გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.03.2019
საქმის ნომერი
010210018002412037
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
26.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #010210018002412037

#2/1697-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26.03.2019 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - ინდირა მაშანეიშვილი

სხდომის მდივანი - ლანა ძაგნიძე

მოსარჩელე - შპს „ე-------------ი“

წარმომადგენელი - ნ----------ე

მოპასუხე - ქ------ნ თ---------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ქ------ნ თ---------ისათვის, მოსარჩელე შპს „ე-------------ის“ სასარგებლოდ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 300 ლარის ანაზღაურების დაკისრება, საიდანაც 100 ლარი სესხის ძირი თანხაა, 30 ლარი - სარგებელი, 20 ლარი - ერთჯერადი ჯარიმა, 150 ლარი - პირგასამტეხლო.

 

მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხეს, 15.04.2015 წლის სესხის ელექტრონული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ერიცხება დავალიანება 300 ლარის ოდენობით, საიდანაც 100 ლარი სესხის ძირი თანხაა, 30 ლარი - სარგებელი, 20 ლარი - ერთჯერადი ჯარიმა, 150 ლარი - პირგასამტეხლო. მოპასუხემ, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ უზრუნველყო მოსარჩელის წინაშე ვალდებულების შესრულება და დარიცხული დავალიანების დაფარვა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სარჩელის მოთხოვნა არ ცნო და განმარტა, რომ მოთხოვნა მის მიმართ ხანდაზმულია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმის არსებითი გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხე ქ------ნ თ---------ესა და შპს „ე-------------ს“ შორის 15.04.2015 წელს წელს დაიდო #1----- სესხის ელექტრონული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა სესხი 100 ლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით:

- სესხის გაცემის თარიღი 15.04.2015 წელი;

- სარგებელი - 30 ლარი;

- პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის - ნარჩენი ძირი თანხის 1.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

- ვალდებულების დარღვევისათვის ერთჯერადი ჯარიმა - 20 ლარი;

- მსესხებლის მიერ საბოლოოდ დასაფარი თანხა 130 ლარი;

- სესხის სრულად დაფარვის თარიღი - 15.05.2015 წელი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- სასესხო ხელშეკრულების სპეციალური პირობები;

- სესხის აღების მოთხოვნის ფორმა;

- საგადასახადო დავალება;

 

3.2.2. მოპასუხე ქ------ნ თ---------ეს სესხის სახით მიღებული თანხისა და მასზე დარიცხული სარგებლის დაფარვა უნდა უზრუნველეყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. ის პირადად იყო ინფორმირებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, ხელშეკრულების არსებითი პირობების, აგრეთვე, შესაძლო სამოქალაქო პასუხისგებლობის ხასიათისა და მოცულობის თაობაზე. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რაც გამოიხატა სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის დაფარვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების დარღვევაში. მოსარჩელის მხრიდან გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ხელშეკრულება;

- ინფორმაცია დავალიანების შესახებ;

 

3.2.3. სესხის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო, მოპასუხე ქ------ნ თ---------ეს მოსარჩელის მიმართ სარჩელის აღძვრის პერიოდისათვის, სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად, დაერიცხა დავალიანება 300 ლარის ოდენობით, საიდანაც 100 ლარი სესხის ძირი თანხაა, 30 ლარი - სარგებელი, 20 ლარი - ერთჯერადი ჯარიმა, 150 ლარი - პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა განმარტებებითა და მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, შეადგენს 300 ლარს. მოპასუხე სარჩელის მოთხოვნას მართალია არ ცნობს, მაგრამ იმ გარემოების საწინააღმდეგოდ, რომ დარიცხული დავალიანება დაანგარიშებულია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, არსებითი შედავება არ განუხორციელებია და არც საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოუდგენია. რაც შეეხება მოპასუხის მტკიცებას პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ის სამართლებრივი შეფასების საგანია და მასზე მსჯელობას იქონიებს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი შეფასებისას.

 

3.2.4. მოსარჩელე შპს "ე-------------ის" მიერ სარჩელი მოპასუხე ქ------ნ თ---------ის მიმართ აღძრულია ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ხოლო იმავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც. საქართველოს სკ-ის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა სახელშეკრულებო ვალდებულებითი ურთიერთობა, რომლის მიმართაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილია ხანდაზმულობის სპეციალური ვადა, რაც შეადგენს სამ წელს.

 

დადგენილია, რომ მოპასუხესთან სესხის ელექტრონული ხელშეკრულება დაიდო 15.04.2015 წელს, 30 დღის ვადით, სესხის დაფარვის ვადად განისაზღვრა 15.05.2015 წლამდე პერიოდი. შესაბამისად, ვალდებულების შეუსრულებლობის მოტივით, თანხის ანაზღაურების დაკისრების შესახებ მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს წარმოეშვა 15.05.2015 წლიდან, ხოლო მოთხოვნის ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა ამოეწურა 15.05.2018 წელს. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელით სასამართლოს მომართა 24.04.2018 წელს ე.ი. კანონით დადგენილი 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე.

 

ამდენად, სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას სასარჩელო ხანდაზმულობის შესახებ და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ ხანდაზმული არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სესხის ძირი თანხისა და სარგებლის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-418-ე, 115-ე, 420-ე, 623-625-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისუფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე, მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხემ სესხის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევით, არ უზრუნველყო კრედიტისა და დარიცხული სარგებლის შეთანხმებულ ვადაში დაბრუნება, რის გამოც დარღვეული უფლების დაცვის მიზნით მომართა სასამართლოს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან, ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს სესხის ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა, ხოლო მხარეთა შორის ურთიერთობა რეგულირდება სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ხოლო ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ მხარეთა შორის არსებობდა სარგებლიანი სესხის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. რომლის პირობებშიც მოპასუხეზე გაიცა სესხი გარკვეული პირობებით, მოპასუხემ შეთანხმებული პირობებით ვერ უზრუნველყო სესხის დაფარვა, რის გამოც წარმოეშვა დავალიანება, რომლის ანაზღაურებასაც მოსარჩელე მოითხოვს სასარჩელო წარმოების წესით.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, დაარღვია სესხისა და მასზე დარიცხული სარგებლის დაფარვის პირობები. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს სესხის სახით მიღებული თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე ნაწილობრივ აღიარებს მოსარჩელის მოთხოვნას სესხის ძირ თანხასთან დაკავშირებით 100 ლარის ოდენობით, რაც სსკ-ის 131-ე მუხლით დადგენილი წესის მიხედვითაც, ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ დაარღვია, სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების პირობა, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 15.04.2015 წლის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ძირი თანხისა და მასზე დარიცხული სარგებლის ჯამში - 130 ლარის ანაზღაურება, (საიდანაც სესხის ძირი თანხაა 100 ლარი, სარგებელი - 30 ლარი)

 

6.4. დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ასევე მოიცავს მოპასუხისათვის სარჩელის აღძვრამდე პირგასამტეხლოს სახით დარიცხული თანხის ანაზღაურების დაკისრებას, რაც შეადგენს ვადაგადაცილების ყოველი დღისათვის - 150 ლარს, ვალდებულების დარღვევისათვის ერთჯერადი ჯარიმის სახით - 20 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მხარეებს შორის არსებობს შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის საპროცენტო განაკვეთი მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა დავალიანების 1.5%-ის ოდენობით. როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის უფლებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპის გამოხატულებაა კანონმდებლობის ჩანაწერი, რომ მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს, გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან. ამდენად, კოდექსი მართალია ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს სწორედ კეთილსინდისიერ კერძო სუბიექტს, ვინც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს თავისუფლებებს და პირგასამტეხლოს განსაზღვრავს გონივრულ ფარგლებში, რომელიც აშკარად არ ეწინააღმდეგება დადგენილ ოდენობას და შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ არ მოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.

 

განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - ვადაგადაცილებული თანხის 1.5%-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რაც ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს.

 

სასამართლო, მოქმედებს რა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში და მხარის მითითების საფუძველზე მსჯელობს პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე, მხედველობაში იღებს ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად თანხასთან მიმართებაში, აგრეთვე იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე არ მიუთითებს დარღვევის შედეგად მიყენებულ რაიმე ფინანსურ ზარალზე. ასევე ითვალისწინებს იმ ფაქტსაც, რომ მოსარჩელე თავისი ინტერესების სხვა სახის შელახვაზეც არ მიუთითებს და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს გონივრული, სამართლიანი ოდენობა 15.04.2015 წლის სესხის ხელშეკრულების შემთხვევაში უნდა განისაზღვროს ერთჯერადი სახით გადასახდელი 20 ლარითა და ვადაგადაცილების ყოველი დღისათვის - 15 ლარით, ანუ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა ამ ნაწილში უნდა შემცირდეს 10-ჯერ.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილის პროპორციულად. კერძოდ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება - 27.50 ლარის ოდენობით, ხოლო 22.50 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად, დაუკმაყოფილებელი სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად

 

გარდა ამისა, დადგენილია, რომ მოსარჩელემ იურიდიული მომსახურებისათვის გასწია ხარჯი 42 ლარის ოდენობით, საიდანაც მოსარჩელეს საქართველოს სსკ-ის 53.1-ე მუხლის თანახმად, უნდა აუნაზღაურდეს 6.60 ლარი, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის 4%-ის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მოცემულ საქმესთან დაკავშირებით გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე შპს „ე-------------ის“ მოთხოვნა, მოპასუხე ქ------ნ თ---------ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.

 

1.1. მოპასუხე ქ------ნ თ---------ეს მოსარჩელე შპს „ე-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 165 ლარის ანაზღაურება, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 100 ლარი, სარგებელი - 30 ლარი, ერთჯერადი ჯარიმა - 20 ლარი, პირგასამტეხლო - 15 ლარი.

 

2. მოპასუხე ქ------ნ თ---------ეს მოსარჩელე შპს „ე-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯის - 27.50 ლარისა და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 6.60 ლარის ანაზღაურება.

 

3. გადაწყვეტილება არ გასაჩივრდება.

 

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი