გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/37625-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჩიხლაძე
სხდომის მდივანი ანი ნადარეიშვილი
მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------ი“
წარმომადგენელი - ბ-–----–-–--
მოპასუხეები - ა---------– ს---------, ნ-----–- ქ----–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შეწყდეს სს „ს----------–--------ს“ ა---------– ს---------ს და ნ-----–- ქოჩიაშვილს შორის არსებული ხელშეკრულება;
1.2. მოპასუხე ა---------– ს---------ს სს „ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს 29 209.87 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის 11 390.25 აშშ დოლარი, პროცენტი - 2 757.87 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 15 061.75 აშშ დოლარი;
1.3. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს სს „ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ, იპოთეკით დატვირთული ნ-----–- ქ----–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: თბილისი, ს-----------------–--- ს-------ი, კორპუსი (სახლი) N2, საკადასტრო კოდით N0----------------------;
1.4. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას, ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხე ა---------– ს---------ს საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ - მოძრავი ქონება;
1.5. მოპასუხეებს ა---------– ს---------ს და ნ-----–- ქ----–---–ს სს „ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 2 332.43 ლარის გადახდა.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2013 წლის 30 აგვისტოს სს „ს----------–--------ს“ და ა---------– ს---------ს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება და მისგან გამომდინარე შემად-გენელი საკრედიტო ხელშეკრულება N1------ რომლითაც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 32 000 აშშ დოლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური 15% საპროცენტო განაკვეთით. პირგასამტეხლო გათვალისწინებული იქნა 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ნ-----–- ქ----–---–თან დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება მდებარე: თბილისი, ს-----------------–--- ს-------ი, კორპუსი (სახლი) N2, საკადასტრო კოდით N0----------------------; ხელშეკრულების 11.3 თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცევა მსესხებლის სხვა ქონებაზე.
მსესხებლის მიერ აღნიშნული ხელშეკრულების პირობები დარღვეულ იქნა. კერძოდ, არ იქნა შესრულებული ხელშეკრულების გრაფიკით გათვალისწინებული გადახდები. მოპასუხეს გაეგზავნა გაფრთხილების წერილი და მიეცა ვადა ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა უშედეგოდ.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლებით სარჩელი ცნეს ნაწილობრივ. შესაგებლებში აღნიშნულია, რომ მათი მხრიდან ადგილი არ ქონია ვალდებულების უგულებელყოფას და მათი შესრულების მიმართ არაკეთილსინდისიერ დამოკიდე-ბულებას. ვინაიდან, შეეცვალათ ფაქტობრივი ფინანსური მდგომარეობა თანხის შეტანა ხდებოდა მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში, თუმცა, არასრული მოცულობით რაც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს მათ კეთილსინდისიერ დამოკიდებულებას ნაკისრი ვალდებულების შესრულების კუთხით.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ორივე მოპასუხემ სარჩელი ცნო სესხის ძირი თანხის, პროცენტის ნაწილში, ასევე პირგასამტეხლო 2 000 აშშ დოლარის ნაწილში. ამასთან, მძიმე სოციალური პირობების გამო, სასამართლოს წინაშე იშუამდგომლეს თანხის განაწილვადება 12 თვეზე, ყოველთვიურად 1345.7 აშშ დოლარის გადახდით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2013 წლის 30 აგვისტოს სს „ს----------–--------ს“ და ა---------– ს---------ს შორის, დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება. საკრედიტო ლიმიტმა შეადგინა 500 000 აშშ დოლარი, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი განისაზღვრა 120 თვით. 2013 წლის 30 აგვისტოს გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ფარგლებში, სს „ს----------–--------ს“ და ა---------– ს---------ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ა---------– ს---------ს სასარგებლოდ გაიცა სესხი 32 200 აშშ დოლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური 15% სარგებლის დარიცხვით. საკრედიტო ხელშეკრულებით მხარეთა მიერ გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013 წლის 30 აგვისტოს გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 16 - 17);
- 2013 წლის 30 აგვისტოს საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ 18 - 19);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2010 წლის 18 თებერვალს გენერალური საკრედიტო ხაზის და მის ფარგლებში დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს „ს----------–--------ს“ და ა---------– ს---------ს შორის, დაიდო იპოთეკის ხელშეკ-რულება, რომლის თანახმადაც სს „ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ა---------– ს---------ს უძრავი ქონება მდებარე: თბილისი, ს-----------------–--- ს-------ი, კორპუსი (სახლი) N2, საკადასტრო კოდით N0----------------------.
ხელშეკრულების 11.3 თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცევა მსესხებლის სხვა ქონებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2010 წლის 18 თებერვლის იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ 21 - 27)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. 2015 წლის 14 აპრილის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება მდებარე: თბილისი, ს-----------------–--- ს-------ი, კორპუსი (სახლი) N2, საკადასტრო კოდით N0---------------------- წარმოადგენს ნ-----–- ქ----–---–ის საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 29)
3.1.4. მოპასუხე ა---------– ს---------მ დაარღვია სს ,,ს----------–--------თან“ დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება გაცემული სესხის და საპროცენტო სარგებლის, ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის შესაბამისად, ეტაპობრივად შესრულების თაობაზე. შესაბამისად, ა---------– ს---------ს მიერ ბანკის წინაშე შესასრულებელი ფულადი ვალდებულება შეადგენს: სესხის ძირი თანხა 11 390.25 აშშ დოლარი, პროცენტი - 2 757.87 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 15 061.75 აშშ დოლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- კრედიტის დაფარვის გრაფიკები (ს.ფ. 20);
- შეტყობინება (ს.ფ. 28);
- ინფორმაცია დავალიანების შესახებ (ს.ფ. 30);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ს----------–---------ის“ სარჩელი ა---------– ს---------ს და ნ-----–- ქ----–---–ის მიმართ, თანხის დაკისრების და იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესახებ საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს სესხის ძირი თანხის და სარგებლის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე, 263-ე, 268-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ -ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს ,,ს----------–--------ს” და ა---------– ს---------ს შორის, არსებობს საკრედიტო სახელშეკრულებო ურთიერთობა, მოსარჩელე მხარემ მოპასუხეზე გასცა კრედიტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქალა-ქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულ უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა. მოპასუხე მხარის მიერ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოხდა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულებების (სესხის ძირითადი თანხა, საპროცენტო სარგებელისა და პირგასამტეხლო 2 000 აშშ დოლარის ნაწილში) ცნობა, შესაბამისად, სადავოს არ წარმოადგენს ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის და აღნიშნულის გამო კრედიტორის მიერ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებ-ლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
წარმოდგენილ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სს ,,ს----------–--------ის“ სასარჩელო მოთხოვნები ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, სესხის ძირი თანხის 11 390.25 აშშ დოლარის, საპროცენტო სარგებლის 2 757.87 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს 2 000 აშშ დოლარის ნაწილში. აქედან გამომდინარე, სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდე-ბულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის ვალდებულებას, მოპასუხე როზა ასათიანმა ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განაცხადზე ხელმოწერით მსესხებელი დაეთანხმა იმ საკრედიტო პირობებს რომელიც შეთავაზებული იქნა საბანკო დაწესებულების მიერ და მიიღო შეთანხმებული კრედიტის თანხა სრული მოცულობით. სესხის დაფარვის გრაფიკით დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ გარკვეული პერიოდულობით თანხების ანგარიშზე შეტანის ფაქტი, თუმცა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ერიცხება პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამ-ტეხლო.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდე-ბულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.
წარმოდგენილ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო 15 061.75 აშშ დოლარის ოდენობით არის მაღალი და უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 2 000 აშშ დოლარის ოდენობით, რაც ასევე ცნო მოპასუხე მხარემ.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
ამავე კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან უდავოდაა დადგენილი ის გარემოება, რომ მოპასუხე ა---------– ს---------ს მიერ დარღვეული იქნა ვალდებულება, მოსარჩელე (იპოთეკარი) სს ,,ს----------–---------ი” უფლებამოსილია მოითხოვოს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია. მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე მოთხოვნას და მიუთითა, რომ უძრავი ქონების გაყიდვის აუცილებლობა არ დგას და არსებობს სხვა რესურსებიც, რომლითაც შესაძლებელია ბანკის მიერ ფულადი ვალდებულების დაკმაყოფილება.
სასამართლო მიუთითებს, რომ იპოთეკის არსებობა და ზემოაღნიშნულ ნორმათა დანაწესი ცალსახად ადგენს იმ შესაძლებლობებსა და უპირატესობებს, რაც კრედიტორის ფულადი ვალდებულების დაკმაყოფილების დროს აქვს. შესაბამისად, მოპასუხე მხარის აღნიშნული პოზიცია იპოთეკის საგნის სარეალიზაციოდ მიქცევასთან დაკავშირებით სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდი-საგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ვინაიდან, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ 16 148.12 აშშ დოლარის ნაწილში, რაც წარმოადგენს მთლიანი სასარჩელო მოთხოვნის 55.2%-ს. შესაბამისი პროპორციით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1287.5 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახაზინო ანგარიშიდან.
ვინაიდან, დარჩენილი პირგასამტეხლოს ნაწილში არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
8.1. რაც შეეხება მოპასუხის შუამდგომლობას მიღებული გადაწყვეტილების 1 წელზე განაწილვადების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.
დასახელებული ნორმა ითვალისწინებს სასამართლოს შესაძლებლობას, მხარის შუამდგომლობისა და ორივე მხარის კანონიერ ინტერესთა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ერთჯერადად, არა უმეტეს 3 თვისა გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება, ასევე შეცვალოს გადაწყვეტილებით დადგენილი აღსრულების პირობები და საშუალება, რაც სასამართლოს შეფასებით, საფუძვლად დაედება გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებულ ზემოთ ხსენებულ ღონისძიებათა გამოყენებას.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე უთითებს, რომ აქვს დიდი საბანკო ვალდებულება. ამას გარდა, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი. მოპასუხის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გამხდარა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთ მითითებული გარემოებები წარმოადგენს მხარის ქონებრივი მდგომარეობის განმსაზღვრელ იმ საფუძვლებს, რაც შესაძლოა საფუძვლად დაედოს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების ერთი წლის ვადით განაწილვადებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 259-1, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,ს----------–--------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. ა---------– ს---------ს სს ,,ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს 16 148.12 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის 11 390.25 აშშ დოლარი, პროცენტი - 2 757.87 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 2 000 აშშ დოლარი;
1.2. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს სს ,,ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ნ-----–- ქ----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქალაქი თბილისი, დ-----–--- ს-------ი, კორპუსი (სახლი) N 2, საკადასტრო კოდით N 0----------------------;
1.3. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას, ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით აღსრულება მიექცეს ა---------– ს---------ს საკუთრებაში არსებულ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე.
1.4. არ დაკმაყოფილდეს სს ,,ს----------–--------ი“-ს მოთხოვნა პირგასამტეხლოს - 13061.75 აშშ დოლარის ნაწილში;
2. მოპასუხე ა---------– ს---------ს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდა გაუნაწილვადდეს 1 (ერთი) წლის ვადით - ყოველთვიური თანაბარი ოდენობის - 1345.7 აშშ დოლარის გადახდით გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან;
3. სს ,,ს----------–--------ს“ დაუბრუნდეს მის მიერ 25-12-2018 წელს სს „ს----------–--------ი“-ს N1--- საგადახდო დავალების საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2 332.43 ლარიდან 1 287.5 ლარი;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტში მითითებული წესების დაცვით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ჩიხლაძე