გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №150210019002890800
№ 2/53-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 მაისი 2019 წელი ქ. ახალქალაქი
შესავალი ნაწილი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე _ არარატ ესოიან
სხდომის მდივანი - ეთერ მაღრაძე
მოსარჩელე - შპს „ა--------------–------–---------“ (ს/ნ 2--------);
წარმომადგენელი - ვ------- ტ----------ე;
მოპასუხე - შპს „ა-–-------–-“ (ს/ნ 2--------);
წარმომადგენლები - შ--–-- გ--------ე, რ-------- ქ--–----–-ან;
დავის საგანი - სასაქონლო ნიშნისა და დიზაინის უკანონოდ გამოყენების აღკვეთა და ყველა იმ შეფუთვის და შესაფუთი მასალის განადგურება, რომელიც უნებართვოდ შეიცავს რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანსა და შესრულებულია დიზაინზე უფლების დარღვევით;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
შპს „ა-–-------–--ს“ (ს/ნ 2--------) აეკრძალოს სასაქონლო ნიშანსა და დიზაინზე უფლებების დამრღვევი ქმედებები და დაევალოს მათი შეწყვეტა, კერძოდ საქონლის „სპრედ მცენარეული ცხიმოვანი“ შეფუთვებზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის альпийская КОРОВУШКА („საქპატენტში“ რეგ. ნომერი 2----) აღრევამდე მსგავსი ნიშნის КОРОВУШКА დატანა, შეფუთვების შესრულება რეგისტრირებულ დიზაინზე („საქპატენტში“ რეგ. ნომერი 7--) განსაკუთრებული უფლების დარღვევით, ასეთი შეფუთვების იმპორტი და შეფუთული პროდუქციის ექსპორტი, ასეთი შესაფუთი მასალისა და შეფუთული პროდუქციის შენახვა რეალიზაციის მიზნით, შეთავაზება და გაყიდვები და შესაბამისად, დაევალოს მასვე თავისი საწყობებიდან და სარეალიზაციო ქსელიდან ყველა იმ შეფუთვის და შესაფუთი მასალის ამოღება და განადგურება, რომელიც შეიცავს რეგისტრირებულ ზემოხსენებული ნიშნის აღრევამდე მსგავს ნიშანს და შესრულებულია რეგისტრირებულ დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელე შპს „ა--------------–------–---------“ არის კომპანია - მწარმოებელი და მფლობელი საქართველოში საერთაშორისო კლასიფიკატორის 29-ე კლასის საქონლის მიმართ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნისა Альпийская КОРОВУШКА („საქპატენტში“ რეგ. ნომერი 2----, ძალაშია 05.05.2026 წლამდე) და აქვთ განსაკუთრებული უფლებები დიზაინზე „ზედაპირის გაფორმება“ რეგისტრაციის ნომერი 7--, ძალაშია 20.09.2022 წლამდე. აღნიშნულ ნიშანსა და დიზაინს იყენებენ მათი ერთ-ერთი პროდუქციის - მცენარეული ცხიმების, კერძოდ სპრედების მოსანიშნად და მისი შეფუთვის გასაფორმებლად. მათ მოპოვებული აქვთ მომხმარებელში მაღალი ცნობადობა და მათ პროდუქციასა და ნიშნებს გააჩნიათ კარგი რეპუტაცია. ისინი არიან ამ პროდუქტების მსხვილი მწარმოებელი საქართველოში უკვე 25 წელია.
შპს ,,ა-–-------–-იც’’ არის მწარმოებელი კომპანია ანალოგიური პროდუქტებისა. იგი ამზადებინებს შესაფუთ მასალას (საქართველოში ან საზღვარგარეთ), ახორციელებს მის იმპორტს და თავიანთი საქონლის („სპრედი მცენარეული ცხიმოვანი“) შეფუთვებზე მოსარჩელისაგან უნებართვოდ დააქვს რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის альпийская КОРОВУШКА მომხმარებლისათვის აღევამდე მსგავსი ნიშანი КОРОВУШКА, პროდუქციის შეფუთვის ზედაპირს ასევე უნებართვოთ აფორმებს დიზაინით, რომელიც იგივე გარეგნულ შთაბეჭდილებას ტოვებს მომხმარებელზე, რასაც მათი რეგისტრირებული დიზაინი და ასეთნაირად უშვებს სამოქალაქო ბრუნვაში - სარეალიზაციო ქსელში.
აღნიშნული უნებართვოდ მონიშნული და დიზაინზე უფლების დარღვევით შესრულებული პროდუქციის რეალიზაცია გრძელდება წარმოდგენილ ფაქტების კონსტატაციის თარიღების შემდგომ პერიოდშიც (დღესაც).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია საკმარისი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ სასაქონლო ნიშანი Альпийская КОРОВУШКА სარგებლობს კარგი რეპუტაციით საქართველოში. მომხმარებელში მაღალი ცნობადობის დასადასტურებლად საჭიროა ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, როგორიცაა მაგალითად სულ ცოტა 1000 მომხმარებლის გამოკითხვის შედეგები, რომელიც ჩატარებული იქნება საქართველოს რამდენიმე ქალაქში და მისი შედეგებიდან ნათლად გამოჩნდება სასაქონლო ნიშნის ცნობადობის ხარისხი.
რაც შეეხება დიზაინს N7--, ის რეგისტრირებულია ფიზიკური პირის ლევან ბერიაშვილის სახელზე, რომელთან მოსარჩელის კავშირის შესახებ მოპასუხისათვის არ არის ცნობილი და ამიტომ ეს არ უნდა იყოს მხედველობაში მიღებული სასამართლოს მიერ.
მოპასუხე სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი N2---- და სადავო ეტიკეტი „КОРОВУШКА’’ მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან. რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი N2---- წარმოადგენს კომბინირებულ სასაქონლო ნიშანს, თეთრ ფონზე გამოსახულ მწვანე ნახევარსფეროს გამოსახულებას, რომლის ზედა ნაწილშიც განლაგებულია შავ ფერში შესრულებული წარწერა კირილიცაზე „Альпийская“, ხოლო ქვედა ნაწილში წითელ ფერში სტილიზებული შრიფტით ჩაწერილია სიტყვა „коровушка’’.
რაც შეეხება მოპასუხის მიერ გამოყენებულ ეტიკეტს, ის წარმოადგენს ერთ შემთხვევაში ყვითელ, ხოლო მეორე შემთხვევაში ლურჯ ფონზე განლაგებულ წრეში ჩასმულ ყავისფერი მაძოვარი ძროხის გამოსახულებას, წრის ქვედა ნაწილში კი განლაგებულია თეთრ ფერში შესრულებული სტილიზებული წარწერა „коровушка’’.
თანახმად „სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის მუხლის 15, პუნქტი 5-სა, სასაქონლო ნიშნების მსგავსების განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საერთო შთაბეჭდილებას, რომელსაც ნიშნები ახდენენ მომხმარებელზე.
შესაბამისად, დაუშვებელია ნიშნების შედარებისას მათი ცალკეული ნაწილების - იქნება ეს სიტყვები თუ ფიგურები, ამოღება და მათი ისე შედარება. ნიშნები უნდა შედარდეს მთლიანობაში. ამ შემთხვევაში კი აშკარაა რომ ნიშნები, მათი გამოსახულებები, ფიგურათა ერთობლიობა, მათი განლაგება და ფერთა კომბინაცია მნიშვნელოვნად განსხვავდება. შესაბამისად აშკარაა, რომ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი N2---- და მოპასუხის მიერ 2015 წლიდან გამოყენებული ეტიკეტი სრულად განსხვავებულ საერთო შთაბეჭდილებას ახდენენ მომხმარებელზე, რაც გამორიცხავს ნიშნების აღრევას, მათ შორის ასოცირების შედეგადაც.
მოპასუხე აღნიშნავს, რომ მოსარჩელის სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებულია საქონლისათვის 29-ე კლასიდან - „ხორცი და ნანადირევი, ხორცის ექსტრაქტები, ზეთები და მცენარეული ცხიმები“. რადგან მოპასუხე მხარე არ აწარმოებს არც ხორცს, არც ხორცის ექსტრაქტებს და არც ნანადირევს, გამოდის რომ მოსარჩელე დავობს ამ საქმეში ზეთებთან და მცენარეული ცხიმებთან დაკავშირებით. მოპასუხის აზრით, მოსარჩელეს კუთვნილ სასაქონლო ნიშანში შემავალი ორი სიტყვა „Альпийская“ და „коровушка’’ არ ექვემდებარება დამოუკიდებელ სამართლებრივ დაცვას, რადგან ისინი აღწერილობითია გაცხადებული საქონლის მიმართ. სახელდობრ „Альпийская КОРОВУШКА“ (ალპური ძროხა) მიანიშნებს ხორცის და ხორცის ექსტრაქტების წარმოშობას, ანუ ისინი უნდა მზადდებოდეს ალპური ძროხის ხორცით, ხოლო ზეთები და მცენარეული ცხიმები უნდა შეიცავდნენ ალპური ძროხის რძის პროდუქტებს. მოსარჩელე მხარის შესაძლო მოტივაცია მასზე, რომ ალპური ძროხის რძის პროდუქტებს არ შეიცავენ მცენარეული ზეთები შეპირწონდება იმ მოსაზრებით, რომ თუ ეს ასეა, მაშინ ეს სიტყვები შეცდომაში შემყვანი იქნება საქონლის სახეობის მიმართ და შედეგად არ შეიძლება მათი ჩარევა სასაქონლო ნიშანში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს „ა--------------–------–---------“ არის კომპანია - მწარმოებელი და მფლობელი საქართველოში საერთაშორისო კლასიფიკატორის 29-ე კლასის საქონლის („ხორცი და ნანადირევი, ხორცის ექსტრაქტები, ზეთები და მცენარეული ცხიმები“) მიმართ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის Альпийская КОРОВУШКА („საქპატენტში“ რეგ. ნომერი 2----, ძალაშია 05.05.2026 წლამდე).
დიზაინის - 1.-7. „ზედაპირის გაფორმება“ (რეგისტრაციის ნომერი 7--, რეგისტრაციის თარიღი 19.10.2017წ.; ძალაშია 20.09.2022 წლამდე, ლოკარნოს კლასიფიკაცია 32-00), მფლობელია ლევან ბერიაშვილი.
დიზაინის გამოყენებაზე 2017 წლის 09 ნოემბრის სალიცენზიო ხელშეკრულების თანახმად, დიზაინის მფლობელის ლევან ბერიაშვილის მიერ აღნიშნულ დიზაინზე („ზედაპირის გაფორმება“ რეგისტრაციის ნომერი 7--) განხორციელების განსაკუთრებული უფლებები გადაეცა შპს ,,აგროკონსორციუმი წეროვანს’’
მოსარჩელის განმარტებით აღნიშნულ ნიშანსა და დიზაინს იყენებენ მათი ერთ-ერთი პროდუქციის - მცენარეული ცხიმების, კერძოდ სპრედების მოსანიშნად და მისი შეფუთვის გასაფორმებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს საქპატენტის რეგისტრაცია (ამონაბეჭდი საიტიდან) (ს.ფ.18);
- საქართველოს საქპატენტიდან ინფორმაცია (ამონაბეჭდი საიტიდან) (ს.ფ.19, 20);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- 2017 წლის 09 ნოემბრის სალიცენზიო ხელშეკრულება (ს.ფ.21).
3.1.2. შპს ,,ა-–-------–-იც’’ არის მწარმოებელი კომპანია ანალოგიური პროდუქტებისა, იგი ამზადებინებს შესაფუთ მასალას, ახორციელებს თავიანთი საქონლის („სპრედი მცენარეული ცხიმოვანი“) შეფუთვებზე დააქვს სიტყვა „КОРОВУШКА“ და ძროხის გამოსახულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ფაქტების კონსტატაციის შესახებ ოქმი (ს.ფ.25-35).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
3.2.1. შპს ,,ა--------------–------–---------ს’’ სასაქონლო ნიშანი „Альпийская КОРОВУШКА“ და ეტიკეტის დიზაინი, და შპს ,,ა-–-------–-ის’’ მიერ წარმოებული პროდუქციის ეტიკეტის დიზაინი და შემადგენლობა არ არის იდენტური ან იმდენად მსგავსი, რომ შესაძლოა მოხდეს მათი აღრევა.
აღსანიშნავია, რომ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის გამოსახულებაა - მწვანე ნახევარწრე, ზემოთ რკალისებურად არის წარწერა „Альпийская“, ხოლო ქვემოთ წარწერა „КОРОВУШКА“. ხოლო ეტიკეტზე კომპლექსურად გამოსახულია: ეს სასაქონლო ნიშანი, რომელიც მდებარეობს ლურჯი ეტიკეტის ცენტრში, ამასთან ნახევარწრეში პროფილზე გამოსახულია შავ-თეთრი ძროხის გამოსახულება მწვანე მინდორზე და მთის ფონზე, ხოლო გვერდებზე არის წარწერა „Альпийская КОРОВУШКА“ და ზემო მარჯვენა მხარეს - წარწერა „ОРИГИНАЛЬНЫЙ ВКУС“.
მოპასუხის ეტიკეტზე, ცენტრში, თეთრ ოვალურ ფორმაში პროფილზე გამოსახულია თეთრი ლაქებით ყავისფერი ძროხის გამოსახულება, მწვანე მინდორზე და ხეების ფონზე, რომლის ქვემოთ არის წარწერა „КОРОВУШКА“ და ზემოთ, მარცხენა მხარეს არის „ა-–-------–-ის“ ლოგო და წარწერა „NATURAL BUTTER TESTE“.
მხარეების ეტიკეტებზე ემთხვევა სიტყვები „КОРОВУШКА“ და პროფილზე გამოსახული ძროხის გამოსახულება, ამასთან მოპასუხის ეტიკეტებზე წარწერა „КОРОВУШКА“ შესრულებულია სხვა შრიფტით და კურსივით, ვიდრე მოსარჩელის ეტიკეტზეა, ხოლო მოსარჩელის ეტიკეტის გამოსახულებაზე ძროხა მოტრიალებულია მარცხნივ, ხოლო მოპასუხის ეტიკეტის გამოსახულებაზე - მარჯვნივ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ფაქტების კონსტატაციის შესახებ ოქმი (ს.ფ.25-35);
- ფოტოსურათები (ს.ფ.20,160,162);
- საქართველოს საქპატენტის რეგისტრაცია (ამონაბეჭდი საიტიდან) (ს.ფ.18);.
3.2.2. მოსარჩელემ განმარტა, რომ კომპანიას მომხმარებელში მოპოვებული აქვს მაღალი ცნობადობა და მის პროდუქციასა და ნიშნებს გააჩნია კარგი რეპუტაცია. თუმცა მოსარჩელეს არ აქვს წარმოდგენილი ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
მოსარჩელემ ასევე განმარტა, რომ მოსარჩელე არის ამ პროდუქტების მსხვილი მწარმოებელი საქართველოში უკვე 25 წელია. ამასთან დაკავშირებით გარდა მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერისა სხვა დამადასტურებელი მტკიცებულებები არ რის წარმოდგენილი. ხოლო აღნიშნული ამონაწერით ირკვევა მხოლოდ რეგისტრაციის თარიღი, ამასთან არ ირკვევა საქმიანობის სფერო, ასევე ირკვევა, რომ ადრე 18.11.1996 წელს რეგისტრირებული იყო შპს DID production, ხოლო 31.12.2013 წელს რეორგანიზაციის შედეგად გახდა შპს ,,ა--------------–------–---------’’. მართალია მხარეთა განმარტებებით დგინდება, რომ შპს ,,ა--------------–------–---------’’ არის აღნიშნული პროდუქტების მწარმოებელი, მაგრამ არ დგინდება თუ როდიდან.
