გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.04.2019
საქმის ნომერი
330210018002376069
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
19.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/9559-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი კახა კომლაძე

მოსარჩელე თა------------–---–-

წარმომადგენელი ლა–-----------–---–-, ლე--–-------------

მოპასუხე არ---–---------–---–-

წარმომადგენელი ვა---–---------–---–-

დავის საგანი: სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის

შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხე არ---–---------–---–-სათვის მოსარჩელე თა------------–---–-ს სასარგებლოდ 10 586 ლარის გადახდის დაკისრება.

2017 წლის 5 ივნისს ფ-------–-----------–--------------------------ზე, თ------–---------------–----------სთან, თა------------–---–-ს კუთვნილ ავტომანქანას სამარშრუტო მიკროავტობუს მერსედეს სპრინტერს, სახელმწიფო ნომრით S------ და არ---–---------–---–-ს კუთვნილ ავტომანქანას ლექსუსს სახელმწიფო ნორმით M-------- შორის მოხდა შეჯახება, რომლის შედეგად დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა.

 

ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია არ---–---------–---–-ს მიერ საგზაო წესების დარღვევამ. მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 9000 ლარს. ამასთან, ავტოსაჯარიმოზე ევაკუატორით გადაყვანისა და დგომის ხარჯმა შეადგინა 1586 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. მან სადავოდ გახადა მის მიერ საგზაო წესების დარღვევის ფაქტი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 5 ივნისს ფ-------–-----------–--------------------------ზე, თ------–---------------–----------სთან, ავტოსაგზაო შემთხვევისას თა------------–---–-ს კუთვნილ ავტომანქანას სამარშრუტო მიკროავტობუს მერსედეს სპრინტერს, სახელმწიფო ნომრით S------ და არ---–---------–---–-ს კუთვნილ ავტომანქანას ლექსუსს სახელმწიფო ნორმით M-------- შორის, მოხდა შეჯახება.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 4).

ექსპერტიზის დასკვნები. (ს.ფ. 83-103).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შეჯახების შედეგად, დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება, „MERCEDES_BENZ 208 D“ სახ. NS-------. ავტომანქანის დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 9000 ლარს.

 

მტკიცების ტვირთზე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.

 

მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, გამოთხოვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 18 ივლისის დასკვნის თანახმად: (იხ. ს.ფ. 104-109). სატრანსპორტო საშუალებას „MERCEDES_BENZ 208 D“ სახ. NS-------, დეფორმირებული, დამტვრეული და დაზიანებული აქვს: წინა ბამპერი ძელით, წინა პანელი, წინა ორივე მაშუქი, წინა მარჯვენა ფრთა, წინა მარჯვენა გვერდულა და ლანჟერონი, წინა მარჯვენა საყრდენი, ძრავის სახურავი, ძრავის სექციის ცალკეული დეტალები, წინა საკიდარი, წინა საქარე მინა, ტორპედო, მძღოლისა და მგზავრის სავარძლები, წინა მარჯვენა კარი მინებით, უკანა მარჯვენა მაშუქი, უკანა მარჯვენა ფრთა და გვერდი, წინა მარცხენა საყრდენი, წინა მარცხენა კარი.

 

დასკვნის მიხედვით, ზემოაღნიშნულ ავტომანქანაზე არსებული დაზიანებების ავარიული ხასიათისა და ხარისხის გათვალისწინებით, მისი აღდგენა მიზანშეუწონელია. საბაზრო ეკონომიკის პირობებში მოქმედებს თავისუფალი (საბაზრო ფასები). კომერციულ სტრუქტურებში ანალოგიური მარკის ა/მანქანის საცალო სარეალიზაციო საორიენტაციო ღირებულება დაზიანებამდე, ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით, შეადგენს - 11500 ლარს, ხოლო ა/მანქანის ნარჩენი ღირებულება, ფაქტიურ-ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს - 2500 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი ავტომანქანის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს 9000 ლარს.

 

ამდენად, ექსპერტმა ავტომანქანაზე არსებული დაზიანებების ხარისხისა და ხასიათის გათვალისწინებით, ჩათვალა, რომ აღდგენის ხარჯები მნიშვნელოვნად აჭარბებდა მის ღირებულებას, რის გამოც მიზანშეუწონლად ჩათვალა მისი აღდგენა და ზიანის ოდენობა განსაზღვრა საბაზრო ფასსა და ნარჩენ ღირებულებას შორის სხვაობით.

 

3.2.2. ავტოსაგზაო შემთხვევა, გამოიწვია არ---–---------–---–-ს მიერ საგზაო წესების დარღვევამ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

მტკიცების ტვირთზე მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.

 

მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

 

საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის).

 

მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. იმავდროულად, ახსნა-განმარტება უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით (სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

 

მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, გამოთხოვილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 13 სექტემბრის სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავტომობილ „მერსედესის“ საჭის მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა გამოსულია მწყობრიდან მათზე ძლიერი მექანიკური ძალის ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. ავტომობილ ლექსუსს საჭის მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა გამოსულია მწყობრიდან მათზე ძლიერი მექანიკური ძალის ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს.

 

ამდენად, ექსპერტიზის დასკვნით, ცალსახად დადგინა, რომ საგზაო შემთხვევაში მონაწილე ორივე სატრანსპორტო საშუალებას, შემთხვევამდე, საჭის მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა მწყობრში ჰქონდა. იგივე გარემოება დადგენილია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 12 ივნისის დასკვნით. (იხ. ს.ფ. 93-95).

 

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა განპირობებულია შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ ლექსუსის მძღოლის არ---–---------–---–-ს ქმედებით, რომელმაც უგულებელყო „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი 1 პრიორიტეტის ნიშნები 2.3-ის მოთხოვნები, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. ავტომობილ „მერსედესის“ მძღოლს თ-------------–---–ს ტექნიკური თვალსაზრისით (დამუხრუჭებით) არ შეეძლო კონკრეტული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება.

 

საგზაო შემთხვევაში, ბრალეული პირის დასადგენად ექსპერტმა გამოიკვლია საგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომანქანებზე არსებული დაზიანებები, ავტომობილების მოძრაობის მიმართულება, შეჯახების მიმართულება, სამუხრუჭე სისტემისა და საჭის მართვის მექანიზმის გამართულობა, შეჯახების კუთხე, მონაწილე მძღოლების ახსნა-განმარტებები, საგზაო შემთხვევის ადგილი, პირობები, სიჩქარე და საქმის სხვა გარემოებები, დაადგინა მოპასუხის მიერ საგზაო წესების დარღვევა. აღნიშნული გარემოება, დადასტურებულია ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 30 ივნისის დასკვნით. (იხ. ს.ფ. 100-102).

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის მხოლოდ განმარტა, რომ ექსპერტიზის დასკვნები დაუსაბუთებელია, სასამართლოს მიერ არ არის გაზიარებული, რადგან საგზაო შემთხვევაში ბრალეული მძღოლის დასადგენად, სამუხრუჭე სისტემისა და საჭის მართვის სისტემის გამართულობის, შეჯახების კუთხისა და სხვა საჭირო გარემოებების გამოკვლევისას, ექსპერტების მიერ კვლევის მეთოდების არასწორად გამოყენებასთან ან გამოუყენებლობასთან დაკავშირებული საკითხები, წარმოადგენს კონკრეტული დარგის სპეციალისტის შეფასების საგანს. შესაბამისად, მხარის განმარტება, საქმეში წარმოდგენილი დასკვნის გამაქარწყლებელი ექსპერტიზის დასკვნების გარეშე საფუძველსაა მოკლებული.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე,326-ე, 408-ე, 409-ე, 412-ე, 414-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს არასახელშეკრულებო (კანონისმიერ) ვალდებულებათა სახეს. იგი წარმოიშობა კანონის ძალით, მხარეთა ნება-სურვილისგან დამოუკიდებლად, რა დროსაც, მხარეთა წინასწარი შეთანხმება ზიანის ანაზღაურების თაობაზე საჭირო არ არის. დელიქტური ვალდებულება მოწოდებულია უზრუნველყოს დარღვეული ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების აღდგენა სამართალდამრღვევის ხარჯზე. სწორედ ამ ვალდებულების ძალით, პირი, რომელმაც მიაყენა ზიანი სხვა პირის პირად ან ქონებრივ ინტერესებს, ვალდებულია სრული მოცულობით აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, ხოლო დაზარალებული პირი უფლებამოსილია მოითხოვოს განცდილი ზიანის ანაზღაურება.

 

შესაბამისად დელიქტი, როგორც სამოქალაქო სამართალდარღვევა, წარმოშობს გარკვეული სახის სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას, კერძოდ, დელიქტურ პასუხისმგებლობას. დელიქტური პასუხისმგებლობა წარმოადგენს კანონით განსაზღვრული ქონებრივი ხასიათის ზომების იძულებით გამოყენებას იმ პირის მიმართ, რომელმაც მიაყენა ზიანი სხვა პირის მატერიალურ ან არამატერიალურ სიკეთეს. აღნიშნული პასუხისმგებლობის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ არსობრივად იგი წარმოადგენს შეფარდებით სამართალურთიერთობას, ანუ ადგენს ერთი პირის ვალდებულებას მეორეს წინაშე და იმავდროულად მიმართულია აბსოლუტური სამართალურთიერთობის დაცვისაკენ, სადაც განსაზღვრულია მხოლოდ ერთი მხარე - სუბიექტური უფლების მატარებელი, მაგალითად, ნივთის მესაკუთრე.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლად სამოქალაქო უფლების დარღვევა მიიჩნევა. ქონებრივი პასუხისმგებლობის ვალდებულ პირზე დასაკისრებლად საჭიროა, რომ სახეზე იყოს სამართალდარღვევის შემადგენლობა. შემადგენლობის ორგანიზმს ქმნის სამართლებრივად ფასეულ სუბიექტურ და ობიექტურ გარემოებათა ერთობლიობა, რომელთა თანაარსებობა მოვალეზე პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. ამ შემადგენლობის ელემენტებია: სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანი; დამრღვევის მართლსაწინაღმდეგო ქმედება; მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; სამართლდამრღვევის ბრალი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, სამართლებრივი შედეგი (ზიანის ანაზღაურების ვალდებულება) ქმედების აბსტრაქტული შემადგენლობიდან (სხვა პირის მიმართ განხორციელებული ქმედება) გამომდინარეობს. იმისათვის, რომ მხარეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უტყუარად უნდა დასტურდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება - ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), შედეგი - ზიანი და მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ნორმის შემადგენელ აღნიშნულ ელემენტთაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია.

 

დასახელებული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ქონებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია ზიანის არსებობა. სამოქალაქო სამართალში ზიანში მოიაზრება ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი. ზიანი წარმოადგენს სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს. თუ არა ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. ზიანი სწორედ რომ მართალსაწინააღმდეგო ქმედების შედეგია. იგი წარმოადგენს სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგს.

 

ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ანაზღაურებაუნარიანი ზიანი. ასეთია სამართლებრივად მნიშვნელოვანი და დაცული ზიანი. ზიანი, რომლის ანაზღაურებაც შეუძლებელია, ვერ ჩაითვლება ასეთად. ქონებრივი ზიანის დადგენა ხდება ქონებრივი მდგომარეობის შეფასებით, კერძოდ, რა ქონებრივ მდგომარეობაში იმყოფებოდა პირი, სანამ მის მიმართ განხორციელდებოდა მართლსაწინააღმდეგო ქმედება და მას მიადგებოდა ქონებრივი ზიანი და რა მდგომარეობაში იმყოფებოდა პირი, ქონებრივი ზიანის გამომწვევი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შემდგომ. ზიანის მოცულობა განისაზღვრება ამ ორ მდგომარეობის შორის სხვაობით.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით უნდა იყოს მიყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია სამართალდარღვევისა და მისი არსებობა არაა დამოკიდებული მოვალის ცნობიერების ხასიათზე ანუ აცნობიერებდა თუ არა მოვალე თავისი ქმედების სამართლებრივ ხასიათს. მთავარია, რომ მოვალის ქმედება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. სამოქალაქო სამართალში მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა სხვა პირთა დაცული ინტერესის ხელყოფა. მართლწინააღმდეგობა მოიცავს როგორც კანონით დადგენილი წესების, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას. მიზეზობრივი კავშირი სამართალდარღვევის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. ანაზღაურდება მხოლოდ ისეთი ზიანი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედებით იყო გამოწვეული. იმისათვის, რომ მოვალეს დაეკისროს პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ზიანი მოვალის მოქმედების უშუალო შედეგს. თუ მიზეზობრივი კავშირი სახეზეა, არსებული ზიანი ანაზღაურდება სრულად, მიუხედავად იმისა, თუ რა ოდენობისაა ეს ზიანი ან რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობა დამდგარ შედეგში. პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მხოლოდ მაშინაა ზიანის მიზეზი, როცა ის უშუალოდაა დაკავშირებული დამდგარ ზიანთან. ამგვარად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მისი გამომწვევი ქმედების უშუალო, აუცილებელი, პირდაპირი შედეგია.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების დაზიანება გამოწვეულია მოპასუხის მიერ საგზაო წესების დარღვევის შედეგად. აქედან გამომდინარე, მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირია არ---–---------–---–-.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის თანახმად, წესები სახელშეკრულებო ვალდებულებების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის მიხედვით, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისთვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. ამ მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მიყენებული ზიანისათვის კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, პირი მხოლოდ მაშინ აგებს პასუხს ზიანისათვის, როცა მისი ქმედება ადეკვატურ კავშირშია დამდგარ შედეგთან/ზიანთან ანუ დამდგარი ზიანი დარღვეული ვალდებულების რეალური და მოსალოდნელი შედეგია და მისი მიზეზობრივი კავშირი ქმედებასთან ობიექტური გადმოსახედიდან დასტურდება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველი ნორმის თანახმად, მხედველობაშია მისაღები მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება დაზიანებული ავტომანქანის აღდგენას. დადგენილია, რომ დამტვრეული ავტომანქანის აღდგენის ხარჯებმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა მის ღირებულებას. შესაბამისად, ზიანის ოდენობა განისაზღვრა საბაზრო ღირებულებასა და ნარჩენ ღირებულებას შორის სხვაობით - 9000 ლარით. ამასთან, ავტომანქანის დაზიანების გამო, საჭირო გახდა მისი საჯარიმო ავტოსაჯარიმოზე ევაკუატორით გადაყვანა და დაყენება და ამ თანხების ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება ზიანის მიმყენებელს ა-----–---------–---–-, რადგან თა------------–---–-ს მიერ 1586 ლარის ოდენობით ხარჯების გაღება მოპასუხის მიერ საგზაო წესების დარღვევის უშუალო შედეგია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. დასახელებული ნორმის მესამე ნაწილის მიხედვით კი, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 317.58 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად. მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნის შემცირების გამო, უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 15 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. თა------------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

1.1. დაეკისროს მოპასუხე ა-----–---------–---–- მოსარჩელე თა------------–---–-ს სასარგებლოდ 10 586 ლარის გადახდა.

 

2. დაეკისროს მოპასუხე ა-----–---------–---–- მოსარჩელე თა------------–---–-ს სასარგებლოდ 317.58 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად.

 

2.1. დაუბრუნდეს თ-------------–---–ს 2018 წლის 27 თებერვალს N5 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 285 ლარიდან - 15 ლარი.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მაკა ჭედია