გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.05.2019
საქმის ნომერი
010210116001218059
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
20.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010210116001218059

# 2-100/2016

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

10 აგვისტო, 2016 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - სალიხ შაინიძე

სხდომის მდივანი - ცირა ქარცივაძე

 

მოსარჩელე – ვა-------------–---–ი

წარმომადგენელი - რა------------–---–ი

 

მოპასუხე - ცი-----------–---–ი

მოპასუხე - სო----–------ე

წარმომადგენელი - ენ-----------

 

დავის საგანი: ქონების ყადაღისგან გათავისუფლება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ვა-------------–---–ი სასარჩელო განცხადებით მოითხოვს ყადაღისაგან გათავისუფლდეს მისი კუთვნილი შემდეგი ნივთები:

- ,,სამსუნგის“ ფირმის, შავი ფერის პლაზმური ტელევიზორი, კომპიუტერის კომპლექტი (სამსუნგის ფირმის მონიტორი, კლავიატურა, მაუსი, დინამიკები, ’’L.G’’-ის ფირმის ქეისი), ხის მაგიდა ღია ყავის ფერის, ტელევიზორის ღია ყავისფერი მაგიდა (2 მინის კარები), სამსუნგის ფირმის ღია ლურჯი ფერის სარეცხი მანქანა, ’’Wanger’’-ის ფირმის ვერცხლისფერი გაზქურა, ’’სამსუნგის’’ ფირმის მაცივარი, ღია ფერი ნაჭრის სამეული (1 დივანი, 2 სავარძელი), კომპიუტერის მაგიდა მინის ზედაპირით.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

- ვა-------------–---–ი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, მასთან ერთად ერთად ცხოვრობს მისი და ცი-----------–---–ი, მისამრთზე ქ. ბათუმი, ბ------------ს ქუჩა N65, მოსარჩელის განმარტებით მისი და ადრე ცხოვრობდა სხვაგან ნაქირავებ ბინაში და ქირის გადაუხდელობის გამო 6 თვის წინ გადავიდა მასთან საცხოვრებლად და მას რაიმე ნივთები არ მიუტანია მასთან.

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (2/1316-2014წ) სო----–------ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ცი-----------–---–ს სო----–------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა სესხის ძირითადი თანხა - 2600 აშშ დოლარი. ცი-----------–---–ს სო----–------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა სარგებელი 2920 აშშ დოლარის ოდენობით. ასევე ცი-----------–---–ს სო----–------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 290 ლარის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის და 320 ლარი წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ, აღნიშნულ გადაწყვეტილების (2/1316-2014წ) საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 12 ივნისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, დაწყო სააღსრულებო წარმოება და 2015 წლის 10 აგვისტოს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ აღიწერა და დაყადაღდა შემდეგი მოძრავი ნივთები: ,,სამსუნგის” ფირმის შავი ფერის პლაზმური ტელევიზორი, კომპიუტერის კომპლექტი (სამსუნგის ფირმის მონიტორი, კლავიატურა, მაუსი, დინამიკები, ’’L.G’’-ის ფირმის ქეისი), ხის მაგიდა ღია ყავის ფერის, ტელევიზორის ღია ყავისფერი მაგიდა (2 მინის კარებით), ,,სამსუნგის“ ფირმის ღია ლურჯი ფერის სარეცხი მანქანა, ’’Wanger’’-ის ფირმის ვერცხლისფერი გაზქურა, ’’სამსუნგის’’ ფირმის მაცივარი, ღია ფერი ნაჭრის სამეული (1 დივანი, 2 სავარძელი), კომპიუტერის მაგიდა მინის ზედაპირით.

- მოსარჩელე განმარტავს, რომ აღნიშნული ქონება დაყადაღებული იქნა ცი-----------–---–ის წინააღმდეგ დაწყებული აღსრულების უზრუნველსაყოფად. საქმეში მოვალეს წარმოადგენს ცი-----------–---–ი და არა მან, შესაბამისად მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში მითითებული ქონება არ წარმოადგენს ცი-----------–---–ის საკუთრებას. ნივთები ეკუთვნის მას, მისი შეძენილია. მისი და მუშაობს შპს „სა----------------ში“, ხელზე ასაღები თანხიდან ეჭრება 50% და ირიცხება აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის ანგარიშზე, ამდენად მას არ გააჩნია რაიმე შემოსავალი რომ შეეძინა აღნიშნული ნივთები, მითუმეტეს მის და მასთან საცხოვრებლად გადავიდა 6 თვის წინ და მასთან რაიმე საყოფაცხოვრებო ნივთი არ მიუტანია.

- შესაბამისად მიიჩნევს, რომ სხვისი ვალდებულების გამო მოსარჩელის კუთვნილ ნივთებზე ყადაღის დადება უკანონოა. აღნიშნულიდან გამომდინარე მოითხოვს მოძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე სო----–------ე სარჩელს არ ცნობს.

ის განმარტავს, რომ დაყადაღებული ნივთები ნამდვილად ეკუთვნის ცი-----------–---–ს.

2.2. მოპასუხე ცი-----------–---–მა შესაგებლი არ წარმოადგინა, ის სხდომაზე გამოცხადდა და სარჩელი ცნო მთლიანად და განმარტა, რომ რომ დაყადაღებული ნივთები მისი ძმის - ვა-------------–---–ის საკუთრებაა.

 

3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (2/1316-2014წ) სო----–------ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ცი-----------–---–ს სო----–------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა სესხის ძირითადი თანხა - 2600 აშშ დოლარი. ცი-----------–---–ს სო----–------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა სარგებელი 2920 აშშ დოლარის ოდენობით. ასევე ცი-----------–---–ს სო----–------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 290 ლარის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის და 320 ლარი წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ, აღნიშნულ გადაწყვეტილების (2/1316-2014წ) საფუძველზე ბათუმის საქალალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 12 ივნისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

- სააღსრულებო ფურცელი.

 

3.1.2. სო----–------ემ სააღსრულებო ფურცელი წარადგინა სააღსულებო ბიუროში და მის საფუძველზე ცი-----------–---–ის მიმართ დაიწყო აღსრულება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სააღსრულებო ფურცელი.

- ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი.

 

3.1.3. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით 2015 წლის 10 აგვისტოს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ლ-–---------------ის მიერ ცი-----------–---–ის ქონებრივი აქტივების დადგენის მიზნით გამოცხადდა მის საცხოვრებელ მისამართზე - ქ. ბათუმი, ბ------------ს ქუჩა №65-ში, სადაც აღწერა ბინაში განლაგებული ნივთები და დააყადაღა ,,სამსუნგის“ ფირმის, შავი ფერის პლაზმური ტელევიზორი, კომპიუტერის კომპლექტი (სამსუნგის ფირმის მონიტორი, კლავიატურა, მაუსი, დინამიკები, ’’L.G’’-ის ფირმის ქეისი), ხის მაგიდა ღია ყავის ფერის, ტელევიზორის ღია ყავისფერი მაგიდა (2 მინის კარები), სამსუნგის ფირმის ღია ლურჯი ფერის სარეცხი მანქანა, ’’Wanger’’-ის ფირმის ვერცხლისფერი გაზქურა, ’’სამსუნგის’’ ფირმის მაცივარი, ღია ფერი ნაჭრის სამეული (1 დივანი, 2 სავარძელი), კომპიუტერის მაგიდა მინის ზედაპირით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი.

 

3.1.4. ვა-------------–---–ის და ცი-----------–---–ი არიან და-ძმა. ისინი ერთად ცხოვრობენ გარკვეული დროიდან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. ვა-------------–---–ს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების მიერ გაცემული ცნობის თანახმად, დანიშნული აქვს მკვეთრად გამოხატული-პირველი ჯგუფის ინვალიდობის პენსია 1971 წლის 18 სექტემბრიდან უვადოდ, პენსიის ოდენობა თვეში შეადგენს 150 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების მიერ გაცემული ცნობა.

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.6. საქართველოს აჭარის ა.რ. შპს „სა---------------ის“ მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ცი-----------–---–ი ნამდვილად მუშაობს შპს „სა----------------ში“ და მის ხელზე ასაღები ხელფასიდან ყოველთვიურად 50 % უკავდება და ირიცხება აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის ანგარიშზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს აჭარის ა.რ. შპს „სა---------------ის“ მიერ გაცემული ცნობა.

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. ძირითადი სადავო საკითხია აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული მოძრავი ნივთების საკუთრების საკითხი. დასახელებული ნივთების მესაკუთრედ ყოფნის პრეტენზიას აცხადებს ვა-------------–---–ი. ის განმარტავს, რომ დაყადაღებული ქონება მას მისი შეძენილია და მისი საკუთრებაა, რასაც შესგებლით არ დაეთანხმა სო----–------ე.

 

სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად და გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს.

 

სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. გარდა ამისა, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლმა მხარეები დაავალდებულა, რომ თვითონვეა დაამტკიცონ გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებენ თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის დაცვით წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ დაკისრებული ფაქტობრივი გარემოების ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოძრავი ნივთების საკუთრების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეებს ეკისრება. ამ საკითხის მტკიცების ტვირთი მოპასუხეს არ ეკისრება. მოსარჩელეებმა თვითონ უნდა წარმოადგინონ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სარჩელში მითითებული ნივთები მათი საკუთრებაა. მხარეებს ნივთების საკუთრებასთან დაკავშირებით ერთმანეთის საწინააღმდეგო არგუმენტები აქვთ. როდესაც მხარეები დაობენ ნივთების კუთვნილებაზე, ასეთ შემთხვევაში ნივთების კუთვნილების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს.

 

მტკიცებულებათა ანალიზით სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტები მასზედ, რომ მოვალის ქონების აღწერის და ყადაღის დადების შესახებ აქტში მითითებული მოძრავი ნივთები: ,,სამსუნგის“ ფირმის, შავი ფერის პლაზმური ტელევიზორი, კომპიუტერის კომპლექტი (სამსუნგის ფირმის მონიტორი, კლავიატურა, მაუსი, დინამიკები, ’’L.G’’-ის ფირმის ქეისი), ხის მაგიდა ღია ყავის ფერის, ტელევიზორის ღია ყავისფერი მაგიდა (2 მინის კარები), სამსუნგის ფირმის ღია ლურჯი ფერის სარეცხი მანქანა, ’’Wanger’’-ის ფირმის ვერცხლისფერი გაზქურა, ’’სამსუნგის’’ ფირმის მაცივარი, ღია ფერი ნაჭრის სამეული (1 დივანი, 2 სავარძელი), კომპიუტერის მაგიდა მინის ზედაპირით მისი საკუთრებაა.

სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის შინაარსზე, რომლის მიხედვითაც ,,1. მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. 2. ნივთის გადაცემად ითვლება: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება”.

 

სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის მიხედვით მოძრავი ნივთების საკუთრება დამოკიდებულია მისი შეძენის დროს გამოვლენილ ნამდვილ ნებაზე. თუ ნივთი შემძენმა შეიძინა გამსხვისებლის ნამდვილი ნების გამოვლენის შემდეგ, ითვლება, რომ შემძენი ნივთის მიღების შემდეგ მისი მესაკუთრეა. უძრავ ქონებათაგან განსხვავებით მოძრავი ნივთის შეძენა არაა დამოკიდებული გარიგების წერილობით ფორმაზე და შესაბამის ორგანოში რეგისტრაციაზე, ამიტომ მოძრავი ნივთის საკუთრებასთან დაკავშირებით დავის დროს საკუთრების საკითხის გადაწყვეტა გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. არსებობს პრეზუმპცია იმისა, რომ ნივთი იმ პირის საკუთრებაა, ვინც მას ფლობს შეძენისას გამოვლენილი ნამდვილი ნების საფუძველზე. მფლობელობა არ წარმოადგენს საკუთრების დადგენისას გადამწყვეტ გარემოებას. მფლობელი შეიძლება სულაც არ იყოს მესაკუთრე, მაგრამ დავის არსებობისას ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მესაკუთრე თუ არ დადგინდება ამის საწინააღმდეგო გარემოება.

 

მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ მას შემდეგ მოხდა მოძრავი ქონების დაყადაღება და აღწერა, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2014 წლის 20 ოქტომბერს ცი-----------–---–ს დააკისრა თანხის გადახდა. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთები ეკუთვნის მას და მისი საკუთრებაა,სასამართლო განმარტავს, რომ მოძრავი ნივთების კუთვნილების დადგენა რთულია. მოძრავი ნივთების საკუთრების დადენა დკავშიებულია ვარაუდთან. ანუ ივარაუდება, რომ ნივთის მესაკუთრეა ის, ვინც მას ფლობს. საქმეზე ამ გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება არ მოიპოვება, რის გამოც დადგენილად უნდა იქნას მიჩნეული, რომ ნივთების მესაკუთრეა ვა-------------–---–ი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოწმეთა ჩვენება.

- მხარეთა განმარტებები.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

წარმოდგენილი მტკიცებულებათა განხილვისა და შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

- ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის თანახმად თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ამასთანავე სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მიზანია საქართველოს სკ-ის 170-ე მუხლის მოთხოვნის რეალიზება. კერძოდ მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა.

 

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ დაყადაღებული ქონება მისი საკუთრებაა და რომ მათზე საკუთრების უფლება გააჩნია მხოლოდ მას. აღნიშნულის გამო ისარგებლა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებით, ასევე ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებით და სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.

 

6.2. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი წინადადებით „სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის გარეშე,“ ამავე კანონის 25-ე მუხლით აღსრულება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მაშინ, თუ პირები, რომელთა სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ უნდა მოხდეს აღსრულება, კონკრეტულად არიან დასახელებულნი სააღსრულებო ფურცელში და სასამართლო სააღსრულებო ფურცელს მისცემს კრედიტორს. ამავე კანონის 26-ე მუხლით სასამართლო აღმასრულებელი სააღსრულებო მოქმედებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან და უცხოელთა საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებით – საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

 

დადგენილია, რომ ყადაღის დადების საფუძველია ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 12 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც ცი-----------–---–ის წინააღმდეგ სო----–------ის სასარგებლოდ დაიწყო აღსრულება.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით „გადაწყვეტილების აღსრულების დაწყებისას სასამართლო აღმასრულებელი მოვალეს უგზავნის წინადადებას გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. ეს წინადადება მოვალეს ჩაბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, ხოლო ფულის ან ქონების გადახდევინებისას წინადადების ჩაბარებასთან ერთად სასამართლო აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების აღწერას ან დაყადაღებას ამ კანონით დადგენილი წესით.“ ამავე მუხლის მესამე ნაწილით სასამართლო აღმასრულებელი მოვალისათვის წინადადების ჩაბარებისას აფრთხილებს მას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების დაწესებულ ვადებში ნებაყოფლობით შეუსრულებლობას მოჰყვება იძულებითი აღსრულება. აღსრულების ხარჯებს მოვალე გაიღებს. ცი-----------–---–მა გადაწყვეტილება ნებაყოფილებით არ აღასრულა. აღმასრულებელმა დაადგინა, რომ ის ცხოვრობს ქ. ბათუმი, ბ------------ს №65-ში. მიიჩნია, რომ მისი საცხოვრებელ მისამართზე მდებარე მოძრავი ნივთები მისი საკუთრებაა, რის გამოც გამოცხადდა დასახელებულ მისამართზე და საცხოვრებელ მისამართზე მოძრავი ნივთები აღწერა და დააყადაღა.

 

6.3. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 40-ემუხლი თანახმად მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში.

 

აღმასრულებელის ამ მოქმედების აუცილებლობა ნაკარნახევი იყო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფით. ცი-----------–---–ი ნებაყოფილებით არ იხდიდა დაკისრებულ თანხას, ამიტომ მან დააყადაღა მის საცხოვრებელ მისამართზე განთავსებული ქონება და შესაძლებელი გახადა ამ ქონების მეშვეობით გადაწყვეტილების აღსრულება. დასახელებული ნორმებისა

და ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით სასამართლო თვლის, რომ აღსრულება დაიწყო სწორად.

 

სარჩელის საფუძვლიანობისა და დასაბუთებულობისათვის მთავარი საკითხია დადგინდეს ქონებაზე ყადაღის დადებით ილახება თუ არა მესამე პირის ინტერესი, მესამე პირი, რომლის ინტერესიც ილახება, ყადაღის დადების მომენტისათვის უნდა წარმოადგენდეს ქონების მესაკუთრეს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ქონების საკუთრების უფლება დგინდება საჯარო რეესტრის ჩანაწერით. მოძრავი ნივთების საკუთრების უფლება კი დგინდება ნივთის ფაქტობრივი მფლობელობით. იმის დასადასტურებლად, რომ დაყადაღებული ქონება მოსარჩელის საკუთრებაა, მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს თვით მოსარჩელემ. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოვალის ქონების აღწერის და ყადაღის დადების შესახებ აქტში მითითებული მოძრავი ნივთები წარმოადგენს ვა-------------–---–ის საკუთრებას. მტკიცებულებათა ანალიზით სასამართლომ დაადგინა, რომ დაყადაღებული ნივთები ეკუთვნის ვა-------------–---–ს, მისი მესაკუთრე არაა ის პირი, ვისაც სო----–------ის ვალი აქვს. შესაბამისად ამ ნივთებით გადაწყვეტილების აღსრულება ეწინააღმდეგება გადაწყვეტილების აღსრულების მიზანსა და წესს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1 „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში დავის საგნის ღირებულების მიხედვით საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 ლარს. მოსარჩელე კანონის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებულია, შესაბამისად, იგი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდისაგან ასევე გათავისუფლებულია. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, და ასევე დაკმაყოფილდა განცხადება უზრუნველყოფის გამოყენებაზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით სახ. ბაჟის გადახდა, ჯამში 150 ლარის ოდენობით, უნდა დაეკისროს მოპასუხეებს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის

 

განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ - უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი კმაყოფილდება, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი და უცვლელი უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3 თებერვლის განჩინებით (საქმე #2-100/2016) გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 264-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გადაწყვიტა:

 

1. ვა-------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ლ-–---------------ის მიერ, მისამართზე ქ. ბათუმი, ბ------------ს ქუჩა N65-ში, 2015 წლის 10 აგვისტოს აღწერა დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული შემდეგი ნივთები გათავისუფლდეს ყადაღისაგან:

- ,,სამსუნგის“ ფირმის, შავი ფერის პლაზმური ტელევიზორი, კომპიუტერის კომპლექტი (სამსუნგის ფირმის მონიტორი, კლავიატურა, მაუსი, დინამიკები, ’’L.G’’-ის ფირმის ქეისი), ხის მაგიდა ღია ყავის ფერის, ტელევიზორის ღია ყავისფერი მაგიდა (2 მინის კარები), სამსუნგის ფირმის ღია ლურჯი ფერის სარეცხი მანქანა, ’’Wanger’’-ის ფირმის ვერცხლისფერი გაზქურა, ’’სამსუნგის’’ ფირმის მაცივარი, ღია ფერი ნაჭრის სამეული (1 დივანი, 2 სავარძელი), კომპიუტერის მაგიდა მინის ზედაპირით.

3. მოპასუხეებს - ცი-----------–---–ს და სო----–------ეს სახელმწიფო ბაჟის სახით, სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 150 ლარის გადახდა.

4. საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3 თებერვლის განჩინებით (საქმე2-100/2016) გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში, უცვლელი.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30).

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: სალიხ შაინიძე