გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/81-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი
სხდომის მდივანი ანა ბაჩიაშვილი
მოსარჩელე - ნ------–-----ე;
წარმომადგენელი - გ-----------------ე;
მოპასუხეები - ი---------------ი, ი----------–--ე;
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა, პირგასამტეხლოს და მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეების ი---------------ის და ი----------–--ის მართლსაწინააღმდეგო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას უძრავი ქონება მდებარე ქ. თბ--–---------------–----–--–------------------------------------------მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N01--------------------0 და თავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარდეს მოსარჩელე ნ------–-----ეს.
1.2. მოპასუხე ი----------–--ეს მოსარჩელე ნ------–-----ის სასარგებლოდ დაეკისროს 2019 წლის 8 იანვრის მდგომარეობით უძრავი ნივთის 2015 წლის 2 ივლისის ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 4500 აშშ დოლარის გადახდა.
1.3. მოპასუხე ი----------–--ეს მოსარჩელე ნ------–-----ის სასარგებლოდ დაეკისროს უძრავი ნივთის 2015 წლის 2 ივლისის ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 4500 აშშ დოლარის პირგასამტეხლოს 0.01%-ის გადახდა, რაც 2015 წლის 3 სექტემბრიდან 2019 წლის 8 იანვრის ჩათვლით შეადგენს - 488.75 აშშ დოლარს.
1.4. მოპასუხე ი----------–--ეს მოსარჩელე ნ------–-----ის სასარგებლოდ დაეკისროს უძრავი ნივთის 2015 წლის 2 ივლისის ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 4500 აშშ დოლარის 0.002%-ის პირგასამტეხლოს გადახდა 2019 წლის 9 იანვრიდან წინამდებარე საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც დღეში შეადგენს - 0.09 აშშ დოლარს.
1.5. მოპასუხე ი----------–--ეს მოსარჩელე ნ------–-----ის სასარგებლოდ დაეკისროს უძრავი ნივთის 2015 წლის 2 ივლისის ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 4500 აშშ დოლარიდან, 2015 წლის 3 სექტემბრიდან 2019 წლის 8 იანვრის ჩათვლით მიუღებელი შემოსავლის სახით 781.27 აშშ დოლარის გადახდა.
1.6. მოპასუხე ი----------–--ეს მოსარჩელე ნ------–-----ის სასარგებლოდ დაეკისროს უძრავი ნივთის 2015 წლის 2 ივლისის ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 4500 აშშ დოლარიდან, 2019 წლის 9 იანვრიდან წინამდებარე საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი შემოსავლის სახით წლიური 4.4%, დღიური - 0.0121%, დღიური 0.54 აშშ დოლარის ოდენობით გადახდა.
1.7. მოპასუხეებს ი----------–--ეს და ი---------------ს მოსარჩელე ნ------–-----ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 2 ივლისიდან 2019 წლის 2 თებერვლის ჩათვლით მიუღებელი შემოსავლის სახით - 5000 ლარის გადახდა.
1.8. მოპასუხეებს ი----------–--ეს და ი---------------ს მოსარჩელე ნ------–-----ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2019 წლის 3 თებერვლიდან წინამდებარე საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი შემოსავლის სახით თვეში - 200 ლარის გადახდა.
2. მოპასუხეების პოზიცია 2.1. მოპასუხეებმა სარჩელთან დაკავშირებით წარმოადგინეს შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნეს უსაფუძვლობის და დაუსაბუთებლობის მოტივით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ 2014 წლის 30 აპრილს მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის გაფორმდა გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება N14------9, უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბ--–---------------–----–--–------------------------------------------მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N01--------------------0, გამოსყიდვის უფლების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 30 ივლისის ჩათვლით. მოსარჩელე აღირიცხა როგორც უძრავი ნივთის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხე უფლებამოსილი იყო გამოესყიდა უძრავი ქონება - 2014 წლის 30 ივლისის ჩათვლით.
დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს გამოსყიდვის ვადაში, უძრავი ნივთის გამოსყიდვა არ განუხორციელებია.
3.1.2. დადგენილია, რომ 2014 წლის 14 ნოემბერს მოსარჩელემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მიბმული ვალდებულების შეწყვეტის რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბ--–---------------–----–--–------------------------------------------მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N01--------------------0. მიბმული ვალდებულების შეწყვეტის რეგისტრაცია განხორციელდა - 2014 წლის 20 ნოემბერს.
