გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.05.2019
საქმის ნომერი
010210016001257556
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010210016001257556

№2-468/2016

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15 დეკემბერი, 2017 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - სალიხ შაინიძე

სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე

მოსარჩელე - შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–ი’’

წარმომადგენელი - თა---–---------–---

მოპასუხე - ნა----------

მოპასუხე - ს-------------ე

წარმომადგენელი - ლე------------ე

დავის საგანი - სესხის ძირითადი თანხის, სარგებლის და პირგასამტეხლოს დაკისრება. იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ნა----------ს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–ის’’ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 8418.67 აშშ დოლარის გადახდა. რომელშიც შედის სესხის ძირი დავალიანება - 4995 აშშ დოლარის ოდენობით, 2016 წლის 12 ინვრამდე დარიცხული პროცენტი - 2482.22 აშშ დოლარი, 2016 წლის 12 იანვრმდე დარიცხული პირგასამტეხლო - 941.45 აშშ დოლარის ოდენობით.

1.2. ნა----------ს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–ის’’ სასარგებლოდ ყოველთვიურად გადასახდელად დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის - 4995 აშშ დოლარის 3%-ის 149.85 აშშ დოლარის გადახდა 12.01.2016 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების სრულ აღსრულებამდე.

1.3. ნა----------ს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–ის’’ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 2016 წლის 12 იანვრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 4995 აშშ დოლარის 0,07%-ის სასამართლო გადაწყვეტილების სრულ აღსრულებამდე.

1.4. თანხების ამოღება მოხდეს სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ნა----------ს საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, (რომელიც განახლებული ამონაწერის მიხედვით უკვე წარმოადგენს ს-------------ის), მდებარე ბათუმი, მ----------ს ქუჩა N79, ს/კ #05.2-.31.0--, იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარავად, დარჩენილი დავალიანების ნაწილში აღსრულება გაგრძელდეს მოპასუხე ნა----------ს საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონებიდან.

1.5. ნა----------ს გადასახდელად დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი 500 ლარის ოდენობით.

1.6. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ სესხის ზირი ტანხისა და სარგებლის/პროცენტის ნაწილში.

 

3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ნა----------ს და შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–ს’’ შორის 2014 წლის 15 აპრილს გაფორმდა საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება №20-3-2014, და ნა----------ს დაუმტკიცდა საკრედიტო ხაზი 5000 აშშ დოლარზე, 3% სარგებელით, პირგასამტეხლო სესხის ძირი თანხის 0.07% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 60 თვით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება №20-3-2014;

 

3.1.2. ნა----------ს მიერ ნაკისრი ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით 2014 წლის 16 აპრილს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №20-3, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხე ნა----------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ბათუმი, მ----------ს ქუჩა N79, ს.კ 05.2-.31.0--;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იპოთეკის ხელშეკრულება №20-3;

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.1.3. 2014 წლის 17 აპრილს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე ბათუმი, მ----------ს ქუჩა N79, ს/კ #05.2-.31.0--, - შეიძინა ს-------------ემ და უძრავი ქონების შეძენის დროითვის აღნიშნულ ქონებაზე იპოთეკარი იყო შპს „მისო ბ------–ი“;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.1.4. 2014 წლის 15 აპრილს ნა----------სა და შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–ს’’ შორის საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №1437, რომლის თანახმადაც ნა----------ს სესხის სახით გადაეცა 5000 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის 3%-ის ოდენობით, პირგასამტეხლო 0,07 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საპროცენტო სარგებელი სესხს ერიცხებოდა მხარეთა შეთანხმებით სესხის ძირი თანხის სრულ დაფარვამდე ან სესხის იძულებით ამოღებამდე, ხოლო პირგასამტეხლო ერიცხებოდა სასამართლოს გადაწყვეტილების სრულ აღსრულებამდე. ამავე ხელშეკრულების 5.1.3 პუნქტის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსესხებელი ვალდებული იყო ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის დღიდან გადაეხადა ყოველთვიურად საპროცენტო სარგებელი სესხის ძირი თანხის 3% და პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 0,07%-ის ოდენობით, სასამართლო გადაწყვეტილების სრულ აღსრულებამდე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის ხელშეკრულება №1437.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მსესხებლის მიერ დარღვეულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც 2016 წლის 12 იანვრის მდგომარეობით მსესხებლის დავალიანების მოცულობა შეადგენს: სესხის ძირითადი თანხა 4995 აშშ დოლარი, გადასახდელი პროცენტი - 2482.22 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 941.45 აშშ დოლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის ხელშეკრულება №1437.

- სესხის დაფარვის გრაფიკი;

- ამონაწერი ანგარიშიდან/თანხის ბრუნვის ისტორია;

- მხარის ახსნა-განმარტება;

 

3.2.2. ხელშეკრულების 5.1.3 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, სასამართლოში სარჩელის შეტანის დღიდან მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს ყოველთვიურად საპროცენტო სარგებელი სესხის ძირითადი თანხის 3% და პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის 0,07%-ის ოდენობით სასამართლო გადაწყვეტილების სრულ აღსრულებამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის ხელშეკრულება №1437.

 

3.2.3. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ვადაში, დარღვეულია ვალდებულების შესრულების ვადები, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის ხელშეკრულება №1437.

- სესხის დაფარვის გრაფიკი;

- მხარის ახსნა-განმარტება;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ: ნა----------ს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–ის’’ სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს სესხის ძირითადი თანხა - 4995 აშშ დოლარი, 2016 წლის 12 იანვრამდე ყოველთვიურად დარიცხული საპროცენტო სარგებელი 2482.22 აშშ დოლარი, 2016 წლის 12 იანვრამდე დარიცხული პირგასამტეხლო 941.45 აშშ დოლარი. ასევე ნა----------ს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–ის’’ სასარგებლოდ ყოველთვიურად გადასახდელად დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის - 4995 აშშ დოლარის 3%-ის 149.85 აშშ დოლარის გადახდა 20.01.2016 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ასევე ნა----------ს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–ის’’ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 2016 წლის 20 იანვრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 4995 აშშ დოლარის 0,02%-ის, ანუ 0.99 აშშ დოლარის გადახდა სასამართლო გადაწყვეტილების სრულ აღსრულებამდე. თანხების ამოღება მოხდეს სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ს-------------ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ბათუმი, მ----------ს ქუჩა N79 (ს.კ 05.2-.31.0--), იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარავად, დარჩენილი დავალიანების ნაწილში აღსრულება გაგრძელდეს მოპასუხე ნა----------ს საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან. ნა----------ს გადასახდელად დაეკისროს 500 ლარი წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 361-ე, 403-ე, 404-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე, 419-ე, 420-ე, 286-ე და 301-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან. იგი ეფუძნება სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებას.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

სესხი არის სასყიდლიანი ურთიერთობა და გამსესხებლის უფლებას უპირისპირდება მოვალის ვალდებულება დააბრუნოს სესხის საგანი.

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.

 

როგორც დადგენილია, ნა----------სა და შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–ის’’ შორის 2014 წლის 15 აპრილს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს სესხის სახით გადაეცა 5000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 3%-იანი საპროცენტო სარგებლით, ვალდებულების დარღვევისთვის კი მხარეები შეთანხმდნენ მსესხებლის პასუხისმგებლობაზე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0,07% ოდენობით ჯარიმის დარიცხვის თაობაზე.

დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და არ გადაიხადა სესხი შეთანხმებულ ვადაში. ასევე დადგენილია, რომ ამჟამად მსესხებლის ძირი დავალიანება შეადგენს 4995 აშშ დოლარს. ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მსესხებელზე სესხის ძირი თანხის 4995 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის თანახმად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. ამავე კოდექსის 404-ე მუხლის თანახმად კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მოცემულ შემთხვევაში, მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს კრედიტით სარგებლოსათვის შეთანხმებული საპროცენტო სარგებელი.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

როგორც უკვე აღინიშნა, მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპის გამოხატულებაა კანონმდებლობის ჩანაწერი, რომ მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს, გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან. ამდენად, კოდექსი მართალია ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს სწორედ კეთილსინდისიერ კერძო სუბიექტს, ვინც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს თავის უფლებებს და პირგასამტეხლოს განსაზღვრავს გონივრულ ფარგლებში, რომელიც აშკარად არ ეწინააღმდეგება დადგენილ ოდენობას და შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის რომ არ მოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, პერიოდს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. სასამართლო, მოქმედებს რა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში და მხარის მითითების საფუძველზე მსჯელობს პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე, მხედველობაში იღებს ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად თანხასთან მიმართებაში, აგრეთვე იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს დარღვევის შედეგად რაიმე ფინანსური ზარალი არ განუცდია, ასევე ითვალისწინებს იმ ფაქტსაც, რომ მოსარჩელე მისი ინტერესების სხვა სახის შელახვაზე არ მიუთითებს და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს გონივრული, სამართლიანი ოდენობა ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე 0.02% უნდა განისაზღვროს. ამგვარი მიდგომის პირობებში, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ მოსარჩელეს სესხის ძირითადი თანხის ვადაში დაბრუნების შემთხვევაში უნდა მიეღო გარკვეული სარგებელი, ამ თანხის ვადაში დაუბრუნებლობის გამო მას დაყენებული აქვს მოთხოვნა ყოველთვიურად მოპასუხისათვის 3% სარგებლის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც დაკმაყოფილებულია. მოპასუხის ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა, ამიტომ უფლებრივი კონკურენციის პირობებში მართებულია უფლებათა დაბალანსება თანაზომიერად. ამიტომ, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხე ვალდებულია სრულად გადაიხადოს 2016 წლის 12 იანვრამდე დარიცხული პირგასამტეხლო 941.45 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო 2016 წლის 20 იანვრიდან სესხის ძირ თანხაზე, რაც შეადგენს 4995 აშშ დოლარს, გადაიხადოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო 0.02%-ის ოდენობით ანუ 0.99 აშშ დოლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სასამართლოს გადაწყვეტილების სრულ აღსრულებამდე.

სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირებისას ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს პირგასამტეხლო ეკისრება გადაწყვეტილების აღსრულებამდე. რომ არა ეს გარემოება, სასამართლოს, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა 0,07% არ მიაჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის თანახმად უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება სხვა კრედიტორთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით. ამავე კოდექსის 301-ე მუხლის 1 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია მსესხებლის მიერ იპოთეკით უზრუნველყოფილი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, რაც კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას მოითხოვოს უზრუნველყოფილი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის მიზნით მაკა აბაშიძის საკუთრებაში რიცხული და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია.

 

