გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.04.2019
საქმის ნომერი
010210017001806844
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
24.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #010210017001806844

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24.04.2019 წელი ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ინდირა მაშანეშვილი

სხდომის მდივანი ლანა ძაგნიძე

მოსარჩელე - ინდივიდუალური მეწარმე ქ----ლ ა--–--ე

წარმომადგენელი - ჯ-----------------–-–---–ი

მოპასუხე - ა(ა)იპ ბ------------------ი

წარმომადგენელი - დ------------------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)

 

1.1. ა(ა)იპ ბ------------------ისათვის 36869.50 ლარის ანაზღაურების დაკისრება ი/მ ქ----ლ ა--–--ის სასარგებლოდ.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2016 წლის 14 ივნისს ქ----ლ ა--–--ესა და ა(ა)იპ ბ------------------ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება #103, რომლის მიხედვით ქ----ლ ა--–--ემ იკისრა ვალდებულება, ქ. ბათუმში, რამდენიმე მისამართზე განეხორციელებინა სტიქიის შედეგად დაზიანებული ავარიული სახლების გამაგრების, შენობა-ნაგებობების სამშენებლო, სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები. ხელშეკრულების ფასი განისაზღვრა 86 498.99 ლარით. ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 90 დღის ვადაში, არაუგვიანეს 2016 წლის 11 სექტემბრისა. ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ფასის 0.5 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ნაწილი შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ ვადაში, თუმცა რამდენიმე ობიექტის დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვერ უზრუნველყო, ნაწილობრივ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების - ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობისა და უამინდობის გამო.

 

მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადაგადაცილებისათვის (ჯამში 80 დღე) მოსარჩელეს დაარიცხა 34 600 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო, (ხელშეკრულების ფასის 0.5 %), რაც გამოუქვითა შესრულებული სამუშაოს ასანაზღაურებელი ღირებულებიდან.

 

მოსარჩელის მტკიცებით, პირგასამტეხლოს თანხის ნაწილი, მას დაეკისრა უსაფუძვლოდ, მიუხედავად იმისა, რომ ობიექტების ნაწილზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა ჯეროვნად და დათქმულ ვადაში. ვადაში შეუსრულებლი სამუშაოსათვის პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძვლიანად მიჩნევის შემთხვევაშიც, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო არის კაბალური, შეუსაბამოდ მაღალი და ის უნდა შემცირდეს 0.01 %-მდე.

 

გარდა ამისა, მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხის მხრიდან პირგასამტეხლოს თანხის უსაფუძვლოდ დაქვითვით მიიღო ზიანი, რაც გამოიხატა მასში, რომ შესრულებული სამუშაოს აუნაზღაურებელი ღირებულებაზე - 34 600 ლარზე, რომელიც ასახული იყო საგადასახადო დოკუმენტებში, როგორც მისაღები აქტივი და რომელიც რეალურად მოპასუხისაგან არ მიუღია, მოუწია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაეხადა დღგ - 6228 ლარი.

 

მოსარჩელემ, ასევე, მიუთითა, რომ დამკვეთმა (მოპასუხემ) ვერ უზრუნველყო შემსრულებლისათვის შრომის უსაფრთხო პირობების შექმნა. მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის აღკვეთა, რის გამოც მან ვერ შეძლო სამუშაოთა დასრულების მიუხედავად, ობიექტებიდან გამოეტანა სამშენებლო მოწყობილობები, ხიმინჯები, შეძენილი სამშენებლო მასალები. შესაბამისად, ვერ შეძლო შპს „ფ---–------ისაგან“ ნაქირავები ხიმინჯების დროულად დაბრუნება მესაკუთრისათვის. მოსარჩელე იძულებული გახდა შპს „ფ---–------ისათვის“ დამატებით 6 თვის მანძილზე გადაეხადა ხიმინჯების ქირავნობის თანხა, მიუხედავად იმისა, რომ მათი გამოყენების საჭიროება რეალურად აღარ გააჩნდა. 6 თვის მანძილზე გადახდილმა ქირამ შეადგინა 2529 ლარი, რაც წარმოადგენს მოპასუხის მოქმედებით გამოწვეულ ზიანს, რომლის ანაზღაურება მის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა 36869.50 ლარის ანაზღაურება, საიდანაც

 

ა) 28 112.50 ლარი არასწორად დარიცხული პირგასამტეხლოა;

ბ) 2 529.00 ლარი - შპს „ფ---–------ისათვის“ ქირის გადახდით მიღებული ზიანი;

გ) 6 228.00 ლარი - სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დღგ-ს თანხის გადახდით მიღებული ზიანი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოპასუხეს სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის (ჯამში 80 დღე) პირგასამტეხლო დაეკისრა სწორად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით - ხელშეკრულების ფასის 86 498.99 ლარის 0.5%-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. ა(ა)იპ ბ------------------ს მოსარჩელისათვის მატერიალური ზიანის მიყენებაში ბრალი არ მიუძღვის.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 14 ივნისს ინდმეწარმე ქ----ლ ა--–--ესა და ა(ა)იპ ბ------------------ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება #103, რომლის მიხედვით ი/მ ქ----ლ ა--–--ეს ქ. ბათუმში, 7 სხვადასხვა მისამართზე, უნდა განეხორციელებინა სტიქიის შედეგად დაზიანებული ავარიული სახლების გამაგრების, შენობა-ნაგებობების სამშენებლო, სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები. ხელშეკრულების ფასი განისაზღვრა 86 498.99 ლარით.

 

ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 90 დღის ვადაში, არაუგვიანეს 2016 წლის 11 სექტემბრისათვის. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 15 ოქტომბრამდე.

 

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დაგვიანებით შესრულების შემთხვევისათვის, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, ხელშეკრულების ფასის - 86 498.99 ლარის, 0.5 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #103 ხელშეკრულება (ს.ფ. 14-21);

- ტექნიკური დოკუმენტაცია - ს. ფ. 22-24;

 

3.1.2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #103 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დაცვით, ი/მ ქ----ლ ა--–--ემ ვერ შეძლო, რის გამოც დამკვეთმა ორ ეტაპად 2016 წლის 27 ოქტომბერსა და 2016 წლის 30 ნოემბერს დაარიცხა პირგასამტეხლო, ჯამში - 34 600 ლარის ოდენობით, ხელშეკრულების ფასის - 86 498.99 ლარის 0.5 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (დღეში 432.50 ლარი). ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობა მოპასუხემ განსაზღვრა 80 დღით - 2016 წლის 12 სექტემბრიდან 2016 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- 27.10.2016 წლის აქტი ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობაზე (19 895.00 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დარიცხვის შესახებ) - ს. ფ. 207;

- 30.11.2016 წლის აქტი ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობაზე (14 705 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დარიცხვის შესახებ) - ს. ფ. 208;

- გადახდის სერტიფიკატი #1 - ს. ფ. 209;

- გადახდის სერტიფიკატი #4 - ს. ფ. 144;

 

3.1.3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #103 ხელშეკრულების ფარგლებში, ი/მ ქ----ლ ა--–--ემ ფაქტობრივად შეასრულა და დამკვეთმა - ა(ა)იპ ბ------------------მა მიიღო ჯამში - 81 658. 27 ლარის ღირებულების სამუშაო.

 

ამასთან, სახელშეკრულებო ვადის დაცვით - 2016 წლის აგვისტოს თვეში, ი/მ ქ----ლ ა--–--ემ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ჯამში 20261,96 ლარის ღირებულების სამუშაოს დასრულება, შემდეგ ობიექტებზე:

 

- ქ. ბათუმში, თ---–---- ქუჩა #89-ში, სახელშეკრულებო ღირებულებით - 4 606.04 ლარი. ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა - 4 251.79 ლარი;

- ქ. ბათუმში, კვ--------- ქუჩა #43-ში, სახელშეკრულებო ღირებულებით - 6 064.14 ლარი, ფაქტობრივი ღირებულებით - 5 868.40 ლარი;

- ქ. ბათუმში, ს---------- მე-2 ჩიხი #5-ში, სახელშეკრულებო ღირებულებით - 11 162.23 ლარი, ფაქტობრივი ღირებულებით - 10 141.77 ლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- 29.08.2016 წლის ექსპერტიზის დასკვნა, თ---–---- ქუჩა #89-ში, კვ--------- ქუჩა #43-ში, ს---------- მე-2 ჩიხი #5-ში შესრულებული სამუშაოს ღირებულების შესახებ - ს. ფ. 33-40;

- მიღება - ჩაბარების აქტი - თ---–---- ქუჩა #89 - ს. ფ. 180-182;

- მიღება - ჩაბარების აქტი - კვ--------- ქუჩა #43 - ს. ფ. 183-185;

- მიღება - ჩაბარების აქტი - ს---------- მე-2 ჩიხი #5-ში - ს. ფ. 186-188;

 

3.1.4. მოსარჩელემ, სახელშეკრულებო ვადის დარღვევით სამუშაო დაასრულა შემდეგ ობიექტებზე:

 

- ქ. ბათუმში, ჯ--------ის ქუჩა #79-ში, სახელშეკრულებო ღირებულებით - 16 473.13 ლარი; ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულებით - შეადგინა - 16 351.64 ლარი;

 

- ქ. ბათუმში, მ------–ას ქუჩა #64-ში, სახელშეკრულებო ღირებულებით - 16 449.90 ლარი; ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულებით - 16 328.92 ლარი;

 

- ქ. ბათუმში, თ------------ის დასახლება #68-ში და ქ. ბათუმში, მ----------------–ის მე-3 შესახვევი #6-ში, საერთო სახელშეკრულებო ღირებულებით - 30 951.05 ლარი; ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულებით - 28 715.75 ლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- შპს „ზ----------------იის“ ინსპექტირების #033 ოქმი - ს. ფ. 71-86;

- მიღება - ჩაბარების აქტი - ჯ--------ის ქუჩა #79 - ს. ფ. 177-179;

- მიღება-ჩაბარების აქტი-თ------------ის დასახლება #68-ში - ს. ფ. 189-191;

- მიღება-ჩაბარების აქტი-მ----------------–ის მე-3 შესახვევი #6-ში - ს. ფ. 192-197;

- შპს „ზ----------------იის“ ინსპექტირების #071 ანგარიში - ს. ფ. 198-206;

 

3.1.4. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #103 ხელშეკრულების ფარგლებში დამკვეთმა ა(ა)იპ „ბ------------------მა“ ი/მ ქ----ლ ა--–--ეს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება აუნაზღაურა ნაწილობრივ, 47058,27 ლარის ოდენობით. შესრულებული სამუშაოს ღირებულების ნაწილი - 34 600 ლარის ოდენობით, მოპასუხემ ჩაითვალა მოსარჩელისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს ანგარიშში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.1.5. 2016 წლის 14 ივნისს, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #103 ხელშეკრულების ფარგლებში პირგასამტეხლოს სახით დაკავებულ 34 600 ლარზე, ი/მ ქ----ლ ა--–--ემ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებითი ღირებულების გადასახადის სახით გადაიხადა 6228.00 ლარი. (34600 ლარის 18%)

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.1.6. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #103 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, ი/მ ქ----ლ ა--–--ემ შპს „ფ---–------თან“ გააფორმა სამშენებლო ინვენტარის ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს „ფ---–------ს“ უხდიდა ქირას სამშენებლო ინვენტარის სარგებლობისათვის. სამშენებლო ინვენტარი ქ----ლ ა--–--ემ განათავსა ქ. ბათუმში, მ------–ას ქუჩა 64-ში მდებარე ობიექტზე, გამაგრების-სარემონტო-სამშენებლო საქმიანობის წარმოების მიზნით. სამუშაოს დასრულების შემდეგ, გარკვეული პერიოდის მანძილზე, ქ----ლ ა--–--ეს არ მიეცა შესაძლებლობა ობიექტიდან გამოეტანა შპს „ფ---–------ის“ კუთვნილი საშენებლო ინვენტარი, ადგილობრივი მცხოვრების - ა-–----------–--ის წინააღმდეგობის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ქ----ლ ა--–--ის განცხადება - ს. ფ. 94;

- ქ----ლ ა--–--ის მიმართვა - ს. ფ. 96-97; 99; 100.103;106;

- ა-–----------–--ის განცხადება - ს. ფ. 212-213

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ი/მ ქ----ლ ა--–--ემ, ვადის დარღვევით შესრულებული სამუშაოდან -

 

ა) ქ. ბათუმში, ჯ--------ის ქუჩა #79-ში მდებარე ობიექტზე, სამუშაო დაასრულა 2016 წლის 5 ოქტომბერს; შესაბამისად, ჯ--------ის ქუჩა #79-ში მდებარე ობიექტზე, სახელშეკრულებო ღირებულებით - 16 473.13 ლარის სამუშაო შესრულდა 25 დღის (11.09.2016-დან 05.10.2016-ის ჩათვლით) ვადაგადაცილებით.

 

ბ) ქ. ბათუმში, მ------–ას ქუჩა 64-ში მდებარე ობიექტზე, სამუშაო საბოლოოდ დასრულდა 2016 წლის 30 ნოემბერს. შესაბამისად, მ------–ას ქუჩა 64-ში მდებარე ობიექტზე, სახელშეკრულებო ღირებულებით - 16 449.90 ლარის სამუშაო შესრულდა 80 დღის (11.09.2016-დან 30.11.2016-ის ჩათვლით) ვადაგადაცილებით.

 

გ) ქ. ბათუმში, თ------------ის დასახლება #68-ში და მ----------------–ის მე-3 შესახვევში მდებარე ობიექტებზე სამუშაო დასრულდა 2016 წლის 11 ნოემბერს. შესაბამისად, ამ ობიექტებზე, სახელშეკრულებო ღირებულებით - 30 951.05 ლარის სამუშაო შესრულდა 61 დღის ვადაგადაცილებით (11.09.2016-დან 10.11.2016-ის ჩათვლით).

 

აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, შემდეგ მასალებზე დაყრდნობით:

 

მხარეთა განმარტებებითა და საქმეში არსებული შპს „ზ----------------იის“ ინსპექტირების (ექსპერტიზის) #033 ოქმით (ს. ფ. 71-86) დგინდება, რომ ი/მ ქ----ლ ა--–--ემ 30.09.2016 წელს განცხადებით მიმართა შპს „ზ----------------იას“ და მოითხოვა ქ. ბათუმში, ჯ--------ის ქუჩა #79-ში და მ------–ას ქუჩა 64-ში მდებარე ობიექტებზე შესრულებული გამაგრების, სამშენებლო, სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების ინსპექტირება (ექსპერტიზა).

 

შპს „ზ----------------იის“ 2016 წლის 5 ოქტომბრის ინსპექტირების (ექსპერტიზის) #033 დასკვნის მიხედვით, საკვლევ ობიექტებზე ქ. ბათუმში, ჯ--------ის ქუჩა #79-ში და მ------–ას ქუჩა 64-ში - მოსარჩელის მიერ გაწეული იქნა სამუშაო საერთო ღირებულებით - 32 680.56 ლარი, საიდანაც ქ. ბათუმში, ჯ--------ის ქუჩა #79-ში - შესრულებული სამუშაოს ღირებულებაამ შეადგინა 16 351.64 ლარი. 2016 წლის 5 ოქტომბრის შემდეგ ამ ობიექტზე რაიმე სამუშაო წარმოებული არ ყოფილა და ამ გარემოების საწინააღმდეგოდ მოპასუხეს რაიმე მტკიცებულება სასამართლოსთვის წარმოდგენილი არ აქვს.

 

დადგენილია, რომ მოპასუხემ, ა(ა)იპ ბ------------------მა ქ. ბათუმში, ჯ--------ის ქუჩა #79-ში მდებარე ობიექტზე შესრულებული სამუშაო, შპს „ზ----------------იის“ 05.10.2016 წლის ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრულ ფარგლებში, მიიღო 27.10.2016 მიღება-ჩაბარების აქტით ისე, რომ შესრულებული სამუშაოს ხარისხი და შესაბამისობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან სადავოდ არ გაუხდია.

 

ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ მიღება-ჩაბარების აქტი, ქ. ბათუმში, ჯ--------ის ქუჩა #79-ში მდებარე ობიექტზე, მხარეთა შორის გაფორმდა 27.10.2016 წელს, დადგენილია, რომ ამ ობიექტზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, საერთო ღირებულებით 16 351.64 ლარი, მოსარჩელის მიერ დასრულებული იყო ჯერ კიდევ 2016 წლის 5 ოქტომბრის მდგომარეობით. შესაბამისად, სამუშაოს შესრულების ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობა უნდა განისაზღვროს 2016 წლის 11 სექტემბრიდან 2016 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით, რაც შეადგენს 25 დღეს.

 

მხარეთა განმარტებებითა და საქმეში არსებული შპს „ზ----------------იის“ ინსპექტირების (ექსპერტიზის) #033 ოქმით (ს. ფ. 71-86) დგინდება ისიც, რომ ქ. ბათუმში, მ------–ას ქუჩა 64-ში მდებარე ობიექტზეც გამაგრების, სამშენებლო-სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ფაქტობრივად დასრულდა 5 ოქტომბერს. მიუხედავად ამისა, ამ ობიექტის შემთხვევაში, 2016 წლის 5 ოქტომბერი სახელშეკრულებო სამუშაოთა დასრულების თარიღად მიჩნეული ვერ იქნება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დადგენილია, რომ #103 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება მოიცავდა არა მხოლოდ გამაგრებით, სამშენებლო, სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებას, არამედ სამუშაო ობიექტების დასუფთავებასაც - სამუშაო ობიექტიდან სამშენებლო ნაგვის გატანას, რაც ხელშეკრულების დანართი გეგმა-გრაფიკის მიხედვით, წარმოადგენდა სახელშეკრულებო სამუშაოს დასრულების საბოლოო ეტაპს. (იხ. გეგმა-გრაფიკი - ს. ფ. 24).

