გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/6----19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხათუნა ჯინორია
სხდომის მდივანი ირაკლი გამსახურდია
მოსარჩელე - შპს „დ---“
წარმომადგენელი - თ--------------–---–ი
მოპასუხე - შპს „ს--------------–-ა“
წარმომადგენელი - ხ-----------–------ე
დავის საგანი - პირგასამტეხლოს შემცირება, თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შემცირდეს მოსარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა 163 327.37 ლარიდან 13 865.65 ლარამდე და მოპასუხე შპს „ს--------------–-ას“ დაეკისროს მოსარჩელისათვის სხვაობის - 149 461.73 ლარის გადახდა. შპს „და--ა“ და შპს „ს--------------–-ას“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება Nმ-----------07, რომლის შესრულების ვადა თავდაპირველად განისაზღვრა კოშკურის საწაფის შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისათვის 2017 წლის 26 ივლისიდან 4 კალენდარული თვით (ეტაპი N1), ხოლო სხვა სამშენებლო სამუშაოებისათვის 2017 წლის 26 ივლისიდან 4 კალენდარული თვით (ეტაპი N2). მოგვიანებით მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, სამუშაოების შესრულების ვადა შეიცვალა და ეტაპი N1-ის დასრულების ვადად განისაზღვრა 2--- წლის 15 თებერვალი, ხოლო ეტაპი N2-ის დასრულების ვადად - 2--- წლის 15 მარტი. სამშენებლო სამუშაოების მოგვიანებით დაწყება გამოწვეული იყო მშენებლობის ნებართვის არ ქონის გამო. მოსარჩელემ ხელშეკრულების შესაბამისად, სრულად და ჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, რომელიც მიიღო მოპასუხემ. მოპასუხის მიერ მიღებული და დადასტურებულია ხელშეკრულების შესაბამისად, მოსარჩელის მიერ შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სისტემის მეშვეობით გაგზავნილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად მოპასუხის მიერ სრულად არ არის ანაზღაურებული შესრულებული სამუშაოების ღირებულება. კერძოდ, სხვაობა მიღებულ და მისაღებ შესრულებული სამუშაოების ღირებულებას შორის შეადგენს 163 327.37 ლარს და წარმოადგენს პირგასამტეხლოს თანხას. მოსარჩელეს მოპასუხემ არ მისცა სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად საჭირო დრო, როგორც იყო გათვალისწინებული თავდაპირველი ხელშეკრულებით. კერძოდ, ნებართვის მიღებიდან 4 თვე (ეტაპი N1) გადიოდა 2--- წლის 24 მარტს, ხოლო იგივე სამუშაოს შესასრულებლად მოსარჩელეს ვადა მიეცა 2--- წლის 15 თებერვლამდე. ასევე ნებართვის მიცემიდან 6 თვე (ეტაპი N2) გადიოდა 2--- წლის 24 მაისს, ხოლო მოსარჩელეს აღნიშნულის შესასრულებლად მიეცა ვადა 2--- წლის 15 მარტამდე. შუალედური მიღება-ჩაბარების N- აქტის თანახმად, მოსარჩელემ ეტაპი N1 დაასრულა 2--- წლის 29 მარტს, ნაცვლად 2--- წლის 15 თებერვლისა. მოპასუხემ ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, მოსარჩელეს დააკისრა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.1% - 3381 ლარი და 56 თეთ, რამაც ჯამში შეადგინა 142 025 ლარი და 37 თეთრი. საბოლოო მიღება-ჩაბარების N-- აქტით მოსარჩელემ ეტაპი N2 დაასრულა 2--- წლის 17 მაისს, ნაცვლად 2--- წლის 15 მარტისა. მოპასუხემ მოსარჩელეს ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად დააკისრა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. კერძოდ, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.01% - 338 ლარი და 16 თეთრი თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, რამაც ჯამში შეადგინა 20 965 ლარი და 92 თეთრი. ხელშეკრულების 8.3 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების მე-6 პუნქტით განსაზღვრული ანგარიშსწორების ვადების ვადაგადაცილებისათვის მიმწოდებელი უფლებამოსილია დააკისროს შემსყიდველს პირგასამტეხლო კონკრეტულ ეტაპზე გადასახდელი თანხის 0.01%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის. მაქსიმალური პირგასამტეხლო, რაც შეიძლებოდა დამკვეთს დაკისრებოდა არის 61 ლარი, ხოლო მინიმალური - 8 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე შპს „ს--------------–-ამ“ წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა და განმარტა, რომ შპს „ს--------------–-ის“ მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება გადახდილია სრულად.
მიმწოდებელმა დაგვიანებით შეასრულა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები, რის გამოც ხელშეკრულების 8.1 და 8.2 მუხლების შესაბამისად, დაეკისრა პირგასამტეხლო. ვადის გადაცილება მიმწოდებელმა თავადვე დაადასტურა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით და ასევე აღიარა ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება.
მოსარჩელე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დაეთანხმა პირგასამტეხლოს ოდენობას, ხოლო მხარეთა შორის 2--- წლის 17 მაისს გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით დაადასტურა, რომ პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ გააჩნდა. შესაბამისად, მოპასუხის მიერ საბოლოო ანგარიშსწორებიდან დაკავებული იქნა პირგასამტეხლოს თანხა, რომელიც დაანგარიშებულ იქნა 2--- წლის 15 მარტიდან 2--- წლის 17 მაისამდე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 26 ივლისს შპს „დ---ს“ (მენარდე) და შპს „ს--------------–-ას“ (შემკვეთი) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება Nმ-----------07. ხელშეკრულების ობიექტს წარმოადგენდა: ქ. თ---–--–---–-----------------–--------–--------------–----------------------–-------–---------------------- (შპს „ს--------------–-ის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე) კოშკურის საწაფის შენობის, საკონტროლო გამშვები პუნქტის შენობის და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა თანდართული პროექტის შესაბამისად.
ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 3 381 559.34 ლარს.
4.1. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელმა სამშენებლო სამუშაოები უნდა დაასრულოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში.
ხელშეკრულების 8.1. პუნქტით, ხელშეკრულების 4.1. პუნქტით განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.01%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის
ამავე ხელშეკრულების 4.2. პუნქტით, მიმწოდებელი ვალდებულია კოშკურის საწაფის შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები სრულად დაასრულოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვის ვადაში. აღნიშნული ვადის გადაცილების შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.1%-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N Nმ-----------07 ხელშეკრულება (ს.ფ. 20-29);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2 ხელშეკრულების 8.3 პუნქტის თანახმად, შემკვეთის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილია დააკისროს შემკვეთს პირგასამტეხლო კონკრეტულ ეტაპზე გადასახდელი თანხის 0,01% -ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N Nმ-----------07 ხელშეკრულება (ს.ფ. 20-29);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. 2017 წლის 11 დეკემბერს ცვლილება შევიდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ Nმ-----------07 ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების შესრულების ვადები განისაზღვრა შემდეგნაირად:
ა) მიმწოდებელმა სამშენებლო სამუშაოები უნდა დაასრულოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2--- წლის 15 მარტამდე;
ბ) მიმწოდებელი ვალდებულია კოშკურის საწაფის შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები სრულად დაასრულოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2--- წლის 15 თებერვლამდე ვადაში (აღნიშნული ვადის გადაცილების შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.1%-ის ოდენობით).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულების ცვლილება N1 (ს.ფ. 30-31);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.4. შპს „დ---მ“ კოშკურის საწაფის შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები დაასრულა ვადის დარღვევით, კერძოდ 15.02.2----ის ნაცვლად - 29.03.2--- წელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 29.03.2--- შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი N- (ს.ფ. 40);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.5. შპს „დ---მ“ ეტაპი N2-ის სამუშაოები დაასრულა ვადის დარღვევით, კერძოდ 15.03.2----ის ნაცვლად - 17.05.2--- წელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 17.05.2--- საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი N-- (ს.ფ 41);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.6 2--- წლის 17 მაისს მხარეებს შორის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა, რომლის საფუძველზე შპს „ს--------------–-ამ“ მიიღო ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები.
შესრულებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 234 959 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 17.05.2--- საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი N-- (ს.ფ 41);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.7 შპს „ს--------------–-ამ“ საბოლოო ანგარიშსწორებისას დაქვითა 163 327, 37 ლარი - ხელშეკრულების შესრულების ვადის დარღვევისათვის დარიცხული პირგასამტეხლო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა (ს.ფ 39);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა შორის სადავო არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „დ---ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 325-ე, 417-ე-418-ე, 420-ე, 629-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები.
მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ქ. თ---–--–---–-----------------–--------–--------------–----------------------–-------–---------------------- (შპს „ს--------------–-ის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე) კოშკურის საწაფის შენობის, საკონტროლო გამშვები პუნქტის შენობის და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამშენებლო სამუშაოების შესრულება თანდართული პროექტის შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობები ყოველთვის გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ამგვარი ურთიერთობის მონაწილეთათვის არსებით მნიშვნელობას იძენს ხელშეკრულებით გათვალიწინებული ვალდებულებების დროული და ჯეროვანი შესრულება. ვალდებულების დარღვევად მიიჩნევა ის მდგომარეობა, როდესაც კრედიტორი ვალდებულების შესრულებას დროის მკაცრად განსაზღვრულ მონაკვეთს უკავშირებს, ხოლო მოვალე ვალდებულებას ვადაში არ ასრულებს.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ვადის გადაცილებით. კერძოდ, შპს „დ---მ“ ეტაპი N1-ის სამუშაოები დაასრულა 15.02.2----ის ნაცვლად 29.03.2--- წელს, ხოლო ეტაპი N2-ის სამუშაოები - 15.03.2----ის ნაცვლად 17.05.2--- წელს.
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას, რომ ვალდებულება ვადის დარღვევით მოპასუხის მიზეზით შესრულდა, კერძოდ, მან გვიან მოიპოვა მშენებლობის ნებართვა.
სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ 2017 წლის 11 დეკემბრის ცვლილების ხელმოწერით (იხ. 3.1.3 პუნქტი) მოსარჩელე დაეთანხმა ხელშეკრულების შესრულების ახალ ვადებს და იკისრა ვალდებულება, რომ სწორედ ამ ვადაში შეასრულებდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაოებს. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ, შეთანხმების შემდგომ, მოპასუხემ შეაფერხა სამუშაოების დროულად დაწყება/დასრულება. მნიშვენლობა არ აქვს, ვადის განსაზღვრამდე დააგვიანა თუ არა მოპასუხემ სამუშაოების დაწყება (მშენებლობის ნებართვის აღება). სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მოსარჩელე დაეთანხმა ვალდებულების შესრულების ახალ ვადებს, ხოლო თუ მიიჩნევდა, რომ ამ ვადაში შეუძლებელი იყო ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულება, მას შეეძლო ხელშეკრულებიდან გასულიყო.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
2017 წლის 26 ივლისს შპს „და--ა“ და შპს „ს--------------–-ას“ შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ Nმ-----------07ხელშეკრულების 4.2. პუნქტით, მიმწოდებელი ვალდებულია კოშკურის საწაფის შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები სრულად დაასრულოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვის ვადაში. აღნიშნული ვადის გადაცილების შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.1%-ის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 8.1. პუნქტით, ხელშეკრულების 4.1. პუნქტით განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.01%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, ხოლო 8.2. პუნქტით - ხელშეკრულების 4.2 პუნქტით განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
შპს „დ---ს“ მიერ სამუშაოები შესრულებულ იქნა ვადის დარღვევით, რის გამოც დაეკისრა პირგასამტეხლო - 163 327.37 ლარი, რომელიც დაიქვითა ნარდობის საზღაურიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, მხარეთა ინტერესებსა და უფლება-მოვალეობებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს დისკრეციას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ დაკისრებული და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. ამასთან, მართალია, კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღვრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა იყოს შეუსაბამოდ მაღალი. ხოლო, შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან, გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.
პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. (იხ. სუსგ. №ას-181-181-2---; 23 მარტი, 2--- წელი).
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მტკიცებას, რომ 2--- წლის 17 მაისს გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით შპს „და--ა“ დაადასტურა, რომ პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ გააჩნდა.
საქმეში წარმოდგენილი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით მხარეები ადასტურებენ, რომ მენარდემ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალიწინებული სამუშაოები ქ. თბ--–--–ი, შო---------------–--------–--------------–-----------------------ს სარეჟიმო ტერიტორიაზე კოშკურის საწაფის შენობის, საკონტროლო გამშვები პუნქტის შენობის და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამშენებლო სამუშაოების გარკვეული ნაწილი, რაც დასტურდება წარმოდგენილი ფორმა N2-ით და საექსპერტო დასკვნით. სამუშოების ღირებულება შეადგენს 234 959 ლარს დღგ-ს ჩათვლით. აქტში ასევე აღნიშნულია, რომ „მიმწოდებელმა“ სამუშაოები დაასრულა დაგვიანებით, ნაცვლად ხელშეკრულების ცვლილების მუხლი 7.1.1.-ის თანახმად 2--- წლის 15 მარტისა - 2--- წლის 17 მაისს.
აღნიშნული აქტი არ შეიცავს არანაირ მითითებას პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით. იგი ემსახურება მხოლოდ სამუშაოების შესრულების დადასტურებას და შემკვეთის მიერ მათ მიღებას. აქტში არაფერია მითითებული ურთიერთმოთხოვნებზე ან პრეტენზიებზე.
სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო არაა, რომ ნარდობის ხელშეკრულების პირობები შემკვეთმა განსაზღვრა, ამასთან. მენარდის მიერ ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებულია 10-ჯერ უფრო მაღალი პირგასამტეხლო, ვიდრე შემკვეთის მიერ ვალდებულების დარღვევისას (შეად. 3.1.1 და 3.1.2 პუნქტები). გარდა პროცენტული მაჩვენებლისა, განსხვავდება პირგასამტეხლოს გამოთვლის წესიც: ორივე ვადის დარღვევის შემთხვევაში, მენარდისათვის პირგასამტეხლოს გაანგარიშება უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, ხოლო შემკვეთის მიერ ვადის დარღვევისას - მხოლოდ კონკრეტულ ეტაპზე შესასრულებელი ვალდებულებიდან.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პირგასამტეხლო არა მხოლოდ შეუსაბამოდ მაღალია, არამედ კეთილსინდისიერების სტანდარტსაც არღვევს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების მხარეებისათვის სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევისათვის ერთნაირი პირგასამტეხლო უნდა იქნეს გათვალისწინებული და მათი გამოთვლის წესიც შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
შპს ,,ს--------------–-ას" შპს ,,დ---ს" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 4484 ლარის ანაზღაურება;
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,დ---ს" სარჩელი შპს ,,ს--------------–-ის" მიმართ დაკმაყოფილდეს;
2. შემცირდეს შპს ,,დ---სათვის" შპს ,,ს--------------–-ის" მიერ დაკისრებული პირგასმტეხლოს ოდენობა 163327.37 ლარიდან 13865.65 ლარამდე და შპს ,,ს--------------–-ას" შპს ,,დ---ს" სასარგებლოდ დაეკისროს სხვაობის -149461.72 ლარის გადახდა;
3. შპს ,,ს--------------–-ას" შპს ,,დ---ს" სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 4484 ლარის ანაზღაურება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ჯინორია