6.6. სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11 მუხლის მიხედვით მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ მხარეები შეთანხმდნენ განსხვავებულ წესზე, რა დროსაც მოთხოვნა არ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად და კრედიტორი კვლავაც იქნება უფლებამოსილი, მოითხოვოს სხვაობა ამონაგებ თანხასა (საგნის ღირებულებასა) და მოთხოვნის ოდენობას შორის, მოვალის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეები შეთანხმდნენ სწორედ ასეთ განსხვავებულ წესზე. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის შეუძლებლობის ან რეალიზაციით მიღებული თანხიდან დავალიანების სრულად დაუფარაობის შემთხვევაში დავალიანების თანხის გადახდევინების მიქცევა მსესხებლის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამდენად, თუ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამასთან, თავისთავად ცხადია, რომ მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილება, კერძოდ, ერთი მხარის მიერ გაწეული ხარჯის - სახელმწიფო ბაჟის სახით, მეორე მხარეზე გადაკისრება უნდა მოხდეს სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად რომელიც დაკმაყოფილდა. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მესამე ნაწილი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის განსაზღვრისას მოქმედებს გონივრული და სამართლიანი შეფასების სტანდარტი რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული - დავის საგნი (საქმის კატეგორია), საქმის მოცულობა, მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულე, აგრეთვე, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, მათი შემოსავალი და სხვა ისეთი გარემოებები, რომლებიც განაპირობებს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის გონივრულ ფარგლებს. ბუნებრივია, სამართალწარმოება დაკავშირებულია გარკვეულ ხარჯებთან და იგი იმ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, წარმოეშობა სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც მის სასარგებლოდ დაკმაყოფილდა (მოსარჩელე) ან მის მიმართ არ დაკმაყოფილდა (მოპასუხე), მაგრამ არა შეუზღუდავად. ეს დებულება სამართლებრივი ურთიერთობის ამოსავალი პრინციპია, რომელიც კონკრეტული საქმის გადაწყვეტის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილებელი ნაწილის პროპორციულობის გათვალისწინებით, ასევე, საქმის მნიშვნელობიდან და სირთულიდან გამომდინარე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოპასუხეს ნა----------ს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1180 ლარის ოდენობით და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული იქნა ხარჯის 500 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

9. აღსრულების წესის განსაზღვრა

 

მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ ფარავს სესხის მოთხოვნას, გამსესხებელი უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესს ამის შესახებ მითითებული უნდა იყოს გადაწყვეტილებაში. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–ის’’ მოთხოვნა აღსრულების დამატებითი წესის (თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა ვერ დაფარავს ვალს, აღსრულება განხორციელდეს მსესხებლის სხვა ქონებიდან) განსაზღვრის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

10. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი

 

10.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ; მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ; უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ; თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები. იმავე მუხლის 11-ე ნაწილის გათვალისწინებით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

ზ/მითითებული ნორმის ანალიზი საფუძველია დასკვნისათვის, რომ სასამართლოს უფლება აქვს მხარის თხოვნით, მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების საგამონაკლისო წესი დაადგინოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში ან ისეთი ობიექტური გარემოებების არსებობის პირობებში, რომელთა დადგომამ შესაძლებელია გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახადოს ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანი მიაყენოს.

განსახილველ შემთხვევაში, მხარეები სესხის ხელშეკრულების 2.8. პუნქტის თანახმად შეთანხმდნენ, რომ დავის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილება მიექცევა დაუყონებლივ აღსრულებას.

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა არის დასაბუთებული, რის გამოც მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს.

 

გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლი).

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 251-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. ნა----------ს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–ის’’ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 8418.67 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხა - 4995 აშშ დოლარი, საპროცენტო სარებელი- 2482,22 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო -941.45 აშშ დოლარი.

 

1.2. ნა----------ს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–ის’’ სასარგებლოდ ყოველთვიურად გადასახდელად დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის - 4995 აშშ დოლარის 3%-ის 149.85 აშშ დოლარის გადახდა 20.01.2016 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ასევე ნა----------ს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–ის’’ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 2016 წლის 20 იანვრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 4995 აშშ დოლარის 0,02%-ის ოდენობით, ხოლო მოსარჩელეს ყოველვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს დაკისრებაზე სესხის ძირი თანხის 0.5% -ის ოდენობით ნაწილში უარი ეთქვას.

 

2. ნა----------ს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–ის’’ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 1180 ლარი სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

3. ნა----------ს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–ის’’ სასარგებლოდ გადახდეს 500 ლარი წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ.

 

4. თანხების ამოღება მოხდეს სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ს-------------ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ბათუმი, მ----------ს ქუჩა N79 (ს.კ 05.2-.31.0--), იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარავად, დარჩენილი დავალიანების ნაწილში აღსრულება გაგრძელდეს მოპასუხე ნა----------ს საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.

 

5. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში შიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩვრით.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. აღნიშნული ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სალიხ შაინიძე