 

მოპასუხის განმარტებითა და საქმეში არსებული ა(ა)იპ ბ------------------ის 2016 წლის 24 ნოემბრის წერილით (ს. ფ. 216), ასევე, 2016 წლის 30 ნოემბრის მოხსენებითი ბარათით (ს. ფ. 217-218) და თავად ი/მ ქ----ლ ა--–--ის 30.11.2016 წლის მიმართვით ა(ა)იპ ბ------------------ისადმი (ს. ფ. 172), დასტურდება, რომ მაჭახლის ქუჩა #64-ში მდებარე ობიექტზე სამშენებლო ნაგვის გატანა - სადრენაჟე არხის გათავისუფლება, საკარმიდამო ნაკვეთში დაღვრილი ბეტონის აწმენდა, ეზოდან ზედმეტი გრუნტის გატანა, მოსარჩელის მიერ 2016 წლის 30 ნოემბრამდე უზრუნველყოფილი ვერ იქნა. (ამ გარემოების საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება სასამართლოსათვის წარმოდგენილი არ არის). შესაბამისად, ამ დრომდე სახელშეკრულებო სამუშაოები მოსარჩელეს დასრულებულად ვერ ჩაეთვლება.

 

დადგენილია, რომ ა(ა)იპ ბ------------------მა ქ. ბათუმში, მ------–ას ქუჩა 64-ში მდებარე ობიექტზე შესრულებული სამუშაო მიიღო 30.11.2016 წლის მიღება-ჩაბარების აქტით. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ობიექტზე სამუშაო შესრულებულად უნდა ჩაითვალოს 2016 წლის 30 ნოემბრიდან, ხოლო სამუშაოს შესრულების ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა უნდა განისაზღვროს 2016 წლის 11 სექტემბრიდან 2016 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, რაც შეადგენს 80 დღეს.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ი/მ ქ----ლ ა--–--ის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ მ------–ას ქუჩა 64-ში მდებარე ობიექტზე ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილება (მათ შორის სამშენებლო ნაგვისაგან ტერიტორიის დასუფთავება) გამოიწვია ადგილობრივი მცხოვრების წინააღმდეგობამ. მხარეთა განმარტებითა და საქმეში არსებული მასალებით (21.11.2016 წლის ექსპერტიზის დასკვნა - ს.ფ. 52–72; ქ----ლ ა--–--ის 28.11.2016 წლისა და 30.09.2016 წლის წერილები - ს.ფ. 94; 96) რეალურად დასტურდება, რომ ქ. ბათუმში, მ------–ას ქუჩა 64-ში, სამუშაოთა წარმოების დროს მართლაც წარმოიშვა დავა ადგილობრივ მცხოვრებთან (მესაკუთრესთან), იმ პრეტენზით, რომ სამუშაოთა წარმოებამ გამოიწვია მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლის დაზიანება. ასევე დასტურდება, რომ მესაკუთრე მოსარჩელეს არ აძლევდა სამშენებლო ინვენტარის ობიექტიდან გატანის საშუალებას, მაგრამ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება არ მიუთითებს და არ ადასტურებს, რომ მოსარჩელეს არ ეძლეოდა ობიექტიდან სამშენებლო ნაგვის გატანის საშუალება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმში, მ------–ას ქუჩა 64-ში მდებარე ობიექტზე, ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებაში ი/მ ქ----ლ ა--–--ის ბრალეულობის გამომრიცხავი გარემოებები არ არსებობს.

 

გარდა ამისა, დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ თ------------ის დასახლება #68-ში და მ----------------–ის მე-3 შესახვევში მდებარე ობიექტებზე, 28715.75 ლარის ღირებულების სამუშაო, შესრულდა 2016 წლის 11 ნოემბერს, რაც დასტურდება 2016 წლის 11 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტებით (ს. ფ. 189-191; 192–197). ამ გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ობიექტებზე სამუშაოს შესრულების ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა უნდა განისაზღვროს 2016 წლის 11 სექტემბრიდან 2016 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით, რაც შეადგენს 61 დღეს.

