გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/36----18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
4 აპრილი 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი
სხდომის მდივანი ნატო ხელაშვილი
მოსარჩელე -შპს ,,ყა-------------------–---"
წარმომადგენელი- თო--------------ე
მოპასუხე -მი----–---------–---–ი
დავის საგანი- ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მი----–---------–---–ს შპს “ყა-------------------–---ს” სასარგებლოდ დაეკისროს უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულება - 1071.45 ლარი.
სარჩელის მიხედვით, მოპასუხე არის შპს ,,ყა-------------------–---ს“ აბონენტი და ბ/აირის მომხმარებელი. 2015 წლის 30 აპრილს ქ. თბილისში, ნო----------ა, ბინა #1--ში შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების (დატაცების) თაობაზე, რომლის მიხედვით მოპასუხის საცხოვრებელ სახლში დაფიქსირდა უმრიცხველო განშტოება.
2016 წლის 8 იანვრის თბილისის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის #3------15 გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი შპს ,,ყა-------------------–---ს“ 2015 წლის 11 მაისის დადგენილება და კომპანიას ხელახლა დაევალა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლა - გამოკვლევა.
კომპანიამ განიხილა საქმის მასალები და დადასტურებულად მიიჩნია მოპასუხის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. კვლევის შედეგად დადგინდა ბ/აირის უკანონოდ მოხმარების ფაქტი და ზიანის ოდენობა განისაზღვრა 1071.45 ლარით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 მოპასუხე მი----–---------–---–მა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა უკანონოდ შედგენილი აქტი, რომელიც ეფუძნებოდა მხოლოდ ვარაუდს ბ/აირის დატაცების შესახებ.
მოპასუხის განმარტებით ზემოაღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს ორი ოჯახი. დაახლოებით 10 წლის წინ მისმა შვილმა განცხადებით მიმართა მოსარჩელე კომპანიას ცალკე აბონენტად რეგისტრაციის შესახებ. მოსარჩელემ გაიყვანა განშტოება და მოახდინა მრიცხველის გადატანა, თუმცა ვინაიდან ქონების გამიჯვნა ვერ მოხდა, შეუძლებელი გახდა მეორე მრიცხველის დამონტაჟება. კომპანიის მიერ გამოყვანილი განშტოება კი დარჩა ღიად და არ დაილუქა. მას შემდეგ მოსარჩელის წარმომადგენლების მხრიდან ყოველთვიურად ხდება მრიცხველის შემოწმება და შესაბამისად ყოველთვე ნახულობდნენ დაულუქავ განშტოებას, თუმცა რეაგირება არასდროს მოუხდენიათ. მოპასუხეს მიაჩნია, რომ კომპანიის მიერ დაშვებული შეცდომის გამო მან პასუხი არ უნდა აგოს.
მი----–-----------–---–ის განმარტებით, მოსარჩელე კომპანიამ მოატყუა და ხელი მოაწერინა დავალიანების გადახდის განაწილვადების შესახებ ხელშეკრულებაზე იმ პირობით, რომ მოახდენდნენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას, თუმცა თანხას რაც შეთანხმებაში იყო დაფიქსირებული მას მნიშვნელობას არ მიანიჭებდნენ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს „ყა-------------------–---ს“ (სააბონენტო ნომერი №3-----, მისამართი: თბილისი, ნო----------ა, ბინა №1-) ბ/აირის მომხმარებელს წარმოადგენს მი----–---------–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- აბონენტის ბარათი (ს.ფ 17-24)
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2015 წლის 30 აპრილს შპს „ყა-------------------–---ს“ უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ შედგენილ იქნა ოქმი №ა 0-----, რომლის თანახმად ქ. თბილისში, ნო----------ა, ბინა #1--ში საკონტროლო შემოვლის დროს №3----- აბონენტთან დაფიქსირდა უმრიცხველო განშტოება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების (დატაცების) შესახებ #ა 0----- აქტი (ს.ფ 25)
3.2.2. აღნიშნულის საფუძველზე, 2015 წლის 30 აპრილს შპს „ყა-------------------–---ს“ წარმომადგენლის მიერ მი----–---------–---–ის მიმართ შედგა ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების (დატაცების) შესახებ №ა 0----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, საკონტროლო შემოვლის დროს აბონენტთან №3----- დაფიქსირდა უმრიცხველო განშტოება. კერძოდ ქუჩიდან, გაზის ცენტრალური მილიდან განშტოებული რკინის მილი შედის აბონენტის ეზოში, რომელზეც დამონტაჟებულია ონკანი. ონკანის მოხსნის შემთხვევაში მილიდან გამოედინება აღურიცხავი ბ/აირი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ 26)
- ფოტოსურათები (ს.ფ 28-31)
3.2.3. შპს „ყა-------------------–---ს“ 2015 წლის 30 აპრილის აქტი N1------ საფუძველზე, თანახმად ქ. თბილისში, ნო----------ა, ბინა #1--ში აირშედუღებით ჩამოიჭრა უმრიცხველო უკანონო განშტოება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბუნებრივი გაზის მიწოდების, შეწყვეტის, აღდგენის, გაზის მრიცხველის მოხსნა-მონტაჟის შესახებ #1------ აქტი (ს.ფ 27)
- ფოტოსურათები (ს.ფ 28-31)
3.2.4. 2015 წლის 11 მაისის #1----- დადგენილებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ბუნებრივი აირის დატაცებისათვის, მი----–---------–---–ი ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და დაედო ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2015 წლის 11 მაისის #1----- დადგენილება (ს.ფ 32-33)
3.2.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილებით მი----–---------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული სახდელის სახით გაფრთხილების გამოცხადების შესახებ შპს ”ყა-------------------–---ს” 2015 წლის 11 მაისის №1----- დადგენილება და მის საფუძველზე შედგენილი უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის გაანგარიშების და დარიცხვის აქტი, ასევე სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 16 ივლისის №3---- გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხე შპს ”ყა-------------------–---” გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სასამართლო გადაწყვეტილება (ს.ფ 35-51)
3.2.6. შპს „ყა-------------------–---ს“ 2018 წლის 20 თებერვლის #1----- დადგენილებით შეწყდა მი----–---------–---–ის მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე დაწყებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმის წარმოება სახდელის დადების ვადის გასვლის გამო.
წინამდებარე დადგენილების მიხედვით, მოსარჩელე კომპანიამ სამართალდარღვევის ფაქტის არსებობა დადასტურებულად მიიჩნია, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებებით (მათ შორის ფოტოსურათებით) დადგინდა, რომ უკანონო განშტოებაზე დამაგრებული ონკანი არ იყო დაჟანგებული ან/და გამოუყენებად მდგომარეობაში. ონკანს შეუიარაღებელი თვალითაც ეტყობოდა მოხმარებისთვის დამახასიათებელი კვალი, იყო „გაპრიალებული“. მისი გახსნის შემთხვევაში მოედინება აღურიცხავი ბ/გაზი. ნებისმიერ დროს შეიძლებოდა დანადგარის დაერთება და ბ/გაზის უკანონო მოხმარება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 20 თებერვლის #1----- დადგენილება (ს.ფ 52-54)
3.2.7. უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის გაანგარიშების ცხრილის შესაბამისად #3----- აბონენტის მისამართზე მი----–---------–---–ის მიერ უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი აირის ღირებულებაა 1071.45 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- აბონენტის ბარათი (ს.ფ 17-24)
3.2.8. 2018 წლის 25 დეკემბერს შპს „ყა-------------------–---“ და მი----–---------–---–ს შორის დაიდო „საცალო მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების გადახდის განაწილვადების შესახებ“ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც აბონენტი აღიარებს გარიგების დადების დროისათვის კომპანიის მიმართ არსებულ დავალიანებას 1076.65 ლარის ოდენობით და კისრულობს ვალდებულებას დაფაროს დავალიანება არაუგვიანეს 2020 წლის ივნისისა განაწილვადების წესის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საცალო მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების გადახდის განაწილვადების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ 102)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის განხილვისას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე შპს „ყა-------------------–---ს“ სარჩელის დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 81-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 982-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 09 ივლისის N12-ე დადგენილების 1-ლი, მე- 9, მე-10 მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოპასუხემ ვერ დაადასტურა, რომ 2018 წლის 25 დეკემბერს შპს „ყაზ-----------------–--თან“ დადებული ხელშეკრულება „საცალო მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების გადახდის განაწილვადების შესახებ“ წარმოადგენს მოტყუებით დადებულ გარიგებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მათ. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ საფუძველს. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც არსებით გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობა განსაზღვრაზე.
დადგენილია, რომ 2018 წლის 25 დეკემბერს შპს „ყა-------------------–---“ და მი----–---------–---–ს შორის დაიდო „საცალო მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების გადახდის განაწილვადების შესახებ“ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც აბონენტი აღიარებს გარიგების დადების დროისათვის კომპანიის მიმართ არსებულ დავალიანებას 1076.65 ლარის ოდენობით და კისრულობს ვალდებულებას დაფაროს დავალიანება არაუგვიანეს 2020 წლის ივნისისა განაწილვადების წესის შესაბამისად.
აღნიშნულის მიუხედავად, მოპასუხე მიუთითებს მოსარჩელის მხრიდან მოტყუების ფაქტზე და განმარტავს, რომ მოსარჩელემ მოატყუა და ხელი მოაწერინა დავალიანების გადახდის განაწილვადების შესახებ ხელშეკრულებაზე იმ პირობით რომ მოახდენდნენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას, თუმცა თანხას რაც შეთანხმებაში იყო აღნიშნული მას მნიშვნელობას არ მიანიჭებდნენ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.
ამდენად, მოტყუება წარმოადგენს გარიგების ბათილად ცნობის საფუძველს მაშინ, როდესაც აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. მოტყუების დროს არსებობს ნების გამოვლენის ნაკლი. მოტყუება გულისხმობს ცდომილებაში განზრახ შეყვანას. სასამართლო მიუთითებს, რომ მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ყველა ნორმალურ მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას გამოიწვევდა, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად ვერ ექნებოდა თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შექმნილ ვითარებაში „ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20.01.2016 წ. გადაწყვეტილება საქმეზე №ას-1117-1051-2015).
სასამართლო შენიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, 2018 წლის 25 დეკემბრის ხელშეკრულებაში, რომელსაც მი----–---------–---–მა ხელი მოაწერა, დეტალურად, გარკვევით და თანმიმდევრულადაა აღწერილი გარიგების შინაარსი. შესაბამისად, მოსარჩელეს ჰქონდა დოკუმენტში აღწერილი და მის მიერ გამოვლენილი ნების შეცნობის ობიექტური შესაძლებლობა. სასამართლოს მოსაზრებით მოპასუხემ 2018 წლის 25 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების მართლწინააღმდეგობის საფუძვლები ვერ მიუთითა, მაშინ როდესაც აღნიშნული ხასიათის გარემოებათა მტკიცების ტვირთი სსსკ-ის 102-ე მუხლის დანაწესით მას ეკისრება.
ამავდროულად სასამართლო საქმეში დაცული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე ასკვნის, რომ სადაო ხელშეკრულების გაფორმებისას მხარეთა ნების ნაკლი გამოკვეთილი არ არის და მოსარჩელის მხრიდან გარიგების დადებისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო მოქმედებას ადგილი არ ჰქონია.
6.2. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 09 ივლისის N12-ე დადგენილებით დამტკიცებული იქნა ბუნებრივი გაზის მიწოდების და მოხმარების წესი.
დასახელებული დადგენილების 1-ლი მუხლის 1-2 ნაწილის მიხედვით ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები (შემდგომში “წესები”) არეგულირებს ურთიერთობებს განაწილების ლიცენზიატს, მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს. ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომლებიც ახორციელებენ ბუნებრივი გაზის ყიდვას, გაყიდვას, განაწილებას, გატარებას ან/და მოხმარებას.
2009 წლის 09 ივლისის #12-ე დადგენილების მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტი განსაზღვრავს ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების მოცულობის დაუდგენლობის შემთხვევაში აბონენტის მიმართ დასარიცხი თანხის გამოთვლის წესს კერძოდ:
ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მოწყობილობების თვითნებურად მიერთების, ბუნებრივი გაზის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ბუნებრივი გაზის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, ბუნებრივი გაზის დატაცების, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ბუნებრივი გაზის არასანქცირებული მოხმარების შემთხვევაში, ბუნებრივი გაზის უკანონო მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულება. უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის განსაზღვრა მოხდება შესაბამისი აქტის საფუძველზე შემდეგი წესით:
იმ შემთხვევაში, როდესაც უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია განაწილების ლიცენზიატის მომსახურებით უკანონოდ სარგებლობის დაწყების თარიღი, მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობა დაანგარიშდება მომხმარებლის გაზის დანადგარების ან/და ხელსაწყოების დადგმული სიმძლავრეების (დღე-ღამეში 6-საათიანი პერიოდის) წარმადობის დაანგარიშების საფუძველზე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ ქვეპუნქტის მიხედვით დარიცხვის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
მოპასუხე მი----–---------–---–ის დავალიანება განსაზღვრულია ზემოაღნიშნული 2009 წლის 09 ივლისის N12-ე დადგენილების მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფორმით. კერძოდ დავალიანების გაანგარიშებისას შპს ყა-------------------–---ს მიერ გამოყენებული იქნა ზემომოხმობილი დადგენილების საფუძველზე შემუშავებული მეთოდიკა, რომელიც ითვალისწინებს როგორც აღმოჩენილი მილსადენის გამტარუნარიანობას ისე მომხმარებლის მიერ ძირითადად გამოყენებული დანადგარების ხარჯებს.
შპს ყა-------------------–---ს მიერ შედგენილი დაანგარიშების თანახმად, რომლის მონაცემებს სასამართლო იზიარებს, მოპასუხის დავალიანებაა 1071.45 ლარი.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში, მი----–---------–---–ს და შპს „ყა-------------------–--ს“ შორის არსებობს ზეპირი ფორმით გაფორმებული გარიგება გაზის მიწოდების თაობაზე, რომლის შესაბამისად მოსარჩელე აწვდის ბუნებრივ აირს, ხოლო მოპასუხე ვალდებულია ყოველთვიურად აანაზღაუროს მოხმარებული ენერგომატარებლის ღირებულება.
სასამართლო შენიშნავს, რომ მოპასუხის დავალიანება - 1071.45 ლარი წარმოქმნილია ბუნებრივი აირის უკანონოდ მოხმარების შედეგად. 2009 წლის 09 ივლისის N12-ე დადგენილების მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვა და საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად (საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის შესაბამისად).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.
მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ მი----–---------–---–მა უკანონოდ მოიხმარა ბუნებრივი აირი და დავალიანება შეადგენს 1071.45 ლარს. შესაბამისად იგი ვალდებულია სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის თანახმად გადაიხადოს მართლსაწინააღმდეგოდ მიღებული ბუნებრივი აირის ღირებულება.
ზემოაღწერილი მსჯელობის გათვალისწინებით, შპს „ყა-------------------–---ს“ სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად მოპასუხეს უნდა დაეკისროს შპს ყა-------------------–---ს მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს „ყა-------------------–---ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მი----–---------–---–ს შპს „ყა-------------------–---ს“ სასარგებლოდ დაეკისროს უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულება - 1071.45 ლარი.
3. მი----–---------–---–ს შპს „ყა-------------------–---ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 50 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი