გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/25246-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
03.05.2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მაკა ჭედია
სხდომის მდივანი კახა კომლაძე
მოსარჩელე სა---------–----–-----------------------------
წარმომადგენელი და--------------
მოპასუხე სს „ს--------------------------–---“
წარმომადგენელი ალ--------------------
დავის საგანი სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე სს „ს--------------------------–---სათვის“ მოსარჩელე სა---------–----–-----------------------------ს სასარგებლოდ 35 600 ლარის გადახდის დაკისრება.
სა---------–----–-----------------------------სა და სს „ს--------------------------–---ს“ შორის 2017 წლის 22 მარტს გაფორმებული N2-- ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება განეხორციელებინა წინამდებარე ხელშეკრულების დანართი N2-ით განსაზღვრული შ-----------------------------ს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურება.
2017 წლის 23 ოქტომბერს ქ. თბილისში, კ-----------------–--–ზე მომხდარი ავტოავარიის დროს, დაზიანდა სა---------–----–-----------------------------ს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა „ტოიოტა ჰაილუქსი“ (სახ. ნომრით: B--------), აღნიშნული ავტომანქანა დაზღვეული იყო ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში. სადაზღვევო კომპანიამ უარი განაცხადა ზიანის ანაზღაურებაზე. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ზიანის ოდენობა შეადგენს 9900 ლარს
2017 წლის 18 ოქტომბერს ხ-–----------------ის საავტომობილო გზაზე, ღამის საათებში მომხდარი ავტოავარიის დროს დაზიანდა შ-----------------------------ს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა „ჰიუნდაი ელანტრა“ (სახ. ნომრით: F------), აღნიშნული ავტომანქანა დაზღვეული იყი ზემოაღნიშნული დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში. სადაზღვევო კომპანიამ უარი განაცხადა ზიანის ანაზღაურებაზე. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ზიანის ოდენობა შეადგენს 16 200 ლარს.
2017 წლის 21 აპრილს, ქ. თბილისში, მ-------------–---------------ზე მომხდარი ავტოავარიის დროს დაზიანდა შ-----------------------------ს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა „შკოდა ოქტავია: (სახ. ნომრით: F------), რომელიც დაზღვეული იყო ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში. სადაზღვევო კომპანიამ უარი განაცხადა ზიანის ანაზღაურებაზე. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ზიანის ოდენობა შეადგენს 9500 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა.
მძღოლი კ------–------, შ-----------------------------ს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა "ტოიოტა ჰაილუქსი" სახ. ნომრით: B------ მართვისას, გადავიდა საპირისპირო მოძრაობის სავალ გზაზე და შეეჯახა საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ავტომანქანას. შემთხვევა განაპირობა დაზღვეული ავტომანქანის მძღოლის მიერ "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი მოთხოვნის უგულებელყოფამ, რომლის თანახმად, მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა, ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით.
გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებით, დასტურდება, რომ შ-----------------------------ს ბალანსზე რიცხული ავტომანქანის "ჰიუნდაი ელანტრას" მძღოლმა გ--------------მ, დაახლოებით 90 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე უკნიდან შეეჯახა თანმხვედრი მიმართულებით მის წინა დაახლოებით 40 კმ/სთ სიჩქარით მოძრავ ავტომობილს. დადგინა დაზღვეული ავტომანქანის მძღოლის მიერ საგზაო წესების დარღვევა.
სადაზღვევო კომპანიამ უარი თქვა ანაზღაურებაზე, სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლიდან გამომდინარე, რადგან ზემოაღნიშნულ ორივე შემთხვევაში, ავტომანქანის დაზიანება გამოწვეულია მძღოლების უხეში გაუფრთხილებლობით, კერძოდ, მათ მიერ საგზაო წესების დარღვევის შედეგად.
დაზღვევის ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული მზღვეველის ვალდებულება აანაზღაუროს დაზღვეული ავტომანქანის მძღოლის განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით მიყენებული ზიანი.
მესამე შემთხვევის შეტყობინების ვალდებულება შესრულდა 7 დღის დაგვიანებით, რაც შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სა---------–----–-----------------------------სა და სს „ს--------------------------–---ს“ შორის 2017 წლის 22 მარტს გაფორმდა N2-- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება განეხორციელებინა წინამდებარე ხელშეკრულების დანართი N2-ით განსაზღვრული შ-----------------------------ს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურება.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
ხელშეკრულება N2--.
3.1.2. 2017 წლის 11 აპრილს, ქ. თბილისში, მ-------------–---------------ზე მომხდარი ავტოავარიის დროს დაზიანდა შ-----------------------------ს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა „შკოდა ოქტავია: (სახ. ნომრით: F------), რომელიც დაზღვეული იყო ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.
სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ზიანის ოდენობა შეადგენს 9500 ლარს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის
დასკვნა.
3.1.3. 2017 წლის 15 ოქტომბერს ხ-–----------------ის საავტომობილო გზაზე, ღამის საათებში მომხდარი ავტოავარიის დროს დაზიანდა შ-----------------------------ს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა „ჰიუნდაი ელანტრა“ (სახ. ნომრით: F------), აღნიშნული ავტომანქანა დაზღვეული იყი ზემოაღნიშნული დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში.
სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ზიანის ოდენობა შეადგენს 16 200 ლარს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის
დასკვნა.
3.1.4. 2017 წლის 23 ოქტომბერს ქ. თბილისში, კ-----------------–--–ზე მომხდარი ავტოავარიის დროს, დაზიანდა სა---------–----–-----------------------------ს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა „ტოიოტა ჰაილუქსი“ (სახ. ნომრით: B--------), აღნიშნული ავტომანქანა დაზღვეული იყო ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.
სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ზიანის ოდენობა შეადგენს 9900 ლარს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის
დასკვნა.
3.1.5. სს "ს--------------------------–----" სამი შემთხვევის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა.
2017 წლის 11 აპრილის საგზაო შემთხვევის შედეგად, დაზიანებული დაზღვეული ავტომანქანის ზიანის ანაზღაურებაზე, სადაზღვევო კომპანიის უარი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სადაზღვევო შემთხვევის შეტყობინების ვალდებულება შესრულდა 7 დღის დაგვიანებით.
2017 წლის 15 ოქტომბრისა და 23 ოქტომბრის საგზაო შემთხვევების შედეგად დაზიანებული ავტომანქანების "HYUNDAI ELENTRA" და "TOYOTA HILUX"-ის დაზიანების გამო, ზიანის ანაზღაურებაზე, უარის თქმის საფუძვლად სადაზღვევო კომპანიამ მიუთითა, რომ დაზღვეული ავტომანქანების მძღოლების ქმედებები, მათ მიერ საგზაო წესების დარღვევა, წარმოადგენს უხეშ გაუფრთხილებლობას, რაც სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის საფუძველზე, მზღვეველის სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების ვალდებულების შესრულებისაგან გათავისუფლების საფუძველია.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
სადაზღვევო კომპანია "ა-–----" წერილები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეთა ნების შესაბამისი განმარტების შედეგად, სასამართლომ დაადგინა, რომ დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად, სადაზღვევო ანაზღაურებას ექვემდებარება მძღოლის ბრალით, გარდა განზრახი ბრალისა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად წარმოქმნილი ზიანი.
მხარეთა შორის სადავოა დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული რისკის შედეგად ქონების დაზიანებისა და შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ფაქტი დაზღვეული შ---ს ბალანსზე რიცხული ავტომანქანების "HYUNDAI ELENTRA" და "TOYOTA HILUX"-ის მონაწილეობით, მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებში, კერძოდ, სადავოა ხელშეკრულებით შეთანხმებული სადაზღვევო რისკებში ასახული ერთ-ერთი გარემოების შინაარსი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლი ადგენს ნების გამოვლენის განმარტების წესს, კერძოდ: ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ნება უნდა განიმარტოს იურიდიულ-დოგმატური მეთოდოლოგიის (ე.ი. გარიგებათა განმარტების მეთოდოლოგიის) საფუძველზე. არსებობს განმარტების „სუბიექტური“ (ანუ ნების) და „ობიექტური“ (ანუ გამოხატვის) თეორიები. ნების თეორიის საფუძველზე თითოეული ხელშეკრულების შემთხვევაში ხელშეკრულების პირობების ანალიზის შედეგად უნდა განიმარტოს მხარეთა ნამდვილი ნება. მიზანია, დავის შემთხვევაში გაირკვეს, რა განზრახვა ჰქონდათ მხარეებს ხელშეკრულების დადებისას და როგორ უნდა გავიგოთ ხელშეკრულების სადავო გამონათქვამი. გამოხატვის თეორია უპირატესობას ანიჭებს ნების გარეგნულ გამოხატულებას, ე.ი. გამოხატვას და ამას ხსნის იმით, რომ სამართლებრივი ურთიერთობების სტაბილურობა სხვაგვარად წარმოუდგენელია. რთულია შემთხვევები, როცა მხარეებმა ხელშკრულების დადების დროს კი განსაზღვრეს გარკვეული პორობა, მაგრამ თითოეულმა მათგანმა მასში განსხვავებული აზრი ჩააქსოვა ანდა ერთ-ერთს მოგვიანებით შეეცვალა აზრი ნაგულისხმევზე. ასეთ შემთხვევაში შეუძლებელია საუბარი მხარეთა „საერთო ნებაზე“. გადამწყვეტი ამ დროს არის ის მნიშვნელობა, რომელსაც გონიერი ადამიანი მოცემულ გამონათქვამს მიანიჭებდა და უნდა წარმოვიდგინოთ, თუ რა მნიშვნელობას მიანიჭებდა იგი გამოთქმულ პირობას საქმის კონკრეტულ, მნიშვნელოვან გარემოებათა გათვალისწინებით. “ნების გონივრული განსჯა” ნიშნავს სადავო გამონათქვამის იმ მნიშვნელობის დადგენას, რომელსაც გონიერი ადამიანი ანალოგიურ პირობებში მიანიჭებდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 338-ე მუხლით, ხელშეკრულებაში ურთიერთგამომრიცხველი ან მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამების დროს უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ გამონათქვამს, რომელიც ყველაზე მეტად შეესატყვისება ხელშეკრულების შინაარსს. შესაბამისად, სასამართლომ განმარტებისას უპირატესობა უნდა მიანიჭოს იმ გამონათქვამს, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება ხელშეკრულების შინაარსს, მის სხვა პირობებში ასახულ მიზნებს.
დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად, ერთ-ერთი სადაზღვევო რისკია ავტოსაგზაო შემთხვევა (არა აქვს მნიშვნელობა ვისი მიზეზით მოხდება ავარია).
სასამართლო განმარტავს, რომ მიზეზობრივი კავშირი, მიზეზობრიობა, ასევე კაუზალობა სამართალში ეწოდება მიზეზშედეგობრივ დამოკიდებულებას პირის რაიმე ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
ავტომობილის მართვა საკმაოდ რისკის შემცველი საქმიანობაა. ავტო-საგზაო შემთხვევის მიზეზი შეიძლება იყო მრავალი ფაქტორი, საგზაო წესების დარღვევა, მათ შორის გადაჭარბებული სიჩქარე, ალკოჰოლის გავლენის ქვეშ ყოფნა, საგზაო ნიშნების დაუმორჩილებლობა, ცუდი ამინდი (თოვლი, წვიმა, ნისლი) და სხვა.
ხელშეკრულების სადავო შეთანხმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სადაზღვევო კომპანიის მიერ ასანაზღაურებელი შემთხვევაა ავტომანქანის დაზიანება -ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რაც გამოწვეულია დაზღვეული მძღოლის და არა ავტომანქანის ექსპლუატაციის მიზეზით, ანუ მძღოლის ქმედების შედეგად. ბრალეულობა ქმედების შემადგენლობის ელემენტია და შესაბამისად ქმედება მოიცავს ბრალეულობასაც. ამ შემთხვევაში, ხელშეკრულებაში არ არის ქმედების ხარისხზე მითითება. ამასთან, სტანდარტულ გამონაკლისებში, დაზღვეული არ არის შემთხვევა, რომელიც მოხდა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული უფლებამოსილი მძღოლის ალკოჰოლური ან ნარკოტიკული (ფსიქოტროპული) ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დროს. უფლებამოსილი მძღოლის თვითმკვლელობა ან თვითმკვლელობის მცდელობა ან ისეთი განზრახი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავდა შემთხვევით გამოწვეული შედეგის დადგომას.
სადაზღვევო ხელშეკრულებით ნათელია, რომ დაზღვეული მაქსიმალურად ეცადა თავიდან აეცილებინა ის მატერიალური ზიანი, რაც ავტომობილს, როგორც მომეტებული საფრთხის წყაროს ექსპლუატაციისას მოსალოდნელი რისკებიდან შეიძლება მისდგომოდა. დაზღვეულ იქნა როგორც ბრალეული, ასევე ბრალის გარეშე დამდგარი ზიანიც და დაზღვეული დათანხმდა შეთავაზებულ საგამონაკლისო შემთხვევებზეც, მხოლოდ განზრახი ქმედების შემთხვევაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომანქანის დაზიანება, არ განიხილებოდა სადაზღვევო შემთხვევად.
ასეთ ვითარებაში გარიგების ნორმების შინაარსობრივი, მხარეთა ნების შესაბამისი განმარტების შედეგად, სასამართლომ დაადგინა, რომ სადაზღვევო ანაზღაურებას ექვემდებარება მძღოლის ბრალით, მათ შორის უხეში გაუფრთხილებლობით (გარდა განზრახი ბრალისა და სხვა საგამონაკლისო შემთხვევებისა) ავარიის შედეგად წარმოქმნილი ზიანი.
3.2.2. სა---------–----–-----------------------------ს ბალანსზე რიცხული დაზღვეული ავტომანქანების "HYUNDAI ELENTRA" და "TOYOTA HILUX"-ის მონაწილეობით, ავტოსაგზაო შემთხვევებისას, არ დგინდება დაზღვეული ავტომანქანების მძღოლების კ------–------სა და გ-------------------ზრახი ქმედებები, რომელიც მიზნად ისახავდა შემთხვევით გამოწვეული შედეგის დადგომას.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ მე-10 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართლდარღვევა გაუფრთხილებლობით ჩადენილად ჩაითვლება, თუ მისი ჩამდენი ითვალისწინებდა თავისი მოქმედების ან უმოქმედობის მავნე შედეგების დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ ქარაფშუტულად ვარაუდობდა მათ თავიდან აცილებას ან არ ითვალისწინებდა ასეთი შედეგების დადგომის შესაძლებლობას, თუმცა უნდა გაეთვალისწინებინა და შეეძლო კიდეც გაეთვალისწინებინა ისინი.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2018 წლის 05 მარტის დადგენილებიდან ირკვევა, რომ 2017 წლის 15 ოქტომბერს, ხ-–----------––-------–-ს საავტომობილო გზის მე-2 კმ/ზე, ხ-–-----ს რაიონის სოფელ ც----------თან, ხ-–-----დან ბო--------ს მიმართულებით, მოძრაობისას "ჰიუნდაის" მარკის ავტომობილის სახ. ნომრით: F------, მართვის დროს მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-11 პუნქტის მოთხოვნები და უკნიდან შეეჯახა თანხმვედრი მიმართულებით, მის წინ მოძრავ ავტომანქანას. (იხ. დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ).
შ-- საპარტულო პოლიციის დეპარტამენტის, 2018 წლის 14 მაისისა და 29 ივნისის წერილებიდან ირკვევა, რომ ავტომანქანა "TOIOTA HILUX"-ის მონაწილეობით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება არ დასრულებულა, ხოლო გამოძიებით დადგინდა, რომ შ-----------------------------ს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა, რომელსაც მართავდა შ--------------------–-------–-------------------------–-----------------------–----------------–------------------------------------------------–--------–---–----ი (მძღოლი) კ------–------ გადავიდა საპირისპირო მოძრაობის სავალ გზაზე და შეეჯახა შემხვედრ მოძრავ ავტომანქანას. (იხ. წერილები).
საქმეში წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ორივე საგზაო შემთხვევისას, რომლებშიც მონაწილეობდნენ დაზღვეული ავტომანქანები, დადგენილია, დამზღვევის უფლებამოსილი მძღოლების მიერ საგზაო წესების დარღვევა. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული მტკიცებულებებით, არ დასტურდება, მძღოლების განზრახვა, მიეყენებინათ ზიანი დაზღვეული ავტომანქანებისათვის.
ამდენად, არ დგინდება, დამზღვევის უფლებამოსილი მძღოლების ისეთი განზრახი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავდა შემთხვევით გამოწვეული შედეგის დადგომას.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 799-ე, 820-ე,821-ე, 814-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 820-ე მუხლის თანახმად, ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით. ამავე კოდექსის 821-ე მუხლით მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, მზღვეველს წარმოეშობა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გაგებისთანავე დამზღვევი მოვალეა აცნობოს ამის შესახებ მზღვეველს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მზღვეველს შეუძლია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ მოსთხოვოს დამზღვევს ყოველგვარი ცნობა, რომელიც კი აუცილებელია სადაზღვევო შემთხვევის ან მოვალეობის მოცულობის დასადგენად. მე-3 ნაწილის თანახმად, მზღვეველს არ შეუძლია დაეყრდნოს შეთანხმებას, რომლითაც იგი თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან, თუ დამზღვევი არ შეასრულებს შეტყობინების მოვალეობას, მაგრამ ამით მზღვეველის ინტერესები არსებითად არ დაირღვა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლის მე-4 ნაწილით, მზღვეველმა თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს სადაზღვევო შემთხვევის დადგენისა და საზღაურის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ.
სასამართლო მიუთითებს, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გაგებისთანავე, დამზღვევს კანონმდებელი იმიტომ აკისრებს შეტყობინების ვალდებულებას, რომ შეიძლება სადაზღვევო შემთხვევა დადგეს, მაგრამ დაზღვევმა იგი დადგომისთანავე ვერ შეიტყოს. თუ დამზღვევი დროულად არ შეატყობინებს სადაზღვევო კომპანიას სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ, შეტყობინების დაგვიანების გამო მზღვეველს შეუძლია უარი განაცხადოს სადაზღვევო საზღაურის გაცემაზე. სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ხშირად შეუძლებელია სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ზუსტი განსაზღვრა, ასეთი შემთხვევის გამომწვევი გარემოებების დადგენა და ა.შ. მზღვეველის განთავისუფლება სადაზღვევო საზღაურის გაცემისაგან შეიძლება დადგენილ იქნეს დაზღვევის ხელშეკრულებით. მაგრამ, თუ დამზღვევის მიერ სადაზღვევო შემთხვევის შეტყობინების ვალდებულების დარღვევით, მზღვეველის ინტერესები არსებითად არ დაირღვა, მაშინ, ზემოაღნიშნული შეთანხმების მიუხედავად, მზღვეველი მაინც მოვალეა გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შეტყობინების ვალდებულება შესრულდა შემთხვევიდან 7 დღის შემდეგ. დადგენილია, დამზღვევისათვის დაზღვეული ავტომანქანის დაზიანებით მიყენებული ზიანის ოდენობა და შემთხვევის გამომწვევი გარემოებები. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, დამზღვევის სა---------–----–-----------------------------ს მიერ შემთხვევის შესახებ შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობით, მზღვეველის ინტერესები არსებითად არ დარღვეულა, რაც მზღვეველს სადაზღვევო ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს.
განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სადაზღვევო შემთხვევა, დაზღვევის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, სს "ს--------------------------–---" ვალდებულია აუნაზღაუროს დამზღვევს სა---------–----–-----------------------------ს სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანი.
უსაფუძვლოა, დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმა, სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლზე მითითებით, რადგან მართალია, აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს მზღვეველის ვალდებულების შესრულებისაგან გათავისუფლებას იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო შემთხვევა მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით იქნა გამოწვეული, მაგრამ მას არ შეიძლება იმპერატიული მნიშვნელობა მივანიჭოთ, ვინაიდან, თავად ხელშეკრულებით, როგორც სასამართლომ დაადგინა, დაზღვეულ იქნა მძღოლის ბრალით დამდგარი ზიანი და განისაზღვრა ამ წესისაგან საგამონაკლისო შემთხვევები (სტანდარტული გამონაკლისები).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული რისკის შედეგად ქონების დაზიანების და შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ფაქტი. საქმის მასალებით არ დასტურდება რაიმე ისეთი გარემოება (გამონაკლისი), რაც მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება გახდეს.
მოცემულ შემთხვევაში სახეზეა: მხარეთა შორის დაზღვევის ხელშეკრულება; დამზღვევის მიერ სადაზღვევო პრემიის გადახდა; სადაზღვევო შემთხვევების დადგომა; სადაზღვევო შემთხვევებით დაზიანებული დაზღვევის საგანი. ამდენად, საფუძვლიანია სარჩელი სადაზღვევო შემთხვევების დადგომით მიყენებული ზიანის შეთანხმებული პირობების შესაბამისად ანაზღაურების თაობაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის წინასწარი გადახდისაგან ”სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ”უ” ქვეპუნქტის შესაბამისად.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 35 600 ლარის 3%-ის - 1068 ლარის გადახდა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სა---------–----–-----------------------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. დაეკისროს მოპასუხე სს "ს--------------------------–---ს" მოსარჩელე სა---------–----–-----------------------------ს სასარგებლოდ 35 600 ლარის გადახდა.
3. დაეკისროს სს "ს--------------------------–---ს" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 1068 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაკა ჭედია