გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2219-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16 მაისი 2019 წ. ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე სს "პ-------------------ი"
წარმომადგენელი თამარ ჩანგიშვილი
მოპასუხეები რ----- მ------ა
ბ-------- მ------ი
ხ-------- მ------ი
დავის საგანი კრედიტის დაბრუნება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. რ----- მ------ას, ბ-------- მ------ისა და ხ-------- მ------ისათვის 11 942.07 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება;
1.2. დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს ბ-------- მ------ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია. რომელიც მდებარეობს მისამართზე - გარდაბნის მუნიციპალიტეტი, ს------–----------------------------------------–----------- 73.34 კვ.მ (კოდი 8-------------------)
სარჩელის საფუძვლები
2013 წლის 14 აგვისტოს სს „პ------------------სა“ და რ----- მ------ას შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 150 000 აშშ დოლარით ვადით 360 თვე, სარგებელი განსაზღვრულია წლიური 36%-ით. გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე 2013 წლის 14 აგვისტოს ბანკსა და რ----- მ------ას შორის დაიდო შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელმა მიიღო კრედიტი 25 67 აშშ დოლარი 43 თვის ვადით, სარგებელია წლიური 0.1%. ხელშეკრულებით განსაზღვრულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს გადასახდელი თანხის 2%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირველი 10 დღის ვადის გადაცილებისათვის, ხოლო შემდგომ პერიოდში ვადის გადაცილებისათვის გადასახდელი თანხის 0.5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ბ-------- მ------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე გარდაბნის მუნიციპალიტეტი, ს------–----------------------------------------–----------- 73.34 კვ.მ (კოდი 8-------------------).
სს პ------------------სა და ბ-------- მ------ს და ხ-------- მ------ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც იკისრეს რ----- მ------ას საკრედიტო ხელშეკრულების შესრულების ვალდებულება მსესხებლის თანაბარწილად.
საკრედიტო და თავდებობის ხელშეკრულებების პირობები ჯეროვნად არ შესრულდა. 2015 წლის ივლისის შემდეგ კრედიტის დასაბრუნებლად თანხა გადახდილი არ არის. მოპასუხეების დავალიანებაა 11 942.07 აშშ დოლარი, საიდანაც 16.02 აშშ დოლარი არის პროცენტი, ხოლო დანარჩენი თანხა ძირითადი თანხა. ბანკი პირგასამტეხლოს არ მოითხოვს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნეს.
მოპასუხეების განმარტებით, თანხა 2015 წლის თებერვლის შემდეგ არ გადაუხდიათ, რის გამოც ბანკის მოთხოვნა ხანდაზმულია. ბანკმა ასევე დაარღვია ვალდებულების მიღების კანონით დადგენილი წესი, რომლის მიხედვით, ჯერ იფარება სასამართლო ხარჯები და ძირითადი თანხა, შემდეგ პროცენტი და პირგასამტეხლო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2013 წლის 14 აგვისტოს სს „პ------------------სა“ და რ----- მ------ას შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 150 000 აშშ დოლარით ვადით 360 თვე, სარგებელი განსაზღვრულია წლიური 36%-ით. გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე 2013 წლის 14 აგვისტოს ბანკსა და რ----- მ------ას შორის დაიდო შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელმა მიიღო კრედიტი 25 67 აშშ დოლარი 43 თვის ვადით, სარგებელია წლიური 0.1%. ხელშეკრულებით განსაზღვრულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს გადასახდელი თანხის 2%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირველი 10 დღის ვადის გადაცილებისათვის, ხოლო შემდეგომ პერიოდში ვადის გადაცილებისათვის გადასახდელი თანხის 0.5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 17-29. ტომი 1)
– სარჩელი (ს.ფ. 3-8. ტომი 1)
– შესაგებელი (ს.ფ. 76-80. ტომი 1)
3.1.2. 2013 წლის 14 აგვისტოს სს პ------------------სა და ბ-------- მ------ას შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც რ----- მ------ასთან დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ბ-------- მ------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე გარდაბნის მუნიციპალიტეტი, ს------–----------------------------------------–----------- 73.34 კვ.მ კოდი 8-------------------. იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში ამ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია სს პ------------------ის იპოთეკის უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– იპოთეკის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 30-33. ტომი 1)
– ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 34-35. ტომი 1)
– სარჩელი (ს.ფ. 3-8. ტომი 1)
– შესაგებელი (ს.ფ. 76-80. ტომი 1)
3.1.3. 2013 წლის 14 აგვისტოს ერთის მხრივ სს პ------------------სა და მეორეს მხრივ ბ-------- მ------ს და ხ-------- მ------ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც იკისრეს რ----- მ------ასთან დადებული საკრედიტო ხელშეკრულების შესრულების ვალდებულება მსესხებლის თანაბარწილად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულებების ასლები (ს.ფ. 36-41. ტომი 1)
- სარჩელი (ს.ფ. 2-7. ტომი 1)
- შესაგებელი (ს.ფ. 76-80. ტომი 1 )
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მსესხებელს სრულად არ დაუბრუნებია ბანკისათვის მიღებული კრედიტის თანხა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი. 2015 წლის ივლისის შემდეგ შეწყვიტა თანხის გადახდა. მოპასუხეების მიერ გადასახდელი სესხის ძირითადი თანხა და სარგებელია 11 942,07 აშშ დოლარი.
სს პ------------------სა და რ----- მ------ას შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილია კრედიტის დაბრუნების გრაფიკი, რომლის მიხედვით, მსესხებელს კრედიტი უნდა დაებრუნებინა ყოველთვიურად თანხის გადახდით. გრაფიკში მითითებულია ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ოდენობა, რაც მოიცავს კრედიტის ძირითად თანხას და ყოველწლიური სარგებლის პროპორციას. საკრედიტო ხელშეკრულების მე-5 მუხლით განსაზღვრულია დარიცხული პროცენტის გადახდის წესი. 5.1 პუნქტის მიხედვით, საბანკო პროდუქტების და პროცენტების გადახდა ხორციელდება კრედიტის დაფარვის გრაფიკის მიხედვით. 5.3 პუნქტის მიხედვით, კრედიტის დაბრუნების და პროცენტის გადახდასთან დაკავშირებით ანგარიშსწორების განხორციელებისას პირველ რიგში იფარება ბანკის ყველა საკომისიო, გადახდის ვადის გადაცილების გამო დარიცხული პირგასამტეხლო (თუ ასეთი არსებობს). შემდეგ კრედიტზე დარიცხული პროცენტები და ბოლოს კრედიტის ძირითადი თანხა. აღნიშნული რიგითობა შეიძლება შეიცვალოს ბანკის შეხედულებით.
მოპასუხის განმარტებით, მან თანხა ბოლოს გადაიხადა 2015 წლის თებერვალში, რაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ანგარიშიდან ამონაწერით დასტურდება, რომ საკრედიტო ვალდებულების შესასრულებლად მოპასუხემ ბოლო შენატანი განახორციელა 2015 წლის 20 ივლისს, 300 ლარის ოდენობით. საკრედიტო ხელშეკრულების 5.10 პუნქტით გათვალისწინებულია უაქცეპტო წესით თანხის ჩამოჭრა მსესხებლების საბანკო ანგარიშიდან, თუმცა მოპასუხეების განმარტებით, მათ არ გააჩნდათ საბანკო ანგარიში, საიდანაც ბანკმა საკუთარი ინიციატივით თანხის გადახდევინება მოახდინა.
ამონაწერის მიხედვით, საერთო ჯამში 2013 წლის 16 აგვისტოდან 2015 წლის 20 ივლისის ჩათვლით გადახდილი თანხაა 11 489.10 აშშ დოლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 10 575.40 აშშ დოლარი, პროცენტი 31.05 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 882.65 აშშ დოლარი.
მოპასუხის განმარტებით, კრედიტორის მიერ არ არის დაცულია სამოქალაქო კოდექსის 388-ე მუხლით დადგენილი წესი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 388-ე მუხლის თანახმად, მოვალის იმ გადასახდელიდან, რომელიც არ არის საკმარისი მთელი ვადამოსული ვალის დასაფარავად, თავდაპირველად იფარება სასამართლოს ხარჯები, შემდეგ – ძირითადი შესრულება (ვალი) და ბოლოს – პროცენტები.
ამ ნორმით გათვალისწინებული წესი დისპოზიციურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია, ძირითადი და დამატებითი ვალდებულებების შესრულების რიგითობისათვის კანონით გათვალისწინებული მოწესრიგებისაგან განსხვავებული წესის დადგენა. მხარეთა უფლება, შეთანხმდნენ ვალდებულებათა შესრულების რიგითობაზე, ვრცელდება მხოლოდ სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე. აღნიშნული წარმოების დაწყების შემდეგ, სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, შესასრულებელ ვალდებულებათა რიგითობის შეცვლა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 388-ე აწესრიგებს კრედიტორის მიერ მოთხოვნის იძულებითი დაკმაყოფილების მიზნით მოქმედებების დაწყების შემდეგ გადახდილი თანხის დავალიანების გადასახდევინებლად მიმართვის პრინციპს, რა დროსაც უპირატესობა ენიჭება სასამართლო ხარჯების დაფარვას, ხოლო შემდეგ გადახდევინება წარმოებს შემდეგი თანმიმდევრობით - ძირითადი თანხა და ბოლოს პროცენტები. ამ ნორმით გათვალისწინებულ სასამართლო ხარჯებში იგულისხმება როგორც საპროცესო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და სხვა საპროცესო ხარჯები), ასევე აღსრულების ხარჯები. სასამართლო ხარჯები და სააღსრულებო ხარჯი კრედიტორის საჯარო-სამართლებრივი ვალდებულების შედეგად გაღებული ხარჯია, რომელიც წარმოშობილია მოვალის მიერ კერძო-სამართლებრივი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო და ამდენად, ამ ვალდებულების შესრულების მიზნებს ემსახურება. მისი უპირატესად დაფარვის არსებითი საფუძველია ის ფაქტი, რომ მოთხოვნის იძულებით დაკმაყოფილებისათვის ამ ხარჯების გაღება კრედიტორის კანონით დაკისრებული ვალდებულებაა და ამ ვალდებულების შესრულების გარეშე იგი მოთხოვნას იძულებით ვერ დაიკმაყოფილებს (გამონაკლისია სახელმწიფო ბაჟის და აღსრულების საფასურისგან გათავისუფლების შემთხვევები).
სასამართლო სამოქალაქო კოდექსის 388-ე მუხლის განმარტების საკითხზე სასამართლო მოიხმობს საკასაციო სასამართლოს პრაქტიკას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განჩინებაში საქმეზე №ას-6-6-2018 განმარტებული, რომ სამოქალაქო კოდექსის 388-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება დისპოზიციურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია, ძირითადი და დამატებითი ვალდებულებების შესრულების რიგითობისათვის კანონით გათვალისწინებული მოწესრიგებისაგან განსხვავებული წესის დადგენა. მხარეთა უფლება, შეთანხმდნენ ვალდებულებათა შესრულების რიგითობაზე, ვრცელდება მხოლოდ სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე, თუმცა, სადავოობისას ამგვარი შეთანხმების არსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრება ფაქტის მიმთითებელ მხარეს (სსსკ-ის 102-ე მუხლი)“.
საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულია თანხის გადახდის პერიოდულობა, შეთანხმებულია თანხის გადახდის გრაფიკი, რომლის მიხედვით ყოველთვიური შენატანით მსესხებელი იხდის ძირითად თანხას და პროცენტს. 388-ე მუხლი აწესრიგებს ვალდებულების დარღვევის შემდეგ იძულებით თანხების გადახდევინების წესს, რაც სადაო ხელშეკრულების პირობებზე არ ვრცელდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 113-114. ტომი 1)
- მხარეთა განმარტებები (16.05.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)
- დაზუსტებული სარჩელი (ს.ფ. 110-112. ტომი 1)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოპასუხეებს ვალდებულება ჯეროვნად არ შეუსრულებიათ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 868-ე, 361-ე, 388-ე, 463–ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სადაო ფულადი ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ამავე კოდექსის 868-ემუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
მხარეებს შორის საკრედიტო ურთიერთობა წარმოიშვა 2017 წლის 24 თებერვალს დადებული საკრედიტო და თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელიც მოპასუხეებს ჯეროვნად არა აქვს შესრულებული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით ვალდებულების მონაწილეს ეკისრება ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ზუსტად იმ პირობების დაცვით, როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული.
სადაო არ არის, რომ მსესხებელმა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის დაცვით კრედიტი არ დააბრუნა. მისი დავალიანებაა ძირითადი თანხა და სარგებელი 11 942,07 აშშ დოლარი .
სასამართლოს განმარტავს, რომ საკრედიტო ხელშეკრულება სარგებლიანი სესხის ხელშეკრულებაა, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საბანკო კრედიტო ყოველთვის სარგებლიანი სესხის ხელშეკრულებაა და ასეთი ხელშეკრულება ყოველთვის ითვალისწინებს უშუალოდ მიღებული თანხის დაბრუნების გარდა სარგებლის გადახდის ვალდებულებასაც.
ამდენად, მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით სესხის დაბრუნების ვალდებულება, ბანკის მიმართ ნაკისრი საკრედიტო ვალდებულება დადგენილ ვადაში შესრულებული არ არის, ვალდებულება შესრულდა ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.
მოპასუხე სარჩელის საწინააღმდეგოდ მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულებით 388-ე მუხლით დადგენილი შესრულების რიგითობაა დარღვეული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 388-ე მუხლის თანახმად, მოვალის იმ გადასახდელიდან, რომელიც არ არის საკმარისი მთელი ვადამოსული ვალის დასაფარავად, თავდაპირველად იფარება სასამართლოს ხარჯები, შემდეგ – ძირითადი შესრულება (ვალი) და ბოლოს – პროცენტები.
388-ე მუხლით დადგენილი წესი გამოიყენება მოთხოვნის იძულებით შესრულების შედეგად გადახდევინებული თანხებიდან ვალის დაფარვის შემთხვევაში. 388-ე მუხლით დადგენილი წესი არ ვრცელდება ისეთ შემთხვევაზე, როცა მოვალე ნებაყოფლობით ასრულებს ვალდებულებას, თუმცა არაჯეროვნად, სრულად არ იხდის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას - სესხის ძირითად თანხას და სარგებელს. 388-ე მუხლი აწესრიგებს ისეთ შემთხვევას, როცა კრედიტორი მიმართავს იძულებით ღონისძიებებს, რომლის ფარგლებში იგი გასწევს ვალდებულების იძულებით შესასრულებლად ხარჯებს - დაგირავებული ნივთის იძულებით ჩამორთმევის ხარჯებს, იხდის სააღსრულებო საფასურს, სახელმწიფო ბაჟს, ქონების შეფასების ხარჯებს, გირავნობის მოწმობის საფასურს. განსახილველ საქმეში მოპასუხის მხრიდან სადაოა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში მის მიერ ვალდებულების შესასრულებლად ნებაყოფლობით გადახდილი თანხებით კრედიტით გათვალისწინებული გადასახდელების დაფარვის რიგითობა, 388-ე მუხლი კი შეეხება ვალდებულების შეუსრულებლობის შემდეგ კრედიტორის მიერ იძულებით გადახდევინებული თანხებით შესრულების მიღების რიგითობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით ვალდებულების მონაწილეს ეკისრება ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ზუსტად იმ პირობების დაცვით, როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული. კრედიტის დაბრუნების ვადის დარღვევის გამო მსესხებელს ეკისრება არა მარტო გადაუხდელი კრედიტის ძირითადი თანხის, არამედ სარგებლის დავალიანების გადახდაც.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ თანხის გადახდა უნდა დაეკისროს ასევე მოპასუხეებს ბ-------- მ------ს და ხ-------- მესაევს, რადგან მათ ბანკთან დადებული აქვთ სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463–ე მუხლი ადგენს, რომ თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464–ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. ამ ნორმების მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავმდები კისრულობს ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ ვალდებულების შესრულებას. თავდებობის შესახებ შეთანხმება იდება წერილობითი ფორმით.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
ძირითადმა მოვალემ დაარღვია კრედიტის დაფარვის ვადა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია სოლიდარულ თავდებებს წარუდგინოს სესხის დაბრუნების მოთხოვნა. ამ შემთხვევაში ბ-------- მ------სა და ხ-------- მ------თან დადებული ხელშეკრულებებით წარმოშობილია სოლიდარული თავდებობა რ----- მ------ას საკრედიტო ვალდებულების შესრულების საკითხში, რის გამოც მოპასუხეებისათვის თანხის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნა საფუძვლიანია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციის შესახებ.
სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის მიხედვით, აქცესორულია უფლება, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს.
იპოთეკა წარმოადგენს აქცესორულ უფლებას, რადგან იგი სესხის ხელშეკრულებისგან დამოუკიდებელი გარიგება არ არის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). ამდენად, იპოთეკა არის სანივთო უზრუნველყოფის საშუალება, რომელიც კრედიტორს ანიჭებს უფლებას ამ ქონების ხარჯზე დაიკმაყოფილოს მისი მოთხოვნა მოვალის მიმართ. იპოთეკისათვის განმსაზღვრელია ის ხელშეკრულება, რომლითაც წარმოშობილი მოთხოვნა უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მთავარი მოთხოვნაა სესხის დაკისრება, ხოლო იპოთეკა არის დამატებითი მოთხოვნა, იგი აქცესორული უფლებაა, რადგან უზრუნველყოფს მხარეებს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შესრულებას და მას დამოუკიდებელი სამართლებრივი მნიშვნელობა არა აქვს. იპოთეკის ხელშეკრულება შესაბამისი მთავარი ხელშეკრულების გარეშე მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, 1. იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაცია ხდება ერთ-ერთი მხარის მიერ გარიგების წარდგენის საფუძველზე, რომელიც დადებულია ამ კოდექსის 3111 მუხლით დადგენილი წესით. გარიგებაში უნდა აღინიშნოს უძრავი ნივთის მესაკუთრე, იპოთეკარი, სავარაუდო მოვალე მესამე პირი. მხარეთა შეთანხმებით გარიგებაში შესაძლებელია აღინიშნოს აგრეთვე უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა, სარგებელი, შესრულების ვადა და სხვა პირობები.
საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ბ-------- მ------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - გარდაბნის მუნიციპალიტეტი, ს------–----------------------------------------–----------- 73.34 კვ.მ (კოდი 8------------------- საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია სს პ------------------ის იპოთეკის უფლება 2013 წლის 14 აგვისტოს იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, 1. თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; 11. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ამ ნორმების საფუძველზე, იპოთეკის არსია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ვალდებულების იძულებით შესრულება განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული ქონების ხარჯზე. იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში იპოთეკის საგნის რეალიზაცია. სს თიბისი ბანკის წინაშე საკრედიტო ვალდებულება მოპასუხეებს შესრულებული არა აქვთ, რის გამოც საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესახებ.
მოსარჩელე მოითხოვს, რომ თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აღსრულება განხორციელდეს მოვალის და თავდებების სხვა ქონებაზე. იპოთეკის ხელშეკრულების 5.6 პუნქტის მიხედვით, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად ან/და იპოთეკის საგნის საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაში იპოთეკის საგნის ღირებულება მთლიანად არ დაფარავს საკრედიტო მოთხოვნის ოდენობას, მხარეები თანხმდებიან, რომ ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფილი მოთხოვნა ოდენობა არ ჩაითვლება სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად მხოლოდ იმ ნაწილში, რასაც გასწვდება იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა ან/და იპოთეკის საგნის ღირებულება.
სს პ------------------სა და რ----- მ------ას შორის დადებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 7.4 პუნქტის მიხედვით, მსესხებელი თანახმაა რომ ბანკმა იძულებით გადახდევინება მიქციოს მსესხებელის ნებისმიერ მათ შორის არაუზრუნველყოფილ ქონებაზე. ამასთან არ არის აუცილებელი მსესხებლის მიმართ არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების იძულებითი აღსრულება შეეხოს თავდაპირველად უზრუნველყოფილ საგნებს, ბანკის გადაწყვეტილებით შესაძლებელია იძულებით აღსრულება თავდაპირველად დაიწყოს მსესხებლის კუთვნილ სხვა ქონებაზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ რადგან სესხი უზრუნველყოფილია იპოთეკით, გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 7.4 პუნქტის დებულების საფუძველზე მსესხებლის არაუზრუნველყოფილი ქონების რეალიზაციის შესახებ სტანდარტული სახელშეკრულებო პირობის გამოყენების საფუძველი არ არსებობს, რადგან იპოთეკის არსი არის იპოთეკის საგნის ხარჯზე მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების შესაძლებლობა.
იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ თუ იპოთეკის საგნის ხარჯზე მოთხოვნა სრულად ვერ დაკმაყოფილდება, მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილებულად არ ითვლება. შესაბამისად, მხარეებს შორის დადებულია სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11-ე მუხლით გათვალისწინებული შეთანხმება. შესაბამისად, იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხის არასაკმარისი ოდენობის შემთხვევაში აღსრულება უნდა მიექცეს მოვალეების სხვა ქონებაზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ მოპასუხე ბ-------- მ------ი გარდა იპოთეკარისა არის სოლიდარული თავდები, ასევე თავდებია ხ-------- მ------ი. თავდებობა არის ვალდებულების უზრუნველყოფის პირადი საშუალება, რომლის არსი იმაში მდგომარეობს, რომ თავდები პირადად, მთელი თავისი ქონებით პასუხს აგებს ვალდებულების შესრულებისათვის, თუკი ძირითადმა მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა. ამდენად, თავდებობის, როგორც ვალდებულების პიროვნული უზრუნველყოფის საშუალების არსი ის არის, რომ თავდები ვალდებულების შესრულების საკითხის პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით. ამ შემთხვევაში სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე თავდებები პასუხს აგებენ საკრედიტო ვალდებულებისათვის მთელი თავისი ქონებით. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუკი იპოთეკის დატვირთული უძრავი ნივთების რეალიზაციის გზით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, უნდა განხორციელდეს მსესხებლის და თავდებების ქონების რეალიზაცია.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელე თავდაპირველად სარჩელით მოითხოვდა 15 112,62 აშშ დოლარის დაკისრებას, რაც შეამცირა და საბოლოოდ მოითხოვა 11 942,07 აშშ დოლარის დაკისრება, რაც არის თავდაპირველი მოთხოვნის 75%. მხარეებს შორის სსსკ 53-ე მუხლით დადგენილი წესით უნდა განაწილდეს სახელმწიფო ბაჟი საბოლოო სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად. სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 1109,69 ლარი, რომლის 25% - 277,42 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო მხარეებს შორის უნდა განაწილდეს 832,26 ლარი. სს პ------------------ის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, რის გამოც მოპასუხეებს ეკისრებათ მოსარჩელისთვის სახელმწიფო ბაჟის სრულად ანაზღაურების ვალდებულება.
მოსარჩელე მოითხოვს საქმის განხილვასთან დაკავშიებული ხარჯის 50 ლარის დაკისრებას, საქმეში წარმოდგენილია საგადახდო დავალება, რომლის მიხედვით 2018 წლის 19 ივლისს გადახდილია 15 ლარი, გადახდის დანიშნულებაა ნოდარ პატაშურის საქმეზე ამონაწერის განახლება. ამდენად, 15 ლარი არ არის გადახდილი ამ საქმეზე საჯარო რეესტრიდან დოკუმენტაციის გამოთხოვისათვის.
საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოადგენილია 2018 წლის 20 ივლისს გაცემული საჯარო რეესტრიდან ამონაწერი იპოთეკით დატვირთული ქონების შესახებ, თუმცა მტკიცებულებებით არ დასტურდება, თუ არა თანხაა გადახდილი აჯარო რეესტრისათვის ამ დოკუმენტის მისაღებად.
"საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადებისდამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №509 დადგენილების მე-3 მუხლის მიხედვით, 1. ინფორმაციის ხელმისაწვდომობისათვის დაწესებულია შემდეგი ვადები და განსაზღვრულია შემდეგი საფასურის განაკვეთები: ა) საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მომზადება – 1 სამუშაო დღის ვადაში – 15 ლარი, ხოლო თუ მოთხოვნა განხორციელდა ელექტრონულად, ინტერნეტის საშუალებით – 1 სამუშაო დღის ვადაში – 10 ლარი. დადგენილების მე-4 მუხლით დადგენილია სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების განხორცილების ვადები და საფასური. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის "ე" ქვეპუნქტით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მომზადების საფასურია – განცხადების შეტანის დღეს 50 ლარი, ხოლო თუ მოთხოვნა განხორციელდა ელექტრონულად, ინტერნეტის საშუალებით – განცხადების შეტანის დღეს – 40 ლარი.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ ირკვევა, რა წესით მოითხოვა მოსარჩელემ საჯარო რეესტრიდან ამონაწერის გაცემა და რა თანხა გადაიხადა დოკუმენტის მისაღებად. ამ დადგენილებით კი სხვადასხვა საფასურია დაწესებული ელექტრონული განცხადების საფუძველზე და სააგენტოში უშუალოდ წარდგენილი განცხადების საფუძველზე საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მომზადებისათვის. ამდენად, სასამართლო ხარჯების 50 ლარის გადახდა არ დასტურდება და ამ ხარჯების ანაზღაურებაზე მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 54-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. დაკმაყოფილდეს სს „პ-------------------ის“ სარჩელი;
1.1. რ----- მ------ას, ბ-------- მ------ასა და ხ-------- მ------ს დაეკისროთ სს პ------------------ისათვის 11 942.07 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდა;
1.2. დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს ბ-------- მ------ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია. რომელიც მდებარეობს მისამართზე - გარდაბნის მუნიციპალიტეტი, ს------–----------------------------------------–----------- 73.34 კვ.მ (კოდი 8-------------------). იმ შემთხვევაში, თუ ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებად, აღსრულება გაგრძელდეს მოპასუხეების სხვა ქონებაზე;
2. რ----- მ------ას, ბ-------- მ------ასა და ხ-------- მ------ის დაეკისროთ სს „პ------------------ისათვის“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 832,26 ლარის გადახდა;
3. სს „პ------------------ს“ დაუბრუნდეს 2018 წლის 25 ივლისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 277,42 ლარი (საგადასახადო დავალება N490320231), რომელიც გადახდილია შემდეგ ანგარიშზე ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში, სახაზინო კოდი 300036150;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი