გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 08.05.2019
საქმის ნომერი
330310019002846396
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
08.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-----------------

საქმე №3/1010-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

08 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი

სხდომის მდივანი - ანა მგელაძე

 

მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი

წარმომადგენლები - ი-------–---–--ე

 

მოპასუხე - ვ-–-----–---–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე - ვ-–-----–---–ს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს, დაცვის მომსახურების საფასურის - 903,46 ლარის ანაზღაურება;

 

1.2. მოპასუხე - ვ-–-----–---–ს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს, პირგასამტეხლოს სახით 136,79 ლარის ანაზღაურება.

 

მოსარჩელის განმარტებით, ვ-–-----–---–სა (შემდგომში „დამკვეთად" წოდებული) და შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომში „დაცვად" წოდებული) შორის დაცვის მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 11 ივლისს დადებულ იქნა N2--- ხელშეკრულება, დამკვეთის ობიექტზე (მდებარე: თბილისი, გ-–-----------–------- რაიონი, ფ-------ის ქ. N--) დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის სამონტაჟო-საინსტალაციო სამუშაოების ჩატარების შესახებ. მოცემული ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის 19 ივლისს დეპარტამენტმა დაამონტაჟა ტექნიკური საშუალებები, რომელთა ღირებულებამ N2--- ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად შეადგინა 163,00 ლარი.

 

2017 წლის 11 ივლისს მხარეებს შორის დაიდო N2--- ხელშეკრულება დამკვეთის ობიექტის დაცვის მომსახურებისა და ტექნიკური აპარატურის დროებითი მონტაჟის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტის თანახმად დეპარტამენტის მიერ დაცვის მომსახურების უზრუნველსაყოფად (დროებით სარგებლობის პირობით) ხელშეკრულების მოქმედების ვადით 2017 წლის 19 ივლისს დამონტაჟდა 1600 ლარამდე ღირებულების დეპარტამენტის კუთვნილი ტექნიკური მოწყობილობები.

 

2017 წლის 19 ივლისიდან N2--- ხელშეკრულების 1.1, 1.3 და 1.4 პუნქტების შესაბამისად სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში „დაცვა") ვალდებული იყო უზრუნველეყო დანაშაულის აღკვეთა დამკვეთის ობიექტზე, მასში დანერგილი საგანგაშო სიგნალიზაციის მეშვეობით. ამასთან ხელშეკრულების 1.2 და 2.1 პუნქტების თანახმად „დამკვეთი" ვალდებული იყო გადაეხადა დაცვის მომსახურების საფასური თვეში 163 ლარი. დეპარტამენტის მიერ ნაკისრი ვალდებულება პირნათლად და ჯეროვნად სრულდებოდა, მაგრამ „დამკვეთმა" დაარღვია ზემოაღნიშნული ხელშეკრულების პირობები, რის გამოც წარმოიშვა დებიტორული დავალიანება სულ 903,46 ლარის ოდენობით. დავალიანების გადაუხდელობის გამო დეპარტამენტმა 2018 წლის 28 აგვისტოდან შეწყვიტა ხელშეკრულება, რის შესახებაც დამკვეთს ეცნობა წერილობით. ამასთან, დავალიანების გადაუხდელობის გამო ვ-–-----–---–ს 2018 წლის 11 სექტემბრის მდგომარეობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხა პირგასამტეხლო სულ 136,79 ლარი. ყოველთვიური მომსახურების საფასური 2018 წლის მარტის თვიდან 2018 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით და პირგასამტეხლო მოპასუხის მიერ არ არის გადახდილი.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ვ-–-----–---–ს წერილობითი ფორმით შესაგებელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელზე სასამართლოში არ წარმოუდგენია.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 11 ივლისს, ვ-–-----–---–სა (შემდგომში ,,დამკვეთად“ წოდებული) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომში ,,დაცვად“ წოდებული) შორის გაფორმდა N2--- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ,,შემსრულებელი“ უზრუნველყოფდა დამკვეთის დაცვას, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ. თბილისი, გ-–-----------–------- რაიონი, ფ-------ის ქ. N--.

 

დამკვეთი ვალდებული იყო გადაეხადა დაცვის მომსახურების ღირებულება, რომლის საფასური ერთ თვეზე შეადგენდა 163 ლარს, დღგ-ს ჩათვლით (ხელშეკრულების 2.1. პუნქტი).

 

ამავე ხელშეკრულებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების 1.2. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში „დაცვა“ უფლებამოსილია მოსთხოვოს „დამკვეთს“ პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი ვალდებულების 0,2%-ის ოდენობით (ხელშეკრულების 6.7. პუნქტი)

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 11 ივლისის N2--- ხელშეკრულება (ს.ფ 11-14);

 

3.1.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 19 ივლისის N1------ ბრძანების თანახმად, 2017 წლის 19 ივლისიდან, დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს ,,125-ის’’ განყოფილებას დაევალა უზრუნველეყო ქ. თბილისში, გ-–-----------–------- რაიონი, ფ-------ის ქ. N---ში მდებარე ვ-–-----–---–ის ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება და ცენტრალური დაკვირვების პულტის ბაზაში შეყვანა რიგითი ნომრით N0-------. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალა დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს N125 განყოფილების უფროსს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შსს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 19 ივლისის N1------ ბრძანება (ს.ფ. 15).

 

3.1.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 27 აგვისტოს ბრძანებით 2018 წლის 28 აგვისტოდან შეწყდა დაცვის მომსახურების ხელშეკრულება და დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს „125“-ის განყოფილებას დაევალა ქ. თბილისი, გ-–-----------–------- რაიონი, ფ-------ის ქ. N---ში მდებარე ვ-–-----–---–ის ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტის ბაზიდან გათიშვა. დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს ტექნიკურ სამსახურს დაევალა უზრუნველყო #0------- რადიოგადამცემის დემონტაჟი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 28 აგვისტოს ბრძანება (ს.ფ. 16-17);

 

3.1.6. ვ-–-----–---–ს, შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოს სასარგებლოდ, 2017 წლის 11 ივლისის N2--- ხელშეკრულების საფუძველზე, 2018 წლის 11 სექტემბრის მდგომარეობით ერიცხება დებიტორული დავალიანება, 1040,25 ლარი, საიდანაც 903,46 არის დაცვის მომსახურების ღირებულება, ხოლო 136,79 ლარი - პირგასამტეხლო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 11 სექტემბრის ცნობა დებიტორული დავალიანების შესახებ (ს.ფ. 18);

- თანხის ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 19);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძო სამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძო სამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.

 

6.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა. ამავე დებულების მე-22 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ნიშნავს ვალდებულების შესრულებას კანონითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, იმ გონიერი მოლოდინის ფარგლებში, რაც შესრულების მიმღებს აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიმართ ჰქონდა. ვალდებულების შესრულების ჯეროვანება ვალდებულების შესრულების მხოლოდ ერთი ან რამდენიმე კანონისმიერი ან ხელშეკრულებისმიერი მოთხოვნის დაცვას არ გულისხმობს, მაგალითად, ვალდებულების უნაკლო (ნივთობრივი, უფლებრივი), ხარისხიან, შეთანხმებული ოდენობით, დათქმულ დროს ან დათქმულ ადგილას შესრულებას. შესრულების ჯეროვანება ყველა ზემოთ დასახელებული ობიექტური ფაქტორის ერთობლიობაა და ვალდებულების ყოველგვარი დარღვევის გარეშე შესრულებას ნიშნავს.

 

რაც შეეხება კეთილსინდისიერად შესრულებას, აღნიშნული პრინციპი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი) არ შემოიფარგლება მხოლოდ ვალდებულების შესრულებით. ყველა კონკრეტული ვალდებულების შესრულებისას კეთილსინდისიერება (სამოქალაქო კოდექსის 361- ე მუხლის მე-2 ნაწილი) მოიცავს, როგორც ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე კონტრაჰენტის ინტერესების გათვალისწინებას და დაცვას. მიუხედავად იმისა, რომ კეთილსინდისიერებასა და ჯეროვან შესრულებას შორის ზღვარის გავლება რთულია, მაინც შესაძლებელია გარკვეულ შემთხვევებში მათი დიფერენცირება. ჯეროვნად შესრულების პრინციპი ეხება ვალდებულების შესრულების უფრო კონკრეტულ ასპექტებს, მაგალითად, შეთანხმებულ ხარისხს, ნივთის შესაბამის თვისებებს, რაოდენობას და ა.შ., ანუ ჯეროვან შესრულებაში იგულისხმება შესრულება, რომელიც აკმაყოფილებს შესრულების პირობებს. კეთილსინდისიერების პრინციპი კი უნდა განიმარტოს უფრო ფართოდ, ის ზემოთ მითითებული ასპექტებთან ერთად, ასევე უკავშირდება მორალურ, ზნეობრივ მხარესაც, სამართლიანობას, ერთგულებას და ა. შ. აქედან გამომდინარე, კეთილსინდისიერება, უპირველეს ყოვლისა, წესიერებას ნიშნავს. შესაბამისად, კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევა იწვევს დამრღვევი პირის პასუხისმგებლობას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ შესრულებული დაცვის მომსახურების შესახებ 2017 წლის 11 ივლისის N2--- პირობები, თუმცა მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა გადახდილი დაცვის მომსახურების ღირებულება 903,46 ლარის ოდენობით, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, მოპასუხე ვ-–-----–---–ს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაცვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურება 903,46 ლარის ოდენობით.

 

6.3. სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზეც, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა და ა.შ.) ვალდებულება სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იგივე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან.

 

პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2017 წლის 11 ივლისის N2--- ხელშეკრულები 6.7. პუნქტით, მხარეები შეთანხმდენენ, რომ ხელშეკრულების 1.2. პუნქტით გათვალიწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში „დაცვა“ უფლებამოსილია მოსთხოვოს „დამკვეთს“ პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი ვალდებულების 0,2%-ის ოდენობით. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა შესრულებული ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მომსახურეობის ყოველთვიური ღირებულების ანაზღაურების შესახებ, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 136,79 ლარის გადახდა.

 

6.4. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე ვ-–-----–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაცვის მომსახურების დავალიანების გადახდა - 903,46 ლარის ოდენობით, და პირგასამტეხლოს გადახდა 136,79 ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმეობაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. შესაბამისად, მოპასუხეს - ვ-–-----–---–ს, მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი, დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე - ვ-–-----–---–ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს დაცვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურება 903,46 (ცხრაას სამი ლარი და ორმოცდაექვსი თეთრი) ლარის ოდენობით;

 

3. მოპასუხე - ვ-–-----–---–ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 136,79 (ას ოცდათექვსმეტი ლარი და სამოცდაცხრამეტი თეთრი) ლარის ოდენობით;

 

4. მოპასუხეს - ვ-–-----–---–ს, მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი