწლოვან შვილებზე. მოსარჩელის განმარტებით, მცირეწლოვანი ე-–--- ჯ-–ისათვის 1000 ლარის ოდენობით თანხა ყოველთვიურად უზრუნველყოფს მის აუცილებელ მოთხოვნათა დაკმაყოფილებას. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ ი--- დ----ეც მუშაობს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს ქონების მართვის სამსახურში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე და მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება თვეში 1400 ლარით (დაქვითვის შედეგად 1096 ლარი). ამასთან, გასათვალისწინებელი ის გარემოებაც, რომ არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისათვის ასაკთან შესაბამისი საჭირო პირობები ზრდის ბავშვისათვის აუცილებელ ყოველთვიურ ხარჯს (ამ შემთხვევაში ბავშვი დადის კერძო ბაღში). გამომდინარე აღნიშნულიდან, კ------------- ჯ-–ი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს არასრულწლოვანი შვილის - ე-–--- ჯ-–ის მატერიალურ უზრუნველყოფაში.
სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან შემდგომი პერიოდის განმავლობაში.
ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან მხარეთა მატერიალურ მდგომარეობის გათვალისწინებით გადასახდელი ალიმენტის ოდენობა არასრულწლოვანი შვილისათვის შეიძლება განისაზღვროს 700 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის დღიდან მის სრულწლოვანებამდე.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო როგორც თავდაპირველ სარჩელში, ასევე შეგებებულ სარჩელში მოპასუხეებმა ნაწილობრივ ცნეს სარჩელი, სასამრთლო ხარჯები უნდა განაწილდეს შემდეგი სახით: ი--- დ----ეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის კ------------- ჯ-–ის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით.
კ------------- ჯ-–ს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 81 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. კ------------- ჯ-–ის სარჩელი ი--- დ----ის მიმართ ბავშვის ნახვის თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
კ------------- ჯ-–ს შვილის ე-–--- ჯ-–თან (დაბადებული 2017 წლის 17 თებერვალს) ურთიერთობისთვის განესაზღვროს შემდეგი დღეები: ყოველი კვირის სამშაბათი დღე - 19 საათიდან 20 საათამდე, ყოველი კვირის პარასკევი დღე - 18 საათიდან 20 საათამდე; ყოველ კვირის შაბათი დღე - 10 საათიდან 18 საათამდე, ყოველი წლის 10 აგვისტოდან 24 აგვისტომდე პერიოდში დამატებით განესაზღვროს ყოველი კვირის ხუთშაბათი დღე - 17 საათიდან 20 საათამდე.
2. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ი--- დ----ის შეგებებული სარჩელი კ------------- ჯ-–ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.
კ------------- ჯ-–ს მისი შვილის ე-–--- ჯ-–ის (დაბადებული 2017 წლის 17 თებერვალს) სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის სახით 700 ლარის გადახდა სარჩელის სასამართლოში შეტანის მომენტიდან 2019 წლის 28 მარტიდან მის სრულწლოვანებამდე.
3. ი--- დ----ეს დაეკისროს მოსარჩელის კ------------- ჯ-–ის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით.
4. კ------------- ჯ-–ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 81 ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია შოშიაშვილი