გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.05.2019
საქმის ნომერი
010210017001957754
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
08.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210017001957754

2-1995/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

სარეზოლუციო ნაწილი

08/05/2019 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი ნინო ცინცაძე

მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------ი“

წარმომადგენელი - დ---------------ე

მოპასუხეები:

-ინდ. მეწარმე დ----- ნ-----ე

- ზ------ ნ-----ე

- მ------- ნ-----ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასარჩელო მოთხოვნა

სს ,,ს----------–--------ი“ სასარჩელო განცხადებით მოითხოვს:

- ინდ. მეწარმე დ----- ნ-----ეს, ზ------ ნ-----ეს და მ------- ნ-----ეს მის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 26 316,27 აშშ დოლარის გადახდა;

- დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით აუქციონზე რეალიზებული იქნას იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მდებარე ქ. ქო----–------------------------------------ში, ს/კ 2-.4-.0-.4---

- იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხის არასაკმარისობისას, გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის ამოღება განხორციელდეს თავდები პირის - მ------- ნ-----ისა და ინდ. მეწარმე დ----- ნ-----ის ნებისმიერი ქონების ხარჯზე.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

2008 წლის 31 იანვარს სს ,,პ------------- ბ---სა“ და ინდ. მეწარმე დ----- ნ-----ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №4715, რომლის საფუძველზეც ინდ. მეწარმე დ----- ნ-----ეს ბ---მა გაუხსნა საკრედიტო ხაზი, რომლის ლიმიტიც შეადგენდა 300 000 აშშ დოლარს. საკრედიტო ლიმიტი დამტკიცებული იქნა 120 თვის ვადით, არაუმეტეს წლიურად 36% სარგებელის დარიცხვის პირობით. 2008 წლის 31 იანვრის ხელშეკრულების ფარგლებში 2015 წლის 29 სექტემბერს მათ შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №--.2----, რომლის საფუძველზეც სს ,,პ------------- ბ---მა“ ინდ. მეწარმე დ----- ნ-----ეს სესხად გადასცა 15 794 აშშ დოლარი, 59 თვის ვადით. სესხზე გადასახდელი სარგებელი შეადგენს წლიურ 15 %-ს. სესხის დაფარვის ვადის დარღვევისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის 0.5 %-ის ოდენობით.

 

ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ზ------ ნ-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. ქო----–------------------------------------ში, ს/კ 2-.4-.0-.4--. გარდა იპოთეკის ხელშეკრულებისა, სესხის შესრულება უზრუნველყოფილი იქნა თავდებობითაც. მ------- ნ-----ემ იკისრა სესხის დაფარვის ვალდებულება.

 

2016 წლის 12 დეკემბერს სს ,,პ------------- ბ---სა“ და სს ,,ს----------–--------ს“ შორის გაფორმდა ცესიის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს ,,პ------------- ბ---სა“ და ინდ. მეწარმე დ----- ნ-----ეს შორის გაფორმებული სესხი გადავიდა სს ,,ს----------–--------ის“ მართვაში. შესაბამისად სს ,,ს----------–--------ი“ დ----- ნ-----ესთან ურთიერთობაში ცაენაცვლა სს ,,პ------------- ბ---ს“.

 

ინდ. მეწარმე დ----- ნ-----ემ ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა. მან სესხის დაფარვა შეწყვიტა ვადაზე ადრე, რის გამოც დავალიანებას დაერიცხა პირგასამტეხლო. მას გადასახდელი აქვს ძირი თანხა 15 794 აშშ დოლარი, სარგებელი - 3888.39 აშშ დოლარი, ასევე პირგასამტეხლო 6633,88 აშშ დოლარი.

სესხი არ დაფარა თავდებმა პირმაც.

 

1.1. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხეები სარჩელს ნაწილობრივად ცნობენ. ისინი სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებენ და სადაოდ არ ხდიან. ისინი სადაოდ ხდიან პირგასამტეხლოს და სარგებელის გონივრულობას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.

3.1.1. 2008 წლის 31 იანვარს სს ,,პ------------- ბ---სა“ და ინდ. მეწარმე დ----- ნ-----ეს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება №4715, რომლის საფუძველზეც ინდ. მეწარმე დ----- ნ-----ეს ბ---მა გაუხსნა საკრედიტო ხაზი, რომლის ლიმიტიც შეადგენდა 300 000 აშშ დოლარს. საკრედიტო ლიმიტი დამტკიცებული იქნა 120 თვის ვადით, არაუმეტეს წლიურად 36 % სარგებელის დარიცხვის პირობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2008 წლის 31 იანვრის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება №4715

 

3.1.2. 2008 წლის 31 იანვრის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში, 2015 წლის 29 სექტემბერს სს ,,პ------------- ბ---სა“ და ინდ. მეწარმე დ----- ნ-----ეს შორის გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება №--.2----, რომლის საფუძველზეც სს ,,პ------------- ბ---მა“ ინდ. მეწარმე დ----- ნ-----ეს სესხად გადასცა 15 794 აშშ დოლარი, 59 თვის ვადით. სესხზე გადასახდელი სარგებელი შეადგენს წლიურ 15 %-ს. სესხის დაფარვის ვადის დარღვევისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის 0.5 %-ის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება №--.2----. ს.ფ.

 

3.1.3. ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ზ------ ნ-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. ქო----–------------------------------------ში, ს/კ 2-.4-.0-.4--.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იპოთეკის ხელშეკრულება.

 

3.1.4. გარდა იპოთეკის ხელშეკრულებისა, სესხის შესრულება უზრუნველყოფილი იქნა თავდებობითაც. დ----- ნ-----ის სესხის დაფარვის სოლიდარული ვალებულება იკისრა მ------- ნ-----ემ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება სოლიდარული ვალდებულების შესახებ.

 

3.1.5. 2016 წლის 12 დეკემბერს სს ,,პ------------- ბ---სა“ და სს ,,ს----------–--------ს“ შორის გაფორმდა ცესიის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს ,,პ------------- ბ---სა“ და ინდ. მეწარმე დ----- ნ-----ეს შორის გაფორმებული სესხი, გადავიდა სს ,,ს----------–--------ის“ მართვაში. შესაბამისად სს ,,ს----------–--------ი“ დ----- ნ-----ესთან ურთიერთობაში ჩაენაცვლა სს ,,პ------------- ბ---ს“.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცესიის ხელშეკრულება

 

3.1.6. ინდ. მეწარმე დ----- ნ-----ემ სესხის დაფარვა შეწყვიტა ვადაზე ადრე. მას სესხზე ძირი თანხის სახით გადასახდელი აქვს 15 794 აშშ დოლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები.

 

3.1.7. სესხი არ დაფარა თავდებმა პირმა მ------- ნ-----ემაც.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები.

- შესაგებელი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მოპასუხეები სადაოდ ხდიან პირგასამტეხლოს და სარგებელის გონივრულობას. დადგენილია, რომ სარგებელის და პირგასამტეხლოს ოდენობაზე მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებით. სარჩელში მოთხოვნილი ოდენობის სარგებელი და პირგასამტეხლო არის თუ არა გონივრული, ეს საკითხი არ წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას. იგი სამართლებრივი შეფასების კატეგორიისა და მასზე სასამართლო იმსჯელებს საკითხის სამართლებრივი შეფასებისას.

 

3.2.2. ინდ. მეწარმე დ----- ნ-----ემ მთავარ სხდომაზე განმარტა, რომ მას 2015 წელში სესხი არ აუღია და რომ ხელშეკრულებაში მითითებული სესხის თანხა, ძველი დავალიანებაა, რომლის ძირითადი ნაწილიც მას გადახდილი აქვს. აღნიშნული ნიშნავს მას, რომ მოპასუხემ მთავარ სხდომაზე განაცხადა ახალი ფაქტობრივი გარემოების შესახებ, თუმცა საქ. სსკ-ის 201-ე მუხლი მას ზღუდავს მთავარ სხდომაზე მიუთითოს ახალი გარემოებების შესახებ. დასახელებული ნორმით ,,პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის მიხედვით სარჩელის და შესაგებლის შევსება, არ არის სარეკომენდაციო ხასიათის. ამ მოთხოვნის დაცვა სავალდებულოა და მისი დაუცველობა იწვევს გარკვეულ იურიდიულ შედეგებს (სარჩელის მიღებაზე უარის თქმას, ან ახალ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითების შეზღუდვას). დასახელებული ნიმუში მოითხოვს სარჩელში და შესაგებელში სრულყოფილად და თანამიმდევრობით იყოს ასახული მოსარჩელის და მოპასუხის მოსაზრებები საქმის თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. ასეთი თანამიმდევრული ასახვა აუცილებელია არა მხოლოდ სასამართლოსათვის, არამედ მხარეებისათვის. სწორედ დავის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით იძლევა პასუხს მოპასუხე. იმისათვის, რომ თავიდანვე გაირკვეს რომელი ფაქტობრივი გარემოებაა სადაო და რომელი უდაო, აუცილებელია შემოწმდეს სარჩელისა და შესაგებლის ის გრაფა, სადაც ფაქტობრივი გარემოებებია აღწერილია. თუ მოსარჩელე ან მოპასუხე არ აღწერს ფაქტობრივ გარემოებებს და არ მიუთითებს თუ, რომელი მტკიცებულებით ამტკიცებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, მოწინააღმდეგე მხარეს გაუჭირდება კონკრეტულად პასუხი გასცეს მის წინააღმდეგ მიმართულ ფაქტობრივ გარემოებას და გააბათილოს ამ გარემოების დამამტკიცებელი მტკიცებულება. შესაბამისად ის ვერ განახორციელებს თავის საპროცესო ვალდებულებას - თავი დაიცვას სარჩელისაგან, ან შესაგებელში მითითებული გარემოებები და მისი მტკიცებულებები გააბათილოს. სწორედ ამ მიზნითაა შექმნილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუში და მისი მიზანი მხარეთათვის სწორი შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპის განხორციელებაა. საქმის განხილვის ერთერთი მნიშვნელოვანი პრინციპია შეჯიბრებითობის წარმართვა მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით. მხარეებს უნდა მიეცეთ ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცების თანაბარი საპროცესო საშუალებები. სარჩელის წარმოდგენის შემდეგ მოპასუხეს ეძლევა შესაგებლით სარჩელისაგან თავის დაცვის საშუალება. სწორედ შესაგებლით უნდა გააბათილოს მოპასუხემ სარჩელში მითითებული გარემოებები და მისი მტკიცებულებები. თუ მოპასუხე არ ისარგებლებს ამ მოთხოვნით, მაშინ ის კარგავს უფლებას მთავარ სხდომაზე მიუთითოს ახალ, ისეთ გარემოებაზე, რომელიც არ ყოფილა შესაგებელში მითითებული. თუ მოპასუხემ საპატიო მიზეზით ესა თუ ის გარემოება შესაგებელში ვერ მიუთითა, მაშინ აუცილებელია მან ახალ გარემოებაზე მიუთითოს მინიმუმ მოსამზადებელი ეტაპის დასრულებამდე. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელესაც უნდა მიეცეს საშუალება მოემზადოს ახალ გარემოებასთან დაკავშირებით და გააბათილოს მოპასუხის მიერ დასახელებული ახალი გარემოებები და მტიცებულებები. წინამდებარე შემთხვევაში მოპასუხემ შესაგებელში მიუთითა მხოლოდ ის, რომ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას ეთანხმება. სესხი მიიღო და დაფარვა ვერ მოახერხა. სადაო გახადა მხოლოდ სარგებელისა და პირგასამტეხლოს გონივრულობა. მთავარ სხდომაზე კი დემონსტრაციულად განაცხადა, რომ 2015 წელში მას სესხი არ მიუღია, ვალის ძირითადი ნაწილი დაფარა და ა.შ. საკითხები. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის ახალი გარემოებები სასამართლომ მხედველობაში არ უნდა მიიღოს. მას დრო და საშუალება ჰქნდა იმისა, რომ საქმის მომზადების ეტაპზე მიეთითებინა რა საკითხებს ხდის სადაოდ და რა ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით იცავს თავს სარჩელისაგან. მისი, საპროცესო მოვალეობის შესრულებისადმი ზერელე დამოკიდებულება და გულგრილობა, არ უნდა იქნას გამოყენებული მოსარჩელის საწინააღმდეგოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში დაირღვევა შეჯიბრების პროცესში მხარეთა თანასწორობის უფლება. მოპასუხეს მიენიჭება მოსარჩელეთან შედარებით უპირატესობა. მას აღარ ექნება საშუალება წარმოადგინოს მტკიცებულებები და დაამტკიცოს ის გარემოებები, რაზეც სარჩელში ჰქონდა მითითებული და ასევე ვერ გააბათილებს მოპასუხის იმ არგუმენტებს, რომელიც მოპასუხემ მთავარ სხდომაზე განაცხადა. მომზადების ეტაპზე მათი განუცხადებლობის გამო, მოარჩელეს არ ჰქონდა საშუალება ამ ახალ გარემოებებს შეჯიბრებოდა და დაემტკიცებინა თავისი არგუმენტები. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხე უნდა მოექცეს საქ. სსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ფარგლებში და მას უნდა შეეზღუდოს ახალ გარემოებებზე მითითების საშუალება. შესაბამისად ახალი ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ სესხი არ მიუღია, ან კიდე ის რომ სესხის ძირითადი ნაწილი ძველი ვალის ფარგლებში აქვს დაფარული, სასამართლომ მხედველობაში არ უნდა მიიღოს.

 

3.2.3. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხის განმარტებები სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო, მისი განმარტებები დავები რომც ყოფილიყო, ამ შემთხვევაშიც კი არ გაიზიარებდა სასამართლო, რადგანაც მისი ვალდებულებაა დაამტკიცოს, რომ სესხი დაფარული აქვს. მას ასეთი მტკიცებულება წარმოდგენილი არ აქვს. ტავის მხრივ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2015 წლის 29 სექტემბერს სს ,,პ------------- ბ---სა“ და ინდ. მეწარმე დ----- ნ-----ეს შორის გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება №--.2----, რომლის საფუძველზეც სს ,,პ------------- ბ---მა“ ინდ. მეწარმე დ----- ნ-----ეს სესხად გადასცა 15 794 აშშ დოლარი, 59 თვის ვადით. სესხზე გადასახდელი სარგებელი შეადგენს წლიურ 15 %-ს. სესხზე ხელმოწერა შეასრულა დ----- ნ-----ემ და ხელმოწერის შესრულებას ის სადაოდ არ ხდის. შესაბამისად მთავარ სხდომაზე გაცხადებული მისი არგუმენტებიც საფუძველს მოკლებულია. შესაძლებელია მხარეებს ძველი ხელშეკრულებებიდან გამომდინარე გარკვეული ურთიერთობები აქვთ, მაგრამ 2015 წლის 29 სექტემბრის ხელშეკრულებით მათ შორის ახალი სასესხო ურთიერთობა გაჩნდა და იგი ისე უნდა დარეგულირდეს, როგრც მასზე მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებით.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ძირი თანხისა და სარგებელის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. პირგასამტეხლო გაანგარიშებულია მაღალი საპროცენტო განაკვეთიდან, რის გამოც ის მოყვანილი უნდა იქნას გონივრულ შესაბამისობაში.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

-საქართველოს კონსტიტუცია.

-საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ინდ. მეწარმე დ----- ნ-----ემ სს ,,პ------------- ბ---ისაგან“ მიიღო კრედიტი, მაგრამ შეთანხმებულ ვადაში კრედიტის გზით მიღებული სესხი არ დაუბრუნა უკან. მას გადასახდელი აქვს ძირი თანხა 15 794 აშშ დოლარი, სარგებელი - 3888.39 აშშ დოლარი, ასევე პირგასამტეხლო 6633,88 აშშ დოლარი, რასაც დ----- ნ-----ე არ იხდის. დავალიანებას არ ფარავს თავდები პირი მ------- ნ-----ეც. სასამართლომ საქმის განხილვით უნდა დაადგინოს ინდ. მეწარმე დ----- ნ-----ეს და მ------- ნ-----ეს სესხი სრულად დაფარული აქვთ თუ არა. თუ დადგინდა, რომ მათ სესხი არ დაფარეს, მაშინ მათი ქმედება უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს საბანკო კრედიტის სახით გაცემული თანხის დაკისრება. თუმცა ამისათვის აუცილებელია მხარეებს შორის არსებობდეს შესაბამისი ვალდებულება.

 

6.2. წინამდებარე შემთხვევაში მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი იმ ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-873 მუხლებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით ,,საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით”.

