გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №3/1643-19
21 მაისი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მერი გულუაშვილი
სხდომის მდივანი ნინო მაღალდაძე
მოსარჩელე - მარ--–-----------ა
მოპასუხე - სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
წარმომადგენელი - სალ---------–--–-–---–ი
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018 წლის 1-------------------- დეკემბერს ჩატარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგად შემოსული საჩივრების განხილვის მიზნით შექმნილი სამართლის ექსპერტთა ჯგუფის 2018 წლის 28 დეკემბრის N- სხდომის ოქმი იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მარ--–-----------ას მოთხოვნა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტური დავალების N---------- კითხვებზე ქულის მომატების შესახებ;
1.2. დაევალოს სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას გადაწყვეტილების გამოტანიდან ერთი თვის ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მარ--–-----------ას ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირების N---------- კითხვებზე მოემატება 2 ქულა.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საქმეზე წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს, სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. მარ--–-----------ამ 2018 წლის 02 დეკემბერს მონაწილეობა მიიღო სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ ჩატარებულ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაში სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით. მარ--–-----------ამ ტესტირების შედეგად დააგროვა 73 ქულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერი სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აპლიკანტის პორტალიდან (ს.ფ. 15);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.2. მარ--–-----------ამ ტესტირების შედეგები 4 ტესტის, მათ შორის, №-------------------- ტესტების შეფასების ნაწილში, გაასაჩივრა სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში.
სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018 წლის 1-------------------- დეკემბერს ჩატარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგად შემოსული საჩივრების განხილვის მიზნით შექმნილი სამართლის ექსპერტთა ჯგუფის 2018 წლის 28 დეკემბრის №2 სხდომის ოქმით მარ--–-----------ას საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და აპლიკანტს მოემატა 1 ქულა, თუმცა ქულის მომატების მიუხედავად მარ--–-----------ამ ვერ დააგროვა გამსვლელი (75) ქულა. შესაბამისად, მისი საბოლოო შედეგი განისაზღვრა 74 ქულით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018 წლის 1-------------------- დეკემბერს ჩატარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგად შემოსული საჩივრების განხილვის მიზნით შექმნილი სამართლის ექსპერტთა ჯგუფის 2018 წლის 28 დეკემბრის N- სხდომის ოქმი (ს.ფ. 21-24).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მარ--–-----------ას სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს შრომის კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ,,ადვოკატთა შესახებ’’ საქართველოს კანონი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, ხოლო ამავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018 წლის 1-------------------- დეკემბერს ჩატარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგად შემოსული საჩივრების განხილვის მიზნით შექმნილი სამართლის ექსპერტთა ჯგუფის 2018 წლის 28 დეკემბრის N- სხდომის ოქმი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას, მოსარჩელე მარ--–-----------ასთან მიმართებაში უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან. ასევე, სადავო საკითხის მომწესრიგებელ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. სასამართლო მიუთითებს სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედ ,,ადვოკატთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ადვოკატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა ამ კანონით დადგენილი წესით ან ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა/პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა, აგრეთვე აქვს იურისტად ან ადვოკატის სტაჟიორად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი.
ამავე კანონის მე-11 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა წელიწადში არანაკლებ ორჯერ ტარდება. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს და საგამოცდო პროგრამას ამტკიცებს და გამოცდის ჩატარების თარიღსა და ადგილს განსაზღვრავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო. მითითებული მუხლის მე-3-4 პუნქტების თანახმად, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა არის საერთო ან სპეციალიზაციის მიხედვით; ადვოკატების სპეციალიზაცია ხდება სამოქალაქო სამართლისა და სისხლის სამართლის დარგებში. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კი, სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციის მქონე ადვოკატთა ტესტირება ტარდება შემდეგ საგნებში: ა) საკონსტიტუციო სამართალი; ბ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი; გ) ადმინისტრაციული სამართალი; დ) ადმინისტრაციული სამართლის პროცესი; ე) სამოქალაქო სამართალი; ვ) სამოქალაქო სამართლის პროცესი. აღნიშნული მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილია, რომ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პირი იღებს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტს (სერტიფიკატს).
სასამართლო ასევე მიუთითებს ,,ადვოკატთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მეორე პუნქტზე, რომლის თანახმად, ადვოკატთა საკვალიფიკაციო კომისიის არანაკლებ ნახევარს შეადგენენ საქართველოს ადვოკატთა და იურისტთა სხვა გაერთიანებების (საადვოკატო ფირმა, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და ა.შ.) წარმომადგენლები.
6.3. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის №52 და №-- ტესტური დავალებების შეფასებას.
სასამართლო განმარტავს, რომ ტესტური დავალებების შერჩევა და შეფასება საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას მიეკუთვნება, თუმცა მსგავსი კატეგორიის დავების განხილვის პროცესში, სასამართლო კონტროლი შეეხება ისეთ საკითხებს, რომელიც უკავშირდება კომისიის მხრიდან გამოსაყენებელი ნორმის გაუთვალისწინებლობას, არასწორი ფაქტობრივი გარემოებებით ხელმძღვანელობას, შეფასების საყოველთაო მასშტაბის დარღვევას, როდესაც შეფასება ეყრდნობა საკითხის ყოველგვარ გონივრულ ზღვარს გამცდარ არასწორ გააზრებას, საგამოცდო ტესტის, მისი შინაარსობრივი წყობის, დასმული კითხვისა და მასზე სწორად მიჩნეული პასუხის აშკარა შეუსაბამობას. ხსენებული კრიტერიუმების სინთეზი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას შეაფასოს ზემოაღნიშნული ასპექტები.
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის №52 ტესტური დავალება შემდეგი შინაარსისაა:
,,მუსიკოს ალიევას სასესხო ურთიერთობაში ბანკთან სოლიდარული თავდებია ქირურგი ბარდაქი. სესხის თანხა შეადგენდა 7000 ლარს, თვეში 2%-ის დარიცხვით. თავდებობის ხელშეკრულებაში მითითებული იყო, რომ თავდებობით უზრუნველყოფილი იყო ბანკის წინაშე წარმოშობილი ყველა დავალიანება, პროცენტისა და პირგასამტეხლოს ჩათვლით. ალიევამ თანხის გადახდა ვერ შეძლო, რის გამოც ბანკმა მოითხოვა ალიევასა და ბარდაქისათვის არსებული დავალიანების - სესხის 7000 ლარის და პროცენტის - 2300 ლარის სოლიდარულად დაკისრება. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, მხოლოდ ალიევას ნაწილში.“
კითხვა: სწორია სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ბარდაქის მიმართ სარჩელის უარყოფის ნაწილში?
ტესტის სწორ პასუხად მიჩნეულია ,,გ“ ვარიანტი - დიახ, რადგან ხელშეკრულებაში არ იყო მითითებული ბარდაქის პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განმსაზღვრელი მაქსიმალური თანხა.
გაცემული პასუხი: ,,ბ“ ვარიანტი - არა, რადგან ბარდაქი არის ალიევას სოლიდარული თავდები.
სადავო ტესტთან დაკავშირებით შემდეგი პოზიცია აქვს დაფიქსირებული სამართლის ექსპერტს: ,,თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. წარმოდგენილი ტესტის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ თავდებობით უზრუნველყოფილია ყველა დავალიანება, პროცენტისა და პირგასამტეხლოს ჩათვლით. ამავე კოდექსის 898-ე მუხლის თანახმად კი, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის მოცულობით. ტესტის შემთხვევაში ხელშეკრულებით განსაზღვრული არ არის თავდებობის პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობის თანხა. ასეთად ვერ ჩაითვლება ზოგადი მითითება ყველა დავალიანებისა, პროცენტის და პირგასამტეხლოს ჩათვლით. სასამართლო თავდებობის პასუხისმგებლობის ზღვარს ვერ განსაზღვრავს თანხის მიუთითებლად. შესაბამისად, სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო თავდებთან მიმართებაში.“
მოსარჩელე არ ეთანხმება ექსპერტის განმარტებებს და აღნიშნავს, რომ ვინაიდან ტესტის პირობაში მითითებული იყო, რომ მხარეებმა გააფორმეს თავდებობის ხელშეკრულება, მისთვის მიღებულ პირობად ჩაითვალა, რომ ხელშეკრულება გაფორმებული იქნა კანონის ყველა მოთხოვნის დაცვით, მათ შორის ივარაუდებოდა, რომ ალიევას მიერ ბანკის მიმართ არსებული დავალიანების ოდენობა შეესაბამებოდა თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ოდენობას. ამდენად, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ტესტის პირობა ბუნდოვანი იყო და მისი გააზრება გონებრივი გააზრების კრიტერიუმებს ცდებოდა.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის არგუმენტაციას და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ნორმა ცალსახად ადგენს მხარეთა შორის გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობისთვის აუცილებელ ორ პირობას, რომლებიც კუმულატიურად უნდა არსებობდეს და თუნდაც ერთერთი პირობის არარსებობა იწვევს თავდებობის ხელშეკრულების არანამდვილობას/იურიდიული ძალის არქონას. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ სადავო ტესტის პირობაში არსად არ ყოფილა მითითება იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის დადებული თავდებობის ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ტესტის პირობაში გვხვდება მითითება თავდებობის ხელშეკრულების შინაარსის შესახებ, სადაც კონკრეტულად არის აღწერილი თუ რა იყო მითითებული ხელშეკრულებაში (თავდებობით უზრუნველყოფილი იყო ბანკის წინაშე წარმოშობილი ყველა დავალიანება, პროცენტისა და პირგასამტეხლოს ჩათვლით), რომელთა შორის არ გვხვდება ჩანაწერი თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის შესახებ. ამდენად, ცალსახაა, რომ თავდებობის ხელშეკრულება ასეთ პირობას არ ითვალისწინებდა, რაც არსებითი იყო მისი ნამდვილობის განსაზღვრისათვის. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან ტესტის პირობაში აღნიშნული იყო მხარეთა შორის გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულების შესახებ, ივარაუდებოდა, რომ ხელშეკრულება გაფორმებული იყო კანონის მოთხოვნათა დაცვით. სასამართლო განმარტავს, რომ დავალების პირობაში მხოლოდ თავდებობის ხელშეკრულებაზე მითითება, ვერ ჩაითვლება ასეთი ხელშეკრულების ნამდვილობის დამადასტურებელ უდავო პირობად. ამასთან, მხარეთა შორის დადებული თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობის შეფასება, ტესტში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სწორედ გამოსაცდელი პირის ამოცანას წარმოადგენს, ვინაიდან კონკრეტული დავალება იქმნება სწორედ იმისთვის, რომ აპლიკანტმა მასში აღწერილი ყველა გარემოების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს დავალებაში ასახულ ფაქტებს და მივიდეს სწორ პასუხამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტესტის პირობაში ხელშეკრულების სამართლებრივი შეფასების (ნამდვილობა/არანამდვილობის დადგენა) მითითება აზრს დაუკარგავდა დავალებას და შეუძლებელი იქნებოდა მარ--–-----------ას ცოდნის შეფასება. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ტესტი არ შეიცავდა ბუნდოვან ან რთულად აღსაქმელ პირობას და შესაბამისი ნორმის ფორმულირების ცოდნის შემთხვევაში, არ დააბრკოლებდა მოსარჩელეს სწორი ვარიანტის არჩევისას გაეთვალისწინებინა ტესტის პირობაში თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობის აუცილებელი პირობის - თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითების არარსებობა, რაც არსებითი იყო ტესტის სწორი პასუხის განსაზღვრისათვის.
6.4. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის №-- ტესტური დავალება შემდეგი შინაარსისაა: ,,შეიძლება თუ არა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას სამოქალაქო კოდექსის გამოყენება?“
ტესტის სწორ პასუხად მიჩნეულია ,,ბ“ ვარიანტი - დიახ, როდესაც საკითხი არ წესრიგდება შრომის კოდექსით.
გაცემული პასუხი: ,,გ“ ვარიანტი - არა, რადგან შრომითი ურთიერთობები რეგულირდება შრომის კოდექსითა და სპეციალური კანონით.
სადავო ტესტთან დაკავშირებით შემდეგი პოზიცია აქვს დაფიქსირებული სამართლის ექსპერტს: ,,საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლი ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენების შესაძლებლობას. მათ შორის, ერთერთია თუ შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებულ საკითხებს არ აწესრიგებს შრომის კოდექსი. შესაბამისად, სწორი პასუხია ,,ბ“.
მოსარჩელე არ ეთანხმება ექსპერტის განმარტებებს და აღნიშნავს, რომ სადავო ტესტზე სწორ პასუხად მიჩნეული ვარიანტი არასრულია, ვინაიდან შრომითი ურთიერთობა შეიძლება დარეგულირდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით არამხოლოდ შრომის კოდექსში შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხების არარსებობისას, არამედ ასევე სპეციალური კანონის არარსებობისას.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის არგუმენტაციას და განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმა ცალსახად ადგენს შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხების საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით რეგულირების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები არ წესრიგდება საქართველოს შრომის კოდექსით ან სხვა სპეციალური კანონით. ამდენად, მარ--–-----------ას მიერ მოცემულ ტესტზე გაცემული პასუხი ვერ იქნება მიჩნეული სწორად, ვინაიდან მოსარჩელემ არჩეული პასუხით მთლიანად გამორიცხა შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენების შესაძლებლობა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს შრომის კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილს. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის არგუმენტაცია, სადაც იგი მიუთითებს, რომ შრომითი ურთიერთობა შეიძლება დარეგულირდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით არამხოლოდ შრომის კოდექსში შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხების არარსებობისას, არამედ ასევე სპეციალური კანონის არარსებობისას (ანუ მოსარჩელე უშვებს სამოქალაქო კოდექსის გამოყენების შესაძლებლობას), წინააღმდეგობაში მოდის სადავო ტესტზე მის მიერვე გაცემულ პასუხთან, რომლითაც მარ--–-----------ა ცალსახად გამორიცხავს შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით მოწესრიგების შესაძლებლობას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, შრომის კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილი შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით მოწესრიგებას შესაძლებლად მიიჩნევს იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთ საკითხებს არ აწესრიგებს შრომის კოდექსი ან სხვა სპეციალური კანონი, ამდენად, მხოლოდ ერთი პირობის (საკითხი არ წესრიგდება შრომის კოდექსით) არსებობაც საკმარისია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენებისათვის. შესაბამისად, მოსარჩელის არგუმენტაცია ტესტის სწორ პასუხად მიჩნეული ვარიანტის არასრულობასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული ტესტისთვის, რომელიც მიზნად ისახავდა სწორედ გამოსაცდელი პირის მიერ საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის ცოდნის შეფასებას, ერთადერთ რელევანტურ და სწორ პასუხს წარმოადგენს ვარიანტი ,,ბ“, რომელიც ცალსახად მიუთითებდა, რომ შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას სამოქალაქო კოდექსის გამოყენება შეიძლება, როდესაც საკითხი არ წესრიგდება შრომის კოდექსით და სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსის ცოდნის შემთხვევაში არ გამოიწვევდა გამოსაცდელი პირის მიერ სწორ პასუხად სხვა ვარიანტის არჩევას.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ განურჩევლად იმისა, თუ რა სახისაა და რა მიზანს ემსახურება ტესტი, ის რამდენიმე მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ: ინსტრუქციები და საკითხები ისე მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ სწორედ იმ ცოდნას ზომავდეს, რომლის გაზომვასაც ეს კონკრეტული ტესტი ისახავს მიზნად; მისი შედეგები უნდა ფასდებოდეს წინასწარ შედგენილი პასუხებით ან შეფასების სქემით; წინასწარ უნდა იყოს დადგენილი ქულების რაოდენობაც სწორი პასუხისთვის; შეფასების მექანიზმი უნდა იყოს მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი, იგი ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას არ უნდა იძლეოდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ტესტები არ არის ხარვეზიანი და არ იძლევა ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას. ტესტების პირობები და ვარიანტები ჩამოყალიბებულია ნათლად, გარკვევით და შესაბამისი ცოდნის პირობებში გამოსაცდელ პირს აძლევს შესაძლებლობას ერთმნიშვნელოვნად განსაზღვროს სწორი პასუხი.
6.6. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობს სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018 წლის 1-------------------- დეკემბერს ჩატარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგად შემოსული საჩივრების განხილვის მიზნით შექმნილი სამართლის ექსპერტთა ჯგუფის 2018 წლის 28 დეკემბრის N- სხდომის ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და გასაჩივრებულ ტესტებში მოსარჩელისათვის ქულის მომატების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც მარ--–-----------ას უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელწიფო ბაჟი, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამდენად, ვინაიდან განსახილველ საქმესთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი, იგი უნდა დარჩეს უცვლელად, სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მარ--–-----------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.
მოსამართლე მერი გულუაშვილი