3.1.3. დადგენილია, რომ 2015 წლის 2 ივლისს მოპასუხე ი----------–--ის თხოვნით მოსარჩელე ნ------–-----ეს და ი----------–--ეს შორის გაფორმდა ქირავნობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბ--–---------------–----–--–------------------------------------------მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N01--------------------0. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 1 წელი, ხოლო ყოველთვიურად ქირის სახით გადასახდელი თანხის ოდენობად - 450 აშშ დოლარი. ქირავნობის ხელშეკრულების 4.7. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ დამქირავებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მას დაეკისრება პირგასამტეხლო 0.2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ქირავნობის ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
3.1.4. დადგენილია, რომ მოპასუხე ი----------–--ის მიერ გადახდილია მხოლოდ 2 თვის ქირის თანხა. 10 თვის ქირის თანხა დამქირავებელს არ გადაუხდია მიუხედავად მოსარჩელის მხრიდან არაერთი გაფრთხილებისა.
3.1.5. დადგენილია, რომ 2019 წლის 8 იანვარს მოსარჩელე ნ------–-----ის წარმომადგენელმა მიმართა სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარება, უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბ--–---------------–----–--–------------------------------------------მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N01--------------------0 საიჯარო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე 2016 წლის 2 ივლისიდან - 2019 წლის იანვრის ჩათვლით.
3.1.6. დადგენილია, რომ სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ვერ შეძლო საექსპერტო დასკვნის შედგენა, ვინაიდან მოპასუხე ი----------–--ემ უარი განაცხადა ექსპერტის გამოსაკვლევ ობიექტში შეშვებაზე.
3.1.7. დადგენილია,რომ 2019 წლის 19 თებერვალს მოსარჩელის წარმომადგენელს და შპს ''უძრავი ქონების ექსპერტს'' შორის გაფორმდა ხელშეკრულება საექსპერტო დასკვნის მომზადებაზე, რომლითაც უნდა განსაზღვრულიყო უძრავი ქონების (სარდაფის) ქირავნობის საბაზრო ფასი.
3.1.8. N19--------4 საექსპერტო დასკვნით დგინდება, რომ 2016 წლის 3 ივლისიდან 2019 წლის 2 თებერვლის ჩათვლით უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბ--–---------------–----–--–------------------------------------------მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N01--------------------0 გაქირავებით სავარაუდოდ მისაღებმა შემოსავალმა შეადგინა 12400 ლარი. დადგენილია, რომ სარჩელით მოსარჩელის ნების საფუძველზე აღნიშნული მოთხოვნა შემცირებულია - 5000 ლარამდე.
3.1.9. N19--------4 საექსპერტო დასკვნით დგინდება, რომ სადავო უძრავი ქონების საშუალო გასაქირავებელი ფასი 2019 წლისთვის შეადგენს თვეში - 400 ლარს. დადგენილია, რომ სარჩელით მოსარჩელის ნების საფუძველზე აღნიშნული მოთხოვნა შემცირებულია - 200 ლარამდე.
3.1.10. დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბ--–---------------–----–--–------------------------------------------მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N01--------------------0 საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოსარჩელე ნ------–-----ის სახელზე.
3.1.11. დადგენილია, რომ მოპასუხეების ი----------–--ის და ი---------------ის მფლობელობაში იმყოფება მოსარჩელე ნ------–-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბ--–---------------–----–--–------------------------------------------მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N01--------------------0.
3.1.12. დადგენილია, რომ მოპასუხეები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- 2015 წლის 2 ივლისის ქირავენობის ხელშეკრულება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წერილი;
- შპს ''უძრავი ქონების ექსპერტის'' დასკვნა;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმეში არსებული მტკიცებულებების შესწავლისა და შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა სადავო ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მოპასუხე მხარისათვის წინასწარ სავარუდო იყო, რომ მის მიერ ქირის თანხის 4500 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში იგი მას განათავსებდა საბანკო დაწესებულებაში ანაბარზე და ამით მიიღებდა შემოსავალს.
