გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.05.2019
საქმის ნომერი
330210018002631793
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
06.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/26904-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

6 მაისი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - მაკა ჭედია

სხდომის მდივანი - კახა კომლაძე

მოსარჩელე - სს "ს--------------------------------------–------"

წარმომადგენელი - ნინო----------, ლ---------------–--

მოპასუხე - ელ------------------

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ელ-----------------ს დაეკისროს სს „ს--------------------------------------–------ს“ სასარგებლოდ 3 359.44 ლარის გადახდა.

 

2018 წლის 01 აგვისტოს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთმანეთს შეეჯახნენ „მ-----------“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით S------, რომელსაც მართავდა ელ------------------ და „მ-----------“ მარკის ავტომანქანა - სახელმწიფო ნომრით G----- GN.

 

შემთხვევის ადგილზე გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელთა მიერ შედგენილ იქნა სქემატური ნახაზი, ჩამორთმეულ იქნა ახსნა-განმარტებები და შედგენილ იქნა ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, რომლის მიხედვითაც მოცემულ ავტოსაგზაო შემთხვევაში დამრღვევ მძღოლად ცნობილ იქნა ელ------------------.

 

სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით G----- GN დაზღვეული იყო „ს--------------------------------------–-----–-“.

 

დაზიანებული ავტომანქანა ზიანის განსაზღვრისათვის წარდგენილ იქნა შპს „ა---------------------“, რომლის დეფექტური აქტის თანახმად, დაზიანებული ავტომანქანის აღდგენისათვის საჭირო თანხა შეადგენს 3 480 ლარს.

 

მზღვეველის მიერ დამზღვევის ანგარიშზე ჩარიცხული იქნა 3 359.44 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ელ-----------------მა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ არ დასტურდება შპს „ა-------------------“ მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში ჩამოთვლილი დაზიანებების მის მიერ მიყენების ფაქტი, ვინაიდან აღნიშნულ ავტომობილს სატრანსპორტო შემთხვევიდან 5 დღის განმავლობაში - ექსპერტიზაზე წარდგენამდე კვლავ ფლობდა და განკარგავდა მეპატრონე. მოპასუხე ასევე აღნიშნავს, რომ შპს „ა-------------------” ხარჯთაღრიცხვაში მითითებული თანხები არ შეესაბამება რეალურად ბაზარზე არსებული ნაწილებისა და მომსახურების საფასურს.

 

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ ცნო სარჩელი 1500 ლარის ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ბ----------–---–-ს (დამზღვევი) კუთვნილი ავტომანქანა „მ----------“, სახელმწიფო ნომრით G----- GN, დაზღვეული იყო სს „ს--------------------------------------–-----–-”(მზღვეველი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ავტომობილის დაზღვევის პოლისი.

 

3.1.2. 2018 წლის 01 აგვისტოს, თბილისში, თ---–-----------ს შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაზიანდა დამზღვევის კუთვნილი ავტომანქანა, რომელსაც მართავდა უფლებამოსილი მძღოლი ბ----------–---–--

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- სქემა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დათვალიერების ოქმის დანართი;

- ბ----------–---–-ს ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. ავტოსაგზაო შემთხვევისას სამართალდამრღვევად მიჩნეული იქნა მოპასუხე ელ------------------. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოპასუხის მიმართ შეადგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, დამრღვევი დაჯარიმდა 250 ლარით.

 

ელ-----------------მა საპატრულო პოლიციისათვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში თავი ბრალეულად ცნო და აღნიშნა, რომ აანაზღაურებდა ზიანს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საჯარიმო ქვითარი;

- ელ------------------ს ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. მზღვეველმა აუნაზღაურა დამზღვევს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანი - 3 359.44 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- საგადახდო დავალება N649787273.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სატრანსპორტო საშუალების - სახელმწიფო ნომრით G----- GN დაზიანება გამოიწვია 2018 წლის 01 აგვისტოს მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსკ-ის) 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. მხარეს დარღვეული უფლების დაცვა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესოსამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურსამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი (იხ. სუსგ Nას-944-894-2015). მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. სსკ-ის მე-3 მუხლით, დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, დადგენილია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ უნდა გახადოს მოპასუხემ. სწორედ ამის შემდეგ ეკისრება მოსარჩელეს მათი დადასტურების ტვირთი.

 

ელ------------------ აღნიშნავს, რომ არ დასტურდება შპს „ა-------------------“ მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში ჩამოთვლილი დაზიანებების მის მიერ მიყენების ფაქტი, ვინაიდან აღნიშნულ ავტომობილს სატრანსპორტო შემთხვევიდან 5 დღის განმავლობაში - ექსპერტიზაზე წარდგენამდე კვლავ ფლობდა და განკარგავდა მეპატრონე.

 

მოპასუხე ელ------------------ თავის ახსნა-განმარტებაში აღნიშნავს, რომ მან ვერ შეამჩნია მის უკან მიმავალი ავტომანქანა, რომელსაც ჩაუჭრა გზა, ხოლო ეს უკანასკნელი იძულებული გახდა შეჯახების თავიდან აცილების მიზნით გადასულიყო სავალი გზიდან.

 

მოსარჩელემ წარმოადგინა დაზღვეული ავტომანქანის ფოტოილუსტრაცია. სასამართლო აღნიშნავს, რომ ფოტოებზე ასახული დაზიანებები ვიზუალურად ზუსტად შეესაბამება შეფასებაში მითითებულ ჩამონათვალს. რაც შეეხება მოპასუხის მტკიცებას, რომ შეფასების დოკუმენტში მითითებული დაზიანებები შესაძლოა ავტომანქანამ 2018 წლის 01 აგვისტოდან 05 აგვისტომდე პერიოდში მიიღო, სასამართლო ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ დაზიანებული ნაწილების ჩამონათვალი მდგომარეობით შეესაბამება ავტოსატრანსპორტო შემთხვევისას ავტომანქანის გარეგან დაზიანებებს.

 

შესაბამისად, მოპასუხე ვერ ადასტურებს მითითებულ გარემოებას, იმის თაობაზე, რომ ავტომანქანამ ზიანის შეფასებამდე კიდევ მიიღო დაზიანება.

 

საპირისპირო მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია. ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დაზიანებები ავტომანქანას მიადგა უშუალოდ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს.

 

3.2.2. დაზღვეული ავტომანქანის შეკეთების ღირებულებამ შეადგინა 3 480 ლარი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა სუბროგაციის სახელით ცნობილი მოთხოვნის დათმობის პრინციპიდან გამომდინარეობს. მისი არსი არის ის, რომ მზღვეველმა დამზღვევს ხელშეკრულებით შეთანხმებული წესით აუნაზღაურა მესამე პირის მიერ მიყენებული ზიანი, რის შემდეგაც მოიპოვა მესამე პირის მიმართ მოთხოვნის უფლება, ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ მზღვეველს და დამზღვევს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებით წესრიგდება და ისინი ზიანის ანაზღაურების ნებისმიერ წესზე შეიძლება შეთანხმდნენ, ხოლო მესამე პირის ვალდებულება შემოიფარგლება მხოლოდ რეალური ზიანით, ანუ იმ ზიანით, რომლის ანაზღაურებაც მას სამოქალაქო კოდექსის 408-412 მუხლებიდან გამომდინარე შეიძლება დაეკისროს, ამასთან, ვინაიდან მზღვეველის მიერ ზიანი უკვე დათვლილი და ანაზღაურებულია, მტკიცების ტვირთი იმისა, რომ რეალური ზიანი მზღვეველის მიერ მითითებულზე ნაკლებია, ეკისრება სწორედ ზიანის მიმყენებელს, ანუ მოპასუხეს.

 

სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა ისინი ერთობლივად და მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება შეძლო, ხოლო მოპასუხემ - ვერა.

 

მოპასუხე აღნიშნავს, რომ შპს „ა-------------------” ხარჯთაღრიცხვაში მითითებული თანხები არ შეესაბამება რეალურად ბაზარზე არსებული ნაწილებისა და მომსახურების საფასურს.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ შპს „ა-------------------“ დასკვნაში აღნიშნულია, რომ დაზიანებული დეტალების და სამუშოების ღირებულების განსაზღვრა ხდება ფასების გამოკითხვის და შედარების მეთოდით, კერძოდ, შპს „ა------------------“ ინფორმაციას იძიებს ქალაქ თბილისში რამოდენიმე ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ავტოსერვის ცენტრსა და დეტალების მომწოდებელ კომპანიებში, ასევე მეორადი ნაწილების ბაზარზე, რაც საშუალებას იძლევა განისაზღვროს კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალების აღდგენის საშუალო საბაზრო ფასი. დეფექტური აქტის შედგენა ხდება წარმოდგენილი დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების შესწავლის შედეგად, კერძოდ, განისაზღვრება დაზიანების ხარისხი, აღგენისათვის საჭირო დეტალების და სამუშაოების სია, ასევე დგინდება ავტომობილის დაზიანების გამომწვევი მიზეზი.

 

დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ ავტომობილის ძარას მარჯვენა და მარცხენა მხრიდან აღენიშნება დაზიანებები, რაც ცალსახად გამოწვეულია სხვა ობიექტთან შეჯახებით. შეჯახების შედეგად, როგორც ვიზუალურად შესამჩნევი, ასევე მათ ქვეშ განთავსებული დაზიანებული ნაწილების და მათი შემადგენელი ცალკეული დეტალების (მაგ.: სამაგრები, პლასტმასის დამატებითი დეტალები, კანტები და სხვა) ჩამონათვალი და ღირებულება, ასევე სათუნუქე, სამღებრო, სარობოტე თუ სხვა სახის სამუშაოების ღირებულება მოცემულია წარმოდგენილ ცხრილში. მითითებული ნაწილები არ ექვემდებარება აღდგენას და აუცილებელია მათი შეცვლა.

 

დასკვნაზე დართულ ცხრილში აღნიშნულია, რომ ხარჯთაღრიცხვა შედგა და ზიანი დათვლილია ბაზარზე არსებული მეორადი ნაწილების ღირებულებით და შესასრულებელი სამუშოების სავარაუდო ხარჯებით, რომელთა ჯამმა შეადგინა 3 480 ლარი.

 

სადავო შეფასებისაგან განსხვავებული რაიმე მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ თითოეულ მხარეს ეკისრება იმ გარემოებების მტკიცების ტვირთი, რომელთა დამტკიცებაც მათ ობიექტურად ხელეწიფებათ. თუ გამოიკვეთება, რომ ამა თუ იმ ფაქტის დადასტურება შეუძლებელია, მტკიცების ტვირთიც იხსნება. სასამართლო განმარტავს, რომ ავტომანქანის დაზიანებების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით საპირისპირო მტკიცებულების წარმოდგენა მოპასუხეს ევალებოდა, რაც მან არ განახორციელა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ავტომანქანის შეკეთების ხარჯმა 3 480 ლარი შეადგინა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 326-ე, 832-ე, 992-ე, 408-ე, 409-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვეველის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით). სწორედ ზემოაღნიშნული განასხვავებს სუბროგაციას რეგრესისაგან, კერძოდ, რეგრესის დროს ხდება არა პირის შეცვლა უკვე არსებულ ვალდებულებაში, არამედ ამ შემთხვევაში კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა დასრულებულია და წარმოიშობა ახალი ვალდებულება. რეგრესის დროს ერთი ვალდებულება ცვლის მეორეს, ხოლო, სუბროგაციის შემთხვევაში ვალდებულებაში იცვლება მხოლოდ კრედიტორი, თვით ვალდებულება კი უცვლელი რჩება. სუბროგაციის დროს მზღვეველი ცვლის დამზღვევს იმ ვალდებულებაში, რომელიც წარმოიშვა ზიანის მიყენებისაგან, სწორედ ამიტომ მისი დადგომა არ განაპირობებს ახალი ვალდებულების წარმოშობას. ეს არსობრივი ნიშანი განასხვავებს სუბროგაციას რეგრესული ვალდებულებისაგან, რომელიც წარმოიშობა სხვა ვალდებულების შესრულების (შეწყვეტის) შედეგად და ამით ახალი, დამოუკიდებელი ვალდებულების ხასიათს იძენს. სუბროგაციის დროს ახალი ვალდებულება კი არ წარმოიშობა, არამედ დამზღვევსა და ზიანის მიმყენებელს შორის არსებული ძირითადი ვალდებულება აგრძელებს არსებობას. ასეთ დროს ხდება ვალდებულებით ურთიერთობაში პირების შეცვლა კანონის საფუძველზე, კრედიტორის უფლებების სხვა პირზე გადასვლის გზით, კერძოდ, მზღვეველი ცვლის ზიანის მიმყენებლის მიმართ მოთხოვნის უფლების მქონე დამზღვევს. ამდენად, სუბროგაციის დროს მოთხოვნის დათმობის კანონისმიერ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რაც განასხვავებს მას ცესიისაგან (სკ-ის 199-ე მუხლი), რა დროსაც მოთხოვნის დათმობა ხდება გარიგების ძალით. ამასთან, იმისდა მიუხედავად, თუ მოთხოვნის დათმობის რომელ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, მოთხოვნის დათმობის სამართლებრივი შედეგია ის, რომ მოთხოვნა გადადის ახალ კრედიტორზე, რითაც ეს უკანასკნელი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობაში იკავებს თავდაპირველი კრედიტორის ადგილს. მოთხოვნის დათმობით არ ხდება არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის შეცვლა, არ იცვლება არც მოთხოვნა, რომელიც შესაბამისი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარეობს. მოთხოვნა ისეთივე მდგომარეობაში გადადის ახალ კრედიტორზე, როგორიც იყო თავდაპირველი კრედიტორის ხელში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალ კრედიტორს შეუძლია, თავდაპირველი კრედიტორის კუთვნილი მოთხოვნა წაუყენოს მოვალეს, ხოლო, მოვალე უფლებამოსილია ახალ კრედიტორს წაუყენოს ყველა ის შესაგებელი, რაც მას გააჩნდა თავდაპირველი კრედიტორის მიმართ (იხ. სუსგ №ას-581-549-2011, Nას-380-364-2016).

 

დადგენილია, რომ მზღვეველმა დამზღვევს აუნაზღაურა მესამე პირის მიერ მიყენებული ზიანი, შესაბამისად, მოთხოვნის უფლება გადავიდა მასზე.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში -ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ცნო სარჩელი მის მიმართ დაყენებული მოთხოვნის შესაბამისად, 1500 ლარის ნაწილში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, სასარჩელო მოთხოვნის, 1500 ლარის ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველია. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

ამავე კოდექსის 326-ე მუხლის თანახმად წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

ვინაიდან დელიქტური პასუხისმგებლობის მომწესრიგებელი ნორმები ზიანის გაანგარიშების სპეციალურ წესებს არ ადგენს, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სახელშეკრულებო ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელი ზოგადი ნორმებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ხოლო 409-ე მუხლის თანახმად კი, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

განსახილველ შემთხვევაში, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა (ავტომანქანის შეკეთება) შეუძლებელი არ არის. ასევე დადგენილია, რომ მიყენებული ზიანი შეადგენს 3 480 ლარს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მესამე პირის პასუხისმგებლობა გამომდინარეობს დელიქტიდან, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელს შეუძლია სადაზღვევო კომპანიას წაუყენოს ყველა ის შესაგებელი, რაც გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან, მათ შორის სადავო გახადოს ზიანის მოცულობა. სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლი უკავშირებს ერთმანეთს დაზღვევის ხელშეკრულებას, რომელიც ნების ავტონომიის პრინციპებზეა აგებული და დელიქტურ ვალდებულებებს. შესაბამისად, დაზღვევის ხელშეკრულების პირობების და მისთვის დამახასიათებელი კატეგორიების ავტომატური გადმოტანა დელიქტურ ვალდებულებებში დაუშვებელია. სადაზღვევო ხელშეკრულება მხარეთა ნების შედეგია, სადაც ისინი საკუთარი ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით განსაზღვრავენ სახელშეკრულებო პირობებს. მათ შორის მომსახურების ხარისხი წარმოდგენს შეთანხმების საგანს, რომელიც თავის მხრივ გავლენას ახდენს საპირისპირო ვალდებულების მოცულობაზე. ხელშეკრულების მხარეების ამგვარი შეთანხმება მესამე პირზე არ ვრცელდება და მისი პასუხისმგებლობა მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას შემოიფარგლება საბაზრო ღირებულებით, ან სხვა ფორმით ზოგადად დამკვიდრებული ტარიფებით. მზღვეველი დამზღვევისათვის ზიანის ანაზღაურებისას მოქმედებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, ხოლო მესამე პირი ვალდებულია აანაზღაუროს მხოლოდ ის ზიანი, რაც სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 408-ე-412-ე მუხლებიდან გამომდინარე შეიძლება დაეკისროს მას.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ სადაზღვევო კომპანიამ ზიანი არასწორად იანგარიშა. მას არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომ ხარჯთაღრიცხვაში მითითებული ავტომანქანის დაზიანებული ნაწილების ან შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება არ შეესაბამება ბაზარზე არსებულ ფასებს. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო ელ------------------ს ბრალეული მოქმედებით. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობა და აღიარებული ზიანის ოდენობის გარდა დარჩენილი 1 859.44 ლარი ( 3 359.44-1500) უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ელ-----------------ს სს ,,ს--------------------------------------–------ს" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 55.78 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო სს „ს--------------------------------------–------“ უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 101 ლარიდან 45.22 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 2591, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,ს--------------------------------------–------ს" სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

1.1.დაეკისროს მოპასუხე ელ-----------------ს სს ,,ს--------------------------------------–------ს" სასარგებლოდ 3 359.44 ლარის ანაზღაურება;

 

2. ელ-----------------ს სს ,,ს--------------------------------------–------ს" სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 55.78 ლარი.

 

2.1. სს „ს--------------------------------------–------“ დაუბრუნდეს 12.09.2018 N7-------- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 101 ლარიდან 45.22 ლარი, ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300 773 150;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაკა ჭედია