საქმეში არ არის ინფორმაცია და საყოველთაოდ არ არის ცნობილი, რომ მოსარჩელე და მისი წარმოებული პროდუქტი არიან გარკვეულწილად ცნობილი ბრენდი.
მოსარჩელემ არ წარმოადგინა მტკიცებულებები მისი სავარაუდო ზიანის თაობაზე, ან რით ლახავს მის სტატუსს, რეპუტაციას მოპასუხის პროდუქცია სადავო ეტიკეტის შეფუთვებით.
მოსარჩელემ არ წარმოადგინა მტკიცებულებები თავისი და მოპასუხის პროდუქციის ხარისხის შესახებ.
შესაბამისად მოსარჩელემ არ დაადასტურა თავისი უფრო მაღალი როლი (სტატუსი, რეპუტაცია) საქართველოს რძისა და ხორცპროდუქტების, ასევე მცენარეული ცხიმოვანი (სპრედის) პროდუქტების ბაზარზე და თუ რით ლახავს მის სტატუსს და რეპუტაციას მოპასუხის პროდუქცია და სადავო ეტიკეტი, რა სავარაუდო ზიანი მიადგა. ვინაიდან არ აქვს წარმოდგენილი ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „ა--------------–------–---------ს“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს კონსტიტუცია, ,,სამრეწველო საკუთრების დაცვის“ პარიზის კონვენცია, „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ“ შეთანხმება, სასაქონლო ნიშნების შესახებ საქართველოს კანონი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილი თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი უფლებები დარღვეულად, აღნიშნული უფლებების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.
,,სამრეწველო საკუთრების დაცვის“ პარიზის კონვენციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამრეწველო საკუთრების დაცვის ობიექტებია პატენტები, სასარგებლო მოდელები, სამრეწველო დიზაინები, სასაქონლო ნიშნები, მომსახურების ნიშნები, საფირმო სახელწოდებები, წარმოშობის აღნიშვნები და ადგილწარმოშობის დასახელებები, აგრეთვე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთა. ამავე კონვენციის მე-6 მუხლის მიხედვით, სასაქონლო ნიშნებზე განსაკუთრებული უფლებების მოპოვებისა და დამცავი დოკუმენტების ძალაში შენარჩუნების წესებს არეგულირებს მხოლოდ ეროვნული კანონმდებლობა.
,,სამრეწველო საკუთრების დაცვის“ პარიზის კონვენციის 10bis მუხლის თანახმად, (1) კავშირის ქვეყნები ვალდებული არიან უზრუნველყონ კავშირის ქვეყნების მოქალაქეები არაკეთილსინდისიერი კონკურენციისაგან ეფექტიანი დაცვით. (2) არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აქტს შეადგენს კონკურენციის ნებისმიერი აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება სამეწარმეო ან კომერციული საქმიანობის პატიოსან ჩვევებს. (3.1.) ისეთი ხასიათის მქონე ყველა ქმედება, რომელსაც შეუძლია რაიმე გზით გამოიწვიოს აღრევა კონკურენტის დაწესებულების, საქონლის, სამეწარმეო ან კომერციული საქმიანობის მიმართ.
„ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ“ შეთანხმების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წინამდებარე შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი ,,ინტელექტუალური საკუთრება” მოიცავს სასაქონლო ნიშანსაც. ამავე შეთანხმების მე-15 მუხლის შესაბამისად, ნებისმიერი ნიშანი, ან ნიშანთა ერთობლიობა, რომელსაც უნარი შესწევს ერთი საწარმოს საქონელი ან მომსახურება განასხვაოს სხვა საწარმოთა საქონლის ან მომსახურებისაგან, შეიძლება წარმოადგენდეს სასაქონლო ნიშანს.
,,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლით, სასაქონლო ნიშანი, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად მისი რეგისტრაციის მომენტიდან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დაცულ ,,ქონებას“ წარმოადგენს, შესაბამისად, რეგისტრაციის პროცედურების დასრულების შემდგომ, სასაქონლო ნიშანი ხდება საკუთრების ობიექტი და მასზე ვრცელდება დაცვის ყველა სამართლებრივი რეგულაცია (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება A------------- Inc. v. Portugal [GC], no. 73049/01, §§ 66-72, ECHR2007-I/.)" (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება, საქმე #ას-1285-1223-2014).
სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის მე-6 მუხლის თანხმად, სასაქონლო ნიშნებზე განსაკუთრებული უფლებების მოპოვებისა და დამცავი დოკუმენტების ძალაში შენარჩუნების წესებს არეგულირებს მხოლოდ ეროვნული კანონმდებლობა. საქართველოს კანონმდებლობა სასაქონლო ნიშნებზე განსაკუთრებული უფლებების მოპოვებას საქპატენტში მათ რეგისტრაციას უკავშირებს.
საქართველოს კანონის ”სასაქონლო ნიშნების შესახებ” მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, განმარტებულია სასაქონლო ნიშნის დეფინიცია, რომლის მიხედვითაც სასაქონლო ნიშანი არის გრაფიკულად გამოსახული სიმბოლო, რომელიც განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს მეორეს საწარმოს საქონლისაგან. სასაქონლო ნიშნის მთავარი ფუნქცია სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებულ საქონელს შორის განსხვავების ხაზგასმაა. აღნიშნული ემსახურება იმ მიზანს, რომ მწარმოებლებმა შეინარჩუნონ თავიანთი ინდივიდუალურად დამახასიათებელი ნიშა და ამასთანავე მომხმარებლებმაც ადვილად გამიჯნონ, თუ რომელი კომპანიის მიერ ნაწარმოებ პროდუქტს მოიხმარენ.
6.2. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე კომპანიამ, როგორც სასაქონლო ნიშნის მფლობელმა მომართა სასამართლოს მისი განსაკუთრებული უფლებების დაცვა-აღდგენის მიზნით, მაგრამ მან ვერ დაამტკიცა, რომ მოპასუხე კომპანიის მხრიდან დაირღვა მისი უფლებები. მოსარჩელე ,,სასაქონლო ნიშნების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-6 და 45-ე მუხლების საფუძველზე ითხოვს სასაქონლო ნიშნისა და დიზაინის უკანონოდ გამოყენების აღკვეთას და ყველა იმ შეფუთვის და შესაფუთი მასალის განადგურებას, რომელიც უნებართვოდ შეიცავს რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანსა და შესრულებულია დიზაინზე უფლების დარღვევით.
6.2.1. “სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, სასაქონლო 1. რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან. 2. განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის: ა) იდენტურია და საქონელიც იდენტური; ბ) იდენტურია, ხოლო საქონელი იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა; გ) მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა; დ) იდენტური ან მსგავსია და დაცულია სასაქონლო ნიშნის საქართველოში კარგი რეპუტაციის გამო, ამ ნიშნის გამოყენება მესამე პირს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან მის განმასხვავებელუნარიანობას.
”სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის შემთხვევაში, სასაქონლო ნიშნის მფლობელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს: ა) თავისი უფლების დამრღვევი ქმედების შეწყვეტა; ბ) მიყენებული ზიანის ანაზღაურება; გ) ყველა იმ გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდის, შეფუთვის, შესაფუთი მასალისა და სარეკლამო განცხადების განადგურება, რომელიც შეიცავს რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანს, წარმოადგენს მის ასლს ან იმიტაციას; დ) სასაქონლო ნიშნის დასამზადებლად განკუთვნილი კლიშეების, მატრიცების, ხოლო თუ სასაქონლო ნიშნის საქონლისაგან განცალკევება შეუძლებელია, თვით ამ საქონლის განადგურებაც კი.
ამასთან ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირს არა აქვს უფლება აუკრძალოს მესამე პირს სამოქალაქო ბრუნვაში სასაქონლო ნიშნად გამოიყენოს სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს საქონლის სახეობის, ხარისხის, რაოდენობის, თვისების, ღირებულების, დანიშნულების, გეოგრაფიული წარმოშობის, გასაღების ადგილის, დროის ან საქონლის სხვა მახასიათებლებს.
შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმის დადგენას მოსარჩელის მიერ წარმოებული პროდუქტი სასაქონლო ნიშნით „Альпийская КОРОВУШКА“ და თავისი დიზაინის ეტიკეტით, და მოპასუხის მიერ წარმოებული იგივე საქონელი თავისი ეტიკეტით, არის თუ არა იმდენად მსგავსი, რომ მოხდება ამ ორი კომპანიის მიერ წარმოებული საქონლის აღრევა.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტისთვის უნდა გაირკვეს მოპასუხის მიერ გამოყენებული ეტიკეტი რამდენად არის მიმსგავსებული მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანთან და დიზაინთან, ამასთან, აქვს თუ არა მოპასუხეს წარმოებული პროდუქციის მახასიათებლად სიტყვა ,,КОРОВУШКА-ს“ და ძროხის გამოსახულების გამოყენების მართლზომიერი უფლება და ამგვარი გამოყენება ხომ არ ლახავს კეთილსინდისიერი კონკურენციის პრინციპებს.
6.3. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნავს, რომ სიტყვა „КОРОВУШКА“ რუსულიდან არის სიტყვა ძროხის („корова“) კნინობით-ალერსობითი (მოფერებითი) ფორმა. ეს სიტყვა და ძროხის გამოსახულება ცალ-ცალკე, ასევე ერთად გახლავთ რძისა და ხორცპროდუქტების (საქონლის სახეობის და დანიშნულების) სიმბოლო და ცალ-ცალკე არ შეიძლება იყოს აბსოლუტური უფლების საგანი ერთი მწარმოებლისათვის. ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელეს არა აქვს უფლება აუკრძალოს მოპასუხეს სამოქალაქო ბრუნვაში სასაქონლო ნიშნად გამოიყენოს ძროხის სიმბოლო და სიტყვა „КОРОВУШКА“ ცალ-ცალკე ან ორივეს ერთობლიობა კომპლექსურად (ეტიკეტში), თუ იდენტურია ან იმდენად მსგავსია მოსარჩელის დიზაინთან, რომ შესაძლოა მოხდეს მხარეების მიერ წარმოებული პროდუქციის აღრევა.
მოცემულ შემთხვევაში არ არის დადგენილი, რომ შპს „ა--------------–------–---------ს“ სასაქონლო ნიშანი „Альпийская КОРОВУШКА“ და დიზაინი, და შპს „ა-–-------–-ის“ მიერ წარმოებული პროდუქციის ეტიკეტის დიზაინი არ არის იდენტური ან იმდენად მსგავსი, რომ შესაძლოა მოხდეს მათი აღრევა (იხ. 3.2.1.).
გარდა ამისა, მოსარჩელემ არ დაადასტურა თავისი უფრო მაღალი როლი (სტატუსი, რეპუტაცია) საქართველოს რძისა და ხორცპროდუქტების, ასევე მცენარეული ცხიმოვანი (სპრედის) პროდუქტების ბაზარზე. საყოველთაოდ არ არის ცნობილი, რომ მოსარჩელე და მისი წარმოებული პროდუქტი არიან გარკვეულწილად ცნობილი ბრენდი. ხოლო მოსარჩელემ არ წარმოადგინა მტკიცებულებები თავისი და მოპასუხის პროდუქციის ხარისხის შესახებ (იხ. 3.2.2.).
არ არის დადგენილი, თუ რით ლახავს მოსარჩელის სტატუსს ან რეპუტაციას მოპასუხის პროდუქცია სადავო ეტიკეტის შეფუთვებით. მოსარჩელემ არ წარმოადგინა მტკიცებულებები მისი სავარაუდო ზიანის თაობაზე (იხ. 3.2.2.).
აღნიშნული ფაქტების დადასტურება შესაძლებელია სოციოლოგიური გამოკვლევებით, მომხმარებელთა ბაზრის შესწავლით და ესთეტიკური ექსპერტიზის დასკვნით, რაც მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია. მტკიცების ტვირთის ფარგლებში თითოეულ მხარეს ეკისრება იმ ფაქტების მითითება, რომელზეც ამყარებს იგი საკუთარ მოთხოვნას თუ შესაგებელს.
სასამართლო გაამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ვერცერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მისი მოთხოვნის საფუძვლიანობას. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ზიანის არსებობა საერთოდ ანდა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის არსებობა მოპასუხის მხრიდან. პირიქით, მოსარჩელის მიერ სასაქონლო ნიშანზე უაპელაციოდ უფლების გამოყენებაში, სასამართლო ხედავს არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ნიშნებს სწორედ მისი მხრიდან.
ამდენად, სასამართლოს დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ მიაჩნია მოსარჩელის პოზიცია, ვინაიდან მას მოთხოვნის დასასაბუთებლად არ წარუდგენია სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც სასამართლოს შეუქმნიდა მისი მოსაზრებების მართებულობის დამაჯერებელ შინაგან რწმენას.
7. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 აგვისტოს განჩინებით სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, კერძოდ:
- შპს ,,ა-–-------–--ის’’ (ს/ნ 2--------) მიმართ გამოყენებული გაყიდვების აკრძალვა საქონლისა „სპრედ მცენარეული ცხიმოვანი“ შეფუთვებში, რომლებიც ნიშანდებულია სასაქონლო ნიშნით КОРОВУШКА, უნდა გაუქმდეს.
- სასაქონლო ნიშნით КОРОВУШКА მონიშნულ შეფუთვებში შპს ,,ა-–-------–-’’-ის (ს/ნ 2--------) საწარმოში, საწყობებში თუ სავაჭრო ობიექტში მყოფი საქონლის („სპრედ მცენარეული ცხიმოვანი“) და ნიშნით КОРОВУШКА მონიშნული თვით შესაფუთი მასალის (რომლებიც იმყოფება მისამართზე: ქ. ახალქალაქი, დ-------–-----–ის ქ. 2---) ყადაღა უნდა მოიხსნას.
8. სასამართლო ხარჯები:
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’
სარჩელი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას, შესაბამისად მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 აგვისტოს განჩინებით სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, კერძოდ:
- შპს ,,ა-–-------–-’’-ის (ს/ნ 2--------) მიმართ გამოყენებული გაყიდვების აკრძალვა საქონლისა „სპრედ მცენარეული ცხიმოვანი“ შეფუთვებში, რომლებიც ნიშანდებულია სასაქონლო ნიშნით КОРОВУШКА, გაუქმდეს.
- სასაქონლო ნიშნით КОРОВУШКА მონიშნულ შეფუთვებში შპს ,,ა-–-------–-’’-ის (ს/ნ 2--------) საწარმოში, საწყობებში თუ სავაჭრო ობიექტში მყოფი საქონლის („სპრედ მცენარეული ცხიმოვანი“) და ნიშნით КОРОВУШКА მონიშნული თვით შესაფუთი მასალის (რომლებიც იმყოფება მისამართზე: ქ. ახალქალაქი, დ-------–-----–ის ქ. 2---) ყადაღა მოიხსნას;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. ახალქალაქი, მ.მაშტოცის ქ. 110), მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე არარატ ესოიან