გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.04.2019
საქმის ნომერი
330210018002302656
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
18.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

330210018002302656

საქმე № 2/4480-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე

 

სხდომის მდივანი ანი ჯაჭვაძე

 

განხილვის ფორმა ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე ი-----------------ი

 

მოპასუხეები კ------------ე და ნ------------ე

ადვოკატი რ----------------ე

 

დავის საგანი ხელშეშლის აღკვეთა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ხელშეშლის აღკვეთის მიზნით, კ------------ეს და ნ------------ეს აეკრძალოთ ქ. თბილისი, გ--------–---–ის ქუჩა #27, კორპუსი #301-ს პირველ სართულზე მდებარე ბინა #2-ს (ს/კ #0----------------------) და ბინა #3-ს (ს/კ #0----------------------) შორის არსებული შესასვლელით ერთპიროვნული სარგებლობა და ი-----------------ისათვის მისი ბინით, მდებარე ქ. თბილისი, გ--------–---–ის ქუჩა #27, კორპუსი #301, #4 (ს/კ #0----------------------) სარგებლობაში ხელშეშლა, რა მიზნითაც მოპასუხეებისათვის მათი შესასვლელი კარის ადგილას დამონტაჟებული ფანჯრის დემონტაჟის დავალება.

სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია შემდეგი:

 

ი-----------------ის საკუთრებაშია ქ. თბილისი, გ--------–---–ის ქუჩა #27, კორპუსი #301-ში მდებარე ბინა #4 (ს/კ 0----------------------). მოსარჩელე თავის ბინაში ვერ შედის, რადგან მოპასუხეების ქმედების გამო შეზღუდული აქვს მისი საკუთრებით თავისუფლად ფლობის და განკარგვის უფლება. მოპასუხეებმა მიითვისეს კორპუსში არსებული საერთო შესასვლელი, რაც წარმოადგენდა ერთადერთ დამაკავშირებელ საშუალებას მოსარჩელის ბინასთან. მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მოპასუხეებს, რათა მიეცათ მისთვის საშუალება შესულიყო მის საკუთრებაში, რაზეც მიიღო კატეგორიული უარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა წარმოადგინეს ერთობლივი შესაგებელი და განმარტეს, რომ საერთო შესასვლელი მოსარჩელის და მოპასუხეების ბინებს შორის არ არსებობდა, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი საცხოვრებელი ბინის აზომვითი ნახაზი. ასევე, ნ------------ე არის თანამესაკუთრე ამავე მისამართზე არსებული #2 ბინისა, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს მოსარჩელის ბინასთან.

მოპასუხეთა ადვოკატი ასევე მიუთითებს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ი-----------------ის საკუთრებაა უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, გ--------–---–ის ქუჩა #27, კორპუსი #301, ბინა #4 (ს/კ #0----------------------)

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 11);

 

3.1.2. ქალაქ თბილისში, გ--------–---–ის ქუჩა #27, კორპუსი #301, ბინა #2 (ს/კ #0----------------------) არის კ------------ის და ნ------------ის თანასაკუთრებაში, ხოლო ბინა #3 (ს/კ #0----------------------) არის კ------------ის საკუთრება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 16-17);

 

3.1.3. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–-------------- გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურში განხილული იქნა საკითხი ქ. თბილისი, გ--------–---–ის ქუჩა #27, კორპუსი #301-ში მოქ. კ------------ის კუთვნილი ფართის ფასადზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხოციელების შესახებ. არქიტექტურის სამსახურმა აცნობა კ------------ეს, რომ მის მიერ განსახორციელებელი სამუშაოები თავისი მახასიათებლებით განეკუთვნება პირველი კლასის ობიექტს, რომელიც არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას, თუმცა სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობას ადასტურებს ქ. თბილისის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გადაწყვეტილება (ს.ფ. 42-44);

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ი-----------------ის და კ------------ის და ნ------------ის საკუთრებად რიცხულ უძრავ ქონებებს ქონდათ საერთო შესასვლელი, რომელიც მიითვისეს მოპასუხეებმა და მოსარჩელე ვერ შედის მის საკუთრებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

- სადავო შენობის პირველი სართულის ნახაზი (ს.ფ. 13);

- ფოტოსურათები (ს.ფ. 14-15)

 

3.2.2. მოსარჩელე ი-----------------მა საკუთრება დაირეგისტრირა საქმეში წარმოდგენილი აზომვითი ნახაზის საფუძველზე, რომელზეც ჩანს, რომ მის საკუთრებას შესასვლელი ღიობი აქვს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აზომვითი ნახაზი (ს.ფ. 66);

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ი-----------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის შესაბამისად მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები ანდა თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული ნორმით რეგლამენტირებულია საკუთრების უფლების უმნიშვნელოვანესი ელემენტები: ფლობა, სარგებლობა და განკარგვა, თუმცა, მსგავსად სხვა სამოქალაქო უფლებებისა, იგი არ არის აბსოლუტური და შესაძლოა დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს. თავის მხრივ, უდავოა, რომ უფლების შეზღუდვის პროპორციულობა მოწმდება შეპირისპირებულ სიკეთეთა სამართლიანი ბალანსის დადგენის გზით, როდესაც თანაბარი უფლების მქონე სუბიექტებს შორის უნდა მოხდეს ამ სიკეთით (უფლებით) სარგებლობის მართლზომიერად განსაზღვრა.

 

სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით (იხ. სუსგ, საქმე №ას-1041-998-2016, 12.02.2016წ., საქმე №ას-843-809-2016, 26.10.2016წ).

 

უნდა განიმარტოს, რომ ნეგატორული სარჩელი (action negatoria) მიმართულია უფლების ისეთი დარღვევის წინააღმდეგ, რაც არ არის დაკავშირებული ნივთის მფლობელობის დაკარგვასთან, მაგრამ ხელშემშლელია ნივთის სარგებლობისა და განკარგვისათვის, ე.ი. პირი მოკლებულია ამ უფლებამოსილებათა განხორციელების შესაძლებლობას, რადგან სხვა პირი თავისი მოქმედებით ხელს უშლის მათ რეალიზებას. ნეგატორული სარჩელი მიზნად ისახავს მესაკუთრის თავისუფლების აღიარებას ხელმყოფისაგან, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ზიანის ანაზღაურებასა და დაცვის გარანტიების შექმნას შემდგომში შესაძლო ხელყოფისაგან. ნეგატორული სარჩელით სარგებლობს როგორც მესაკუთრე, ისე ნებისმიერი მართლზომიერი მფლობელი.

 

საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა.

 

ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. თავის მხრივ, ფაქტის არსებობა დადასტურებული უნდა იყოს სათანადო მტკიცებულებებით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. სრულიად ცხად წარმოდგენას ქმნის სიტყვები: „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“ (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი)/იხ. სუსგ. №ას-412-412-2018, 26.10.2018წ.)

 

მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელე ი-----------------ის კუთვნილი უძრავი ნივთი და მოპასუხეების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარეობს ერთმანეთის მეზობლად (მომიჯნავედ). სადავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, ქონდა თუ არა მხარეთა შორის არსებულ ფართებს საერთო შესასვლელი, მიითვისეს, თუ არა მოპასუხეებმა ეს შესასვლელი და მოესპო თუ არა ი-----------------ს ამით მის საკუთრებასთან კავშირი. სასამართლომ მოსამზადებელ სხდომაზე განუმარტა მოსარჩელეს, რომ საქმის განხილვისას სასამართლო ხელმძღვანელობს შეჯიბრებითობის პრინციპით და შესთავაზა მტკიცებულებების წარმოდგენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, თუმცა მოსარჩელემ განაცხადა, რომ მას აქვს წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები, რითაც დადასტურდება მის მიერ მითითებული სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველი სასამართლოსათვის სავალდებულოა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები. სარჩელის საფუძველი არის იმ ფაქტების ერთობლიობა, რომლებიც ასაბუთებენ, ამართლებენ ფაქტობრივად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. თავის მხრივ, ფაქტის არსებობა დადასტურებული უნდა იყოს სათანადო მტკიცებულებებით. სამართალწარმოების ზოგადი პრინციპის თანახმად, განსახილველი კატეგორიის დავაში, მოსარჩელეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების (მტკიცების საგანი), ასევე, მათი დამტკიცების ტვირთი (მტკიცების ტვირთი). მოსარჩელის მითითებით, სადაოდ ქცეულ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მას არ აქვს თავის საკუთრებაში შესვლის საშუალება მოპასუხეთა მიერ საერთო შესასვლელის მითვისების გამო და ვერ სარგებლობს საკუთრებით, ადასტურებს მის მიერ წარმოდგენილი ორი ფოტოსურათი და შენობის პირველი სათულის ნახაზი, რაც სასამართლოს შეფასებით არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს იმ მტკიცებულებებად, რომლითაც დადასტურდება სადავო ფაქტობრივი გარემოებები. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე იყო ვალდებული მიეთითებინა და სარწმუნოდ დაემტკიცებინა, რომ მოპასუხეთა არამართლზომიერი ქმედებით მას საკუთრებაში შესვლა ეზღუდება. მითითებული გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელეს იმგვარი მტკიცებულებები უნდა წარედგინა, რომელიც შექმნიდა ობიექტურ, რეალურ სურათს მოპასუხეთა მხრიდან ასეთი ქმედების განხორციელებასთან დაკავშირებით და თავის მხრივ, წარმოშობდა სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების აღკვეთის შემადგენლობას. თავის მხრივ მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა აზომვითი ნახაზი, რის საფუძველზეც მოსარჩელემ საკუთრების რეგისტრაცია განახორციელა, რომელზეც ჩანს, რომ მის საკუთრებას შესასვლელი ღიობი აქვს.

 

ზემოთ აღნიშნული გარემოებების შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო დაედასტურებინა შესაბამისი მტკიცებულებებით სარჩელის საფუძვლიანობა, რის გამოც სარჩელის არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 120 ლარი (ს.ფ. 20).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სსსკ-ს 41.1 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა. კოდექსის 39.2 მუხლის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა გამორიცხავს მოპასუხეთა პასუხისმგებლობას მოსარჩელის მიერ გაღებული სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურებასთან მიმართებით. ამასთან, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 60 ლარის ოდენობით, ხოლო გადახდილი 60 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

მოპასუხე მხარემ მოითხოვა მის მიერ ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის, 1000 ლარის დაკისრება მოსარჩელისათვის.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცეო კოდექსის 41-ე და 53-ე მუხლების თანახმად, მოსარჩელეს უნდა დაეკისროს დავის საგნის ღირებულების 4% - 160 ლარი მოპასუხეთა სასარგებლოდ.

 

მოპასუხეებს შემოტანილი ქონდათ შეგებებული სარჩელი, რაც არ იქნა წარმოებაში მიღებული, თუმცა განჩინებაში სასამართლო არ უმსჯელია შეგებებული სარჩელის განხილვისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნებაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

9.1. აღნიშნულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ი-----------------ის სარჩელი კ------------ის და ნ------------ის მიმართ ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე - არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ი-----------------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 60 ლარი (გადახდილია, ჯამში 120 ლარი), რომელიც 0--------- წელს N0 საგადასახდო დავალების საფუძველზე ი-----------------ის მიერ ჩარიცხული იქნა სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე: სს „საქართველოს ბანკი“, ბანკის კოდი - T-------- სახაზინო კოდი - 3---------

 

3. ი-----------------ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 60 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

4. ი-----------------ს დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის - 160 ლარის გადახდა მოპასუხეთა სასარგებლოდ.

 

5. მოპასუხეებს დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 100 ლარი (სს თ-----------, გადამხდელი ა-------------, 1--------- წელი, სახაზინო კოდი 3--------).

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრით, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე