განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/2-19 (N041261118004)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 იანვარი 2019 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი დავით აბაშიძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - გ-------------ე
დაცვის მხარე
ბრალდებული ო-–----–---------ე
მამის სახელი: ს------
დაბადების თარიღი: 0--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: მქონე
მცხოვრები: ქ--------------–------------------------
სხდომის სახე ღია
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 26 ნოემბერს დაახლოებით 22:00 საათზე ქ--------------–------------------- N------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ო-–----–---------ემ ურთიერთშელაპარაკებისას დას - ე-----------–----------ს ხელი დაარტყა სახის და ყელის არეში. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, ო-–----–---------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ დაზარალებულ ე-----------–----------ს გამოკითხვის ოქმით, მოწმე ი------–----------ს გამოკითხვის ოქმით, მოწმე ე-–-------------ს გამოკითხვის ოქმით, მოწმე მ---------–--–---–---–-ს გამოკითხვის ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა ო-–----–---------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ო-–----–---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მასი ნასამართლობა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ო-–----–---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას. კერძოდ: ო-–----–---------ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მტკიცებულებები გახადა უდავოდ, ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება მომხდარ ფაქტამდე დამცავი ან შემაკავებელი ორდერი, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რითაც, თავიდან იქნება აცილებული ძალადობის შემდგომი ფაქტები და უზრუნველყოფილი იქნება ბრალდებულის შემდგომი ნორმალური ქცევა, ასევე მოხდება დამნაშავის რესოციალიზაცია. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ ო-–----–---------ის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ოდენობით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოება, რომ ო-–----–---------ე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 31 მარტის განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს წერილით, ო-–----–---------ეს 2007 წლის 31 მარტის განაჩენით დაკისრებული პირობითი მსჯავრის ვადის ათვლა დაეწყო 2007 წლის 31 მარტიდან, რომელიც დაასრულა 2012 წლის 30 მარტს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მომართვით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 31 მარტის განაჩენით დაკისრებული ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით არ არის გადახდილი და ო-–----–---------ეს ერიცხება დავალიანება. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ო-–----–---------ის მიმართ განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის განსაზღვრა უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ო-–----–---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენისას მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 31 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ ო-–----–---------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ოდენობით.
ო-–----–---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
მსჯავრდებულ ო-–----–---------ის მიმართ დაკისრებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს, მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური