გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 2/18257-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ელისო ტუკვაძე
სხდომის მდივანი თეონა როსტომაშვილი
მოსარჩელე - შ-----–-----------ი“ (გ-----–----------ს უფლებამონაცვლე)
წარმომადგენელი - გ----------------ე
მოპასუხე - შ------------–ი“
წარმომადგენელი - მ-----------–--–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შ------------–ს“ მოსარჩელე შ-----–-----------ი“-ს (გ-----–----------ს უფლებამონაცვლე) სასარგებლოდ დაეკისროს - 11 975 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოპასუხე შ------------–ი“, მოსარჩელე ინდ. მეწარმე გ---------–----------საგან, რომელიც იყო მოსარჩელის გ-----–----------ს (შემდგომში მოსარჩელე შ-----–-----------ი“) მამა, გარკვეული დროის განმავლობაში, კერძოდ, 2015 წლიდან 2016 წლამდე ყიდულობდა ნამცხვრისა და სხვადასხვა სახის ტკბილეულის ყუთებს. შ------------–მა“ პროდუქცია წაიღო მოსარჩელე გ-----–----------ს (შემდგომში მოსარჩელე შ-----–-----------ი“) მამისაგან და 2016 წლის მდგომარეობით უნდა გადაეხადა თანხა. მოპასუხემ წლების განმავლობაში მთლიანობაში შეიძინა 31 453 ლარის ღირებულების პროდუქცია და გადაიხადა მხოლოდ 18 978 ლარი, აქედან, 500 ლარი, წინა წლების მეტობის გამო გამოკლებულ იქნა და დავალიანება დღეის მდგომარეობით შეადგენს - 11 975 ლარს.
(მტკიცებულება: 20.06.2018 წლის სარჩელი, 22.04.2019 წლის სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, მხოლოდ 4 660 ლარის ნაწილში და განმარტა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წლების განმავლობაში არსებობდა საქმიანი ურთიერთობა, მოპასუხე მოსარჩელისაგან ყიდულობდა ნამცხვრისა და სხვადასხვა სახის ტკბილეულის ყუთებს, მოპასუხე პატიოსნად და კეთილსინდისიერად ანაზღაურებდა შეძენილი საქონლის ღირებულებას. მხარეებს შორის ანგარიშსწორება წარმოებდა ნდობის საფუძველზე. მოპასუხე მოსარჩელეს მიწოდებული საქონლის ღირებულებას უნაზღაურებდა ნაღდი ანგარიშსწორებით, მოსარჩელის მიერ ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გამოწერა და მხარისათვის წარმოდგენა ხდებოდა მოგვიანებით. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეს გადახდილი აქვს ნაღდი ანგარიშსწორების წესით მოსარჩელისათვის მოთხოვნილი დავალიანების ძირითადი ნაწილი, მოსარჩელეს დღემდე არ წარუდგენია მოპასუხისათვის საბუღალტრო დოკუმენტაცია. მოპასუხის განმარტებით, დღეის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს არა 11 975 ლარს, არამედ 4 660 ლარს, ვინაიდან 7315 ლარი მოპასუხე მხარეს გადახდილი აქვს ნაღდი ანგარიშსწორებით.
(მტკიცებულება: 29.08.2018 წლის შესაგებელი; 22.04.2019 წლის სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოპასუხე შ------------–ი“, მოსარჩელე ინდ. მეწარმე გ---------–----------საგან, რომელიც იყო მოსარჩელის, გ-----–----------ს (შემდგომში მოსარჩელე შ-----–-----------ი“) მამა, გარკვეული დროის განმავლობაში, კერძოდ, 2015 წლიდან 2016 წლამდე ყიდულობდა ნამცხვრისა და სხვადასხვა სახის ტკბილეულის ყუთებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საგადასახადო ანგარიშფაქტურები.
3.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელე გ-----–----------ს (პ/ნ 0----------) უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა შ-----–-----------ი“ (ს/კ 2--------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 26.12.2018 წლის შეთანხმება მოთხოვნის დათმობის (ცესიის) და მორიგების შესახებ;
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 დეკემბრის განჩინება უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ.
3.1.3. მოპასუხე შ------------–ი“-მა, აწ გარდაცვლილ ინდ. მეწარმე გ---------–----------საგან, რომელიც იყო მოსარჩელის, გ-----–----------ს (შემდგომში მოსარჩელე შ-----–-----------ი“) მამა, 2015-2016 წლებში შეიძინა - 31 453 ლარის ღირებულების საქონელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საგადასახადო ანგარიშფაქტურები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე შ------------–ს“ 2015-2016 წლებში მიწოდებული საქონლის ღირებულება - 11 975 ლარის ოდენობით მოსარჩელისათვის არ აუნაზღაურებია.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისივე მოთხოვნის კანონიერებას.
საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში მართლმსაჯულების როლი შეზღუდული არ არის, პირიქით, სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას. აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XIII თავით, რომლის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებულია ნუსხა, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ფულადი ვალდებულების სპეციფიკისა და სამოქალაქო ბრუნვის თავისებურების გათვალისწინებით, თითოეული ხელშემკვრელი მხარე, ვალდებულების არსიდან გამომდინარე, თავადვე აგებს პასუხს იმ სამოქალაქო რისკის თაობაზე, რომელიც ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულების მოუპოვებლობას შეიძლება მოჰყვეს შედეგად. ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესი ორინტირებულია მატერიალური თვალსაზრისით მტკიცებულებათა სათანადოობის დადგენაზე.
შესრულების შესახებ სათანადო მტკიცებულების წარუდგენლობის გამო სასამართლო დადასტურებულად ვერ მიიჩნევს მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ ფულადი ვალდებულება მის მიერ ნაწილობრივ შესრულებულია. მოპასუხე განმარტავს, რომ 18 978 ლარის გარდა, მას გადახდილი აქვს დამატებით 7 315 ლარი და გადასახდელი დავალიანება შეადგენს 4660 ლარს. აღნიშნულის შესახებ კრედიტორის მიერ გაცემული დოკუმენტი (ჩეკი) მოპასუხეს არ წარმოუდგენია. ამგვარ მტკიცებულებად ვერ შეფასდება მხოლოდ მისი ახსნა-განმარტება, მით უფრო როცა კრედიტორი აღნიშნულ ფაქტს არ ადასტურებს. მოპასუხის მხრიდან ფაქტის უარყოფის შემთხვევაში, კი მხოლოდ ახსნა-განმარტება არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას.
ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა ფულადი ვალდებულების შესრულების მიმართ მხოლოდ რიგ შემთხვევაში ითვალისწინებს მტკიცების განსხვავებულ სტანდარტს, სასამართლო თვლის, რომ სადავო ფაქტობრივი გარემოების დადასტურება შესაძლებელია ემყარებოდეს ასევე სხვა მტკიცებულებებსაც (მაგ. მოწმეთა ჩვენებას). თავის მხრივ, მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი).
ამასთანავე, სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია ვალდებულებითი ურთიერთობის შეწყვეტა კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით. ამავე კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. აღნიშნული წესი გამომდინარეობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესიდან, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოვალისთვის აუცილებია, ვინაიდან სწორედ მას აკისრია ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ ვალდებულების შესრულების თაობაზე დავისას, მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს, მან უნდა დაამტკიცოს, რომ ვალი გადაიხადა და ამით ვალდებულება შეწყდა. სამოქალაქო კოდექსი ანგარიშს უწევს მოვალის მდგომარეობას და მას უფლებას ანიჭებს კრედიტორისაგან შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი მოითხოვოს. იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ სადავო გარიგება ორმხრივია და თითოეული მხარე მეორე მხარის მიმართ კრედიტორიცაა და მოვალეც სუბიექტთა უფლება-მოვალეობების გათვალისწინებით, აღნიშნული ნორმის მოქმედება ვრცელდება გარიგების ორივე მხარის მიმართ, ამასთან, რადგანაც საქონლის მიწოდების ფაქტი უდავოა, სასამართლო თვლის, რომ თანხის გადახდის მტკიცების ტვირთი, მითითებული ნორმის შესაბამისად, მთლიანად მოპასუხეს უნდა დაეკისროს. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნასყიდობის ფასის გადახდასთან დაკავშირებით მოპასუხის მხრიდან სათანადო მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საგადასახადო ანგარიშფაქტურები.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 429-ე, 477-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის ნაწარმოებია ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან (სამოქალაქო კოდექსის - 317.1 მუხლი). ამდენად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს - ორი ან მეტი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას, რაც გამოიხატება ხელშემკვრელი მხარეების მზაობაში - დათმონ საკუთარი თავისუფლების ან ქონების ნაწილი ე.ი. ორმხრივად შეიბოჭონ თავი.
სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. შ------------–მა“ ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. მოპასუხემ ვერ დაადასტურა ფულადი ვალდებულების ნაწილობრივ შესრულება, რაც საფუძვლიანს ხდის მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხისათვის - 11 975 ლარის სრულად დაკმაყოფილების შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 410 ლარი (360 + 50 ლარი).
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. სასამართლო ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ სახელმწიფო ბაჟის განაწილების წესს. მოპასუხემ სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ (მოთხოვნის 38.91%) – 4660 ლარის ფარგლებში, რომლის პროპორციული ბაჟი 139.8 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო დარჩენილი თანხის 270.2 ლარის გადახდა მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ.
მოპასუხე შ------------–ს“ მოსარჩელე შ-----–-----------ი“-ს (გ-----–----------ს უფლებამონაცვლე) სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროს საადვოკატო მომსახურების საფასურის - 479 ლარის გადახდა (დავის საგნის ღირებულების - 11 975 ლარის 4%).
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა გ-----–----------ს (შემდგომში შ-----–-----------ი“) განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე და ყადაღა დაედო საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში მოპასუხე შ-------------–ი''-ს (ს/ნომერი 4--------) კუთვნილ საბანკო ანგარიშზე არსებულ ფულად სახსრებს 11 975 ლარის ფარგლებში;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენლი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან სარჩელი ექვემდებარება დაკმაყოფილებას, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შ-----–-----------ი“-ს (გ-----–----------ს უფლებამონაცვლე) სარჩელი შ------------–ი“-ს მიმართ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე შ------------–ს“ მოსარჩელე შ-----–-----------ი“-ს (გ-----–----------ს უფლებამონაცვლე) სასარგებლოდ დაეკისროს 11 975 ლარის გადახდა;
3. მოპასუხე შ------------–ს“ მოსარჩელე შ-----–-----------ი“-ს (გ-----–----------ს უფლებამონაცვლე) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 270.2 ლარის ანაზღაურება;
4. მოპასუხე შ------------–ს“ მოსარჩელე შ-----–-----------ი“-ს (გ-----–----------ს უფლებამონაცვლე) სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების საფასურის 479 ლარის ანაზღაურება.
5. დაუბრუნდეს მოსარჩელე შ-----–-----------ს“ (გ-----–----------ს უფლებამონაცვლე) სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გ----------------ის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 139.8 ლარი, რომელიც სს „საქართველოს ბანკი“-ს 2--------- წლის №12 საგადახდო დავალებით ჩაირიცხა ანგარიშზე სახაზინო კოდი 300773150.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ელისო ტუკვაძე