გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.05.2019
საქმის ნომერი
200210018002668480
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
27.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/964-18

N200210018002668480

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 მაისი, 2019 წელი ქ. თელავი

 

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი - სოფიკო ჩაფურიშვილი

 

მოსარჩელე: - სს ,,ლ-------ი ბანკი“

წარმომადგენელი - ლ--–---------ა

მოპასუხეები: მ------ პ-------–---–ი, ე-–----- პ-------–---–ი, მ-----– შ-–--–---–ი, ლ---- ბ-------–---–ი, ვ---- პ-------–---–ი, ი--------–----ი, ქ------- პ-------–---–ი, გ------ი პ-------–---–ი, ე-–----- პ-------–---–ი

დავის საგანი: ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მ------ პ-------–---–ს, მ-----– შ-–--–---–სა და ლ---- ბ-------–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 13562.04 (ძირი - 7039.36, პროცენტი - 416.71, ჯარიმა - 6105.97) ლარის გადახდა სს ,,ლ-------ი ბანკის სასარგებლოდ;

1.2. დაადგინოთ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (ს/კ 5-----------) იძულებითი რეალიზაცია;

1.3. იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფაში არსებული ქონების რეალიზაციის გზით სრულად არ დაკმაყოფილდება მოსარჩელის სს ,,ლ-------ი ბანკის” მოთხოვნა, მოხდეს მ------ პ-------–---–ისა და სოლიდარული მოვალეების მ-----– შ-–--–---–ისა და ლ---- ბ-------–---–ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებათა რეალიზაცია მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით;

1.4. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული სასამართლო ხარჯის 406.86 ლარის ანაზღაურება.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

სს ,,ლ-------ი ბანკსა” და მ------ პ-------–---–ს შორის 2014 წლის 4 ნოემბერს გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება #რბ-01924-2014, რომლის საფუძველზე 2014 წლის 7 ნოემბერს ბანკსა და მ------ პ-------–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #67998. კრედიტით გათვალისწინებული თანხის ოდენობამ შეადგინა 15 000 ლარი, წლიური 24%, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 36 თვე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა, რომ მსესხებლის მიერ კრედიტის ვადის დარღვევის შემთხვევაში კრედიტს დაერიცხებოდა ვადაგადაცილების პირგასამტეხლო კრედიტის ვადაგადაცილებული ძირითადი თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე. გენერალური ხელშეკრულებითა და საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებულ იქნა თავდებობის ხელშეკრულებები. 2014 წლის 4 ნოემბერს ბანკსა და მ-----– შ-–--–---–სა და ლ---- ბ-------–---–ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც თავდებმა პირებმა ბანკის წინაშე იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ გენერალური ხელშეკრულებითა და მის საფუძველზე გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელსეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად. თითოეული თავდები პირის პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრა 51 500 ლარით. 2014 წლის 4 ნოემბერს გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურებისა და მის საფუძველზე გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად 2014 წლის 4 ნოემბერს სს ,,ლ-------ი ბანკსა” და გ------ი პ-------–---–ს, ე-–----- პ-------–---–ს, ვ---- პ-------–---–ს, ი--------–----ს, მ------ პ-------–---–სა და ქ------- პ-------–---–ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, კერძოდ, იპოთეკით დაიტვირთა მესაკუთრეების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე : თ--–--ი, სოფ. ლ----------ი, მ---------; ს/კ 5-----------. აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე სს ,,ლ-------ი ბანკსა” და მოპასუხეებს შორის 2018 წლის 14 ივლისს გაფორმებული იქნა მორიგების აქტი, რომლის მიხედვით მოპასუხეებმა აღიარეს, რომ მათ ბანკის მიმართ ერიცხებოდათ ვადაგადაცილებული დავალიანება 13562.04 (ძირი - 7039.36 ლარი, პროცენტი - 416.71 ლარი, ჯარიმა - 6105.97 ლარი) ლარის ოდენობით. მორიგების გაფორმების მიზნით მოსარჩელე მხარის მიერ შემცირებული იქნა დარიცხული ჯარიმა 1831.8 ლარამდე და მორიგება გაფორმებულ იქნა 9287.87 ლარზე. მორიგების აქტის მიხედვით განისაზღვრა, რომ დავალიანების დაფარვა მოპასუხეებს უნდა განეხორციელებინათ 2018 წლის 30 ივლისიდან ყოველთვიურად 775 ლარის გადახდით. მიუხედავად აღნიშნულისა მოპასუხეებმა არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები. მხარეთა შორის 14.07.2018 წელში გაფორმებული მორიგების პირობების მე-4 პუნქტის თანახმად, ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ უკანასკნელის მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს გადახდა 6105.97 ლარის ოდენობით. მოპასუხეების მიერ გენერალური ხელშეკრულებითა და მის საფუძველზე გაფორმებული კონკრეტული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და ასევე მორიგების აქტით გათვალისწინებული პირობები არ იქნა შესრულებული და მათი დავალიანება სს ,,ლ-------ი ბანკის” მიმართ 2018 წლის 6 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენს 13562.04 ლარს, საიდანაც 7039.36 ლარი არის ძირი თანხა, 416.71 ლარი - დარიცხული პროცენტი, 6105.97 ლარი - ვადაგადაცილების პირგასამტეხლო. ბანკმა წერილებით მიმართა როგორც მსესხებელს, ასევე თავდებებს და განუმარტა მათ, ნებაყოფლობით უზრუნველყოთ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული თანხების და დარიცხული ჯარიმის გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მოპასუხე მხარე ნაწილობრივ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ იგი ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას მხოლოდ ძირითადი თანხის და პროცენტის მოთხოვნის ნაწილში. რაც შეეხება ჯარიმას, მიაჩნია, რომ იგი არის შეუსაბამოდ მაღალი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2014 წლის 4 ნოემბერს ბანკსა და მ------ პ-------–---–ს შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ. გენერალური საკრედიტო ხაზის ერთიანი საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 50 000 ლარით. მოქმედების ვადად გათვალისწინებული იქნა 120 კალენდარული თვე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ (ს.ფ. 19-29).

 

3.2.2. 2014 წლის 7 ნოემბერს ბანკსა და მ------ პ-------–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #67998. კრედიტით გათვალისწინებული თანხის ოდენობამ შეადგინა 15 000 ლარი, წლიური 24%, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 36 თვე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა, რომ მსესხებლის მიერ კრედიტის ვადის დარღვევის შემთხვევაში კრედიტს დაერიცხებოდა ვადაგადაცილების პირგასამტეხლო კრედიტის ვადაგადაცილებული ძირითადი თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე. ხელშეკრულებასთან ერთად მხარეს გადაეცა სესხის დაფარვის შესაბამისი გრაფიკი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და რომლის მიხედვითაც მოპასუხე მხარეს უნდა განეხორციელებინა სესხის დაფარვა. სს ,,ლ-------ი ბანკის” მიერ გაცემული ამონაწერის თანახმად 30.01.2016 წლიდან მოპასუხეების მიერ დარღვეულ იქნა სესხის დაფარვის გრაფიკი. შესაბამისად, მას შემდეგ კრედიტს ერიცხება ვადაგადაცილების პირგასამტეხლო. სს ,,ლ-------ი ბანკი” უფლებამოსილია სარჩელის შეტანის თარიღისათვის შეწყვიტოს გენერალური და მის საფუძველზე გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. მოპასუხეთა დავალიანება დაანგარიშებულია 2018 წლის 6 ოქტომბრის მდგომარეობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სესხის დაფარვის გრაფიკით (ს.ფ. 19-30);

 

3.2.3. გენერალური ხელშეკრულებითა და საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებულ იქნა თავდებობის ხელშეკრულებები. 2014 წლის 4 ნოემბერს ბანკსა და მ-----– შ-–--–---–სა და ლ---- ბ-------–---–ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც თავდებმა პირებმა ბანკის წინაშე იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ გენერალური ხელშეკრულებითა და მის საფუძველზე გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელსეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად. თითოეული თავდები პირის პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრა 51 500 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ. 31-36);

 

3.2.4. 2014 წლის 4 ნოემბერს გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურებისა და მის საფუძველზე გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად 2014 წლის 4 ნოემბერს სს ,,ლ-------ი ბანკსა” და გ------ი პ-------–---–ს, ე-–----- პ-------–---–ს, ვ---- პ-------–---–ს, ი--------–----ს, მ------ პ-------–---–სა და ქ------- პ-------–---–ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, კერძოდ, იპოთეკით დაიტვირთა მესაკუთრეების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: თ--–--ი, სოფ. ლ----------ი, მ---------; ს/კ 5-----------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- იპოთეკის ხელშეკრულება; ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 37-44);

 

3.2.5. მოპასუხეების მიერ გენერალური ხელშეკრულებითა და მის საფუძველზე გაფორმებული კონკრეტული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არ იქნა შესრულებული და მათი დავალიანება სს ,,ლ-------ი ბანკის” მიმართ 2018 წლის 6 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენს 13562.04 ლარს, საიდანაც 7039.36 ლარი არის ძირი თანხა, 416.71 ლარი - დარიცხული პროცენტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 49)

 

3.2.6. მოპასუხე მხარის მიერ არ სრულდება ხელშეკრულების პირობები, კერძოდ, არ ხდება საკრედიტო თანხების დაბრუნება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი მსესხებლის საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ. 50-57)

 

3.2.7. ბანკმა წერილებით მიმართა როგორც მსესხებელს, ასევე თავდებებს და განუმარტა მათ, ნებაყოფლობით უზრუნველყოთ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული თანხების და დარიცხული ჯარიმის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- გაფრთხილების წერილები (ს.ფ. 58-92)

 

3.2.8. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება რომ მოპასუხე მხარეს ერიცხება შეუსაბამოდ მაღალი ვადაგადაცილების პირგასამტეხლო თანხით 6105.97 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 49)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ,,ლ-------ი ბანკის“ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე-420-ე, 867-ე-873-ე, 891-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი პუნქტით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეებს სს ,,ლ-------ი ბანკსა“ და მოპასუხეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე. მოპასუხემ მოსარჩელე მხარისაგან სესხის ხელშეკრულების შესაბამისად მიიღო სესხი, რომელიც უნდა დაებრუნებინა შეთანხმებულ ვადაში, შეთანხმებული პირობებით. დადგენილია, რომ მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება და მოსარჩელის მიმართ წარმოეშვა დავალიანება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთის მხრივ, მოსარჩელე სს ,,ლ-------ი ბანკი", ხოლო, მეორეს მხრივ, მოპასუხე მხარე შეთანხმებულნი არიან სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ლ-------ი ბანკი" უფლებამოსილია მოითხოვოს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გაცემული კრედიტის ძირითადი თანხის 7039.36 ლარის გადახდა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.( სსკ 2016 წლის 29 დეკემბრის მდგომარეობით)

განსახილველ შემთხვევაში, არსებული ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება წლიურ საპროცენტო სარგებელზე და არსებული მდგომარეობით საპროცენტო ვალი შეადგენს 416.71 ლარს.

 

6.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი განაკვეთიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და მოპასუხეს მხარეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს - 610,60 ლარის გადახდა.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით. სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველსაყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია რომ 2014 წლის 4 ნოემბერს გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურებისა და მის საფუძველზე გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად 2014 წლის 4 ნოემბერს სს ,,ლ-------ი ბანკსა” და გ------ი პ-------–---–ს, ე-–----- პ-------–---–ს, ვ---- პ-------–---–ს, ი--------–----ს, მ------ პ-------–---–სა და ქ------- პ-------–---–ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, კერძოდ, იპოთეკით დაიტვირთა მესაკუთრეების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე : თ--–--ი, სოფ. ლ----------ი, მ---------; ს/კ 5-----------. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ხელშეკრულებით იპოთეკით დატვირთული ქონება უნდა მიექცეს სარეალიზაციოდ.

 

6.4. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი პუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით. თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.

 

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიმართვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს მხოლოდ საპროცესო ნორმაზე, რომელშიც აღნიშნულია სასამართლოს უფლებამოსილებაზე, რომ სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება, მაგრამ მოსარჩელე არ ასაბუთებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის აუცილებლობას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობას, რის გამოც შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეებს სს ,ლ-------ი ბანკის" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 20 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად.

მოსარჩელე სს ,,ლ-------ი ბანკს“ უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 406.86 ლარიდან 223.68 ლარი, ხოლო დანარჩენი - 162.18. ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე,243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 260-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,ლ-------ი ბანკის“ სარჩელი მოპასუხეების ე-–----- პ-------–---–ის, მ-----– შ-–--–---–ის, ლ---- ბ-------–---–ის, ვ---- პ-------–---–ის, ი--------–----ის, ქ------- პ-------–---–ის, გ------ი პ-------–---–ის, ე-–----- პ-------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.1. მოპასუხეებს მ------ პ-------–---–ს, მ-----– შ-–--–---–ს და ლ---- ბ-------–---–ს სს ,,ლ-------ი ბანკის“ სოლიდარულად სასარგებლოდ დაეკისროთ ძირი თანხა - 7039.36 ლარი, პროცენტი- 416.71 ლარი, ჯარიმა - 610.60 ლარი, სულ - 8066.67 ლარი.

2. მოხდეს იპოთეკით დატვირთული ქონების ს/კ 5----------- იძულებითი რეალიზაცია.

3. იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფაში არსებული ქონების რეალიზაციის გზით სრულად არ დაკმაყოფილდება მოსარჩელის სს ,,ლ-------ი ბანკის“ მოთხოვნა მოხდეს მ------ პ-------–---–ისა და სოლიდარული მოვალეების მ-----– შ-–--–---–ისა და ლ---- ბ-------–---–ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებათა რეალიზაცია მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით.

4. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს ეთქვას უარი.

5. მოპასუხეებს ე-–----- პ-------–---–ს, მ-----– შ-–--–---–ს, ლ---- ბ-------–---–ს, ვ---- პ-------–---–ს, ი--------–----ს, ქ------- პ-------–---–ს, გ------ი პ-------–---–ს, ე-–----- პ-------–---–ს სს ,,ლ-------ი ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს 20 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად.

6. მოსარჩელე სს ,,ლ-------ი ბანკს“ უკან დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 08 ოქტომბერს (საგადასახადო დავალება №1) გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 406.86 ლარიდან 223.68 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღების დასახელება: სახელმწიფო ბიუჯეტი, მიმღების ბანკი/ხაზინა: ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, სახაზინო კოდი: 300863150, ბანკის კოდი: TRESGE22.

7. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 162.18. ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქაიძის გამზ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

10.გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის უარის თქმის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 12(თორმეტი) დღის ვადაში, კერძო საჩივრის შემოტანის გზით, თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მარინე ცერცვაძე