სასამართლო აღნიშნულზე მიუთითებს შემდეგს: კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით "როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება''(იხ. სუსგ №ას-999-943-2015, 18 დეკემბერი, 2015 წელი, ქ. თბილისი). სხვა საქმეში საქართველოს უზენაესი სასამართლო შემდეგ განმარტებას აკეთებს: "ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრული ადამიანის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების კონკრეტული დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. "ხელშეკრულების დამრღვევი მხარე ვალდებულია აანაზღაუროს მხოლოდ ის ზიანი, რომლის თაობაზეც მან ხელშეკრულების დადებისას ივარაუდა, ან გონივრულად უნდა ევარაუდა, რომ ამგვარი ზიანი დადგებოდა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში." მხარეთა მიერ ერთმანეთისათვის მიწოდებული ინფორმაცია არის ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე იმის დასადგენად, თუ რამდენად შეეძლო ნორმალურ, გულმოდინე ბრუნვის წევრს ევარაუდა ზიანის თაობაზე. დადგენილია, რომ ნ------–-----ეს არასოდეს მიუწოდებია მოპასუხისათვის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მას ბინის გაქირავებით მიღებული შემოსავლის სადეპოზიტო ანგარიშზე დადება და ამით დამატებითი შემოსავლის მიღება სურდა. ამდენად, ზიანი, მიუღებელი შემოსავლის სახით, რომც დამდგარიყო, არ იყო მოპასუხისათვის წინასწარ სავარაუდო და შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში ვერ დაკმაყოფილდება, მისი ფაქტობრივი საფუძველის არ არსებობის გამო.
დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების შესწავლის შედეგად დადგენილად მიიჩნევს, რომ ნ------–-----ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე, 170-ე, 172-ე, 183-ე, 312-ე, 319-ე, 352-ე, 394-ე, 400-ე, 405-409-ე, 411-ე, 412-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 531-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319.1 მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ამდენად, სამოქალაქო სამართალით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს, როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას.
ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ. ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სსკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. ამ ნორმის დანაწესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, ყოველი შესრულება უნდა შეესაბამებოდეს მოცემულ მუხლში მოყვანილ პირობებს. ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის მიზნებისათვის მნიშვნელოვანია იმ პირობების დაცვა, რაც ვალდებულების შესრულებას უზრუნველყოფს და შესაბამისად, ვალდებულების შეუსრულებლობას გამორიცხავს. ხსენებული ნორმა (სსკ-ის 361.2. მუხლი) განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა შესრულდეს ვალდებულება, ისე, რომ არ მოხდეს ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის რღვევა და აწესებს ვალდებულების შესრულების ისეთ სტანდარტს, რომლითაც დაცულია არა მხოლოდ ვალდებულების შესრულება, არამედ მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერი მოპყრობა. ყოველი მოქმედება არ იწვევს ვალდებულების შესრულებას და შესაბამისად ვალდებულების შესრულების სამართლებრივი შედეგის დადგომას (სსკ-ს 427-ე მუხლი). ვალდებულების შესრულება ნიშნავს იმ მოქმედების შესრულებას (ან მოქმედებისაგან თავის შეკავებას), რომლის მოთხოვნის უფლებაც კრედიტორს აქვს. სწორედ ასეთი მოქმედება წარმოადგენს ვალდებულების ობიექტს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 531-ე მუხლის თანახმად, ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა.
განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებობდა ქირავნობის სახელშეკრულებო - ვალდებულებითი ურთიერთობა. კერძოდ, დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მოპასუხეს ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა უძრავი ქონება 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო მას დათქმული ქირის თანხა არ გადაუხდია სრულად და ერიხება 10 თვის ქირის თანხის დავალიანება, რაც საერთო ჯამში შეადგენს - 4500 აშშ დოლარს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის წინაშე ვალდებულება არა აქვს შესრულებული ჯეროვნად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ------–-----ე წარმოადგენს უფლებამოსილ პირს მოსთხოვოს დამქირავებელს ი----------–--ეს ქირის თანხის დავალიანების - 4500 აშშ დოლარის გადახდა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ''ა'' ქვეპუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: (ა) შესრულებისთვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ დამქირავებელს ი----------–--ეს გამქირავებლის ნ------–-----ის წინაშე არ აქვს სრულად შესრულებული ქირის თანხის გადახდის ვალდებულება.
დადგენილია, რომ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის გაფორმებული შეთანხმებების მიხედვით მოპასუხეს დათქმულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის, ქირის თანხის გადაუხდელობის გამო ერიცხება პირგასამტეხლოს დავალიანების 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც 2019 წლის 8 იანვრის ჩათვლით შეადგენს - 488.75 აშშ დოლარს. ამასთან, საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოდგენს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით თანხის გადახდილის დაკისრება 2019 წლის 9 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად 0.09 აშშ დოლარის ოდენობით.
შეთანხმებების მიხედვით, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა გადაიხადოს პირგასამტეხლო. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს გადახდას. დადგენილია, რომ დამქირავებელმა ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირა. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი განაკვეთიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და მოპასუხეს მხარეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს - 488.75 აშშ დოლარის გადახდა.
6.3. სსკ-ს 352.5 მუხლის შესაბამისად, ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება სსკ-ის 394-ე მუხლით დადგენილი წესით. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს ქონების გაქირავებით მისაღები თანხების მოთხოვნის უფლება აქვს იმ პერიოდისათვის, როცა არსებობდა მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა არსებობდა - 2016 წლის ივლისის თვემდე.
N19--------4 საექსპერტო დასკვნით დგინდება, რომ 2016 წლის 3 ივლისიდან 2019 წლის 2 თებერვლის ჩათვლით უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბ--–---------------–----–--–------------------------------------------მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N01--------------------0 გაქირავებით სავარაუდოდ მისაღებმა შემოსავალმა შეადგინა 12400 ლარი. დადგენილია, რომ სარჩელით მოსარჩელის მიერ აღნიშნული მოთხოვნა შემცირებულია - 5000 ლარამდე.
N19--------4 საექსპერტო დასკვნით ასევე დგინდება, რომ სადავო უძრავი ქონების საშუალო გასაქირავებელი ფასი 2019 წლისთვის შეადგენს თვეში - 400 ლარს. დადგენილია, რომ სარჩელით მოსარჩელის მიერ აღნიშნული მოთხოვნა შემცირებულია 200 ლარამდე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ აღნიშნული დასკვნის საპირისპიროდ მოპასუხეს არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ კუთვნილი ფართის დანიშნულებისამებრ გამოუყენებლობის შედეგად განიცადა ზიანი/დანაკლისი, რაც საერთო ჯამში, 2019 წლის 2 თებერვლის ჩათვლით შეადგენს - 5000 ლარს, ხოლო 2019 წლის 3 თებერვლიდან ვალდებულების შესრულებამდე ყოველთვიურად - 200 ლარს, თუმცა აღნიშნული თანხის გადახდა მოპასუხეს უნდა დაეკისროს არაუმეტეს 1 (ერთი) წლის განმავლობაში.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას გადაუხდელი ქირის თანხის - 4500 აშშ დოლარის გადაუცემლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ, სასამართლო გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტში მითითებული საფუძვლებით მიიჩნევს, რომ არ არსებობს ამ ნაწილში მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი, რამდენადაც, სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მოცემულ შემთხვევაში კი საქმის მასალებით არ დადგინდა, რომ ამგვარი ზიანის დადგომა მოვალისთვის წინასწარ სავარაუდო იყო. ამდენად, ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. 6.4. საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის, პირველი მუხლი იცავს საკუთრების უფლებას, კერძოდ, ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვს და იმ პირობით, რაც გათვალისწინებულია კანონით და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით. აღნიშნული მუხლის პირველი წინადადებიდან ჩანს, რომ საკუთრების უფლება დაცულია როგორც კერძო, ასევე იურიდიული პირებისათვის. ამასთან, საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევების განხილვისათვის ევროპის სასამართლომ აღნიშნული მუხლი გაყო სამ ნაწილად. საქმეში ''სპორონგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ'' სასამართლომ დაადგინა: ''აღნიშნული დებულება მოიცავს სამ განსხვავებულ ნორმას: პირველი ნორმა, რომელიც მუხლის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული, არის საერთო ხასიათის და იცავს საკუთრებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლებას. მეორე ნორმა, რომელსაც მუხლის მეორე წინადადება ეხება, ითვალისწინებს საკუთრების ჩამორთმევის უფლებას და ამას უკავშირებს კონკრეტულ გარემოებებს. მესამე ნორმა, რომელიც მოცემულია მუხლის მეორე ნაწილში, აცხადებს, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ აკონტროლონ საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე''. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ''მარქსი ბელგიის'' წინააღმდეგ განმარტა: ''იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამატებით ოქმის პირველი მუხლი, არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები ''საკუთრება'' და „საკუთრების გამოყენება'' (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, CASE OF MARCKX v. BELGIUM, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება; განაცხადი =6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი). სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ან/და, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს საკუთრების კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, რომელსაც გააჩნია თავისი ფარგლები, კერძოდ, არ შეიძლება, რომ საკუთრების ბოჭვამ, შეზღუდვამ მოსპოს საკუთრება. საკუთრების სუბსტანცია, რომელშიც იგულისხმება საკუთრების ინსტიტუტით გათვალისწინებული შინაარსის რეალიზაცია, უნდა შენარჩუნდეს, ე.ი. კერძო საკუთრების შეზღუდვა არ უნდა ნიშნავდეს საკუთრების უფლების რეალიზაციის მოსპობას. არ შეიძლება, რომ პირს ფორმალურად გააჩნდეს საკუთრების უფლება, ხოლო ფაქტობრივად არა, ანუ ვერ სარგებლობდეს საკუთრების უფლებით. იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის (მფლობელთა) ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ანუ, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე. სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეების სახელზე სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული ჩანაწერი საკუთრების უფლების შესახებ გაუქმებული არ არის. სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე არის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობენ კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხეებთან მიმართებაში, რადგან ისინი არ წარმოადგენენ სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს - მართლზომიერ მფლობელს. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, რომელიც აღძრული სარჩელის ფარგლებში, ფაქტიურად ითხოვს მოპასუხეთა გამოსახლებას და ნივთის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემას. ამ შემთხვევაში, მოთხოვნა ვინდიკაციური ხასიათისა და არსებობს სავინდიკაციო სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად, ნ------–-----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა იქნეს უძრავი ქონება. 6.5. რაც შეეხება მხარის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე1” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა, ხოლო ''ზ'' ქვეპუნქტით გაფართოებულია ამ გარემოებათა წრე და სასამართლოს ენიჭება უფლებამოსილება, მხარის თხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქციოს ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას. ასეთ შემთხვევაში, შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხი სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული და, როგორც წესი, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ ნათლად იქნა დასაბუთებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის აუცილებლობა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა. კერძოდ, მოსარჩელე მხარის განმარტებით მას სხვა უძრავი ქონება არ გააჩნია და უკვე სამი წლის განმავლობაში ვერ ახერხებს მის კუთვნილ ფართში შესვლას და მისით სარგებლობას, რითაც ადგება ზიანი. ამდენად, მოსარჩელის შუამდგომლობა საფუძვლიანია და 2019 წლის 18 აპრილს მიღებული გადაწყვეტილება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილში მიქცეულ უნდა იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7. საპროცესო ხარჯები 7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით - 717 ლარის გადახდა, მათვე უნდა დაეკისროთ სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად - 205.80 ლარის გადახდა. 8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები 8.1. საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ნ------–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე მხარისაგან - ი----------–--ესაგან და ი---------------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბ--–---------------–----–--–------------------------------------------მ., საკადასტრო კოდი N01--------------------0 და თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდეს მოსარჩელე ნ------–-----ეს.
3. მოპასუხე მხარეს - ი----------–--ეს და ი---------------ის მოსარჩელე ნ------–-----ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ გადაუხდელი ქირის ძირითადი თანხის - 4500 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს - 488.75 აშშ დოლარის გადახდა.
4. მოპასუხე მხარეს - ი----------–--ეს და ი---------------ის მოსარჩელე ნ------–-----ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 2 ივლისიდან 2019 წლის 2 თებერვლის ჩათვლით მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის - 5000 ლარის გადახდა, ხოლო 2019 წლის 3 თებერვლიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა, ყოველთვიურად, სოლიდარულად დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლის სახით - 200 ლარის გადახდა.
5. მოპასუხე მხარეს - ი----------–--ეს და ი---------------ის მოსარჩელე ნ------–-----ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 717 ლარის გადახდა.
6. მოპასუხე მხარეს - ი----------–--ეს და ი---------------ის მოსარჩელე ნ------–-----ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯის - 205.80 ლარის გადახდა.
7. გადაწყვეტილება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის ნაწილში მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად (რაც მოიცავს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტს).
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი