გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.05.2019
საქმის ნომერი
330210018002724476
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
23.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/--------

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 მაისი 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მაია სვიანაძე

სხდომის მდივანი ხატია გაგელიძე

მოსარჩელე - ნი--------–---–ი

წარმომადგენელი - ამ----------------–ი

მოპასუხე - ლუ----------–--ე

წარმომადგენელი- თე-------------------ძე

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე ლუ----------–--ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას ნი--------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე: ქა-–---------–--ში, ვ------------------------–------------------------------ და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს ნი--------–---–ს.

 

შუამდგომლობით ითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და მიუთითებს, რომ იგი წარმოადგენს ნივთის მართლზომიერ მფლობელს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ნი--------–---–ის საკუთრებაში იმყოფება უძრავი ნივთი, მდებარე: ქა-–---------–--ში, ვ------------------------–------------------------------. უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს საქართველოს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ს----------–--- რაიონის გამგეობის მიერ 2----–-–----------------რს გაცემული საკუთრების მოწმობა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1.დადგენილია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთს მოპასუხე ფლობს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე, 172-ე, 183-ე, 311-312-ე მუხლები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 268-269-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. 6.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. 6.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. 6.4 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ნივთის მდებარე: ქა-–--------–--–-- ვ------------------------------–-----------------------------1. მესაკუთრეა ნი--------–---–ი. ასევე დადგენილია, რომ მითითებული ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. 6.5 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე1” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ. 6.6 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნას იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს. სამოქალაქო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიმართვა, ხოლო ”ზ” ქვეპუნქტით გაფართოებულია ამ გარემოებათა წრე და სასამართლოს ენიჭება უფლებამოსილება, მხარის თხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქციოს ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას. ასეთ შემთხვევაში, შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხი სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული და, როგორც წესი, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს. 6.7 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას. სასამართლო განმარტავს, რომ შეჯიბრებითობის ფუნდამენტური პრინციპიდან და მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სამართლიანად განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღუსრულებლობით ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიუქცევლობა ზიანის მომტანია მისთვის. მხარის მიერ მითითებული გარემოების დამტკიცების შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეთა მიერ სადავო ქონების ფლობის შედეგად ადგება ზიანი, რაც გამოიხატება იმ გარემოებით, რომ ვერ სარგებლობს კუთვნილი უძრავი ნივთით. მოპასუხეს კი დაკავებული აქვს სადავო ნივთი და მოსარჩელეს არ აძლევს მისით სარგებლობის შესაძლებლობას. თავის მხრივ, მოპასუხე განმარტავს, რომ არის სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული პირი (ლტოლვილი) და სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია,ასევე ის დაკავებულ ნივთს ფლობს შვილებთან ერთად. სასამართლო განმარტავს, რომ ბუნებრივია, ვინდიკაცია თავისი ბუნებით ზიანის შემცველია. მოსარჩელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ზიანის მიყენების ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. შესაბამისად, მოსარჩელე ვერ ასაბუთებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის აუცილებლობას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობას, რის გამოც შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ლუ----------–--ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი 60 ლარი.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 48-ე, 53-ე, 243-244, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნი--------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. მოპასუხე ლუ----------–--ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას ნი--------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე: ქ--–--------–--–----------------------------–------------------------------ და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს - ნი--------–---–ს.

3. მოპასუხე ლუ----------–--ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი 60 ლარი.

4. ნი--------–---–ის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

5. განჩინებაზე, დაუყოვნებლივ აღსრულების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა განჩინების მოსარჩელისათვის გამოცხადებიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია სვიანაძე