 

დადგენილია, რომ სს ,,პ------------- ბ---სა“ და დ----- ნ-----ეს შორის ვალდებულება წარმოიშვა 2008 წლის 31 იანვრის იმ გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც ინდ. მეწარმე დ----- ნ-----ეს ბ---მა გაუხსნა საკრედიტო ხაზი, რომლის ლიმიტიც შეადგენდა 300 000 აშშ დოლარს. დასახელებული ხელშეკრულების ფარგლებში, 2015 წლის 29 სექტემბერს სს ,,პ------------- ბ---სა“ და ინდ. მეწარმე დ----- ნ-----ეს შორის გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება №--.2----, რომლის საფუძველზეც სს ,,პ------------- ბ---მა“ ინდ. მეწარმე დ----- ნ-----ეს სესხად გადასცა 15 794 აშშ დოლარი, 59 თვის ვადით. დ----- ნ-----ე ვალდებული იყო გრაფიკის მიხედვით დაეფარა სესხის ძირიცა და სარგებელიც. სწორედ ასეთ ურთიერთობას არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 867-873-ე მუხლით დადგენილი ქცევის წესები. შესაბამისად მხარეებს შორის წარმოშობილი ურთიერთობა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაა, ამიტომ მხარეებს შორის წარმოშობილი დავა უნდა გადაწყდეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმებით.

 

6.3. დადგენილი ფაქტია, რომ დ----- ნ-----ემ კრედიტი არ დაფარვა. მიუხედავად იმისა, რომ დადგა შენატანების შეტანის დრო, მან სესხის დაფარვას არ შეუდგა. სესხის დაფარვის ვადის გადაცილების გამო მოსარჩელემ, მასთან დადებული ხელშეკრულება შეწყვიტა და სესხად გაცემული თანხის მთლიანად უკან დაბრუნება მოითხოვა. ხელშეკრულების შეწყვეტის წესი და პირობები მოცემულია საქართველოს სკ-ის 405-ე მუხლში. შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებისას შემოწმებული უნდა იქნას არსებობდა თუ არა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველი.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

 

მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.

 

6.5. საქ. სკ-ის 873-ე მუხლით ,,კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქ. სკ-ის 873-ე მუხლი საგამონაკლისო ნორმაა. თუ საქ. სსკ-ის 405-ე მუხლი ხელშეკრულებაზე უარის თქმას უკავშირებს სხვადასხვა გარემოებებს. დასახელებულმა ნორმამ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება კრედიტის გამცემს მიანიჭა იმ შემთხვევაშიც, თუ კრედიტის მიმღები სულ ცოტა ორი ვადით გადააცილებს შენატანის შეტანას. თუმცა ამ შემთხვევაშიც შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ანუ ამ შემთხვევაშიც გარიგების შეწყვეტისათვისათვის აუცილებელია ორ კვირიანი დამატებითი ვადის დანიშნვაც. ფაქტობრივად ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების მართლზომიერების შემოწმებისათვის უნდა შეფასდეს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების საკითხი და დამატებითი ვადის დანიშნვის აუცილებლობა. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხები. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნები დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ჩაეთვლებათ მათ ვალდებულება შესრულებულად. საკრედიტო ხელშეკრულების დადების და თანხის გადაცემის შემდეგ, მოსარჩელემ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ დ----- ნ-----ისაგან მოეთხოვა ვალდებულების შესრულება. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც კრედიტის გამცემს აქვს მოთხოვნის უფლება - კრედიტის მიმღებს მოსთხოვოს შეასრულოს თანხის დაბრუნების ვალდებულება. თავის მხრივ დ----- ნ-----ე მოვალე იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში და პირობებით მოსარჩელისათვის დაებრუნებინა სესხად მიღებული თანხა. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, დ----- ნ-----ემ საბანკო პროდუქტით ისარგებლა და აითვისა კრედიტი. თანხის ათვისების შემდეგ ის ვალდებული იყო სესხად მიღებული თანხის დაფარვის მიზნით, ბანკში თანხა შეეტანა იმ დროში, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. მან ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც დაარღვია ხელშეკრულებები. დავალიანების დარჩენილი თანხა დ----- ნ-----ემ არ გადაიხადა დამატებით ვადაშიც და ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით მოსარჩელეს მიაყენა ზიანი. მან შენატანის შეტანის ვადას გადააცილა ორ ვადაზე მეტჯერ, რაც მოსარჩელეს უფლებას ანიჭებდა ხელშეკრულებიდან გავიდეს და დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაფარვა. დ----- ნ-----ის ქმედება ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. მას გადასახდელი აქვს ძირი თანხა 15 794 აშშ დოლარი. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, დ----- ნ-----ე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხდოს სესხად მიღებული თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

6.6. საქ. სკ-ის 868-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

დადგენილია, რომ მხარეებს ხელშეკრულებით განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხეს უნდა გადაეხადა ის სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებით. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. ამიტომ მოპასუხეებს სარგებელის გადახდის ვალდებულებაც უნდა შეესრულებინათ საქ. სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. ხელშეკრულებით სარგებელი შეადგენდა წლიურ 15 %-ს. სასამართლომ შეამოწმა სარგებელის ოდენობა, ასევე მასზე შეთანხმების საკითხი, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარგებელის გამოთვლა არ ეწინააღმდეგება შეთანხმებას. სარგებელის სახით გადასახდელი თანხა, ძირი თანხის მსგავსად უნდა გადანაწილებულიყო და კუთვნილ ძირი თანხის ერთად ბანკში უნდა შეტანილიყო გრაფიკის მიხედვით. როგორც ზემოთ განვმარტეთ ინდ. მეწარმე დ----- ნ-----ემ შეწყვიტა, როგორც ძირი თანხის, ისე სარგებელის გადახდა. ის ვალდებულია სარგებელი მოსარჩელეს გადაუხადოს სრულად. გადასახდელი სარგებელი შეადგენს 3888,39 აშშ დოლარს.

 

6.7. პირგასამტეხლოს ნაწილში მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების საფუძვლებიდან. დასახელებულ ნორმებში განმარტებულია პირგასამტეხლოს შინაარსი, რომლის მიხედვითაც პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში თანხის დაუბრუნებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ სესხის თანხისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისას, მსესხებელი ვალდებულების შესრულებამდე ყოველდღიურად პირგასამტეხლოს სახით გადაიხდის ჯარიმას ვადაგადაცილებული თანხის 0.5 %-ს.

 

პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.

 

დადგენილია, რომ ინდ. მეწარმე დ----- ნ-----ემ ისარგებლა საბანკო პროდუქტით, მაგრამ არ შეასრულა ვალდებულებები და სესხი მასზე დარიცული პროცენტით არ გადაიხადა გრაფიკის მიხედვით. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მას უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს გადახდა. ხელშეკრულების დარღვევიდან შესრულების ვადაგადაცილების მიხედვით კუთვნილი პირგასამტეხლოს ოდენობაა 6633,88 აშშ დოლარი.

 

6.8. სამოქალაქო კოდექსის 4-0-ე მუხლით ,,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო”.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს თავის არიდების მიზნით კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობასაც იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონიმიკურ შედეგებს.შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას. ამდენად, თუ მხარე აღჭურვილია ადვოკატით, სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილი სუბიექტია და ა. შ. ივარაუდება, რომ ასეთ ვითარებაში შეთანხმებული პირგასამტეხლო, თუნდაც, შეუსაბამოდ მაღალი, შეესაბამება მხარეთა ნამდვილ ნებას და შემცირებას არ ექვემდებარება. განსახილველ შემთხვევაში სახელშეკრულებო ურთიერთობაში სახეზეა ე.წ. „სუსტი მხარე“, რომელიც ხელშეკრულების ხელმოწერისას ვერ აცნობიერებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ინდ. მეწარმე დ----- ნ-----ე ვერ იხდის ძირ თანხას. მასზე დამატებით მაღალი პირგასამტეხლოს დაკისრება უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს მის გადახდის უნარს. პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად, დავალიანების 0.5 %-ის დარიცხვა არაგონივრულია. მითუმეტესს გადასახდელი ყველა თანხა ერთობლიობაში შეადგენს საკმაოდ სოლიდურ თანხას. თანასწორობისა და ბალანსის აღდგენისათვის სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს პირგასამტეხლო განახევრდეს. მნიშვნელოვანია ის საკიტხი, რომ დ----- ნ-----ე ვალდებულებას არ ასრულებს ხელშეკრულების დადების მომენტიდან. ანუ 2015 წლის სექტემბრის შემდეგი პერიოდიდან ვალდებულება არ სრულდება. მოსარჩელე დაახლოებით ოთხი წელია კარგავს შემოსავალს. კუთვნილი ბაჟის განახევრებული ოდენობა ორივე მხარისათვის იქნება თანაბრად გონივრული. ამ გზით მოსარჩელეც მიიღებს სარგებელს და მოპასუხეც თავიდან აიცილებს გაუმართლებელ ხარჯებს.

 

6.9. მოსარჩელის მოტხოვნა მიმართულია თავდები პირის მიმართაც. ამ ნაწილში მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძვლიდან. დასახელებული ნორმით ,,თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად”. ამავე კოდექსის 893-ე მუხლის პირველი წინადადებით ,,თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა”. ხოლო 895-ე მუხლით ,,თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა”.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ დ----- ნ-----ესთან დადებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელემ თავდებობის ხელშეკრულება დადო მ------- ნ-----ესთან. მან იკისრა ვალდებულება დ----- ნ-----ესთან ერთად აგოს პასუხი საკრედიტო ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე. სამოქალაქო კოდექსის 893 და 895 მუხლმა დაადგინა, რომ თავდებმა პირმა ძირითად მევალესთან ერთად ან მის გარეშე პასუხი აგოს იმ ვალდებულებებზე იმ ფარგლებში, რა ვალდებულების შესრულებაზეც განაცხადა თავდებობა.

 

დადგენილია, რომ დ----- ნ-----ემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის დაფარვის ვალდებულება. ის ვალდებულება, რაც მოსარჩელის მიმართ მას აქვს, უნდა გავრცელდეს თავდები პირის მიმართაც. აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი თანხის დაკისრების ნაწილში, როგორც დ----- ნ-----ის, ასევე მ------- ნ-----ის მიმართ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.10. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,1. უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,იპოთეკა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და რეალიზაციის ხარჯებს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული”.

 

საქმეში წარმოდგენილია იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკითაა დატვირთული ზ------ ნ-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. ქო----–------------------------------------ში, ს/კ 2-.4-.0-.4--.

 

6.11. სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის მიხედვით ,,1. თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

11. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი”.

 

დადგენილია, რომ ინდ. მეწარმე დ----- ნ-----ემ ბ---ის მიმართ ვადებულება ჯეროვნად არ შეასრულა. მას გადასახდელი აქვს გარკვეული თანხები. გადააცილა კრედიტის დაფარვის გრაფიკს, რამაც ბანკს უფლება მისცა გავიდეს ხელშეკრულებიდან და მოითხოვოს ვალდებულების სრული შესრულება. ბანკის ხელშეკრულებიდან გასვლას უნდა მოყვეს ვალდებულების მთლიანი შესრულება. ბანკის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით, შესაბამისად მას უფლება აქვს მოითხოვოს იპოთეკის საგნის რეალიზაცია და მიღებული თანხით ვალდებულების შესრულება.

 

6.12. თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არარის საკმარისი დაკისრებული თანხის ამოღებისათვის, ასეთ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს ვალდებული პირის ნებისმიერ ქონებაზე მიქცეული იქნას გადაწყვეტილების აღსრულება. მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11 ნაწილის საფუძვლიდან. დასახელებული ნორმით მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან იპოთეკის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ იპოთეკის ფარგლები განსაზღვრულია კანონით. იპოთეკის საგნით უნდა დაიფაროს უზრუნველყოფილი მთლიანი მოთხოვნა. თუ იპოთეკის საგნის ღირებულება არ იქნება საკმარისი, ასეთ შემთხვევაშიც მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება. საქ. სკ-ის 301-ე მუხლის 11 ნაწილი დასაშვებად მიიჩნევს იპოთეკის საგნის ღირებულების არასაკმარისობისას, მოთხოვნა გავრცელდეს იპოთეკის გარდა სხვა ქონებაზეც, მაგრამ ამისათვის აუცილებელია მხარეები მასზე შეთანხმდნენ წინასწარ. წინამდებარე შემთხვევაში მხარეები წინასწარ არიან შეთანხმებულნი მასზედ, რომ თუ ქონების რეალიზაციით მოთხოვნა დაკმაყოფილებული ვერ იქნა, თანხის ამოღება გაგრძელდეს ინდ. მეწარმე დ----- ნ-----ის ნებისმიერი ქონების ხარჯზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ პირად მოვალის მიმართ მისი მოთხოვნა საფუძვლიანია და ექვემდებარება დაკმაყოფილებას. შესაბამისად ამ ნაწილშიც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.13. მოსარჩელე მოითხოვს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც გულისხმობს, რომ მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეთა უფლებაა ისარგებლონ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობით. გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 28-ე თავით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 -ე ნაწილით: ,,ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.

 

სასამართლომ გამოიკვლია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებები დაადგინა, რომ გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 13.1 მუხლით მხარეები შეთანხმებულნი არიან მასზედ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიქცეული იქნას აღსასრულებლად. წინამდებარე შემთხვევაში ვალდებულების შესრულება გახდა სადაო. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მისი უფლებები დაირღვა მოპასუხეთა მიერ, რის გამოც სარჩელი აღძრა და მისი სარჩელის საფუძველზე მიღებულია გადაწყვეტილება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის, ასევე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 13.1 პუნქტის საფუძველზე გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შსაბამისი გაანგარიშებით შეადგენს 1901.56 ლარს. მოსარჩელეს სახ. ბაჟის თანხა წინასწარ აქვს გადახდილი. სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, ამიტომ სახ. ბაჟის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მ------- ნ-----ეს და დ----- ნ-----ეს.

 

7.2. საქ. სსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილი იმ მოპასუხეებს ათავისუფლებს სახ. ბაჟის გადახდისაგან, ვინც საქმის მომზადების სტადიაზე სარჩელს ცნობს. როგორც ზემოთ განვმარტეთ მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივად სცნო, ამიტომ ის ამ ნაწილში კუთვნილ ბაჟის - 1141,12 ლარის გადახდისაგან უნდა გათავისუფლდნენ. ბაჟის სახით გადახდილი დარჩენილი ნაწილი თანხა კი მხარეებს შორის უნდა განაწილდეს სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციულად. კერძოდ:

7.3. მოპასუხეებმა სარჩელი არ სცნეს სარგებელის ნაწილში (3888,39 აშშ დოლარი). ამ ნაწილში გადასახდელი ბაჟი შეადგენს 291,62 ლარს. სარჩელის დაკმაყოფილების გამო ამ ნაწილში გადასახდელი ბაჟი უნდა დაეკისროს მოპასუხეებს.

7.4. მოპასუხეებმა სარჩელი არ სცნეს პირგასამტეხლოს ნაწილში. მასზე გადასახდელი ბაჟი შეადგენს 468.82 ლარს. ამ ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივად, რის გამოც ბაჟი მხარეებს შორის უნდა განაწილდეს თანაბრად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

უზრუნველყოფის ღონისძიება განსახილველ საქმეში გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-e, 243-244-ე, 248-249-ე, 250-ე და 257-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სს ,,ს----------–--------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად.

2. ინდ. მეწარმე დ----- ნ-----ეს და მ------- ნ-----ეს, სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ:

- ძირი თანხის სახით - 15 794 აშშ დოლარის გადახდა;

- სარგებელის სახით - 3888,39 აშშ დოლარის გადახდა;

- პირგასამტეხლოს სახით - 3316,94 აშშ დოლარის გადახდა;

3. სს ,,ს----------–--------ის“ სარჩელი პირგასამტეხლოს სრულად დაკისრების ნაწილში, არ დაკმაყოფილდეს.

4. დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით, იძულებით აუქციონზე რეალიზებული იქნას იპოთეკის საგანი - ზ------ ნ-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. ქო----–------------------------------------ში, ს/კ 2-.4-.0-.4--.

5. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება ბანკის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის დასაფარად, იძულებითი აღსრულება გაგრძელდეს ინდ. მეწარმე დ----- ნ-----ის ნებისმიერი ქონების ხარჯზე.

6. ინდ. მეწარმე დ----- ნ-----ეს და მ------- ნ-----ეს, სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ წინასწარ სახ. ბაჟის სახით გადახდილი 526,03 ლარის ანაზღაურება.

7. სს ,,ს----------–--------ს“, სახ. ბაჟის სახით დაეკისროს 234,41 ლარის გადახდა. მას ბაჟი წინაწარ აქვს გადახდილი.

8. სს ,,ს----------–--------ს“ უკან დაუბრუნდეს წინაწარ გადახდილი ბაჟის ნაწილი 1141,12 ლარი (საგადასახადო დავალება 12801; გადამხდელის ბანკი - სს ს----------–--------ი, გადახდის თარიღი - 07/06/2017 წელი, სახაზინო კოდი - 300693150)

9. გადაწყვეტილება მიქცეული იქნას დაუყონებლივ აღსასრულებლად და ამ მიზნით მასზე გაიცეს სააღსრულებო ფურცელი.

10. გადაწყვეტილება, დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. №30).

11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ბათუმი, ს.ზუბალაშვილის 30).

12. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (ბათუმი, ს.ზუბალაშვილის 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე