გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.05.2019
საქმის ნომერი
330210118002584071
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
10.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/23742-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით 10 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი შესავალი ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი - თამარ აკობია

მოსარჩელე - საქართველოს თ-----–---------------ო

წარმომადგენელი - ჯ----–-----------–ი

მოპასუხე - შპს ,,ტ--------ი’’

წარმომადგენელი - ნ-------------–---–ი

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 5 640.40 ლარის გადახდა.

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (სარჩელი ს.ფ. 1-15)

1.1.1. მხარეებს შორის 2--- წლის 3-----------ერს დაიდო №--- ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება მისთვის მიეწოდებინა ამ ხელშეკრულების №1 დანართით (საქონლის აღწერა, რაოდენობა, ერთეულის ფასი, ჯამური ღირებულება) განსაზღვრული საქონელი;

1.1.2. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 28 202 ლარით, ხოლო 8.2 პუნქტის თანახმად, შესრულების ადგილად განისაზღვრა ქ. თბილისი;

1.1.3. ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, მოპასუხის მიერ საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 კალენდარული დღის ვადაში. ხელშეკრულების მოქმედების ვადად ამავე ხელშეკრულების 22.1 პუნქტის მიხედვით განისაზღვრა 2--- წლის 10 თებერვალი;

1.1.4. მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მისთვის საქონლის განსაზღვრულ ვადაში მიწოდების შესახებ;

1.1.5. საქართველოს თ-----–---------------ოს 2--- წლის 2----------ლის №----1 აქტის თანახმად, მოპასუხეს ხელშეკრულების 16.8 პუნქტის თანახმად დაეკისრა პირგასამტეხლოს - 5 640.4 ლარის გადახდა;

1.1.6. მოპასუხეს არ აუნაზღაურებია ხელშეკრულების დარღვევის გამო დარიცხული პირგასამტეხლო.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი. განხორციელებული შედავების ფარგლებში მოპასუხეს სადავო არ გაუხდია მის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი.

შესაგებლის საფუძვლები (შესაგებელი ს.ფ. 62-69; დაზუსტებული შესაგებელი ს.ფ. 87-94):

2.1.1. მოსარჩელის მიმართ შესასრულებელი ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ მას თავად მიმწოდებელმა დაუგვიანა შეკვეთილი საქონლის მიწოდება;

2.1.2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შესრულების ვადაგადაცილებისათვის შეუსაბამოდ მაღალია, ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების სტანდარტს, შესაბამისად იგი უნდა შემცირდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2--- წლის 3-----------ერს მოსარჩელეს, როგორც შემსყიდველს და მოპასუხეს, როგორც მიმწოდებელს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №--- ხელშეკრულება საქართველოს თ-----–---------------ოს 2--- წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში ხელშეკრულებითა და ხელშეკრულების №1 დანართით განსაზღვრული საქონლის შესყიდვის შესახებ.

ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 28 202 ლარს, რაც მოიცავს მიმწოდებლის ყველა ხარჯს, დაკავშირებულს საქონლის მიწოდებასთან, ტრანსპორტირებასთან და შემსყიდველისთვის საკუთრებაში გადაცემასთან, მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს, მოსაკრებელსა და სახდელს.

ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 (ორმოცი) კალენდარული დღის ვადაში.

ხელშეკრულების 16.8 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტის ან მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობის ნაწილობრივ (არაჯეროვნად) შესრულებისათვის, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო მიუწოდებელი შესყიდვის ობიექტის ღირებულების 10%-ის ოდენობით, ხოლო ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 20%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება, დანართი (ს.ფ. 16-22)

 

3.1.2. მოპასუხის მიერ დარღვეულია 2--- წლის 3-----------რის №--- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება საქონლის ამ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მიწოდების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.1.3. ს----–-–------–---------------------------ის 2--- წლის 2----------ლის №----1 აქტით მოპასუხეს დაეკისრა ხელშეკრულების 16.8 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - 5 640.40 ლარის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მიმართვები, აქტი (ს.ფ. 23-28)

 

3.1.4. მოპასუხეს არ აუნაზღაურებია მოსარჩელისათვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 2--- წლის 2----------ლის №----1 აქტით დაკისრებული პირგასამტეხლო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. 2--- წლის 3-----------რის ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 5 640.40 ლარი არის შეუსაბამოდ მაღალი, არაგონივრული და იგი უნდა შემცირდეს 3 000 ლარამდე.

დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2--- წლის 3-----------რის ხელშეკრულებით მოპასუხემ იკისრა ვალდებულება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში მოსარჩელისთვის განსაზღვრული საქონლის მიწოდების თაობაზე. უდავოა, რომ მოპასუხის მიერ არ შესრულებულა ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.

ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ერიცხება პირგასამტეხლო 5 640.40 ლარის ოდენობით. მხარეთა შორის სადავოა დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა. მოპასუხე მას მიიჩნევს არაგონივრულად და ითხოვს მის შემცირებას. სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებასთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი, არაგონივრულია და უნდა შემცირდეს.

სასამართლო მიუთითებს, სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება ,,pacta sunt servanda’’-ს (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.

პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).

აღნიშნულიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების დარღვევა, რაც განსახილველ შემთხვევაში უდავოა. ხოლო ის გარემოება რა სიმძიმისაა ვალდებულების დარღვევა შეიძლება გახდეს არა პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის, არამედ მისი ოდენობის შემცირების საფუძველი. ამასთანავე, პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის საფუძველი არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელეს მოპასუხისთვის არ გაუგზავნია წერილობითი შეტყობინება პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე. მხარეებმა ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს დაკისრება დაუკავშირეს მხოლოდ ვალდებულების დარღვევის ფაქტს და მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი კი უდავოდ დასტურდება საქმის მასალებით.

როგორც აღინიშნა, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.12 წ. საქმე №ას-1560-1463-2012).

სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, 2--- წლის 3-----------რის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. ,,სასამართლო შესაგებელი’’ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა.

მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობის წინაპირობაა ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების ,,მნიშვნელოვანი’’ თუ ,,უმნიშვნელო’’ დარღვევა შეფასებითი კატეგორიებია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი შეფასება სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული. მითითებული გარემოება კი შეფასების საგანი შეიძლება გახდეს პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობის კონტექსტში.

ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:

ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;

ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს;

გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს;

დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.

სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დანიშნულებისა და მისი განაკვეთის შემცირების წინაპირობების თაობაზე არსებობს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (იხ. სუსგ №ას-170-165-2016, 14 ივნისი, 2016 წელი; სუსგ №ას-48-43-2015, 19 მარტი, 2015 წელი; სუსგ №ას-637-603-2015, 23 ოქტომბერი, 2015 წელი; სუსგ№ას-23-23-2014, 10 აპრილი, 2014 წელი; სუსგ №ას-1432-1351-2012, 20 მაისი, 2013 წელი).

პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ ,,შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა. ამასთან, არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ მოპასუხის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლო არ არის გონივრული, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და მისი გადახდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.

შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ვალდებულების ვადის დარღვევის, ხელშეკრულების შესრულებისადმი მხარეთა ინტერესის, მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო, რაც შეადგენს 5 640.40 ლარს შეუსაბამოდ მაღალია, იგი უნდა შემცირდეს და მისი გადახდა მოპასუხეს დაეკისროს 3 000 ლარის ოდენობით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 417-418-ე, 420-ე, 477-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. შესაბამისად, ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ. ამდენად, ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის წარმოშობილია ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.

სასამართლო მიუთითებს, რომ ვალდებულების შესრულების შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იყოს, იყო თუ არა განხორციელებული მოქმედება, და თუ ასეთს ჰქონდა ადგილი, რა გზით მოხდა შესრულება. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებასაც.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულება.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულია 2--- წლის 3-----------რის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოსარჩელისთვის განსაზღვრული საქონლის დადგენილ ვადაში მიწოდების შესახებ.

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.

დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმებით განსაზღვრულ იქნა პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად მისი გადახდის ვალდებულება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ გადასახდელი პირგასამტეხლო წარმოადგენდა შეუსაბამოდ მაღალს და გონივრულად მიიჩნია მისი შემცირება, შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლო - 3 000 ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, მოპასუხეს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად დაეკისრება შესაბამისი ოდენობისა თანხის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, მე-11, მე-14, 39-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს თ-----–---------------ოს სარჩელი მოპასუხე შპს ,,ტ--------ის’’ მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოპასუხე შპს ,,ტ--------ს’’ მოსარჩელე საქართველოს თ-----–---------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 3 000 ლარის ოდენობით;

3. მოპასუხე შპს ,,ტ--------ს’’ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა ჯანხოთელი