გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/29869-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მადი ჩანტლაძე
სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი
მოსარჩელე - სს „უნ--------–-------------–-----–------ი“
წარმომადგენელი - და-----------–--ე
მოპასუხე - სს „ჰე-------–-----------------------------–-----------------------ი
წარმომადგენლები - სა--------------–---ი, თა------------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე სს „ჰე-------–-----------------------------–-----------------------ისათვის“ სს „უნ--------–-------------–-----–------ის“ მიერ უსაფუძვლოდ გადარიცხული თანხის 1519,3 ლარის გადახდის დაკისრება.
სარჩელში განმარტებულია, რომ 2018 წლის 29 მაისს მოსარჩელემ მოპასუხეს ექვსი ტრანზაქციის საფუძველზე შეცდომით გადაურიცხა 1519,30 ლარი. მოსარჩელეს არანაირია ვალდებულება არ გააჩნდა მოპასუხის წინაშე. გადარიცხვა განხორციელდა ტექნიკური შეცდომით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
შესაგებელში მითითებულია, რომ მოპასუხის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა არ განხორციელებულა შეცდომით, არამედ მოსარჩელემ გადაიხადა კონკრეტული მომსახურების (სისხლის და მისი კომპონენტების მიწოდების) ღირებულება. მხარეებს შორის არსებობს სამეწარმეო ურთიერთობა, რაც თანხის შეცდომით გადარიცხვის შესაძლებლობას ამცირებს. მოსარჩელეს ეცნობა, რომ კომპანია იყო ლიკვიდაციის პროცესში და საკითხთან დაკავშირებით უნდა მიემართა ლიკვიდატორისათვის.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. სს „უნ--------–-------------–-----–------მა“ სს „ჰე-------–-----------------------------–-----------------------ს“ 2018 წლის 29 მაისს გადაურიცხა 1519,3 ლარი;
გადახდის დანიშნულებაში მითითებულია „სისხლი და მისი კომპონენტები...“
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
2018 წლის 29 მაისის №1--------- საგადახდო დავალებები (ს.ფ. 15-20).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის 1519,3 ლარი გადარიცხულია უსაფუძვლოდ.
სასამართლო სსსკ-ის 102-ე მუხლზე მითითებით განმარტავს, რომ მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.
მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილია 2018 წლის 29 მაისის საგადახდო დავალებები, რომლის თანახმად, სს „უნ--------–-------------–-----–------მა“ მოპასუხეს გადაურიცხა 1519,3 ლარი. გადახდის დანიშნულებაში მითითებულია „სისხლი და მისი კომპონენტები...“ მოსარჩელე მხარემ სადავოდ გახადა თანხის გადარიცხვის ვალდებულებისა და შესაბამისი საფუძვლის არსებობა.
მოპასუხე მხარემ მიუთითა მხარეებს შორის სახელშეკრულებო ვალდებულების არსებობაზე და მითითებული გარემოების დასადასტურებლად წარმოადგინა სს „ჰე-------–-----------------------------–-----------------------ის“ ანგარიშის ბარათი, ბრუნვის პერიოდი - 1.01.2013 – 31.01.2019 და 2013 წლითა და 2014 წლით დათარიღებული სასაქონლო ზედნადებები. წარმოდგენილი მასალებით დგინდება მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა 2016 წლის მდგომარეობით, თუმცა საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება გადარიცხვის დროისათვის მოპასუხის წინაშე მოსარჩელის 1519,3 ლარის გადახდის ვალდებულების არსებობა.
მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება რაც დაადასტურებდა 2018 წლის 29 მაისს გადარიცხული თანხის 1519,3 ლარის მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადახდის ვალდებულებისა და შესაბამისი საფუძვლის არსებობას. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ თანხის გადარიცხვა განხორციელდა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
სამოტივაციო ნაწილი
4. სასამართლოს შემაჯამებელი დასკვნა:
სს „უნ--------–-------------–-----–------ის“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლით.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი.
ამავე კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ- კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
მოცემული ნორმით გათვალისწინებული შემადგენლობა გულისხმობს შემდეგი სამი პირობის ერთდროულად არსებობას: მოპასუხის გამდიდრებას, რაც ხდება მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისის საფუძველზე და მატერიალურ სიკეთეთა გადანაცვლებას უსაფუძვლოდ. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის, გამდიდრებულისა, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად. სამართალურთიერთობის უსაფუძვლო გამდიდრებად კვალიფიკაციის მიზნებისათვის ასევე ყურადღების მიღმა რჩება ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობა, კეთილსინდისიერება და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლწინააღმდეგობა. უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს გადაურიცხა 1519,30 ლარი სამართლებრივი ვალდებულების გარეშე. მხარეებს შორის ვერ დადასტურდა 2018 წლი 29 მაისს განხორციელებული გადარიცხვის სამართლებრივი საფუძვლის არსებობა.
სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე ხდება.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალ გარემოებების დამტკიცება, კერძოდ, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოპასუხის გამდიდრება მოსარჩელის ქონების შემცირების ხარჯზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს უსაფუძვლო გამდიდრების ყველა ელემენტი და სსკ-ის 976-ე მუხლით გათვალისწინებული შესრულების კონდიქციიდან გამომდინარე თანხის მოპასუხისათვის დაკისრების წინაპირობები, რის გამოც სს „უნ--------–-------------–-----–------ის“ სარჩელი საფუძვლია, უნდა დაკმაყოფილდეს და სს „ჰე-------–-----------------------------–-----------------------ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 1519,3 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50,00 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს „უნ--------–-------------–-----–------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს:
1.1. მოპასუხე სს „ჰე-------–-----------------------------–-----------------------ს“ მოსარჩელე სს „უნ--------–-------------–-----–------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 1 519.3 ლარის გადახდა.
2. მოპასუხე სს „ჰე-------–-----------------------------–-----------------------ს“ მოსარჩელე სს „უნ--------–-------------–-----–------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით არ საჩივრდება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე მადი ჩანტლაძე