გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/914-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დავით წერეთელი
სხდომის მდივანი თამილა ახვლედიანი
მოსარჩელე - კა-- ჯა----
წარმომადგენლები - ფრ------- სი----–---–-, სა-–---- გე-–-–---–-
მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი - ხა---- ფე----–---–-
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ა--ლი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 15 ნოემბრის N M---------------- ბრძანება;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 09 იანვრის № M---------------- წერილობითი მიმართვა მოსარჩელე კა-- ჯა----სათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, სამხედრო სამსახურში წელთა ნამსახურობის გაანგარიშებაზე უარის თქმის შესახებ;
1.3. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოსცეს ა--ლი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელე კა-- ჯა----ს სამხედრო სამსახურში წელთა ნამსახურება განისაზღვრება 10 წლითა და ორი თვის ვადით;
1.4. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოსცეს ა--ლი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი რომლითაც მოსარჩელე განთავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან 2018 წლის 15 ნოემბრიდან, მხოლოდ პირადი განცხადების საფუძველზე;
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი არ ცნო, მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს, განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. მოსარჩელე კა-- ჯა---- 1998 წლის 01 სექტემბრიდან, 2018 წლის 15 ნოემბრამდე მსახურობდა შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა სამხედრო თანამდებობებზე, ხოლო 2017 წლის 19 მარტს მასსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ ხელშეკრულება (კონტრაქტი) 5 წლის ვადით.
მოსარჩელე კა-- ჯა---მა, 2018 წლის 07 ნოემბერს, პატაკით მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალების შენახვის ბაზის უფროს ვიცე პოლკოვნიკს და ითხოვა უფლებამოსილ თანამდებობის პირთან შუამდგომლობა მისი სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის მიზნით.
აღნიშნული განცხადების საფუძველზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, 2018 წლის 15 ნოემბერს გამოსცა ბრძანება მოსარჩელე კა-- ჯა----ს თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ, ხოლო ბრძანების გამოცემის სამართლებრივ საფუძვლად მითითებული იქნა პირადი სურვილი და კონტრაქტის პირობების დარღვევა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 07 თებერვლის ცნობა (ს.ფ. 83);
- ნამსახურობის ნუსხა (ს.ფ. 13-16);
- „ოფიცრების მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ 2017 წლის 19 მარტის კონტრაქტი (ს.ფ 91-102);
- „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 15 ნოემბრის №M---------------- ბრძანება (ს.ფ. 13);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
3.1.2. მოსარჩელე კა-- ჯა---მა, 2018 წლის 24 დეკემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბს და ითხოვა მისი სამხედროს სამსახურში ნამსახურები წლების გაანგარიშება, მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშნვის მიზნით.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 09 იანვრის წერილობითი მიმართვით, მოსარჩელე კა-- ჯა----ს განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ იგი სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი იქნა კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-კა-- ჯა----ს 2018 წლის 24 დეკემბრის განცხადება (ს.ფ. 47);
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 2019 წლის 09 იანვრის №M---------------- წერილობითი მიმართვა (ს.ფ. 15);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ კა-- ჯა----ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტი, ევროპის სოციალური ქარტია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია და მისი პირველი დამატებითი ოქმი, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს შრომის კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 15 ნოემბრის N M---------------- ბრძანება და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 09 იანვრის N M---------------- წერილობითი მიმართვა, მოსარჩელე კა-- ჯა----სთვის, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, წელთა ნამსახურობის გაანგარიშებაზე უარის თქმის შესახებ, შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მათი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად მიჩნევის საფუძველია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლომ, ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელე კა-- ჯა----ს მოთხოვნა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, მისი სამხედრო სამსახურში წელთა ნამსახურება განისაზღვროს 10 წლითა და ორი თვის ვადით, ასევე მოსარჩელე განთავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან 2018 წლის 15 ნოემბრიდან, პირადი განცხადების საფუძველზე.
6.2. სასამართლო პირველ ყოვლისა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა, რომ დაამკვიდრონ, მათ შორის სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.
სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციის მითითებული ნორმით დაცული სფერო, ასევე გულისხმობს პირის უფლებას, თავისი თავისუფალი ნების შესაბამისად უარი თქვას სახელმწიფო თანამდებობის დაკავებაზე კანონით გათვალისწინებული პირობების დაცვით.
ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების ძირითადი უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია, ასევე პირის მოთხოვნის უფლება საკუთრებაზე, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე წარმოეშობა მას და იგი ისეთივე დაცვის ღირსი ობიექტია, როგორც მთლიანად საკუთრების უფლება.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლითაც კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება სწორედ ასეა განმარტებული (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება №1/14/184,228 საქმეზე სააქციო საზოგადოებები - „საქგაზი“ და „ანაჯგუფი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, გვ.5) კერძოდ, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება პირველ რიგში გულისხმობს საკუთრების უფლების ყველასათვის თანაბრად აღიარებასა უზრუნველყოფას, იმისაგან დამოუკიდებლად, თუ რა სახით ვლინდება საკუთრების უფლება - ფიზიკურ ნივთებზე უშუალო საკუთრების უფლებით, თუ მოთხოვნის უფლებაზე საკუთრებით. იქვე, საკონსტიტუციო სასამართლო უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც მოთხოვნის უფლება, ასევე შეიძლება განხილულ იქნეს როგორც საკუთრების უფლება.
ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, საკუთრების ცნება, ასევე მოიცავს მოთხოვნის უფლებას და იგი კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით გარანტირებული საკუთრების უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია (იხ. თუნდაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ საჩივრის №7975/06 გვ. 16). აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ამ მხრივ საჭიროა იმის შეხსენება, რომ მოცემულ სფეროში ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართლის მიხედვით, „ქონების“ ცნება შეიძლება მოცავდეს, როგორც „ამჟამინდელ ქონებას“, ისე ქონებრივ ღირებულებებს, რომლებზე დაყრდნობითაც მომჩივანს შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს სულ ცოტა „ლეგიტიმური მოლოდინის“ ქონაზე, მიიღოს სარგებელი საკუთრების უფლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა კომპენსაციის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.
სასამართლო მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის თანახმად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეს სამსახურიდან დაითხოვენ პირადი სურვილით, თუ მან, როგორც ოფიცერმა, იმსახურა არანაკლებ 10 წელი.
ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ნორმის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს აქვს უფლება პირადი სურვილით შეწყვიტოს სამხედრო სამსახური და დათხოვნილი იქნეს სამხედრო სამსახურიდან, თუ მას, სამხედრო სამსახურში აქვს ნამსახურები არანაკლებ 10 წელი, როგორც ოფიცერი.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე კა-- ჯა---- 1998 წლის 01 სექტემბრიდან, 2018 წლის 15 ნოემბრამდე მსახურობდა შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა სამხედრო თანამდებობებზე, ხოლო 2017 წლის 19 მარტს მასსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ ხელშეკრულება (კონტრაქტი) 5 წლის ვადით.
ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე კა-- ჯა---მა, 2018 წლის 07 ნოემბერს, პატაკით მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალების შენახვის ბაზის უფროს ვიცე პოლკოვნიკს და ითხოვა უფლებამოსილ თანამდებობის პირთან შუამდგომლობა მისი სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის მიზნით.
ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე კა-- ჯა---მა განახორციელა კანონით მისთვის მინიჭებული უფლება და გამოხატა საკუთარი სურვილი დათხოვნილიყო სამხედრო სამსახურიდან.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება.
ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე კა-- ჯა---სა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის დადებული, ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულება (კონტრაქტი) წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლი შესაბამისად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
მითითებული კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შეთანხმება (გარიგება) შესაძლებელია მიმართული იყოს სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტისაკენ.
ამასთან, სასამართლო მიუთითებს საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება და მხარეთა წერილობითი შეთანხმება.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე კა-- ჯა----ს პატაკის საფუძველზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, 2018 წლის 15 ნოემბერს გამოსცა ბრძანება მოსარჩელე კა-- ჯა----ს თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ, ხოლო ბრძანების გამოცემის სამართლებრივ საფუძვლად მითითებული იქნა პირადი სურვილი და კონტრაქტის პირობების დარღვევა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე კა-- ჯა---მა კანონით მინიჭებული უფლების საფუძველზე გამოხატა საკუთარი სურვილი სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის და შრომითი-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე, რასაც დაეთანხმა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და შესაბამისად მათ შორის შრომითი-სამართლებრივი ურთიერთობა (კონტრაქტის პირობების მოქმედება) შეწყდა კანონის საფუძველზე, მხარეთა შეთანხმებით, მითითებულ ბრძანებაში, თანამდებობიდან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად კონტრაქტის პირობების დარღვევა არ შეესაბამება ზემოთ აღნიშნული ნორმების პირობებს.
6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში. ოფიცრები, მათ შორის, სამხედრო პროკურატურის, ყოფილი სახედრო ტრიბუნალის, სამხედრო სასამართლოს ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ ყოფილ სსრ კავშირის და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში, შინაგან, სასაზღვრო, სარკინიგზო, სამთავრობო კავშირგაბმულობის, სამოქალაქო თავდაცვის, სამხედრო- სამშენებლო ჯარებში, სახელმწიფო უშიშროების, საგარეო დაზვერვის, სამხედრო იუსტიციის ორგანოებში, სხვა კანონიერ სამხედრო ფორმირებებში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში და მათი ოჯახის წევრები, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით).
მითითებული კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. ყოფილი სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების, სასაზღვრო ჯარების, სხვა კანონიერი სამხედრო ფორმირებების სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პენსიონერებს, რომლებიც შემდგომ ჩაირიცხნენ საქართველოს სამხედრო ძალების კადრის სამხედრო სამსახურში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების მიხედვით, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოების, აგრეთვე კომპენსაციის დანიშვნის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.
„სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის (დანართი№2) მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომპენსაციას შესაბამისი განცხადების საფუძველზე ნიშნავს სააგენტო. განცხადებას თან უნდა ერთოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე, აგრეთვე მაძიებლის მომართვის შემთხვევაში – მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო კანონიერი წარმომადგენლის მომართვის შემთხვევაში − კანონიერი წარმომადგენლის პირადობისა და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტები (კანონიერი წარმომადგენლის მომართვის შემთხვევაში მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა სავალდებულო არ არის, თუ წარმომადგენლობის დოკუმენტში მოცემულია მაძიებლის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები).
ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე კა-- ჯა----სთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისათვის, კანონით გათვალისწინებულ აუცილებელ დოკუმენტს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, მისი სამხედრო სამსახურში ნამსახურები წლების გაანგარიშების თაობაზე, სათანადო წარდგინება წარმოადგენს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე კა-- ჯა---მა, 2018 წლის 24 დეკემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბს და ითხოვა მისი სამხედროს სამსახურში ნამსახურები წლების გაანგარიშება, მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშნვის მიზნით, თუმცა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 09 იანვრის წერილობითი მიმართვით, მოსარჩელე კა-- ჯა----ს განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ იგი სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი იქნა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი აღნიშნული თანამდებობიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო.
ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელე კა-- ჯა----ს მიერ, კანონით მინიჭებული უფლების ფარგლებში, საკუთარი სურვილით სამხედრო სამსახურის დატოვება სასამართლოს მიერ არ იქნა მიჩნეული სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ ხელშეკრულების (კონტრაქტის) პირობების დარღვევად, მისთვის არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო სამხედრო სამსახურის დატოვების საფუძვლით, სამხედრო სამსახურში ნამსახურები წლების გაანგარიშებასა და შესაბამისი წარდგინების გამოცემაზე უარი არ შეესაბამება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილებით გადამეტებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე კა-- ჯა----ს სასარჩელო მოთხოვნები სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით საფუძვლიანია, ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის და სოციალური უზრუნველყოფის უფლების, შესაბამისად, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 15 ნოემბრის №M---------------- ბრძანება და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 09 იანვრის №M---------------- წერილობითი მიმართვა, მოსარჩელე კა-- ჯა----სთვის, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, წელთა ნამსახურობის გაანგარიშებაზე უარის თქმის შესახებ.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ ბათილად ცნო „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 15 ნოემბრის N M---------------- ბრძანება იმ საფუძვლით, რომ მასში მითითებული ერთ-ერთი სამართლებრივი საფუძველი (კონტრაქტის პირობების დარღვევა) არ შეესაბამება კანონს, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს ა--ლი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა იმავე თარიღიდან მოსარჩელე კა-- ჯა----ს თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, მხოლოდ პირადი სურვილით „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ამასთან, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს ა--ლი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე კა-- ჯა----ს სამხედრო სამსახურში წელთა ნამსახურება 10 წლითა და ორი თვის ვადით განსაზღვრის თაობაზე, რადგან სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 09 იანვრის N M---------------- წერილობითი მიმართვა, მოსარჩელე კა-- ჯა----სთვის, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, წელთა ნამსახურობის გაანგარიშებაზე უარის თქმის შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საგადახდო დავალებით დადგენილია, რომ სარჩელის აღძვრისას, მოსარჩელე კა-- ჯა----ს მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარის ოდენობით. გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელეს კანონით არ ევალებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, მოსარჩელე კა-- ჯა---ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ უსაფუძვლოდ გადახდილი ბაჟი 100 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. კა-- ჯა----ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 15 ნოემბრის N M---------------- ბრძანება;
3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 09 იანვრის № M---------------- წერილობითი მიმართვა მოსარჩელე კა-- ჯა----სათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, სამხედრო სამსახურში წელთა ნამსახურობის გაანგარიშებაზე უარის თქმის შესახებ;
4. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოსცეს ა--ლი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც განისაზღვრება მოსარჩელე კა-- ჯა----ს სამხედრო სამსახურში წელთა ნამსახურება 10 წლითა და ორი თვის ვადით;
5. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოსცეს ა--ლი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე კა-- ჯა----ს, 2018 წლის 15 ნოემბრიდან თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ მხოლოდ პირადი სურვილით, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
6. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
7. მოსარჩელე კა-- ჯა---ს დაუბრუნდეს, მისი წარმომადგენლის - ფრ------- სი----–---–-ს მიერ, 2019 წლის 08 თებერვლის №- საგადახდო დავალებების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი თეთრი) ლარის ოდენობით (ხაზინის ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტები: ბანკის დასახელება - ქ. თბილისი ,,სახელმწიფო ხაზინა”; ბანკის კოდი - TRESGE22; სა--ზინო კოდი: 300773150);
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან;
მოსამართლე დავით წერეთელი