გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.05.2019
საქმის ნომერი
330310018002496124
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
24.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №3/3696-18

24 მაისი, 2019 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: თამარ ოქროპირიძე

სხდომის მდივანი: სალომე ზაქაშვილი

 

მოსარჩელე - არ---– ძ-----ე

წარმომადგენელი - მა----- მხ--------

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

წარმომადგენელი - მა----- კე------–---

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, მორალური ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 დეკემბრის M---------------- ბრძანება ,,2----–-–-------------------- სპეციალური საპოლიციო კონტროლის ღონისძიების განხორციელების შესახებ“;

 

1.2. მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს მოსარჩელისათვის მორალური ზიანის ანაზღაურება 1 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს, სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ 2017 წლის 21 დეკემბერს მიღებული იქნა M---------------- ბრძანება ,,2----–-–-------------------- სპეციალური საპოლიციო კონტროლის ღონისძიების განხორციელების შესახებ“, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად, 2----–-–------------------------------------------------------------------ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული სპეციალური საპოლიციო კონტროლის ღონისძიება.

 

ამავე ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული სპეციალური საპოლიციო კონტროლის ღონისძიების ორგანიზება და განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში დაევალათ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ტერიტორიულ ორგანოებს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის დანაყოფებს თავიანთი სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით; მე-4 პუნქტის შესაბამისად, დაევალათ სპეციალურ საპოლიციო კონტროლის ღონისძიებაში მონაწილე სამინისტროს მოსამსახურეებს: ა) სპეციალური საპოლიციო კონტროლის ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება მხოლოდ შესაბამისი სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლითა და ჩართული ვიდეოგადამღები ტექნიკით; ბ) სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელების პროცესში „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი, მე-5 და მე-10 პუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონის შემდეგი მოთხოვნები: ბ.ა) პირის ზედაპირული შემოწმება ტარდება მხოლოდ ტანსაცმლის გარე ზედაპირზე ხელის, სპეციალური ხელსაწყოს ან საშუალების შეხებით; ბ.ბ) ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერება ტარდება მხოლოდ ნივთის ან/და სატრანსპორტო საშუალების ვიზუალური დათვალიერებით, ხოლო სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში – საბარგულის ვიზუალური დათვალიერებით; ბ.გ) თუ ზედაპირული შემოწმების დროს წარმოიშვა ჩხრეკის საფუძველი, პოლიციელი ატარებს ჩხრეკას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; გ) დანაშაულის ან სხვა სახის სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება, ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, განისაზღვა, რომ სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა და მათდამი დაქვემდებარებულმა მოსამსახურეებმა უზრუნველყონ „საპოლიციო პრევენციული ღონისძიების განხორციელების ზოგიერთი წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 11 აპრილის №290 ბრძანებით გათვალისწინებული წესებისა და მოთხოვნების დაცვა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 დეკემბრის M---------------- ბრძანება ,,2----–-–-------------------- სპეციალური საპოლიციო კონტროლის ღონისძიების განხორციელების შესახებ“ (ს.ფ. 21-22).

 

3.2. 2017 წლის 22 დეკემბერს, საღამოს 7 საათზე, მ----------------------------–---–--- საინფორმაციო დაფასთან არ---– ძ-----ე შეაჩერა ორმა პოლიციელმა. მეტროს სადგურში არსებულ პოლიციის ოთახში, დაადგინეს მისი პირადი მონაცემები და შეამოწმეს ზედაპირულად.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-მხარეთა ახსნა-განმარტება

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ---– ძ-----ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულება“.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ -საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 დეკემბრის M---------------- ბრძანება ,,2----–-–-------------------- სპეციალური საპოლიციო კონტროლის ღონისძიების განხორციელების შესახებ“ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონსა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.

 

6.2. ‘‘პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, პოლიციის ორგანიზაციული მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებს, პოლიციის ფუნქციებს, საპოლიციო ღონისძიებებსა და პოლიციის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების სამართლებრივ ფორმებს, პოლიციაში სამსახურის გავლის წესს, პოლიციელის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს, პოლიციის საქმიანობის კონტროლს, ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა.

 

მითითებული კანონის მე-3 მუხლის თანახმად, საქართველოს პოლიცია არის სამინისტროს სისტემაში შემავალი, აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სამართალდამცავი დაწესებულებების სისტემა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პოლიციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, ეს კანონი და საქართველოს სხვა კანონები, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივი აქტები და სხვა ნორმატიული აქტები, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ კანონის აღსრულების მიზნით მინისტრი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ აქტებსა და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და ახორციელებს ადმინისტრაციულ რეალაქტებს.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილებით დამტკიცებულ ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებაზე“, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სამართალდამცავი დაწესებულებების სისტემა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად, ასევე სხვა საჯარო ფუნქციებს.

 

ამავე დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 დეკემბრის M---------------- ბრძანებას ,,2----–-–-------------------- სპეციალური საპოლიციო კონტროლის ღონისძიების განხორციელების შესახებ“, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად, 2----–-–------------------------------------------------------------------ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული სპეციალური საპოლიციო კონტროლის ღონისძიება.

 

სასამართლო მიუთითებს ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, პირის, ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების სპეციალური საპოლიციო კონტროლი ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა; მე-2 პუნქტის მიხედვით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი არის პოლიციის მიერ წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე და განსაზღვრული დროით, აგრეთვე გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამის ტერიტორიაზე და სათანადო დროით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად განხორციელებული შემოწმება, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელების შესახებ წერილობით განკარგულებას გამოსცემს მინისტრი, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამის ზეპირ განკარგულებას გამოსცემს მინისტრი ან მისი ბრძანებით განსაზღვრული თანამდებობის პირი. ასეთი ზეპირი განკარგულება 24 საათის განმავლობაში წერილობით უნდა გაფორმდეს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სპეციალური საპოლიციო კონტროლისას ხორციელდება ამ კანონის 22-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შემოწმება და დათვალიერება, ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელებისას პოლიციელი აღჭურვილი უნდა იყოს ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული ჩართული ვიდეოგადამღები ტექნიკით.

ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილი იყო მიეღო ბრძანება სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელების შესახებ. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეული არ არის გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება. ასეთ დარღვევაზე არც მოსარჩელე მხარე მიუთითებდა.

 

მოცემულ შემთხვევაში, არ---– ძ-----ე გასაჩივრებულ აქტს - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 დეკემბრის M---------------- ბრძანებას, სადავოდ ხდის მისი მატერიალური კანონიერების კუთხით, ბრძანების შინაარსის კონკრეტულ სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამობის მოტივით. კერძოდ, მოსარჩელე მხარე თავის სასარჩელო მოთხოვნის ერთერთ არგუმენტად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ,,2----–-–-------------------- სპეციალური საპოლიციო კონტროლის ღონისძიების განხორციელების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 დეკემბრის M---------------- ბრძანება ეწინააღმდეგება ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 და მე-13 მუხლებით დადგენილ თანაზომიერებისა და დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პრინციპებს, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლს (საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა).

 

სასამართლო მიუთითებს ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საპოლიციო ღონისძიება უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. შერჩეული საპოლიციო ღონისძიება უნდა იყოს გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული, ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, პოლიციელის მიერ შერჩეული საპოლიციო ღონისძიება არის გამოსადეგი, თუ ის შესაძლებელს ხდის ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პოლიციელის მიერ შერჩეული გამოსადეგი საპოლიციო ღონისძიება არის აუცილებელი, თუ ვერ იქნება გამოყენებული სხვა საშუალება, რომელიც ლეგიტიმური მიზნის მიღწევისას უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებდა როგორც ღონისძიების ადრესატს, ისე სხვა პირს, ხოლო მე-4 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელის მიერ განხორციელებული აუცილებელი საპოლიციო ღონისძიება არის პროპორციული, თუ კანონით დაცული სამართლებრივი სიკეთისათვის მიყენებული ზიანი არ აღემატება იმ სიკეთეს, რომლის დასაცავადაც ის განხორციელდა.

 

მითითებული კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიცია თავისი ფუნქციების შესასრულებლად მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და ფარგლებში; მე-2 პუნქტის მიხედვით, პოლიციელი უფლებამოსილია გადაწყვიტოს, განახორციელოს თუ არა საპოლიციო ღონისძიება, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელს მინიჭებული აქვს თავისუფლება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რამდენიმე საპოლიციო ღონისძიებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები, თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 დეკემბრის M---------------- ბრძანებაში მხოლოდ ზოგადად არის მითითებული ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლზე და ბრძანებიდან არ იკვეთება რა კონკრეტული ლეგიტიმური მიზანი ჰქონდა სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელებას და რა ფაქტობრივი გარემოებები არსებობდა (რომელი დანაშაულის/სამართალდარღვევის ჩადენის თაობაზე არსებობდა საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის და ტერიტორიულად სად იგეგმებოდა/მოხდა აღნიშნული დანაშაული/ სამართალდარღვევა), რის გამოც უნდა განხორციელებული სპეციალური საპოლიციო კონტროლი. ამდენად, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ კონკრეტული ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში ეჭვქვეშ დგება ამ ღონისძიების თანაზომიერება და ამ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე აღარ დგას საჭიროების წინაშე, განხორციელებული საპოლიციო ღონისძიება შეაფასოს გამოსადეგობის, აუცილებლობის და პროპორციულობის კრიტერიუმებით.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის არგუმენტაციას და განმარტავს, რომ ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირის, ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების სპეციალური საპოლიციო კონტროლი ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა. ამდენად, კანონმდებელი უშვებს სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა. ამასთან, ასეთი ვარაუდისთვის საკმარისი საფუძვლის განმარტებას ან საკმარისი საფუძვლის შემადგენლობისთვის აუცილებელ პირობებს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ამდენად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სწორედ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრია უფლებამოსილი განსაზღვროს არსებობს თუ არა საკმარისი საფუძველი ასეთი ვარაუდისთვის და გამოსცეს ბრძანება სპეციალური საპოლიციო კონტროლის დაწესების შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისთვის ასეთი უფლებამოსილების მინიჭება განპირობებულია იმით, რომ პოლიციის საქმიანობა უპირველესად საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზანს ემსახურება, რაც ყოველი სახელმწიფოს სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტიაა. ამასთან, აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ პოლიციის საქმიანობა შეუზღუდავია და არანაირ კონტროლს არ ექვემდებარება. სასამართლო მიუთითებს, რომ ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია ის ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპები, რომელთა დაცვაც და რომლის საფუძველზე მოქმედებაც ყველა პოლიციელის ვალდებულებაა. აღნიშნული კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პოლიციელის მიერ საპოლიციო ღონისძიების პოლიციის საქმიანობის ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპების დარღვევით განხორციელება იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 დეკემბრის M---------------- ბრძანებაში პირდაპირ არის მითითებული, რომ მისი გამოცემის საფუძველს წარმოადგენს სწორედ ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლი, რომელიც როგორც ზემოთ აღინიშნა სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას დასაშვებად მიიჩნევს იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა. ამდენად, ნათელია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი გამოცემული იქნა სწორედ დანაშაულის ან სხვა სამართალდარღვევის ჩადენის ან უკვე ჩადენილი დანაშაულის ან სხვა სამართალდარღვევის ვარაუდისთვის საკმარისი საფუძვლის არსებობის მოტივით. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ ბრძანებაში სიტყვასიტყვით არ არის ასახული ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის დეფინიცია, არ ნიშნავს იმას, რომ ბრძანების შინაარსიდან მისი გამოცემის ლეგიტიმური მიზანი არ იკვეთება. ამასთან, სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული ბრძანება დაუსაბუთებელია, ვინაიდან მასში არ არის მითითებული რა ფაქტობრივი გარემოებები არსებობდა (რომელი დანაშაულის/სამართალდარღვევის ჩადენის თაობაზე არსებობდა საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის და ტერიტორიულად სად იგეგმებოდა/მოხდა აღნიშნული დანაშაული/სამართალდარღვევა), რის გამოც უნდა განხორციელებული სპეციალური საპოლიციო კონტროლი. სასამართლო განმარტავს, რომ შეუძლებელია ქვეყანაში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის განმახორციელებელმა ორგანომ (მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ), რომელსაც აქვს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა, სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელების შესახებ ბრძანებაში მიუთითოს თუ კონკრეტულად რომელი დანაშაულის და კონკრეტულად რომელ ტერიტორიაზე ჩადენის ვარაუდისთვის აქვს საკმარისი საფუძველი შინაგან საქმეთა სამინისტროს. ასეთ შემთხვევაში, აზრი დაეკარგა სპეციალური საპოლიციო კონტროლის დაწესების მიზანს, მოხდება სავარაუდო დამნაშავე პირებისთვის პოლიციის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წინასწარ მიწოდება, რაც საბოლოო ჯამში საპოლიციო საქმიანობის განხორციელების არაეფექტურობას გამოიწვევს.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ,,2----–-–-------------------- სპეციალური საპოლიციო კონტროლის ღონისძიების განხორციელების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 დეკემბრის M---------------- ბრძანება წინააღმდეგობაში არ მოდის ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12, მე-13 მუხლებით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მე-7 მუხლით დადგენილ თანაზომიერებისა და დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პრინციპებთან და სრულად შეესაბამება მათ. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე თავად ადასტურებს, რომ არ---– ძ-----ის გადამოწმებისას პოლიციის თანამშრომლები იქცეოდნენ თავაზიანად, განუმარტეს მისი გადამოწმების საფუძველი და პოლიციის მხრიდან, მოსარჩელის მიმართ სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული საპოლიციო ღონისძიება იყო პროპორციული და ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის გათვალისწინებით, ემსახურებოდა ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით, პირის ზედაპირული გადამოწმება და მისი პირადი მონაცემების დადგენა არ ქმნის პირის სიკეთისთვის ისეთი ზიანის მიყენების მოცემულობას, რომელიც აღემატება კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად განხორციელებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების საფუძველზე დასაცავ სიკეთეს, მაშინ როცა არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია ამ ნაწილში უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ.

 

6.3. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 დეკემბრის M---------------- ბრძანებას სადავოდ ხდის ასევე საქართველოს კონსტიტუციის მე-16 და მე-20 მუხლებთან შეუსაბამობის მოტივით. მოსარჩელის პოზიციით, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ხდება ჩარევა კონსტიტუციით გარანტირებულ ისეთ უფლებებში, როგორიცაა ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.

 

სასამართლო მიუთითებს, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლზე, რომლის თანახმად, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. კონსტიტუციის ამავე რედაქციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე თავად მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ზემოაღნიშნული უფლებები არ წარმოადგენენ აბსოლუტური ხასიათის უფლებებს და მათში ჩარევა დასაშვებია კონსტიტუციით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. თუმცა, არ---– ძ-----ის პოზიციით, ვინაიდან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 დეკემბრის M---------------- ბრძანებაში არ არის მითითებული მისი გამოცემის ლეგიტიმური მიზანი, ამდენად, ასეთი ბრძანების მოქმედების ფარგლებში განხორციელებული სპეციალური საპოლიციო კონტროლის ღონისძიებებით უსაფუძვლოდ შეიზღუდა მოსარჩელე მხარის თავისუფალი განვითარების უფლება.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის ამ არგუმენტაციას და მიუთითებს, რომ როგორც ზემოთ აღინიშნა, ,,2----–-–-------------------- სპეციალური საპოლიციო კონტროლის ღონისძიების განხორციელების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 დეკემბრის M---------------- ბრძანება ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის გათვალისწინებით, ემსახურებოდა სწორედ ამ მუხლში მოცემული ლეგიტიმური მიზნის მიღწევას და ბრძანებაში ამ მიზნის კონკრეტული ასახვა იმ ფორმით, რაზეც მოსარჩელე აპელირებს (რომელი დანაშაულის/სამართალდარღვევის ჩადენის თაობაზე არსებობდა საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის და ტერიტორიულად სად იგეგმებოდა/მოხდა აღნიშნული დანაშაული/სამართალდარღვევა), საპოლიციო საქმიანობის განხორციელების არაეფექტურობას გამოიწვევდა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მოტივით (კონკრეტული ლეგიტიმური მიზნის არარსებობა), სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებით პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების შეზღუდვის შესახებ, მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით გარანტირებულ უფლებაში (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) ჩარევასთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს, რომ ამ ნაწილში მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია ემყარება იმ გარემოებებს, რომ გასაჩივრებული ბრძანების საფუძველზე სპეციალური საპოლიციო კონტროლის ფარგლებში პოლიციის თანამშრომელთა მიერ განხორციელებული მოქმედებებით შეიზღუდა არ---– ძ-----ის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, რადგან სამართალდამცავებმა აღნიშნულ ბრძანებაზე მითითებით, მოსარჩელეს მოსთხოვეს დამორ---–ება, პოლიციის ოთახში გაყოლა და მათთვის პერსონალური ინფორმაციის განდობა. ასევე, მოსარჩელის განმარტებით, ზედაპირული დათვალიერების გზით პოლიციელები ჩაერივნენ მოსარჩელის პირადი ცხოვრების უფლებაში, დაათვალიერეს მისი ტანისამოსი ზედაპირულად და შეამოწმეს მისი პირადი ნივთები.

 

სასამართლო მიუთითებს, ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, პოლიცია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისათვის საფრთხის თავიდან აცილების ან მათი დარღვევის აღკვეთის მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს შემდეგ პრევენციულ ღონისძიებებს: ა) პირის გამოკითხვა; ბ) პირის იდენტიფიკაცია; გ) პირის მოწვევა; დ) ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება; ე) სპეციალური შემოწმება და დათვალიერება; ვ) სპეციალური საპოლიციო კონტროლი; ზ) ადგილის დატოვების მოთხოვნა და კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა; თ) პირის ან სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების ან ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვა; ი) ავტომატური ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის გამოყენება; კ) ტექნიკური საშუალებების შექმნა და გამოყენება; ლ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება.

 

ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს პოლიციის უფლებამოსილებას საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისათვის საფრთხის თავიდან აცილების ან მათი დარღვევის აღკვეთის მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელოს სხვადასხვა პრევენციული ღონისძიებები, რომელთა შორის მითითებულია პირის იდენტიფიკაცია და მისი ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაუგებარია რატომ წარმოადგენს სპეციალური საპოლიციო კონტროლის საფუძველზე განხორციელებული მოქმედებების ფარგლებში პოლიციის მიერ პირის იდენტიფიკაცია, მისი ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება პიროვნების პირადი ცხოვრების უფლებაში არათანაზომიერ ჩარევას, მაშინ როცა ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი ასეთი მოქმედებების განხორციელების უფლებას პოლიციის თანამშრომლებს პრევენციული ღონისძიებების ფარგლებშიც კი ანიჭებს. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და მასში ჩარევა დასაშვებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. განსახილველ შემთხვევაში კი, როგორც უკვე აღინიშნა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემული იქნა ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის საფუძველზე, კანონით დადგენილი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ამდენად, ამ ბრძანებით დადგენილი სპეციალური საპოლიციო კონტროლის ფარგლებში პოლიციის მიერ განხორციელებული მოქმედებებით, მოსარჩელე მხარის პირადი ცხოვრების უფლებაში ჩარევა არ წარმოადგენს გაუმართლებელ ან არაპროპორციულ ჩარევას და სრულად შეესაბამება სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ,,2----–-–-------------------- სპეციალური საპოლიციო კონტროლის ღონისძიების განხორციელების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 დეკემბრის M---------------- ბრძანების ბათილად ცნობისა და ამ ნაწილში არ---– ძ-----ის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

6.4. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ პუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.

 

სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი, ხოლო 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

 

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

 

განსახილველ შემთხვევაში, არ---– ძ-----ე მეორე სასარჩელო მოთხოვნით ითხოვს მოპასუხე მხარისთვის მის სასარგებლოდ, მორალური ზიანის - 1 ლარის ოდენობით, ანაზღაურების დაკისრებას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მორალური ზიანი მას მიადგა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 დეკემბრის M---------------- ბრძანების მოქმედებით, რომელმაც განაპირობა მოსარჩელის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი შეზღუდვა, რითაც მოსარჩელეს მიადგა არამატერიალური, მორალური ზიანი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როცა სასამართლოს მიერ არ იქნა დადგენილი ,,2017 წლის 22-24 დეკემბრის სპეციალური საპოლიციო კონტროლის ღონისძიების განხორციელების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 დეკემბრის M---------------- ბრძანების გამოცემისას, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობის ნორმათა დარღვევის ფაქტი, აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ---– ძ-----ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელწიფო ბაჟი, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამდენად, ვინაიდან განსახილველ საქმესთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი, იგი უნდა დარჩეს უცვლელად, სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. არ---– ძ-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე თამარ ოქროპირიძე