გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.04.2019
საქმის ნომერი
330210018002619406
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
11.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3-----------------

საქმე №2/26163-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

 

მოსარჩელე - შპს „ვ-------------ი“

წარმომადგენელი - დ-------- ნ---–--ე

 

მოპასუხე - დ----- ტ--–--–-–---–ი

წარმომადგენელი - ქ------- ბ-------–---–ი

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე დ----- ტ--–--–-–---–ს მოსარჩელე შპს „ვ-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს დანაშაულებრივი გზით მიყენებული ზიანის - 2875 ლარის ანაზღაურება;

 

1.2. მოპასუხე დ----- ტ--–--–-–---–ს მოსარჩელე შპს „ვ-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმის თანხა 5000 ლარის ოდენობით.

 

წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, შპს „ვ-------------ი“ ეწევა საერთაშორისო გადაზიდვების შუამავალ მომსახურებას 2016 წლიდან და გააჩნია ვებ.გვერდი ------------------, რომელიც განთავსებულია მოსარჩელის მიერ ნაქირავენ სერვერზე. აღნიშნულ ვებ.გვერდზე, რომელსაც პროგრამული ფუნქციაც აქვს, ხდება საბუღალტრო ინფორმაციის, მონაცემთა ბაზისა და კლიენტების მიერ მოწერილი კითხვა-პასუხის ინფორმაციის დაფიქსირება. ვებ.გვერდზე თითოეულ თანამშრომელს გააჩნია საკუთარი სამმხმარებლო გვერდი, რომელიც მხოლოდ ხელმისაწვდომია თანამშრომლებისთვის. მოპასუხე დ----- ტ--–--–-–---–მა, რომელიც 2017 წლის 01 იანვრამდე მუშაობდა შპს „ვ-------------ში“, 2017 წლის მარტში დააფუძნა შპს „ე----–--–----------სი“, რომელიც ასევე ეწევა საერთაშორისო გადაზიდვების შუამავალ მომსახურებას. ვინაიდან მოპასუხეს სჭირდებოდა კლიენტების მოზიდვა, მათ შესახებ კი ინფორმაცია ინახებოდა შპს „ვ-------------ის“ ვებ.გვერდზე, აღნიშნული ინფორმაციის მიღების მიზნით შპს „ე----–--–----------სის“ ოფისიდან, მის სარგებლობაში არსებული კომპიუტერით, IP მისამართიდან 1------------- უნებართვოდ შეაღწია კომპანიის თანამშრომლების გ---–- ძ---------ის, ლ--–- ლ---------–---–ისა და თ----- თ--------–---–ის მომხმარებლის გვერდზე, კერძოდ, 2017 წლის 02 მაისს 10:40 საათიდან 11:00 საათამდე უნებართვოდ შეაღწია თ----- თ--------–---–ის მომხმარებლის გვერდზე, იმავე დღეს 15:40 საათიდან 17:15 საათამდე უნებართვოდ შეაღწია ლ--–- ლ---------–---–ის მომხმარებლის გვერდზე. 2017 წლის 05 ოქტომბერს 13:10 საათიდან 13:30 საათამდე უნებართვოდ შეაღწია ლ--–- ლ---------–---–ის მომხმარებლის გვერდზე, ასევე 2017 წლის 21 დეკემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით სისტემატურად შედიოდა ლ--–- ლ---------–---–ის მომხმარებლის გვერდზე და ეუფლებოდა სისტემაში არსებულ ინფორმაციას. დ----- ტ--–--–-–---–ის აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით შპს „ვ-------------ს“ მიადგა მატერიალური ზიანი, რის გამოც 2018 წლის 27 იანვრის დადგენილებით იგი სისხლის სამართლის საქმეზე ცნობილი იქნა დაზარალებულად, ხოლო 2018 წლის 30 იანვრის განაჩენით კი მოპასუხე ცნობილი იქნა დამნაშავედ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის გამო.

 

მოსაჩელის წარმომადგენლის განმარტებით, კომპანიისთვის მიყენებული ზიანი გამოიხატა შემდეგში, კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ გ---–- ძ---------ი, ლ--–- ლ---------–---–ი და თ----- თ--------–---–ი იყვნენ კომპანიის თანამშრომლები, მათ ფუნქციაში შედიოდა კლიენტების მოზიდვა, მოლაპარაკება და მომსახურების გაწევის შეთავაზება. მათი ანაზღაურება ყოველთვიურად შეადგენდა შემდეგს, გ---–- ძ---------ის - 500 ლარს, თ----- თ--------–---–ის - 875 ლარს და ლ--–- ლ---------–---–ს - 750 ლარს. შესაბამისად, მოსარჩელე თანამშრომლებს მათ საქმიანობაში უხდიდა ხელფასს გარკვეული კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვებაში, რა ინფორმაციაც დ----- ტ--–--–-–---–მა მოიპარა და გამოიყენა საკუთარი კომპანიის მიზნებისთვის. ამდენად, მოპასუხემ მოსარჩელეს დააკარგვინა პოტენციური კლიენტები. ასევე აღსანიშნავია, რომ მოპასუხემ მიითვისა ის ინფორმაცია, რომელშიც მოსარჩელემ თანხა გადაიხადა. აღნიშნულში იგულისხმება თანამშრომლებისათვის ხელფასის გადახდა, კერძოდ, კომპანიამ განიცადა ზიანი თ----- თ--------–---–ისა (875 ლარი) და გ---–- ძ---------ის (500 ლარი) ხელფასების სახით გაცემული თანხა 1375 ლარის ოდენობით. ამასთან, ვინაიდან მოპასუხე 2017 წლის ოქტომბრისა და დეკემბრის თვეში შედიოდა ლ--–- ლ---------–---–ის მომხმარებლის გვერდზე, შესაბამისად, კომპანიას მიადგა ზიანი ამ უკანასკნელის 2 თვის ხელფასის ოდენობით - 750*2 სულ 1500 ლარი. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მოპასუხისთვის წინასწარ იყო ცნობილი, რომ კომპანიის მიერ მოპოვებული ინფორმაცია თავად კომპანიის საკუთრებას წარმოადგენდა და მისი უნებართვოდ გაცემა არ შეიძლებოდა და ჩაითვლებოდა კომპანიის ქონების დატაცებად. ამდენად, კომპანიამ სულ განიცადა 2875 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი, რომელიც უნდა აანაზღაუროს მოპასუხემ.

 

წარმოდგენილი სარჩელის მიხედვით, მოსარჩელესა და მის თანამშრომლებს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების 2.4.7. პუნქტით გათვალისწინებული იყო, რომ დასაქმებულს არ ჰქონდა უფლება პარალელურად დაკავებული ყოფილიყო იგივე საქმიანობით და დამოუკიდებლად ეწარმოებინა ისეთი საქმიანობა, რასაც ეწეოდა დამსაქმებელი. ასევე დასაქმებულს უფლება არ ჰქონდა სამსახურიდან წამოსვლიდან 6 თვის განმავლობაში დაკავებულიყო იგივე საქმინობით, რასაც ეწეოდა დამსაქმებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაეკისრებოდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ასევე გათვალისწინებული იყო შპს „ვ-------------ის“ შინაგანაწესში. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე 2017 წლის 01 იანვრიდან აღარ მუშაობდა შპს „ვ-------------ში“, 2017 წლის 21 მარტს სხვა პარტნიორებთან ერთად დააფუძნა კომპანია შპს „ე----–--–----------ს“, რომელიც ეწევა საერთაშორისო გადაზიდვების შუამავალ მომსახურებას და რომელი საქმიანობაც გათვალისწინებულია ამავე კომპანიის წესდებით. აღნიშნულით, დ----- ტ--–--–-–---–მა დაარღვია შპს „ვ-------------ის“ შინაგანაწესით დადგენილი ვალდებულება, რითაც სამსახურებრივი მოვალეობის შეწყვეტიდან მინიმუმ 6 თვის განმავლობაში მას ეკრძალებოდა დასაქმებულის მსგავსი საქმიანობის განხორციელება.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ წერილობითი შრომითი ხელშეკრულება არ არსებობდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, მათ შორის სამსახურებრივი კავშირი დასტურდება მოპასუხისათვის ხელფასის ჩარიცხვის ქვითრებით, შესაბამისად, მხარეებს შორის დადებული იყო ზეპირი შრომითი ხელშეკრულება და მოპასუხეზე, ისევე როგორც სხვა თანამშრომლებზე, ვრცელდებოდა შინაგანაწესის პირობები. აღნიშნულიდან გამომდინარე დ----- ტ--–--–-–---–ს შინაგანაწესის პირობების დარღვევისათვის ჯარიმის სახით უნდა დაეკისროს 5000 ლარის გადახდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დამატებით განმარტა, რომ შინაგანაწესი მოპასუხისთვის გაგზავნილი იყო მეილის საშუალებით და მისთვის ცნობილი იყო შინაარსი. მოსარჩელე მასთან მომუშავე პირებს სწორედ ელექტრონული შეტყობინებით ატყობინებდა შინაგანაწესის თაობაზე. მანვე მიუთითა, რომ დ----- ტ--–--–-–---–ი შპს „ვ-------------ში“ მუშაობის პერიოდში იყო ჩვეულებრივი თანამშრომელი და იღებდა ხელფასსა და ბონუსებს და იგი არ ყოფილა სტაჟიორი (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სასამართლოში მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ იგი შპს „ვ-------------ში“ 2017 წლის 01 იანვრამდე მუშაობდა სტაჟიორად, ხოლო 2017 წლის მარტში კი გახდა შპს „ე----–--–----------ის“ 20%-იანი წილის მფლობელი. მართალია მის მიერ მოხდა მოსარჩელის ვებ.გვერდზე შეღწევა, რის გამოც სისხლის სამართლებრივი წესითაც კი აგო პასუხი, თუმცა მას კომპანიისთვის არ მიუყენებია ზიანი, მით უმეტეს მატერიალური ზიანი, მას არ გამოუყენებია ბაზაში არსებული ინფორმაცია. მის მიერ ინფორმაციის მიღება და შემდგომ მისი გამოყენება არ დასტურდება საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით. მხარემ ასევე მიუთითა, რომ შინაგანაწესის არსებობა მისთვის უცნობი იყო და შესაბამისად, არც მისი შინაარსია ცნობილი. იგი თუ გაეცნობოდა შინაგანაწესს, ხელმოწერითაც უნდა დაედასტურებინა. ასეთ ფაქტს კი ადგილი არ ჰქონია და არც წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. მან ასევე მიუთითა, რომ შრომითი ურთიერთობა არ ჰქონია მოსარჩელესთან და შესაბამისად, მას არ უკისრია რაიმე სახის ვალდებულება კომპანიის წინაშე, რაც გამორიცხავს მის პასუხისმგებლობას. იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის არც შრომითი ხელშეკრულება დადებულა და არც შინაგანაწესს გაცნობია, შესაბამისად, მასზე არ უნდა გავრცელდეს ხელშეკრულებისა თუ შინაგანაწესის აკრძალვები. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნები იყო უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო გარემოებები არ დადგენილა.

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. 2018 წლის 27 იანვარს სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე დაზარალებულად ცნობილი იქნა შპს „ვ-------------ი“. დადგენილებაში დაზარალებულად ცნობის საფუძვლად მიეთითა, რომ ვინაიდან დ----- ტ--–--–-–---–ის დანაშაულებრივი ქმედებით შპს „ვ-------------ს“ მიადგა მორალური ზიანი, არსებობდა ამ უკანასკნელის დაზარალებულად ცნობის კანონით დადგენილი საფუძველი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ (ს.ფ. 22-23)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ 2018 წლის 30 იანვრის განაჩენით, დ----- ტ--–--–-–---–ს ბრალი ედებოდა, რომ მან ჩაიდინა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომლის საფუძველზეც დ----- ტ--–--–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 30 იანვრის განაჩენი (ს.ფ. 24-27)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

4.3. 2016 წლის 26 ოქტომბრის შრომითი ხელშეკრულებით დგინდება, რომ ლ--–- ლ---------–---–ი შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა მოსარჩელესთან. ყოველთვიური ხელფასი კი შეადგენდა 750 ლარს.

2014 წლის 06 იანვრის შრომითი ხელშეკრულებით დგინდება, რომ თ----- თ--------–---–ი შრომით ურთიერთობაში იმყოფებდა მოსარჩელესთან. ყოველთვიური ხელფასი კი შეადგენდა 875 ლარს.

2016 წლის 11 იანვრის შრომითი ხელშეკრულებით დგინდება, რომ გ---–- ძ---------ი შრომით ურთიერთობაში იმყოფებდა მოსარჩელესთან. ყოველთვიური ხელფასი კი შეადგენდა 875 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 26 ოქტომბრის შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ. 28-30)

 

4.4. წარმოდგენილი შინაგანაწესებით განსაზღვრულია სამუშაო დღეები და საათები, ასევე შვებულებით სარგებლობის პირობები, სანქციების დაკისრების წესი, სამუშაოდან დათხოვნის საფუძვლები და ა.შ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შინაგანაწესი (ს.ფ. 31-32)

- შინაგანაწესი (ს.ფ. 39-43)

 

4.5. წარმოდგენილი საგადასახდო დავალებებით დგინდება, რომ მოსარჩელე შპს „ვ-------------მა“მოპასუხე დ----- ტ--–--–-–---–ს 2016 წლის 05 ოქტომბერს ჩაურიცხა სექტემბრის თვის ხელფასი 394 ლარის ოდენობით, 2016 წლის 02 ნოემბერს - ოქტომბრის თვის ხელფასი - 388 ლარის, 2016 წლის 08 ნოემბერს - აგვისტოს თვის ბონუსი - 186 ლარისა და 2016 წლის 02 დეკემბერს - ნოემბრის თვის ხელფასი 400 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადასახდო დავალებები (ს.ფ. 57-60)

- შინაგანაწესი (ს.ფ. 39-43)

 

4.6. ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დგინდება, რომ 2017 წლის 21 მარტს დარეგისტრირდა შპს „ე----–--–----------ს“, რომლის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი იყო ნ-----------, 60%-იანი წილის მესაკუთრე - შპს „ჯ--------------------------------------–--------ი“, 20%-იანი წილის მესაკუთრე - ნ----------- და 20%-იანი წილის მესაკუთრე - დ----- ტ--–--–-–---–ი.

 

აღნიშნული საზოგადოების საქმიანობის საგანს წარმოადგენდა ტრანსპორტირება, გადაზიდვები, ლოჯისტიკა, ასევე ნებისმიერი აუკრძალავი საქმიანობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 46-47)

- წესდება/პარტნიორთა შეთანხმება (ს.ფ. 49-55)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა ალექსანდრე კანთელაძის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 992-ე მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს მისთვის დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ასევე შრომითი ხელშეკრულების პირობებისა და შინაგანაწესის დადგენილი პირობების დარღვევის გამო მოპასუხისთვის ჯარიმის დაკისრებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნების არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათ გამო:

 

თავდაპირველ ეტაპზე სასამართლო შეჩერდება დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიყენებულ ზიანზე. მოცემულ შემთხვევაში უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ 2018 წლის 30 იანვარს დ----- ტ--–--–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის დისპოზიციაა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა. ამდენად, იმისთვის, რომ დადგეს კონკრეტული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი საჭიროა მხოლოდ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა. ანუ მოცემული დისპოზიციის მიხედვით, დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა და იმისთვის, რომ დადგეს პირის პასუხისმგებლობის საკითხი, კონკრეტული შედეგი, მაგალითად, ზიანის მიყენების ფაქტი, საჭირო არაა.

 

საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს მაკვალიფიცირებელ გარემოებებს, კერძოდ, იგივე ქმედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; არაერთგზის; რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ამავე მუხლის შენიშვნის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება 2000 ლარზე მეტი ოდენობის ზიანი.

 

იმის გათვალისწინებით, რომ დ----- ტ--–--–-–---–ის მიმართ განაჩენი დადგა საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მხოლოდ პირველი ნაწილით, შესაბამისად, პირი პასუხისგებაში მიეცა მხოლოდ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისათვის.

 

ასევე აღსანიშნავია, რომ საქმის მწარმოებელი პროკურორის მიერ გამოტანილი დადგენილებით, რითაც მოსარჩელე სისხლის სამართლის საქმეზე ცნობილი იქნა დაზარალებულად, მითითებულ ოფიციალურ დოკუმენტში არსად არის მითითება თუ რა ოდენობის ზიანი განიცადა შპს „ვ-------------მა“, ასევე არც დამატებით ყოფილა რაიმე სახის საპროცესო დოკუმენტი შექმნილი დაზარალებულზე მიყენებული ზიანის კონკრეტული ოდენობის დასადგენად. ამავე დადგენილებით შპს „ვ-------------ი“ არა მატერიალური ზიანის, არამედ მორალური ზიანის განცდის გამო ცნობილი იქნა დაზარალებულად.

 

აღნიშნული გარემოებების ანალიზის შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს არ მიდგომია მატერიალური ზიანი, რადგან წარმოდგენილი სისხლის სამართლის მასალებით აღნიშნული არ დგინდება. უფრო მეტიც, იმ შემთხვევაში თუ მიყენებული მატერიალური ზიანის (და არა მორალური ზიანის) ოდენობა იქნებოდა 2000 ლარზე მეტი, დ----- ტ--–--–-–---–ის ქმედება არა საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით, არამედ ამავე მუხლის მე-2 ნაწილის დ“ ქვეპუნტით დაკვალიფიცირდებოდა ანუ ქმედებად, რომელმაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი ანუ 2000 ლარზე მეტი ოდენობის ზიანი. წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნით მოსარჩელე სწორედ 2000 ლარზე მეტ ზიანს უთითებს.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნაი, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებითა და მოგვიანებით სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენით უტყუარად დასტურდება, რომ დ----- ტ--–--–-–---–ის მიერ მოსარჩელეზე მიყენებული ზიანი არ არის 2000 ლარზე მეტი, უფრო მეტიც, მოსარჩელემ არა მატერიალური, არამედ მხოლოდ მორალური ზიანი განიცადა.

 

შესაბამისად, სასამართლოს დადასტურებულდა მიაჩნია, რომ დ----- ტ--–--–-–---–ის მიერ მოსარჩელის კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევა მოხდა. რაც შეეხება მოსარჩელისთვის მიყენებულ მატერიალურ ზიანს, მოცემულ შემთხვევაში არც სისხლის სამართლის საქმის მასალებით და არც მოცემულ სამოქალაქო საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებბით ასეთი ფაქტი არ დგინდება.

 

სასამართლო დამატებით კიდევ გაამახვილებს ყურადღებას ზიანთან დაკავშირებით, კერძოდ, მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულია, რომ მოპასუხის მიერ უნებართვო შეღწევის შემდეგ მოხდა ინფორმაციის გატანა და თავის სასარგებლოდ გამოყენება. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება დ----- ტ--–--–-–---–ის მიერ კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის სრულად ან ნაწილობრივ მითვისების ფაქტი. მართლია იგი რამდენიმე პირის მონაცემებით შედიოდა კომპიუტერულ სისტემაში, თუმცა აღნიშნული ავტომატურ რეჟიმში არ ნიშნავს, რომ იგი ეუფლებოდა ინფორმაცია.

 

კიდევ ერთი სადავო გარემოება, გამოიყენა თუ არა დ----- ტ--–--–-–---–მა უნებართვოდ მითვისებული ინფორმაცია თავის სასარგებლოდ იმგვარად, რომ ზიანი მიაყენა მოსარჩელეს. მოსარჩელე სარჩელში უთითებს, რომ მოპასუხემ მას ამგვარი ქმედებით, დააკარგვინა პოტენციური კლიენტები. განსახილველ შემთხვევაში საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით აღნიშნული გარემოება არ დასტურდება. მართალია მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ სწორედ მისი კლიენტის მიერ გახდა ცნობილი დ----- ტ--–--–-–---–ის ინფორმაციის გატანის ფაქტი, თუმცა მოცემულ საქმეზე არც მითითებული პირი არ დაკითხულა მოწმის სტატუსით, რაც საფუძვლიანს გახდიდა მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებას. ასევე აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მიერ არ წარმოდგენილა რაიმე სახის მტკიცებულება (მაგ: დამუშავებული მონაცემები გაყიდვებთან დაკავშირებით დ----- ტ--–--–-–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებამდე და მის შემდეგ), რასაც სასამართლო შეაჯერებდა სხვა მტკიცებულებებთან და თავად მხარეთა ახსნა-განმარტებასთან. მხოლოდ იმის მითითება, რომ მოპასუხემ იმოქმედა მის სამომავლო საქმიანობაზე ნეგატიურად, რამაც ზიანი გამოიწვია, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმაზეც, თუ რა მოთხოვნითაა წარმოდგენილი მოსარჩელე სასამართლოს წინაშე, კერძოდ, პირველი მოთხოვნა ეხება მის მიერ სამი თანამშრომელზე გაცემული ხელფასების ჯამური ოდენობის მოპასუხეზე დაკისრებას. საანგარიშო პერიოდად მოსარჩელეს აღებული აქვს ის პერიოდი, როდესაც მოპასუხე ახორციელებდა დანაშაულებრივ ქმედებას - კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნაა, იმ ინფორმაციის მოძიების დროს თავის სამი თანამშრომლის ხელფასის სახით გაცემული თანხის მოპასუხეზე დაკისრება, ამავდროულად დავის ფაქტობრივ გარემოებებში უთითებს, რომ მოპასუხის ქმედებამ მას დააკარგვინა პოტენციური კლიენტები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ორი გარემოება ერთმანეთს არ მიესადაგება, კერძოდ, მოსარჩელე ითხოვს უკვე გაცემული ხელფასების თანხის მოპასუხეზე დაკისრებას, ხოლო ზიანის წინაპირობად სამომავლოდ მისაღებ შემოსავალზე უთითებს (დააკარგვინა პოტენციური კლიენტები). ის გარემოება, რომ მოპასუხემ დააკარგვინა პოტენციური კლიენტები წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, ამასთან, სასამართლომ ზემოთ უკვე იმსჯელა აღნიშნულზე, ხოლო რაც შეეხება უკვე გაცემულ ხელფასებს, უდავო გარემოებაა, რომ მოპასუხის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს თ----- თ--------–---–ი, გ---–- ძ---------ი და ლ--–- ლ---------–---–ი ნამდვილად იყვენენ შპს „ვ-------------ის“ თანამშრომლები და მიუხედავად იმისა, უნებართვოდ გაიტანდა თუ არა ინფორმაციას დ----- ტ--–--–-–---–ი, აღნიშნული პირები მაინც ასრულებდნენ და შეასრულებდნენ კიდევ მათზე დაკისრებულ მოვალეობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შპს „ვ-------------ს“ თანამშრომლებისთვის მაინც უნდა გადაეხადა ხელფასი, ვინაიდან მათ შორის შრომითი ხელშეკრულება იყო გაფორმებული და ხელფასის გაცემა-არ გაცემასთან დ----- ტ--–--–-–---–ის ქმედება ვერ მოახდენდა გავლენას. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება რა ინფორმაციასთან ჰქონდა შეხება დ----- ტ--–--–-–---–ს, რადგან მიუხედავად იმისა, თუ ვისი IP მისამართიდან მოახდენდა შეღწევას, რა ინფორმაციაზე შესაძლოა ჰქონოდა შეხება მოპასუხეს წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. მაგალითად, ეს იყო მხოლოდ კონკრეტული პირის მიერ შექმნილი ინფორმაცია თუ ეს იყო კომპანიაში არსებული ინფორმაცია სრულად ან ნაწილობრივ, მიუხედავად იმისა თუ ვის მიერ იქნა მოძიებული და შექმნილი. აღნიშნული გარემოების დადგენა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გაირკვეს რა სახის და რა მოცულობის ინფორმაციასთან ჰქონდა შეხება მოპასუხეს, ვის მიერ იყო ეს ინფორმაცია შექმნილი (მოძიებული, დაუშავებული, გაფილტრული, გაანალიზებული და სხვ.), რა დაკავშირებულია პირველ სასარჩელო მოთხოვნასთან.

 

ასევე არ დასტურდება ის გარემოება, თუ რატომ მიუთითა მოსარჩელემ მხოლოდ ამ სამ პიროვნებაზე და მათზე გაცემულ ხელფასებზე, როგორც ზიანზე. თუკი მოსარჩელემ ჩათვალა, რომ ვინაიდან მხოლოდ მითითებული სამი პირის მისამართიდან მოხდა სისტემაში უნებართვი შეღწევა, აღნიშნული რამდენად საკმარისი იყო მხოლოდ ამ სამ პირზე გაცემული ხელფასის ზიანის სახით მოთხოვა. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება რა დაზიანდა მოპასუხის ქმედებით და რა მოცულობისა იყო დ----- ტ--–--–-–---–ის დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანი, რის გამოც მოსარჩელეს დამატებით დასჭირდა თანხების გაღება, თუნდაც თანამშრომლებზე, ან სხვა პირებზე, მაგალითად: დამატებით ინფორმაციის შეგროვების, დამუშავების, კლიენტების მოზიდვის და ა.შ. სხვა სიტყვებით, რომ განვმარტოთ, მოსარჩელემ რა დამატებითი რესურსი გაიღო მას შმდეგ, რაც დ----- ტ--–--–-–---–მა მის მიმართ განახორციელა დანაშაულებრივი ქმედება. წარმოდგენილი მტკიცებულებებით აღნიშნული არ დასტურდება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

რაც შეეხება სანქციის (ჯარიმის) მოპასუხეზე დაკისრებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის არსებობდა შრომითი ურთიერთობა, მიუხედავად იმისა მოპასუხე ისარგებლებდა თანამშრომლის სახით თუ სტაჟიორის სტატუსით. საქმეზე წარმოდგენილი საგადასახადო დავალებებით დგინდება, რომ მოსარჩელე მოპასუხეს უხდიდა ხელფასსა და დანამატს. აღნიშნული უკვე ადასტურებს მათ შორის შრომითსამართლებრივ ურთიერთობას. ასევე უდავო გარემოებაა, რომ დ----- ტ--–--–-–---–ი 2017 წლის 01 იანვრამდე იყო შპს „ვ-------------ის“ თანამშრომელი.

 

იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე წარმოდგენილი არ ყოფილა შრომითი ხელშეკრულება, შესაბამისად, უნდა მივიჩნიოთ, რომ მხარეთა შორის არსებობდა ზეპირსიტყვიერი შეთანხმება. შესაბამისად, დ----- ტ--–--–-–---–თან ურთიერთობაზე ვერ გავრცელდება შრომითი ხელშეკრულების ის პირობები, რაზეც უთითებდა მოსარჩელე მხარე. დ----- ტ--–--–-–---–თან მიმართებაში ასევე ვერ გავრცელდება შინაგანაწესით დადგენილი შეზღუდვები და აკრძალვები, რადგან მოპასუხეს ხელი არ აქვს მოწერილი აღნიშნულზე და საქმეში წარმოდგენილი არც სხვა მტკიცებულებებით დასტურდება მითითებული სადავო ფაქტი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შინაგანაწესი არის შრომითი ხელშეკრულების დანართი, თუკი წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება ერთ-ერთ მათგანზე მაინც მოპასუხის ხელმოწერის ფაქტი, შესაბამისად, მხარეთა შორის წერილობითი სახით არც კი დადებულა შრომითი ხელშეკრულება და არც მის თანმდევ შინაგანაწესზე მოუწერია ხელი მოპასუხეს.

 

ამდენად, მოპასუხეზე არ უნდა გავრცელდეს ის შეზღუდვა, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 6 თვის ვადაში მას არ ჰქონდა უფლება დაკავებულიყო იგივე საქმიანობით, რასაც ახორციელებდა დამსაქმებელი ანუ მოსარჩელე მხარე.

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოპასუხე შპს „ე----–--–----------ს“-ის მხოლოდ 20%-იანი წილის მესაკუთრეა, რაც გამორიცხავს მის წარმომადგენლობასა და ხელმძღავნელობას. შესაბამისად, რომც ყოფილიყო რაიმე სახის შეზღუდვა მოპასუხის მიმართ, უდავო გარემოებაა, რომ იგი მხოლოდ ერთ-ერთი მეწილეა და არ მონაწილეობს კომპანიის მართვაში.

 

და ბოლოს, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია ორი შინაგანაწესი, რომელიც შინაარსობრივად განსხვავდება ერთმანეთისაგან (იხ. ს.ფ. 31-32 და 39-43). ამდენად, ძალზედ მნიშვნელოვანია დადგინდეს, თუ რომელი შინაგანაწესი უნდა გავრცელდეს მოპასუხეზე, რომელსაც ხელი არცერთი მათგანისთვის არ აქვს მოწერილი, ამასთან, შინაგანაწესს არ აქვს მიღების თარიღი და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, რაც სასამართლოს საშუალებას მისცემდა დაედგინა, რომ იმ სადავო პერიოდზე, როდესაც დ----- ტ--–--–-–---–ი დასაქმებული იყო შპს „ვ-------------ში“, თუ კონკრეტულად რომელი შინაგანაწესი მოქმედებდა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მე-2 სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა, მოსარჩელის მიერ 2018 წლის 30 აგვისტოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის, ასევე 2018 წლის 06 სექტემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მითითებული სახელმწიფო ბაჟი გადახდილია მე-2 სასარცელო მოთხოვნიდან გამომდიონარე, რადგან პირველი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მოსარჩელე შპს „ვ-------------ის“ სარჩელი მოპასუხე დ----- ტ--–--–-–---–ის მიმართ დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის 2875 ლარის ანაზღაურების, ასევე შინაგანაწესის დარღვევისათვის ჯარიმის სახით 5000 ლარის დაკისრების თაობაზე - არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელეს მის მიერ 2018 წლის 30 აგვისტოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის, ასევე 2018 წლის 06 სექტემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დ----- აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე