გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/25933-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17 აპრილი, 2019 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მაია გიგაური
სხდომის მდივანი ნინო კეკელიანი
მოსარჩელე: ა(ა)იპ ს----------–-----------–-----------------–--–-ა
მოსარჩელის წარმომადგენლები: ნ--- ჭ-------–ი, ი-----–- კ---------
მოპასუხე: გ------- ბ----------ე
მოპასუხის წარმომადგენელი: კ------------- გ--–-–---–ი
დავის საგანი: საქმიანი რეპუტაციის შემლახავი, ცილისმწამებლური ცნობების უარყოფა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
დაევალოს თ--------------------–-----–-----ს თავმჯდომარე გ------- ბ----------ეს (პ/ნ 6----------) მოახდინოს ა(ა)იპ ს----------–-----------–-----------------–--–-ის (ს/კ 4--------) საქმიანი რეპუტაციის შემლახველი შემდეგი ცნობების:
„ს------–----------ი, ჩვენი შეფასებით, არის კრიმინალური, აქ ხდება როგორც ფულის გათეთრება..“,„ეს არის კრიმინალური ბიზნესი, რომელიც პირდაპირი გაგებით კლავს ადამიანებს“, „ა---–--–-ა არის დამნაშავე სუბიექტების გაერთიანება“ და
„ეს სუბიექტები ყოველდღიურად ძარცვავენ მოსახლეობას“, - უარყოფა, მედია ჰოდინგი „კ-----“-ს პრესკლუბში, პრესკონფერენციის მოწვევის გზით.
(იხ. დაზუსტებული სარჩელი)
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2018 წლის 3- მარტს საქართველოს სათამაშო ბაზარზე მოქმედმა შემდეგმა მსხვილმა კომპანიებმა: შპს „დ-------მ“, შპს „ბ----–---ი“, შპს „ა---------“, შპს „ლ--------------–----ი“, შპს „მ----ი“ და შპს „ჩ--------------“ დააფუძნეს ა(ა)იპ ს----------–-----------–-----------------–--–-ა (ს/კ 4--------). ა---–--–-ის დამფუძნებელი წევრები ოპერირებენ საქართველოს სათამაშო ბაზარზე ყველაზე ცნობადი სასაქონლო ნიშნების გამოყენებით: ე-----------ი, ა---------ი, ლ----------ი, კ--------–----ი, ბ----–---ი და კ-----------ი.
2018 წლის 11 მაისს ა(ა)იპ ს----------–-----------–-----------------–--–-ამ საკანონმდებლო ორგანოს მიმართა საკანონმდებლო წინადადებით, თ-------ს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 1 პრიმა პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, რომლის თანახმად შენობა-ნაგებობაში მოწევის აკრძალვიდან გამონაკლისს წარმოადგენს სამორინე, ისეთი რედაქციით ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, რომ ნორმის ტექსტში სიტყვა „სამორინე“ ჩანაცვლდეს შემდეგით: „აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშების) მოწყობის ადგილი“.
სარჩელში მითითებულია, რომ 2018 წლის 24 მაისს რადიო კ-----------ის ეთერში გასულ გადაცემაში, კ-----------ის თემა ს--–---- ს-----–-----ან ერთად, საუბრისას, თ--------------------–-----–-----ს თავმჯდომარემ გ------- ბ----------ემ განმარტა შემდეგი: „ის, რომ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს ს------–-----------------–--–-ა კარნახობს პოლიტიკას, არის სირცხვილი. ეს არის კრიმინალური ბიზნესი, რომელიც პირდაპირი გაგებით კლავს ადამიანებს, მათი თარეში ამ ქვეყანაში სამართლებრივად უნდა შეიზღუდოს“. ამას გარდა, 2018 წლის 23 ივლისს მედია ჰოლდინგ „კ-----ს“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, ალიანსის თავმჯდომარე გ------- ბ----------ემ განაცხადა: „ს------–----------ი, ჩვენი შეფასებით არის კრიმინალური, აქ ხდება როგორც ფულის გათეთრება, ამავდროულად ხდება ჩვენი ისედაც ღარიბი მოსახლეობის ტოტალურად გაღარიბება“.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სარჩელში მითითებულია კიდევ ერთი ფაქტი, რომლის დროს გაჟღერებულ სიტყვებსაც ედავება მოსარჩელე მოპასუხეს. კერძოდ, 2018 წლის 4 დეკემბრის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა საქართველოს პარლამენტის კომიტეტის მორიგ სხდომაზე, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა პარლამენტის ოფიციალური ვებ-გვერდის (www.parliament.ge ) მეშვეობით, მეორე მოსმენით განიხილებოდა თ-------ს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად შეეხებოდა გარკვეული კატეგორიის სლოტ კლუბებში მოწევის დაშვების საკითხს. კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ მოსარჩელე ა(ა)იპ ს----------–-----------–-----------------–--–-ის თავმჯდომარე ზ----- ბ------–---–ი და მოპასუხე გ------- ბ----------ე. კომიტეტის სხდომაზე მოპასუხემ გააკეთა განცხადებები, რაც იწვევს მოსარჩელის და მისი ყოველი წევრის საქმიანი რეპუტაციის შელახვას. კერძოდ, მოპასუხემ განაცხადა: „ა---–--–-ა არის დამნაშავე სუბიექტების გაერთიანება“ და „ეს სუბიექტები, ყოველდღიურად ძარცვავენ მოსახლეობას“.
