გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/6118-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ლაკერბაია
სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი
მოსარჩელე - შპს ,,ნ---------------------–------ი’’
წარმომადგენელი - ვ------- ლე---ე
მოპასუხე - ლი--------------–ი
წარმომადგენელი - გო----ა ბ-------
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.დაეკისროს მოპასუხე ლი--------------–ს მოსარჩელე შპს ,,ნ---------------------–------ი’’-ს სასარგებლოდ შრომითი ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე პირგასამტეხლო 2 983 ლარი.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2017 წლის 09 იანვარს შპს ,,ნ---------------------–------ი’’-ს დირექტორს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმართა ექ-----------–----ა ლი--------------–მა, რომელიც დირექტორის 2017 წლის 10 იანვრის ბრძანება #--ით არ დაკმაყოფილდა. ამის შესახებ იმავე დღეს ეცნობა წერილით მოპასუხეს და ეთხოვა მას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება გაეგრძელებინა 2017 წლის 20 იანვრის ჩათვლით, რასაც მას ავალებდა მხარეთა შორის 2014 წლის 20 იანვარს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების 1.2 პუნქტი. აღნიშნული წერილი მოპასუხეს ჩაბარდა 11 იანვარს. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხემ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება მაინც შეწყვიტა 2017 წლის 09 იანვრიდან, რითაც გარდა იმისა, რომ არაფრად ჩააგდო მის მიერ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო მის მიერ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა შპს ,,ნ---------------------–------ი’’.
შპს ,,ნ---------------------–------ი’’-ს დირექტორის 2017 წლის 23 იანვრის ბრძანებით, მოპასუხე ლი--------------–ი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უხეშად დარღვევისთვის, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. აღნიშნულის შესახებ მოპასუხეს ეცნობა 2017 წლის 23 იანვრის წერილით.
2017 წლის 30 იანვარს შპს ,,ნ---------------------–------ი’’-ს მიერ დაანგარიშებული იქნა რა თანხა ჰქონდა მოპასუხეს დამსაქმებლისგან მისაღები შრომითი ხელშეკრულების 8.1-8.3 პუნქტების შესაბამისად პირგასამტეხლოს სახით. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს მოპასუხისთვის ასანაზღაურებელი ჰქონდა ხელფასის სახით 260 ლარი, აღნიშნული თანხა გაიქვითა პირგასამტეხლოს თანხაში, რის შედეგადაც პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 2 983 ლარი. აღნიშნულის შესახებ მოპასუხეს ეცნობა 2017 წლის 01 თებერვლის წერილით #---ით, რომელიც მას ჩაბარდა 2017 წლის 01 თებერვალს. მოპასუხეს დაკისრებული პირგასამტეხლოს გადასახდელად განესაზღვრა ორკვირიანი ვადა, თუმცა მას ვალდებულება არ შეუსრულებია.
2.1. მოპასუხის პოზიცია სარჩელთან მიმართებით.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით სარჩელი არ ცნო და განმარტა რომ სარჩელი უსაფუძვლოა. მოპასუხის განმარტებით, 2017 წლის 09 იანვარს განცხადებით ითხოვდა სამსახურიდან გათავისუფლებას უმოკლეს ვადებში რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო, შესაბამისად, მის მიერ მოხდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინასწარი შეტყობინება ხელშეკრულების ავტომატურად არ გაგრძელების თაობაზე. მოპასუხის განმარტებით მას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება არ შეუწყვეტია 2017 წლის 09 იანვრიდან და აღნიშნულს ადგილი ჰქონდა მხოლოდ 17 იანვრიდან 20 იანვრამდე. გათავისუფლების ბრძანების გამოცემის დროისთვის - 2017 წლის 23 იანვრისთვის მასთან დადებული ხელშეკრულება აღარ არსებობდა, ვინაიდან ხელშეკრულება მისი 2017 წლის 09 იანვრის წერილის შესაბამისად შეწყდა 2017 წლის 20 იანვარს. მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი კონკრეტული განკუთვნადი მტკიცებულებები, რომლითაც შესაძლებელია დადასტურდეს მოთხოვნილი თანხის დაანგარიშების მეთოდი. ამასთანავე, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია. წარმოდგენილ შესაგებელში მოპასუხემ დამატებით მიუთითა, რომ შპს ,,ნე--------------------–------ი’’ 2017 წლის 09 იანვრიდან 2017 წლის 17 იანვრამდე ფაქტობრივად არ ფუნქციონირებდა და არ საჭიროებდა დასაქმებული ე---ების ადგილზე ყოფნას, რისი მიზეზიც სახელმწიფოს მიერ დაფინანსების მიწოდების არარსებობა იყო. ამასთანავე, მოსარჩელეს არ მისდგომია ზიანი, ვინაიდან ცენტრში არსებული 2 ე---ის მიერ სრულად ხდებოდა პაციენტების მომსახურება.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 20 იანვარს შპს ,,ნ---------------------–------ი’’-ს, როგორც დამსაქმებელს და მოპასუხე ლი--------------–ს, როგორც დასაქმებულს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხე დაინიშნა ბავშვთა ნ-------–---ის პოზიციაზე.
ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 20 იანვრამდე დროის მონაკვეთი. ამასთან, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა, რომ თუ შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლამდე ორი კვირით ადრე რომელიმე მხარე არ განაცხადებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, შრომითი ხელშეკრულება გაგრძელებულად ჩაითვლება იმავე ვადით და პირობებით და კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და პირობებით შრომითი ხელშეკრულება ჩაითვლება უვადოდ დადებულად.
ხელშეკრულების თანახმად, შრომის ანაზღაურების (ხელფასის) ოდენობა განისაზღვრა გამომუშავებით და დაწესებულებაში მოქმედი ,,შრომისა და გაწეული მომსახურების ანაზღაურების შესახებ’’ მე-3 ბრძანების შესაბამისად და მოიცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
ხელშეკრულების 8.1 პუნქტის შესაბამისად, მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი (ზარალი) კანონმდებლობით და/ან ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით. ამასთან, ზიანის (ზარალის) ანაზღაურება მხარეებს არ ათავისუფლებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან, და არ გამორიცხავს პასუხისმგებლობის იმ დამატებით ზომებს, რაც შესაძლოა გათვალისწინებულ იყოს კანონმდებლობით, ხელშეკრულებით.
ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, დასაქმებულის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დაუცველად შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის/სამუშაოს თვითნებურად მიტოვების შემთხვევაში დამსაქმებელი უფლებამოსილია მას დააკისროს პირგასამტეხლო ორი თვის ანაზღაურების ოდენობით (გამომუშავებით ანაზღაურების შემთხვევაში პირგასამტეხლო იანგარიშება ბოლო 3 თვის ხელფასის საშუალო მაჩვენებლის მიხედვით). ამავე ხელშეკრულების 8.3 პუნქტის თანახმად კი განისაზღვრა, რომ დასაქმებულის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური სანქციები განხორციელდება დასაქმებულის ანაზღაურების (ხელფასის, ბონუსის) ჩამოჭრის გზით უახლოესი ანაზღაურებიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ.18-20);
- ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2017 წლის 09 იანვარს მოპასუხე ლი--------------–მა 2017 წლის 09 იანვრიდან პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმართა შპს ,,ნ---------------------–------ი’’-ს.
შპს ,,ნ---------------------–------ი’’-ს დირექტორის 2017 წლის 10 იანვრის ბრძანებით, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის განცხადება გათავისუფლების შესახებ. ამასთანავე, ამავე თარიღში შედგენილი მიმართვის N-- თანახმად, მოპასუხეს განემარტა, რომ 2014 წლის 20 იანვარს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად, მოპასუხე ვალდებული იყო გაეგრძელებინა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება 2017 წლის 20 იანვრის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება (ს.ფ.21);
- ბრძანება (ს.ფ.22);
- მიმართვა (ს.ფ.23);
- ახსნა-განმარტება.
3.1.3. 2017 წლის 09 იანვრიდან 2017 წლის 20 იანვრის ჩათვლით პერიოდში მოპასუხე ლი--------------–ი არ გამოცხადებულა სამსახურში ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობების შესასრულებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა (ს.ფ.26);
- ახსნა-განმარტება.
3.1.4. შპს ,,ნ---------------------–------ი’’-ს დირექტორის 2017 წლის 23 იანვრის ბრძანებით, მოპასუხე ლი--------------–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ხელშეკრულების 11.3.1.3 პუნქტის საფუძველზე მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უხეში დარღვევის გამო. აღნიშნულის თაობაზე მოპასუხეს ეცნობა 2017 წლის 23 იანვრის მიმართვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბრძანება (ს.ფ. 27);
- მიმართვა (ს.ფ.28);
- ჩაბარების დასტური (ს.ფ.29-30);
- ახსნა-განმარტება.
3.1.5. შპს ,,ნ---------------------–------ი’’-ს დირექტორის 2017 წლის 30 იანვრის ცნობის თანახმად, შპს ,,ნ---------------------–------ი’’-ს ყოფილი ე---ის, ლი--------------–ის საშუალო თვიური ხელფასი ბოლო სამი თვის ხელფასის მონაცემების მიხედვით შეადგენს 1 621.50 ლარი. შესაბამისად, 2 თვის ანაზღაურება, რომელიც ეკისრება მას პირგასამტეხლოს სახით შეადგენს 3 243 ლარს. 2016 წლის დეკემბერში გამომუშავებული ანაზღაურების სახით, ლი--------------–ს უნდა მიეღო 260 ლარი, რაც იქვითება პირგასამტეხლოს თანხიდან და საბოლოოდ, ლი--------------–ის მიერ შპს ,,ნ---------------------–------ი’’-ს მიმართ გადასახდელი პირგასამტეხლო შეადგენს 2 983 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა (ს.ფ.31);
- ახსნა-განმარტება.
3.1.6. შპს 2017 წლის 01 თებერვლის მიმართვით შპს ,,ნ---------------------–------ი’’-მა მოპასუხე ლი--------------–ს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს - 2 983 ლარის ანაზღაურებისათვის განუსაზღვრა ვადა 2017 წლის 15 თებერვლამდე. მოპასუხეს მოსარჩელისთვის არ აუნაზღაურებია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლო - 2 983 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიმართვა (ს.ფ.32);
- ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავო არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა შპს ,,ნ---------------------–------ი’’-ს სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი; შრომის კოდექსის 1-ლი, მე-2, 37-ე მუხლები; სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე, 420-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლით უზრუნველყოფილია „შრომის თავისუფლება’’. აღნიშნული მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.
კონსტიტუციის ეს დებულება პირველ რიგში მოიცავს შრომითი ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპს, რადგან შრომითი ხელშეკრულების დადების თავისუფლება შრომის სამართალში აღიარებულია, როგორც კონსტიტუციით უზრუნველყოფილი და განმტკიცებული კონცეფცია. შრომის თავისუფლების კონსტიტუციური პრინციპიდან გამომდინარე, დასაქმებული თავისუფალია თავის სამუშაოსა და დამსაქმებლის არჩევანში და ამგვარად მას აქვს შესაბამისი თავისუფლება, გააფორმოს ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულება. შრომის თავისუფლება გულისხმობს სამუშაოს კატეგორიის თავისუფალ არჩევანსაც. შრომის თავისუფლება მოიცავს ადამიანის უფლებას, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის სფერო და პროფესია. („საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები“, სახელმძღვანელო მოსამართლეების, იურისტებისა და სამართლის პედაგოგებისათვის, გვ. 27)
კონსტიტუციის ზემოთ დასახელებულ მუხლში, მითითებული „შრომის თავისუფლება’’ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „იმას ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/4-24; 28.02.1997წ.). ასევე, „შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს ვალდებულება, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები’’ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/2- 389; 26.10.2007წ.). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებითვე, ,,კონსტიტუციის პირველი პუნქტით დაცულია არამარტო უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება, განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო’’ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/2- 389; 26.10.2007წ.) .
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლით (კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად 26-ე მუხლი) აღიარებულია პირის უმნიშვნელოვანესი სოციალური უფლება - შრომის უფლება და დადგენილია, რომ შრომა თავისუფალია. შრომის კონსტიტუციური უფლება გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას, შრომითი საქმიანობის არჩევანში და მის განხორციელებაში, ამასთან, აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას დასაქმებული მოქალაქის შრომითი უფლებების დაცვაში, რაც უზრუნველყოფილია სათანადო კანონით - შრომის კოდექსით. (იხ. სუსგ. №ას-1261-1520-09, 23.03.2010წ.; №ას-397-370-2010, 11.10.2010წ.; №ას-838-889-2011, 19.09.2011წ.; №ას-427-403-2013, 25.06.2013წ.)
ამდენად, ზემოთ აღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე, „შრომის თავისუფლება’’ მოიცავს როგორც მხარის უფლებას თავისი ნების შესაბამისად აირჩიოს შრომითი საქმიანობა, ასევე უფლებას აირჩიოს დამსაქმებელი ან/და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეწყვიტოს მასთან შრომითი ურთიერთობა.
საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლი არეგულირებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ლეგალურ საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის 1-ლი ნაწილის „დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია - დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება. ამასთან, დასაქმებულის ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დასაქმებული არ არის ვალდებული, დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. ამავე კოდექსის 38-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მას ეკისრება ერთადერთი ვალდებულება - არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოა მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულების არსებობის ფაქტი, ასევე უდავოა, რომ 2017 წლის 09 იანვარს მოპასუხე ლი--------------–მა 2017 წლის 09 იანვრიდან პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმართა შპს ,,ნ---------------------–------ი’’-ს. მიუხედავად იმისა, რომ შპს ,,ნ---------------------–------ი’’-ს 2017 წლის 10 იანვრის ბრძანებით, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის განცხადება გათავისუფლების შესახებ, უდავოა, რომ 2017 წლის 09 იანვრიდან 2017 წლის 20 იანვრის ჩათვლით პერიოდში მოპასუხე ლი--------------–ი არ გამოცხადებულა სამსახურში ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობების შესასრულებლად. შპს ,,ნ---------------------–------ი’’-ს დირექტორის 2017 წლის 23 იანვრის ბრძანებით კი მოპასუხე ლი--------------–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უხეში დარღვევის გამო. ამის შემდგომ კი მოსარჩელემ მოპასუხეს დააკისრა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლო.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტზე, რაც გახდა მისთვის პირგასამტეხლოს სახით 2 983 ლარის დაკისრების საფუძველი. ამასთან, უდავოა, რომ მოსარჩელემ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის დასრულების დროისთვის მოპასუხისთვის ასანაზღაურებელი თანხის (მისაღები ხელფასის) ოდენობა - 260 ლარი ჩაითვალა პირგასამტეხლოს ანგარიშში და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ განსაზღვრა მოპასუხისთვის გადასახდელი პირგასამტეხლო 2 983 ლარით.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის’’ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მოპასუხე მიუთითებს მოსარჩელის მიერ დარიცხული პირგასამტეხლოს არაგონივრულ ოდენობაზე.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 2 983 ლარი, შეუსაბამოდ მაღალია და იგი უნდა შემცირდეს. კერძოდ, მოპასუხეს მისი გადახდა უნდა დაეკისროს სასამართლოს მიერ შემცირებული ოდენობით და პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს მოსარჩელის მიერ სარჩელის შემოტანამდე პირგასამტეხლოს სახით ჩათვლილი თანხით - 260 ლარით, შესაბამისად, აღარ არსებობს მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით დამატებით თანხის დაკისრების ფაქტობრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 ლარი (ს.ფ.37-28). ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ნ---------------------–------ი’’-ს სარჩელი მოპასუხე ლი--------------–ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ლაკერბაია