გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210118002330995
საქმე # 2/372-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 მარტი, 2019 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო შარაძე
სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი
მოსარჩელე - მ--ა ფ--–--–-–---–ი
წარმომადგენელი - მ-----–ი გ------–--ე
მოპასუხე - დ---თ დ--–---–---–ი, ქ------ნ დ--–---–---–ი
წარმომადგენელი ზინაიდა ბაქრაძე
დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზრაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე დ---თ დ--–---–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ქორწინების პერიოდში შეძენილი საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთების ღირებულების ½ წილი 870 ლარის ოდენობით.
1.2. მოპასუხეებს დ---თ დ--–---–---–სა და ქ------ნ დ--–---–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მისთვის მიყენებული (არაქონებრივი) მორალური ზიანის სახით 50 000 ლარის გადახდა.
- მოსარჩელის პოზიცია:
მოსარჩელის განმარტებით, პროფესიით არის პედაგოგი და 2013 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას ახორცილებდა ბინაზე ბავშვების დამატებითი მეცადინეობის სახით. 2017 წლამდე ცხოვრობდა მშობლებთან. 2017 წლიდან მოპასუხე ქ------ნ დ--–---–---–ის შუამავალობითა და დაჟინებული თხოვნით გაიცნო დ---თ დ--–---–---–ი, რომლთანაც შექმნა ოჯახი. შეუღლების დღიდან ცხოვრება დავიწყეს დ---თ დ--–---–---–ის სახლში - ქ. გორი, ეკ. ჯ-----–---–-ს ქ. N71-ში. 2017 წლის სექტემბრის თვის დასაწყისში მან და დ---თ დ--–---–---–მა ერთიანი დანაზოგი თანხებით შეიძინეს საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთები კერძოდ, ინდეზიტის ფირმის სარეცხის მანქანა, პანასონიკის ფირმის ფერადი ტელევიზორი და საუთოო მაგიდა ჯამში - 1740 ლარის ღირებულების. აღნიშნული ნივთების შეძენის შემდეგ მასა და მოპასუხეებს შორის საგრძნობლად დაიძაბა ურთიერთობა და შეიქმნა კონფლქტური სიტუაციები. დ---თ დ--–---–---–ის ოჯახში შესვლისათანავე ქ------ნ დ--–---–---–ი მასიურად ერეოდა მეუღლეთა ურთიერთობაში, საცხოვრებლად გადავიდა მათთან, დაკეტა ოთახები და უკრძალავდა აღნიშნული ოთახებით სარგებლობას, რითაც წაერთვა შესაძლებლობა მოემზადებინა ბავშვები, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა სახლიდან გაგდებით, არანაირ მზრუნველობას აღარ იჩენდნენ მასზე. მიუხედავად მათი მხრიდან უმძიმესი, არაადამიანური წამებისა და დამცირების, შეურაცხოფის, პატივისა და ღირსების შელახვისა, ყველაფერ ამას იტანდა, ვინაიდან უნდოდა ახლდშექმნილი ოჯახის შენარჩუნება, თუმცა დ---თ დ--–---–---–ის მიერ სასამართლოში განქორწინებაზე შეტანილი სარჩელიდან გამომდინარე 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით მათ შორის მოხდა განქორწინება. მოპასუხეები აიძულებდნენ დაეტოვებინა მათი სახლი, რის გამოც არაერთხელ გახდა იძულებული მიემართა პოლიციისთვის. ქორწინების რეგისტრაციის შეწყვეტამდე იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა საცხოვრებელი ბინა. მოპასუხეთა ქმედებებიდან გამომდინარე გაუუარესდა ჯანმთელობა და გადის მკურნალობას სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში. მოპასუხეების მიერ მიყენებული სულიერი, ფსიქო-ემოციური ტანჯვების გამო ჩამოუყალიბდა ქრონიკული ნერვული დაავადება, რაზედაც სამომავლოდ მის მკურნალობასა და რეაბილიტაციას ხანგრძლივი დრო, ნებისყოფა, დიდი ძალისხმევა და ამასთან სათანადო ფინანსები სჭირდება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე დ---თ დ--–---–---–მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ ქორწინების პერიოდში შეძენილი საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთების ღირებულების სახით 580 ლარის ნაწილში. მოპასუხის განმარტებით, სარჩელში მითითებულ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელე თავად ქმნიდა კონფლიქტურ სიტუაციებს, რომელთა განმუხტვის მიზნითაც გადმოვიდა მის სახლში ქ------ნ დ--–---–---–ი. ვინაიდან, მოსარჩელე იყო ძალიან კონფლიქტური, მან თავად დატოვა საკუთარი საცხოვრებელი სახლი. როდესაც მიდიოდა საკუთარ ბინაში მოსარჩელე ქმნიდა კონფლიქტურ სიტუაციებს და იძახებდა საპატრულო პოლიციას. განქორწინების შემდგომ იგი არ გადიოდა სახლიდან და მისი ბინიდან გაყვანა მოხდა პოლიციის ძალის გამოყენებით. მოსარჩელე მხარის მიერ შპს „გორმედიდან“ წარმოდგენილი ცნობები არ არის სრულყოფილი, არ წერია დიაგნოზი და არ ჩანს როდიდან დაეწყო ფსიქიკური აშლილობა. წარმოდგენილი ცნობით მოსარჩელე ვერ ადასტურებს, რომ ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა ოჯახის შექმნიდან ერთ თვეში. გარდა აღნიშნულისა, პოლიციის პატაკებით დგინდება, რომ მისი მხრიდან მ--ა ფ--–--–-–---–ის მიმართ არანაირ აგრესიას ადგილი არ ჰქონია და არანაირი შემაკავებელი ორდერი არ არის გამოცემული.
2.2. მოპასუხე ქ------ნ დ--–---–---–მა სარჩელი სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის მითითება, რომ იგი არ აძლევს ბავშვების მომზადების საშუალებას არ შეესაბამება სინამდვილეს. იგი ძმის ოჯახში მიდიოდა მხოლოდ მხარეთა შორის არსებული კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვის მიზნით. მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით არის ასევე სიცრუე, საქმეზე თანდართულ ცნობებში მითითებულია უძილობა, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, თუმცა აღნიშნულის მიზეზს არ წარმოადგენს მოპასუხეთა ქმედებები, მოსარჩელეს დ---თ დ--–---–---–თან ფაქტობრივად ერთი თვეც არ უცხოვრიათ და იგი თავად ქმნიდა კონფლიქტურ სიტუაციებს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე მ--ა ფ--–--–-–---–ი 1994-2013 წლებში გორის რაიონ სოფელ ხ--–-------ს საჯარო სკოლაში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, ხოლო 2013 წლის შემდგომ ბინაზე ბავშვების მომზადებით იყო დაკავებული.
3.1.2. მ--ა ფ--–--–-–---–მა ქ------ნ დ--–---–---–ის მეშვეობით გაიცნო დ---თ დ--–---–---–ი, რომელთანაც რეგისტრირებულ ქორწინებაში გატარდა 2017 წლის 17 აგვისტოს, ხოლო მათ შორის განქორწინება მოხდა დ---თ დ--–---–---–ის სარჩელის საფუძველზე გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით.
3.1.3. მ--ა ფ--–--–-–---–ი დაქორწინების შემდგომ საცხოვრებლად გად---და დ---თ დ--–---–---–ის სახელზე რიცხულ ბინაში, ხოლო დ---თ დ--–---–---–ის და - ქ------ნ დ--–---–---–ი თავდაპირველად ცხოვრობდა ცალკე ქ. გორში, ეკ. ჯ-----–---–-ს ქ. N71-ში.
3.1.4 საქმეში წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებითა და სხვა სამედიცინო დოკუმენტაციით დასტურდება, რომ მოსაჩელე მ--ა ფ--–--–-–---–ი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პერიოდულად გადის მკურნალობის კურსს.
3.2. საქმეზე დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ანალიზით დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ვერ დგინდება მიზეზობრივი კავშირი მოსარჩელე მ--ა ფ--–--–-–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მოპასუხეთა ქმედებებს შორის.
3.2.2. სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ მ--ა ფ--–--–-–---–მა და დ---თ დ--–---–---–მა ერთად ცხოვრების პერიოდში შეიძინეს ერთობლივი საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთები კერძოდ, ინდეზიტის ფირმის სარეცხის მანაქნა, პანასონიკის ფირმის ფერადი ტელევიზორიდა საუთოო მაგიდა, რომელთა საერთო ღირებულებამ შეადგინა 1740 ლარი, ამდენად ხსენებული ნივთები წარმოადგენს მათ თანასაკუთრებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. მხარეთა განმარტებით დგინდება რომ მოსარჩელე მ--ა ფ--–--–-–---–ი და მოპასუხე დ---თ დ--–---–---–ი ქორწინებაში იმყოფებოდნენ დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ხოლო საქმეში არ მოიპოვება უტყუარი მტკიცებულება მასზედ რომ როის ამ მონაკვეთში მხარესთან თანაცხოვრების შედეგად წარმოეშვა ჯანმრთელობის პრობლემა.
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა მ--ა ფ--–--–-–---–ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას.
სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას ორივე მხარის პატივსადები ინტერესები გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაბრად.
აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1152-ე მუხლის მიხედვით, საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლიდან გამომდინარე, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს, როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის თანახმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
სასამართლო განმარტავს, რომ მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფისას დადგენილი უნდა იქნეს ის გარემოება, რომ ასეთი ქონება შეძენილია თუ არა მეუღლეთა მიერ ფაქტობრივად ერთად ცხოვრების პერიოდში საერთო შრომითა და ხარჯებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს, სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე მ--ა ფ--–--–-–---–ი და დ---თ დ--–---–---–ი 2017 წლის აგვიტოდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ და ამ დროიდან ფაქტობრივად ცხოვრობდნენ ერთად, რა პერიოდშიც საერთო თანხებით შეიძინეს სარჩელში მითითებული მოძრავი ნივთები. საქმის მასალებით არ დასტურდება ამ ნივთების შეძენის მიზნით მოპასუხე ქ------ნ დ--–---–---–ის მიერ ხარჯის გაღების ფაქტი. ამდენად, მითითებული მოძრავი ნივთები წარმოადგენს მოსარჩელე მ--ა ფ--–--–-–---–ისა და მოპასუხე დ---თ დ--–---–---–ის მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას და შესაბამისად მათ თანასაკუთრებას. მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ ამ ნივთების საერთო ღირებულება შეადგენს 1740 ლარს, რომლის თანაბარწილად გაყოფის შედეგად 870 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხე დ---თ დ--–---–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ.
7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის დანაწესით პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.
ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში იგულისხმება დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, პირველყოვლისა, უნდა დადგინდეს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი და ამის შემდეგ უნდა გაირკვეს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შემოწმდეს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ - სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ სასამართლო ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე და ქმნიან თუ არა ისინი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (იხ. სუსგ. საქმე №ას-53-49-2017).
შესაბამისად, განსახილველი დავის სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე სასამართლოს ამოცანაა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დაადგინოს, რამდენად არსებობს დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კომპონენტთა ერთიანობა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხეთა ქმედებების შედეგად მოსარჩელეს შეერყა ჯანმრთელობის მდგომარეობას და გადის მკურნალობის კურსს აქედან გამომდინარე, იგი ითხოვს, როგორც მატერიალური ისე მორალური ზიანის ანაზღაურებას.
სასამართლო მიუთითებს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
განსახილველ საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რაშიც იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას.
განსახილველ საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებით დასტურდება, მ--ა ფ--–--–-–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემების არსებობა და მისი მკურნალობის აუცილებლობლობა.
როგორც უკვე აღინიშნა, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის აუცილებელია არსებობდეს აღნიშნული სამართლებრივი ინსტიტუტის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმით დადგენილი წინაპირობების ერთობლიობა. ამასთან, ზიანის არსებობის ფაქტის და მიზეზშედეგობრივი კავშირის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელე მხარეს.
სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს მასზედ, რომ მოსარჩელეს მართალია წარმოდგენილი აქვს გარკვეული დოკუმენტები მკურნალობასთან დაკავშირებით, თუმცა მან ვერ შეძლო დაედასტურებინა ის გარემოება, რომ აღნიშნული მიზეზ-შედეგობრივ კავშირში იყო მოპასუხის ქმედებასთან. ასეთად ვერ გამოდგება მხოლოდ საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ პირთა ჩვენებები, რამეთუ აღნიშნული სახის მტკიცებულებით უტყუარად ვერ დასტურდება მოპასუხეთა ქმედებებიდან გამომდინარე მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი
რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხს, სასამართლო მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსისი მე-18 მუხლის მე-2 ნაწილს, რომლის თანხმად, პირს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც, ამასთან სსკ -ის 413 -ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად , არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
სასამართლო განმარტავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი ზიანის მიმყენებლის ბრალეულ ქმედებასა და მიყენებულ მორალურ ზიანს შორის.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი კომპონენტების ერთობლიობაში არსებობა. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო, სასამართლოსათვის წარმოედგინა ისეთი სახის უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მისი პოზიციის მართებულობას. კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით არ არის დადასტურებული მოპასუხეთა მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისა და აღნიშნული ქმედების შედეგად მოსარჩელისთვის მატერიალური ან მორალური ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, სახეზე არ არის მიზეზობრივი კავშირი მოპასუხეთა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმათა თანახმად, წარმოშობდა მოპასუხე მხარისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. ამდენად, სარჩელს მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სრულად უნდა ეთქვას უარი დაუსაბუთებლობის გამო.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მ--ა ფ--–--–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამასთან იგი გათავისუფლებულია სახლმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, ხოლო მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზევე სარჩელი ცნო 580 ლარის ნაწილში, გადასახდელად კი დაეკისრა 870 ლარის გადახდა, შესაბამისად, მას სახლმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 9 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. მოპასუხე დ---თ დ--–---–---–ს მოსარჩელე მ--ა ფ--–--–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 870 (რვაას სამოცდაათი) ლარის გადახდა;
2. მ--ა ფ--–--–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნას დანარჩენ ნაწილში ეთქვას უარი;
3. მოპასუხე დ---თ დ--–---–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 9 (ცხრა) ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო შარაძე