გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/36099-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ლაკერბაია
სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი
მოსარჩელე - სს ,,მ-----------------------------–-----------------------–ი’’
წარმომადგენელი - თ-----------–--ე
მოპასუხე - ე-–-------------–---–ი, გ--–--–---–-----ი
დავის საგანი -თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს ე-–-------------–---–ს და გ--–--–---–-----ს მოსარჩელე სს ,,მ-----------------------------–-----------------------–ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროთ სოლიდარულად 2016 წლის 14 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 1 949.25 აშშ დოლარის, სარგებლის - 369.47 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს - 25.95 აშშ დოლარის გადახდა;
1.2.მოპასუხეებს ე-–-------------–---–ს და გ--–--–---–-----ს მოსარჩელე სს ,,მ-----------------------------–-----------------------–ი’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 14 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 1 949.25 აშშ დოლარზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 12 თვის განმავლობაში, დასარიცხი პირგასამტეხლოს ყოველდღიური 0.01%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 0.19 აშშ დოლარს.
(იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, 2019 წლის 22 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი).
სასარჩელო განცხადება ეყრდნობა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
სს ,,მ-----------------------------–-----------------------–ი’’-სა და მოპასუხე ე-–-------------–---–ს შორის 2016 წლის 14 სექტემბერს დადებული საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხემ მიიღო კრედიტი 2 600 აშშ დოლარის ოდენობით. სს ,,მ-----------------------------–-----------------------–ი’’-სა და მოპასუხე გ--–--–---–-----თან ამავე თარიღში გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გ--–--–---–-----მა იკისრა სოლიდარული თავდებობა ე-–-------------–---–ის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე, საერთო თანხით 3250 აშშ დოლარის ოდენობით.
მოპასუხე ე-–-------------–---–ის მიერ დარღვეული იქნა საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რომლის შესაბამისად და სხვადასხვა პერიოდში ვადაგადაცილებული დღეების მიხედვით, 2018 წლის 07 ნოემბრამდე დარიცხული იქნა პირგასამტეხლო საერთო ჯამში 259.51 აშშ დოლარის ოდენობით საკრედიტო ხელშეკრულების 7.1 მუხლის შესაბამისად.
მოპასუხეები გაფრთხილებულნი იქნენ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დავალიანების გადახდის შესახებ და გაეგზავნათ გაფრთხილების წერილი. 2018 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, მოპასუხეთა დავალიანება შეადგენს 2 578.23 აშშ დოლარს. მათ შორის ძირითადი თანხაა 1 949.25 აშშ დოლარი, დარიცხული პროცენტია 369.47 აშშ დოლარი, ხოლო ვადაგადაცილებულ დავალიანებაზე 30.11.2018-მდე დარიცხული ჯარიმა (პირგასამტეხლო) შეადგენს 259.51 აშშ დოლარს.
მოპასუხის განმარტებით, შემცირებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, მის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისთვის დავალიანების ძირითადი თანხის, მასზე დარიცხული სარგებლისა და შემცირებული პირგასამტეხლოს - 25.95 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.
2.მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ე-–-------------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო, დაეთანხმა მათ შორის საკრედიტო ხელშეკრულების არსებობის ფაქტს და მიუთითა მის მიერ ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებაზე. სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციით მოპასუხემ ცნო შემცირებული სასარჩელო მოთხოვნა სრულად როგორც ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის, სარგებლის და პირგასამტეხლოს, ასევე სამომავლოდ დასარიცხი პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში.
მოპასუხე გ--–--–---–-----ს სს ,,მ-----------------------------–-----------------------–ი’’-ს სარჩელთან მიმართებით შესაგებელი არ წარმოუდგენია.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 14 სექტემბერს სს ,,მ-----------------------------–-----------------------–ი’’-ს და ე-–-------------–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N1---, რომლის თანახმადაც მოპასუხის სახელზე 36 თვის ვადით გაიცა კრედიტი - 2 600 აშშ დოლარის ოდენობით.
ხელშეკრულების 2.4 პუნქტის თანახმად, კრედიტით სარგებლობისას მსესხებელი მისოს უხდის საპროცენტო სარგებელს წლიური 48%-ის ოდენობით.
ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად, კრედიტის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის თავისდროულად დაუბრუნებლობისას (გრაფიკის დარღვევისას) მსესხებელი იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამავე ხელშეკრულების 7.5 პუნქტის თანახმად, დავის განხილვისა და სააღსრულებო საქმისწარმოების დასრულებამდე ძირითად თანხაზე პროცენტებისა და ვადაგადაცილებულ თანხაზე ჯარიმის დარიცხვა არ წყდება. აღნიშნული ოდენობის თანხით გაიზრდება მისოს მოთხოვნა მსესხებლის მიმართ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ.15-20);
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ.21-22);
- სალაროს გასავლის ორდერი (ს.ფ. 23);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2016 წლის 14 სექტემბერს სს ,,მ-----------------------------–-----------------------–ი’’-ს და ე-–-------------–---–ს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების N1--- უზრუნველსაყოფად, ამავე თარიღში სს ,,მ-----------------------------–-----------------------–ი’’-სა და გ--–--–---–-----ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N1---.
ხელშეკრულების 1.3 პუნქტის თანახმად, თავდების პასუხისმგებლობა ,,მისო’’-ს წინაშე განისაზღვრება ძირითადი მოვალის მიერ მიღებულ საკრედიტო თანხაზე, ,,მისო’’-ს სასარგებლოდ მასზე დარიცხულ საპროცენტო სარგებელზე, საურავზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ა სხვა ვალდებულებების შესრულებაზე.
ამავე ხელშეკრულების 1.4 პუნქტის თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 3 250 აშშ დოლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ.27-31);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. მოპასუხე ე-–-------------–---–ის მიერ დარღვეულ იქნა 2016 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის ყოველთვიურად დადგენილი გრაფიკით გადახდის თაობაზე. მხარეთა შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულება შეწყდა 2018 წლის 30 ნოემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი (ს.ფ.24-26);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. 2018 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით მოპასუხე ე-–-------------–---–ს მოსარჩელე სს ,,მ-----------------------------–-----------------------–ი’’-ს მიმართ ერიცხებოდა დავალიანება 2 578.23 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 1 949.25 აშშ დოლარი, დარიცხული სარგებელი 369.47 აშშ დოლარი, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტამდე - 2018 წლის 30 ნოემბრამდე დარიცხული პირგასამტეხლო 259.51 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა (ს.ფ.32);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.5. მოპასუხე ელ-----------–---–-ა სარჩელი ცნო სრულად, კერძოდ მოპასუხემ სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის - 1 949.25 აშშ დოლარის, სარგებლის - 369.47 აშშ დოლარის, შემცირებული პირგასამტეხლოს - 25.95 აშშ დოლარის და ასევე შემცირებული ყოველდღიურად დასარიცხი პირგასამტეხლოს - 0.19 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების შესახებ წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოპასუხის ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავო არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო თვლის, რომ სს ,,მ-----------------------------–-----------------------–ი’’-ს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე, 361-ე, 400-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
უდავოა, რომ 2016 წლის 14 სექტემბერს სს ,,მ-----------------------------–-----------------------–ი’’-ს და ე-–-------------–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N1---, რომლის თანახმადაც მოპასუხის სახელზე 36 თვის ვადით გაიცა კრედიტი - 2 600 აშშ დოლარის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების თანახმად, საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა წლიური 48%-ით. ასევე უდავოა, რომ აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით მოსარჩელეს და მოპასუხე გ--–--–---–-----ს შორის ამავე თარიღში დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას. ვალდებულების ჯეროვანი, კეთილსინდისიერი შესრულების სტანდარტი მოქმედებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული დროის მიმართაც. ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულებისათვის დროის განსაზღვრა, ნიშნავს მხარეთა ინტერესს აღნიშნულ ვადაში ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, კრედიტორის ინტერესი ვალდებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში შესრულების მიმართ მტკიცებას არ საჭიროებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
განსახილველ შემთხვევაში ასევე დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულია სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველთვიური თანხის გადახდის ვალდებულება. ძირითადი მსესხებლის მიერ არის სადავოდ გამხდარი როგორც ძირითადი თანხის, ასევე მასზე დარიცხული სარგებლის ოდენობა. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მოვალისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის - 1 949.25 აშშ დოლარის და მასზე დარიცხული სარგებლის - 369.47 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, როგორც ძირითადი მოვალის, ასევე თავდების მიმართ.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ,,პრეზუმირებული მინიმალური ზიანის’’ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად, კრედიტის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის თავისდროულად დაუბრუნებლობისას (გრაფიკის დარღვევისას) მსესხებელი იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ასევე განისაზღვრა ხელშეკრულებით, რომ დავის განხილვისა და სააღსრულებო საქმისწარმოების დასრულებამდე ძირითად თანხაზე პროცენტებისა და ვადაგადაცილებულ თანხაზე ჯარიმის დარიცხვა არ წყდება. აღნიშნული ოდენობის თანხით გაიზრდება მისოს მოთხოვნა მსესხებლის მიმართ. აღნიშნულზე მითითებით მოსარჩელე მოითხოვს, როგორც უკვე დარიცხული, ასევე სამომავლოდ დასარიცხი პირგსამტეხლოს დაკისრებას მოპასუხეთათვის.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ შემცირებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში მმოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 25.95 აშშ დოლარი, ისევე როგორც სამომავლოდ მოთხოვნილი პირგსამტეხლოს ოდენობა არ არის შეუსაბამოდ მაღალი ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში, შესაბამისად, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ როგორც უკვე დარიცხული, ასევე სამომავლოდ დასარიცხი პირგასამტეხლოს გადახდა.
მოპასუხემ მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების გადადება სამ თვემდე ვადით ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით:
განსახილველ შემთხვევაში სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა. ამასთან, მოპასუხემ იშუამდგომლა გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით მისი ქონებრივი მდგომარეობის გამო მისი აღსრულების სამ თვემდე ვადით გადადების თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.
შესაბამისად, დასახელებული ნორმა ითვალისწინებს სასამართლოს შესაძლებლობას, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე და ორივე მხარის კანონიერ ინტერესთა ურთიერთშეჯერების შედეგად ერთჯერადად, არა უმეტეს 3 თვისა გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება, ასევე შეცვალოს გადაწყვეტილებით დადგენილი აღსრულების პირობები და საშუალება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე სარწმუნოდ დაასაბუთებს რაიმე ობიექტური გარემოების არსებობას ან მიუთითებს თავის მძიმე ქონებრივ მდგომარეობაზე, რაც, სასამართლოს შეფასებით, საფუძვლად დაედება გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებულ ზემოხსენებულ ღონისძიებათა გამოყენებას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონის დანაწესი არ უნდა განიმარტოს იმდაგვარად, რომ მხარის ფინანსური სიძნელეების არსებობა თავისთავად განაპირობებს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესსა და საშულებებში კანონით განსაზღვრული ცვლილების შეტანას. მითითებული ღონისძიებები ხელს უწყობს მხარის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულებას და სასამართლო დააკმაყოფილებს მხარის თხოვნას, თუ ეს უკანასკნელი დაასაბუთებს, რომ აღსრულების გადადება, განაწილვადება, მისი საშუალებისა და წესის შეცვლა გადაწყვეტილების აღსრულებას რეალურად დაეხმარება. ამგვარი საპროცესო ღონისძიებების განხორციელებისას მნიშვნელოვანია ორივე მხარის უფლებათა დაცვა. ამასთან, გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლამ არსებითი გავლენა არ უნდა მოახდინოს გადაწყვეტილებით დადგენილ სამართლებრივ შედეგზე.
სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების აღსრულების გადადებისა და განაწილვადებით, ფაქტობრივად მოვალეს ეძლევა შესაძლებლობა ნებაყოფლობით აღასრულოს გადაწყვეტილება. აღსანიშნავია, რომ ეს შესაძლებლობა გამოყენებული უნდა იქნეს ისეთ ობიექტურ ფაქტორებზე დაყრდნობით, რომ ამით გაუმართლებლად არ შეილახოს კრედიტორის ინტერესი. მითითებული ღონისძიება ხელს უწყობს მხარის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულებას. ამგვარი საპროცესო ღონისძიების განხორციელებისას მნიშვნელოვანია ორივე მხარის უფლებათა დაცვა. მართალია, კანონი მოვალის მძიმე ქონებრივი და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით უშვებს გადაწყვეტილების აღსრულების გადადებას, განაწილვადებას, მისი აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აღნიშნული ქმედებით უნდა გაუარესდეს კრედიტორის მდგომარეობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია მხარეთა თანასწორობის პრინციპზე და ამ პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა ორივე ურთიერთდაპირისპირებული მხარის ინტერესების თანაბრად გათვალისწინება ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულების დროს.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო თვლის, რომ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გადადებით დაცულია თანასწორობა ორივე მხარის ინტერესებს და კანონით დაცულ უფლებებს შორის. კერძოდ, ერთ მხარეზეა მოსარჩელის ინტერესი დროულად იქნეს უზრუნველყოფილი გადაწყვეტილების აღსრულება, რომელსაც იგი მიაღწევს მოვალის მხრიდან ნებაყოფლობითი შესრულებით, და მეორეს მხრივ, მოპასუხის ინტერესი, რომ თავიდან იქნეს აცილებული იძულებით აღსრულებასთან დაკავშირებული პროცედურები და შესაბამისად, მან შეძლოს თავისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით მოახდინოს დავალიანების დაფარვა, ისე რომ მისი სოციალური მდგომარეობა მკვეთრად არ გაუარესდეს. შესაბამისად, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის და ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია მისი აღსრულების გადადება მოპასუხის მიერ მითითებული ვადით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 265.44 ლარი (ს.ფ.41). ძირითადმა მსესხებელმა ცნო სარჩელი სრულად, შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრულად.
მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ი-----------–ი მომსახურების ღირებულის ანაზღაურება 150 ლარის ოდენობით. საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელის მიერ წარმომადგენლისთვის აღნიშნული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ს.ფ.42). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. აღნიშნულის თანახმად, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 150 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.სს ,,მი----------------------------–------------------------–ი’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს:
1.1.მოპასუხეებს ე-–-------------–---–ს და გ--–--–---–-----ს მოსარჩელე სს ,,მ-----------------------------–-----------------------–ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროთ სოლიდარულად 2016 წლის 14 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 1 949.25 აშშ დოლარის, სარგებლის - 369.47 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს - 25.95 აშშ დოლარის გადახდა;
1.2.მოპასუხეებს ე-–-------------–---–ს და გ--–--–---–-----ს მოსარჩელე სს ,,მ-----------------------------–-----------------------–ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროთ სოლიდარულად 2016 წლის 14 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 1 949.25 აშშ დოლარზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 12 თვის განმავლობაში, დასარიცხი პირგასამტეხლოს ყოველდღიური 0.01%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 0.19 აშშ დოლარს.
მოპასუხე გ--–--–---–-----ის პასუხისმგებლობა აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების ნაწილში შემოიფარგლოს არაუმეტეს 671.77 აშშ დოლარის ოდენობით;
2. მოსარჩელე სს ,,მ-----------------------------–-----------------------–ი’’-ს დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,თიბისი ბანკი’’-ში 2018 წლის 30 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 265.44 ლარი (გადამხდელი სს ,,მ-----------------------------–-----------------------–ი’’; ბანკის კოდი:TRESGE22, საგადასახადო დავალება N----------);
3. მოპასუხეებს ე-–-------------–---–ს და გ--–--–---–-----ს მოსარჩელე სს ,,მ-----------------------------–-----------------------–ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროთ სოლიდარულად მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 150 ლარის ანაზღაურება;
4. საქმეზე #2/36099-18 მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება გადავადდეს ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 თვემდე ვადით;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ლაკერბაია