 

3.2.2. დაქირავებული სამშენებლო ინვენტარის ვადაში დაუბრუნებლობის გამო, ი/მ ქ----ლ ა--–--ის მიერ შპს „ფ---–------ისითვის“ ქირის სახით 2529 ლარის გადახდის ფაქტი, სათანადო მტკიცებულების წარმოდგენით დადასტურებული არ არის. ასეთის არსებობის შემთხვევაშიც, არ დასტურდება ა(ა)იპ ბ------------------ის ბრალეულობა ქირავნობის თანხის გადახდით მოსარჩელისათვის ზიანის მიყენებაში

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო სამართალში მოქმედებს მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების სტანდარტი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

დასახელებული ნორმის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა დაადასტურონ. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლებიც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს, მოსარჩელეს სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება ევალება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, ისეთი მტკიცებულებები წარადგინოს, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მართალია აპელირებს, რომ ქირის სახით გადაიხადა 2529 ლარი და ამით განიცადა მატერიალური ზიანი, მაგრამ სსკ–ის 102.3 მუხლით დადგენილი წესის თანახმად, მხოლოდ ახსნა–განმარტება სადავოდ მიჩნეული გარემოების დასადასტურებლად, კონკრეტულ შემთხვევაში, საკმარისი არ არის. მოსარჩელეს მითითებული გარემოების დასადასტურებლად, ახსნა-განმარტების გარდა რაიმე სახის მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მიუხედავად იმისა, რომ ამ გარემოების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრებოდა და ობიექტურადაც, მისთვის შესაძლებელი იყო სათანადო მტკიცებულების მოპოვება/წარმოდგენა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ მტკიცების ტვირთი ვერ დასძლია და მის მიერ მითითებული გარემოება ვერ დაადასტურა.

 

გარდა ამისა, მატერიალური ზიანის არსებობის დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაშიც არ დასტურდება მოპასუხის ბრალეულობა ზიანის მიყენებაში. დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ი/მ ქ----ლ ა--–--ეს ობიექტიდან სამშენებლო ინვენტარის გამოტანის საშუალებს არ აძლევდა ადგილობრივი მცხოვრები, იმ პრეტენზიით, რომ სამშენებლო სამუშაოთა წარმოებით მის საცხოვრებელ სახლს მიადგა შეუქცევადი ზიანი - სახლი გახდა საცხოვრებლად უვარგისი. ასეთ ვითარებაში ბუნდოვანია, მოპასუხის როლი მოსარჩელისათვის ზიანის მიყენებაში. მოსარჩელეს არ მიუთითებია და სათნადოდ არ დაუსაბუთებია მოპასუხის რომელმა კონკრეტულმა მოქმედებამ თუ უმოქმედობამ, ანდა კონკრეტულად რომელი ვალდებულების შეუსრულებლობამ გამოიწვია მისთვის ზიანის მიყენება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ანალიზის საფუძველზე, მიიჩნევს, რომ ი/მ ქ----ლ ა--–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 400-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელე მოითხოვს ა(ა)იპ ბ------------------ს მის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით არასწორად (ზედმეტად) დაკავებული თანხის ანაზღაურება 28 112.50 ლარის ოდენობით.

 

უდავოდ დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #103 ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ნარდობის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ფარგლებში მოსარჩელემ მოპასუხეს, ვადაგადაცილებით შეუსრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო. მოპასუხემ კი, ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების გამო, შესრულებული სამუშაოს ღირებულება მოსარჩელეს სრულად არ აუნაზღაურა და ჩაითვალა ის, ვადაგადაცილებისავთვის განსაზღვრული პირგასამტეხლოს ანგარიშში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629.1-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

დადგენილია, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #103 ხელშეკრულებით ი/მ ქ----ლ ა--–--ემ იკისრა ვალდებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 90-დღიან ვადაში, 2016 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით, შეესრულებინა სამშენებლო-სარეკონსტრუქციო-გამაგრებითი სამუშაო, ქ. ბათუმში, სტიქიით დაზიანებულ რამდენიმე ქუჩაზე.

 

ასევე დადგენილია, რომ ი/მ ქ----ლ ა--–--ემ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #103 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა, თუმცა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევით, რის გამოც მოსარჩელეს, სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად, დაერიცხა ყოველდღიური პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.5%-ის ოდენობით, რამაც 80-დღიანი ვადაგადაცილების მანძილზე შეადგინა 34 600 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, მხარეები წერილობით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისათვის, ხელშეკრულების ღირებულების დღიური 0.5%-ის ოდენობით. მოსარჩელემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები, რაც მოპასუხეს ანიჭებს პირგასამტეხლოს მოთხოვნის/ანაზღაურების უფლებას.

 

ამ გარემოებას სადავოდ არ ხდის მოსარჩელეც, თუმცა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი და კაბალურია, რის გამოც ითხოვს მის შემცირებას. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, სასამართლოს შეფსების საგანს წარმოადგენს მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლოს მართლზომიერება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას. შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ, მართალია, ნაწილობრივ ვადაგადაცილებით, მაგრამ დამკვეთისათვის მისაღები კონდიციით, მთლიანად შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო. დამკვეთის ინტერესი, რაც მას გააჩნდა სტიქიით დაზარალებული უბნების რეაბილიტაციის თვალსაზრისით დაკმაყოფილდა სრულად.

 

ბუნებრივია, სამუშაოს შესრულების ვადაგადაცილება დამკვეთს წარმოუშობს პირგასამტეხლოს დარცხვის/მოთხოვნის უფლებას, მაგრამ ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასატეხლოს ოდენობად ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.5 %-ის განსაზღვრა, არაგონივრულია, შეუსაბამოდ მაღალია და არღვევს სკ-ის 115-ე მუხლით დადგენილ კეთილსინდისიერების პრინციპებს. მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აღნიშნული შეთანხმებით, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება პირს ეკისრება ჯეროვნად და ვადაში შესრულებული სამუშაოსათვისაც, მაშინ როცა პირგასამტეხლო თავისი არსით წარმოადგენს გარკვეულ სანქციას ვალდებულების შეუსრულებლობისათვის/არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლო 0.5 %, განსახილველ დავასთან მიმართებით შეუსაბამოდ მაღალია, სახელშეკრულებო ღირებულების, შესრულებული სამუშაოს, ვალდებულების დარღვევის ხარისხისა და მოცულობის, ასევე ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობა უნდა განისაზღვროს 0.275 %–ით. ამასთან, პირგასამტეხლოს დარიცხვა, ვადაგადაცილებული დღეების მიხედვით, უნდა განხორციელდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულების, არამედ შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების მიხედვით.

 

დადგენილია, რომ ქ. ბათუმში, ჯ--------ის ქუჩა #79-ში 16 473.13 ლარს ღირებულების სამუშაო მოსარჩელემ შეასრულა 25 დღის ვადაგადაცილებით; მ------–ას ქუჩა 64-ში, 16 449.90 ლარის ღირებულების სამუშაო მოსარჩელემ შეასრულა 80 დღის ვადაგადაცილებით; თ------------ის დასახლება #68-ში და მ----------------–ის მე-3 შესახვევში 30 951.05 ლარის ღირებულების სამუშაო კი, მოსარჩელემ შეასრულა 61 დღის ვადაგადაცილებით. შესაბამისად,ა) ქ. ბათუმში, ჯ--------ის ქუჩა #79-ში მდებარე ობიექტზე - 16 473.13 ლარის ღირებულების სამუშაოს შესრულების 25-დღიანი ვადაგადაცილებისათვის მოსარჩელეს უნდა განესაზღვროს პირგასამტეხლო 1132.52 ლარი (16 473.13*0.275%*25);

ბ) ქ. ბათუმში, მ------–ას ქუჩა 64-ში მდებარე ობიექტზე 16 449.90 ლარის ღირებულების სამუშაოს შესრულების 80 დღის ვადაგადაცილებისათვის მოსარჩელეს უნდა განესაზღვროს პირგასამტეხლო 3618.98 ლარი (16 449.90 *0.275%*80);

გ) ქ. ბათუმში, თ------------ის დასახლება #68-ში და მ----------------–ის მე-3 შესახვევში მდებარე ობიექტებზე 30 951.05 ლარის ღირებულების სამუშაოს შესრულების 61 დღის ვადაგადაცილებისათვის მოსარჩელეს უნდა განესაზღვროს პირგასამტეხლო 5192.0 ლარი (30951.05*0.275%*61);

 

ამდენად, ი/მ ქ----ლ ა--–--ის მიერ ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისათვის, პირგასამტეხლოს გონივრული და სამართლიანი ოდენობა, უნდა განისაზღვროს 9943.50 ლარით, რაც ყველა გარემოების მხედველობაში მიღებით, წარმოადგენს ვალდებულების დარღვევის პროპორციულ ოდენობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

 

დადგენილია, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს დაარიცხა 34 600 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო, რაც აინაზღაურა იმით, რომ მოსარჩელეს არ გადაუხადა შესრულებული სამუშაოს ღირებულება შესატყვისი ოდენობით. სასამართლომ დაადგინა, რომ პირგასამტეხლოს ნაწილი მოპასუხემ მოსარჩელეს დაარიცხა უკანონოდ, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ დარიცხულ და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობას შორის სხვაობა - 24 656.50 ლარი (34600–9943.50=24 656.50 ლარი) წარმოადგენს იმ თანხას, რომლითაც მოპასუხე უსაფუძვლოდ გამდიდრდა.

