გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/6084-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
29 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლია ავალიშვილი
სხდომის მდივანი - თათია სახელაშვილი
მოსარჩელე - შპს ,,სა---------ი“
წარმომადგენელი - იო------------–---–ი
მოპასუხე - სს ,,თე-–--ი“
წარმომადგენელი – თა--------------ა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. მოსარჩელის მოთხოვნა:
1.1. სს ,,თე-–--ი“-სათვის შპს ,,სა---------ი“-ს სასარგებლოდ ელექტროენერგიის მრიცხველით ზედმეტად დარიცხული 620,75 ლარის დაკისრება.
სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2018 წლის 08 აგვისტოს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სს ,,თე-–--ს“ აღრიცხვის კვანძის შეცვლის მოთხოვნით, ვინაიდან ბოლო ორ თვეში საგრძნობლად მოიმატა ელექტროენერგიის ხარჯმა და მოითხოვა ივნისის, ივლისის და აგვისტოს თვეების კორექტირება. 2018 წლის 13 აგვისტოს მოპასუხის ენერგოზედამხედველობის ჯგუფის მიერ შედგენილი იქნა ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტი, რომლითაც დადგენილია, რომ მრიცხველი მოხმარებულ ელექტროენერგიას აღრიცხავს მეტობით, საჭიროა აღრიცხვის კვანძის (მრიცხველის და დენის ტრანსფორმატორების) შეცვლა.
სს ,,თე-–--ი“-ს მიერ შედგენილი N2----- აქტის მიხედვით, ივნისის თვეში 204,52 ლარით მეტია დარიცხული, ივლისის თვეში 264,72 ლარით მეტია დარიცხული, ხოლო აგვისტოს თვეში 151,51 ლარით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს ჯამში 620,75 ლარის დაკისრებას, რომელიც შეადგენს ივნისის, ივლისისა და აგვისტოს თვეში ზედმეტად დარიცხული თანხების ჯამს.
(იხ. სარჩელი ს.ფ. 2-7, მოსარჩელის ახსნა-განმარტება, სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 11:19:29).
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.
სს ,,თე-–--ის“ აბონენტია მოსარჩელე შპს ,,სა---------ი“ აბ. N3------, რომელმაც 2018 წლის 08 აგვისტოს სს ,,თე-–--ს“ მიმართა განცხადებით და მოითხოვა ზედმეტად აღრიცხული ელექტროენერგიის ღირებულების კორექტირება, მრიცხველის შეცვლა და აღრიცხვის კვანძის შემოწმება. მოსარჩელის ვარაუდით, ივნისი-ივლისი-აგვისტოს თვეებში მრიცხველი ზედმეტად აღრიცხავდა ხარჯს. სს ,,თე-–--ი“-ს მიერ 2018 წლის 13 აგვისტოს შედგენილ იქნა ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტი N2-----. ვიზუალური შემოწმების შედეგად აბონენტის განმარტების საფუძველზე საეჭვოდ იქნა მიჩნეული მრიცხველის ჩვენება, რომელიც შემდგომი კვლევების შედეგად არ დადასტურდა.
შპს ,,სა---------–-------------–-------–-------ს“ 2018 წლის 09 ნოემბრის N1-- დასკვნის თანახმად, დადგენილია, რომ მრიცხველის ცდომილება შეესაბამება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას და მრიცხველი ვარგისია შემდგომი გამოყენებისათვის. ასევე, კომპანიის 2018 წლის 07 სექტემბრის N8-- დენის ტრანსფორმატორების გამოცდის ოქმის თანახმად, დენის ტრანსფორმატორების ელ. გაზომვის შედეგი აკმაყოფილებს ტექნიკური ექსპლუატაციის ნორმებს, აბონენტის ჩვენებები ნორმალურია და შეესაბამება აბონენტის მიერ სადავო პერიოდში რეალურად მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯს.
მოპასუხე მიიჩნევს, რომ სს ,,თე-–--ის“ 2018 წლის 13 აგვისტოს N2----- აქტი, რომელსაც ეფუძნება მოსარჩელის მოთხოვნა, არ წარმოადგენს მრიცხველის არასწორად აღრიცხვის უტყუარ მტკიცებულებას. ხსენებული აქტი ემსახურება იმას, რომ დაფიქსირებულია პირველადი ვიზუალური დათვალიერების შედეგები და მრიცხველის შეცვლის თაობაზე ინფორმაცია. აღნიშნული აქტის სისწორე გადამოწმებულია ლაბორატორიაში და ასევე შპს ,,სა---------–-------------–-------–------–ი“. მიღებული დასკვნების თანახმად, არ დადასტურებულა 2018 წლის 13 აგვისტოს აქტში დაფიქსირებული ინფორმაცია. უფრო მეტიც, არც ერთი თეთრით არ დაუკორექტირდა აბონენტს გადასახადი, რადგან მრიცხველი და აღრიცხვის კვანძი სრულ შესაბამისობაშია ტექნიკური ექსპლუატაციის ნორმებთან. საყურადღებოა თავად მოსარჩელის მითითება წინა წლების იდენტურ პერიოდში ჩვენებების შედარებასთან დაკავშირებით. სს ,,თე-–--ის“ მიერ წარმოდგენილია ბრუნვის ისტორია, რომელიც 2015 წლის 31 დეკემბრიდან დღემდე ასახავს აბონენტის ბარათზე მის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების დინამიკას. ბრუნვის ისტორიიდანვე ირკვევა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებულ პერიოდებში 2015, 2016, 2017 წლებში თითქმის იდენტური ხარჯი გააჩნია კომპანიას.
გარდა ამისა, მოპასუხისათვის გაუგებარია მოსარჩელის მოთხოვნა იმ კუთხითაც, თუ რის საფუძველზეა წარმოდგენილი სარჩელში მის მიერ მითითებული გაანგარიშება - ჯამში მეტობით 620,75 ლარის აღრიცხვის თაობაზე.
მოპასუხე თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილდეს.
(იხ. მოპასუხის შესაგებელი ს.ფ. 33-37, მოპასუხის ახსნა-განმარტება - სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 11:31:48).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს „თე-–--ი“ აბონენტს #3------, მოსარჩელე შპს ,,სა---------ს“, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აწვდის ელექტროენერგიას. მოსარჩელე ვალდებულია გადაიხადოს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 19-20);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. შპს ,,სა---------ი“-ს დირექტორმა იოსებ სიმონიშვილმა 2018 წლის 08 აგვისტოს განცხადებით მიმართა სს „თე-–--ს“, მოითხოვა ზედმეტად აღრიცხული ელექტროენერგიის ღირებულების კორექტირება, მრიცხველის შეცვლა და აღრიცხვის კვანძის შემოწმება, რადგან მისი ვარაუდით ივნისი-ივლისი-აგვისტოს თვეებში მრიცხველი ზედმეტად აღრიცხავდა ხარჯს.
სს ,,თე-–--ი“-ს მიერ 2018 წლის 13 აგვისტოს შედგენილ იქნა ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტი N2-----. ჩატარებული გაზომვების შედეგად მრიცხველი მოხმარებულ ელექტროენერგიას აღრიცხავდა მეტობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტი N2----- (ს.ფ. 16);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. 2018 წლის 22 აგვისტოს სს ,,თე-–--ის“ მიერ ლაბორატორიული შემოწმების მიზნით (ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების N2----- აქტი) მოიხსნა T31FT N3------- მრიცხველი და დენის ტრანსფორმატორები.
შპს ,,სა---------–-------------–-------–-------ს“ 2018 წლის 09 ნოემბრის N1-- დასკვნის თანახმად, მრიცხველის ცდომილება შეესაბამება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას და მრიცხველი ვარგისია შემდგომი მოხმარებისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,სა---------–-------------–-------–-------ს“ დასკვნა (ს.ფ. 51-53);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.4. სს ,,თე-–--ი“-ს 2018 წლის 07 სექტემბრის N8-- დენის ტრანსფორმატორების გამოცდის ოქმის თანახმად, დენის ტრანსფორმატორების ელ. გაზომვის შედეგები აკმაყოფილების ტექნიკური ექსპლუატაციის ნორმებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დენის ტრანსფორმატორების გამოცდის ოქმი (ს.ფ. 60-62);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება მასზედ, რომ სს ,,თე-–--ი“-ს აბონენტის (N3------) მრიცხველი ცდომილებით (მეტობით) აღრიცხავდა მოხმარებულ ელექტროენერგიას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მის მოთხოვნას, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთი მოთხოვნის უფლებას გააქარწყლებენ - დაკისრებული აქვს მოპასუხეს. აქვე აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე. შესაბამისად, მოპასუხე მხარე ვალდებულია დაამტკიცოს ის ფაქტები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის შესაგებელს, მაშასადამე მან არამარტო უნდა გამოთქვას საპირისპირო მოსაზრება კონკრეტულ მტკიცებულებასა და ფაქტთან დაკავშირებით, არამედ უნდა დაასაბუთოს იგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
საქმეში წარმოდგენილია ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტები და დასკვნა, რომლებიც გამოკვლეული უნდა იქნეს მხარეთა მიერ სადავოდ გამხდარი გარემოების დადგენისას:
კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია აბონენტის ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტი №2-----, რომლის თანახმად სს ,,თე-–--ის“ უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ შეიცვალა N3------ აბონენტის N3------- მრიცხველი და დენის ტრანსფორმატორები. მოხსნილი N3------- მრიცხველი და დენის ტრანსფორმატორები შემოწმდა სს ,,თე-–--ის“ ლაბორატორიაში. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ N3-------8 მრიცხველი წესრიგშია, ხოლო დენის ტრანსფორმატორების ელ. გაზომვების შედეგები აკმაყოფილებს ტექნიკური ექსპლუატაციის ნორმებს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მრიცხველის ლაბორატორიული შემოწმების შესახებ 2018 წლის 05 სექტემბრის N1----- დასკვნით.
საქმეში წარმოდგენილია ასევე, შპს ,,სა---------–-------------–-------–-------ს“ 2018 წლის 09 ნოემბრის N1-- დასკვნა, რომლის თანახმად, მრიცხველის ცდომილება შეესაბამება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას და მრიცხველი ვარგისია შემდგომი მოხმარებისათვის.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მრიცხველის ლაბორატორიული შემოწმების შესახებ სს ,,თე-–--ის“ 2018 წლის 05 სექტემბრის N1----- დასკვნაში და შპს ,,სა---------–-------------–-------–-------ს“ 2018 წლის 09 ნოემბრის N1-- დასკვნაში მოცემული ინფორმაცია, რომლის თანახმად, დენის ტრანსფორმატორების ელ. გაზომვების შედეგები აკმაყოფილებს ტექნიკური ექსპლუატაციის ნორმებს და მრიცხველი ვარგისია შემდგომი მოხმარებისათვის, მიუთითებს აბონენტ შპს ,,სა---------ის“ მრიცხველის მიერ აღრიცხვიანობის გამართულად მუშაობაზე. მითითებულ დასკვნებში აღნიშნული მონაცემების საწინააღმდეგო გარემოებების და ამ პერიოდისათვის აბონენტის მრიცხველის აღრიცხვიანობის დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის.
სასამართლო იზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ სს ,,თე-–--ი“-ს უფლებამოსილი პირების მიერ 2018 წლის 13 აგვისტოს შედგენილი N2----- ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის აქტი არ წარმოადგენს მრიცხველის არასწორად აღრიცხვის უტყუარ მტკიცებულებას. აღნიშნულ აქტში დაფიქსირებულია პირველადი ვიზუალური დათვალიერების შედეგები და მრიცხველის შეცვლის თაობაზე ინფორმაცია. მოსარჩელე ვალდებული იყო მაღალი სტანდარტით დაესაბუთებინა, რომ მრიცხველი ცდომილებით (მეტობით) აღრიცხავდა მოხმარებულ ელექტროენერგიას. აბონენტის ბრუნვის ისტორიიდან ირკვევა, რომ 2016-2017 წლების სადავო პერიოდში (ივნისი, ივლისი, აგვისტო) მოსარჩელეს თითქმის იდენტური ხარჯი გააჩნია, მაგ. 2016 წლის ივნისის თვეში - 695,31 ლარის, 2016 წლის ივლისის თვეში - 631,31 ლარის, ხოლო 2016 წლის აგვისტოს თვეში - 389,53 ლარის.
გარდა ამისა, სადავო აქტის შედგენის თარიღის ნამდვილობის დადგენა არ წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას, ვინაიდან აქტის შედგენის თარიღის არარსებობა აქტში დაფიქსირებული მონაცემების სიყალბის დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებას არ წარმოადგენს. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სს ,,თე-–--ი“-ს მიერ განწესი მრიცხველის გამოცვლის თაობაზე გაიცა 2018 წლის 14 აგვისტოს, სამუშაოს შესრულება (მრიცხველის დამონტაჟება) კი დასრულდა 20 აგვისტოს. იმ გარემოების დადასტურების შემთხვევაშიც, თუ დადგინდება აქტის შედგენის თარიღში შესწორების შეტანის ფაქტი, აღნიშნული ვერ დაადასტურებს აქტში და დასკვნებში ასახული მონაცემების რეალობასთან შეუსაბამობას.
შპს ,,სა---------ის“ დირექტორი სარჩელში აღნიშნავს, რომ სს ,,თე-–--ის“ მიერ მრიცხველის შემოწმებას ის არ დაასწრეს, ამასთან, მისი პროტესტის შემდეგ გაიგზავნა მრიცხველი მეტროლოგიის ცენტრში. აღნიშნული გარემოება სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს არ წარმოადგენს. შპს ,,სა---------ის“ დირექტორმა სასამართლო სხდომაზე თავად მიუთითა, რომ მიწვეული იყო შპს ,,სა---------–-------------–-------–------–ი“ მრიცხველის შემოწმების დროს, მაგრამ არ გამოცხადდა.
საქმეში ასევე წარმოდგენილია შპს ,,სა---------სა“ და სს ,,თე-–--ს“ შორის არსებული დავის თაობაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 7 თებერვლის #9/8 გადაწყვეტილება. კომისიამ მიიჩნია - ,,იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შესაბამის აკრედიტებული ლაბორატორიის ექსპერტიზის დასკვნით მრიცხველით ცდომილებით აღრიცხვა მომხმარებლის საზიანოდ არ დასტურდება, ასევე დენის ტრანსფორმატორები წესრიგშია (მისი დაზიანების შემთხვევაში ცდომილებით მომხმარებლის საზიანოდ ვერ აღირიცხებოდა). კომპანიამ დარიცხვა განახორციელა გამართული აღრიცხვის კვანძის პირობებში, ვარგისი მრიცხველის ჩვენების საფუძველზე. შესაბამისად, კომისია თვლის, რომ შპს ,,სა---------ის“ დირექტორის იოსებ სიმონიშვილის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს - კომისიის მიერ, 2018 წლის ივნისი-ივლისი-აგვისტოს თვეებში ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვა მიჩნეულ უნდა იქნეს საფუძვლიანად.“ (იხ. ს.ფ. 54-57).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებს მისი მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას, რომ აბონენტის (N3------) მრიცხველი ცდომილებით აღრიცხავდა მოხმარებულ ელექტროენერგიას და ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვა მოხდა არასწორად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დენის ტრანსფორმატორების გამოცდის ოქმი (ს.ფ. 60-62);
- შპს ,,სა---------–-------------–-------–-------ს“ დასკვნა (ს.ფ. 51-53);
- აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ.63-68);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 394-ე, 477-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სარჩელში მითითებული პრეტენზიებიდან სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
შპს ,,სა---------ი“-სა და სს ,,თე-–--ს” შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოშობილია ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 18.09.2008წ. N20 დადგენილებით დამტკიცებული “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” მე-3 მუხლის პირველი პუნქტით, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები. ამავე წესების მე-9 მუხლის პირველი პუქნტით: მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვა ხორციელდება ინდივიდუალური ელექტროენერგიის მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით;
ამავე წესების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება აღრიცხოს ინდივიდუალურად (გარდა ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა), ამ მიზნით მოაწყოს აღრიცხვის კვანძი, შესაბამისად, შეიძინოს, დაამონტაჟოს და შეაკეთოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა სახის მოწყობილობები, ელექტროდანადგარები და სხვა საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავენ მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან.
აღნიშნული წესების მე-111 პუნქტის თანახმად, ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილების განსაზღვრა და ცდომილების კოეფიციენტით დარიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოში ან/და საქართველოში აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ ამ მრიცხველის შემოწმების შედეგების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ აბონენტის (N3------) მრიცხველი ცდომილებით აღრიცხავდა მოხმარებულ ელექტროენერგიას. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სს ,,თე-–--მა“ შპს ,,სა---------ზე“ (აბონენტი N3------) 2018 წლის ივნისი-ივლისი-აგვისტოს თვეებში საფუძვლიანად განახორციელა ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხეს არ განუხორციელებია ისეთი ქმედება, რაც გამოიწვევდა მისთვის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას, ხოლო მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოადგინა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. შპს ,,სა---------ი“-ს მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა 100 ლარი, (ს.ფ. 24-25);
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის თანახმად მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს: ა) ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს;
დავის საგნის (620,75 ლარი) ღირებულების გათვალისწინებით მოცემულ სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი ოდენობა შეადგენს 50 ლარს, რაც მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 50 ლარის დაბრუნების საფუძველია, როგორც შეცდომით გადახდილი თანხისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 50 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად. ხოლო
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს ,,სა---------ი“-ს სარჩელი მოპასუხე სს ,,თე-–--ი“-ს მიმართ, თანხის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
3. შპს ,,სა---------ი“-ს დაუბრუნდეს იო------------–---–ის მიერ 25/03/2019 წელს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 50.00 ლარის ოდენობით.
(გადახდის თარიღი - 25/03/2019 წელი; საგადასახადო დავალება #0; გადამხდელი - იო------------–---–ი; გადამხდელის ბანკი - სს ,,თიბისი ბანკი“, სახაზინო კოდი - 300 773 150; მიმღები - სახელმწიფო ხაზინა).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6.. განემარტოთ მხარეებს, რომ ვინაიდან განხილულ დავაში, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 (ორი ათას) ლარს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
მოსამართლე ლია ავალიშვილი