გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№2/24590-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მაკა ჭედია
სხდომის მდივანი კახა კომლაძე
მოსარჩელე სს ”ს--------------------------–---“
წარმომადგენელი ალ--------------------
მოპასუხე ვლ---------------–---–-
წარმომადგენელი ირ---–------------
დავის საგანი ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ვლ---------------–---–-სათვის მოსარჩელე სს „ს--------------------------–---ს“ სასარგებლოდ 13 636.94 ლარის გადახდის დაკისრება. (იხ. 2019 წლის 27 მარტის სხდომის ოქმი, 12:18:29).
2015 წლის 16 იანვარს სსიპ „ს--–---------------–------------------–--------“ და ს--------------------------–---ს შორის ელ. ტენდერის საფუძველზე გაფორმდა ხელშეკრულება N02/30/019-15 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის საფუძველზეც ა-–--- ახორციელებდა ს--–-------ს ბალანსზე რიცხულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევას, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
2016 წლის 25 აგვისტოს, თბილისში, უ--------------ს ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაზიანდა ა-–---ში ს--–-------დან დაზღვეული ავტოსატრანპორტო საშუალება „ფიატ დუკატო“ სახელმწიფო ნომრით E------, ვინ კოდით: Z---------------1, რომელსაც შეეჯახა ავტომანქანა „ფოლცვაგენი“ სახ. ნომრით: A---------
საგზაო შემთხვევა გამოწვეულია ფოლცვაგენის მძღოლის ვლ---------------–---–-ს მიერ საგზაო წესების დარღვევის შედეგად.
მოსარჩელესა და სსიპ „ს--–---------------–------------------–-------“ შორის გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულების შესაბამისად, ავარიის შედეგად დაზიანებული მანქანის აღდგენითი ღირებულება ექვემდებარებოდა ა-–---ს მხრიდან ანაზღაურებას, ხელშეკრულების სადაზღვევო პირობების ფარგლებში. იმის გათვალისწინებით, რომ აღდგენითმა ღირებულებამ გადააჭარბა საბალანსო/სადაზღვევო ღირებულების 75%-ს, ავტომანქანა ჩაითვალა განადგურებულად და ზარალი ანაზღაურდა სრული საბალანსო ღირებულების მოცულობით, გადასახდელი პრემიის 1094.55 ლარის გამოკლებით. სადაზღვევო კომპანიამ დამზღვევს აუნაზღაურა 36 273.89 ლარი. დაზიანებული ავტომანქანა საკუთრებაში გადაეცა სადაზღვევო კომპანიას, რომელმაც მისი რეალიზაციის შედეგად მიიღო 9000 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. საგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო მოპასუხესთან ერთად, ს--–---------------–---------------ის ავტომობილის მძღოლის ე-–---------------ის მიერ საგზაო წესების დარღვევის შედეგად. მოპასუხემ სადავოდ გახადა შეფასება აღდგენითი სამუშაოების ღირებულებასთან დაკავშირებით. ამასთან, აღნიშნა, რომ საქარე მინის დაზიანება არ არის მისი ქმედების შედეგი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 25 აგვისტოს, ქ. თბილისში, უ--------------ს ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაზიანდა სს „ს--------------------------–---ში“ დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალება „ფიატ დუკატო“ სახ. ნომრით: E------, ვინ კოდით: Z---------------1.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
2015 წლის 16 იანვრის ხელშეკრულება.
სადაზღვევო პოლისი.
ცნობა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების
შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს
განაჩენი.
სქემა.
3.1.2. საგზაო შემთხვევა, გამოწვეულია საგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლების, მათ შორის ვლ---------------–---–-ს მიერ საგზაო წესების დარღვევის შედეგად, კერძოდ, ავტომობილ „ფოლქსვაგენ, A---------ის მძღოლმა ვლ---------------–---–მა, უგულებელყო „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები, რომლის დაცვის შემთხვევაში ავტო-საგზაო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- ექსპერტიზის დასკვნა.
- განაჩენი.
3.1.3. მოსარჩელე სს „ს--------------------------–---მ“ დამზღვევს სსიპ „ს--–---------------–------------------–-------“ გადაურიცხა 36 273.89 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
- 2015 წლის 17 ნოემბრის N0186 საგადახდო დავალება.
3.1.4.სს "ს--------------------------–---მ" 9000 ლარად გაყიდა, სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების შემდეგ, მის საკუთრებაში გადასული დაზიანებული ავტომანქანა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
- 2016 წლის 15 მარტის ხელშეკრულება.
- მიღება-ჩაბარების აქტი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 28 368.44 ლარს.
სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე.
სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
მტკიცების ტვირთზე მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლოს შეფასების საგანია.
ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის).
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ზიანის ოდენობის დასადასტურებლად წარმოადგინა შემდეგი მტკიცებულებები: შპს „ს---------------------“ 2015 წლის 09 სექტემბრის ინვოისი, რომლის მიხედვით, მითითებულია დაზიანებული ნაწილების სახელწოდებები, მათი ღირებულებები, რამაც ჯამში, შეადგინა 41 988 ლარი. (იხ. ინვოისი). შპს „ს----------------“ ექსპერტიზის აქტის მიხედვით, რომლის კვლევის საგანს წარმოადგენდა ზემოაღნიშნული საგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომანქანის საბაზრო ღირებულების განსაზღვრა, სპეციალისტის მიერ აღწერილია იგივე დაზიანებები, რაც აღნიშნულია შპს „ს---------------------“ ინვოისში. ამასთან, აქტს ერთვის ფოტოსურათები, რომლებზეც აღბეჭდილია დაზიანებული ავტომანქანის მდგომარეობა.
სს „ს--------------------------–---სა“ და სსიპ „ს--–---------------–-------------------–-------“ შორის გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულების დანართი N1-ის მიხედვით, საგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული დაზღვეული ავტომანქანის საბალანსო ღირებულება ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის - 2015 წლის 16 იანვრისათვის განისაზღვრა 37 368.44 ლარით.
მოპასუხე სადავოდ ხდის ზიანის ოდენობას, მან სადავოდ გახადა აქტში მითითებული ღირებულებები. საქმეში წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ მოპასუხეს მტკიცებულება არ წარმოუდგენია. შესაბამისად, ვერ გააქარწყლა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული და შესაბამისი მტკიცებულებებით, გამყარებული გარემოება იმის თაობაზე, რომ დაზღვეული ავტომანქანის აღდგენითი ღირებულება აღემატება მისი საბალანსო ღირებულების 75%-ს. აქედან გამომდინარე, აღდგენითი ღირებულების დასადასტურებლად სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას.
ამ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზიანებული ავტომანქანის აღდგენითი ღირებულება აღემატებოდა დაზიანებამდე, მის საბალანსო/სადაზღვევო ღირებულების 75%-ს, დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობამ, საბალანსო ღირებულებასა და რეალიზაციის ღირებულებებს შორის სხვაობის გათვალისწინებით, შეადგინა 28 368.44 ლარი. (37 368.44- 9000).
სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია მოპასუხის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ საქარე მინის დაზიანება არ არის მის მიერ საგზაო წესების დარღვევის შედეგი, რადგან ამ შემთხვევაში, ზიანის ოდენობა როგორც აღინიშნა, განისაზღვრა ავტომანქანის დაზიანებამდე, საბაზრო ღირებულებით, ხოლო რაც შეეხება საქარე მინის აღდგენით ღირებულებასა და მისი დემონტაჟისა და მონტაჟის ხარჯებს, ამ თანხამ შეადგინა ჯამში, 1017 ლარი. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქარე მინის დაზიანება არ არის უშუალოდ დაკავშირებული ზიანის მოცულობის საბალანსო ღირებულებით განსაზღვრასთან.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 13 636.94 ლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 832-ე, 316-ე, 317-ე, 992-ე, 408-ე, 409-ე, 414-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით.
აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვევლის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით) (იხ, სუსგ, 22 ივნისი, 2016 წელი, საქმე №ას-380-364-2016).
დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ მოხდა მიყენებული ზიანის დამზღვევისათვის ანაზღაურება, რითაც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა გადავიდა მოსარჩელეზე, მზღვეველზე - სს ,,ს--------------------------–---ზე“.
6.1.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
6.1.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.1.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სასამართლო განმარტავს, რომ დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს არასახელშეკრულებო (კანონისმიერ) ვალდებულებათა სახეს. იგი წარმოიშობა კანონის ძალით, მხარეთა ნება-სურვილისგან დამოუკიდებლად, რა დროსაც, მხარეთა წინასწარი შეთანხმება ზიანის ანაზღაურების თაობაზე საჭირო არ არის. დელიქტური ვალდებულება მოწოდებულია უზრუნველყოს დარღვეული ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების აღდგენა სამართალდამრღვევის ხარჯზე. სწორედ ამ ვალდებულების ძალით, პირი, რომელმაც მიაყენა ზიანი სხვა პირის პირად ან ქონებრივ ინტერესებს, ვალდებულია სრული მოცულობით აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, ხოლო დაზარალებული პირი უფლებამოსილია მოითხოვოს განცდილი ზიანის ანაზღაურება.
შესაბამისად დელიქტი, როგორც სამოქალაქო სამართალდარღვევა, წარმოშობს გარკვეული სახის სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას, კერძოდ, დელიქტურ პასუხისმგებლობას. დელიქტური პასუხისმგებლობა წარმოადგენს კანონით განსაზღვრული ქონებრივი ხასიათის ზომების იძულებით გამოყენებას იმ პირის მიმართ, რომელმაც მიაყენა ზიანი სხვა პირის მატერიალურ ან არამატერიალურ სიკეთეს. აღნიშნული პასუხისმგებლობის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ არსობრივად იგი წარმოადგენს შეფარდებით სამართალურთიერთობას, ანუ ადგენს ერთი პირის ვალდებულებას მეორეს წინაშე და იმავდროულად მიმართულია აბსოლუტური სამართალურთიერთობის დაცვისაკენ, სადაც განსაზღვრულია მხოლოდ ერთი მხარე - სუბიექტური უფლების მატარებელი, მაგალითად, ნივთის მესაკუთრე.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლად სამოქალაქო უფლების დარღვევა მიიჩნევა. ქონებრივი პასუხისმგებლობის ვალდებულ პირზე დასაკისრებლად საჭიროა, რომ სახეზე იყოს სამართალდარღვევის შემადგენლობა. შემადგენლობის ორგანიზმს ქმნის სამართლებრივად ფასეულ სუბიექტურ და ობიექტურ გარემოებათა ერთობლიობა, რომელთა თანაარსებობა მოვალეზე პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. ამ შემადგენლობის ელემენტებია: სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანი; დამრღვევის მართლსაწინაღმდეგო ქმედება; მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; სამართლდამრღვევის ბრალი.
მოცემულ შემთხვევაში ვლ---------------–---–-ს მიერ ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რაც დაზარალებულს უფლებას აძლევს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ზიანის მიმყენებლისგან.
6.1.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლიდან გამომდინარე, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აქედან გამომდინარე, ზიანი პასუხისმგებელმა სუბიექტმა უნდა აანაზღაუროს სრულად.
6.1.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მიყენებული ზიანისათვის კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
6.1.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის მიხედვით, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე სს „ს---------------------------–---“ უფლებამოსილია მოითხოვოს ზიანის მიმყენებლისაგან ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესასრულებლად 13 636.94 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს მთავარ სხდომაზე შეამცირა მოთხოვნა ნაწილობრივ და მოითხოვა 13 636.94 ლარის გადახდა, შესაბამისად, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან ნახევარი 409.10 ლარის ოდენობით, უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო მეორე ნახევრის 409.10 ლარის ანაზღაურების ვალდებულება მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.
სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „ს--------------------------–---ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;
1.1. დაეკისროს მოპასუხე ვლ---------------–---–ს მოსარჩელე სს „ს--------------------------–---ს“ სასარგებლოდ 13 636.94 ლარის გადახდა;
2. დაეკისროს მოპასუხე ვლ---------------–---–ს მოსარჩელე სს „ს--------------------------–---ს“ სასარგებლოდ 409.10 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად;
2.1. დაუბრუნდეს მოსარჩელე სს „ს--------------------------–---ს“ 2018 წლის 21 აგვისტოს N482 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 818.22 ლარიდან ნახევარი 409.10 ლარი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაკა ჭედია