გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.05.2019
საქმის ნომერი
820210119002888626
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820210119002888626

№ 2-124/19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22.05.2019 წელი ქ. ბათუმი

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი

სხდომის მდივანი - სოფია კობახიძე

 

მოსარჩელე - გ---- ა--–--ე

მოსარჩელის წარმომადგენელი - რ----- ჯ---------ე

 

მოპასუხე - აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

მოსარჩელის წარმომადგენელი - თ----- ს----ა

 

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ი/მ გ---- ა--–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 65845,1 ლარი.

 

მოპასუხეს დაეკისროს სასამართლო ხარჯები, ბაჟი სარჩელის განსახილველად - 1976 ლარი და უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის - 50 ლარი.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

2014 წლის 11 სექტემბერს მოსარჩელესა და აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №---- ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სსიპ ხ---–--ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა-----ს საჯარო სკოლის მშენებლობას. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 955 000 ლარს. სამუშაოები დაწყებული იქნა ხელშეკრულების გაფორმებისთანავე. ამოღებული იქნა ქვაბული ფუნდამენტის მოსაწყობად. წარდგენილი იქნა აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ქვაბულისა და საძირკველის სამუშაოების შესრულების ფორმა №2 1219,14 ლარზე, რაც ანაზღაურდა. შემდგომ მოსახლეობის თხოვნით და აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანხმობით შეცვლილი იქნა სკოლის საძირკველის ადგილმდებარეობა, გადაწეული იქნა სკოლის ფუნდამენტი 7 მეტრით, დამატებით ჩემს მიერ ქვაბულის სამუშაოებზე შესრულებული იქნა 320 კუბ. მეტრი მიწის სამუშაოები. აღნიშნული დამატებით შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 65845.1 ლარი. აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო არაერთხელ დაპირდათ, რომ დამატებით გაწეულ ხარჯებს, რომელიც არ იყო მოსარჩელის მიზეზით გამოწვეული მოპასუხე აანაზღაურებდა, მაგრამ არ ანაზღაურებულა.

 

ხელშეკრულება აჭარის არ განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მოსარჩელეს შეუწყვიტა 2018 წლის 21 დეკემბერს. საავანსო და გადასახდელი თანხის, ხელშეკრულების შესრულების და საგარანტიო პერიოდში ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია შეადგენდა 47 750 ლარს. ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია წარმოადგინა ა----- დაზღვევამ. იმის გამო რომ ხელშეკრულება შეწყვიტა ცალმხრივად აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ა----- დაზღვევა ითხოვს 47 750 ლარის გადახდას. აღნიშნული თანხის გარანტიად იპოთეკით დატვირთულია მოსარჩელის შვილის გ------ი ა--–--ის საკუთრებაში რეგისტრირებულ საცხოვრებელი ბინა და სარდაფი მდებარე ქ. ბათუმი, ბ------ ქუჩა №-- მიუხედავად იმისა, რომ აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მოსარჩელეზე გადასახდელი აქვს 65845.1 ლარი, ის ა----- დაზღვევას თხოვს საბანკო გარანტიის 47 750 ლარის ჩარიცხვას.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ სცნო და სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოთხოვნის წარმოშობის უფლებიდან გასულია ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა, შესაბამისად მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები;

 

3.1.1. 2014 წლის 11 სექტემბერს გ---- ა--–--ესა და აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №---- ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სსიპ ხ---–--ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა-----ს საჯარო სკოლის მშენებლობას. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 955 000 ლარს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 31 დეკემბრამბრის ჩათვლით,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2014 წლის 11 სექტემბრის ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №----

- ახსნა-განმარტებები

 

3.1.2. ხელშეკრულების მე-4 მუხლი განისაზღვრა ანგარიშსწორების ფორმა და პირობები, რომლის 4.2 პუნქტის თანახმად შემსყიდველი ანგარიშსწორბას განახორციელებდა ეტაპობრივად, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოებიდან გამომდინარე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

2014 წლის 11 სექტემბრის ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №----

 

3.1.3 მოსარჩელემ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს თანხის დაკისრების მოთხოვნით მომართა 2019 წლის 11 მარტს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

სარჩელი

 

3. 2 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2. 1. სამუშაოები, რომლის ანაზრაურებასაც ითხოვს მოსარჩელე, შესრულებულია ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში 2015 წლის 1 სექტემბრამდე, სასარჩელო განცხადებით მოსარჩელემ სასამართლოს თანხის დაკისრების მოთხოვნით მომართა სამუშაოების შესრულებიდან 3 წლის შემდეგ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მხარეთა ახსნა განმარტება, 2014 წლის 11 სექტემბრის ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №---- გადახდის სერთიფიკატი N11.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გ---- ა--–--ის სარჩელი ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილი, 183-ე, 128-ე, 129-ე მუხლის პირველი ნაწილი და 130-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319.1 მუხლის, თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს კანონის ფარგლებში მინიჭებული აქვთ ხელშეკრულებათა დადების თავისუფლება და მათვე შეუძლიათ, განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე. ნების ავტონომია გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას გარიგების დადებისას. ხელშეკრულების, როგორც ორმხრივი ან მრავალმხრივი გარიგების, დადების დროსაც მის მონაწილეებს, კანონის ფარგლებში, თავისუფლად შეუძლიათ განსაზღვრონ მისი შინაარსი, განსაზღვრონ თავიანთი უფლება-მოვალეობები.

 

სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობებზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

სამოქალაქო კოდექსის 629.1-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. დადგენილია, რომ შესრულებული სამუშაოები, რომლის ანაზღაურებასაც მოითხოვს მოსარჩელე, შესრულებულია 2015 წლის 1 სექტემბრამდე,შესაბამისად მოპასუხეს შეთანხმებული საზღაურის გადახდის ვალდებულება წარმოეშვა 2015 წლის 01 სექტემბრიდან, ისევე როგორც მოსარჩელეს შეთანხმებული საზღაურის მოთხოვნის უფლება.

 

სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, ანუ ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, აქვს შესაძლებლობა, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა.

 

ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ამავე მუხლის მე-2 ნაწლის თანახმად ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

ხოლო 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

ამავე კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება.

 

ამავე კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ი/მ გ---- ა--–--ის სარჩელი მოპასუხე - აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან გასულია მოთხოვნის ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც საქმის ფაქტობრივი გარემოებებით სადავო ნივთებზე მოსარჩელის საკუთრების უფლება არ დგინდება.

 

6. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე მუხლები, საქართველოს კანონი ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ”.

 

7. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა ან ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების საფუძველზე, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა - 1976 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად მოპასუხე მხარეს მოსარჩელის მიერ საქმის სასამართლო განხილვისათვის გადახდილი ბაჟი და სხვა თანხები არ დაეკისრება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 257-ე, 364-ე, 369 მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მოსარჩელე გ---- ა--–--ის სარჩელი აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1 976 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე

ხვიჩა კიკილაშვილი