მოსარჩელის წარმომადგენელი მოპასუხის მიერ ზემოაღნიშნულ განცხადებებს მიიჩნევს ცილისმწამებლურად, რომლითაც შეილახა ა(ა)იპ ს----------–-----------–-----------------–--–-ისა“ და მისი ყოველი წევრის საქმიანი რეპუტაცია.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე გ------- ბ----------ის წარმომადგენელმა არ ცნო სარჩელი.
მისი განმარტებით, სადავო განცხადებების გაკეთებისას გ------- ბ----------ე ხელმძღვანელობდა სხვა, სანდო წყაროებისგან მიღებული ინფორმაციით, სხვა პირთა მიერ ნაწარმოები კვლევებით, გამოცემული სტატიებით და სხვა ინფორმაციით, რომლის უარყოფაც მოსარჩელეს არ მოუთხოვია.
განცხადებებთან დაკავშირებთ მოპასუხე აღნიშნავს, რომ ყველა სადავო ფრაზა გ------- ბ----------ემ, როგორც თ--------------------–-----–-----ს თავმჯდომარემ, გააკეთა ალიანსის სახელით, რა დროსაც იგი აჟღერებდა ორგანიზაციის შეფასებას. იმ ფაქტს, რომ გ------- ბ----------ეს აქვს უარყოფითი დამოკიდებულება თ-------ს და სამორინეების მიმართ, მოპასუხე ადასტურებს, თუმცა განმარტავს, რომ ამ დამოკიდებულებას ქმნის სხვადასხვა კვლევები და გავრცელებული და დადასტურებული მონაცემები. შესაბამისად, მოპასუხის მოსაზრებით, სასამართლოს შესაფასებელია, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული „აზრების“ თუ „ფაქტების“ და ასევე სხვა კვლევების გამოყენებით გ------- ბ----------ის მიერ გაკეთებული განცხადება არის „აზრი“, „არსებითად მცდარი ფაქტი“ თუ სიმართლე.
საქმიან რეპუტაციასთან დაკავშირებით მოპასუხე მიიჩნევს, რომ მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების (კვლევები, სტატიები და სხვა ინფორმაცია) ანალიზი ისედაც არ ქმნის შთაბეჭდილებას მოსარჩელის დადებით რეპუტაციაზე. მხარისთვის ასევე დაუსაბუთებელია მითითება, რომ მას მოპასუხის განცხადებებმა მიაყენა ზიანი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხე მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის შესაბამისად, ა(ა)იპ ს----------–-----------–-----------------–--–-ა დარეგისტრირდა 3-/03/2018 წელს, საიდენტიფიკაციო კოდით: 4-------- და მის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი არის თავმჯდომარე ზ----- ბ------–---–ი.
ა(ა)იპ ს----------–-----------–-----------------–--–-ს წესდების შესაბამისად, ა---–--–-ის დამფუძნებელი წევრები არიან: შპს „დ-------მ“, შპს „ბ----–---ი“, შპს „ა---------“, შპს „ლ--------------–----ი“, შპს „მ----ი“ და შპს „ჩ--------------“.
ზ----- ბ------–---–ის მიერ 12.03.2019წ. გაცემული ცნობის მიხედვით დგინდება, რომ 2018 წლის 31 დეკემბერს ს----------–-----------–-----------------–--–-ის დამფუძნებელი წევრობიდან გავიდა შპს „დ-------მ“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- წესდება (ს.ფ. 20-46, ტ.1);
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 47-48, ტ.1);
- ცნობა (ს.ფ. 6, ტ.2)
3.1.2. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ ი-----–- კ-------ეს 2018 წლის 11 მაისს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა ა(ა)იპ ს ქართველოს ს------–---------- ა---–--–-ის თავმჯდომარემ ზ----- ბ------–---–მა.
საკანონმდებლო წინადადება გულისხმობდა შესაბამისი პროცედურების დაწყებას რათა „თ-------ს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 11 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს იმგვარად, რომ სამორინეს ნაცვლად მიეთითოს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საკანონმდებლო წინადადება (ს.ფ. 49-50, ტ.1);
3.1.3. ის ფაქტი, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი განცხადებები ნამდვილად გაავრცელა მოპასუხე თ--------------------–-----–-----ს თავმჯდომარე გ------- ბ----------ემ, უდავოა.
კერძოდ, განცხადება „ს------–----------ი, ჩვენი შეფასებით, არის კრიმინალური, აქ ხდება როგორც ფულის გათეთრება..“ - გ------- ბ----------ემ გააკეთა 2018 წლის 23 ივლისს მედია ჰოლდინგ „კ-----ს“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, რასაც არ უარყოფს მოპასუხე.
„ეს არის კრიმინალური ბიზნესი, რომელიც პირდაპირი გაგებით კლავს ადამიანებს“ - ასევე არის გ------- ბ----------ის სიტყვები, რომელიც 2018 წლის 24 მაისს რადიო კ-----------ის ეთერში გასულ გადაცემაში წარმოთქვა მან.
ალიანსის თავმჯდომარე გ------- ბ----------ე არც მის მიერ 2018 წლის 4 დეკემბრის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა საქართველოს პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს: „ა---–--–-ა არის დამნაშავე სუბიექტების გაერთიანება“ და „ეს სუბიექტები ყოველდღიურად ძარცვავენ მოსახლეობას“ - უარყოფს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- განცხადება „კ-----------ში“ (ს.ფ. 51-52, ტ.1);
- განცხადება მედია ჰოლდინგ „კ-----ს“ პრესკლუბში (ს.ფ. 53-54, ტ.1)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. თ--------------------–-----–-----ს თავმჯდომარე გ------- ბ----------ის მიერ გავრცელებული სადავო განცხადებები - „ს------–----------ი, ჩვენი შეფასებით, არის კრიმინალური, აქ ხდება როგორც ფულის გათეთრება..“; „ეს არის კრიმინალური ბიზნესი, რომელიც პირდაპირი გაგებით კლავს ადამიანებს“; „ა---–--–-ა არის დამნაშავე სუბიექტების გაერთიანება“ და „ეს სუბიექტები ყოველდღიურად ძარცვავენ მოსახლეობას“ - სასამართლოს მხრიდან ფასდება, როგორც მოპასუხის მიერ გაკეთებული შეფასებითი მსჯელობა, მისი „აზრის“ გაჟღერება და არ უნდა იქნეს აღქმული როგორც „ფაქტის“ (მცდარი ფაქტის) გავრცელება, რაც გამოიწვევდა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, კერძო პირის ცილისწამებისთვის.
სასამართლო ამ ტიპის დავების გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს უპირველესად განსაზღვროს, იყო მოპასუხის მიერ გაჟღერებული და სადავოდ გამხდარი განცხადებები კონკრეტული ინფორმაციის შემცველი, თუ მისი ავტორი საუბრობდა მხოლოდ მის აზრსა და შეხედულებებზე.
ევროსასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში, მათ შორის საქმეზე Lingens vs. Austria განმარტა, შემდეგი: ფაქტების არსებობა შეიძლება დამტკიცებულ იქნეს, მაშინ როდესაც შეფასებითი მსჯელობის ნამდვილობა არ ექვემდებარება მტკიცებას...
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.
სასამართლო, წინამდებარე საქმეში მტკიცების ტვირთის განაწილების განსაკუთრებულ - სპეციალურ წესზე გაამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს შემდეგს:
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.
მთავარი სადავო გარემოებაა დადგინდეს, შეელახა თუ არა მოსარჩელეებს სადავო გამონათქვამებით პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. ასევე, რეალურად ჰქონდა თუ არა ადგილი იმ გარემოებებს, რაც განმარტებულია სადავო განცხადებებით, ან იყო თუ არა საამისოდ საკმარისი ფაქტობრივი საფუძვლები.
მოსარჩელის განცხადებით, მოპასუხის მიერ გავრცელდა ცრუ და არასწორი ინფორმაცია, რაც ლახავს მის საქმიან რეპუტაციას. მოპასუხე კი მიუთითებდა, რომ მოსარჩელე ვერ ასაბუთებს რომ მის მიერ გავრცელდა ფაქტი, თანაც ცრუ ფაქტი, რამაც რაიმე სახის ზიანი მიაყენა მას.
მოსარჩელე სადავოდ ხდის, მოპასუხის მიერ გავრცელებულ ცნობების სინამდვილესთან შესაბამისობას და აფასებს მათ ცილისწამებად. სასამართლომ კი ასეთ შემთხვევაში, როგორც უკვე აღნიშნა, უნდა დაადგინოს, გავრცელებული განცხადებები განეკუთვნებიან ,,ფაქტს“, თუ წარმოადგენენ ავტორთა ,,აზრის“, შეფასებითი მსჯელობის ნაწილს.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონი ამ ტერმინებს განმარტავს შემდეგნაირად: „აზრი“ არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს; ხოლო ცილისწამება არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადებაა;
პირს ეკისრება სამოქალაქო პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისთვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელეების შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს მიადგა ზიანი.
სადავო გამონათქვამების სწორი კვალიფიკაციისთვის, სასამართლოს მოსაზრებით, უნდა შემოწმდეს მათი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივ კომპონენტებს მოიცავს და ამავდროულად, რა მიზნით იქნა გასაჯაროვებული.
მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური წესის თანახმად, მითითებული გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელე ა(ა)იპ ს----------–-----------–-----------------–--–-ის“ წარმომადგენელს, ვინაიდან, სწორედ ის არის შეზღუდვის ინიციატორი.
სასამართლოს პირველ რიგში სურს ყურადღება გაამახვილოს თავად განცხადებების შინაარსსა და მიზანზე. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ერთ-ერთ სადავო ფრაზაში თავად გ------- ბ----------ე იყენებს სიტყვებს „ჩემი შეფასებით“, რაც ცალსახად მიუთითებს მისი აზრის გაჟღერებაზე. ის, რომ „კრიმინალურ ბიზნესად“ მოიხსენიებს მოპასუხე მხარე ს------–----------ს, ამ ნაწილშიც სასამართლო არ თვლის, რომ რაიმე კონკრეტულ ფაქტებს ავრცელებდეს იგი. ყოველთვის, როცა სადავო საკითხზე მსჯელობდა, იგი აფიქსირებდა მის სუბიექტურ დამოკიდებულებას ამ ბიზნესისადმი და ეს სადავოდ გამხდარი განცხადებებიც მათი ნაწილია. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- ბ----------ის გამოსვლები არ უნდა შეფასდეს იმ ხარისხით, რომ მას დაეკისროს პასუხისმგებლობა ცილისწამებისთვის. აქვე სასამართლო მოიშველიებს მოპასუხის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სტატიებს, ნაშრომებს, სადაც ყველგან იმ უარყოფით ეფექტებზე და გავლენაზეა საუბარი, რაც მათი ავტორების მოსაზრებით, ს------–----------ს აქვს მოსახლეობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს მოპასუხის მიერ შესაგებელში წარმოდგენილ პოზიციას და მიუთითებს, რომ სადავო სტატია, მისი შინაარსის გათვალისწინებით, მოსარჩელესთან მიმართებაში უნდა შეფასდეს "აზრის" და არა "ფაქტის“ გადმოცემად, მით უფრო, რომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონი სადავო შემთხვევაშიც კი, გამოხატვისათვის სწორედ აზრის მინიჭების პრეზუმფციისაკენ იხრება. „აზრი“ კი, ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით, დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, რაც ნიშნავს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან პირის სრულ და უპირობო გათავისუფლებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოპასუხის ახსნა-განმარტება;
- სტატიები (ს.ფ. 79-138, 154-267)
3.2.2. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ------- ბ----------ის განცხადებების ადრესატი ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული არ არის.
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ცილისწამების თაობაზე სასამართლო დავის საგანი არ შეიძლება იყოს ისეთი განცხადება, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ ჯგუფს ან/და რომელშიც მოსარჩელე არ არის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე არის ა---–--–-ა, რომელშიც გაერთიანებულია სხვა ხუთი მეწარმე სუბიექტი, რომელთაც აერთიანებთ საქმიანობის სფერო. რაც შეეხება ა---–--–-ის მიზნებს, წესდების მე-3 მუხლი განსაზღვრავს ამ საკითხს და მასში მითითებულია, რომ „ა---–--–-ის“ ძირითად მიზნებს წარმოადგენს: საქართველოს ბაზარზე მოქმედი ს------–----------ის ოპერატორების/ს------–----------ის სფეროში მოღვაწე პირების უფლებებისა და ინტერესების დაცვა; ს------–----------თან დაკავშირებული არსებული, თუ სამომავლოდ ასამოქმედებელი რეგულაციების შეფასება, ანალიზი და განვითარების ხელშეწყობა; სათამაშო ინდუსტრიის და ვაჭრობის ფარგლებში საქმიანობის მაღალი სტანდარტის დანერგვა; აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებულობის უზრუნველყოფა; ს------–----------ის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება და სახელმწიფო ორგანოებისათვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისთვის, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის წარდგენა და საუკეთესო სათამაშო პრაქტიკის დანერგვა ს------–----------ის რეგულირების კუთხით. როგორც ვხედავთ, ა---–--–-ის წესდება ზუსტად და ამომწურავად ჩამოთვლის მის მიზნებს, რაც მას გააჩნია და შესაბამისად, ფუნქციებიც ამით განისაზღვრება.
გ------- ბ----------ე მის ინტერვიუებსა თუ პრესკონფერენციებში ძირითადად საუბრობდა ზოგადად ს------–----------ის ავკარგიანობაზე და ამ ჭრილში მოიხსენიებდა მოსარჩელე „ა---–--–-ას“. ცალკე, ა(ა)იპ ს------–-----------------–--–-ა, რომ არა მისი დამფუძნებელი მეწარმე სუბიექტები, არ იქნებოდა მოპასუხის სიტყვების ადრესატი. „ს------–----------ი, ჩვენი შეფასებით, არის კრიმინალური, აქ ხდება როგორც ფულის გათეთრება..“; „ეს არის კრიმინალური ბიზნესი, რომელიც პირდაპირი გაგებით კლავს ადამიანებს“ და „ეს სუბიექტები ყოველდღიურად ძარცვავენ მოსახლეობას“, ერთმნიშვნელოვნად მიმართულია იმ განუსაზღვრელი რაოდენობის სუბიექტებისადმი, რომლებიც ოპერირებენ ს------–----------ში და რომლებიც განუსაზღვრელ წრეს წარმოადგენენ. შესაბამისად, სასამართლოსთვის გაურკვეველია კონკრეტული ობიექტი, ვისკენაც არის მიმართული გ------- ბ----------ის ფრაზები. თუმცა, ის ფაქტი, რომ ეს ობიექტი იდენტიფიცირებულად მოსარჩელე არ არის, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია. ა---–--–-ას სადავო ფრაზებიდან შესაძლოა შეეხოს მხოლოდ ერთი, - „ა---–--–-ა არის დამნაშავე სუბიექტების გაერთიანება“ და ამ ნაწილშიც სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მოცემული არ არის რაიმე კონკრეტული ფაქტი, რომ ცრუ და არასწორ ინფორმაციად იქნეს შეფასებული. მოპასუხის მიერ გაკეთებული განცხადებები - "აქ ხდება როგორც ფულის გათეთრება..“, „ეს სუბიექტები ყოველდღიურად ძარცვავენ მოსახლეობას“, მართალია მტკიცებით ფორმაშია გადმოცემული, თუმცა მითითებული გამონათქვამებიც ზოგადად ამ ბიზნესით დაკავებულ პირთა მიმართ არის გაკეთებული და მასში გადმოცემულია მოპასუხისეული ხედვა და უარყოფითი, მწვავე შეფასება. მთლიანად, მოპასუხის გამოთქმულის შეფასებიდან დგინდება, რომ იგი ს------–----------თან მიმართებაში მისი პირადი დამოკიდებულების გავრცელებითაა დაკავებული, რაც ეყრდნობა სხვადასხვა სტატიებსა და კვლევებს, შესაბამისად, მითითებული ფრაზები ვერ იქნება შეფასებული ცილისწამებად.
გარდა ზემოაღნიშნული საფუძვლებისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელე ვერ ასაბუთებს კონკრეტულად მას რა ზიანი მიაყენა მოპასუხის მიერ წარმოთქმულმა სიტყვებმა. ამდენად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არის დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი
”სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი, მე-2, მე-4, მე-6, მე-7, მე-13 და მე-17 მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი უზრუნველყოფს აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირთა რეპუტაციის დაცვის უფლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული უფლებაა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ ორივე უფლება - გამოხატვის თავისუფლებაც და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაც - თანაბარ დაცვას იმსახურებს. თუმცა, იმისათვის, რომ მე-8 მუხლით დაცული უფლების დარღვევა დადგინდეს, თავდასხმამ პირის რეპუტაციაზე სერიოზულობის განსაზღვრულ ხარისხს უნდა მიაღწიოს (Ärztekammer Fur Wien And Dorner v. Austria, no. 8895/10 , § 62, 16 February 2016).
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-10 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩარევის გარეშე და საზღვრების მიუხედავად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გამოხატვის თავისუფლება განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობისაგან. ამიტომ ის შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებსა და სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ამ პუნქტში მითითებული კანონიერი მიზნების მისაღწევად, რომელთაგან ერთ-ერთია სხვა პირთა რეპუტაციის დაცვა.
გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის „აუცილებლობის“ ძირითადი პრინციპები ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა მრავალ საქმეში. სასამართლო გამოხატვის თავისუფლებას მიიჩნევს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ფუნდამენტურ საფუძვლად, მისი განვითარებისა და პიროვნების თვითრეალიზების მთავარ პირობად. მთელ რიგ გადაწყვეტილებებში (მათ შორის HANDYSIDE VS THE UNITED KINGDOM) ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება ვრცელდება არა მხოლოდ იმ „ინფორმაციისა“ და „იდეების“ მიმართ, რომლებიც კეთილგანწყობით მიიღება, არაშეურაცხმყოფელად არის მიჩნეული ან ინდიფერენტული დამოკიდებულების საგანია, არამედ იმათ მიმართაც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაშფოთებელია (“offend, shock or disturb”). აღნიშნულით სასამართლომ განმარტა, რომ დაცულია არა მხოლოდ ისეთი გამოხატვა, ანუ ისეთი ინფორმაციებისა და იდეების გავრცელება, რომლებსაც კეთილგანწყობით ხვდებიან, არამედ ისეთიც, რომელიც ყველაზე შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი და შემაშფოთებელია, ვინაიდან, „ასეთია პლურალიზმის, შემწყნარებლობისა და ტოლერანტობის მოთხოვნა, ურომლისოდაც არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება“.
ამიტომ, გამოხატვის თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა განსაზღვრული იყოს მკაცრად და მისი გამოყენების საჭიროება სარწმუნოდ უნდა იყოს დადასტურებული. შეზღუდვის გამოყენება უნდა იყოს „აუცილებელი“ დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვა პირთა რეპუტაციის დასაცავად. „აუცილებელი“ კი, სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს „მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას“.
სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თითოეულ ადამიანს აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე; ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას, მიუხედავად საზღვრებისა, მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ყველა სახის ინფორმაცია და მოსაზრებები ზეპირად, წერილობით ან პრესის მეშვეობით, ხელოვნების სახით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით საკუთარი არჩევანისამებრ.
საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა განსაკუთრებულ ვალდებულებებსა და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გულისხმობს. შესაბამისად, იგი შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია მათ შორის სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის პატივისცემისათვის.
ამრიგად, როგორც საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით, ისე ეროვნული კანონმდებლობით, აღიარებულია სიტყვისა და აზრის ნებისმიერი საშუალებით გამოხატვის თავისუფლება. განსხვავებით აზრის ქონის უფლებისაგან, რომლის შეზღუდვაც როგორც დაუშვებელი, ისე ობიექტურად შეუძლებელიც არის, გამოხატვის თავისუფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის, სხვათა უფლებებისა და ღირსების დაცვის უზრუნველყოფის აუცილებლობის პირობებში. დაცულ უფლებაში ჩარევა გათვალისწინებულია „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომელიც ცილისწამების შემთხვევაში სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დაცვას ადგენს. ხსენებული კანონის მე-2 მუხლი განსაზღვრავს, რომ ამ კანონის ინტერპრეტირება უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად.
6.2. სარჩელის განხილვისა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით, უწინარესად სწორად უნდა განისაზღვროს თუ რა მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მოთხოვნა.
წარმოდგენილი სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოსარჩელისათვის ზიანის მიმყენებელი, ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფა. მოთხოვნისა და მის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნა გამომდინარეობს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლიდან.
„სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს იმ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახეებს, რომელიც შეიძლება დაეკისროს პირს ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში.
კერძოდ, კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისთვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითაც მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს მიადგა ზიანი. ამავე კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ ცილისწამებასთან დაკავშირებით მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.
ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადჰყოფს, რომ სასამართლოს გზით პირის საქმიანი რეპუტაციის, პატივისა და ღირსების დაცვის განსახორციელებლად აუცილებელია კუმულატიურად არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: 1. არსებითად მცდარი ფაქტის (ფაქტების) გავრცელება; 2. გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შეუსაბამობა; 3. განცხადების გავრცელების შედეგად პირისათვის ზიანის მიყენება.
კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განცხადება არის ინფორმაცია, რომელიც განმცხადებელმა საჯაროდ გაავრცელა ან მესამე პირს გაანდო.
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. ამავე კანონის პირველი მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აბსოლუტური პრივილეგია განმარტებულია, როგორც კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო განთავისუფლება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადგინდეს ცილისწამების არსებობა, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია შეფასდეს, სადავო განცხადება და მასში გადმოცემული გამონათქვამები აზრის, შეხედულების გამოხატვაა, თუ დადასტურებადი ან უარყოფადი ფაქტების შემცველი ცნობის გავრცელება, რადგან აზრის გამოხატვა, მისი აბსოლუტური პრივილეგიით დაცულობის გათვალისწინებით, გამორიცხავს პირისათვის რაიმე სახის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას.
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს; ხოლო იმავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით ცილისწამებას წარმოადგენს არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით დაწესებული აზრისა და ფაქტის გამიჯვნის მინიმალური სტანდარტი, რომელიც ადგენს, რომ აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში (#ას-1477-1489-2011) განმარტა შემდეგი: „აზრში“ იგულისხმება ნებისმიერი შეფასებითი გამონათქვამი, რომელიც შედგება განსჯის, დამოკიდებულებისა და შეფასების ელემენტებისაგან, რომლის სისწორე თუ მცდარობა მთლიანად პირად წარმოდგენებზეა დამოკიდებული. ამდენად, აზრი პირის სუბიექტური დამოკიდებულება პიროვნულ შეფასებებს მოვლენისა თუ სიტუაციის შესახებ და იმის მტკიცებას, სიმართლეს შეესაბამება თუ მცდარია, არ ექვემდებარება. აზრის საწინააღმდეგოდ, „ფაქტში“ იგულისხმება ნამდვილი, რეალური ან არსებული გარემოებები და საგნები, რომლებიც ექვემდებარება მტკიცებულებებით დადასტურებას. გასათვალისწინებელია, რომ აზრები ფაქტებთან გარკვეული დამოკიდებულებით გამოითქმება, ანუ აზრი, როგორც წესი, ეყრდნობა ფაქტებს. ასეთ შემთხვევაში, აზრის დაყოფა შეხედულებად და ფაქტის გამოდმოცემად დაუშვებელია, რადგანაც მთლიანად გამონათქვამი აზრის თავისუფლების სფეროში ექცევა. ამავდროულად, აზრის თავისუფლებით აშკარად ცრუ ფაქტების ძირითადი უფლებით უზრუნველყოფილი დაცვა გამორიცხულია. კონსტიტუციით დაცული სფეროს ფარგლებში არ ხვდება ისეთი ფაქტები, რომელთა მცდარობის შესახებ კარგად იცის თავად გამომთქმელმა სუბიექტმა (შეგნებული სიცრუე) ან, რომელთა მცდარობა ცხადია მათი გამოთქმის მომენტში.
ამდენად, ცილისწამების მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია განმცხადებლის მიერ ისეთი ფაქტების მითითება, რომელიც რეალობასთან ახლოა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური, და, რაც მთავარია, მისი დამტკიცება შესაძლებელია.
განსახილველ დავაში სასამართლომ დაადგინა, რომ სადავოდ გამხდარი გ------- ბ----------ის სიტყვები შეიცავს მისი ავტორის შეფასებით მსჯელობას, რომელიც ეყრდნობა სხვადასხვა სტატიებსა და საზოგადოებრივ კვლევებს და არა კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაციას.
სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტი, განსხვავებით აზრისგან, რეალური შედეგის გადმოცემას წარმოადგენს. მასში იგულისხმება რეალური გარემოებები ან/და საგნები, რომელთა მტკიცებულებით დადასტურება შესაძლებელია. საეჭვო ქმედება, რომელსაც არ გააჩნია შესაბამისი მტკიცებულება/ინფორმაციის წყარო, არ ჩაითვლება უტყუარ ფაქტად. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელით სადავო განცხადების შინაარსი არ იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ მოპასუხის მხრიდან გავრცელდა ფაქტი და მით უფრო, მცდარი ფაქტის შემცველი ინფორმაცია, რაც თავის მხრივ, ვერც ზიანის მომტანი იქნება მხარისათვის. სასამართლომ თითოეულ სადავოდ გამხდარ წინადადებასთან დაკავშირებით გააკეთა განმარტება წინამდებარე გადაწყვეტილებაში და მათი გამოკვლევა შინაარსობრივად იძლევა იმის დასკვნის საფუძველს, რომ მივიჩნიოთ მოსაზრების გავრელებად.
კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით, ცილისწამების თაობაზე სასამართლო დავის საგანი არ შეიძლება იყოს ისეთი განცხადება, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ ჯგუფს ან/და რომელშიც მოსარჩელე არ არის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული.
სასამართლომ, გარდა იმისა, რომ სადავო განცხადებებთან დაკავშირებით არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, თითქოს ადგილი ჰქონოდა მცდარი ინფორმაციის გავრცელებას, ამავდროულად მიუთითა კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომელიც ცილისწამების თაობაზე დავის საგნიდან გამორიცხავს ისეთ მოთხოვნებს, რომლებიც ეხება პირთა განუსაზღვრელ ჯგუფს ან/და რომელშიც მოსარჩელე არ არის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული. განსახილველი დავა აღძრა „ა---–--–-ამ“, რომელიც ჩამოაყალიბეს მეწარმე სუბიექტებმა. მოპასუხის განცხადებები კი მიმართული იყო ს------–----------ისასდმი. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ განცხადებები მიმართული იყო პირთა განუსაზღვრელი წრისადმი და კონკრეტულად და ერთმნიშვნელოვნად ა(ა)იპ „ს----------–-----------–-----------------–--–-ის“ იდენტიფიკაცია ვერ ხდებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს, რომ სადავო განცხადებას არ გააჩნია ცილისწამებისათვის მაკვალიფიცირებელი ნიშნები, ამავდროულად ფრაზების ადრესატი არ არის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებადი, რაც, საერთო ჯამში, დაუსაბუთებელს ხდის სასარჩელო მოთხოვნას.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. არ დაკმაყოფილდეს ა(ა)იპ „ს----------–-----------–-----------------–--–-ის“ სარჩელი გ------- ბ----------ის მიმართ საქმიანი რეპუტაციის შემლახავი, ცილისმწამებლური ცნობების უარყოფის მოთხოვნით;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 3- დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 3--ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია გიგაური