 

ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა, პირასამტეხლოს სახით დაკავებული თანხის ანაზღაურების ნაწილში, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 24 656.50 ლარის ანაზღაურება.

 

6.2. გარდა ამისა, დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოითხოვა იმ ზიანის ანაზღაურება, რაც მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებითი ღირებულების გადასახადის სახით 6228 ლარის გადახდით, შესრულებული სამუშაოს იმ ღირებულებისათვის, რაც უნდა მიეღო და ვერ მიიღო პირგასამტეხლოს თანხის უსაფუძვლოდ დაქვითვის გამო.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანი პირის ქონებრივი ანდა არაქონებრივი და სამართლებრივად დასაძრახი დანაკლისია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

აღნიშნული ნორმით დადგენილი დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, პირს ზიანის ანაზღაურება შეიძლება დაეკისროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პასუხისმგებლობის დაკისრების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, კერძოდ, სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით და არსებობს მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და დამდგარ ზიანს (რეზულტატს) შორის და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს პირგასამტეხლოს სახით დაარიცხა 34 600 ლარი და შესატყვისი ოდენობით არ აუნაზღაურა გაწეული სამუშაოს ღირებულება. მოსარჩელეს საგადასახადო ვალდებულების ფარგლებში მოუწიასახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დღგ-ს სახით გადაეხადა 34600 ლარის 18 % - 6228 ლარის ოდენობით.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს კანონდარღვევით დაუქვითა შესრულებული სამუშაოს ღირებულება 24 656.50 ლარის ოდენობით, ამ თანხის 18%-ის დღგ-ს სახით გადახდით კი, მოსარჩელეს, მოპასუხის ბრალეული მოქმედების შედეგად, მიადგა მატერიალური ზიანი ზიანი 4438 ლარის ოდენობით, რომლის ანაზღაურება მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

6.3. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ნაქირავები სამშენებლო ინვენტარის მესაკუთრისათვის - შპს „ფ---–------ისათვის“ დროულად დაბრუნების შეუძლებლობის გამო, ქირის გადახდით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, 2590 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო მიუთითებს წინამდებარე გადაწყვეტილების 3.2.2 პუნქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასევე 6.2 პუნქტში მითითებულ სამართლებრივ ნორმებზე და აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულების მოპასუხისათვის დასაკისრებლად სახეზე არ არის ზიანის ანაზღაურების სკ-ის 992 მუხლით განსზაღვრული წინაპირობები. ერთი მხრივ არ დასტურდება ზიანის არსებობის ფაქტი (წარმოდგენილი არ არის ზიანის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები), მაგრამ ზიანის ფაქტის დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაშიც, არ დასტურდება მოპასუხის ბრალეულობა ზიანის მიყენებაში.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაუვადდა ფინანსური მდგომარეობის გამო. ამასთან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რის გამოც მოპასუხე ააიპ ბ------------------ს დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 872.80 ლარის ოდენობით, ხოლო მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 233.25 ლარის ანაზღაურება დაუკამყოფილებელი სასარჩელო მოთხოვნის პროპორციული ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ინდივიდუალური მეწარმის ქ----ლ ა--–--ის სარჩელი ა(ა)იპ ბ------------------ის მიმართ.

 

2. ა(ა)იპ ბ------------------ს ინდივიდუალური მეწარმის - ქ----ლ ა--–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 29 094.50 ლარის ანაზღაურება. (საიდანაც 24 656.50 ლარი პირგასამტეხლოს სახით უსაფუძვლოდ დაკავებული თანხაა, ხოლო 4438 ლარი – დღგ-ს გადახდით გამოწვეული ზიანი).

 

3. მოპასუხე ა(ა)იპ ბ------------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 872.80 ლარის ოდენობით,4. მოსარჩელეს – ინდივიდუალურ მეწარმე ქ----ლ ა--–--ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 233.25 ლარის ანაზღაურება.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი